რუს პროპაგანდისტებს საქართველოს შესახებ მორიგი „სიახლეები“ აქვთ: „მათ არ რცხვენიათ და ესე იგი, მოფრინავენ თვითმფრინავები დიპლომატებით, მათ მოაქვთ ნაღდი ფული, როგორც ამას აკეთებდნენ სომხეთში”, – თქვა პროპაგანდისტული არხის – „სოლოვიოვ live“- ის ეთერში პროკრემლისტური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ.
„სომხეთში თქვენ იცით შედეგი, როგორ მოახერხეს მათ „ზურგჩანთიანი ადამიანის“ [იგულისხმება სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი] ჩამოყვანა. აი, საქართველოშიც ზუსტად ასე მოაქვთ, ან შეიძლება სომხეთის გავლით დააქვთ უკვე. მოკლედ, ნაღდ ფულთან მათ პრობლემები არ აქვთ“, – აგრძელებს ფიფია.
ეს პასუხი ფიფიამ „სოლოვიოვ live“-ის თანაწამყვანის, არმენ გასპარიანის კითხვას მოაყოლა იმის შესახებ, როგორ აგრძელებენ მუშაობას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აგენტების კანონის ამოქმედების შემდეგ.
„კანონი მოქმედებს და როგორც ვხვდები, ამ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას თავიანთი საქმიანობა არ შეუწყვეტია. როგორც ჩანს, ისინი შევლენ რაღაც ნაცრისფერ სქემაში, ალბათ ისე იქნება, როგორიც ჩვენთან რუსეთში იყო, მაგალითად, როცა ისინი მიამწყვდიეს, გამოჩნდნენ ე.წ აქლემები, ვინ ატარებდნენ ნაღდ ფულს. ეტყობა, საქართველოშიც ასე იქნება“, – ამბობს გასპარიანი.
ფიფიამ, რომელსაც გადაცემებში, როგორც წესი, საქართველოსთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მესიჯების გასაჟღერებლად ხშირად იწვევენ, გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლების შესახებ და იქვე თქვა, რომ ამაში ქართული ოპოზიციის სრული უმრავლესობა მოიაზრება:
„ვფიქრობ, ახლა „ქართულ ოცნებას“ ხელები გახსნილი აქვს, აქვს სრული კარტ-ბლანში. უკვე აღარ ერიდება დასავლელ პარტნიორებს და მე ვფიქრობ, რომ იქნება სერიოზული ზეწოლა ე.წ. ოპოზიციაზე. ამ ოპოზიციის 90% სააკაშვილის ბანდაა, მათ მიწვდებიან”.
ფიფიამ, მისივე სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ძველი დაპირება გააცოცხლა, რომელიც აგვისტოს ომის თავიდან გამოძიებას ეხება.
„იმედია, იქნება ნამდვილი სასამართლო. აი, ივანიშვილმა განაცხადა, რომ იქნება გამოძიება თავიდან 08.08.08, ვნახავთ ვინ რას აკეთებდა იქ, როგორ ხდებოდა ეს, ვინ იძლეოდა ამ ბრძანებებს, ხალხი უფრო მეტს გაიგებს და მიშისტებიდან არ ვიცი რაღა დარჩება“.
ამას გადაცემის წამყვანმა უპასუხა, რომ მოუთმენლად დაელოდება ამ გამოძიებას, რადგან „იქ უამრავი რამ ამოტივტივდება. სხვათა შორის, არა მარტო საქართველოს მოქალაქეების, არამედ მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეების მხრიდან – ჩათვალეთ ეს ანონსია!“ – ამბობს რუსი პროპაგანდისტი.
ბოლო რამდენიმე დღეა პროპაგანდისტების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების დაკითხვის საქმეც. საუბარია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის, მათ შორის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის „მკვლელობის მომზადებისა“ და „სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე“.
კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ამას რუსული კანონის დამსახურებად მიიჩნევს:
„როგორც ჩანს, უცხოური აგენტების შესახებ კანონი საქართველოში სუფთა ჰაერივით მოქმედებს. უკვე ის, რაც გუშინ მათთვის სწორი და სავალდებულო ჩანდა, ახლა ხდება ეჭვის, განხილვის და სისხლის სამართლებრივი დევნის საგანი.
ჯერ უკრაინის არმიის მხარეზე მებრძოლი ქართველები დაიბარეს დაკითხვაზე. დღეს დილით კი პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ ფიცოს, ტრამპისა და მმართველი პარტიის ლიდერის ივანიშვილზე თავდასხმის მცდელობა ერთმა და იმავე პირებმა მოამზადეს. არ გამიკვირდება, თუ ისინი აღმოჩნდებიან კრიმინალები იმავე „ქართული ლეგიონიდან“.
ასე ხდება ყოველთვის, როდესაც ქვეყანაში, რომელიც იყო გაბრუებული უცხოური, თავსმოხვეული აზრებით, იწყებენ წესრიგის აღდგენას“, – წერს პროპაგანდისტი კანდელაკი.