მწვანე კონცხსა და მახინჯაურში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისთვის ახალი ქსელი მოეწყობა. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ 16 მილიონი ლარით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, ამ დასახლებებში არ არის საკანალიზაციო [წყალარინების] ქსელი.
მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში, ასევე ბათუმს შემოერთებული ჩაქვის ტერიტორიის ნაწილში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] მეხუთე ფაზის ფარგლებში ცენტრალური კანალიზაციის ქსელი არ აშენდება. მეხუთე ფაზის დასრულების შემდეგ აღნიშნული დასახლებები ბათუმში დარჩება იმ ადგილად, სადაც არ იქნება საკანალიზაციო ქსელი.
ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მწვანე კონცხსა და მახინჯაურში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა სავარაუდოდ მე-6 ფაზაში განიხილება, თუმცა, ვინ დააფინანსებს ამ „მეექვსე ფაზის“ სამუშაოებს და არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ ქალაქი შეღავათიან კრედიტს ისევ KfW-გან მიიღებს, უცნობია.
რუსული კანონის მიღების და საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური კურსის გამო, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაცრი და უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, დიდია რისკი, რომ ბათუმმა მეექვსე ფაზისთვის შეღავათიანი სესხი ვეღარ მიიღოს. მითუმეტეს სესხს ბათუმისთვის საქართველოს მთავრობა [ფინანსთა სამინისტრო] იღებს და არა თავად მუნიციპალიტეტი.
ევროკავშირმა კი ღიად განაცხადა „ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ იქნება მიმართული“. ანუ შესაძლოა სამთავრობო პროექტების დაფინანსება შეწყდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება აღებულ კურსს არ შეცვლის.
„წყალმომარაგების კუთხით, განსაკუთრებით კი ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე KfW-ს მეხუთე ფაზის სამუშაოების პარალელურად, აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და ბათუმის წყლის ჩართულობით განხორციელდება ახალი პროექტები მწვანე კონცხის დასახლებაში, რის შედეგადაც მოხდება მწვანე კონცხისა და ნაწილობრივ მახინჯაურის დასახლების სრული წყალმომარაგება“ – ეს განცხადება ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მიმდინარე წლის 31 მაისს გააკეთა. მერიაში არ საუბრობენ როგორ იგეგმება, ან განიხილება თუ არა ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიებზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის დაფინანსება.
„რაც შეეხება წყალარინების საკითხს, ამ დროისთვის „ბათუმის წყალს“ არ აქვს აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაგეგმილი.“ – მოგვწერა „ბათუმელებს“ მერიის კომპანია „ბათუმის წყალმა“ დღეს, 22 ივლისს.
„ზედა მახინჯაურში ტენდერის ფარგლებში აშენდება რეზერვუარი და მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, რომელიც მოამარაგებს ზედა მახინჯაურში მცხოვრებ მოსახლეობას, ხოლო რაც შეეხება მწვანე კონცხს, უკვე გამოცხადდა ტენდერი, რაც მწვანე კონცხზე სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც ზედა მახინჯაურის, ასევე მწვანე კონცხის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი წყალმომარაგების სისტემით“ – გვითხრეს დღეს „ბათუმის წყალში“.
როგორც სატენდერო დოკუმენტებშია აღნიშნული: „დღეის მდგომარეობით მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება ინდივიდუალური ჭებისა და მცირე წყაროების მეშვეობით. საერთო განაწილების წყალმომარაგების სისტემები არსებობს, მაგრამ ამორტიზებულია და არ მოიცავს მთლიან დასახლებებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილია მოსახლეობის რაოდენობა, ზაფხულის პერიოდებში არსებულ ინდივიდუალურ წყალმომარაგების სისტემებში იკლებს დებეტი, მოსახლეობა განიცდის წყლის დეფიციტს, რაც იწვევს მათ უკმაყოფილებას.“
პროექტით გათვალისწინებულია აღნიშნული დასახლებების ბათუმის წყალმომარაგების დ-1200 მილიმეტრიან ქსელზე დაერთება. ასევე სატუმბო სადგურის, სადაწნეო მილსადენის, სადაწნეო სამარაგო რეზერვუარის, ქსელში თვითდენით წყლის მიმწოდებელი მილსადენების, გამანაწილებელი ქსელის წყალსარეგულაციო და სახლებში წყლის შემყვანი კვანძების მოწყობა, ქსელში წნევის რეგულატორების და წყლის სადეზინფექციო საქლორატოროს მშენებლობა.
„ყველგან საპროექტო ტერიტორიის არეალში ინდივიდუალურ მომხმარებლებთან, ღობის გარეთ ან მომხმარებელთან შეთანხმებით ღობის შიგნით [ღობესთან ახლოს], მოეწყობა წყალმზომის ყუთები და განშტოება გამანაწილებელი ქსელიდან. წყალმზომის ყუთები გათვალისწინებულია ორი და ოთხი მრიცხველის განთავსებაზე ყუთში.“ – აღნიშნულია პროექტში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 3 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16 244 288 ლარია.
„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში [2021 წლის 17 ივლისიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე] შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები (მაგისტრალური წყალსადენების რეაბილიტაცია/მშენებლობის სამუშაოები, ან/და წყლის ან/და საკანალიზაციო მილსადენების მშენებლობის სამუშაოები, ან/და წყლის ან/და წყალარინების ქსელების მოწყობის სამუშაოები) საერთო ღირებულებით არანაკლებ 16 244 288 ლარის ოდენობით.“ – წერია ტენდერის პირობაში.
„შესყიდვის ღირებულება დადგინდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე… ამასთან, ბაზრის კვლევით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ მოდულში განთავსებული ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ბაზარზე ოპერირებს მიმწოდებლები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დააკმაყოფილონ სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული მოთხოვნები“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიის ოქმში.
ხუთი წლის წინ ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან [KFW] წინასწარი მოლაპარაკებით, მეხუთე ფაზისთვის გამოყოფილი სესხით საკანალიზაციო ქსელი მახინჯაურსა და მწვანე კონცხის დასახლებაშიც უნდა აშენებულიყო [დღეს კი, მერიაში ამბობენ, რომ სესხი – 53 მილიონი ევრო ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა].
ვრცლად ამ თემაზე:
წელს პირველად ბათუმის სანაპიროზე კანალიზაცია გაუფილტრავად ზღვაში აღარ ჩაედინება