კურორტ გომისმთის საავტომობილო გზიდან ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევა 12 აგვისტოს, ღამით მოხდა.
ავარიის შედეგად დაშავებული 2 მგზავრი ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
თიბისის მხარდაჭერით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ განხორციელდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.
გამარჯვებულებს შორისაა გოგონების გუნდი ბათუმიდან, პროექტით AI Eyes – ეს სათვალე უსინათლოებს დამოუკიდებლად გადაადგილებას უმარტივებს. თამუნა ცინცხალაძემ, ლიზი შანიძემ, თამო ვერძაძემ და თეა ხარაბაძემ უსინათლოებისთვის შექმნეს აპლიკაცია, რომელიც სენსორულ სათვალეებს უკავშირდება.
„სათვალეს შეუძლია, აღიქვას და მომხმარებელს უკარნახოს ახლოს მდებარე ობიექტების დასახელებები. ამისათვის სათვალე ეყრდნობა თავის სკანერს, რომელიც აპლიკაციას გადასცემს უცხო სხეულის გამოსახულებას, აპლიკაცია კი ამ ობიექტის შესახებ შესაბამის ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს“ – აღნიშნავენ გუნდის წევრები.
აპლიკაციას ასევე აქვს წიგნის კითხვის ფუნქციაც – მომხმარებელი თავად ატვირთავს სასურველ წიგნებს, ჩაშენებული AI სისტემა კი მისთვის წაიკითხავს. ამ ეტაპზე აპლიკაცია ინგლისურ ენაზე სრულიად გამართულად ფუნქციონირებს. რაც შეეხება ქართულს, უკვე შესაძლებელია ქართული ტექსტების ჩაწერა და ხმამაღლა წაკითხვაც, თუმცა ეს ასპექტი დამუშავების პროცესშია. გოგონებს ასევე სურთ, სათვალესთან Map-ის ფუნქციაც დააკავშირონ, რათა მოწყობილობამ ნავიგატორის ფუნქციაც შეითავსოს. ამ ყველა ნიუანსი დახვეწის შემდეგ, უსინათლოები მარტივად შეძლებენ გარემოში დამოუკიდებლად გადაადგილებას.
„მთლიანობაში, მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. აქამდე გამოცდილება არ გვქონია პროგრამირებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, თუმცა პროექტი ძალიან დაგვეხმარა საჭირო უნარების გამომუშავებაში. გზადაგზა უამრავ სირთულეს წავაწყდით, ექსპერიმენტებს ვატარებდით და საბოლოოდ მაინც შევქმენით პროდუქტი. ბევრჯერ შეგვეშინდა და დანებების პირასაც მივსულვართ, მაგრამ მენტორის დახმარებითა და გამხნევებით, საქმე მაინც ბოლომდე მივიყვანეთ“ – აღნიშნავენ გუნდის წევრები.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.
დღეს, 13 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „L ბაკურში“ ხანძარი გაჩნდა.
დაკვამლიანება სასტუმროში
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური.
ხანძარი, სავარაუდოდ, შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსახურის ცნობით, 13:50 საათის მონაცემებით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 აგვისტოს 21 საათიდან 14 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 15-16 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 593 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
ტანკი – 8 455 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 16 385 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 16 764 ერთეული [+36]
MLRS – 1 146 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 920 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 366 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 491 ერთეული [+19]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 426 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 22 649 ერთეული [+59]
სპეცტექნიკა – 2 806 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
638 თვითმფრინავი
279 ვერტმფრენი
29 823 უპილოტო საფრენი აპარატი
569 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 046 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 400 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
13 198 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 686 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
როგორ მუშაობს ოპოზიცია ქობულეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე? – „ბათუმელები“ აქ პარტიების – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებს ესაუბრა.
ქობულეთში ოპოზიციის წარმომადგენლებს ვკითხეთ, სრულად დაკომპლექტდა თუ არა მათი შტაბები, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, რა პრინციპით ხვდებიან მოქალაქეებს, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება, როგორია ადგილობრივები მოქალაქეების პოლიტიკური განწყობები და როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას არჩევნების კიდევ უფრო მოახლოებისას.
„პირველ რიგში, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საარჩევნო უბნების გამაგრება სანდო, პროფესიონალი ჩვენი მხარდამჭერებითა და იმ ადამიანებით, რომლებსაც აქვთ ცესკოს გამოცდები ჩაბარებული. ჩვენ ვეძებთ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარებიან. ვგულისხმობ უბანზე პარტიის წარმომადგენლებს, ასევე დამკვირვებლებს, კოორდინატორებს და კომისიის წევრებს. კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი როლი ამ საქმეში.
იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ იმის თავიდან აცილებას, რასაც „ქართული ოცნება“ გარდაუვალად შეეცდება საარჩევნო უბნებზე, ანუ გაყალბებას. ამის პრევენციის მიზნით საარჩევნო უბნები უნდა იყოს დაცული”, – გვეუბნება ლაშა კომახიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ქობულეთის საკრებულოში.
მისი თქმით, პარტიის შტაბის ჩამოყალიბებას მუნიციპალიტეტში დაახლოებით ერთი კვირის წინ მორჩნენ და ახლა მოსახლეობასთან შეხვედრებს გააქტიურებულად მართავენ, თუმცა შეხვედრების გამართვისთვის წინასაარჩევნო პერიოდს არ დალოდებიან და მათთვის ამ პროცესს სისტემური სახე აქვს.
„როცა საარჩევნო კამპანია იწყება, მხოლოდ მაშინ ახსენდებათ მოსახლეობა, რაც პოლიტიკის მანკიერი მხარე მგონია. ჩვენ თვის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერ გვქონდა გასვლები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ახლა აქტიურ ფაზაში გადავედით.
ჩვენ ვსწავლობთ მოქალაქეების პრობლემებს. მოგეხსენებათ, ჩვენი მუნიციპალიტეტი საკმაოდ ჭრელია სხვადასხვა თვალსაზრისით და მოსახლეობის პრობლემებიც განსხვავებულია. მაგალითად, ახლა, ტურისტულ სეზონზე, არამხოლოდ სოფლებს, არამედ ქალაქის რაღაც ნაწილსაც აწუხებს წყლის პრობლემა. ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ ამ საკითხს და მომდევნო კვირაში აუცილებლად გვექნება ბრიფინგი, თუ რამდენი დაიხარჯა მუნიციპალიტეტში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მაშინ როცა, დღეს იმ შედეგს ვერ იღებს ხალხი, რასაც უნდა იღებდეს”, – ამბობს ლაშა კომახიძე.
როგორც მისგან ვიგებთ, პარტია ქობულეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარ პრინციპით მართავს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ასე უფრო მარტივია პრობლემების იდენტიფიკაცია და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია.
ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ოპოზიციური პარტიების აქტივობებში აქტიურად და ღიად ჩართვას ერიდებიან:
„ამის გამომწვევი მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, რომელსაც ყველა მოქალაქეზე პირადი სახის ინფორმაცია აქვს. ამ ყველაფერში ხელს უწყობთ ე.წ. რუსული კანონიც, რომელიც შემოიღო „ქართულმა ოცნებამ“ და რომლითაც, ფაქტობრივად, ყველა ბერკეტს იტოვებენ, რათა აკონტროლონ ადამიანის პირადი ცხოვრების ნებისმიერი ანარეკლი…
ხალხს ეუბნებიან, რომ ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს თქვენზე, გამოვიყენებთო. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გყავთ ოჯახში პატიმარი. აი, პატიმარს გავუხანგრძლივებთ სამსჯავრო პერიოდს და არა ერთ წელიწადში, არამედ გამოვა სამ წელიწადში. თუ გინდათ, რომ გამოვიდეს ეს ადამიანი გარეთ, მაშინ თქვენი ოჯახიდან უნდა მოგვცეს 10 ადამიანმა ხმა… თქვენი შვილი თუ კომისიაში იქნება ან სხვა სახის წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობის თუ სხვა ოპოზიციური პარტიის, ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ სამსახურიდან თქვენს რძალს, რომელიც მუშაობს ბაღის პედაგოგად და ა.შ…
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. სუსის ეს მანკიერი სისტემა, რომელიც დანერგილია უკვე წლების განმავლობაში საქართველოში, თითოეული მოქალაქის ოჯახში შედის და თუ შეატყობს, რომ აქვს განსხვავებული შეხედულება და არა რუსული, როგორც „ქართულ ოცნებას“, მაშინვე ამ ხალხის „დამუშავებაზე“ გადადიან.
ვინც სოციალურად დასაქმებულები ჰყავთ, სოციალური დახმარება აქვთ, მათთვის სოციალური დახმარების მოხსნა – არ მოხსნის საკითხს აყენებენ. დასკვნები თქვენთვის მომინდვია – ხელისუფლება, რომელიც სოციალურად დაუცველი ხმებით ვაჭრობს, რა დონეზეა დასული და რისი კადრება შეუძლია“.
ლაშა კომახიძის თქმით, მოსახლეობასთან დიდი შეხვედრების გამართვის შემთხვევაში, სადაც ერთობლივად შეხვდებოდნენ ერთი სოფლისა თუ თემის მოსახლეობას, გამორიცხულია დაიმალოს ვინ ესწრებოდა შეხვედრას:
„ყველა ვარიანტში იგებს ამას სუსი, მივა მოქალაქესთან და გამოუძებნის რაიმე მიზეზს დასამუქრებლად… მოქალაქეები გვეუბნებიან – „კი, მე ვარ თქვენი ამომრჩეველი, იდეოლოგიურად თქვენ გეთანხმებით, ვეთანხმები თქვენს პოლიტიკურ მსოფლმხედველობას და ნამდვილად მინდა „ქართული ოცნების” შეცვლა, მაგრამ ვერ ვიაქტიურებ, ვერ წამოვალ შენთან კოორდინატორად, ვერ დაგიდგები გვერდში შეხვედრებზე, ვერ ვიქნები შენი მძღოლი, ფოტოგრაფი და ა.შ.“. ჩვენთან ურთიერთობას თავს არიდებენ და ასეთი შემთხვევები ხშირად გვაქვს“.
ჩვენთან საუბრისას ლაშა კომახიძე ქობულეთელების ძირითად პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:
„წყლის მიწოდების მიმართულებით ქობულეთის სოფლებში კატასტროფული მდგომარეობაა. საუბარია სასმელი წყლის პრობლემაზე. თუ მოდის წყალი, მოდის გრაფიკით და არ მიეწოდება ხალხს ისე, როგორც უნდა მიეწოდებოდეს. ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ მოდის და ხალხს ამ სიცხის ფონზე უწევს წყაროებიდან წყლის მოზიდვა.
ჩვენ გვქონდა მაგალითი, როცა სოფელ ბობოყვათსა და სოფელ მუხაესტატეს ერთ უბანში წყლის ანალიზი გავაკეთეთ სამხარაულის ექსპერტიზის დახმარებით, რამაც აჩვენა, რომ წყალი იმდენად დაბინძურებულია, ფეკალურ მასებსაც შეიცავს და არა თუ დალევა, მისი საყოფაცხოვრებო კუთხით გამოყენებაა შეუძლებელი, არამედ, შეუძლებელია ამ წყალზე სარეცხი მანქანის თუ სხვა ტექნიკის მუშაობა. წყალს რომ შეხედავ, უკვე ხვდები, რომ მისი დალევა კი არა, ხელის დაბანაც შეუძლებელია.
პრობლემურია გაზიფიცირების საკითხიც… ჩვენს მუნიციპალიტეტში 13-მდე სოფელია, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ, რაც კორუფციის და [მმართველი გუნდის] უუნარობის შედეგია…
პრობლემაა ინფრასტრუქტურა. აუცილებლად უნდა ვახსენო უკანონო მშენებლობებიც, კორუფცია, გარიგება კონკრეტულ ბიზნესმენებთან, რაც “ქართულ ოცნებას” ახასიათებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში რა მიმართულებითაც არ უნდა გაიხედოთ, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით უკანონო მშენებლობაა: ეს იქნება პლაჟზე აშენებული რესტორნები, საცხოვრებელ სახლებზე დადგმული რესტორნები და ა.შ. არანაირი კოეფიციენტის დაცვა, არავითარი ქალაქის განაშენიანების გეგმაზე მიყოლა, ქალაქის იერსახის მოფრთხილება. ქობულეთს უპირებენ, რომ ბეტონის ჯუნგლებს დაამსგავსონ…” – გვეუბნება ლაშა კომახიძე.
ინტერვიუს დასასრულს, მან გვითხრა, რომ არ აქვთ ფლაერებზე დაბეჭდილი საარჩევნო პროგრამა, რომელსაც მოსახლეობას დაურიგებდნენ, თუმცა კარგად ხედავენ, რა უჭირს მოსახლეობას ქობულეთში:
„ჩვენ ვხედავთ თვალნათლივ, რა უჭირს მოქალაქეს. ამ ხალხის დღის წესრიგშია ძალიან, ძალიან სავალალო ეკონომიკური მდგომარეობა. მოქალაქეებს ჩვენს თვალწინ უწევთ ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის.
ჩვენ ვპირდებით ამ ადამიანებს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და საქართველოს ექნება გაზრდილი ეკონომიკური ნიშნული. ეს იქნება ჯანდაცვის, განათლების, პენსიების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს გამოყოფილი პროგრამა პენსიონერებისთვის. უნდა ჩამოიწეროს ვალები, რაც ძალიან, ძალიან დიდი პროცენტითაა დაბეგრილი და ახრჩობენ პენსიონერ ხალხს პროცენტებში. ჩვენ ვპირდებით ხალხს, რომ საპენსიო რეფორმა იქნება დაბალანსებული და პენსია იქნება ღირსეული ყველა მოქალაქისათვის“.
ლაშა კომახიძე
ია მესხიძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ გვეუბნება, რომ მოსახლეობას სისტემატურად ხვდებიან და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ:
„მივდივართ ოჯახებში, ვხვდებით რამდენიმე ოჯახს ერთად, შეხვედრა შეიძლება შედგეს ქუჩაში… ყველა მეთოდს ვიყენებ, რაც მაძლევს საშუალებას შევხვდე მოსახლეობას და ვესაუბრო, თუნდაც ერთ რომელიმე საკითხზე, თუნდაც ერთი პრობლემა წამოვწიო წინ ან იმ ერთი პრობლემის გადაჭრაში დავეხმარო… ხანდახან თვითონაც გვეპატიჟებიან, რომ ადგილზე გვანახონ პრობლემა, მის გადაჭრაზე დავიწყოთ მუშაობა… მოდუნების საშუალებას თავს არ ვაძლევთ.
ყველა მუნიციპალიტეტს ექნება, რა თქმა უნდა, მისი სამოქმედო გეგმა, ისევე როგორც მე, საკრებულოს წევრს, მაქვს ჩემი გეგმა. მინიმუმ 8-10 შეხვედრა მაინც მინდა გავაკეთო თვის განმავლობაში და ჩემს რაოდენობას არ ჩამოვრჩები ხოლმე.
ჩვენ ვცდილობთ მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი სამომავლო მიზნები, ხედვები. დავანახოთ ამ მიზნების და გეგმების შესრულების შესაძლებლობები და ის, რომ ტყუილად არ ვიძლევით დაპირებებს…”, – გვეუბნება ია მესხიძე.
მან გვითხრა, რომ მათი პარტიის ოფისი ამ თვის ბოლოს გაიხსნება ქობულეთში და შტაბის წევრებსაც წარადგენენ.
„ჩვენი შტაბის დაკომპლექტება თითქმის დასრულებულია. ძირითადად, უკვე გვყავს შერჩეული კანდიდატები, ვისთანაც საარჩევნო პროცესში აქტიური თანამშრომლობა გვექნება და მათ მალე წარვადგენთ. თითქმის ვიძახი იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანთან კიდევ გვჭირდება კომუნიკაცია რაღაც საკითხების დასაზუსტებლად.
წინა არჩევნების პერიოდში ჩვენი შტაბი მუშაობდა აბსოლუტურად გუნდურად. რა თქმა უნდა, შეხვედრები გვექნება შტაბის ახალ წევრებთან და ჩვენს გამოცდილებას გავუზიარებთ მათ“.
ია მესხიძე მოსახლეობის მიერ დასახელებულ ძირითად პრობლემებზეც გვესაუბრა. ქობულეთელების უპირველეს პრობლემად ისიც სასმელი წყლის არ ქონას ასახელებს.
„სოფლებში არ გვაქვს სასმელი წყალი, მათ შორის ჩემს სოფელშიც. სოფელი ლეღვა, სოფელი მუხაესტატე შემიძლია დავასახელო, სადაც წყალს სუნი და საშინელი გემო აქვს, სარეცხისთვისაც კი არ გამოიყენება. მოსახლეობა მუდმივად დამოკიდებული იყოს ნაყიდ წყალზე, საკმაოდ დიდი პრობლემაა… ჭაბურღილები კეთდება ფილტრის გარეშე. არის სოფლები, სადაც წყალი მოგვეწოდება, მაგალითად ჩემი სოფელი, მაგრამ აქ წყალი სასმელად უვარგისია. არის სოფლები, რომლებსაც წყალი გრაფიკით მიეწოდება… ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, განსაკუთრებით ზაფხულში, იმიტომ, რომ რამდენის შენახვა შეიძლება, როცა ოჯახში მოხუცია, ბავშვია…
დიდი პრობლემაა ქობულეთში უხარისხოდ დაგეგმილი და შესრულებული პროექტები. ასეთი ძალიან ბევრია. მაგალითად, გამოვყოფ გზის მოპირკეთებას.
ყველას უხარია სოფელში გზის გაკეთება, ყველას მოგვწონს მოასფალტებული გზა, მაგრამ გზები კეთდება სანიაღვრეების გარეშე. ყველა დიდ წვიმის დროს, ქუჩის წყალი, პირდაპირი მნიშვნელობით, რეცხავს მოსახლეობას.
ჩაირეცხება ხოლმე პირველი სართული და საძირკველი. სოფელი წყავროკა შემიძლია მოვიყვანო მაგალითად, სადაც რამდენჯერმე ვიყავით მისულები. აქ წვიმის პერიოდში ორი ოჯახის საძირკველი ირეცხება… ეს ოჯახები თანახმა არიან თავიანთი საკარმიდამო ნაკვეთი დათმონ სანიაღვრე არხის გასაკეთებლად, მაგრამ ამაზე მერიას დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია…
ჯერ მოპირკეთდება გზა, შემდეგ ხდება თავიდან მისი ამოყრა, იმიტომ, რომ საკანალიზაციო მილია გასაკეთებელი ან წყლის არხი არ ყოფილა სწორად გაყვანილი… ასეთი არათანმიმდევრული სამუშაოები იწვევს ბიუჯეტიდან ზედმეტი ხარჯების გაწევას.
ია მესხიძე
ქობულეთში ძალიან ხშირია ფერდობის ჩამოშლის შემთხვევა. ცხადია, ვერც მერია და ვერც ვერავინ ფერდობის ჩამოშლის პროცესს ვერ შეაჩერებს… მაგრამ ტონობით მიწა იყრება ხოლმე ეზოებში და ამ მიზეზით, წლობით დგას მოსახლეობა რიგში, მათი ჯერიც რომ მოვიდეს და მათთანაც ჩატარდეს ფერდის გასამაგრებელი სამუშაოები… მაგალითად, ორი წელია დგას სოფელ კონდითში გიორგაძეების ორი ოჯახი რიგში. ერთს ეშლება გზა და როგორც კი გზა ჩამოვარდება, შემდეგ უკვე სახლი იწყებს დაშლას. მეორესთან ფერდობი პირდაპირ სახლთან ახლოს ვარდება”, – გვითხრა ია მესხიძემ.
მისი თქმით, ძალიან ბევრი საკითხი ყურადღების მიღმა მერიის მხრიდან იმიტომაც რჩება, რომ ესა თუ ის საკითხი დაყენებულია ოპოზიციური პარტიის მიერ:
„ხანდახან თვითონაც ხედავენ და აღიარებენ, რომ პრობლემა ნამდვილად დგას, მაგრამ რაკი საკითხი დასმულია ოპოზიციის მიერ – არ ხდება ხოლმე რეაგირება.
ბევრი მოქალაქე იკავებს თავს ჩვენთან ღიად შეხვედრისგან. მობილურითაც არ გვეხმიანებიან, შეიძლება ისმინებოდეს ტელეფონიო. სოციალური ქსელებით გვწერენ ხოლმე თავიანთ პრობლემებზე. გვიდასტურებენ მათ მხარდაჭერას და იმასაც გვეუბნებიან – თქვენი წასვლის შემდეგ გვსტუმრობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, გვაშანტაჟებენ და გვეუბნებიან, რომ თქვენს ახლობლებს დავტოვებთ უმუშევარს, შეგექმნებათ საფრთხე სამსახურებში და ა.შ..
ეს პრობლემა წინა არჩევნების დროსაც იდგა, მაგრამ მოსახლეობამ თავისი ნება მაინც გამოხატა.
მე ძალიან მჯერა ქართველი ამომრჩევლის. ეს არის საღად მოაზროვნე ამომრჩეველი, რომელმაც ყველაზე კარგად ნახა ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლების შემოთავაზებული „სიკეთეები“, დაწყებული რუსული კანონიდან. ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“ – გვითხრა ია მესხიძემ ინტერვიუს ბოლოს.
„ბათუმელები“ პარტია „ლელოსაც“ დაუკავშირდა. პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ ამჟამად ქობულეთში მიმდინარეობს „ლელოს“ რამდენიმე აქტიურ წევრთან მოლაპარაკება, თუ ვინ უხელმძღვანელებს პარტიის შტაბს.
ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სკვერში არსებულ პატარა შადრევანში ბავშვები ბანაობენ.
ფაქტის ამსახველი ფოტოები „ბათუმელებს“ მოქალაქემ მოაწოდა. კადრში ჩანს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც აუზიდან ამოდიან.
ტენდერის დოკუმენტების თანახმად, შადრევნის შიგნით 2 წყალქვეშა სანათია დამონტაჟებული, შესაბამისად, არსებობს დენის წყარო, რაც შესაძლოა სახიფათო იყოს ბავშვებისთვის.
როგორც თვითმხილველმა გვითხრა, შადრევანში ბავშვების ჩასვლაზე რეაგირება არ მოუხდენია უმაღლესი საბჭოს დაცვას. „მითხრა, რომ ეს მათ არ ეხებათ“, – გვეუბნება მოქალაქე.
შადრევნების მოვლა-პატრონობა ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ეხება, ამიტომ მათ ვკითხეთ, აქვთ თუ არა ინფორმაცია მსგავს შემთხვევებზე, თუ არის უსაფრთხოება დაცული და უნდა იყოს თუ არა მინიშნება, რომ შადრევანში ჩასვლა საფრთხის შემცველია?
მერიის სამსახურში აღნიშნულ კითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობენ.
შადრევანი, სადაც ბავშვები ბანაობენ, უმაღლესი საბჭოს წინაა.
____
ბათუმში, უმაღლეს საბჭოსთან ახალი სკვერის მოსაწყობად ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 1 375 451 ლარით გამოაცხადა. ტენდერში „მონოლითი-2005“ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 2018 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა, ღირებულებით – 1 100 362 ლარი.
„უკვე სულ სხვა პოზიციით მივა იქ უკრაინა,“ – გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება კონკრეტული პირობით მივიდეს და დაკავებული კურსკის რუსეთისთვის დაბრუნების სანაცვლოდ ხერსონის და ზაპოროჟიეს გათავისუფლება მოითხოვოს.
გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რუსეთის საზღვართან უკრაინელების აქტიურობა შეინიშნებოდა, მაგრამ უკრაინელებმა რუსები დააბნიეს, თითქოს დაცვისთვის ემზადებოდნენ და უცებ შეტევა წამოიწყესო.
„ახლა რუსები ცდილობენ გარკვეული დანაყოფები, რომლებიც დასასვენებლად იყო ზურგში გაყვანილი როტაციის წესით, გაიყვანონ ამ მიმართულებაზე. არ ვიცი, რამდენად სწრაფად მოახერხებს ამას რუსეთი, რადგან სექტემბერი მოდის თავისი სექტემბერ-ოქტომბრის წვიმებით, შესაბამისად, უკრაინელებს გაუადვილდებათ ამ ტერიტორიების დაცვა. გააჩნია, რამდენის დაცვას გადაწყვეტენ უკრაინელები. არა მგონია, რაც დაიკავეს, მთლიანად იმ ტერიტორიის დაცვა დაიწყონ,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი.
რა იცვლება რუსეთ-უკრაინის ომში კურსკის მოვლენების შემდეგ? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, თქვენი ინფორმაციით, რა ხდება კურსკში, რატომ გადაწყვიტა უკრაინამ ეს შეჭრა?
ძნელია კონკრეტული მიზეზების თქმა, ვინაიდან უკრაინა საინფორმაციო დუმილს ინარჩუნებს.
თუმცა იკვეთება სამი მიზეზი: პოლიტიკური, ოპერატიული და ტაქტიკური. არა მგონია, ამაში სტრატეგიული მიზნები იყოს და ეს სტრატეგიული შედეგის მომტანი იყოს, თუმცა ოპერატიულ დონეზე ალბათ მიზანი იყო, რუსების ზეწოლა შეემცირებინათ დონბასის მიმართულებაზე.
ტაქტიკურ დონეზე მიზანი არის ის, რომ დაიკავონ რუსეთის გარკვეული ტერიტორიები. თუ ამის შესაძლებლობა ექნებათ, უკრაინის მცდელობაში შეიძლება ყოფილიყო ჩადებული კურსკის ატომური ელექტროსადგურის აღება, თუმცა ეჭვი მეპარება, ეს შეძლონ.
ეს არის ასევე ძალების გამოწვევა ვოლჩანსკის და ბელგოროდის რაიონიდან, ვინაიდან უახლოესი რაიონია კურსკის მიმართულებასთან – რუსებს ალბათ ყველაზე უფრო გაუადვილდებათ იქიდან ძალების გადასროლა, თუმცა ეს ვოლჩანსკს ისევ უკრაინელების ხელში დააბრუნებს.
პოლიტიკური ეფექტი კი არის ის, რომ დასავლეთის რეაქცია არის ძალიან ადეკვატური, მხარდამჭერია ამ მოქმედებასთან. აღნიშნული ტერიტორიის დაკავება გარკვეული დროით მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. არა მგონია დიდი ხნით ეს შეძლოს უკრაინამ, ვინაიდან, რაც უკრაინამ აიღო – 350 კვადრატული კილომეტრი, ეს ძალიან დიდი ფართობია. არა მგონია, უკრაინას ეყოს რესურსი ამ ტერიტორიის შესანარჩუნებლად.
იმედი მაქვს, წლის ბოლომდე მოხდება მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. უკვე სულ სხვა პოზიციით მივა იქ უკრაინა.
რა ძალებით, რა რესურსით უტევს უკრაინა კურსკში?
თუ არ ვცდები, სამი ბრიგადაა ახლა შესული, მეოთხე ბრიგადა მეორე ეშელონშია. უკრაინას ჰყავდა 2 ბრიგადა ზაპოროჟიეში კონტრშეტევისთვის. ეს არ გამოიყენეს, ვინაიდან კონტრშეტევა ვერ განვითარდა. სამი ბრიგადა იყო ასევე მომზადებული სტრატეგიული რეზერვიდან. ეს 5 ბრიგადა უკრაინამ გადაისროლა ჩრდილოეთ მიმართულებაზე.
უკრაინამ საკმაოდ კარგი საინფორმაციო ომი ჩაატარა რუსების შეცდომაში შესაყვანად: რუსები გახარებული იყვნენ, რომ აი, ვოლჩანსკის და ბელგოროდის მიმართულებაზე შეტევის შედეგად ვაიძულეთ უკრაინელები თავისი რეზერვები გადმოესროლათ ამ მიმართულებაზეო. რუსები ფიქრობდნენ, რომ ეს რეზერვები იყო ზუსტად რუსების შეტევის შესაჩერებლად და აღმოჩნდა სხვა რამ: უკრაინელებმა ეს რეზერვი გამოიყენეს შეტევითი ამოცანების შესასრულებლად, რაც მოულოდნელობა აღმოჩნდა რუსებისთვის.
რის შეცვლა მოუწევთ ახლა რუსებს?
გარკვეული ძალების გადაყვანა უკვე ხდება ამ მიმართულებაზე ძირითადი მიმართულებებიდან.
რა თქმა უნდა, რუსების შეტევები გრძელდება დონბასში, კუპიანსკის, ლიმანის, უგლედარის და ჩასოვ იარის მიმართულებებზე, თუმცა როგორც უკრაინული წყაროებიდან მოდის ინფორმაცია, რუსების აქტიურობა შემცირებულია.
ახლა რუსები აგროვებენ ძალებს, მოხალისეები მათ აფხაზეთიდან და ოსეთიდანაც მიჰყავთ. მე იმედი მაქვს, რომ ისინი უკრაინის მიწაზე დარჩებიან.
ასევე, რუსები ცდილობენ, გარკვეული დანაყოფები, რომელიც დასასვენებლად იყო ზურგში გაყვანილი როტაციის წესით, გაიყვანონ ამ მიმართულებაზე. არ ვიცი, რამდენად სწრაფად მოახერხებს ამას რუსეთი, რადგან სექტემბერი მოდის თავისი სექტემბერ-ოქტომბრის წვიმებით, შესაბამისად, უკრაინელებს გაუადვილდებათ ამ ტერიტორიების დაცვა.
გააჩნია, რამდენის დაცვას გადაწყვეტენ უკრაინელები. არა მგონია, რაც დაიკავეს, მთლიანად იმ ტერიტორიის დაცვა დაიწყონ, თუმცა ის, რომ ბრძოლები იქნება და რუსებს ერთი და ორი დღე არ ეყოფათ ამ ტერიტორიების გასათავისუფლებლად, ეს ფაქტია.
აქცენტი ახლა გადატანილია ბელგოროდის მიმართულებაზე, ანუ უკრაინელები დაკავებული ტერიტორიების გაფართოებას ცდილობენ. სადაზვერვო და სარეიდო მოქმედებები მიმდინარეობს ახლაც, უკრაინელები არ გაჩერებულან, თუმცა მათი წინსვლა უფრო დაბალი ტემპით ხდება.
თქვენ აღნიშნეთ, რომ კურსკის ამბების შემდეგ უკვე სხვა პოზიციით მივა მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინა. რა ჩანს ამ გადასახადიდან, რა შეიძლება გახდეს მოლაპარაკების საგანი?
ძნელია ამის თქმა, თუმცა თუ რუსეთის ეს მნიშვნელოვანი ტერიტორია იქნება უკრაინის ხელში, მოლაპარაკებების ეტაპზე შესაძლებელი იქნება ლაპარაკი ტერიტორიების გაცვლაზე. მე წინასწარ ვერ გეტყვით, ზელენსკი რას გააკეთებს, ერთ-ერთი ვარიანტს გეუბნებით, ჩემი აზრით, შეიძლება ლაპარაკი იგივე ზაპოროჟიეზე. გააჩნია, როდის დაიწყება ეს მოლაპარაკებები, რა ფორმატი იქნება, შემდეგ წავა ვაჭრობა და ვინ რას დათმობს, ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის მძლავრი მომენტით მისვლა, გამარჯვებულის კუთხიდან მისვლა.
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კურსკში ამ შეტევას მორალური თვალსაზრისით. ეს არის პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ზალუჟნის შემდეგ უკრაინელების მხრიდან.
ეს მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობის, ისე შეიარაღებული ძალების მორალისთვის.
კურსკის ელექტროსადგურის მნიშვნელობა როგორია რუსეთისთვის, თუ მისი ხელში ჩაგდება მოახერხეს უკრაინელებმა?
მისი კონტროლი, გამორთვა გამოიწვევს მთლიანად სამხრეთ რუსეთის დაბნელებას.
თუმცა 35 კილომეტრი აქვთ უკრაინელებს იქამდე და რუსებმა დაიწყეს გაძლიერებული დაცვის მოწყობა სადგურის გარშემო, ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის ბოძკინტებია ჩადებული უკვე, გადასროლილია ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და ასე შემდეგ. ეჭვი მეპარება, უკრაინამ შეძლოს მის კონტროლქვეშ აყვანა.
თქვენი დაკვირვებით, კიდევ რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, რამდენად შეიძლება დონბასის დათმობა განიხილებოდეს?
არა მგონია, დონბასი განიხილებოდეს. ჩემი აზრით, განხილული იქნება ზაპოროჟიე, ან ხერსონი. ლოგიკურია, რომ უკრაინელებმა მოითხოვონ 2022 წლამდე ტერიტორიების დაბრუნება და ამათ დაუთმოს კურსკი და ასევე, ბელგოროდის ნაწილი, რაც დაიკავეს.
თავის მხრივ, რუსეთი ითხოვს მთლიანად დონბასის ჩაბარებას, ასევე ხერსონის და ზაპოროჟიეს ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას, მაგრამ რუსეთი რომ ამას ითხოვდა, მას არ ჰქონდა მაშინ დაკარგული კურსკი და ბელგოროდის ნაწილი.
ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, დროებითი ინიციატივა მოიპოვეს უკრაინელებმა. რას ნიშნავს ინიციატივის მოპოვება?
ინიციატივა არის ის, რომ უკრაინელები უტევენ და მიდიან წინ. უკრაინელები უტევენ და რუსები იძულებული არიან, რომ რეაგირება მოახდინონ უკრაინელების მოქმედებაზე.
მინდა გკითხოთ ყირიმზეც. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმშიც უკრაინული საზღვაო დრონით გაანადგურეს რუსული სადესანტო კატერი. ეს შემთხვევა რას აჩვენებს თქვენთვის?
აჩვენებს იმას, რომ საერთოდ უუნაროა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, საერთოდ ვერ იყენებს მას რუსეთი და გადამალული აქვს.
უკრაინელებისთვის უკვე ჩვეულებად იქცა რუსული სამხედრო ხომალდების პერიოდულად დაზიანება, ან ჩაძირვა. ეს აჩვენებს რუსების უუნარობას შავ ზღვაზე აქტიური მოქმედებებისთვის და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უუნარობას, წინააღმდეგობა გაუწიონ ქვეყანას, რომელსაც ფლოტი არ აქვს საერთოდ.
რა ხდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, სადაც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ხანძრის გაჩენის გამო? ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს ამჟამად რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მართავს.
ხანძარი ლიკვიდირებულია ამ მომენტისთვის. რუსები იძახიან, რომ ეს იყო უკრაინელების დრონებით შეტევა, უკრაინელები კი ამბობენ, რუსებმა თვითონ გაჩინეს თითქოს ხანძარი, საბურავები დაწვესო. ხანძარი გამაცივებელ რეაქტორებთან გაჩნდა… გაგრძელება ამ ამბავს ჯერ არ მოჰყოლია.
ბოლოს ისევ კურსკზე მინდა გკითხოთ: საითკენ წაიყვანა რუსეთ-უკრაინის ომი კურსკის ამბავმა?
სტრატეგიულად ამას არაფერი შეუცვლია, თუმცა ეს უდიდესი დარტყმაა რუსეთის იმიჯზე, პუტინის იმიჯზე, რომელსაც აქვს ქვეყნის დამცველის და გამათავისუფლებლის იმიჯი. ეს ასევე მოითხოვს ძალების გადანაწილებას.
დიდი ალბათობით, წესით, უნდა შეიცვალოს სამხედრო ხელმძღვანელობა ამხელა ჩავარდნების შემდეგ რუსეთში. მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინელების აქტიურობა შეინიშნებოდა, მაგრამ ჩათვალეს, რომ ეს იყო დაცვითი მოქმედებები. მათ ვერ გამოიცნეს უკრაინელების ჩანაფიქრი.
პასუხი გვექნებაო, რუსმა პროპაგანდისტებმა თქვეს.
იქნება ალბათ სადამსჯელო დარტყმები, როგორც ამას აკეთებენ ხოლმე რუსები. კიევში არ გამორიცხავენ, რომ იყოს დარტყმები და დაარტყან უშუალოდ პარლამენტის შენობას.
განათლების სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. მასწავლებლების დაჯილდოებაზე აქედან მხოლოდ 100 ათასი ლარი დაიხარჯა, დანარჩენი თანხა კი კონცერტსა და საღამოს ორგანიზებას მოხმარდა.
2024 წელს, წინასაარჩევნოდ, განათლების სამინისტრო თანხების გაორმაგებას აპირებს და როგორც გასულ წელს დააანონსა, „მასწავლებლის ეროვნული დღისთვის“ ერთ მილიონ ლარს დახარჯავს.
„ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროსგან 2023 წელს გამოითხოვა ოფიციალურად ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა, თუმცა ხელისუფლება, რომელსაც თითქოს „გამჭვირვალობაზე“ აქვს პრეტენზია, საზოგადოებას უმალავს, თუ რაში დახარჯა 600 ათასი ლარი. სამინისტრომ კანონით გათვალისწინებული ვადებიც დაარღვია და საბოლოოდ, ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
„ბათუმელებმა“ შეძლო აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება.
ხელშეკრულების მიხედვით, მასწავლებლის დღის ღონისძიების ორგანიზება შპს „პიუმა ივენთმა“ უზრუნველყო.
საღამოს ორგანიზებისთვის რეჟისორ ბასა ფოცხიშვილს 13 500 ლარი გადაუხადეს, მხატვარ დიზაინერ თამარ ფოცხიშვილს კი 9 ათასი ლარი.
აღმასრულებელ პროდიუსერს 5 ათასი ლარი, ასევე 5-5 ათასი ლარი გადაუხადეს რეჟისორის ასისტენტებს.
მთლიანი საორგანიზაციო ჯგუფის ხარჯი 55 ათასი ლარია.
121 500 ლარი დაიხარჯა მომღერლებსა და მუსიკოსებზე.
მაგალითად, მომღერალ ნატო მეტონიძეს 6 ათასი ლარი გადაუხადეს, ლიზა ბაგრატიონს 5 ათასი ლარი, ანსამბლი „შვიდკაცა“ – 10 ათასი ლარი, სუხიშვილებმა ორი ნომერი შეასრულებს, რაშიც 24 ათასი ლარი გადაუხადეს.
სიმფონიური ორკესტრის დაქირავება ბიუჯეტს 26 ათასი ლარი დაუჯდა.
დირიჟორის ჰონორარი, მთლიანი კონცერტის მუსიკალურად გაფორმებისთვის 14 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
მასწავლებლის ეროვნული დღე.
ღონისძიებაზე მიწვეული იყო ცნობილი მომღერალი ნანი ბრეგვაძე, რომლის ჰონორარიც 20 ათასი ლარი იყო. ამავე ჰონორარშია მითითებული ნანი ბრეგვაძის შვილი (ეკა მამალაძე) და შვილიშვილიც (ნატალიკო ქუთათელაძე).
მუსიკოს ლიზა რამიშვილს 4 ათასი ლარი გადაუხადეს, ერთი ნომრის შესრულებაში, დავით ევგენიძეს კი 5 500 ლარი, (არანაკლებ ერთი ნომრის) შესრულებაში.
ღონისძიების ტექნიკური ნაწილი, მაგალითად ლაივსტრიმი, 30 ათასი ლარი დაჯდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
15 ათასი ლარი დაიხარჯა ვიდეო კონტენტის დამზადებაზე, ოპერის თეატრის დაქირავებაზე, სადაც ღონისძიება გაიმართა, 35 ათასი ლარი დაიხარჯა.
მთლიანობაში – არანჟირება, აფიშის ბეჭდვა, თარჯიმანი, გახმოვანება და სხვა, ბიუჯეტს 97 596 ლარი დაუჯდა.
93 625 ლარი კი დაიხარჯა მხატვრულ განათებაზე, დეკორაციაზე. ათი გამარჯვებული მასწავლებლისთვის გადასაცემ თაიგულსა და გულსაბნევზე.
70 600 ლარი დაიხარჯა ფურშეტზე, მუსიკალურ გაფორმებასა და მაგიდების გაფორმებაზე.
5 ათასი ლარი ვიდეომონტაჟსა და ტრანსპორტირებაზე.
აღნიშნულ ხარჯებში არ არის მითითებული დაუქირავეს თუ არა რეგიონებიდან ჩასულ მასწავლებლებს სასტუმრო. არც ის ასი ათასი ლარია მითითებული, რომლითაც ათი საჯარო სკოლის მასწავლებელი დააჯილდოვეს.
თითოეულს 10-10 ათასი ლარი გადაეცა.
დაჯილდოებული ათი მასწავლებლიდან, არცერთს სცენაზე სიტყვა არ უთქვამს.
სოციალურ ქსელებში ღონისძიებას კრიტიკულადა გამოეხმაურა მასწავლებელთა ნაწილი და „მასკარადი“ უწოდეს.
„ესაა დადუმებული სასკოლო საზოგადოების სახე“, – წერდა ერთ-ერთი პედაგოგი.
მასწავლებლების შესარჩევი ჟიური პროსახელისუფლებო მედიის ტელეწამყვანებით და ძირითადად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პირებით იყო დაკომპლექტებული.
განათლების სამინისტრომ „მასწავლებლის ეროვნული დღე“, წინასაარჩევნოდ, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საპირწონედ შექმნა. ეროვნული ჯილდოსგან განსხვავებით, სამინისტროს ღონისძიება მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ეროვნულ ჯილდოს კი, კერძო დამფინანსებლები ჰყავს.
განათლების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დახურული საჯარო უწყებაა ქვეყანაში, რადგან პატივს არ სცემს კანონმდებლობას და არ გასცემს ოფიციალურად მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას.
აღნიშნული უწყება, რამდენიმე წელია ფაქტობრივად, არანაირ კომენტარს არ აკეთებს, განათლების სისტემაში გაჩენილ პრობლემებსა და თუ სხვადასხვა საკითხზე. სამინისტრო, არა მარტო მედიის კითხვებზე დუმს, დახურულია კრიტიკულად განწყობილი მასწავლებლებისთვისაც.
ორ წელზე მეტია, პედაგოგები, მშობლები, სამოქალაქო აქტივისტები სკოლებში კვების დაფინანსებას ითხოვენ. მასწავლებლები საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად ცუდად აისახება შიმშილი ბავშვების ზრდა-განვითარებაზე, თუმცა დაპირებების მიუხედავად, განათლების სამინისტრო თანხების და სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობას იმიზეზებს.
იხილეთ ღონისძიების დეტალური ხარჯთაღრიცხვა.
„მასწავლებლის ეროვნული დღე“-ღონისძიების ხარჯვითი ნაწილი.
„როცა ამ წონასწორობას ვარღვევთ, შესაძლებელია გრუნტის წყლების მიმართულების შეცვლა, იქ ფხვიერი გრუნტია შედარებით, შეიძლება ამან რომელიმე ნაკადის საერთოდ გაქრობა გამოიწვიოს,“ – ხულოში, მწვანე ტბასთან ახლოს ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების საფრთხეზე გვესაუბრება გეოლოგი, გიორგი ბერიძე.
მას შემდეგ, რაც მრავალწლიან დაპირებას ხელისუფლება არ ასრულებდა და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობა საარჩევნო წელს გააქტიურდა, მწვანე ტბასთან ახლოს, ასევე დიდაჭარის მთებისკენ მიმავალ გზაზე საინიციატივო ჯგუფმა „ხულო და მისი პერსპექტივები“ ინერტული მასალის მოპოვების რამდენიმე ადგილი დააფიქსირა.
„ბათუმელები“ ამ პრობლემაზე 26 ივლისს წერდა. მაშინ და დღესაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს არ აქვს პასუხი კითხვაზე: გაცემულია თუ არა ლიცენზია მწვანე ტბის მიმდებარედ ინერტული მასალის მოპოვებაზე?
ლიცენზიის გაცემა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც შეუძლია, თუმცა 2024 წლის 26 ივლისს ამ უწყებაში გამორიცხეს ლიცენზიის გაცემა მწვანე ტბის მიმდებარედ. „ბათუმელების“ კითხვებს მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვებაზე არ უპასუხეს კომპანიებში, რომლებიც ბათუმი-ახალციხის გზას აკეთებენ.
მას შემდეგ, რაც ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში გაჟღერდა, ინერტული მასალის მოპოვების სამუშაოები შეჩერდა.
უკანონო კარიერი ხულოში, საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივები“ ფოტომწვანე ტბა
საინიციატივო ჯგუფმა „ხულო და მისი პერსპექტივები“ USAID-ის მხარდაჭერით, ინერტული მასალის უკანონო მოპოვების რამდენიმე ლოკაცია გეოლოგს აჩვენა, რომლის დასკვნა მკაფიოა: „უკვე გამოუსწორებელია ზიანი, ეს გააქტიურებს მეწყრულ პროცესებს“, – ამბობს გიორგი ბერიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
გეოლოგის აზრით, ამ ადგილებში ინერტული მასალის მოპოვებაზე ლიცენზია არც შეიძლება გაცემულიყო.
„დამატებითი კვლევები იქნება საჭირო, მაგრამ ვიზუალური კვლევით რაც გამოჩნდა, ბუნებრივ წონასწორობაში მყოფ ფერდობებს გაუჭრეს გზები, დარღვეულია ამ ფერდობების დინამიკა… ეს გააქტიურებს ქვათა ცვენას და მეწყრებს,“ – გვიყვება გეოლოგი გიორგი ბერიძე.
გიორგი ბერიძეუკანონო კარიერი ხულოში, საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივები“ ფოტო
გიორგი ბერიძე გვიყვება, რომ მწვანე ტბა მიწისქვეშა წყლებით, პატარ-პატარა არტერიებით მარაგდება:
„ვიდრე წვიმის სეზონი დაიწყება, მწვანე ტბა ისედაც იკლებს, თუ ახლა რომელიმე ეს ნაკადი გაქრება, ცხადია, ეს მოაკლდება მწვანე ტბას. აქამდე თუ ერთ მეტრს იკლებდა, ახლა 2 მეტრს დაიკლებს. თუ უფრო გვალვიანი სეზონი იქნება, შეიძლება მეტიც დაიკლოს. ეს არის რისკები, რომ ასეთ მიდამოში მსგავსი სამუშაოები არ ვაწარმოოთ.
თოვლის დნობა რომ დაიწყება, მაშინ გამოჩნდება, შეიძლება პირიქით, ეს არ მოხდეს და ფერდობები დაიმეწყროს.
რამდენიმე ადგილზე მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას. მწვანე ტბასთან ახლოს ყველა დიდი კერაა, დიდაჭარის მთებისკენ კი, მდინარის კალაპოტშია უშუალოდ გრუნტის გზა მოწყობილი, უზარმაზარი მთაა მონგრეული. ეს უზარმაზარი ზიანია, რომელსაც ვერ აღადგენ. უკან რომ დააბრუნო ის მასალა, უარესს გამოიწვევ…
მწვანე ტბის მიმდებარედ, თუნდაც შვეიცარიული საათის სიზუსტით ვაკეთოთ რაღაცები, იქ სამუშაოების წარმოება აკრძალულია. ჯერ როგორი სანახავია ასეთი მთები. სხვა ლოკაციების მოძიება შეიძლებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე ბიუჯეტური გზა მოძებნეს. ჯობია, ახლა თუ ჯდება 100 ლარი პირობითად იმ გზის მოწყობა, დავხარჯოთ 300 ლარი და ამ უნიკალურ ეკოსისტემას ხელი არ ვახლოთ. იქ შეუქცევადი პროცესები წავა…
ახლა მშრალი პერიოდია და შემოდგომიდან, როცა მთაში თოვლი მოვა, გააჩნია ზამთარს, იქ მეწყრული პროცესები გააქტიურდება. ეს იქნება მუდმივი დინამიკა, ვიდრე ბუნება თავის წონასწორობას არ დაიბრუნებს,“ – ამბობს გიორგი ბერიძე.
უკანონო კარიერი ხულოში, საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივები“ ფოტო
გეოლოგი მინიშნებას აკეთებს კორუფციაზეც, რასთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე, როცა ბათუმი-ახალციხის გზას აკეთებენ და ამ გზის მოსაწყობად იყენებენ ხულოს მთებში მოპოვებულ ინერტულ მასალას.
„ვინც აკეთებს ამ სამუშაოებს, ხომ იცოდა თავიდანვე, რომ აჭარის მთებში კარიერები არ გვაქვს? რომ ეს ინერტული მასალა საიდანღაც უნდა მოეტანა? პროექტში იქნებოდა შესაბამისი თანხაც ჩადებული ამისთვის, რომ შორიდან დასჭირდებოდათ ამ მასალის ჩამოტანა, მაგრამ ასე იოლი გზა იპოვეს…
კარიერის შერჩევის დროს უნდა შედგეს დამუშავების და შემდეგ ექსპლუატაციის პროექტი, ამ პროცესში თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ ჩართული გეოლოგები, რომ განსაზღვრონ, საიდან შეიძლება ინერტული მასალის ამოღება. გეოლოგმა უნდა თქვას, რომელ ფერდობს არ უნდა შეეხონ,“ – აღნიშნა გეოლოგმა გიორგი ბერიძემ „ბათუმელებთან“.
მთავარი ფოტო: უკანონო კარიერი ხულოში, საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივები“ ფოტო
„გამარჯობა, მეგობრებო, მოგიყვებით ჩემს პატარა ისტორიას, რომელიც დაიწყო 2022 წელს და გრძელდება დღემდე“, – ასე იწყებს 13 წლის თენგოს დედა კიდევ ერთ მიმართვას. ნარგიზ ბიბინეიშვილი შვილთან ერთად სტამბულშია და ამჯერადაც დახმარებას საზოგადოებისგან ითხოვს.
„ჩემ შვილს, თენგიზ ბროიანს 2022 წელს დაუდგინდა ჰისტიოციტოზის დიაგნოზი, გამოკვლევების შედეგად მოვთავსდით იაშვილის კლინიკაში.
ერთი წლის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში გაუკეთდა ქიმიათერაპია, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო და გამოვლინდა რეციდივი, ამიტომ გადაწყვიტა ჩვენმა მკურნალმა ექიმმა, რომ ბავშვი უნდა წაგვეყვანა საზღვარგარეთ, სტამბულის მემორიალის კლინიკაში, სადაც უკვე 3 თვეა ვმკურნალობთ.
ვართ სახელმწიფო პროგრამით, თუმცა ახლა დაგვიდგა ურთულესი დრო, თენგოს სჭირდება ხერხემალზე ოპერაცია, რაც ჯდება ძალიან დიდი თანხა…
ეს ოპერაცია არ შედის ონკოლოგიაში, ამიტომაც არ შედის პროგრამაში.
მე, დედა, უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმაროთ, ვისაც როგორ შეგეძლებათ, აქამდეც ბევრჯერ დამხმარებიხართ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით.
ბევრჯერ მიმიმართავს ფონდებისთვის და გაუწევიათ თანადგომა, ასევე მადლობა აჭარისა და საქართველოს ჯანდაცვას, ჩვენს მუნიციპალიტეტს, დამეხმარნენ ისე როგორც შეიძლებოდა.
არც კი მიფიქრია, რომ ასეთი რთული გზის გავლა მომიწევდა.
მიუხედავად ყველაფრისა, გთხოვთ უმორჩილესად დამეხმაროთ, ბოლომდე მიგვაყვანინეთ ეს გზა…“, – წერს მარტოხელა დედა, ნარგიზ ბიბინეიშვილი.
ქალი სოციალურად დაუცველია.
თენგო მალე 14 წლის გახდება. როგორც დედა ამბობს, ის ახლა საფინალო ოპერაციისთვის ემზადება და კიდევ ერთხელ სჭირდება თანამემამულეების დახმარება.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს კონკურსს პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება“.
პროექტს უჭერს მხარს ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდი [NED].
პროექტის მთავარი მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დემოკრატიული გარემოს ხელშეწყობა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისება.
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს.
კონკურსის მთავარი ამოცანაა ისეთი იდეების, ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ფართო ჩართულობით დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების, ადამიანის უფლებების და საპარლამენტო არჩევნების მიმართ ინტერესისა და ინფორმირებულობის გაზრდის ხელშეწყობა. კერძოდ:
კონკურსი დაყოფილი ორ ლოტად:
პირველი ლოტი მოიცავს ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს, მეორე ლოტი კი მოიცავს ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებს.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებელი თანხა 9,924.95 ლარია. დაფინანსდება 3 პროექტი.
კონკურსის მიზანია პროექტების მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
დემოკრატიული ღირებულებების ხელშემწყობი – საინფორმაციო მედია კამპანიები;
არჩევნებთან დაკავშირებული მოქალაქეობრივი ღირებულებების განმტკიცების ხელშემწყობი საჯარო აქტივობები – ახალგაზრდების მონაწილეობით.
განაცხადების წარდგენის პროცედურა და მოთხოვნები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც შედგება არანაკლებ 3 ფიზიკური პირისგან.
საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს შემდეგი ინფორმაციის მიღება: პრობლემის აღწერა და სიტუაციის ანალიზი; პროექტის მიზნები; ღონისძიებები; სამოქმედო გეგმა; სამუშაო დროის რუკა; პროექტის რისკები და მდგრადობა; მოსალოდნელი შედეგები; პროექტში ჩართული პირების სამუშაო აღწერილობა; პროექტის დაფარვის გეოგრაფიული არეალი; ბენეფიციარები და ბიუჯეტი;
ბიუჯეტი უნდა იყოს რეალისტური, კარგად დასაბუთებული და შემოთავაზებული აქტივობების შესაბამისი;
განაცხადის ფორმაში მოცემული ინფორმაციის გარდა, პროექტს უნდა დაერთოს პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებისა და პროექტში მონაწილე სხვა პირების ბიოგრაფიები;
განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოთ ზოგადი ინფორმაცია 2021-2023 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პროექტის განხორციელების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს – სექტემბერი, ოქტომბერი;
კონკურსის ფარგლებში დაუშვებელია ერთი განმცხადებლის მიერ ორი ინიციატივის წარდგენა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე შაორის ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.
გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებული მითების და რეალობის შესახებ, ასევე საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მსოფლიო პრაქტიკაზე. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებსაც ცესკო ახალგაზრდებთან მიმართებაში ახორციელებს.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყველა საკითხს ამომწურავად უპასუხა.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკაში გამოცადეს როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. საარჩევნო აპარატურა ბანაკის მონაწილეებს პირადად ცესკოს თავმჯდომარემ და ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააცნო.
ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება. 2024 წელს ანაკლიის ბანაკი 13 ნაკადად განხორციელდება და 3120 ახალგაზრდას, შაორის ბანაკი კი რვა ნაკადად 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად როგორც შაორის, ისე ანაკლიის ბანაკების სხვადასხვა ნაკადის წარმომადგენლებთან მართავენ.
ბათუმში, სარფის გზაზე, ტრაილერის დაჯახების შედეგად 50 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა.
შემთხვევა 11 აგვისტოს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მერიის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ინფორმაციის მიღების შემდეგ ისინი დაუკავშირდნენ მუნიციპალურ ინსპექციას.
„მე როგორც გადმომცეს, ინფორმაცია მიწოდებული აქვს მუნიციპალურ ინსპექციას და რეაგირება იქნება.
ვინ ჩააბეტონა ხეები, ვერ გეტყვით, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. როგორც ვიცი, კერძო საკუთრებაშია ტერიტორიის გარკვეული ნაწილი და ორი ხე იყო მხოლოდ ქალაქის ნაწილში“ – ამბობს ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი, თამაზ სალუქვაძე.
„ბათუმელები“ ესაუბრა მუნიციპალურ ინსპექციასაც. მათი განცხადებით, ხეები კერძო პირმა დააბეტონა, რის გამოც უკვე გააფრთხილეს.
„აღნიშნულ პირს მიეცა შესაბამისი მითითება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხეების ბეტონის საფარისგან გამოთავისუფლება“ – გვითხრეს მუნიციპალურ სამსახურში.
თანამედროვე ადამიანისთვის ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა ცოდნის გაღრმავების, საქმიანობის გაფართოების თუ წარმატების მიღწევისთვის.
სწორედ ამიტომ, თიბისიმ ტექსკოლა დააარსა, რომელსაც მთელი საქართველოდან, ერთი წლის განმავლობაში, უკვე 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.
თიბისის ტექსკოლის განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის მე-9 -იდან მე-12 კლასის ჩათვლით და მისი მიზანია, ახალი თაობა უფასოდ გაეცნოს და დაეუფლოს ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს.
ტექსკოლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს სკოლის ასაკიდანვე აქვთ შესაძლებლობა, სწავლასთან ერთად, საკუთარი პროექტები შექმნან. პროექტთა ერთობლიობით, პორტფოლიოს ქმნიან და უკვე მზად არიან, პირველი ნაბიჯები გადადგან სამუშაო ბაზარზე.
სწავლა ონლაინ მიმდინარებს, რაც ნიშნავს იმას რომ პროგრამაში მონაწილეობა და ტექნოლოგიების გაცნობა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი.
ტექსკოლა სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებებს 7 სასწავლო, პრაქტიკულ კურსში აერთიანებს: ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და ფოტო-ვიდეოგრაფია.
თიბისის ტექსკოლის, ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებული ცაგერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბარბარე გუგავაა.
„ტექსკოლა გეხმარება შენი თავის პოვნაში, ერკვევი შენს ინტერესებში, იჩენ ახალ მეგობრებს, ეჩვევი შენს თავზე მუშაობას და ცდილობ განვითარდე. სწავლობ თავისუფალი დროის პროდუქტიულად გამოყენებას. ტექსკოლამ დამანახა, რომ ტექნოლოგიებთან ურთიერთობისას თავს კომფორტულად ვგრძნობ“ – ბარბარე გუგავა.
ტექსკოლის პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან პარტნიორობით, კურსები კი შემუშავებულია სანდრო ასათიანის ხელმძღვანელობით. ტექსკოლაში მიღება სექტემბრიდან კვლავ განახლდება, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge
სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია, ალპინიზმის სფეროში უმნიშვნელოვანესი ჯილდოს, „ოქროს წერაყინის“ მფლობელი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი მთამსვლელი შხელდაზე იმყოფებოდა, როცა ერთ მათგანს, სავარაუდოდ, მეხი დაეცა და დაიკარგა.
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია წერს, რომ 10 აგვისტოს მთამსვლელი მეხის დაცემის შედეგად ქედიდან გადავარდა.
„მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს“, – წერს შსს.
არჩილ ბადრიაშვილს უკვე ორი დღეა ეძებენ. მისი დაღუპვა ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ. „მთის ამბების“ ცნობით, ბადრიაშვილის ოჯახის წევრებს შეატყობინეს უკვე შხელდაზე მისი დაღუპვის შესახებ.
არჩილ ბადრიაშვილი გამოცდილი ალპინისტი იყო. 2022 წელს მას და კიდევ ორ ალპინისტს, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს ალპინიზმის სფეროში უმნიშვნელოვანესი ჯილდო, „ოქროს წერაყინი“ გადასცესპაკისტანის დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან მდებარე ურთულესი მარშრუტის, 7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის დაპყრობისთვის, სადაც იქამდე ფეხი არავის დაუდგამს.
მაშინ ჟიური წერდა, რომ ქართველი ალპინისტების დაჯილდოების მთავარი მიზეზი იყო აქამდე აუსვლელი მწვერვალის დაპყრობა, ალპინისტთა გუნდის მცირე ზომა (მხოლოდ 3 კაცი) და ალპინისტური გზის განსაკუთრებული სირთულე, რომლის დაძლევასაც დასჭირდა ხანგრძლივი ცოცვა და მნიშვნელოვანი ტექნიკური სირთულეების დაძლევა.
შხელდა, რომელზეც ამჟამად იმყოფებოდნენ ალპინისტები, სვანეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. მისი უმაღლესი მწვერვალი 4322 მეტრია ზღვის დონიდან.
„ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს,რომ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის სამძებრო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.
განახლებული ინფორმაცია: შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა სვანეთში, შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.
_________________
ფოტოზე: არჩილ ბადრიაშვილი. ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან.
საბერძნეთში, ატიკის რეგიონში, ათენის მახლობლად, ტყის ძლიერი ხანძარია, ათასობით ადამიანია ევაკუირებული ხანძრის საფრთხის გამო.
საქართველოს საელჩო საბერძნეთში ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს:
„ძვირფასო თანამემამულეებო! ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:
საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან. ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერბს ცხელი ხაზი (+306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.
საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებგვერდებზე.
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.
აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166. შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000″ – წერია განცხადებაში.
_______________
ფოტოზე: საბერძნეთი, ატიკა, 12 აგვისტო – ხანძარი პენტელის მთაზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/GEORGE VITSARAS
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინული ჯარების შეტევამ რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებს საშუალება მისცა, დროებით მაინც აეღოთ ინიციატივა ფრონტის ერთ სექტორზე.
ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის ნოემბრიდან რუსეთის მიერ ინიციატივის ფლობა რუსეთს საშუალებას აძლევდა დაედგინა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ადგილმდებარეობა, დრო, მასშტაბები, მოთხოვნები და იძულებული გაეხადა უკრაინა, დაეხარჯა მატერიალური და ადამიანური რესურსები თავდაცვით ოპერაციებზე.
„თუმცა, უკრაინულმა ოპერაციამ კურსკის რეგიონში აიძულა კრემლი და რუსეთის სამხედრო სარდლობა რეაგირება მოეხდინათ და ძალები და აქტივები გადაესროლათ იმ სექტორში, სადაც უკრაინულმა ჯარებმა შეტევა დაიწყეს“, – წერს ISW.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პუტინმა და რუსეთის სამხედრო სარდლობამ, სავარაუდოდ, არასწორად შეაფასეს, უკრაინის მიერ ინიციატივის ხელში აღების შესაძლებლობა ფრონტის ამ სექტორში. პუტინმა მიიჩნია, რომ უკრაინელების შეზღუდული თავდასხმები არ წარმოადგენდა საშუალო და გრძელვადიან საფრთხეს რუსეთის ტერიტორიაზე.
„თუმცა, უკრაინის ამჟამინდელი შეჭრა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინაში, ასევე პუტინის რეჟიმის სტაბილურობას და მოითხოვს რეაგირებას რუსეთის მხრიდან“, – ვკითხულობთ მიმოხილვაში.
ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯა საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ სიმაგრეების მშენებლობაში, მაგრამ არ გამოყო საკმარისი პერსონალი და აღჭურვილობა მათ დასაცავად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 592 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
ტანკი – 8 450 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 16 368 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 16 728 ერთეული [+65]
MLRS – 1 146 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 919 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 366 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 472 ერთეული [+73]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 426 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 22 590 ერთეული [+66]
სპეცტექნიკა – 2 801 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
637 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
29 771 უპილოტო საფრენი აპარატი
566 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 042 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 400 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
13 135 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 668 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
პროკურატურამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ვერსიით, 8 აგვისტოს, ქალაქ ლანჩხუთში ბრალდებულმა დაზარალებული გაკოჭა და სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე გამარჯვება შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიუძღვა. ამის შესახებ პეტრიაშვილმა გამარჯვების შემდეგ, 10 აგვისტოს თქვა ჟურნალისტებთან.
„მინდა ჩემი გამარჯვება ჩემს გმირებს, ჩემს შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა“ – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა. მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, გუნდს, მწვრთნელებს, ფედერაციას, ოჯახს და თქვა, რომ „იმედია, არ გაეღვიძება“.
დღეს, 11 აგვისტოს, 16 წელი შესრულდა შინდისის ბრძოლიდან. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე.
მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი 11 წლის იყო, როცა 2005 წელს, კონფლიქტის ზონიდან, სოფელ ნულიდან გაიტაცეს და 3 თვის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში ჰყავდა დატყვევებული.
გენო პეტრიაშვილმა გუშინ, 10 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე, დრამატულ ფინალში დაამარცხა ირანელი სპორტსმენი, ამირ ზარე ანგარიშით – 10:9 და ოქროს მედალი მოიპოვა.
ეს პეტრიაშვილის მესამე ოლიმპიური მედალია, 2016 წელს მან რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მიიღო, ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე ვერცხლი მოიპოვა, ხოლო 10 აგვისტოს, პარიზში – უკვე ოქროც.
______________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/CHRISTOPHE PETIT TESSON
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 აგვისტოს 21 საათიდან 12 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს.იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 28 – 31 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 13 აგვისტოს, ღამით, ზოგან მოსალოდნელია წვიმა, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 590 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
ტანკი – 8 447 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 16 363 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 16 663 ერთეული [+58]
MLRS – 1 143 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 918 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 366 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 399 ერთეული [+27]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 425 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 22 524 ერთეული [+71]
სპეცტექნიკა – 2 800 ერთეული [+11]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
637 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
29 731 უპილოტო საფრენი აპარატი
566 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 029 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 400 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
13 113 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 624 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც წინასწარ უკვე განლაგებულნი იყვნენ საქართველო-რუსეთის ჩრდილოეთ საზღვარზე, დაიწყეს მასიური, კოორდინირებული და საქმის მასშტაბებიდან გამომდინარე – წინასწარგათვლილი იერიში საქართველოზე.
რუსეთის ძალებმა გადაკვეთეს საზღვარი სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში და რამდენიმე საათის შემდეგ – აფხაზეთში.
კარგად გათვლილი, ფართომასშტაბიანი თავდასხმა ხორციელდებოდა ხმელეთზე, ზღვაზე და საჰაერო და კიბერ-სივრცეებში.
გენოციდის შეჩერება, რომელიც მოსკოვის მიერ იქნა საქართველოში შემოჭრის მიზეზად დასახელებული, მოგვიანებით სიცრუე აღმოჩნდა,“ – ეს არის ამონარიდი საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიშიდან.
2008 წლის 7 აგვისტომდე მომხდარი ფაქტების ანალიზი და მოგვიანებით, თავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებები, აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაცია დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა საქართველოში შემოსაჭრელად.
2008 წლის 7 აგვისტოს კი გეგმის სისრულეში მოყვანა დაიწყო.
2008 წელს რუსული არმია საქართველოში შემოიჭრა ორივე ოკუპირებული რეგიონიდან – ცხინვალიდან და აფხაზეთიდან. რუს სამხედროებს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდათ საქართველოს დიდი ქალაქები.
ამ სტატიაში ვიხსენებთ ფოთის ოკუპაციას.
„ბათუმელებმა“ ფოთის 33 დღიანი ოკუპაციის შესახებ სურათი ადგილობრივი მცხოვრებლების და იმ ოფიციალური ინფორმაციის საშუალებით აღადგინა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ვრცელდებოდა.
რუსული ტანკები და რუსი სამხედროები ფოთში 2008 წლის 11 აგვისტოს გამოჩნდნენ. თუმცა მანამდე რამდენჯერმე დაიბომბა ფოთის პორტი.
პირველი ბომბი ფოთის პორტში 8 აგვისტოს ჩამოვარდა. რუსმა სამხედროებმა პორტი Tochka-U/SS-21 ტიპის რაკეტებით დაბომბეს. აფეთქებამ 5 ადამიანი იმსხვერპლა, ათობით დაჭრილი კი საავადმყოფოში მოხვდა.
სწორედ 8 აგვისტოს გადმოლახეს სოფელ ხურჩასთან საოკუპაციო ხაზი ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსულმა ჯარებმა და დაიწყეს სვლა დასავლეთ საქართველოს ქალაქებისკენ.
პირველი დიდი ქალაქი ზუგდიდი იყო. ზუგდიდში მისულმა რუსმა სამხედროებმა ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს, ადგილობრივ პოლიციას იარაღის დაყრა და ჩაბარება მოსთხოვეს.
სოფელ ხურჩის მცხოვრები ჯამბულათ ეხვაია იხსენებს, რომ 8 აგვისტოს, როცა რუსული სამხედრო კოლონა სამეგრელოში შემოვიდა, თავიდან ითვლიდნენ ტექნიკას, შემდეგ კი თვლა შეწყვიტეს, რადგან აზრი აღარ ჰქონდა, ბევრი იყო.
„თუმცა მე ვფიქრობ ეს ტექნიკა შემოიყვანეს ფსიქოლოგიური ტერორის მოსაწყობად. ხურჩისწყალზე საოკუპაციო ხაზი რომ გადმოკვეთეს, მდინარე ენგურამდე სანამ მივიდოდა კოლონა, მინიმუმ სამი ბეტეერი მაინც გაუფუჭდათ. ჯართით იყვნენ ფაქტობრივად შემოსული. ჩვენი დაშინება უნდოდათ, რომ ზემოქმედება მოეხდინათ,“ – იხსენებს ჯამბულათ ეხვაია.
ზუგდიდის შემდეგ რუსულმა ჯარმა გზა სენაკისკენ გააგრძელა. ჯერ დაბომბეს, შემდეგ კი შევიდნენ და გაძარცვეს სენაკის სამხედრო ბაზა.
ფოთამდე მისაღწევად რუს სამხედროებს სამი დღე დასჭირდათ.
რუსი სამხედროები ფოთში ფოტო: ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან
ფაქტები:
11 აგვისტოს ფოთში პირველი რუსული ტანკი შევიდა. რუსმა სამხედროებმა ფოთში დაარბიეს სამხედრო ბაზა.
რუსი სამხედროები ფოთში 13 აგვისტოს ისევ დაბრუნდნენ. მათ ამ დღეს ფოთის სანაპიროზე ააფეთქეს სანაპირო დაცვის ხომალდები.
რუსებმა ააფეთქეს გერმანელების მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი სანაპირო დაცვის ხომალდი „აიეტი“, თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით აღჭურვილი საპატრულო კატარღა „ორბი“ P -205, რომელიც 2007 წელს აშშ-ის მთავრობის დახმარების პროგრამის ფარგლებში სრულად იყო მოდერნიზებული, საპატრულო კატარღა „გრიფი“ P- P-204, რომელიც უკრაინის მთავრობამ გადასცა ქართულ მხარეს და საპატრულო კატარღა P-01 – აშშ-ს მთავრობის მიერ გადმოცემული.
რუსების მიერ ჩაძირული სანაპირო დაცვის ხომალდი ფოთის პორტში, 2008 წლის აგვისტო ფოტო: ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან
2008 წლის 14 აგვისტოს გამოცემა civil.ge წერდა, რომ ფოთის სამხედრო და სანაპირო დაცვის ბაზებზე რუსი სამხედროები ისევ შევიდნენ. სამხედროებმა ბაზიდან სამხედრო აღჭურვილობა გაიტანეს და გაანადგურეს.
რუსმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს სანაპირო დაცვის სარადარო დანადგარები. 14 აგვისტოსვე, რუსმა სამხედროებმა მალთაყვაში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ორი ობიექტი ააფეთქეს.
რუსი სამხედროები მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს არ დასხმიან თავს. მაგალითად, 2008 წლის 21 აგვისტოს ააფეთქეს “საქართველოს ბანკის” ბანკომატი, თუმცა მოროდიორებს იქ თანხა არ დახვდათ. ამის შემდეგ დაცხრილეს ის ადგილი, სადაც ბანკომატი იყო განთავსებული.
რუსი სამხედროების მიერ აფეთქებული ბანკომატი ფოტო: ბათუმელების არქივიდან
14 აგვისტოს, მას შემდეგ რაც დადებული იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ქალაქ ფოთში დამატებითი რუსული ძალები შევიდნენ და საგუშაგო მოაწყვეს.
15 აგვისტოს ფოთში დაბანაკებულმა რუსმა ჯარისკაცებმა, კიდევ ერთხელ მიაკითხეს ფოთის პორტს. გაძარცვეს საქართველოს სასაზღვრო დაცვის შენობები და რუსულ ბომბებს გადარჩენილი რამდენიმე კატერი აფხაზეთის სანაპიროს მიმართულებით წაიყვანეს.
16 აგვისტოს 4 ჯავშანტრანსპორტიორი, ერთი ამწე და ათი შეიარაღებული სატვირთო ავტომობილი. აქედან რვა – ურალის ტიპის, ხოლო ორი – კამაზის, ისევ შევიდა ფოთის პორტში.
2008 წლის აგვისტოში რუსმა სამხედროებმა ფოთი რამდენჯერმე დაბომბეს. ფოტო ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან
როცა 14 აგვისტოს რუსი სამხედროები ქალაქში დაბრუნდნენ, ფოთის შესასვლელთან, მეშვიდე კილომეტრზე სამხედრო ბანაკი მოაწყვეს. დაიწყეს სანგრების გათხრა და გამაგრება. მოაწყვეს ბლოკპოსტი.
ფოთელები იხსენებენ, რომ ქალაქში პანიკა იყო. მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი დატოვა. ხოლო ვინც დარჩა, დაიწყო ფიქრი წინააღმდეგობის გაწევაზე.
პირველი დიდი აქცია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ფოთელებმა 2008 წლის 21 აგვისტოს მოაწყვეს.
ფოთელების აქცია ოკუპაციის და რუსი სამხედროების წინააღმდეგ. 2008 წლის 23 აგვისტო. ფოტო ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან
დარეჯან ცხვიტარია 2008 წლის აგვისტოში ფოთის საკრებულოში მუშაობდა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო. დარეჯანი 16 წლის შემდეგ „ბათუმელებთან“ იხსენებს იმ პერიოდს, როცა რუსმა სამხედროებმა ფოთის ოკუპაცია მოახდინეს.
„ძალიან მძიმედ მახსენდება ის პერიოდი, როდესაც ფოთში შემოვიდნენ ტანკები. მეშვიდე კილომეტრზე გამაგრდნენ. არ შემეძლო ოკუპაციასთან შეგუება. მახსოვს, ავიყვანე მანქანა, დავიკავე მიკროფონი ხელში და დავიწყე ქუჩების ჩამოვლა. ყველა ბინასთან მივდიოდი და ხალხს მოვუწოდებდი გარეთ გამოსულიყვნენ, რადგან რუსეთი დაგვესხა თავს და ჩვენი ქალაქის ოკუპაციას ახდენდა.
კუთხე – კუნჭული არ დამიტოვებია ფოთში, ყველგან ვიყავი. დაახლოებით ათი ათასი კაცი გამოვიდა ოკუპაციის გასაპროტესტებლად, წავედით დროშებით მეშვიდე კილომეტრისაკენ, ფოთის შემოსასვლელში ამ ადგილას იყვნენ რუსი სამხედროები ტანკებით.
დარეჯან ცხვიტარია ფოთში, ოკუპაციის და რუსეთის არმიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, 2008 წლის 21 აგვისტო. ფოტო ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან
მივედით ტანკებთან, გაგიჟებული ვიყავი, მგონი ტანკზეც ავედი. ვუყვიროდი რუსებს, აქ რატომ შემოხვედით, რა გინდათ ჩემს ქალაქში-მეთქი.
„სტუმრად მოვედი თქვენთან და თქვენო ასე უხეშად რატომ გვხვდებითო“.
მეთქი – სტუმრები ტანკით და ავტომატით არ დადიან.
იმ დღეს დავიშალეთ, მაგრამ პროტესტი არ შეგვიწყვეტია. 2008 წლის პირველ სექტემბერს, როცა ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო მთელ ქვეყანაში, ფოთი ისევ რუსების მიერ იყო ოკუპირებული. მათ თვალწინ ჩავებით ამ ჯაჭვში,“ – იხსენებს დარეჯან ცხვიტარია.
მისი თქმით, რუსეთი მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ გეომება – „თუ არ შეაწუხებ და მისი მონა გახდები”.
„რაც რუსეთს აწყობს იმას აკეთებს ახლა ხელისუფლება. უომრად, ბომბის გარეშე, ქვეყანა, ტერიტორიები მიითვისა, ლამისაა გორამდე ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, მიუღებელია ეს [ხელისუფლების პოზიცია] ჩემთვის და რა თქმა უნდა, ვერასდროს ვერ შევეგუებით ამ პოზიციას. მძიმე პოზიციაა. მშვიდობა მონობას თუ უკავშირდება, ასეთი მშვიდობა საერთოდ არ მჭირდება.
ასე რომ ეფიქრათ ჩვენს წინაპრებს, მშვიდობის ფასად რომ თავისუფლება დაეკარგათ და ღირსება წაერთმიათ, მაშინ აქამდე ვერც მოვიდოდა ეს ქვეყანა და იქნებოდა რუსეთის გუბერნია, რასაც ეს ხელისუფლება დღეს აპირებს. ვერ გახდება საქართველო რუსეთის გუბერნია ვერასდროს, არასდროს, იმიტომ, რომ ვისაც ქვეყანა უყვარს და ღირსება გააჩნია, ძალიან მყარად დგანან ფეხზე ასეთი ადამიანები და სხვათა შორის, ცოტანი არ არიან. მშვიდობა მონობის ფასად არ გამოვა,“ – ამბობს დარეჯან ცხვიტარია.
ოკუპაციის გასაპროტესტებლად მოწყობილი ცოცხალი ჯაჭვი ფოთში, 2008 წლის პირველი სექტემბერი. ფოტო ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდანოკუპაციის გასაპროტესტებლად მოწყობილი ცოცხალი ჯაჭვი ფოთში, 2008 წლის პირველი სექტემბერი. ფოტო ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან.
ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა იმ რამდენიმე ჟურნალისტს შორის იყო, ვინც ოკუპირებულ ფოთში დარჩა და იქიდან ავრცელებდა ინფორმაციას ქალაქში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ლაშა ზარგინავას უნიკალურმა ფოტოარქივმა შემოინახა ის ქმედებები, რაც რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ქალაქში განახორციელეს.
„მეგონა, რომ ომს აქვს თავისი კანონები, თუმცა უკვე მივხვდი, რომ ომში კანონებს არავინ დაგიდევს. ფოთის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, აქ მომუშავე თითზე ჩამოსათვლელ ჟურნალისტებს, არაფრის გარანტია არ გვქონდა, ისევე, როგორც ინფორმაციის გადამოწმების საშუალება.
რა ვითარებაში გვიხდებოდა მუშაობა? ეს არ იყო ვითარება, აქ არ არსებობდა იმის საშუალება, რომ მანქანით გადაადგილებულიყავი, არ იყო ტელეფონით სარგებლობის საშუალება, არაფერი არ იყო… სრული იზოლაცია გარესამყაროსთან – აი, რა იყო.
სანამ რუსების ტანკებს, მათ გადადგილებას ვაკონტროლებდი და ისინიც მხოლოდ სიტყვიერი აგრესიით შემოიფარგლებოდნენ, მეგონა, რომ ამის იქეთ აღარ წავიდოდნენ. მაგრამ, როცა დამაყაჩაღეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ფოტოკამერა წამართვეს და ავტომატიდან ცეცხლი გამიხსნეს, მაშინ მივხვდი, რომ უფრო მეტი სიფრთხილე იყო საჭირო. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ არავინ იყო იმის მთქმელი, როგორ უნდა გვემოქმედა.
მე, ძირითადად ჩემს კოლეგასთან, ეკა ჩხენკელთან ერთად გადავადგილდებოდი და ფაქტობრივად რუსული შეიარაღების სამიზნეები ვიყავით. ჩვენს თავზე დაფრინავდნენ რუსული ვერტმფრენები, გადაადგილდებოდნენ ტექნიკით და „მარადიორობდნენ“, ფოთიდან მილიონების ქონება ჩვენს თვალწინ გაიტანეს და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. ბრაზი მახრჩობდა. დამერწმუნეთ, ეს ძალიან მძიმე სანახავი იყო. რასაც ვაკეთებდით, ვაკეთებდით ინსტინქტით,“ – იხსენებს ლაშა ზარგინავა.
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსული ფოთელები, პირველი დიდი საპროტესტო აქცია ფოთში. 2008 წლის 21 აგვისტო. ფოტო ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან
რუსულმა ჯარმა ფოთი 2008 წლის 14 სექტემბერს დატოვა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს 412 მოქალაქე, აქედან 170 სამხედრო პირი, 228 სამოქალაქო პირი, 14 პოლიციელი.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაშავდა 1 747 ადამიანი. აქედან 973 სამხედრო, 547 სამოქალაქო და 227 პოლიციელი.
განადგურდა და ნასახლარად იქცა ათობით ქართული სოფელი. დღემდე ოკუპირებულია ქალაქი ახალგორი, რომელიც აგვისტოს ომამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა.
მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა, მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება. რუსეთი მუდმივად წევს საოკუპაციო ხაზს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ, იტაცებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს.
„ცხელ-ცხელი კომენტარები მოდიოდა, ეს ტროლები თუ ვიღაცები არიან დაქირავებული… მე, მარადიდელი კაცი, ჩემს გულისტკივილზე ვსაუბრობდი,“ – წინა ინტერვიუს იხსენებს „ბათუმელებთან“ მარადიდში მცხოვრები ხუსეინ დიდმანიძე და იმ თავდასხმებს, რაც სოციალურ ქსელებში წაიკითხა თავის ვიდეო კომენტარზე.
„ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის სოფელ მარადიდის პრობლემებზე რეპორტაჟი 2024 წლის 20 ივლისს გამოაქვეყნა. ამჯერად დავინტერესდით: რა შეიცვალა სოფელში პრობლემების მედიაში გაშუქების შემდეგ? რა იცვლება ხელისუფლების საჯარო კრიტიკით?
ხუსეინ დიდმანიძეს არ გასჭირვებია კომენტარებში ტროლების ამოცნობა. არც ის, რომ ხელისუფლება, პრობლემების მოგვარების ნაცვლად, კრიტიკული აზრის ჩახშობას, მათ შორის, მოქალაქეებზე ტროლ-ბოტების შესევით ცდილობს.
„თავს მიხედონ… მასე გაყვებათ მთელი ცხოვრება – დაპროგრამებული იქნებიან,“ – ტროლებთან გვაბარებს ამჯერად გზავნილს ხუსეინ დიდმანიძე. მერე მდინარის პირას ჯდება და იმას გვიყვება, რომ სოფელი ისევ წყალს მიაქვს, ტრანსფორმატორის პუნქტი მდინარეშია და მას შემდეგ, რაც დენმა მის შვილს დაარტყა, ტრანსფორმატორი ორწლიანი ლოდინის შემდეგ, უსაფრთხო ადგილზე, როგორც იქნა, გადაიტანეს.
ხუსეინ დიდმანიძე
„გადაიტანეს, რადგან ძალიან ახმაურდა ეს საქმე,“ – კაცი, რომელსაც მდინარეში თევზაობის დროს დენმა დაარტყა და ამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, ხუსეინ დიდმანიძის შვილია. – „თურმე შეიძლებოდა მისი გადატანა აქამდეც. ორი დღე შუქიც არ გათიშა „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, რომ კომპანიას ტრანსფორმატორი გადაეტანა, 4-5 საათი დასჭირდათ, დღის ბოლომდე მორჩნენ.
ეს რას აჩვენებს და უყურადღებობას.
ახალი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს კომპანიასთან საფლავების გადატანაზე – საფლავები იტბორება. 2500 ლარს გვთავაზობენ, მაგრამ ჯერ მიცვალებული გადაასვენეთო… ეს მოქმედებს მორალურად, ფსიქიკურად, 40 წელია დასვენებული და ახლა გადაასვენე,“ – წყენა ეტყობა ხუსეინ დიდმანიძეს. მარადიდში დატბორილ საფლავებს შორის მისი შვილის საფლავიცაა.
კომპანიამ „აჭარა ენერჯი 2007“, რომელმაც ხელვაჩაურში ჰესი მოაწყო, მდინარე დააგუბა და სოფელ მარადიდს პრობლემები შეუქმნა, მოსახლეობის თქმით, დაპირებები არ შეუსრულებია: გზები და გარეგანათება, ღობეები, რაც ჰესის მოწყობის დროს აიღეს, სტადიონი, სკვერი და საბავშვო ბაღი…
მარადიდელები დასძენენ იმასაც, რომ ეს ხელისუფლების ბრალიცაა, რადგან „შუამავალი“ თვითონ იყო – არც ხელისუფლებას შეუსრულებია რომელიმე დაპირება.
„ხელვაჩაურის მერი ამბობს, შუამავლის ფუნქციას ვასრულებო, წინამორბედი მერი – ჯუმბერ ვარდმანიძეც იგივეს ამბობდა – შუამავლის როლს ასრულებდა ისიც,“ – სიტუაციას აბსურდულობის გამოხატვას ცდილობს ხუსეინ დიდმანიძე.
რა გამოდის? – ვეკითხებით მარადიდელ კაცს.
„ხალხის მოტყუება გამოდის,“ – მდინარისკენ იყურება ისევ ხუსეინ დიდმანიძე.
ხელვაჩაური, სოფელი მარადიდი
„ივანიშვილი გაათავისუფლონ იქედან და ყველაფერი აეწყობა ყველანაირად,“ – მეზობელთან გადასული ფადიმე დიდმანიძე გვიყვება, ხელისუფლების ბრალია, დაპირებები რომ არ სრულდება, ომიანობის დროს არ ვიყავით ასეთი გაჭირვებულიო.
„ივანიშვილი მარტო ტყეში კაი სახლი დადგას და იქ ფრინველები გააშენოს, ის უნდა, მარტო მისკენ იფხანს,“ – ბრაზდება ნათელა დიდმანიძე.
ფადიმე და ნათელა დიდმანიძეები
„წაგვართვეს მინდვრები, ცხოვრება წაგვართვეს,“ – დარდობს ფადიმე დიდმანიძე.
„სიმინდი არა, ლობიო – არა, რამე – არა… ახლა, ამ ბავშვებს ცეცხლი ეკიდებათ თამაშობისთვის, ის მოედანი მოედანია?“ – გვეკითხება ნათელა დიდმანიძე და ეზოში მოთამაშე ბავშვებისკენ გვახედებს, იცის, სოფლის ცენტრი რომ ამოვიარეთ მის სახლამდე და დაშლილ სტადიონსაც ვნახავდით.
„ძაღლი პატრონს რომ ვერ იცნობს, იმ დროში ვცხოვრობთ ახლა, მათ რა ცხოვრება აქვთ, რამდენი ფარა აქვთ გაფლანგული, ჩვენ რამე გვაქვს გაფლანგული? ჩვენი მთავრობის ხელში რამე არ იქნება,“ – უიმედობის ნიშნად ხელს იქნევს ნათელა დიდმანიძე.
როგორ დავაღწიოთ თავი რუსეთს? – ვეკითხებით სახლის პირველი სართულის აივანზე ჩამომსხდარ მეზობლებს.
„რუსი არ გვინდა, რუსი არ გვინდაო და კიდევ რატომ წავიდნენ რუსეთის მხარეს?“ – გაბრაზებულია ნათელა დიდმანიძე.
„ევროპა კარგია, ყოველთვის შენი კუთხე კარგია, მარა კაი შეხედვა უნდა ყველაფერს, სათაოში კაი ადამიანი უნდა იყოს,“ – მეზობელს სიტყვას აწყვეტინებს ფადიმე.
„რუსეთი საიდანაა კაი, როცა უკრაინას რა უქნა? 200 ბავშვი ერთ დღეში მოსპეს. რათ მინდა რუსეთი, რომ ყიამეთებს უყურო?“ – მოგვიბრუნდა ისევ ნათელა დიდმანიძე.
„ჩაცხეთ, გო? დაგიჭირვენ,“ – ეზოში კიდევ ერთი მეზობელი ჩნდება. მან მეზობლებს ხუმრობით გაჩუმებისკენ მოუწოდა, ყველაფერი საშიშია ამ დროშიო.
„იმას რომ ვუყურებდი, ჩემთვის მარტო ვტიროდი, ვისი ბრალია უკრაინის ბრძოლა? – პუტინის“, – სათქმელი ბევრი აქვს ნათელა დიდმანიძეს.
„ერთი და იგივე სიტუაცია გამოდის, წყლის ნაყვა,“ – თხილის ბაღის ბოლოში, დედამთილის საფლავთან შეგხვდა ირინე დიდმანიძე. ეს საფლავიც დაახლოებით 4 თვე დატბორილა.
ირინე დიდმანიძე
მისი დედამთილი თხილის ბაღის ბოლოში ჯერ კიდევ მაშინ დაკრძალეს, როცა მდინარე ჭოროხზე ჰესის აშენების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ირინეს ოჯახი კომპანიას გაურიგდა, თუმცა არ ელოდნენ მდინარის ისე დაგუბებას, საფლავებს საფრთხე რომ შექმნოდა.
„ჩემი მეუღლეც ამ საკითხზე ნერვიულობას გადაყვა… არ მოდის არავინ, ჟურნალისტების გარდა,“ – გვიყვება ირინე დიდმანიძე. „- ხელშეკრულება გვაქვს, რომლის მიხედვითაც ის სახლი უნდა დამეცალა, სადაც ახლა ვცხოვრობ, მაგრამ კომპანიას ჰქონდა ვალდებულება სხვა მიწის ნაკვეთზე, ამავე სოფელში, ჩვენთვის სახლი აეშენებინა. ეს პირობა არ შესრულდა, საფლავებიც ამ დღეშია… თვითონ არ ასრულებენ პირობას და მე რატომ შევასრულო?“ – კითხულობს იგი.
თხილის სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა მარადიდელების თქმით, მოსავალი წელსაც გააფუჭა ფაროსანამ, შეწამვლას კი საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ. დაახლოებით 3 ლარი ღირს წელს თხილიო, გვითხრეს მარადიდელებმა.
რომელიმე დაპირება თუ გახსენდებათ წინა არჩევნებიდან, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა? – ვეკითხებით ირინე დიდმანიძეს.
„დაპირებები დაპირებებად დარჩა, არაფერი არ გაკეთებულა, არც პარკი, არც გზა და გარეგანათება,“ – გვითხრა ირინე დიდმანიძემ.
„ოცნება“ რითია დაინტერესებული და მარტო ჯიბეებით“ – ორივე ხელი შარვლის ჯიბეებისკენ მიაქვს ისრაფილ მეგრელიძეს. მასაც სოფლის გზაზე შევხვდით. პენსიონერმა კაცმა თავისი გულისტკივილი გაგვიზიარა, დაახლოებით ერთი წლის წინ მივმართე ხელვაჩაურის მერიას სახურავის გამოცვლის მოთხოვნით და ამ დრომდე პასუხი არ მიმიღიაო.
ისრაფილ მეგრელიძე
„რაიონში ვიყავი, დავწერე განცხადება და ველოდები პასუხს, მოვალთ, მოვალთო… რაიონის გამგეობაში რომ მივედი, იქ დაცვა მუშაობს, მითხრა, მაინც ვერ ნახავ სამართალსო, მართალი ხარ-მეთქი, ვუთხარი. ავტომატი მოვიტანო, თუ რა ვქნა?“ – მეზობლებს მიმართავს ისრაფილ მეგრელიძე და გაღიმებას ცდილობს, მერე კი, ამბობს, პენსიონერი ვარ მე და ჩემი ცოლიც, პენსია 415 ლარი გვაქვს და არ გვყოფნის, ყავა ხომ უნდა ვიყიდო აუცილებლადო.
ისრაფილ მეგრელიძეს ქვეყნისთვის ევროპული მომავალი უნდა, თუმცა ხედავს, რომ უკან ვიხევთ.
„ევროპა მინდა, შესვლა კაია, შევალთ ევროპაში, მარა ამ შესვლას მისი წესი აქვს, მაშინ იმ დონეზე უნდა გქონდეს, ბიძგი უნდა ცოტა, რომ გაუთანაბრდე, უკან-უკან რომ ვიხევთ, რა გამოვიდა?
მე რომ ვიყო მეზობელი, მაგალითად, არ მიგიღებ ასე.
ევროპაში წასვლა-მოსვლა მეტი, ანაზღაურება მეტია, ჩვენები მიდიან თურქეთში თხილის საკრეფად და ისინი გერმანიაში გადიან, იქ ანაზღაურება კარგია, კულტურის დონეც მეტია, ქურდობა არაა, მოწესრიგებულია ყველაფერი, ჩვენთან არაა წესრიგი და არც იქნება,“ – გვემშვიდობება ისრაფილ მეგრელიძე.
„ვინ არის კმაყოფილი, არ ვიცი, ქოცაქტივი თუ შეგხვდებათ და გეტყვით, რომ კმაყოფილია… 10 ადამიანი მეეზოვედ დაასაქმეს, 2-3 საფლავების მომვლელად, აქტივს სოციალურები გაუკეთეს… თბილისის მერი რომ იყო, უგულავა, რისთვის გაასამართლეს? მაშინაც წინასაარჩევნოდ დაბერეს შტატები,“ – გვიყვება მარადიდში მცხოვრები თამაზ დიდმანიძე.
ჰესის მფლობელ კომპანიასთან, „აჭარა ენერჯი 2007“- თან სასამართლო დავა აქვს თამაზ დიდმანიძესაც – საფლავების გარდა, დატბორილია მისი თხილის ბაღიც.
თამაზ დიდმანიძე
მარადიდელები გვიყვებიან, რომ წყლის დონემ ბოლო თვეებში კიდევ უფრო მოიმატა. თამაზ დიდმანიძე ამბობს, რომ სახლსაც მიადგა ჭოროხი და ამ გზით კომპანია საკუთრების დათმობას აიძულებს.
უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება თამაზ დიდმანიძის ოჯახს კომპანიასთან „აჭარა ენერჯი 2007“ 2018 წელს გაუფორმებია. ამ ხელშეკრულების მიხედვით, თამაზ დიდმანიძეს სახლ-კარი და მიწის ნაკვეთი უნდა დაეთმო სულ 4873 კვადრატული მეტრი, რაშიც 376 800 ლარს გადაუხდიდნენ.
თუმცა საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებამდე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსი უნდა შეეცვალათ და იგი არასასოფლო-სამეურნეო უნდა გამხდარიყო. თამაზ დიდმანიძე ამბობს, რომ მას წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ჩაურიცხეს, მაგრამ საბოლოო შეთანხმება არ არსებობს, მას, მისი მეზობლებისგან განსხვავებით, უსამართლო თანხა გადაუხადეს და ხელშეკრულების გაბათილება მოითხოვა.
„საფლავებს არ ითვალისწინებდა ეს ხელშეკრულება, საფლავებზე მოლაპარაკება საბოლოო შეთანხმების შემდეგ უნდა ყოფილიყო,“ – განმარტავს თამაზ დიდმანიძე და საჯარო რეესტრის ამონაწერსაც გვაჩვენებს იმის საილუსტრაციოდ, რომ მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ მისი საკუთრებაა.
კომპანიას მოქალაქის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიუმართავს – მიწა დაყადაღებულია, თუმცა თამაზ დიდმანიძე სახლ-კარის დატოვებას არ აპირებს. იგი მიიჩნევს, რომ უსამართლო პირობებით გაფორმებული წინარე ხელშეკრულება უნდა გაბათილდეს. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.
რატომ აწყობს „ოცნების“ ხელისუფლებას დაახლოება რუსეთთან? – ქვეყნის ამბებზეც ვესაუბრეთ თხილის დატბორილ ბაღში თამაზ დიდმანიძეს.
„იმიტომ აწყობთ, რომ 40 პარლამენტარი მილიონერი გახდა, მართლა „კალოშებით“ მისული ხალხი, აწყობთ იმიტომ, რომ მათ გემოზე მართავენ…
აღმოჩენილი არ ვართ უკვე რუსულ ორბიტაზე? რუსეთის ჭკუით ხდება ყველაფერი, რუსეთში ხდება მარტო ამნაირი რამე, ამნაირი რამ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება.
სიკეთეს რომ ბოროტებისგან ვერ გაარჩევ, იქ უკვე საუბარი ზედმეტია. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამდენი გრანტი და დახმარება მივიღეთ ევროპიდან, აშშ-დან, გზებიც ამით გაკეთდა და ამბულატორიებიც. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ერთი 1000 დოლარით არ დახმარებია რუსეთი საქართველოს. ხელისუფლება ხელს კრავს, ვინც გვეხმარება – მოყვარეს და მტერს, ოკუპანტს ეუბნება, მობრძანდიო და თავზე ისვამს.
ისეთი კანონი მიიღეს, რომ მაგ კანონის ყველა გლეხს უნდა ეშინოდეს. მე რომ ახლა გელაპარაკებით, შეიძლება ერთი წლის შემდეგ ასე ვეღარ დაგელაპარაკოთ, დაპატიმრებული ვიყო, ან გაქცეული. გლეხი ვარ, მაგრამ ვხდები, საითაც მიდის ეს კანონი…
ამათ არაფერი არ უნდათ, რა მშვიდობა? აბოლებენ გლახაჭუნებს, თორემ მშვიდობა მათი შექმნილია ქვეყანაში?“ – კითხულობს თამაზ დიდმანიძე.
შევხვდით ისეთ მარადიდელსაც, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას მხარს უჭერს, თუმცა მასაც ევროპა სურს.
როგორ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, როცა „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ევროპისკენ მიმავალ გზას კეტავს? – ვკითხეთ, მაგალითად, დავით დიასამიძეს. მისი აზრით, არასწორია გამოთქმა, „საქართველო რუსეთს უახლოვდება“, ან ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო.
დავით დიასამიძე
„ევროპას უნდა დავუახლოვდეთ, მეტი გზა არაა, მაშინ გარიყული ვიქნებით, როგორმე უნდა მოლაპარაკდნენ, ევროპის კულტურა და განვითარება სხვაა, ეკონომიკურადაც უკეთესია, ყველა მიილტვის ევროპისკენ, ეს ხომ ტყუილი არ არის?“ – გვითხრა დავით დიასამიძემ.
რაც შეეხება სოფლის პრობლემებს, დავით დიასამიძე მიიჩნევს, რომ მარადიდს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი უნდა ჰქონდეს.
„რადგან მცირემიწიანიაა, სასაზღვრო სოფელია, კომუნისტების დროიდან იყო ეს შეღავათი, ახლა აღარაა,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ დავით დიასამიძემ.
სოფლის გზაზე ნიკა მეგრელიძეს ვხდებით. ის თავის დაკვირვებას გვიზიარებს, ხელისუფლება ცდილობს, ყველაფერს შეაგუოს ხალხიო. როგორი იყო მისი რეაქცია, მაგალითად, როცა ნახა, რომ პრემიერი კობახიძე ირანში ჩავიდა და ტერორისტების გვერდით დადგა?
„ჩვენი ხალხი ისეა მიდრეკილი, რომ მიეჩვიოს ყველაფერს – შეგუების პროცესშია, მეც მასე ვიყავი სამწუხაროდ. ახლა ალბათ არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ხალხმა თავისი ძალა უნდა აჩვენოს არჩევნებზე.
უნდა ვიმოქმედოთ თავის დროზე, თორემ ყველაფერი თუ გადაიწურა ამ ქვეყანაში, მერე არაფერი გვეშველება.
ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ის, რომ დაპირებებს არ ასრულებენ. ეს არის ხალხის უგულებელყოფა და მანიპულაცია. ცვლილებებისთვის ახალი ძალაა საჭირო,“ – მიიჩნევს ნიკა მეგრელიძე.
ნიკა მეგრელიძე
დამეწყრილ გზასთან შემხვედრმა კაცმა კი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა მიგვანიშნა, სათქმელი ბევრი მაქვსო.
„არჩევნების მერე გეტყვით ყველაფერს, შეიძლება უკეთესობა იქნას,“ – მის სახლთან მეწყრის შედეგად ჩამოშლილ გზას გადახედა და ვერ გვითხრა, გზას როდის გაამაგრებენ, ან მეწყრის საწინააღმდეგოდ რამე თუ გაკეთდა მის სახლთან.
„ყველაფერი არ ითქმება, ტყული დაპირებებია, ტყუილი… ჩვენი ლაპარაკით რამე შეიცვლება? არ შეიცვლება,“ – ხელი ჩაიქნია მან და შემდეგ ისევ შეჩერდა, როცა ვუთხარით, რომ კრიტიკას და ხმის ამოღებას, ხალხს დიდი ძალა აქვს.
„ვის ეგონა, რომ კომუნისტები გადავარდებოდა?“ – მგზავრი დამშვიდობებას არჩევს.
დამეწყრილი გზა სოფელ მარადიდში – მოსახლეობის თქმით, მეწყერი აქ რამდენიმე თვის წინ ჩამოწვა, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოჩენილა
„ჩვენ დაპირებებს აღარ ვიღებთ, ჩვენი ფსიქოლოგია გამომუშავდა, მხოლოდ შედეგი გვინდა,“ – კატეგორიულია ნიკა დიდმანიძე. ის მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მერი „შუამავლად“ არ უნდა მიიჩნევდეს თავს, როცა მარადიდში ცხოვრება უარესდება და ხალხი სოფელს ტოვებს.
ნიკა დიდმანიძე
„ჩვენ, მოქალაქეები არ ვართ ის პირები, რომლებიც საბუთებში ვეძებთ სიმართლეს. ამისთვის გვყავს დანიშნული პირები გამგეობაში, სხვა დაწესებულებებში, რომ მათ დაპირებებზე პასუხი აგონ.
შუამავალი შეიძლება იყოს ვინმე სხვა, მაგრამ შენ მე აგირჩიე იმიტომ, რომ ჩვენზე იზრუნებ,“ – განმარტავს ნიკა დიდმანიძე.
„ორი წელი წყალში იყო ეს ტრანსფორმატორი, სანამ ჩემი უბედური შემთხვევა არ მოხდა – დენმა დამარტყა და ძლივს გადავრჩი,“ – იმ დღეს იხსენებს როინ დიდმანიძე, მდინარეზე სათევზაოდ რომ წავიდა, ბამბუკი გაშალა და დენმა დაარტყა.
მას შემდეგ, რაც ამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, ტრანსფორმატორს ადგილი შეუცვალეს, თუმცა როინ დიდმანიძე იმავე ადგილზე მაღალ ელექტროგადამცემ ბოძზე მიგვანიშნებს, რომელიც ჯერ კიდევ მდინარეშია.
„რომ მოხდა ეს ამბავი, მეორე დღეს აქ იმდენი მანქანა იდგა, მიხვდნენ, უკვე სხვანაირად წავიდა საქმე, ორი წელია ეს ტრანსფორმატორი წყალშია, თურმე შეიძლებოდა…
ახლა სკვერის მოწყობის სამუშაო განაახლეს მაქვე, ბეტონია ჯერ დასხმული მხოლოდ. საუკუნის დაუსრულებელი სკვერი გახადეს ესეც… ყველაფრის მოგვარება შეუძლია თორნიკე რიჟვაძეს, ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი. არ აქვს აზრი სასამართლოსთვის მიმართვას, რეაგირებას არ მოახდენე, მათ არიან ჩამჯდარი,“ – გვიყვება როინ დიდმანიძე.
როინ დიდმანიძე
როინ დიდმანიძის აზრით,, „ოცნების“ ხელისუფლებას რუსეთთან დაახლოება აწყობს, რომ შემდეგ „თავის ჭკუაზე ატარონ ყველა“, მაგრამ ძალა ხალხშია:
„მთელი საქართველო უკვე რუსეთის ხელშია, ვინაა შემოსული, რას წარმოადგენს, რის ჩამდენია, ვინმე ამის კონტროლს აკეთებს?
რუსეთი რომ ოკუპანტია, იცის მთელმა მსოფლიომ, მარტო საქართველოს გამო კი არაა, როგორც წითელი ზონა, ისეა მონიშნული.
„ოცნებას“ ეს აწყობს, რომ მის ჭკუაზე ატაროს ყველა, რუს შემოიყვანს და ყველაფერში გამოიყენებს, რუსეთიდანაა ივანიშვილიც ჩამოსული და რუსეთმა დასვა, ქართველი არავის აინტერესებს, გინდა? წადი გერმანიაში, თანამდებობები პოლიციელებმაც დატოვეს და წავიდნენ…
ბოლო არჩევნებია მოსული, თუ არაფერი არ ეშველა, ერთი გზა მაქვს – პირდაპირ თურქეთში უნდა გადავიდე, აზრი არ აქვს, აქ ყოფნას.
მაფიოზები რა, აბაშიძე და შევარდნაძე არ იყვნენ? რუსული ლენტი გაავლეს და მაფიზობას თამაშობდნენ, მაგენი გაუშვეს და ესენი ვინ არიან? ხალხმა თუ მოინდომა, პოლიცია კი არა, ვინმე რამეს ვერ უშველის,“ – გვითხრა როინ დიდმანიძემ.
კიევი აცხადებს, რომ დაარტყეს შავ ზღვაში გაზის პლატფორმას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია თავდასხმა შავ ზღვაში გაზის პლატფორმაზე, სადაც რუსული ჯარების სამხედრო ტექნიკა და შემადგენლობა იყო განთავსებული.
საზღვაო ძალების პრესმდივანმა უკრაინულ გამოცემასთან, „უკრაინსკა პრავდასთან“ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები გაზის პლატფორმას იყენებდნენ GPS-ის მონაცემების გასაყალბებლად, რათა ხელი შეეშალათ სამოქალაქო გადაზიდვებისთვის და ეს იყო უკრაინის საზღვაო ძალებისა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ერთობლივი ოპერაცია.
შს სამინისტროს ცნობით, გურიაში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს 1986 წელს დაბადებული დ.ტ..
შსს იუწყება, რომ გამოძიების ვერსიის თანახმად, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1958 წელს დაბადებულ თ.ს.- ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
მიყენებული დაზიანების შედეგად თ.ს. ადგილზე გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟეებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ოქროს ნაკეთობების საერთო წონა – 357,87 გრამი, ხოლო ვერცხლის ნაკეთობების – 60,23 გრამი იყო.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73 798,07 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ცნობით, 9 აგვისტოს, ღამით, ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ ჩერნომორსკოეს მახლობლად, უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმმა გაანადგურა რუსული სადესანტო კატერი.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, კატერის განადგურება შესაძლებელი გახდა უკრაინული საზღვაო დრონით, MAGURA V5-ით.
სპეცოპერაციის შედეგად ასევე დაზიანდა რუსეთის კიდევ სამი მცურავი საშუალება.
სწრაფმავალ სადესანტო კატერებს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთი იყენებს აკვატორიის კონტროლისთვის და ლოგისტიკური მიზნებით.
საზღვაო დრონ MaguraV5 -ით გასულ თვეებში უკრაინელებმა გაანადგურეს რუსული მცურავი საშუალებები: „კაიზერ კუნიკოვი“, „ივანოვეცი“, „სერგეი კოტოვი“, „აკულა“ და ა.შ.
წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ბათუმის საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ცვლილებები შეიტანა ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში.
საარჩევნო კოდექსი ბიუჯეტში ცვლილებას არჩევნების დღემდე 2 თვით ადრე კრძალავს, იმ მოტივით, რომ მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენოს ამომრჩევლის გულის მოსაგებად.
ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები საკრებულომ 9 აგვისტოს სხდომაზე დაამტკიცა.
სხდომაზე განსახილველ საკითხებში, რომელიც საკრებულომ ადრე დააანონსა, ბიუჯეტის ცვლილებების საკითხი არ იყო შეტანილი. როგორც წესი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს საკრებულო დღის წესრიგში სხდომის დაწყებამდე ერთი დღით ან რამდენიმე საათით ადრე ამატებს და ასაჯაროებს, რაც ამ საკითხის საფუძვლიანი განხილვის საშუალებას არ იძლევა.
მერიის პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში. „შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 3 მილიონი ლარით, კერძოდ:
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების მაჩვენებელი იზრდება 15 ათასი ლარით;
სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 2 985 000 ლარით, კერძოდ, იზრდება ტრანსფერები.
შესაბამისად, ცვლილების შემდეგ ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის გადასახდელებიც იზრდება 3 მილიონი ლარით“ – აცხადებს მერია.
ცვლილების შედეგად, ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 398 500 800 ლარიდან გაიზარდა 401 500 800 ლარამდე. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი [გადასახადელები] კი – 457 მილიონის ნაცვლად გაიზარდა 460 მილიონამდე ლარით.
ბიუჯეტში სხვადასხვა მიზეზით შეიცვალა არაერთი ღონისძიების დაფინანსება – ზოგის შემცირდა, ზოგის – გაიზარდა.
ბიუჯეტის ცვლილების განმარტებითი ბარათის მიხედვით, ღონისძიებების დაფინანსება შემცირდა ძირითადად „შესყიდვის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე“; ამასთან, ზოგიერთ „ღონისძიებებს შორის განხორციელდა თანხების გადანაწილება გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად“.
ბიუჯეტს დაემატა ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების და ტექნიკის შეძენის თანხა. მერიის ინფორმაციით დაფინანსდა ასევე არაერთ მისამართზე „სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის საჭირო გადაუდებელი სამუშაოები“.
განმარტებითი ბარათის მიხედვით ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში:
ბათუმის მერიის დაფინანსება გაიზარდა 51 ათასი ლარით [კომპიუტერულ-პერიფერიული ტექნიკისა და კონდიციონერების შესაძენად];
თევდორე მღვდლის ქუჩის N29-დან ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე საკანალიზაციო ქსელის და გზის რეაბილიტაციისთვის გამოიყო 265 ათას 10 ლარი;
მდ. ყოროლისწყლის ხიდის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილია 210 ათას 334 ლარი;
ბათუმში, ც. დადიანის ქუჩაზე მრავალფუნქციური სივრცის შენობის მშენებლობა 100 ათასი ლარით დაფინანსდება [მერიის განმარტებით პროექტი არის მრავალწლიანი [2024-2025წწ] და მთლიანი ღირებულება შეადგენს 900 ათას ლარს;
316 ათას 200 ლარით იზრდება ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხარჯები [ამ ხარჯებს, როგორც მერიაში გვითხრეს, ბოტანიკური ბაღი საკუთარი შემოსავლებით დაფარავს];
2,5 მილიონი ლარით მცირდება ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება [ეს თანადაფინანსება პროექტის ფარგლებში დღგ-ს და სხვა გადასახდელებს უნდა მოხმარებოდა. განმარტებითი ბარათის მიხედვით ეს KfW ბანკთან შეთანხმებულია. მერიის განმარტებით, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, ამიტომ მიმდინარე წელს ღონისძიებები სესხით დაიფარება, მერია კი თანადაფინანსებას მომავალი 2025 წლიდან დაიწყებს];
საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში დაემატა ტექნიკური ზედამხედველი – 3 პირი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – 1 პირი; ხოლო მუნიციპალურ ინსპექციაში 2 თანამშრომელი. ასევე 2 თანამშრომელი [მძღოლი] დაემატა ბათუმის გამწვანების სამსახურს [გამწვანებაში დღიური ანაზღაურებაც იზრდება და იქნება დღეში – 80 ლარი]. შესაბამისად იზრდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურების მუხლიც.
მერიის განმარტებით 350 ათასი ლარით შემცირდა მუნიციპალური უფასო სასადილოს დაფინანსება [„საკვები პროდუქტების შეძენა (ბენეფიციართა რაოდენობა) – ღონისძიების დაფინანსება მცირდება შესყიდვის და ბენეფიციართა გამოუცხადებლობის შედეგად მიღებული ეკონომიის ხარჯზე“ – წერია მერიის განმარტებით ბარათში].
ამავე ბარათის მიხედვით ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება, რისთვისაც 10 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, ამოღებულ იქნა ბიუჯეტიდან [„სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ღონისძიება ვერ ჩატარდა“ – წერს მერია].
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფის მუხლი 240 ათასი ლარით შემცირდა [მერიის განმარტებით „შესყიდვის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე“, ხოლო სათამაშოების შეძენა 200 ათასი ლარით დაფინანსდა. ბაღების თანამშრომელთა დატრენინგებისთვის კი დაფინანსება 40 ათასი ლარით გაიზარდა].
797 ათას 400 ლარი გამოიყო N31-ე და 33-ე საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობისთვის.
ბიუჯეტიდან ამოიღეს ზღვისპირა ტერიტორიაზე „შენი იდეა ბათუმის“ ფარგლებში „ჩვენი ბათუმელი ცუგუნები“-სათვის სივრცის ე.წ. სავარჯიშო/გასართობი მოედნის მოწყობა. მოედნის მოსაწყობად 259 ათას 600 ლარი იყო გათვალისწინებული. „ანალოგიური სივრცე ე.წ. სავარჯიშო/გასართობი მოედანი უკვე მოეწყო ბაგრატიონის ქუჩაზე“ – წერს მერია.
ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 5 კვირით ადრე შეიტანა ცვლილებები აჭარის მთავრობამაც 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 589 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
ტანკი – 8 441 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 16 350 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 16 605 ერთეული [+69]
MLRS – 1 143 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 918 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 366 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 327 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 372 ერთეული [+47]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 425 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 22 453 ერთეული [+82]
სპეცტექნიკა – 2 789 ერთეული [+20]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
637 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
29 660 უპილოტო საფრენი აპარატი
563 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 011 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 399 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
13 090 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 591 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„მისი ბრალეულობა უტყუარად დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულმა განმარტა, რომ ე. რ.-მა მოსთხოვა ფული, რადგან იყო ,,კაი ბიჭი“ და, შესაბამისად, ერგებოდა წილი,“ – მიუწერია ბათუმელ პროკურორ აკაკი მოქერიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ე.რ.-ს საქმეზე.
ე.რ.-ს პროკურატურა გამოძალვას და ძალადობას ედავებოდა, თუმცა სამივე ინსტანციის მოსამართლეებმა ე.რ. გამოძალვის ნაწილში გაამართლეს.
იმის მიუხედავად, რომ საკასაციო საჩივარში პროკურორი „კაი ბიჭობაზე“ საუბრობს, ე.რ.-ს ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრობის მუხლით ბრალი წარდგენილი არ ჰქონია. ეს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემაც დაგვიდასტურა, რომელიც სასამართლოში ბრალდებულის ინტერესებს იცავდა.
„მეტიც, მსჯავრდებული რამდენჯერმე მივიდა რ. ი–სთან, ყველა ხერხით ცდილობდა მისგან თანხების გამოძალვას, ბოლოს კი ფიზიკურად გაუსწორდა. რ. ი–ს არ დაუკონკრეტებია, რა სახის მუქარას ჰქონდა მის მიმართ ადგილი, რითაც დაეხმარა მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის შემსუბუქებაში, რაც მოძალადის მიმართ შიშს, მის ვაჟთან მსჯავრდებულის ნაცნობობას და ერთი სოფლიდან წარმომავლობას უკავშირდება…“ – წერდა პროკურორი საკასაციო საჩივარში.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში, დღის საათებში, სავალუტო ჯიხურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულად მიჩნეულ კაცს „სავალუტო ჯიხურში თანხის გაცვლით მიღებული მოგების გადაცემა მოსთხოვა“.
ბრალდებულს გამოძალვის [სსკ-ის 181-ე] და ძალადობის [126-ე] მუხლებით ჰქონდა ბრალი წარდგენილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ელგუჯა რამიშვილი გამოძალვის ნაწილში გამართლდა, მაგრამ იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ ძალადობის მუხლით. მას მოსამართლემ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ერთი წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ერთი წელი პირობით ჩაეთვალა და დაუდგინდა ჯარიმა 3 ათასი ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი, მსჯავრდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე ჯარიმა 3 ათასი ლარი.
„საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და ე. რ–ი უსაფუძვლოდ გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით [გამოძალვა] წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის – გამოძალვის, ესე იგი, სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნის, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები – შემადგენლობა, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი სამხილების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საკასაციო საჩივარი. განჩინება მოსამართლეებმა მამუკა ვასაძემ [თავმჯდომარე], შალვა თადუმაძემ და ლალი ფაფიაშვილმა მიიღეს.
„ხელფასს ხელზე მიხდიდნენ, შეთანხმებული 8 საათის ნაცვლად კი 12 საათს ვმუშაობდი. როცა წამოვედი, არც ზეგანაკვეთური ამინაზღაურეს და არც დარჩენილი 14 დღის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მარი მესტუმრიშვილი, რომელიც ბათუმში, კაფე Fanfan-ში ბარმენად მუშაობდა.
მარი კაფეში ორთვენახევრის განმავლობაში იყო დასაქმებული, დამსაქმებელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. ის დამსაქმებლის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობს.
„ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ვეძებდი სამსახურს. ბარმენის პოზიციაზე ვმუშაობ ძალიან ბევრი წელია, თითქმის 8-9 წელი, ამიტომ როცა გამოჩნდა ვაკანსია Fanfan-ში, მივედი უშუალოდ დამსაქმებელთან და მენეჯერთან – სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ამიყვანეს სამსახურში.
შეთანხმების მიხედვით, 8 საათი უნდა მემუშავა, თუმცა 12 საათი მიწევდა მუშაობა, დასვენების დღის გარეშე, რადგან სხვა თანამშრომელი, რომელიც ბარში მუშაობდა, ერთ კვირაში გაუშვეს და დავრჩი მარტოდ, სეზონის დასაწყისში.
დიდი ობიექტია და კარგად მუშაობს, ამიტომ რთული იყო მარტო ამხელა საქმის გამკლავება.
დილის 11-12 საათიდან ღამის 1-2 საათამდე ვმუშაობდი. შესვენების საათი საღამოს 7-8 საათისკენ მიწევდა, მაგრამ მაგ დროს იმხელა საცობია ქალაქში, რომ სახლში მისვლას და დასვენებას ვერ ვასწრებდი. ამიტომ ვჭამდი ქუჩაში და ვისვენებდი ქუჩაში, შემდეგ კი ისევ სამსახურში ვბრუნდებოდი“, – ამბობს მარიამ მესტუმრიშვილი.
ფოტო კაფე „ფანფანის“ ფეისბუქის გვერდიდან
მისი თქმით, ასეთი მდგომარეობა თვე-ნახევარი გაგრძელდა იმ პირობით, რომ დამსაქმებელი მას შემცვლელს მოუძებნიდა.
„თუმცა ასე არ მოხდა და მე მავალდებულებდა მეპოვა შემცვლელი. მიუხედავად იმისა, რომ ზეგანაკვეთურს ვმუშაობდი, მაინც რვა საათისას მიხდიდა. მეუბნებოდა, ახლა ამოიქოქება სეზონი, შევავსებ სტაფს და გულს არ გატკენ, გადაგიხდიო.
ხელფასს ძირითადად ხელზე მიხდიდა. თითქმის ყველა დასაქმებულს ხელზე აძლევს ხელფასს, ან უბრალოდ მისი პირადი ანგარიშიდან ურიცხავს და არა კომპანიის ანგარიშიდან. ეს, როგორც ვიცი, კანონდარღვევაა“, – ამბობს მარი.
„არც ხელფასი ეწერა დანიშნულებაში და არც ჰონორარი. გადმორიცხვით, მხოლოდ ე.წ „თიფის“ თანხებს გვირიცხავდა, ხელფასს კი ხელზე გვაძლევდა. ყველა თანამშრომელს ასე უხდიდა“, – გვითხრა მარიმ.
მისი თქმით, დამსაქმებელთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, როცა თვე-ნახევრის შემდეგ ბარში ახალი თანამშრომლები დაამატეს.
„როდესაც დაგვემატა შემცვლელი თანამშრომლები ბარში, დაიწყო კონფლიქტი ჩემსა და ბარმენებს შორის, რადგან მოიყვანა სრულიად გამოუცდელი და უპასუხისმგებლო კადრები, რომლებიც პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ ამ საქმეს.
ვმუშაობდით ცვლაში. მაგალითად, თუ მე დილის ცვლაში ვმუშაობდი, ვამზადებდი აბსოლუტურად ყველაფერს, რომ საღამოს ცვლას შეფერხების გარეშე ემუშავა.
საღამოს ბარი ძალიან დატვირთულია, ბევრი სტუმარი ჰყავს და არ არის იმის დრო, რომ ბარის მუშაობის პარალელურად შავი საქმეც აკეთო.
საღამოს ცვლას ძალიან ორგანიზებულად ვახვედრებდი ბარს, რომ რაიმე დისკომფორტი არ შეჰქმნოდათ და ზედმეტი საქმე არ ეკეთებინათ. შესაბამისად, მეც ვითხოვდი იმავეს შემცველებისგან, მაგრამ ეს არ კეთდებოდა.
ვუთხარი დამსაქმებელს, რომ ძალიან არაკომფორტული იყო ასე მუშაობა და თუ ეს პრობლემები არ მოგვარდებოდა, დავტოვებდი სამსახურს. მთელი თვე ვაფრთხილებდი, მაგრამ მაინც არაფერი გამოსწორდა“, – ამბობს მარი მესტუმრიშვილი.
მან Fanfan-ში მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმუშავა. თუმცა დამსაქმებელმა, როგორც მარი ამბობს, არ აუნაზღაურა 14 დღის ნამუშევარი, ასევე ზეგანაკვეთური, სამსახურიდან წასვლის შემდეგ.
„ერთ-ერთი ბოლო კამათის დროს, ძალიან გავბრაზდი და წამოვედი.
შეთანხმების მიხედვით, ხელფასი უნდა აგვეღო თვეში ორჯერ – თვის შუა რიცხვებში და თვის ბოლოს. ამიტომ როცა წამოვედი, 1-ელი ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, ანაზღაურება რაც მეკუთვნოდა, არ გადამიხადეს. არც ის დაპირებული ზეგანაკვეთური მომცეს, რომელსაც მისვლის დღიდან მპირდებოდნენ.
ძალიან პატიოსნად ვშრომობდი და ვიყავი საუკეთესო თანამშრომელი. ეს დამსაქმებლისგანაც არაერთხელ მომისმენია.
დამსაქმებელს, დათო დანელიას და მის მეუღლეს დაბლოკილი ვყავარ ყველა საკომუნიკაციო ქსელში, შესაბამისად, მათთან დალაპარაკებას ვერ ვახერხებ.
მენეჯერი კი მეუბნება, რომ ეს მას არ ეხება.
შემომითვალა, მოვიდეს ობიექტზე და დამელაპარაკოსო, მაგრამ არ მივედი, რადგან ვიცი, რით სრულდება ხოლმე მისი „დამელაპარაკოს“.
ფოტო კაფე „ფანფანის“ ფეისბუქის გვერდიდან
მისი თქმით, ყოფილი დამსაქმებელი მის მეგობრებსაც კი დაემუქრა.
„მეც მითვლიდა, რომ ვერსად დავსაქმდები და გარდა იმისა, რომ კუთვნილ ხელფასს არ მაძლევს, ჩემი პიროვნების გაშავებითაა დაკავებული“, – ამბობს მარი.
მისი თქმით, აქამდე, სადაც კი უმუშავია, ყველგან ჰქონდა წერილობითი კონტრაქტი, თუმცა Fanfan-ში უთხრეს, რომ ყველა ზეპირი კონტრაქტებით მუშაობდა.
„რა თქმა უნდა, ჩემი საქმე მიყვარს, მაგრამ გასართობად არავინ მუშაობს. მეც მჭირდებოდა ეს სამსახური, ამიტომ დავთანხმდი ასეთ პირობებს. იმ პერიოდში, ვერ ვნახე ალტერნატივა.
არსებობს ვიდეო ჩანაწერები და ყველას შეუძლია ნახოს, როგორ ვმუშაობდი. ჩემ საქმეს პატიოსნად ვასრულებდი. გარდა ამისა, ბევრი სქრინი მაქვს, სადაც ვესაუბრები დამსაქმებელს ხელფასზე და შრომით პირობებზე“, – ამბობს მარი.
როგორც მარი ამბობს, მან საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით უკვე მიმართა ადვოკატს და შრომის ინსპექციასაც.
„გავიარე კონსულტაციები იურისტთან, ადვოკატთან, შრომის ინსპექტორთან და ვემზადები სარჩელის შესატანად“, – გვეუბნება ის.