პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულმა კრიზისმა ყველაზე მეტად ის ადამიანები დააზარალა, ვისაც აქამდეც უჭირდათ. განსაკუთრებით დამძიმდა ცხოვრება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც პანდემიის დაწყებამდეც, სახელმწიფოს გაუმართავი სოციალური პოლიტიკის გამო, სხვადასხვა შეზღუდვებით ცხოვრობდნენ.
ალექსი წეველიძე ქობულეთის დაბა ოჩხამურში ცოლთან და მეორეკლასელ შვილთან ერთად ცხოვრობს, იგი უსინათლოა და წლებია არასამთავრობო სექტორში მუშაობს.
ალექსი არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ დამფუძნებელია და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებების დასაცავად და მათთვის საჭირო სერვისებზე მუშაობს, ასევე, ტვ 12-ის ეთერში უძღვებოდა ამავე თემატიკის ყოველკვირეულ გადაცემას – „შენ შეგიძლია მეტი“.
ალექსი პანდემიამდე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში, საამისოდ იგი თითქმის ყოველ დღე ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა, ალექსი ბათუმში სიარულს ვეღარ ახერხებს.
ალექსის ოჯახის ძირითადი შემოსავალი უსინათლობის პენსია და მეგობრების მხარდაჭერაა:
„მე არასამთავრობო სექტორში ვარ, ეს უბიუჯეტო ორგანიზაციაა და მისი მუშაობა ძირითადად პროექტების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი ონლაინრეჟიმშია გადასული, ჩვენი აქტივობა ვერ მიდის ისე, როგორც საჭიროა.
გადაცემას რაც შეეხება, ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, ფაქტობრივად კვირაში ერთხელაც მიჭირს ჩასვლა ბათუმში, ვეღარ ვმოძრაობ, ვეღარ დავდივარ სამსახურში. ტაქსით გადაადგილება კი, რა ძვირი სიამოვნებაა, ყველამ კარგად იცის და საამისო შემოსავალიც უნდა გქონდეს, რომ ასეთი ტრანსპორტით იმოძრაო.
პანდემიის პერიოდში ჩვენი შემოსავლის წყარო დარჩა რაც მაქვს მე – მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სარგო სახელმწიფოსგან, ანუ პენსია და მეგობრების მხარდაჭერა. შემოსავალი… სამსახური აღარ არის, ინდმეწარმე ვიყავი, მინი კაფე გვქონდა და ისიც გაჩერდა. ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება მივიღეთ და დამთავრდა“, – ჰყვება ალექსი.
- განათლებაზე ხელმისაწვდომობა – პანდემიამდე და მერე
ალექსის შვილი, ლუკა, მეორე კლასშია. მას მხედველობის დაქვეითება აქვს და იმისთვის, რომ წერა-კითხვა გამართულად ისწავლოს, დამხმარე ხელსაწყოები ესაჭიროება.
ლუკას მამა, ალექსი ამბობს, რომ სხვადასხვა დამხმარე საშუალება ლუკას აქამდეც რამდენჯერმე მიუტანეს, თუმცა ზოგი მათგანი გაუმართავი აღმოჩნდა, ზოგი კი არასწორად არის შერჩეული და ლუკას საჭიროებას არ ერგება.
„ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ამ პანდემიის შედეგებში ვხედავ, ის არის, რომ ლუკასთანა საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გაჩნდა დიდი ხვრელი განათლების მხარდაჭერაში. აშკარად ჩანს, რომ სხვადასხვა საჭიროების მქონე ბევრი ბავშვი დარჩება განათლების მიღმა“.
ლუკა ამბობს, რომ CCTV-ით, პორტატული გამადიდებელი მოწყობილობით მუშაობა რთულია, რადგან უჭირს დაახლოებით 300-გრამიანი გამადიდებლის გამოყენება წერისა და ხატვას დროს. ასევე, ლუკა იძულებულია კითხვის პროცესში, როცა ნაწერს თითს აყოლებს, სახე მაქსიმალურად ახლოს მიიტანოს წიგნთან.
ალექსი წეველიძე ამბობს, რომ ამ ჩვევის გამო ლუკას ხერხემლის პრობლემებიც უყალიბდება – იგი მხრებში საგრძნობლად მოიხარა.
მონიტორთან ლუკას თვალები მალევე ეღლება, ოთახშიც შესაბამისი განათებაა საჭირო, ამიტომ გაკვეთილების მსვლელობისა და შემდეგ მეცადინეობის დროს ლუკას დედა ეხმარება.
„როცა მშობელი ეჯაჭვება ბავშვს, მუშაობისთვის მას დრო აღარ რჩება, შემოსავლები კი იცით, როგორც შემცირდა, ალბათ ისევ მკვეთრად შშმ პირების ექვსთვიან პენსიას დამინიშნავენ იანვრიდან”, – ამბობს ალექსი წეველიძე.
ალექსი წეველიძე მიიჩნევს, რომ ინკლუზიურ განათლებაში ხარვეზები განათლების სისტემაში კომპლექსური მიდგომის არარსებობის ბრალია:
„ლუკას საჭიროების შესახებ, ჯერ კიდევ ლუკას ბაღში ყოფნისას უნდა მისვლოდა ინფორმაცია რესურსცენტრს და იქიდანვე უნდა დაწყებულიყო ლუკასთვის საჭირო ინვენტარის მომზადება… არავის არაფერს ვაბრალებ, წერილებს გაჩვენებთ, რამდენ ინსტანციას მივმართე, ეს არის მთელი ბიუროკრატიული მექანიზმი…”
„გაფიქრებაც არ მინდა, რა მოხდება, თუ დაგვიანდა ლუკასთვის დროულად ხელშეწყობა სწავლაში.
მე არ დავიხევ უკან, მაქსიმუმ ახალი სემესტრის დადგომისთანავე ლუკასთვის ეს უნდა მოწესრიგდეს, თორემ ჩამოიშლება ბავშვის აზროვნება, ეს მოქმედებს მის ფსიქიკაზე, განათლების ხარისხზე და ლუკას აკადემიური მოსწრების, რაც მულტიდისციპლინარულმა გუნდმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კარგად იციან, დაკარგვას არ ვაპირებ. მაქსიმუმს გავაკეთებ, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, რომ ლუკა და ლუკასთანა ბავშვები არ დაიჩაგონ“.
როგორც ოჩხამურის საჯარო სკოლის დირექტორი, ლევან ვერულიძე ამბობს, განათლების სამინისტროსგან ლუკასთვის საჭირო თანამედროვე მოწყობილობას იანვრის ბოლოს ელიან. „სამინისტრო შეიძენს ხუთ ცალ აპარატურას. ერთი იქნება ლუკა წეველიძისთვის, ოთხი კი სარეზერვო. ეს აპარატურა იქნება სკოლის ბალანსზე.
„ბათუმელებს“ განათლების სამინისტროდანაც უპასუხეს. აქ გვითხრეს, რომ აპარატურის შეძენის პროცესში არიან, რომელიც დაახლოებით იანვრის ბოლოს ჩამოვა. „იქამდე კი თბილისის 202-ე სპეცსკოლიდან ჩამოვიდა აპარატურა დროებითი სარგებლობისთვის, ახალი აპარატურის ჩამოსვლამდე ბავშვი სასწავლო პროცესს რომ არ ჩამორჩეს“ – გვითხრეს სამინისტროში.