ბათუმის ბულვარში, კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა 30 ივლისს, საღამოს მოხდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთი პირი მძიმედ არის დაჭრილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით – რაც ერთ შემთხვევაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, მეორე შემთხვევაში კი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას.
76 წლის ასაკში თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. იგი იყო საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურ დირექტორად.
თენგიზ ცერცვაძე იყო ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1992 წლიდან, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი 1999 წლიდან
2020 წელს თენგიზ ცერცვაძეს COVID19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ოჯახის ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 579 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370]
ტანკი – 8 399 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 16 203 ერთეული [+42]
საარტილერიო სისტემა – 16 119 ერთეული [+33]
MLRS – 1 132 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 907 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 968 ერთეული [+115]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 407 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 21 816 ერთეული [+77]
სპეცტექნიკა – 2 713 ერთეული [+16]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
631 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
28 795 უპილოტო საფრენი აპარატი
559 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 734 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 395 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 666 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 250 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
როგორ ემზადებიან ოპოზიციური პარტიები არჩევნებისთვის ქედაში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქედის მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა. ჩვენ მათ ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობას არჩევნებამდე.
წინასაარჩევნო კამპანია დაახლოებით 3 თვის წინ დავიწყეთო, გვითხრა რამინ ბერიძემ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ქედაში.
„მოსახლეობასთან გავდივართ, ვსაუბრობთ, ერთმანეთში ვცვლით ჩვენს ხედვებს. ყველა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით, რა ვითარებაა დღეს ქვეყანაში. ძალიან კარგადაა მოსახლეობა ინფორმირებული. ქვეყნის კურსი არ უნდა წავიდეს ჩრდილოეთისკენ.
ვიყავით დაბაში, მახუნცეთის, პირველი მაისის, დანდალოს თემებში. ნაწილობრივ დავფარეთ ცხმორისისა და მერისის თემები. მოსახლეობას „კარდაკარის“ პრინციპით ვხვდებით. ყველა ოჯახში შევდივართ. არ ვარჩევთ არავის, ვისი მომხრეა, როგორი მომხრეა… ყველას ვეცნობით, ახლოს მივდივართ, ხელს ვართმევთ და ვსაუბრობთ”, – გვეუბნება რამინ ბერიძე.
მისი თქმით, ქედაში მოსახლეობის პრობლემები შიდა გზების მოუწესრიგებლობა და წყალია:
„ადგილობრივებმა იციან, რომ მათი შვილების, შვილიშვილების მომავალი დამოკიდებულია ევროპაზე. მათ განვითარებულ ქვეყნებთან უნდათ ურთიერთობა და სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტად ამ საკითხზეა გადართული მოსახლეობა. იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს და როგორი კურსით უნდა წავიდეს ქვეყანა. აღელვებთ, თუ საითკენ მივდივართ.
დიდი პრობლემაა ისიც, რომ, ქედის რაიონში ყველაზე კარგად მოდის ვაზი, თხილი, ბოსტნეული, ბაზარი კი პრობლემურია. გლეხი ამდენს შრომობს და საბოლოდ მოსავლის გასაღება უჭირს, რაშიც ითხოვს დახმარებასა და ხელშეწყობას.
ჩვენ აუცილებლად გვექნება ჩვენი პარტიის პროგრამაში, თუ როგორი უნდა იყოს სოფლის მეურნეობის ამბავი. ერთად ვმსჯელობთ და ვმუშაობთ ამ თემაზე [პარტიაში], წინასაარჩევნოდ ჩვენს პროგრამას აუცილებლად გავაცნობთ მოსახლეობას და მივიტანთ მათთან ბუკლეტების სახით. სულ მალე იქნება ეს.
აუცილებელია კონკურენცია, იმიტომ, რომ ქედაში ერთი ღვინის ქარხანა გაკეთდა, რომელიც ყურძენს ძალიან დაბალ ფასად იბარებს. კიდევ ერთი ქარხანა რომ გაკეთდეს, მათი ერთმანეთთან კონკურენციით მოსახლეობა მოიგებს. ამაზე გვაქვს ძირითადად საუბარი. ასევე, ტურიზმის განვითარებაზე. ძალიან ბევრი ადგილია, რომელსაც ათვისება სჭირდება და ამისთვის მერიის, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებაა საჭირო.
გზა და შუქი უნდა მიიყვანო აუცილებლად ჯერ ისევ აუთვისებელ ადგილებში, რათა ტურიზმიც განვითარდეს… არის ხალხი, ვინც დაინტერესებულია. ინვესტიცია ჩაიდება, სოფელი დასაქმდება და ბევრი რამ გაკეთდება ქედისთვის. ტურიზმი კარგად წავიდა ჩვენთან და ამას ბოლომდე მიყვანა სჭირდება”.
რამინ ბერიძე
რამინ ბერიძე ამბობს, რომ იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი აღმოჩნდა ქედაში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში, ვიდრე მას ეგონა:
„ერთ ობიექტზე ალბათ 10 ადამიანია გაფორმებული თანამშრომლად. მაგალითად, წონიარისის ტანკზე ოთხი კაცია დამლაგებლად მითითებული და თქვენ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა მოსახლეობაში. მარტო რომ ვართ, მეუბნებიან და მესაუბრებიან, რომ არ გვინდა ეს 300 ლარი დავკარგოთო, რადგან ამ ფულით ყიდულობენ ფქვილია თუ შაქარი, სხვა შემოსავალი სხვა რამეში გამოიყენა, შვილებს ტანსაცმელი უყიდა… ეს ამბავია. პირად საუბრებში მეუბნებიან, რომ ვიცით, ეს წინასაარჩევნო ამბავია, ყოველთვის არ გვექნება ეს სამუშაოო და ა.შ. ცოტა ამ ხალხს შიში აქვს, როცა სოფლებში შევდივართ ჩვენთან გამოვიდნენ ასე ოფიციალურად და გვესაუბრონ. სამსახურის დაკარგვის ეშინიათ”.
რამინ ბერიძის თქმით, ცდილობენ, რომ ყველა ოჯახში მივიდნენ და მათთან ერთად იმსჯელონ, თუ რა უნდა გააკეთონ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში – „მოსახლეობასთან ერთად უნდა გადაწყდეს საერთო საქმე, რომ მათთვისაც კარგი იყოს და ჩვენთვისაც”.
რამინ ბერიძემ ჩვენთან საუბრის დასასრულს აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას ქედაში ახალი სახეები, ახალგაზრდები უერთდებიან:
„დიდ ბრძოლაში შევდივართ. ძალიან დიდი ზეწოლა წავა მოსახლეობაზე და ვიცით ეს. გამარჯვების იმედი ყოველთვის გვაქვს”, – გვითხრა მან.
მამუკა ჭაღალიძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შტაბის ხელმძღვანელია ქედაში. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ოფიციალურად ჯერ არ დაუწყიათ წინასაარჩევნო აქტივობა და შესაბამისად, მოსახლეობასთან შეხვედრები.
მამუკა ჭაღალიძე
„სხვადასხვა სოფელში საარჩევნო უბნებზე აგვყავს ხალხი, ვინც დახმარებას გაგვიწევს საარჩევნოდ. ჩვენთვის მეორე არჩევნებია და თითქმის ყველა უბანზე გვყავს ხალხი.
გიორგი გახარია იყო ჩამობრძანებული და შეხვედრა გვქონდა ოფიციალურად ზვარეს თემსა და სოფელ ვაიოში. გვყავდა პარლამენტის წევრი, შალვა კერესელიძეც“, – ამბობს მამუკა ჭაღალიძე. მისი თქმით, შესაძლოა, მომდევნო კვირიდან დაიწყონ ოფიციალური შეხვედრები მოსახლეობასთან: „არაოფიციალური შეხვედრები უკვე გვაქვს. მაქსიმალურად ვიხარჯებით. ჩემი პირდაპირი საქმიანობაა ხალხში აგიტაცია და მსგავსი საკითხები, კანონის და ნორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა“.
მამუკა ჭაღალიძე ამბობს, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებისგან ძირითადად თავს იკავებს სხვადასხვა მიზეზის გამო.
პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ქედაში, ჯამბულ შარაბიძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე შტაბისთვის კომისიის წევრებისა და უბანზე წარმომადგენლების ძიების პროცესში არიან:
„რახან ზაფხულია, ცოტა გვიჭირს. ზოგი საზღვარგარეთაა სამუშაოდ გასული, თუმცა აუცილებლად ჩამოვლენ ჩვენი ბიჭები და დაგვიბრუნდებიან. ახალგაზრდები აქტიურობენ.
ჯამბულ შარაბიძე
ჩვენი ოფისიც სულ მალე გაიხსნება და ვფიქრობთ, 5-6 აგვისტოდან აქტიურ მუშაობაზე გადავალთ. ქედის ცენტრში უკვე დავიწყეთ გაზეთების დარიგება და მოსახლეობასთან საუბარი. ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული როგორი ფორმით შევხდებით მოსახლეობას სოფლებში, მაგრამ აუცილებლად ყველა ჩვენს ამომრჩეველთან მივიტანთ ჩვენს ხმას”, – ამბობს ჯამბულ შარაბიძე და მოსახლეობის პრობლემებზე აგრძელებს საუბარს:
„პრობლემებს რა დალევს. საწვავია გაძვირებული, რაც მოსახლეობაზე აისახება. მთაში გადაადგილება უჭირს ხალხს. უმუშევრობა პირველ რიგში. მიტოვებულია აქაურობა. გასული არიან მთლიანად საზღვარგარეთ სამუშაოდ. ახალგაზრდობისგან პრაქტიკულად დაცლილია ქედა. ვინც დარჩენილია, მათი 50 პროცენტი, პრაქტიკულად, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაასაქმეს.
ჩვენ მოსახლეობას საპენსიო ფონდის 1000 ლარამდე გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმებას ვთავაზობთ”, – გვითხრა შარაბიძემ.
მისი თქმით, ქედაში ახლა საარჩევნო სპეკულაციები მიდის.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ამომრჩევლის ხმები დავიცვათ. მე რაიონში ვცხოვრობ და ვიცი, რომ ხალხის განწყობაა ცვლილებებისკენ. სიახლეებს ელის მოსახლეობა. ერთად, გუნდური მუშაობით უნდა მოვიტანოთ ეს სიახლეები”, – ამბობს ჯამბულ შარაბიძე.
2024 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა.
2024 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში რუსეთიდან 720 142 მოქალაქე შემოვიდა.
კვარტალების მიხედვით სტატისტიკა ასე ნაწილდება:
I კვარტალი – 281 504
II კვარტალი – 438 638
ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამოუვარდება 2023 წლის ამავე პერიოდის მონაცემს, როდესაც საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 741 909 მოქალაქე შემოვიდა.
რაც შეეხება საქართველოს საზღვრებიდან გასვლის სტატისტიკას, 2024 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ქვეყანა დატოვა რუსეთის 709 758-მა მოქალაქემ.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას და ომი დაიწყო.
სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა რუსეთის 1 459 541 მოქალაქე და ეს იყო 401-პროცენტიანი ზრდა 2021 წელთან შედარებით.
გასულ, 2023 წელს კი, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა და 1 887 223 – გავიდა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი განსაკუთრებით იზრდება ზაფხულში.
_____________
ფოტოზე: ლარსი, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/ზურაბ ქურციკიძე
აშშ-მ საქართველოდან მცირე ზომის საფოსტო გზავნილები შეაჩერა.
ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ადასტურებს „ბათუმელებთან“.
მოქალაქეები, რომლებიც პრობლემის თაობაზე სოციალურ ქსელში წერენ, ამბობენ, რომ მცირე ზომის გზავნილები, რომლებიც პირველი მაისიდან 24 ივლისამდე გაგზავნეს აშშ-ში, უკან დაუბრუნდათ.
„საქართველოს ფოსტა“ განმარტავს, რომ გზავნილები ნამდვილად შეჩერებულია, თუმცა ამის მიზეზი, როგორც თვითონ ამბობენ, ამ დროისთვის უცნობია.
„შეფერხება ჰქონდა ამერიკას, წერილის და მცირე პაკეტის. არც ამ ეტაპზე იგზავნება მცირე გზავნილები. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით რა არის მიზეზი. ამერიკას აქვს ეს შეზღუდვა გაკეთებული დროებით“, – გვითხრეს ფოსტაში.
2025 წლიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხური გახანგრძლივდება და მოსწავლეები მეცხრე კლასის ნაცვლად საბაზო საფეხურს მეათე კლასში დაასრულებენ.
ცვლილება შეეხება იმ მოსწავლეებსაც, რომლბიცე 2024-2025 სასწავლო წელს მე-9 კლასში იქნებიან.
ბრძანების მიხედვით, ის მოსწავლეები, რომლებსაც სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მე-10 კლასში შეუჩერდათ და ამ სტატუსს აღიდგენენ 2025-2026 სასწავლო წლიდან, სწავლას გააგრძელებენ მე-11 კლასში.
მოსწავლეები, რომლებიც ვერ დაძლევენ 2024-2025 სასწავლო წელს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, 2025-2026 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.
ამავე ბრძანების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ისეთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის 3 წლის სწავლის შედეგები, უფლებამოსილია, 2025 წლის პირველ ივლისამდე გამოცხადებული პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.
„ამ შემთხვევაში გაცემული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან“, – წერია ბრძანებაში.
აღნიშნული კანონი ამოქმედდება 2025 წლის პირველი ივლისიდან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე დღეს, 31 ივლისს, დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს.
31 ივლისის 21 საათიდან 1-ელი აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია. ღამით მოსალოდნელია ღელვა – 3-4 ბალი, დღისით – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, 2, 3 და 4 აგვისტოს მოსალოდნელია მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 31 ივლისს, ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეუტიეს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის საწყობს რუსეთის ქალაქ კურსკთან.
გენშტაბის ცნობით, სამხედრო ობიექტზე შეტევა განახორციელეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა და ცალკეულმა ქვედანაყოფებმა. დარტყმის შედეგად დაფიქსირდა აფეთქება.
მიყენებული ზარალი ზუსტდება.
„გაგრძელება იქნება“ – წერს უკრაინის გენშტაბი ფეისბუქზე.
აფეთქებას კურსკთან ადასტურებს რუსული სამთავრობო მედიაც. „ტასი“ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსეი სმირნოვზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შემდეგ ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
ბათუმში არსებული პარკინგის მწვავე პრობლემის დროებით, ნაწილობრივ გადაჭრის გზა წარმოადგინა დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმს ახალი, უფასო, 1000 საპარკინგე ექნება, ოღონდ სექტემბრის ბოლომდე.
„იცით, რომ განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ახალ საპარკინგე სივრცეებზე. მივიღეთ გადაწყვეტილება და ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე ათასზე მეტი ავტომანქანისთვის იქნება უფასოდ დათმობილი და სექტემბრის ბოლომდე უფასოდ ისარგებლებენ როგორც ბათუმელები, ასევე ბათუმის სტუმრები.
ასე რომ, ახალი 1000 საპარკინგე ადგილი შეემატება ბათუმს მიმდინარე საზღვაო, ტურისტულ სეზონზე.
ასევე აქტიურად ვმუშაობთ ახალი მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების განვითარებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. მნიშვნელოვანია, ჯეროვანი ყურადღება მივაქციოთ აღნიშნულ საკითხს“, – განაცხადა რიჟვაძემ სხდომაზე, რომელსაც ბათუმის მერიც ესწრებოდა.
ბათუმში წლებია პარკინგის სერიოზული პრობლემაა, როგორც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ისე გარეუბნებში. მძღოლები ხშირად ავტომანქანების სადგომად ტროტუარებს იყენებენ, რაც ქვეითებს უშლით ხელს.
ბათუმში პარკინგის პრობლემა არ არის სეზონური და ტროტუარები მანქანებით არის ჩახერგილი არამხოლოდ ზაფხულში, როცა ტურისტების ნაკადი იმატებს, არამედ მთელი წლის განმავლობაში.
ერთი მხრივ, ბათუმის მერია აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, მეორე მხრივ კი ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს. „ბათუმელებს“ ამ პრობლემაზე ათობით მასალა აქვს მომზადებული.
განახლებული ინფორმაცია: მასალის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ სტადიონზე პარკირება უფასოდ იქნება შესაძლებელი სექტემბრის შემდეგაც, იმ დღეებში, როცა სტადიონზე საფეხბურთო მატჩები არ გაიმართება. პრესსამსახურის ცნობით, ამ საკითხზე მთავრობა მუშაობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი-ქობულეთის ჩაქვის მონაკვეთი ისევ დაიტბორა. დატბორილია ჩაქვის ცენტრამდე მისასვლელი ადგილები.
როგორც მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, წყლის დონემ ისე მოიმატა, რომ ავტომანქანების მოძრაობა შეჩერდა. გაჩერდა მუნიციპალური ავტობუსიც.
„ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს დადგა ისევ წყალი, ჩაქვის ცენტრთან მისვლა შეუძლებელია, სამსახურში ვეღარ წავედით… დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოებიც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ დუმბაძემ.
ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ავტომანქანების მოძრაობა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია. აქ დაზუსტებული ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, რასაც აქვე გაგაცნობთ.
“თბილისის ქ. #45 ის მიმდებარედ განვითარებული მეწყრული პროცესების გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო ცენტრალური გზის მონაკვეთზე, სადაც უკვე განხორციელდა გზის გაწმენდის სამუშაოები და აღდგა სატრანსპორტო მოძრაობა,” – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, სათავეზე უხვი ნალექის გამო დღეს, 31 ივლისიდან პირველი აგვისტოს 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ:
ბარცხანის, წინსვლის, ორთაბათუმის, ჩაისუბნისა და თამარის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ტაბიძის, რურუას, აღმაშენებლის, ლეონიძის, ადლიის, ჰელიმიშის, რ. ნიჟარაძისა და აეროპორტის გზატკეცილზე, ასევე ბაქოსა და მაქაცარიას ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 578 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
ტანკი – 8 390 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 16 161 ერთეული [+20]
საარტილერიო სისტემა – 16 086 ერთეული [+30]
MLRS – 1 131 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 907 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 853 ერთეული [+21]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 407 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 21 739 ერთეული [+52]
სპეცტექნიკა – 2 697 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
631 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
28 734 უპილოტო საფრენი აპარატი
556 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 732 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 393 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 597 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 225 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„ქართველებს, მიუხედავად მათი ბევრი ხარვეზებისა, ერთი იშვიათი თვისება მოსდგამთ: რასობრივი განსაკუთრებულობის, შთამომავლობითი უპირატესობის არ არსებობა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებისადმი უდავო პატივისცემა,“ – წერდა იაკობ გოგებაშვილი საუკუნეზე მეტი ხნის წინ.
„განათლებული ევროპა, მთელნი დიდებული მესვეურნი კაცობრიობის წარმატებისა – იღვწიან, სისხლსა ღვრიან, რომ მიწა, ეგ მუქთი ბუნებისაგან მონიჭებული კუთვნილება ყოველი ადამიანისა, შეძლებისამებრ – თანასწორად მორიგებული ჰქონდეს ყოველს მკვიდრს მცხოვრებსა,“ – ეს ილია ჭავჭავაძის სიტყვებია.
„ახალი საქართველო, რომელიც არის საგანი ჩვენი პატრიოტების მოქმედებისა და ნატვრისა, მიქცეულ უნდა იქნას არა უკან, აზიისაკენ, არამედ წინ ევროპისაკენ,“ – ეს სიტყვებიც იაკობ გოგებაშვილს ეკუთვნის.
კულტურის მკვლევარმა მიხეილ მეფარიშვილმა ქართველი ინტელექტუალების 1860-1918 წლებში გამოქვეყნებული წერილები შეისწავლა. როგორც მკვლევარი ამბობს, წერილების ანალიზით ნათელი ხდება, რომ ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, სერგეი მესხმა, ნიკო ნიკოლაძემ, ანტონ ფურცელაძემ, გრიგოლ ვოლსკიმ და სხვა ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს მე-19 საუკუნეში საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან დაახლოების კუთხით.
მათი წყალობით ერთი საუკუნის წინ ქვეყანაში შემოიტანეს ტოლერანტობის ცნება, დაუპირისპირდნენ რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას და საქართველო დასავლურ/ლიბერალურ ღირებულებებს დაუკავშირეს.
„სინამდვილეში ეროვნული ევროპულია,“ – ამბობს კულტურის მკვლევარი და ამის დასადასტურებლად ილია ჭავჭავაძის სიტყვები მოჰყავს.
„ყმაწვილკაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითისა და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება,“ – წერდა ილია ჭავჭავაძე „შინაურ მიმოხილვაში“ 1881 წელს.
„ეროვნული ევროპულია“, ასე ჰქვია ღია საზოგადოების ფონდის მიერ მხარდაჭერილ კვლევით პროექტს, რომლის ფარგლებშიც მკვლევარმა ათობით სტატია გაანალიზა.
„ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ნიკო ნიკოლაძემ პატრიოტობა დაუკავშირეს ევროპულ, ლიბერალურ ღირებულებებს. მაგალითად, ევროპული ყაიდის პროფესიული და დაწყებითი განათლება იაკობ გოგებაშვილისთვის იყო საფუძველი ეროვნული აღორძინებისთვის.
ჩემი მიზანი იყო ამ პროექტით მეჩვენებინა, რომ ჩვენი ეროვნული საფუძვლები, რომელიც მოდის 1860-იანი წლებიდან, თანამედროვე ქართველი ერის ფორმირების ეტაპიდანვე ჩვენი იდენტობა იყო ევროპული. დაეფუძნა ევროპულ გამოცდილებებს, ევროპულ ღირებულებებს.
ამ პროექტის ადრესატები არიან ის ადამიანები, ვისაც ჰგონია, რომ ეროვნული ევროპული არ არის.
ვისაც ეშინია იმის, რომ საქართველო თუ გახდება ევროკავშირის წევრი, დავკარგავთ ქართველობას ან დავკარგავთ ქართულ ღირებულებებს და რაღაც სხვაგან წავალთ.
ვისაც ჰგონია, რომ ევროინტეგრაცია, ევროპულ სივრცესთან დაახლოება იქნება რაღაცა ხელოვნური,“ – ამბობს მიხეილ მეფარიშვილი.
კულტურის მკვლევრის თქმით, თერგდალეულების მოძრაობა ჯერ კიდევ არ არის სწორად გააზრებული და აღქმული.
„ამ პერიოდის საზოგადო მოღვაწეების მიგნება და ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ უნდა შექმნილიყო დასავლური ყაიდის საზოგადოება, რომელიც დაეფუძნებოდა შეწყნარების დოქტრინას. შეწყნარება, ეს იყო ერთი მხრივ დასავლური გამოცდილება და მეორე მხრივ, შეწყნარება, როგორც ქართველების ისტორიულად განპირობებული თვისება.
აქცენტი იმაზე კი არ კეთდებოდა, რომ ყველას ყველა ეყვარებოდა და ყველასთვის ყველა მისაღები იქნებოდა, არა. მთავარი აზრი იყო, თუ როგორი იქნებოდა ურთიერთობები საზოგადოების ჯგუფებს შორის და როგორი იქნებოდა ურთიერთობები მოქალაქეებს შორის.
მიუხედავად განსხვავებებისა, განსხვავებული აღმსარებლობისა, განსხვავებული კულტურული თუ ეთნიკური წარმომავლობისა, ყველას უნდა ეცხოვრა ერთ საზოგადოებაში და უნდა ესარგებლა თანასწორი უფლებებით.
ყველა უნდა ყოფილიყო ადამიანად დაფასებული. ეს სულისკვეთება ჩანს მაშინ, როდესაც ილია ჭავჭავაძე ილაშქრებს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. როცა ილია ილაშქრებს ცრუ მორწმუნეობის წინააღმდეგ და რწმენის წინააღმდეგ, რომ მაგალითად, ებრაელები იყენებდნენ ქრისტიანი ბავშვების სისხლს რიტუალური მიზნებისთვის.
ეს დამოკიდებულება ჩანს სერგეი მესხის დაუღალავ მცდელობებში, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ იგივე სისხლის გამოყენების რიტუალზე არსებული წარმოდგენები, დაუსაბუთებელი და მოგონილი ამბები იყო და არ შეიძლებოდა ამ ცრურწმენას გადაჰყოლოდა ადამიანების ცხოვრება.
ეს მცდელობები ჩანს მაშინ, როდესაც ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი არწმუნებენ საზოგადოებას, რომ რელიგიური უფლებები არის ხელშეუხებელი, ეს არის სინდისის საქმე და არანაირად არ შეიძლებოდა რელიგიური პროზელიტიზმი ქართველი მუსლიმების მიმართ, რომლებიც მაშინ ცხოვრობდნენ ახლადშემოერთებულ საქართველოში, როგორც მაშინ უწოდებდნენ ბათუმს, ზემო აჭარას თუ ართვინის მხარეს.
არწმუნებდნენ მთავრობას, რომ დაენიშნათ ისეთი საჯარო მოხელეები, რომლებსაც ეცოდინებოდათ ქართული ენა, ეცოდინებოდათ ადგილობრივი ადამიანების რწმენა-წარმოდგენები, ადათ-წესები და ასევე ექნებოდათ ისლამის შესახებ ცოდნა, რომ ნდობა დამყარებულიყო ადგილობრივ მოსახლეობას და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.
პატრიოტობა ამ ადამიანებისთვის მიწის სიყვარული კი არ იყო, არამედ ეს იყო ადამიანების სიყვარული,“- ამბობს მიხეილ მეფარიშვილი.
კულტურის მკვლევრის თქმით, როდესაც აჭარა საქართველოს შემოუერთდა რუსეთის იმპერიის ფარგლებში, მაშინდელმა საზოგადო მოღვაწეებმა დიდი როლი შეასრულეს ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.
„ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, სერგეი მესხი და კიდევ სხვა მრავალი ინტელექტუალი, განსაკუთრებული სახელებია. ისინი ამკვიდრებენ შემწყნარებლობის პრაქტიკას, შემწყნარებლობის დოქტრინას, როგორც პოლიტიკას. მათ არავითარი თანამდებობა არ ჰქონდათ. ეს ადამიანები არაფრიდან ცდილობდნენ შეექმნათ პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავდა ჩვენ ცხოვრებას. ეს იქნებოდა ევროპულ, ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული, სადაც განსხვავებების მიუხედავად ყველა ერთად თანაცხოვრობს, ყველა იბრძვის, საერთო სამშობლოს წინსვლისთვის,“ – ამბობს მიხეილ მეფარიშვილი.
„ყოველი სენი რუსეთისა ჩვენც უსათუოდ გადმოგვედება ხოლმე, ყოველი მისი ჭირი ჩვენ ჭირადაც იქცევა ხოლმე. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, იგივე არ ითქმის სიკეთის შესახებ. ბევრი სიკეთე რუსეთისა ჩვენ სიკეთედ არ ქცეულა, ბევრი რეფორმა კავკასიონის ქედს ვერ გადმოსცილებია. ეს ქედი, ადვილი გადმოსალახავი ყოველი ცუდისთვის, გამოუვალ საზღვრად შეიქმნება ხოლმე სიკეთის გადმონერგვისთვის,“- ეს სიტყვები იაკობ გოგებაშვილმა დაწერა, 1905 წელს თავის სტატიაში „უდიდესი დღის ვარმები“.
კულტურის მკვლევრის თქმით, საუკუნეზე მეტი გავიდა ამ ტექსტის დაწერიდან და კავკასიონის ქედი, ისევ ვერ გადმოლახა „ვერანაირმა სიკეთემ“ რუსეთის მხრიდან.
„ეს სტატია ეხება რუსეთის იმპერიაში პარლამენტის დაარსების საკითხს და მის გარშემო მსჯელობის ნაწილია. იაკობ გოგებაშვილი ცდილობს, გარკვეული საზღვარი გაავლოს საქართველო რუსეთს შორის. რუსეთი, რუსი ჩინოსნების აზრით, იყო კავკასიის მშვიდობის გარანტი და ცივილიზაციის შემომტანი. თუმცა იმპერიის როლი ქართველ ინტელექტუალებს, მათ შორის იაკობ გოგებაშვილს, წარმოჩენილი აქვს უარყოფითად.
ქართველი ინტელექტუალები იბრძოდნენ იმ ნარატივების წინააღმდეგ, რომელიც ქართველებს და მთლიანად კავკასიის მცხოვრებლებს უნერგავდა, რომ რუსეთის გარეშე არაფერს წარმოადგენდნენ. თითქოს რომ არ ყოფილიყო რუსეთი, კავკასიელები ერთმანეთს ამოხოცავდნენ.
იაკობ გოგებაშვილი კი ამბობდა, რომ პირიქით, რუსეთს არც თუ ისე სახარბიელო როლი აქვს, რომ რუსეთის გარეშე ქართველები და კავკასიელები ძალიან კარგად ცხოვრობენ და ერთმანეთს პატივს სცემენ,“ – ამბობს მიხეილ მეფარიშვილი.
კულტურის მკვლევრის თქმით, როდესაც ვამბობთ, რომ ის, რაც ეროვნულია, არის ევროპული, პირველ რიგში ამაზე მიუთითებს სიტყვა „თვითმოქმედება“ და მისი მნიშვნელობა მე-19 საუკუნის საქართველოში.
„ხსნა ჩვენი თვითმოქმედებაში და ერთობაშია… ხალხი თვითმოქმედებით არის მხოლოდ ძლიერი და ნაყოფიერი სულით, თუ ხორცით,“ – წერდა ილია ჭავჭავაძე.
„თვითმოქმედება“ – ეს სიტყვა მოქალაქეების აქტიურობასთან, თვითორგანიზებასთან იყო დაკავშირებული და ეს იდეა აძლევდა მე-19 საუკუნის ქართველს რწმენას, რომ ცვლილებები აუცილებელია, სასურველია და მათი მიღწევა შესაძლებელია მოქალაქეების აქტიურობით.
ეს აქტიურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ვთქვათ ეყიდათ ქართული გაზეთი, ყოფილიყვნენ გამომწერები. რომ ქართულ გაზეთებს ჰქონოდათ შემოსავალი და ის იდეები, რომელიც ვრცელდებოდა გაზეთების საშუალებით, გავრცელებულიყო მოსახლეობაში.
ევროპული ერები ასე ჩამოყალიბდა. გაზეთებით და საგამომცემლო საქმიანობით ნაციონალიზმის იდეები, ერის ეროვნულობის იდეები გავრცელდა ფართო ფენებში. ამ იდეებს, როგორც წესი, ერის ინტელექტუალები ქმნიდნენ.
ისეთები, როგორიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი და სხვები. ამათი იდეებიც, გაზეთების საშუალებით ვრცელდებოდა. ესეც ასევე ევროპული გამოცდილებაა, რომელიც გადმოიღეს ქართველმა ინტელექტუალებმა.
საქართველო სულ ცდილობდა, რომ ევროპისთვის ფეხი შეეწყო. სწორედ თვითმოქმედება, თვითორგანიზება იყო საშუალება, რითაც შეეძლო საქართველოს თავი დაეღწია რუსეთის იმპერიაზე დამოკიდებულებისგან. ამიტომ ამბობს ილია ჭავჭავაძე, „სხვის იმედად ყოფნა, არის ქვიშაზე აშენებული სახლი, რომელსაც არ აქვს საძირკველი და რომელსაც უმცირესი გამოწვევაც კი დაანგრევსო“.
მე-19 საუკუნის ბოლოს ილია ამბობდა, რომ ბოლო „იმ 80 წლის განმავლობაში, საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ჩვენი მდგომარეობა არ შეცვლილა. არ გაუმჯობესებულაო. ჩვენ არ გვქონია უკეთესი განათლება, არ მოგვიგვარებია ბევრი პრობლემა, ეს იმიტომ, რომ ჩვენ მივიძინეთ, რუსეთის იმედად ვართ“.
ილიას აზრით, თვითმოქმედება იყო გასაღები იმისთვის, რომ ერი აღორძინებულიყო. ეს თვითმოქმედების მაგალითები ზუსტად ევროპიდან გადმოჰქონდათ. აიღეს ჩეხეთის მაგალითი, რომლებმაც დააარსეს საისტორიო საზოგადოება, ლატვიელების მაგალითი, რომლებმაც დააარსეს გაზეთები და ჟურნალები. შოტლანდიელები, რომლებმაც დააარსეს სკოლები და იზრუნეს საგანმანათლებლო სისტემის გამართვაზე.
ეროვნული ენის დაცვაც სრულად დაკავშირებული იყო ევროპულ გამოცდილებასთან. იმიტომ, რომ ევროპაში მცხოვრები მცირე ერები, რომლებიც ცხოვრობდნენ იმ პერიოდში და იბრძოდნენ თვითგადარჩენისთვის, მაგალითი იყო ქართველებისთვის.
ეროვნული ენისთვის ბრძოლა ჩვენ გვგონია, რომ ეს აქ დაიწყო და სხვას არავის არ ჰქონია პრობლემა. ყველა დაპყრობილ ერს, რომელიც ასევე ევროპაში ცხოვრობდა, ჰქონდა ენის გადარჩენის საკითხი.
ამიტომ ისეთი ეროვნული საქმე, როგორიც იყო ენის გადარჩენა და ენის განვითარება, იყო სრულიად ევროპულ პრაქტიკაზე დაფუძნებული. რომ არ ყოფილიყო ეს ევროპული მაგალითები, აქ მოუწევდათ მოგონება ან რაღაც სხვა გამოსავლის ძიება.
მაგალითად, იაკობ გოგებაშვილი როდესაც იცავს ქართული ენის ინტერესებს, ასაბუთებს, რომ სკოლებში დაწყებითი განათლება უნდა მიიღონ ბავშვებმა ქართულად, ქართულ ენაზე. ის იშველიებს ევროპული პედაგოგიკის პრინციპებს, ევროპულ ცოდნას ეფუძნება და ამბობს, რომ თუკი ეროვნულ ენაზე დაფუძნებული განათლება წარმატებულია შოტლანდიის მაგალითზე, საქართველოში, სადაც რუსულს იზეპირებენ მოსწავლეები, არავითარ სარგებელს არ იძლევა. იმიტომ, რომ ეს ცოდნა, რასაც იღებენ თავს მოხვეული ენით, არის უსარგებლო და არ ახდენს გავლენას მოზარდ თაობაზე“, – ამბობს მიხეილ მეფარიშვილი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-თან ურთიერთობები მომავალი წლიდან გაუმჯობესდება. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება დამოკიდებულია უკრაინაში ომის დასრულებაზე. უკრაინაში ომი კი, კობახიძის აზრით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უფრო ადრე დასრულდება. ამავდროულად, კობახიძე ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაერთვება.
რას ემსახურება რეალურად მსგავსი განცხადებები და რა მიზანი აქვს „ოცნებას“? – ამ თემაზე „ბათუმელები“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
ბატონო კახა, რა ლოგიკას ეფუძნება კობახიძის განცხადებები, თქვენი აზრით, როცა ამბობს, რომ ომის შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობები ჩვეულებრივად დალაგდება?
ლოგიკაზე რთულია საუბარი, მაგრამ აშკარაა, რომ ეს საარჩევნო განცხადებებია.
ჯერ ერთი, ვთქვათ, რომ კობახიძემდე ეს ბიძინა ივანიშვილმა თქვა. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველთვის ცდილობენ გაიმეორონ და განავითარონ ის ფრაზები, რასაც წარმოთქვამს მათი ლიდერი. ამიტომ შეიძლება თავად კობახიძესაც არ ესმის, რატომ თქვა ეს ივანიშვილმა და ვერც შეეკითხება ამას. მაგრამ თავის მოვალეობად თვლის, რომ გაიმეოროს.
მეორეა ის, რომ თავისთავად უნდათ რაღაცით გაამართლონ ეს პოლიტიკა და ეს მდგომარეობა, როდესაც ყველამ ზურგი შემოგვაქცია – ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, რუსეთის გარდა, რომელიც არ ვიცით, სინამდვილეში რა პოზიციაზე დგას და რას გვიპირებს, მაგრამ ამ ყველაფრის გამართლება სჭირდებათ წინასაარჩევნოდ, მოქალაქეები რომ დაარწმუნონ, თითქოს კარგად იციან რას აკეთებენ.
ეს არის ახალი, თუმცა სინამდვილეში ძველი მიდგომა, იმიტომ, რომ საბჭოთა დროინდელია. ეს მიდგომა გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს არაფერს უხსნი, ძალის პოზიციიდან, საქმეში უფრო ჩახედულის პოზიციიდან ლაპარაკობენ, რომ პარტიამ ყველაფერი იცის, რომ ბელადი ბრძენია და რასაც იტყვის, ისე იქნება.
აი, ამ პოზიციებიდან არის ეს განცხადებებიც, თორემ სხვა არავითარი არგუმენტი არ მოჰყვება, ხომ?
რატომ შეაქებენ „ოცნებას“, იმის გამო, რომ დასავლეთს დაუპირისპირდა და ომი რომ დამთავრდება, მადლობას ეტყვიან, რომ თურმე, ესენი ყველაზე უფრო შორს იხედებიან და წინდახედული ხალხია?
ეს არის დაახლოებით ჩრდილოეთკორეული რიტორიკა და პრინციპში, კომუნისტური. ტოტალიტარული რეჟიმის გამონათქვამებია, იმიტომ, რომ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე უნდა ენდო ბელადს და მის გუნდს.
რომ თითქოს ისინი დღე და ღამე ფიქრობენ ქვეყანაზე, ხალხზე, რომ თურმე არსებობს „იმპერიის საიდუმლოებანი“, არსებობს ასეთი გამოთქმა საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის ის, რასაც ვერ გათქვამს მმართველი ძალის ლიდერი, რაც მათ იციან.
ამ „საიდუმლოებით“ ფუთავენ დასავლეთთან დაპირისპირებას?
დიახ. უნდა წარმოაჩინონ, რომ თითქოს დასავლეთთან ურთიერთობის ამბავი არის საიდუმლოებით მოცული, ხალხს ვერ გაანდობენ, ამიტომ მათ უნდა ვენდოთ, რადგან მათ დამსახურება აქვთ, რადგან ხალხს მოაშორეს ბაყბაყდევი, „ნაცები“, რომლებიც მოსვენებას არ აძლევდნენ და ასე შემდეგ. ეს არის პრინციპში მათი „არგუმენტი“.
როგორ შეაფასებთ იმ განცხადებებს, რომელიც იანვარში უკრაინის ომის დასრულებაზე გააკეთა კობახიძე/ივანიშვილმა და ასევე განცხადებას, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს არჩევნებში, „ქვეყანას ომში ჩაითრევენ“. რამდენად ლოგიკურია დასრულებულ ომში ქვეყნის ჩათრევა?
ის, რომ თუ რესპუბლიკელები მოვლენ, მალე დამთავრდება ომი ან თუ არ მოვლენ, მაინც დამთავრდება, არის სუფთა რუსული ნარატივი, რომელიც გულისხმობს რას – თუ მოვლენ „რესპუბლიკელები“, შესაბამისად, ტრამპი მოელაპარაკება რუსეთს, უკრაინას აღარ მიაწვდიან იარაღს და უკრაინა დამარცხდება, გამოაცხადებს კაპიტულაციას ან მოლაპარაკებებზე წავა.
თუ ვთქვათ, „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, ცოტა დიდი ხანი გაგრძელდება უკრაინის ბრძოლა, მაგრამ რუსეთი მაინც მოიგებს – ამას ამბობს „ოცნება“.
ანუ „ოცნების“ განცხადებების ქვეტექსტი ყველა შემთხვევაში არის ის, რომ რუსეთი იმარჯვებს ომში?
დიახ, სხვანაირად წარმოუდგენელია, რადგან ფიქრობენ, რომ თუ ტრამპი მოვა, უფრო „ჭკვიანურად“ მოიქცევა დასავლეთი და რახან რუსეთს დაუთმობს, ჩვენც დაგვითმობენ. გვეტყვიან, კარგია, რომ საერთოდ გვერდზე გადექით. ხალხიც დაინახავს, რა ჭკვიანები ვიყავით. აი ეს არის „ქართული ოცნების“ დისკურსი.
საერთოდ, პოლიტიკა და დისკურსი განსხვავებული რამეა, ხომ?! პოლიტიკა არის ქმედება, რაღაც მიზნამდე სიარული, მაგრამ აქ პოლიტიკისგან დაცლილი პროპაგანდისტული დისკურსია.
კობახიძეს შეახსენეს, რომ „მეგობარი“ აქტის ინიციატორი არის რესპუბლიკელი, რომელმაც „უხეირო დიქტატორი“ უწოდა ივანიშვილს. ამიტომ, რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოება წამოეგება მათ დემაგოგიას?
იმედი კი არ აქვთ იმის, რომ ვთქვათ „რესპუბლიკელები“ რომ მოვლენ ნამდვილად დამთავრდება ომი. და საერთოდ როგორ დამთავრდება, ეგეც არავინ იცის. თუმცა ძალიან არასასურველია ტრამპი, რადგან არაპროგნოზირებადია და მაინც და მაინც არ გულშემატკივრობს უკრაინა. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას მოინდომებს ამერიკელი ხალხი. მარტო ტრამპი ვერ გადაწყვეტს ამას.
ან რატომ აქვთ იმედი, რომ როცა ყველაფერი დასრულდება, „ოცნებას“ ვინმე გადაუსვამს თავზე ხელს?! იგივე ტრამპის პარტიაში უამრავი კრიტიკოსი ჰყავს საქართველოს უკვე და სულ არ შედის ამერიკის პოლიტიკაში ასეთი ანტიდასავლური რეჟიმის აღმოჩენა შუა კავკასიაში.
ამიტომ, აქ მთავარია არა ის, რა მოხდება, არამედ რა უნდა ეგონოს ამომრჩეველს.
ამათთვის მთავარია ხელისუფლების შენარჩუნება და თუ ეს შეძლეს, დასავლეთთან მიმართებაში იმოქმედებენ სიტუაციიდან გამომდინარე. თუ მომგებიანი იქნება, ისევ მოახდენენ რუსეთთან დისტანცირებას, თუ არა, დასავლეთს, ჩინეთსა და რუსეთს შორის რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ მოძებნონ ბალანსი, რასაც რეალურად ვერ მოძებნიან.
ირანში გახშირებული ვიზიტები რას ემსახურება. ფაქტია, რომ ეს არ შედის არც დასავლეთის და არც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში?
ვიღაცამ დაარწმუნა ბიძინა ივანიშვილი, რომ მოდის დრო, როცა გეოპოლიტიკა ყველაზე მთავარია. სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. აქეთ თურქეთია, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება გეოპოლიტიკური, – არავითარი ღირებულებები, მით უმეტეს დემოკრატიული – ნელ-ნელა იკლებს; იქეთ არის აზერბაიჯანი, რომელიც ასევე არადემოკრატიულია და ყველა მეზობელი ასეთია. რუსეთი საერთოდ ტოტალიტარულია.
რეგიონში ჩვენც გავხდებით ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო, როცა დემოკრატია კი აღარ იქნება ჩვენთვის მთავარი, არამედ გეოპოლიტიკა და შემოსავლები.
ხალხს დავაწყნარებთ იმით, რომ შემოსავალი ექნებათ. ასე ფიქრობენ.
საიდან ექნება ხალხს შემოსავალი, როცა მალე რუსული კანონი ამოქმედდება და დაიწყება დევნა სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანების ალბათ დიდი ნაწილის, ვისთვისაც ევროინტეგრაციაა მნიშვნელოვანი. ეს ხომ კიდევ უფრო გაზრდის ემიგრაციის მასშტაბს?
„ოცნებას“ აქვს ასეთი აზრი, რომ ვინც წასასვლელია, უნდა წავიდეს. ანუ ვინც დემოკრატიის განვითარებაზე, თავისუფლებაზე და ხალხზე ფიქრობს, ისინი სჯობს წავიდნენ აქედან და ჩვენ გავხდებით ტოტალიტარული ქვეყანა, რომელიც ივაჭრებს დასავლეთთან, აღმოსავლეთთან, ჩინეთთან და ასე შემდეგ. შემოვუშვებთ რაც შეიძლება მეტ მიგრანტს, რომ პოლიტიკურად ნაკლებად აქტიური საზოგადოება გვყავდეს და თუ აქედან წავა ხალხის დიდი ნაწილი, ამდენივეს შემოიყვანენ რუსეთიდან.
მაგრამ ეს ხომ ფაქტობრივად ნიშნავს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოშლას, თუნდაც დემოგრაფიული ან კულტურული გაგებით?
თავისთავად. ამიტომ არის ამდენი უკმაყოფილება ქვეყანაში და რისკები იზრდება, მაგრამ ეს „ოცნებას“ არ ადარდებს. მათ ადარდებთ რამდენი ფული, რამდენი ტურისტი შემოვა ან რამდენი მიგრანტი დასახლდება აქ.
ესე იგი, ივანიშვილის ხელისუფლებას ანტისახელმწიფოებრივი მიზნები აქვს?
„ქართულ ოცნებას“ არ აქვს სახელმწიფოებრივი მიზნები. მათ აქვთ პარტიკულარისტული მიზნები. პარტია სულ უფრო ემსგავსება რაღაც სინდიკატს.
აქ იმაზეც არის საუბარი, რომ თუ ერი, როგორც ასეთი, არ მაძლევს საშუალებას ვაკეთო ბიზნესი, მაშინ სჯობს ეს ერი დაკნინდეს. ეს არ არის ნაციონალისტური პარტია, ტყუილად ასაღებენ თავს ხან კონსერვატორებად და ხან სოციალისტებად, რეალურად, მათ პოლიტიკური იდეოლოგია არ გააჩნიათ.
აქვთ ძალიან პრაგმატული ინტერესი და ფიქრობენ, რომ ეს ინტერესები რაღაცნაირად დააბალანსონ ბიზნესის გამო. რაც მეტად გახსნიან ქვეყანას, გადააქცევენ გზაჯვარედინად, სადაც ყველანაირი ბიზნესი შემოდის და გადის. სინამდვილეში კი ასე არ მოხდება, რადგან თუ ქვეყანა იქნება ავტორიტარული, აქ იქნება კორუფცია და ყველაფერი მოხვდება მაფიის ხელში, არა მგონია, ამან ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი იდეალები 90-იანი წლებიდან იყო ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევითი დემოკრატია უნდა იყოს ქვეყანაში, ერთი პოლიტიკური ჯგუფი უნდა შეიცვალოს, მოვიდეს ახალი და ქვეყანა მიდიოდეს უკეთესობისკენ.
როდესაც ერთი ხელისუფლება რჩება უცვლელად, ეს ნიშნავს სტაგნაციას, ფესვების გადგმას გარკვეული ჯგუფის მიერ და შესაბამისად, არავითარი დემოკრატიული პროგრესი არ იქნება, ხომ?!
ფაქტია, რომ „ოცნებას“ ევროატლანტიკური და ევროპული მიზანი არ აქვს, თუმცა გაბედეს და თავიანთ საარჩევნო გერბზე ევროკავშირის დროშა დაახატეს. ეს ხომ აღმაშფოთებელია საერთოდ. ორსახიანი იანუსია. ერთი ჯგუფისთვის ერთ სახეს აჩვენებს, მეორისთვის, – ვისაც ევროინტეგრაცია აინტერესებს, ევროკავშირის დროშას. ზუსტად ეს გააკეთეს – ორპირი იანუსი.
როგორ ფიქრობთ, თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მოახერხებს ასეთი დაზიანებული ურთიერთობის აღდგენას დასავლეთთან? ან ექნება კი დასავლეთს ჩვენს მიმართ იგივე ინტერესი, რაც აქამდე?
თუ ეს ხელისუფლება დარჩა, ჩვენი წინსვლა ევროპულ გზაზე, რა თქმა უნდა, არ იქნება. იმიტომ, რომ მათ სულ სხვანაირი ხედვა აქვთ.
თუ ოპოზიციამ მოახერხა გამარჯვება, არ იქნება მარტივი ძველი ნდობის მოკლე ვადაში აღდგენა დასავლეთთან. ეს არ გამოსწორდება ერთ-ორ თვეში. თუ ოპოზიციამ ძალიან კარგად იმუშავა, შესაძლოა რაღაც გამოსწორდეს 6 თვეში ან ერთ წელიწადში.
დააკვირდება დასავლეთი ახალ ხელისუფლებას, თუ გაატარებს იმ რეფორმებს, რომელსაც არ აკეთებს „ოცნება“. თუ გააკეთებს, მაშინ შეიძლება დადგეს ისევ ნდობის საკითხი და თქვან – მოდით, გავხსნათ მოლაპარაკებები საქართველოსთან.
ახლა იქნება საქართველოზე ევროკავშირის დასკვნა და ძალიან კრიტიკული დასკვნა იქნება, ალბათ გაჩერდება ყველაფერი. მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როცა ახალი დასკვნა დაიდება, იმედი მაქვს, ეს იქნება პოზიტიური და ჩვენ შეიძლება დავეწიოთ მოლდოვას და უკრაინას, არ არის გამორიცხული.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი: მოჩვენებითად დასაჯეს თავიანთი ზონდერები, ენმ-ს მომხრეები კი, მკაცრად დასაჯეს“, – ეს ადვოკატ დავით ჯაფარიძის შეფასებაა 2 გახმაურებულ საქმეზე, რაზეც უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებები უკვე მიიღო.
ორივე საქმე 2021 წლის ამბებს ეხება: „5 ივლისის საქმე“ და „ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის საქმე“. პირველ შემთხვევაში აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს სასტიკად სცემეს, აქციაზე ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, დააზიანეს ჟურნალისტების ტექნიკა და დაარბიეს ოფისები.
მეორე საქმეში კი დაზარალებულები, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ – უძლიერესი კაცები არიან.
არ მოგესმათ. ამ სახელწოდებით „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ წევრმა სამმა კაცმა 2021 წელს გამოძიებას უთხრა, რომ ქუთაისში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე სცემეს ბათუმიდან იმ დღეს ჩასულმა ძმებმა წულუკიძეებმა, ჭელიძეებმა და ელდარ ანთაძემ, ანუ იმ ადამიანებმა, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებენ და, მაგალითად, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2020 წელს წინასაარჩევნოდ არ შეუშვეს.
ორივე საქმეში ბრალდებულები სსკ-ის 225-ე მუხლის მიხედვით გაასამართლეს. ეს მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
განსხვავება ისაა, რომ სააპელაციო განხილვის ეტაპზე „5 ივლისის“ საქმეზე ბრალდებული ექვსეული სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკისრებულ მსჯავრში [ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა]. ასე მოხდა იმის მიუხედავად, რომ დღემდე არაერთი სამოქალაქო ორგანიზაცია მიუთითებს – „5 ივლისის საქმეში“ ჩანს ხელისუფლებასთან დაახლოებული „ალტ-ინფოს“ მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ორგანიზატორებიდან არავინ დასჯილაო.
ამ მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ორგანიზატორების დასჯა კი არა, ორგანიზებული საერთოდ არ ყოფილა ის, რაც ყველამ ერთად თბილისის ქუჩებში, 2021 წლის 5 ივლისს ვნახეთ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „5 ივლისის საქმეზე“ განაჩენი შეცვალა და მსჯავრდებულები სსკ-ის 118-ე მუხლით დასაჯა: „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება“. მსჯავრდებულები გასამართლდნენ დევნის, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლებითაც, თუმცა ყველაზე მკაცრ სასჯელს 118-ე მუხლი ითვალისწინებს – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ ამჯერად შეფარდებული „5 ივლისის საქმეზე“ მსჯავრდებულებს.
როცა „5 ივლისის საქმეზე“ 2023 წლის 16 იანვარს გადაწყვეტილება მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლომ და შემდეგ უზენაესმაც არაფერი შეცვალა, „წულუკიძეების, ჭელიძეების და ანთაძის“ საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ უზენაეს სასამართლოს სწორედ ამ საქმის შესახებ მისწერა, უკვე დადგენილია პრაქტიკა და „5 ივლისის საქმეში“ თუ არ იკვეთებოდა ჯგუფური ძალადობა, „ნამახვენჰესის“ აქციაში მით უმეტეს არსად ჩანდა ორგანიზებულობის ნიშნებიო.
„ჩვენ ვითხოვდით მსჯავრდებულების გამართლებას, ან თუ დაინახავდა სასამართლო დანაშაულის ნიშნებს, ეს შეიძლება მაქსიმუმ ცემა ყოფილიყო, ფიზიკური ძალადობა, არაფერი არ ადასტურებდა იმას, რომ ორგანიზებულად წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე თავს დაესხნენ ამ უძლიერეს მამაკაცებს,“ – გვიყვება ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
უზენაესი სასამართლოს განჩინებაში დავით ჯაფარიძის საპასუხოდ ეს ჩაუწერია:
„მსჯავრდებულ ელდარ ანთაძის ინტერესების დამცველი ადვოკატი დავით ჯაფარიძე პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი,“ – ჩაწერეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ნინო სანდოძემ [თავმჯდომარე], მერაბ გაბინაშვილმა და შალვა თადუმაძემ განჩინებაში.
თუმცა მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, რაც ამ ორ საქმის მასალებშია: რა სახის დაზიანებები მიიღეს აქციის მონაწილეებმა და ჟურნალისტებმა თბილისში 5 ივლისს და როგორ დაზიანდნენ უძლიერესი მამაკაცები „ნამახვანჰესის“ აქციაზე?
მაგალითად, „წულუკიძეების, ჭელიძეები და ელდარ ანთაძის საქმის“ მასალების მიხედვით, ერთ-ერთ უძლიერეს მამაკაცს – ავთანდილ ახვლედიანს „სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის [საგნების] ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად…
დავით ჭოხონელიძეს [ესეც უძლიერესი მამაკაცია] სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად“, – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
„5 ივლისის საქმის“ მასალებში კი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს შორის შეგხვდებათ ასეთი დასკვნაც:
„…სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია დაზარალებულის მხედველობის დაქვეითება და დაკარგვა, ასევე საერთო შრომისუნარიანობის მყარი – არანაკლებ 1/3-ით დაკარგვა,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
ზიანის ამ მასშტაბის მიუხედავად, „5 ივლისის საქმეზე“ მსჯავრდებულებს სასჯელი 5 -5 წლიდან პირიქით შეუმსუბუქდათ 4 – 4 წლამდე. „წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის“ საქმეზე კი, უზენაესმა სასამართლომ არაფერი შეცვალა: ძმებ წულუკიძეებს და ელდარ ანთაძეს ისევ 5 წლით მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა, ჭელიძეებს კი 4 – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ისინი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის იხდიან სასჯელს.
2023 წლის 28 ივლისს ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
„ნეიტრალური მოწმეებით ირკვეოდა ის, რომ პირიქით, ეს უძლიერესი კაცები დაახვედრეს აქციაზე წულუკიძეებს, ელდარ ანთაძეს და ჭელიძეებს, აქ რატომ მოხვედით, ქართული მიწა თათრების და ნაცების დასაცავი არ არის და დაუწყეს ცემა,“ – გვიყვება ადვოკატი დავით ჯაფარიძე და ამ საქმის ერთ-ერთ ვიდეომტკიცებულებასაც გვაჩვენებს იმის საილუსტრაციოდ, რომ ფიზიკური დაპირისპირებას სპონტანური ხასიათი ჰქონდა.
„ჯგუფური მოქმედებას თან ახლავს რბევა, ლეწვა, საზოგადოებაზე თავდასხმა, სად ჩანს აქ ეს?“ – კითხულობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
რის საფუძველზე ჩათვალა სააპელაციომ, რომ „5 ივლისის საქმე“ ორგანიზებული არ იყო?
„სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა აკაკი ნაკაშიძის, თორნიკე დავლაშერიძის, ცოტნე ჩიხლაძის, დავით კუტალაძის, გია გოგიაშვილის, ოთარ გელაშვილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის [სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება] ჩადენას,“ – ვკითხულობთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში „5 ივლისის საქმეზე“
პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ბრალდების ნაწილში მსჯავრდებულები: აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, დავით კუტალაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი უნდა გამართლდნენ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა; ხოლო მეორე ნაწილით კრიმინალიზებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა.
ამდენად, საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ერთი მხრივ ადგილი აქვს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მეორე მხრივ კონკრეტული პირთა მონაწილეობას ამ ქმედებაში.
პალატა განმარტავს, რომ ჯგუფური ძალადობა აუცილებლად ორგანიზებული დანაშაულია.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება გამოიხატება არეულობის ადგილის შერჩევაში, მასობრივი არეულობის დროისა და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, პირთა ჯგუფის თავმოყრაში ამ ადგილას და სხვა. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა კი, შეიძლება გამოიხატოს არეულობის დროს ჯგუფისათვის მითითების მიცემაში, თუ კონკრეტულად რა ქმედება ჩაიდინონ მათ, მოწოდებაში არ შეწყვიტონ ძალადობა და ა.შ.
იმისათვის, რომ კონკრეტული პირი მიეცეს პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენის გამო, ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ არსებობდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი და რომ კონკრეტული პირი მონაწილეობას იღებდა ამ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქმედებაში.
ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა შეუძლებელია განხორციელდეს წინასწარი შეთანხმებისა და ჯგუფის მიერ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის, ორგანიზატორის ან ხელმძღვანელი პირის და მითითებების შემსრულებელ პირთა არსებობის გარეშე.
გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულები: აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, დავით კუტალაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი 2021 წლის 5 ივლისს იმყოფებოდნენ ქ.თბილისში, 9 აპრილის ქუჩა N3- ში მდებარე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისის შენობაში, თუმცა მათი ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი ვერ დადასტურდა. ისინი მოქმედებდნენ სპონტანურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე,“ – ვკითხულობთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ეს პოზიცია სრულად გაიზიარა უზენაესმა სასამართლომ.
მართალია, უზენაესი სასამართლო თავის განაჩენში ამბობს, რომ „5 ივლისის საქმისგან“ ჭელიძეების, წულუკიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში „ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან“, თუმცა განჩინებაში ვცერ ვიპოვეთ შესაბამისი დასაბუთება, რის გამო მიიჩნია უზენაესმა სასამართლომ „ნამახვანჰესის“ აქციაზე საქმე ორგანიზებულ დანაშაულთან გვქონდა?
კიდევ რა ჩანს საქმის მასალებიდან?
„2021 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, გუმათჰესის კასკადის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავთანდილ ახვლედიანი, დავით ჭოხონელიძე და გიორგი ბარჯაძე, ავთანდილ ახვლედიანის კუთვნილი „NISSAN X TRAIL“-ის მარკისა და მოდელის ავტომობილით მივიდნენ და შეუერთდნენ აქციას, სადაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანში, რიონის ხეობაში, თურქული კომპანია „ენკას“ მიერ, იჯარით აღებულ ტერიტორიაზე, „ნამახვანჰესის“ მშენებლობას,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში „წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის საქმეზე“
„გუმათჰესის დასახლებაში მდებარე თურქული კომპანია „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვა პირებთან ერთად ასევე მივიდნენ ელდარ ანთაძე, რეზო წულუკიძე, ფირუზ წულუკიძე, თორნიკე ჭელიძე, თამაზ ჭელიძე, ირაკლი ჭელიძე და გელა ჭელიძე.
…შუადღის საათებში, ავთანდილ ახვლედიანი, თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მყოფ რეზო და ფირუზ წულუკიძეებს მოუწოდა, დაეტოვებინათ საპროტესტო აქცია, ვინაიდან ისინი რეალურად არ აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას და ჰქონდათ სხვა ინტერესები, რასაც მათ შორის შელაპარაკება მოჰყვა.
აღნიშნული შელაპარაკებიდან რამდენიმე საათში, აქციის ქ. ქუთაისში გაგრძელების მიზნით, აქციის მონაწილეები, მათ შორის, ავთანდილ ახვლედიანი, დავით ჭოხონელიძე და გიორგი ბარჯაძე, ფეხით მივიდნენ გუმათჰესის კასკადის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ, ავთანდილ ახვლედიანის კუთვნილ ავტომობილთან.
…თავდაპირველად რეზო წულუკიძემ ავთანდილ ახვლედიანს მიმართა, თუ რატომ მოითხოვა მათი აქციიდან წასვლა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგ, რეზო წულუკიძემ, ელდარ ანთაძემ, ფირუზ წულუკიძემ, თორნიკე ჭელიძემ, თამაზ ჭელიძემ, ირაკლი ჭელიძემ და გელა ჭელიძემ, დაუდგენელ პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში სცემეს ავთანდილ ახვლედიანს, დავით ჭოხონელიძეს და გიორგი ბარჯაძეს, რომლებმაც განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ასევე მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. ასევე ფირუზ წულუკიძემ, ხელის დარტყმით, დააზიანა ავთანდილ ახვლედიანის ავტომანქანის წინა მხარეს განთავსებული მცირე ზომის სარკის ხუფი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
ამ საქმეზე რეზო წულუკიძის და თამაზ ჭელიძის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ირაკლი შავაძე უზენაეს სასამართლოს ასევე წერდა, რომ უნდა შეფასებულიყო უტყუარი მტკიცებულება – თამაზ ჭელიძე საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ამას სატელეფონო ანძების მონაცემების ამონაწერიც დასტურდებოდა.
ამას გარდა, ირაკლი შავაძის შეფასებით, დაირღვა დაცვის უფლება, „ვინაიდან პირველი წარდგენის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საქმის გაცნობისა და მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენის მიზნით სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე. ნეიტრალური მოწმე ნიკა ნოზაძის ჩვენებით დგინდება, რომ შეხლა-შემოხლა სამ წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა, რაც ეწინააღმდეგება დაზარალებულ ავთანდილ ახვლედიანის ჩვენებას, რომ ინციდენტი 10 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
განჩინება ამ ჩანაწერით სრულდება:
„საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რეზო წულუკიძის, ფირუზ წულუკიძის, ელდარ ანთაძის, ირაკლი ჭელიძის, თამაზ ჭელიძის, თორნიკე ჭელიძის და გელა ჭელიძის მიერ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
„5 ივლისის საქმეზე“ კი, გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა მერაბ განინაშვილმა [თავმჯდომარე], ნინო სანდოძემ და რევაზ ნადარაიამ 2023 წლის 4 ივლისს მიიღეს. ვიდრე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები დაადგენდნენ, რომ „5 ივლისის საქმეში“ მსჯავრდებული ორგანიზატორების გარეშე მოქმედებდნენ, პროკურატურის ვერსიით და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქმე ჯგუფურ მოქმედებასთან გვქონდა, თუმცა გამოძიებამ თითქოს ვერ დაადგინა, ვინ იყო ამ ძალადობის ორგანიზატორი.
„2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე…. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, აქციის მონაწილეების, მათი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების მიმართ ორგანიზებულ იქნა ჯგუფური ძალადობა… მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დააზიანეს და გაანადგურეს მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები…“, – ეს იყო პროკურატურის ვერსიაა „5 ივლისის საქმეზე“.
„ა. ნ-ე, თ. დ-ე, დ. კ-ე, გ. გ-ი, ო. გ-ი და ც. ჩ-ე ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში,“ – ჩაიწერა უკვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში „5 ივლისის საქმეზე“.
„საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. ნ- ის, თ. დ-ის, დ. კ-ის, გ. გ-ისა და ო. გ-ის ბრალეულობას მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ც. ჩ-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ,“ – ვკითხულობთ უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელ ავდარზე აფრთხილებს.
31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.
აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში – ძალიან ძლიერი.
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სააგენტოს ცნობით, აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში საფრთხის დონე მაღალია, დანარჩენ ტერიტორიაზე – საშუალო.
დღეს, 30 ივლისს, იაპონიის ელჩმა საქართველოში, იშუძუკა ჰიდეკიმ, იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორი პროექტი გახსნა აჭარაში.
„აჭარაში ტყის ხანძრის საპასუხოდ და პრევენციისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა“ – ასე ეწოდება იაპონიის საელჩოს პროექტს, რომლის ფარგლებში, აჭარის სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით, შეძენილი იქნა მძიმე ტექნიკა აჭარის ტყის ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების პრევენციის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რაც დაახლოებით 361,000 მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოთი.
საელჩოს გრანტის ოდენობა 69,000 აშშ დოლარია.
ასევე, იაპონიის ელჩმა დღეს აჭარაში გახსნა საელჩოს მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი – „მანდარინის სათბურ-იზოლატორის მოწყობა აჭარაში“, რომლის ფარგლებში მოეწყო მანდარინის სათბურ-იზოლატორი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მანდარინის ნერგები გაშენდეს ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების შემცირებული გამოყენებით, რაც მცირე და საშუალო ფერმერებს გაუმჯობესებული, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის ნერგების მოყვანის შესაძლებლობას მისცემს.
გარდა ამისა, მანდარინის ხის მოსავლიანობა მესამე წლისთვის 40%-ით გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების შემოსავლის გაზრდას.
აჭარაში გამართული პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები პროექტის – „მაჭახელას ხეობა – მწვანე ენერგიის ზონა“ შედეგებსაც გაეცნენ.
ეს პროექტი გასულ წელს გასულ წელს, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავდა მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე უნიკალური კოლხური ტყეების ეკოსისტემის დაცვას და ტყის დეგრადაციის რისკის შემცირებას, რაც საწვავი შეშის გადაჭარბებული გამოყენებით, კლიმატის ცვლილებითა და გლობალური კრიზისებით არის გამოწვეული. კერძოდ, მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში დაინერგა განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები: მზის წყლის გამაცხელებლები და მზის პანელები. პროექტის შედეგებით, ხეობის 1350 მაცხოვრებელმა, ძირითადად ქალებმა ისარგებლეს. გრანტის ოდენობა 594 486 აშშ დოლარი იყო.
საქართველოში იაპონიის საელჩოს ცნობით, გრასრუტების საგრანტო პროგრამა (GGP) დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 216 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ აღნიშნული პროექტის ჩათვლით 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა.
სევასტოპოლში გამართული საყოველთაო რუსული ფორუმის – „რუსული სამყაროს“ მონაწილეებმა წარადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა „რუსი ხალხის – ბელარუსების, მალორუსებისა და დიდი რუსების – სამების“ აღიარების შესახებ; მათივე ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც ამ იდეის დისკრედიტაცია კანონით დაისჯება.
ინფორმაციას საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედიები და ცალკეული პროპაგანდისტები ავრცელებენ.
„თეთრ რუსებში“ იგულისხმება ბელარუსები, მალორუსებად უკრაინელ ხალხს მოიხსენიებენ, ველიკორუსებში კი თავად რუსი ხალხი მოიაზრება. მტკიცება, რომ უკრაინელები, რუსები და ბელარუსები ერთი ერია და ერთად წარმოადგენენ ე.წ. „სამსახოვან რუს ხალხს“ იმპერიალისტური იდეოლოგიით შექმნილი ცნებაა, რომლის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევიან, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ფორუმის მონაწილეთა აზრით, სამსახოვანი რუსი ესის იდეა არის „სულიერი, მორალური, კულტურული და ისტორიული ღირებულება“ – „სამსახოვანი რუსი ხალხი აერთიანებს საკუთარ თავში ველიკორუსებს, მალორუსებსა და ბელარუსებს, რომლებიც წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილებს. <…> რუსი ხალხის სამსახოვანება არის ძირითადი, მრავალსაუკუნოვანი ეროვნული ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებული, კანონით დაცული ტრადიციული რუსული სულიერ-მორალური და კულტურულ-ისტორიული ღირებულება“, – ნათქვამია დოკუმენტებში ახალი კანონის ინიციატივის შესახებ.
ინიციატივა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაწესებას „რუსი ხალხის სამსახოვნების“ იდეის დისკრედიტაციისთვის. კერძოდ, დისკრედიტაციაში იგულისხმება „რუსი ხალხის სამსახოვანების“ შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ან მისი საჯარო უარყოფა – რაც ითვალისწინებს ჯარიმას 1,5 მილიონ რუბლამდე, გამოსასწორებელ ან იძულებით შრომას, ან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
„თუ ეს ქმედებები ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში, მაგალითად, სამსახურებრივი პოზიციის გამოყენებით, მედიაში, ასევე პოლიტიკური, იდეოლოგიური, რასობრივი ან ეროვნული სიძულვილის ან მტრობის მოტივით, ინიციატივის ავტორები გვთავაზობენ ჯარიმას 3-5-მილიონამდე რუბლით, ასევე თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას 5-10 წლის ვადით. თუ ქმედებებს მძიმე შედეგები მოჰყვა, მაშინ ვარაუდობენ თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდას 10-15 წლამდე“, – იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია Tass.
ფორუმის მსვლელობისას გადაწყდა ჯგუფის შექმნა, რომელიც შეიმუშავებს ამ კანონპროექტს.
„სამუშაო ჯგუფის [შეხვედრა] შეიძლება ჩატარდეს სახელმწიფო საბჭოს კულტურისა და სულიერი და მორალური ფასეულობების კომისიის პლატფორმაზე, რომელსაც მე პრეზიდენტის სახელით ვხელმძღვანელობ“, – განაცხადა სევასტოპოლის გუბერნატორმა, მიხეილ რაზვოჟაევმა ფორუმის პლენარულ სხდომაზე.
რუსეთის სახალხო მსოფლიო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, Царьград ТВ-ს დამფუძნებელი კონსტანტინე მალოფეევი წერს, რომ დოკუმენტების პროექტები გადაეგზავნება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მთავრობას, ფედერალური ასამბლეის ორივე პალატას, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
იგი თავის ტელეგრამ არხზე აქვეყნებს რამდენიმე ძირითად პუნქტს ამ დოკუმენტებიდან, ესენია:
– „აღიარებულ იქნას სსრკ-ს დაშლა, როგორც მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. ასევე ის ფაქტი, რომ სამსახოვანი რუსი ხალხი დაყოფილია და აქვს გაერთიანების უფლება, რასაც რუსეთი ყველანაირად შეუწყობს ხელს.
– უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეებისთვის, რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციას ეროვნული, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით, მოხდეს რუსეთთან გაერთიანების უფლების აღიარება ცალმხრივი სეცესიის [გამოყოფის] საფუძველზე“.
შეკვეთილში „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგში ქართველი პედაგოგების მონაწილეობასთან დაკავშირებით, პარლამენტის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საქართველოს განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა.
დეპუტატმა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი პასუხი გუშინ, 29 ივლისს, ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
„სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ამასთან, არც ერთ ორგანიზაციას, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, არც აქტივობის ორგანიზებაში დახმარების და არც სკოლის ინფორმირების მიზნით სამინისტროსთვის არ მოუმართავს.
ამიტომ, მიმართეთ შესაბამის სამსახურებს“- წერს საქართველოს განათლების სამინისტრო დეპუტატს.
განათლების სამინისტროს პასუხი დეპუტატს შეკვეთილში „რუსული კლუბის“ ტრენინგებზე
შეკვეთილში „რუსული ენის პოპულარიზაციის“ მიზნით პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის გამართული ტრენინგების შესახებ სტატია „ბათუმელებმა“ 12 ივლისს გამოაქვეყნა.
ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ ტრენერები რუსული უნივერსიტეტებიდან, მათ შორის, ერთ-ერთი უნივერსიტეტი უკრაინის მიერაა სანქცირებული.
„ბათუმელებმა“ შს სამინისტროს და სუს-ს ჰკითხა, ამ სემინარის მონაწილე რუსეთის მოქალაქე ტრენერებს ხომ არ აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, თუმცა კითხვას არც ერთმა უწყებამ არ უპასუხა.
კითხვებზე არც განათლების სამინისტროში გვიპასუხეს, რომელსაც ასევე ვკითხეთ, თუ რატომ მონაწილეობდნენ ოკუპანტი ქვეყნის მიერ ორგანიზებულ რუსულ ტრენინგში საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები და ჰქონდათ თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია.
რუსულენოვანი წყაროების თანახმად, ამ სემინარებს წინა წლებში საქართველოში Россотрудничество აფინანსებდა. ეს არის ორგანიზაცია, რომლის ვებგვერდზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცალკე ქვეყნებად არის წარმოდგენილი.
როგორც დეპუტატი თეონა აქუბარდია წერს, მას „რუსული კლუბის“ ტრენინგების თაობაზე წერილობით მიმართული აქვს შსს-სა და სუს-ზეც და პასუხს, მიღების შემთხვევაში, ასევე გაასაჯაროებს.
„ხომ შეიძლება პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი იყოს?“ – ერთსა და იმავეს ითხოვენ მოქალაქეები ფეისბუქში კურორტ გომისმთაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ.
გუშინ, 29 ივლისს, კურორტ გომისმთაზე 10 წლის ბავშვი შეუძლოდ გახდა, ის ოზურგეთში ჩაიყვანეს და კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების თქმით, ბავშვს ანევრიზმა ჰქონდა.
გომის მთაზე დამსვენებლები და მოიალაღეები ყოველ ზაფხულს ადიან, აქ წლებია ითხოვენ პირველადი სამედიცინო პუნქტის მოწყობას, თუმცა უშედეგოდ.
„ნელ-ნელა გაკეთდება ყველაფერი, მიმდინარეობს განვითარება, გზა გაკეთდა წელს,“ – გვითხრა ოზურგეთის მერიის წარმომადგენელმა გომის მთაზე, შოთა ცინცაძემ. მან ვერ თქვა, კონკრეტულად როდისთვის განიხილავს ოზურგეთის მერია კურორტზე სამედიცინო პუნქტის მოწყობას.
გომის მთა
რაც შეეხება აჭარა-გურიის სხვა, საზაფხულო, მთის კურორტებს, კურორტ ბახმაროს ხელმძღვანელმა, მალხაზ გიორგაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სამედიცინო პუნქტი ბახმაროში პირველ აგვისტოს ამოქმედდება:
„ხელშეკრულების გაფორმებას ველოდებით, შევარჩიეთ სახლი, სადაც ამბულატორია იმუშავებს თვე-ნახევარი, შესაბამისი ინვენტარი უკვე შეძენილია,“ – გვითხრა მალხაზ გიორგაძემ.
კურორტ ბეშუმის ხელმძღვანელის, ემზარ ბოლქვაძის თქმით კი, ბეშუმში სამედიცინო დახმარების პუნქტი წლებია არსებობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში, გერმანელი ტურისტი, დაახლოებით 45 წლის კაცი, გველის ნაკბენით გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ, 29 ივლისს მოხდა.
როგორც მერის წარმომადგენელმა ჩაისუბანში, ჯუმბერ ყურშუბაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ტურისტი ჩაისუბნის ტყეში ოჯახთან ერთად იყო.
„მთის ასპიტი რქმევია ამ გველს, ყოფილა ჩვენს მთებში. გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა რომ ნახეს სურათი, თქვეს, ეს გველიაო.
ტყეში იყო, ფაქტობრივად, სასწრაფომ ვერ აუსწრო და გარდაიცვალა“- გვითხრა ჯუმბერ ყურშუბაძემ.
მას ვკითხეთ, რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა გველის ამ სახეობის შესახებ, რაზეც ჯუმბერ ყურშუბაძემ გვიპასუხა, რომ მთის ასპიტი ნამდვილად გვხვდება ამ რეგიონში და მასთან კონტაქტი არის რისკის შემცველი.
„ფოტოებზე რაც ნახეს, ხელში ჰყავდა აყვანილი გველი. ხელთათმანი კი ეკეთა ტურისტს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ დაიცვა. ალბათ ვერ იგრძნო, რომ უკბინა.
აქამდე არ ყოფილა აქ მსგავსი შემთხვევა. გადამფრენ ფრინველებს აკვირდებიან ამ ადგილზე, მაგრამ გველი რომ ვინმეს ხელში აეყვანოს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა“- გვითხრა ჯუმბერ ყურშუბაძემ.
2024 წელს, 6 თვის მონაცემების თანახმად, საქართველოში 179 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიით, მათგან 25 ადამიანი – აჭარაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად.
ამავე პერიოდში საქართველოში 3 356 ადამიანი დაშავდა ავტოავარიის შედეგად – ასეთია საქართველოს შს სამინისტროს სტატისტიკა 2024 წლის პირველ-მეორე კვარტალში საქართველოში მომხდარი ავტოავარიების შესახებ.
რეგიონული სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი ავარია მოხდა თბილისში, აჭარასა და იმერეთში.
სტატისტიკა მოცემულია იმ ავტოავარიების ჯამის შედეგად, რომელთა შესახებ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ივლისის 21 საათიდან 31 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა – ზოგან ძლიერი.
იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22 წმ-მდე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, პირველ აგვისტოს მოსალოდნელია ღამით წვიმა, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი – უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 577 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
ტანკი – 8 381 ერთეული [+25]
ჯავშანტექნიკა – 16 141 ერთეული [+38]
საარტილერიო სისტემა – 16 056 ერთეული [+46]
MLRS – 1 130 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 906 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 832 ერთეული [+27]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 406 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 21 687 ერთეული [+53]
სპეცტექნიკა – 2 696 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
631 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
28 692 უპილოტო საფრენი აპარატი
556 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 725 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 393 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 567 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 201 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
1937 წლის ივლისში იოსებ სტალინმა, რომელიც იმ დროისათვის იკავებდა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტს, სახალხო კომისარს, ნიკოლაი ეჟოვს დაავალა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში დაეწყოთ რეპრესიები.
რეპრესიები ეხებოდა ყველას, ვისაც საბჭოთა ხელისუფლება სისტემისთვის მიუღებლად მიიჩნევდა. 1937 წლის 30 ივლისს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნიკოლაი ეჟოვის ხელმოწერით გამოიცა ბრძანება №00447.
ეჟოვის ბრძანებაში დასაპატიმრებელი ადამიანები ორ კატეგორიად დაჰყვეს.
პირველი კატეგორიით ვისაც ასამართლებდნენ, ეს ნიშნავდა, რომ ამ ადამიანებს ხვრეტდნენ, ხოლო მეორე კატეგორიის მიხედვით დაპატიმრებულებს გადასახლებაში უშვებდნენ მრავალი წლით. გადასახლებულები ძირითადად შრომა-გასწორებით კოლონიებში ხვდებოდნენ, მათი ნაწილი იქვე იხოცებოდა მძიმე სამუშაო პირობების გამო.
ინტერნეტში, ღია წყაროებში ხელმისაწვდომია ეჟოვის ბრძანების ასლი. ამ ბრძანების თანახმად, ყველა მოკავშირე რესპუბლიკას (საბჭოთა კავშირი შედგებოდა ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკებისგან. ეს იყო წითელი არმიის მიერ ძალით გასაბჭოებული დამოუკიდებელი ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო).
ამ ბრძანების თანახმად, პირველივე ჯერზე საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში 5 ათასი ადამიანის კვოტა გამოიყო. აქედან 2 ათასი პირველი კატეგორიით უნდა გაესამართლებინათ, ხოლო 3 ათასი მეორე კატეგორიით, ანუ გადაესახლებინათ.
განსაკუთრებული სამეული ე.წ. ტროიკა
1937-38 წლებში დახვრეტილ ადამიანების დახვრეტის ოქმებს ხელს სულ რამდენიმე ადამიანი აწერდა.
„საქართველოში 1937 წლის 7 ივლისს ლავრენტი ბერიას ბრძანებით შეიქმნა განსაკუთრებული სამეული, რომლის წევრებიც იყვნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე აქვსენტი რაფავა, საქართველოს რესპუბლიკის პროკურორი ილარიონ ტალახაძე და მუშათა და გლეხთა მილიციის უფროსი შალვა წერეთელი.
განსაკუთრებულმა სამეულმა 1938 წლის ოქტომბრის ჩათვლით იმუშავა. მისი შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა.
აქვსენტი რაფავა მისმა შეფმა, საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა სერგო გოგლიძემ ჩაანაცვლა. ხშირად, როდესაც გოგლიძე ვერ ახერხებდა სამეულის სხდომაში მონაწილეობას, მას ანაცვლებდა შინსახკომის მეოთხე განყოფილების უფროსი ბოგდან ქობულოვი. სამეულის მუშაობაში, მისი შექმნის პირველი დღიდან ბოლო დღემდე, სრულად მონაწილეობდა სამეულის სხდომის მდივანი, შინსახკომის მე-8 განყოფილების უფროსი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მოროზოვი.
გოგლიძის და ბერიას მოსკოვში გადაყვანის შემდეგ სამეულის თავმჯდომარე კანდიდ ჩარკვიანი გახდა, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი,“ – ჰყვება ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი 1937-38 წლების საბჭოთა ტერორის აღმასრულებლების შესახებ.
სამეული საოცარი სისწრაფით მოქმედებდა. შედარებისთვის, დღეს, როცა ადამიანს რაიმე დანაშაულში დასდებენ ბრალს, სასამართლო მის საქმეს თვეობით, ზოგჯერ კი წლობითაც კი განიხილავს. 1937-38 წლებში კი ადამიანების ბედს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, განსაკუთრებული სამეულის ე.წ. ტროიკის მეშვეობით, წუთებში წყვეტდნენ.
ამის საილუსტრაციოდ და მასშტაბის აღსაქმელად ისტორიკოს დავით ჯიშკარიანს 1937 წლის ერთი კონკრეტული დღის ოქმი მოჰყავს.
„1937 წლის 21 დეკემბერს სამეულმა 350 ადამიანი გაასამართლა, აქედან პირველი კატეგორიით – 102, ხოლო მეორე კატეგორიით – 248 ადამიანი. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ სამეულის წევრებმა 24 საათიანი მუშაობის შემთხვევაში (რაც, რასაკვირველია, შეუძლებელი იყო) ადამიანის ბედის გადაწყვეტაზე საშუალოდ 4 წუთი და 11 წამი დახარჯეს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სამეულის მუშაობა ხშირ შემთხვევაში კონვეიერული პრინციპით ხდებოდა,“ – აღწერს „ტროიკის“ მუშაობის პროცესს ისტორიკოსი.
ბრძანება №00447-ის შედეგები
ისტორიაში დიდი ტერორის სახელით შესული პერიოდის შემოქმედი იყო იოსებ სტალინი და ასევე კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრები.
1937 წლის 30 ივლისს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნიკოლაი ეჟოვის ხელმოწერით გამოცემული ბრძანება №00447-ის საფუძველზე დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში.
განსაკუთრებულმა სამეულებმა ე.წ. ტროიკამ, რომელიც იყო არასასამართლო, არაკონსტიტუციური ორგანო, ათიათასობით ადამიანს სასამართლოს გარეშე გამოუტანეს დახვრეტის განაჩენი.
სხვადასხვა წყაროს ვარაუდით, 1937-38 წლებში მთელ საბჭოთა კავშირში დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი დააპატიმრეს, რომელთაგან 725 ათასი სასამართლოს გარეშე, ე.წ. სამეულების მიერ გამოტანილი განაჩენებით დახვრიტეს.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას დაწესებული ჰქონდა ლიმიტი, თუ რამდენი ადამიანი უნდა დაეპატიმრებინათ და დაეხვრიტათ.
1937-38 წლებში საქართველოში სტალინის სისხლიან რეპრესიებს ემსხვერპლა დაახლოებით 29 051 ადამიანი, აქედან 14 372 ადამიანი დახვრიტეს, ხოლო 14 679 პირი სხვადასხვა ადგილას გადაასახლეს.
საქართველოსთვის ასევე შედგენილი იყო ე.წ. სტალინური სია. ამ სიაში შედიოდა 3 600 ადამიანი. ამ სიიდან 3 500 ადამიანი დახვრიტეს, ასი ადამიანი კი გადაასახლეს.
სტალინის მიერ ხელმოწერილი სიების შესახებ, რომლითაც უდანაშაულო ადამიანები სიკვდილით დასაჯეს, პირველად 1956 წელს გახდა ცნობილი ნიკიტა ხრუშოვის მოხსენებიდან, რომელიც მან კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე წაიკითხა. თუმცა ეს სიები ამ მოხსენებიდან კიდევ 50 წელი არ იყო ხელმისაწვდომი მკვლევრებისთვის.
რატომ იცოდა სტალინმა ყველაფერი რეპრესიების შესახებ
იოსებ სტალინმა, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო, თუმცა თავს აიდენტიფიცირებდა როგორც რუსი, თავად შექმნა რეპრესიული სისტემა.
სტალინმა მისცა ბრძანება ნიკოლაი ეჟოვს, რომელი ბრძანებაც გახდა საფუძველი 1937 წლის სისხლიანი რეპრესიების.
სტალინის უშუალო ზედამხედველობით შეიქმნა არასასამართლო, არაკონსტიტუციური ე.წ. ტროიკა, რომელიც კონვეიერული სისტემით ანადგურებდა ადამიანებს.
არსებობს სტალინის მიერ ხელმოწერილი ათასობით დოკუმენტი – დასახვრეტთა სია, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში მცხოვრები ადამიანების.
დოკუმენტურად დადასტურებულია ამ სიებზე სტალინის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სტალინმა იცოდა, ვის ხვრეტდნენ და რატომ.
„სტალინური სიების მიხედვით, 1937-38 წლებში რეპრესირებული იქნა 3600 ადამიანი. მათგან 3500 – პირველი კატეგორიით, ანუ დახვრეტით და მხოლოდ ასი ადამიანი, ძირითადად ქალები, იყვნენ გადასახლებულები, რომელთა უმეტესობა დაიღუპა გადასახლებაში.
სტალინის სიებით ჩატარებული რეპრესიების მიხედვით, იყო ერთ-ერთ პირველ ადგილზე მოკავშირე რესპუბლიკებს შორის.
პროცენტულად, სტალინის სიებით, საქართველო იყო მესამე ადგილზე რუსეთის და უკრაინის შემდეგ. თუ გავითვალისწინებთ სტალინის სიების შეფარდებას პროცენტულად მოსახლეობის რაოდენობასთან, საქართველო იყო პირველ ადგილზე.
უკვე ამით შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში რეპრესიები აღწევდა უზარმაზარ მასშტაბს.
ეს იყო განპირობებული პირადად სტალინის დამოკიდებულებით ძველი ქართველი ბოლშევიკების და უშუალოდ ქართველი ხალხისადმი. მას სურდა მოესპო არამხოლოდ ძველი ქართველი ბოლშევიკები, არამედ ყველა ადამიანი, ვინც მათთან იყო დაკავშირებული: მათი ნათესავები, მეგობრები, მათ მიერ თანამდებობებზე დაწინაურებული ხალხი. მთლიანად, დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი იქნა განადგურებული საქართველოში სტალინური რეპრესიების დროს,“ – ამბობს საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორი გიორგი მამულია.
ოჯახების რეპრესიები
ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ რეპრესიებს ჰქონდა კოლექტიური ხასიათი.
„გასამართლებული ადამიანი კარგავდა საკუთრების უფლებას, მისი საკუთრება კონფისკაციას ექვემდებარებოდა. ჩამორთმეულ სახლებსა და ბინებში სხვა ადამიანებს ასახლებდნენ. პირად ნივთებს ხშირად სპეციალურ ადგილას ყიდდნენ, სადაც მათი შეძენის უფლება მხოლოდ შინსახკომის თანამშრომლების ოჯახების წევრებს (ძირითადად, მათ ცოლებს) ჰქონდათ. მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ გასამართლებულთა ოჯახის წევრებიც. ცოლებს, ქმრის დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, ასევე ასახლებდნენ შრომა-გასწორებით კოლონიებში. მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ შვილებიც“, – აღნიშნავს ისტორიკოსი.
ასიათასობით ადამიანის ცხოვრების განადგურების მიუხედავად, სტალინს არასდროს უღიარებია მისი დანაშაული. სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაცია დაიწყო სტალინის სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ. რეპრესირებულთა ცოცხლად დარჩენილი ოჯახის წევრები იღებდნენ ფარატინა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ მათი წინაპრების წინააღმდეგ წაყენებული ბრალი ანულირებული იყო.
სტალინური რეპრესიების შესახებ ცალკეული ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ “ბათუმელებზე”.
ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 65 321 ამომრჩეველი, იმიტირებულ კენჭისყრაში კი მონაწილეობა 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო (67,15 %).
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას, ასევე ჩატარდა გამოკითხვა, გაუადვილდა თუ არა ამომრჩეველს ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 27 684-მა ამომრჩეველმა, რომელთაგანაც 27 360-მა (98%) განაცხადა, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით გაუადვილდა კენჭისყრაში მონაწილეობა.
პროექტი 6 ივლისიდან დაიწყო და მისი მიზანი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო. ამომრჩევლები პირადად ეცნობოდნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდა. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებდა და პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.
საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობას უხდის პროექტის მონაწილე ყველა მოქალაქეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებსა და პროექტებს არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპად რეგულარულად განახორციელებს. ადმინისტრაცია გეგმავს აქტიურ ინფორმირების კამპანიას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ასევე, სექტემბერში, ყველა მუნიციპალიტეტში, იგეგმება სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური წარმომადგენლებისთვის.
ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის ინფორმირებულია 500 000-ზე მეტი ამომრჩეველი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ყველანაირი გრანტი მაქვს მინაღები, ყველანაირი დაფინანსება და მხარდაჭერა…“ – გვითხრა მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რუსულ კანონზე, რომლის წინააღმდეგაც დღეს, 29 ივლისს, უკვე მესამე სარჩელი საკონსტიტუციოში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეიტანეს.
პოლიტიკოსები რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვენ მანამ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ გზავნილი გაგვიმეორა. „სხვა ქვეყნის კარგი ინტერესების გატარება საქართველოში არ არის ცუდი,“ – გვითხრა მერაბ ტურავამ.
„თქვენც უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარი გამოდიხართ, მოგწონთ ეს სტატუსი? დარეგისტრირდებოდით აგენტების რეესტრში?“ – ვკითხეთ ჟურნალისტებმა მერაბ ტურავას მას შემდეგ, რაც მან გვითხრა, რომ ევროპიდან დაფინანსებას ისიც ხშირად იღებდა.
„მე ვიყავი პირველი იურისტებში, რომელიც ევროპაში წავედი 1989 წელს, ყველანაირი გრანტები მაქვს მინაღები, ყველანაირი დაფინანსება და მხარდაჭერა… წლების მანძილზე ვიყავი სტიპენდიატი, მქონდა პრემიაც და სხვადასხვა უცხოური დაფინანსება… იურისტებმა ჩემ შემდეგ დაიწყეს 90-იანი წლების დასაწყისში ვიზიტები, დაფინანსებები და ასე შემდეგ.
მე რუსული სამართლის იდეებს კი არ ვატარებდი, არამედ ევროპული სამართლის იდეებს ვატარებდი. სხვა ქვეყნის ინტერესი იყო ის, რომ საქართველო გამხდარიყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო.
მე ვატარებდი იმ ინტერესებს, რომ იმ ქვეყნის სამართლებრივი იდეები ჩემს ქვეყანაში დამენერგა. ესა თუ ის პიროვნება და ორგანიზაცია, როცა სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებული იდეების დანერგვას ახდენს თავის ქვეყანაში, ეს სწორია,“ – გვიპასუხა მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ რუსულ კანონში ანტიკონსტიტუციურს ვერაფერს ხედავს, თუმცა ირიბად ის თქვა, რასაც „ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, უცხო ქვეყნის ინტერესის გატარებაში დასამალი არაფერიაო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სარჩელამდე საკონსტიტუციოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა მიმართეს. მერაბ ტურავა ამბობს, რომ დიდი ალბათობით სამივე სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანდება.
თამარ კორძაიას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სარჩელის ერთ-ერთი ავტორის პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლომ მაქსიმუმ 3 სექტემბრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რუსული კანონის შეჩერებაზე, ვიდრე რუსული კანონი სრული ძალით ამოქმედდება და გამოუსწორებელი ზიანი დადგება.
სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას, ჟურნალისტებმა ვკითხეთ: შეაჩერებს თუ არა სასამართლო რუსული კანონის მოქმედებას მანამ, სანამ მოსამართლეები ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ?
„შეჩერება პირველ ორ სარჩელში არის და მესამეშიც იგივე მოთხოვნა იქნება, დარწმუნებული ვარ.
პირველ რიგში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი: არის თუ არა ეს სამი სარჩელი დასაბუთებული და რა ნაწილშია მისაღები წარმოებაში? ეს შეკითხვა როცა იქნება პასუხგაცემული, ამის შემდეგ მეორე საკითხია: იმ ნაწილში, რაში საკონსტიტუციომ საქმე მიიღო, ამ ნაწილში, ან ნაწილებში შესაჩერებელია თუ არა კანონი? მოგეხსენებათ, კანონის შეჩერება არის განმწესრიგებელი სხდომის შემადგენელი ნაწილი. ამ სხდომაზე წყდება წარმოებაში მიღება-არმიღების საკითხი, მეორე საკითხად კი, დგება შუამდგომლობის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების საკითხი.
რაც შეეხება თარიღს, თარიღი განისაზღვრება მოსამართლეების მიერ ერთობლივად, როცა ჩვენ შევიკრიბებით და როცა ყველა მოსამართლე იტყვის, რომ უკვე აზრი აქვთ ჩამოყალიბებული. მე უფლებამოსილი არ ვარ, კონკრეტული თარიღი გითხრათ, რადგან არ ვიცი ჩემი კოლეგების პოზიცია,“ – გვიპასუხა მერაბ ტურავამ.
დაიცავს თუ არა კანონს ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. მერაბ ტურავას შევახსენეთ, რომ რეზონანსულ და განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლო ხშირად არღვევს ვადებს.
მაგალითად, ფარული მოსმენების საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვის დასრულებიდან უკვე 5 წელია არ იღებს გადაწყვეტილებას, „უვადოდ მოსამართლეების გამწესების საქმეზე“ კი, სარჩელის შეტანიდან 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაიწყო საქმის არსებითი განხილვა.
კანონით გათვალისწინებულია კონკრეტული ვადა, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი უნდა განიხილოს. სარჩელის რეგისტრაციიდან სასამართლომ 9 თვეში უნდა განიხილოს საქმე. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეს ვადა შესაძლოა 2 თვით გახანგრძლივდეს. კანონით არაა განსაზღვრული, საქმის განხილვის დასრულებიდან რა ვადაში უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება.
„ვადები არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილების გამოცხადების, ისე, როგორც სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას აცხადებს მაშინ, როცა მზადაა გამოსაცხადებლად… გონივრული ვადა ნიშნავს იმას, რომ არ დაზიანდეს ინტერესები,“ – აღნიშნა მერაბ ტურავამ.
„მეტი რა უნდა დაზიანდეს, წლებია უკანონოდ გვისმენენ ყველას და თქვენ 5 წელი არ იღებთ გადაწყვეტილებას ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე. „სუსის ფაილებიც“ ამას აჩვენებს, რომ უსმენენ ყველას, ვისაც სუსი ჩათვლის საჭიროდ,“ – ვუთხარით მერაბ ტურავას.
„ამ საქმეში 600 გვერდია მხოლოდ ოქმი, ასევე მთელი კანონმდებლობა და სისტემაა გასაანალიზებელი, რომ საკითხი უშეცდომოდ და ძირფესვიანად იქნას გადაწყვეტილი. ეს საქმე [ფარული მოსმენები] დასრულებულია და მალე გვექნება გადაწყვეტილება,“ – კონკრეტული თარიღი ისევ ვერ დაგვისახელა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, თუმცა რუსულ კანონზე დასძინა.
„გადაწყვეტილება იქნება გონივრულ ვადაში მიღებული… გვესმის საზოგადოების ვნებათაღელვა, გვესმის პოლიტიკური გამოსვლების… არ ვაპირებთ იმას, რომ სარჩელი ერთობლიობაში გონივრულ ვადაში არ იქნეს განხილული,“ – თქვა მერაბ ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ რადგან სარჩელი უკვე შევიდა საკონსტიტუციოში რუსული კანონის წინააღმდეგ, ის ამ კანონს ვერ შეაფასებს.
„რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასება თქვენთვის, როგორიც ვენეციის კომისიაა? ვენეციის კომისიამაც ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია რუსული კანონი“ – „ბათუმელებმა“ ესეც ჰკითხა მერაბ ტურავას.
„თუნდაც ევროპელი პოლიტიკოსების გამონათქვამების, მათ შორის, ვენეციის კომისიის დასკვნის, ამ ეტაპზე კომენტირება არ შემიძლია, რადგან რომელიმე მათგანი, ან ყველა, მათ შორის, ვენეციის კომისიის დასკვნა, ჩვენი ანალიზის საფუძველი შეიძლება გახდეს.
მთავარი ის კი არ არის, რას ვფიქრობ მე, არამედ ის, თუ სარჩელში რა წარმოადგინეს მხარეებმა, რას ითხოვენ ისინი, რის გაუქმება უნდათ….“ – აღნიშნა მერაბ ტურავამ და ჟურნალისტებს ისიც გვითხრა, რომ რუსული კანონი წაკითხული აქვს.
„გაანალიზებულიც მაქვს და მოსაზრებებიც ჩამოყალიბებული მაქვს, მაგრამ ამის გამოხატვა წერილობით, ან ზეპირი ფორმით ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესებს“, – აღნიშნა მერაბ ტურავამ.
ჟურნალისტებმა მერაბ ტურავას ჰკითხეს, რუსული კანონის რუსულ ანალოგსაც თუ იცნობდა. ამ ნაწილშიც მერაბ ტურავას პასუხი „ქართული ოცნების“ ლიდერების გზავნილს დაემთხვა:
„ყველანაირი ვერსია წაკითხული მაქვს. შედარებითი სამართლებრივი ანალიზია, უნდა შევაჯეროთ და ვნახოთ არამარტო რუსული, არამედ ყველა ის სხვა ანალოგი კანონი, რომელიც მხარის და მხარეების პოზიციით…“ – სიტყვა ისევ გააწყვეტინეს მერაბ ტურავას, თუმცა ევროპელი პარტნიორების მკაფიო განცხადებებით, არავითარი ანალოგი რუსულ კანონს რომელიმე ევროპულ ქვეყანაში არ აქვს – რუსული კანონის ანალოგი მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ორბანმა მიიღო და ის მალევე გააუქმა ლუქსემბურგის სასამართლომ.
„…ჩვენ მივდივართ და კონსტიტუციაშიც გვაქვს დაფიქსირებული, საითაც არის ჩვენი ვექტორი, დანარჩენს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს,“ – დაგვემშვიდობა მერაბ ტურავა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას შეხვდა, რომელსაც ნატაშა როთჩაილდი ხელმძღვანელობს. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო.
ცესკოს თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და პროექტების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას უზრუნველყოფს. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების დანერგვაზე გააკეთა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, როგორც საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადება, ისე ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია, რომელიც არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო, აქტიურად მიმდინარეობს. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე გაითვალისწინა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციების უმეტესობა, მათ შორის განახორციელა მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი, გაიზარდა იმ საარჩევნო უბნების რაოდენობა, სადაც ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, ასევე აქტიურად ხორციელდება საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიები ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებისა და რეაგირების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა აქტუალურ საარჩევნო საკითხები განიხილეს და მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრის დასასრულს, ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორც ღია და გამჭვირვალე უწყებას, ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გასულ კვირას დაიწყო.
„კანონის სრულფასოვანი ამოქმედება, სანქციები იწყება 3 სექტემბრიდან. იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, სადაც შეჩერების საკითხი განიხილება,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია, პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რუსულ კანონზე, რომლის წინააღმდეგაც უკვე 3 სარჩელი შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში.
პრეზიდენტისა და სამოქალაქო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ დღეს, 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მიმართეს. ამ სარჩელის მთავარი მოთხოვნაც რუსული კანონის ანტიკონსტიტუციურად მიჩნევაა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ოპოზიცია ერთიანია საზოგადოებასთან და „ქართული ოცნება“ ამ პროცესშიც მარტო რჩება:
„ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, რადგან ვთვლით, რომ რუსული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას.
ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ამაზე ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ვდავობთ მთელი საქართველო სასამართლოში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვალდებულებას 78-ე მუხლის შესრულების კუთხით გაითვალისწინებს და მიიღებს დროებით ღონისძიებას, ამ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე,“ – თამარ კორძაიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც ავალებს ევროინტეგრაციის კურსის დაცვას.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი:
„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,“ – წერია საქართველოს კონსტიტუციაში.
სარჩელის მიხედვით, გასაჩივრებულია მთლიანად რუსული კანონი და არა რომელიმე მუხლი. მოსარჩელეები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მსგავსი კანონი დასავლეთის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს და ის პირდაპირ ეწინააღმდეგა საქართველოს კონსტიტუციას, რადგან კეტავს საქართველოს ევროპული განვითარების შესაძლებლობას.
ევროპის ქვეყნებიდან რუსული კანონის მსგავსი კანონი მხოლოდ უნგრეთმა მიიღო, თუმცა იგი მალევე გააუქმა ლუქსემბურგის სასამართლომ.
„მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ საქართველოს მთელი ახალგაზრდობა, საზოგადოების უმრავლესობა შეეწინააღმდეგა რუსულ კანონს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაეგონა ხელისუფლებას, რომ ამ კანონის მიღებით ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა კარგავს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს, „ქართულმა ოცნებამ“ არაფრად ჩააგდო, არც ახალგაზრდების, არც ოპოზიციის, საზოგადოების უმრავლესობის ხმა და მაინც მიიღო ეს კანონი.
ბუნებრივია, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, ვერთიანდებით და ვაპირებთ, რომ ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან ეს კანონი, პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ არღვევს ადამიანის უფლებებს, არღვევს ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ქვეყანას ფაქტობრივად უკეტავს ევროპისკენ მომავალს.
უმნიშვნელოვანესი მგონია ისევ საზოგადოების გვერდით დგომა,“ – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ.
ჯერ უცნობია, როდის დაიწყებს საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვას. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დღესვე ჟურნალისტებს უთხრას, რომ სარჩელები გაერთიანდება, კანონის მოქმედების შეჩერების საკითხი კი, მაშინ განიხილება, როცა მოსამართლეები ამისთვის მზად იქნებიან.
ბათუმისთვის ახალი M3 კატეგორიის საქალაქო ავტობუსების შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 648 ათას 402 ლარია, ანუ 25 ავტობუსის შესყიდვის მაქსიმალური თანხაა 16 210 050 ლარი. პირობა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გეგმური ფლობის კომპონენტებსაც ითვალისწინებს.
კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულისგან ავტობუსებს ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ შეისყიდის.
ავტობუსები უნდა იყოს: ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის; ახალი, არაუადრეს 2024 წლის გამოშვების; მარცხენასაჭიანი; ექსპლუატაციაში არმყოფი; მიწოდებისას გარბენი არაუმეტეს 3 000 კმ; ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.
ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის პირველ აგვისტოს დაიწყება და 2 აგვისტოს დასრულდება.
განახლება:3 აგვისტოს მდგომარეობით შესყიდვების სააგენტოს თურქული კომპანია otokar otomotiv ve savunma sanayi anonim sirketi ერთი ავტობუსის მიწოდებას 673 191 ლარად სთავაზობს. ეს არის ამ დროისთვის ყველაზე დაბალი ფასი და ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.
„მიმწოდებელი ვალდებულია არანაკლებ 10 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიწოდება განახორციელოს არაუგვიანეს 2024 წლის 10 სექტემბრისა, ხოლო დარჩენილი რაოდენობის მიწოდება არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრისა“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.
საგარანტიო პერიოდი კი განსაზღვრულია არანაკლებ 200 000 კმ გარბენი ან არანაკლებ 24 თვე [რომელიც ადრე დადგება].
„მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს ავტობუსის გეგმიური ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც პრეტენდენტის მიერ არ იქნება გათვალისწინებული გეგმური ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტ(ებ)ად“, – აღნიშნულია პირობაში.
რამდენიმე დეტალი ავტობუსის ტექნიკური პარამეტრებიდან:
„სიგრძე – არანაკლებ 11,5 მეტრი და არაუმეტეს 12,5 მეტრი
არანაკლებ 25 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით.
ადგილების კონფიგურაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
მგზავრების რაოდენობა სულ [მძღოლის დასაჯდომის გარეშე] – არანაკლებ 70 მგზავრი.
დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავა, არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ძრავა განთავსებული უნდა იყოს ავტობუსის უკანა ნაწილში.
ავტობუსს მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს 3 ასასვლელი. წინა და შუა ასასვლელებს არ უნდა გააჩნდეს საფეხურები, ხოლო უკანა კართან დასაშვებია საფეხურებიანი ასასვლელი.
ავტობუსების ჩამოყვანამდე და ჩამოყვანის შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია ჩაუტაროს ტექნიკურ პერსონალსა და მძღოლებს სწავლება-ტრენინგები, ავტობუსების ექსპლუატაციის, მართვასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
მიმწოდებელი ასევე ვალდებულია ავტობუსის ქარხნულ კომპლექტაციაში არსებული ყველა მოწყობილობა და ხელსაწყო მოაყოლოს ავტობუსს. ასევე დეტალურად აღწეროს იმ საცხებ საპოხი მასალებისა და საწვავის ტექნიკური მახასიათებლები მაჩვენებლები, რომელსაც იძლევა ქარხანა წარმოებულ სატრანსპორტო საშუალებაზე…“
ბათუმისთვის 25 ახალი ავტობუსისა და 100 მიკროავტობუსის შესაძენად ტენდერის გამოცხადებამდე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევდა.
„ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შესყიდვაზე ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში გაავრცელა ბათუმის მერიამაც და აღნიშნა, რომ ახალი ავტობუსების შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 30 მილიონ 219 ათას 500 ლარი იყო გათვალისწინებული.
100 ახალ მიკროავტობუსზე ტენდერი დასრულებულია და ავტობუსების შემოტანაც დაწყებულია.
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 მიკროავტობუსს ჯამში 15 944 800 ლარად იყიდის. ხელშეკრულება კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილ შპს „ჯი-თი მოტორსთან“ არის გაფორმებული.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტეოფილ ბარტოშევსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკას „ანტიევროპული, ანტიუკრაინული და ანტიპოლონური“ უწოდა. შესაბამისად, მან ორბანს ევროკავშირის დატოვება და პუტინთან ალიანსი შექმნა შესთავაზა.
ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს.
გამოცემა ეყრდნობა ონლაინ პორტალ Onet.pl-ს, რომელმაც პოლონელი დიპლომატის ციტატები 28 ივლისს გამოაქვეყნა.
„მე ნამდვილად არ მესმის, რატომ სურს უნგრეთს დარჩეს იმ ორგანიზაციების წევრად, რომლებიც მას ასე არ მოსწონს და რატომ არ ქმნის ის [ორბანი] ალიანსს ვლადიმერ პუტინთან და ამ ტიპის სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოებთან?“ – თქვა ბარტოშევსკიმ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა 27 ივლისს გააკრიტიკა ევროკავშირისა და მთელი დასავლეთის პოლიტიკა, ხოლო პოლონეთის პოლიტიკას „თვალთმაქცობა“ უწოდა. უნგრეთის მთავრობის მეთაურმა კვლავ შეაქო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქმედებები, გამოვიდა რუსეთის მხარდასაჭერად და თქვა, რომ უკრაინა სავარაუდოდ „არ გახდება ევროკავშირის ან ნატოს წევრი“.
გარდა ამისა, ორბანმა ვარშავა დაადანაშაულა ევროპაში ძალთა ბალანსის შეცვლაში „ბერლინ-პარიზის ღერძის ახალი, ლონდონ-ვარშავა-კიევი-ბალტიის-სკანდინავიური კონფიგურაციის სასარგებლოდ“. უნგრეთის პრემიერის თქმით, ეს იწვევს მისი ქვეყნის მნიშვნელობის შესუსტებას და იწვევს „პოლონეთის ძველი გეგმის“ განხორციელებას.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ უნგრეთი ჩამორჩება ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებს, განსაკუთრებით კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის წინააღმდეგ ბრძოლაში, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხებში. უნგრეთს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა წლის ბოლომდე, მუდმივად აკრიტიკებენ ევროკომისიის ანგარიშებში კანონის უზენაესობის შესახებ.
ამავე დროს, უნგრეთის ხელისუფლება უარყოფს ევროკავშირის კანონებს, მაგრამ ითხოვს გრანტებს COVID-19 დახმარებისა და თანაბარი შესაძლებლობების ფონდებისგან.
ევროკავშირმა ბუდაპეშტს 30 მილიარდი ევროს დახმარება გაუყინა, რადგან ქვეყანაში კორუფციის რეალური რისკია და უნგრეთის სასამართლოები დამოუკიდებლად აღარ მიიჩნევა.
_____________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/OLIVIER MATTHYS
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ შავიზღვისპირა კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს.
სააგენტო, როტაციის პრინციპით, გურიასა და აჭარაში – ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს.
სააგენტოს ცნობით, უკვე შეამოწმეს 150-მდე ბიზნესოპერატორი და ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა 10 ობიექტში, რის გამოც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ვადებს, ეტიკეტირებას, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, მიკვლევადობას.
სააგენტო აცხადებს, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, რასაც მოწმობს მომხმარებელთა გამოკითხვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური სახელმწიფო კონტროლის შედეგები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 576 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310]
ტანკი – 8 356 ერთეული [+12]
ჯავშანტექნიკა – 16 103 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 16 010 ერთეული [+74]
MLRS – 1 129 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 906 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 805 ერთეული [+39]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 406 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 21 634 ერთეული [+62]
სპეცტექნიკა – 2 690 ერთეული [+19]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
631 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
28 647 უპილოტო საფრენი აპარატი
556 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 714 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 392 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 535 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 178 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
შავი ზღვის ჯაზფესტივალს მესამე დღეს ყველაზე მეტი მსმენელი დაესწრო, საკონცერტო სივრცის შესასვლელში რიგები კონცერტის დაწყების შემდეგაც არ დასრულებულა. შეიძლება ითქვას, რომ ჯექსონებმა ყველაზე მეტი ოვაცია და აპლოდისმენტები დაიმსახურეს, მაყურებელი მათთან ერთად ცეკვავდა და ერთიანად უწყობდა ფეხს ყველა მოწოდებას: „ამყევით“, „ვიმღეროთ“, „ვიცეკვოთ“.
შავი ზღვის ჯაზფესტივალიფოტო: მანანა ქველიაშვილი
დამშვიდობების შემდეგ მაყურებლის უწყვეტი ოვაციის გამო ისინი დამშვიდობების შემდეგაც დაბრუნდნენ სცენაზე და კიდევ ორი ნომერი შეასრულეს. მათი გამოსვლისას დიდ ეკრანზე აჩვენეს მათი ბავშვობის ფოტოები და მაყურებელს მოკლედ უამბეს, როგორ დაიწყო მათი ჯგუფის ისტორია.
ჯექსონები ბათუმის ჯაზ ფესტივალზეჯექსონები ბათუმის ჯაზ ფესტივალზე
ჯექსონების შოუზე გაჟღერდეა ხუთივე ძმის, მათ შორის ჯერმინ და მაიკლ ჯექსონების მიერ შექმნილი ყველა ცნობილი მეგა ჰიტი, რომლებმაც დიდი ხანია მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა: “ABC”, “I Want You Back”, “I’ll Be There” და სხვა.
ჯექსონები, თავდაპირველად ცნობილი როგორც The Jackson 5, არის საკულტო ამერიკული პოპ და R&B ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა გარიშში, ინდიანაში. თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ ძმები ჯეკი, ტიტო, ჯერმეინი, მარლონი და მაიკლ ჯექსონი. 1960-იანი წლების ბოლოს ჯგუფმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ხმის ჩამწერ სტუდია Motown Records-თან დებიუტით და გახდა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი.
Jackson 5 აღმოაჩინა Motown-ის აღმასრულებელმა ბობი ტეილორმა და 1968 წელს ლეიბლს ხელი მოაწერა. მათი პირველი ოთხივე სინგლი, “I Want You Back”, “ABC”, “The Love You Save” და “I’ll Be There, ” მოხდა Billboard Hot 100 ჩარტში, რამაც ჯგუფი დაამკვიდრა, როგორც მთავარი ძალა მუსიკალურ ინდუსტრიაში. პოპის, სოულისა და R&B-ის მათმა ინფექციურმა ნაზავმა აუდიტორია მთელ მსოფლიოში მოხიბლა.