მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

დაფინანსდეს წინასწარი კვლევები, აღმოიფხვრას მედიკამენტების დეფიციტი – ონკოპაციენტები

08.07.2024 •
დაფინანსდეს წინასწარი კვლევები, აღმოიფხვრას მედიკამენტების დეფიციტი – ონკოპაციენტები

ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ ონკოპაციენტების ულიმიტო და ხელმისაწვდომი მკურნალობისთვის შეიმუშავა ონლაინ პეტიცია – „ონკოპაციენტების სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტით მკურნალობისთვის გამოიყოს საკმარისი დაფინანსება, ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან“. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების დაფინანსებასა და გამართვის ითხოვენ.  

მაგალითად, საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში არ შედის, წინასწარი კვლევები (მაგალითად, ბიოფსია, კატე, მრტ, პეტ კატე და სხვა). „დიაგნოსტირება საშუალოდ 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე ხარჯია. საჭიროა, ყველა კვლევის დაფინანსება, რასაც ექიმი (ონკოლოგი) საჭიროდ მიიჩნევს და ეს სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“, – წერენ პეტიციის ავტორები. 

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით  6-8 ათასია. [ჯანმო] პროგნოზირებს, რომ უახლოეს ოცწლედში დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომელთა შორის არის საქართველოც, პრევენციასა და მოვლის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობის გამო, კიბოს შემთხვევები 81 პროცენტით გაიზრდება.

პაციენტთა ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წერს, რომ მიუხედავად გასულ წლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ონკოლოგიური პაციენტებისთვის გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, ქვეყანაში სრულფასოვანი მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის – „ქვეყანაში ონკოლოგიური მედიკამენტების დეფიციტი და დაფინანსების სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებია. ვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას ეს პრობლემები“.

პეტიციის ავტორები ითხოვენ:

  • საქართველოში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის საყოველთაო დაზღვევით დაფინანსდეს (ონკოლოგის მიერ საჭიროდ მიჩნეული) წინასწარი, ანუ სადიაგნოსტიკო კვლევები (ბიოფსია, კატე, მრტ, პეტ კატე და სხვა), რომელთა ხარჯიც 10 000-15 000 ლარამდეა;
  • ასევე საყოველთაო დაზღვევაში არ შედის, გენეტიკურ-მოლეკულური ანალიზის (NGS) დაფინანსება, რაც ონკოლოგიაში გამოიყენება დიაგნოზის დასასმელად, დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებისა და ყველაზე ეფექტური თერაპიის შესარჩევად (მათ შორის, კიბოს ტარგეტული თერაპიისათვის);
  • დაფინანსდეს თანამედროვე იმუნოთერაპიის მედიკამენტები: OPDIVO, კრეიტუდა და ბევრი სხვა, „რომელიც თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით ენიშნება ონკოლოგიურ პაციენტს, თუმცა ჩვენი ქვეყნის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ აფინანსებს“ – წერია პეტიციაში;
  • გარდა ამისა, არ ფინანსდება, მკურნალობით გამოწვეული გვერდითი მოვლენების მართვა – აუცილებელია, მკურნალობის პროცესში გამოწვეულ გართულებათა მართვის სრულფასოვანი პროგრამები; დაფინანსდეს რემისიაში მყოფი პაციენტის აუცილებელი მონიტორინგი და გეგმური კვლევები.

კავშირი სიცოცხლისთვის: აუცილებელია, ყველა პროგრამით თანაბრად სარგებლობდნენ ნებისმიერი ასაკის ადამიანები, რადგან კიბო არ არის დაავადება, რომლის რისკ ჯგუფში, გარკვეული ასაკიდან შეიძლება მოხვდეს ადამიანი… ჩვენ, ხელმომწერები, მხარს ვუჭერთ ყველა ონკოლოგიური პაციენტის ყოვლისმომცველ და თანაბარ მკურნალობას, განურჩევლად მათი სოციალურ-ეკონომიკური წარმოშობისა და გეოგრაფიული მდებარეობისა საქართველოში.

ონკოპაციენტები ითხოვენ აღმოიფხვრას ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტი: „მუდმივი პრობლემაა, ონკოპაციენტების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტი, იმ მცირე ჩამონათვალის, რომელიც სახელმწიფო პროგრამით, ხელმისაწვდომი უნდა იყოს. პაციენტების და ონკოლოგების თქმით, დეფიციტი მუდმივი პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, რადგან სამინისტროს აქვს პაციენტების მონაცემები, სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტი მუდმივი პრობლემა არ უნდა იყოს ქვეყნისთვის“.

ასევე, ითხოვენ გამარტივდეს დაფინანსების მოთხოვნასა და მიღებასთან დაკავშირებული კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან: „პრობლემაა ის, რომ ცხელი ხაზი ფასიანია და დაფინანსების მოთხოვნა არ იგზავნება ელექტრონულად, რეფერალურ პროგრამაში. ჯანდაცვის ცხელი ხაზი უნდა გახდეს უფასო, დაფინანსების მოთხოვნა უნდა იგზავნებოდეს ელექტრონულად და დაფინანსებაზე პასუხი უნდა მოდიოდეს დროულად, არა უგვიანეს 3 დღისა. რადგან მკურნალობის წყვეტა პაციენტისთვის შეიძლება 3 დღე მხოლოდ“.

პრობლემაა, პაციენტისთვის პენსიის დანიშვნა, პირველი და მეორე სტადიის პაციენტებს არ უნიშნავენ პენსიას, რემისიაში მყოფი პაციენტების უმრავლესობას უუქმებენ დახმარებას. პენსიის ოდენობა 195 ლარიდან 315 ლარამდეა, რაც იმ ხარჯებს ვერაფრით გასწვდება, რაც სჭირდება პაციენტს. ამ მიზერული პენსიის იმედად გვტოვებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. პენსია, ხშირ შემთხვევაში, პაციენტის ერთადერთი შემოსავალია, რადგან უმეტესობას, ფიზიკურად არ შეუძლია მუშაობა, დაავადების გამო.

პეტიციის ადრესატია საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე პეტიციას ხელს აწერს 5000-დან 1546 ადამიანი. 

ფოტოებზე  ონკოპაციენტებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია  ჯანდაცვაში არსებული ხარვეზების გადაჭრის მოთხოვნით |2024 წელი, მარტი| წყარო: კავშირი სიცოცხლისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: