საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი გაედინება სხვადასხვა ქვეყანაში. კვლევები მოწმობს, რომ ასეთი ძლიერი ემიგრაციული ნაკადები ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია – დაბალანაზღაურებადი სამსახურები, უმუშევრობა. შშმ პირებისთვის ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს მათი საჭიროებების სისტემური გაუთვალისწინებლობა და ამის შედეგად სხვადასხვა აუცილებელ სერვისებზე ხელმიუწვდომლობა.
საქართველოდან 2022 წელს 54 509 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის იყო ალექსი წეველიძე, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ დამფუძნებელი. ის გერმანიაში წასვლის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, საქართველოში სოციალური და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობას ასახელებს: „როდესაც არ არის სხვა გამოსავალი, არ არსებობს გარანტიები, არ არსებობს კანონი – სხვა გზა არ არის“.
„ევროპაში, კერძოდ გერმანიაში ვიმყოფები მესამე წელია, 2022 წლის იანვარი რომ დადგა, მაშინ წამოვედი… საქართველოში, ინფრასტრუქტურულად, ჩემთვის გადაადგილება საფრთხის შემცველი იყო. არ მყავდა პერსონალური ასისტენტი, მე კი არა, ზოგადად, არ არსებობდა ასეთი ინსტიტუტი, ახლა დაიწყეს საპილოტე რეჟიმში [პროგრამა]… და ახლაც არ არის გამართული; ასევე, მიზეზი იყო საკანონმდებლო ხარვეზები და ჯანდაცვისა და განათლების სერვისების არარსებობა, რომლებიც ადამიანის განვითარებისა და ცხოვრებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ჰყვება ის.
ალექსი წეველიძე ამბობს, რომ ამ საკითხებზე ხმამაღლა საუბრისა და მათ მოგვარებაზე პასუხისმგებელი პირების საჯარო მხილების გამო, ის ირიბად არაერთხელ გამხდარა დევნის ობიექტი: „ვმუშაობდი შშმ პირთა საკითხებზე, TV12-ზე მიმყავდა გადაცემა „შენ შეგიძლია მეტი“, – შშმ აბრევიატურით, რომელიც ორიენტირებული იყო სწორედ იმ პრობლემების გაშუქებაზე, რომელიც ეხებოდა შშმ პირებს…
როდესაც მე ვსვამდი ლეგიტიმურ კითხვებს, ეს აღიზიანებდა სხვადასხვა ინსტიტუტში მოკალათებულ იმ პირებს, ვისი კომპეტენციაც ეს იყო და ვისაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ამის გამო, პირდაპირ არა, მაგრამ ირიბი გზებით იყო მითითებები, რომ გავჩუმებულიყავი, თორემ განსხვავებული აზრის გამო შესაძლებელი იყო შემქმნოდა რაიმე ტიპის პრობლემები. არ ვიცი რას გულისხმობდნენ. ჩემთვის ნებისმიერი ტიპის პრობლემის შექმნა საფრთხისშემცველია”.
ალექსი ამბობს, რომ შშმ პირთა უფლებებზე საუბარი თავიდან უსინათლოთა კავშირიდან დაიწყო, რომლის წევრობიდანაც იგი საბოლოოდ გარიცხეს კიდევაც; დღეის მდგომარეობით, ამ ორგანიზაციაში არსებულ კორუფციულ სქემებზე სასამართლო მსჯელობს, ამ საქმეზე პროკურატურამ მოკვლევა 2023 წელს დაიწყო. უსინათლოთა კავშირის წევრები მანამდე 10 წელზე მეტი უშედეგოდ ითხოვდნენ გამოძიების დაწყებას.
„უსინათლოთა კავშირიდან გამრიცხეს, ააგორეს შავი პიარი, ორგანიზაციის დელეგატებმა და გამგეობის სხდომამ შეიმუშავა აქტი, რომ გავირიცხე და არანაირი აპელაციის საშუალება მე შიგნით არ მომეცა. ეს გარიცხვის დოკუმენტი მე შევიტანე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც უარი მითხრეს სარჩელის განხილვაზე. მაშინ გადავწყვიტე, რომ საქართველოში არ იყო გარემო, სადაც მე შემეძლო მეპოვა სიმართლე“, – ჰყვება ის.
ალექსი ამბობს, რომ შშმ ადამიანებისთვის საქართველოში არაადაპტირებული გარემო, ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები პრობლემაა, რომელიც სერიოზულად ართულებს ცხოვრებას, როგორც სხვადასხვა სერვისებსა თუ სოციალურ ცხოვრებაზე ხელმისაწვდომობის მხრივ, ისე პირდაპირ უსაფრთხოების თვალსაზრისით:
„საქართველოში ყველგან საფრთხის შემცველია შშმ პირებისთვის გადაადგილება, უსაფრთხოს ნუ დაარქმევს ნურავინ, თუ სადმე 100-მეტრიანი ბილიკი გააკეთეს რელიეფის სისწორიდან გამომდინარე, მაგრამ იქ მდგარ ხეს, ან საკანალიზაციო ჭას ვერ აუარეს გვერდი. ეს არის [სახელმწიფო] ინსტიტუტებში მოკალათებული არაკომპეტენტური პირების ბრალი…”
მინდა მივმართო ჩვენს სახელმწიფოში იმ ხალხს, ვისაც პირდაპირ ევალება ადამიანის უფლებების დაცვა… ეს [გერმანიაში] არის გარემო ყველასთვის და ყველაზე მორგებული, აქ ადამიანები თავად კი არ ერგებიან გარემოს, აქ გარემო ერგება ყველას ინდივიდუალურად, მიუხედავად მისი წარმომავლობისა და შესაძლებლობისა.
ნახეთ, როგორ მოძრაობს უსინათლო გერმანიის ერთ ჩვეულებრივ სოფელში და თქვენ გააკეთეთ შედარება ჩვენს პრემიუმ ქალაქებთან, ე.წ. მეგაპოლისი რომ არის აშენებული და ამით თავს იწონებენ დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები. ყველა მათგანი ან ცხოვრობდა ან ერთხელ მაინც არის ნამყოფი – ბერლინში, მიუნჰენში, ევროპის პატარა ქალაქებსა, თუ სოფლებში“, – ამბობს ალექსი წეველიძე, „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ ვიდეოში, რომელიც გერმანიაში მატარებლით მგზავრობისას, შვილის დახმარებით ჩაწერა.
ბათუმში უსინათლოთა ბილიკი პირველად 2015 წელს, 855 გრძივ მეტრზე დაიგო. მომდევნო წლებში, ყოველი ახალი დაქტილური ბილიკის სიგრძე რამდენიმე ათას მეტრამდე დაგრძელდა. დღეს ქუჩებისა და ტროტუარების მოწყობის პროექტებში გათვალისწინებულია ადაპტირებული ბილიკების ჩაშენება, თუმცა უსინათლო და მცირედმხედველი მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს ბილიკები დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მაინც არ იძლევა – ბევრგან ადაპტირებული ბილიკი დაზიანებულია, მოულოდნელად წყდება, ზედ მანქანებია პარკირებული ან/და სხვა სახის ხელოვნური ბარიერია შექმნილი.
ალექსი ემიგრაციაში მეუღლესთან და 11 წლის შვილთან ერთად იმყოფება. ლუკას მხედველობის დაქვეითება აქვს და იმისთვის, რომ წერა-კითხვა გამართულად შეძლოს, დამხმარე ხელსაწყოები ესაჭიროება.
ალექსი ამბობს, რომ სხვადასხვა დამხმარე საშუალება ლუკას ოჩხამურის საჯარო სკოლაში სწავლის პერიოდშიც მიუტანეს, თუმცა ზოგი მათგანი გაუმართავი აღმოჩნდა, ზოგი კი არასწორად იყო შერჩეული და ლუკას საჭიროებას არ ერგება. ამის შესახებ “ბათუმელები”, 2021 წელსაც წერდა, ლუკა მეორე კლასში იყო.
„ჩემი შვილის საკითხი, რასაც მე ვებრძოდი, არის ის, რომ კომპეტენცია აკლია იმ პირებს [სახელმწიფო] ინსტიტუტებში, ვინც ამას უნდა აკეთებდეს. მშობელს უწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ იყოს სკოლა ადაპტირებული და მორგებული თავის შვილზე. ხუთჯერ მოუტანეს ჩემ შვილს წიგნის წამკითხველი აპარატი, ზოგი გაუმართავი იყო, ზოგი შეუსაბამო ლუკას საჭიროებისთვის.”
სოფელში, რეგიონის ნებისმიერ პერიფერიაში დაბადებული ბავშვი იმიტომ უნდა ჩავიდეს დედაქალაქში, რომ მას ადგილზე არ აქვს ზოგადი განათლების მიღების საშუალება. ეს მარაზმია. 21-ე საუკუნეში ისეთი მდგომარეობა არ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც პრეტენზიებია მაღალ იდეალებზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და იმ სერვისებზე, რაც ჩვენ ფურცელზე გვაქვს დაწერილი (რომელიც რეალობაში როგორც საჭიროა ისე არ ფუნქციონირებს).
ზოგადად შშმ თემში არსებული პრობლემები აქ არ იგრძნობა. როდესაც ლუკა სკოლაში დარეგისტრირდა იმ ქალაქში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და გაიარა ინტეგრაციის კურსი, განათლების სამინისტრომ პირველი შემოწმების შემდეგ, შეაფასა მისი საჭიროებები, გვითხრა, რომ ლუკას შესთავაზებდნენ საუკეთესო სერვისს და ასეცაა.
დღეს ლუკა იმ სკოლაში, სადაც უნდა დადიოდეს. დადის მანქანით, მას არავინ ეუბნება, რომ საიდანღაც არის ჩამოსული, მიღებულია ისე როგორც იქნება ადგილობრივი პიროვნება… სკოლაშიც სერვისები ისეთია, არ მაქვს შიში, რომ ლუკაზე ან მერხი ვერ იქნება მორგებული, ან წიგნი ვერ ექნება სწორად დაჭერილი… განათლების მიღების რომელიმე ეტაპზე, რაიმე პრობლემა შეექმნება. ფაქტობრივად, მე ამ საკითხზე ფიქრი არ დამჭირვებია”, – ამბობს ალექსი წეველიძე.
ალექსი ამბობს, რომ საქართველოს, ევროპის ქვეყნების მსგავსად, გამართული სოციალური პოლიტიკა ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას განვითარებაზე პრეტენზია ვერ ექნება.
„ნახონ ევროპის ქვეყნებში როგორ არის დაცული ადამიანების ღირსება… ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის და და პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს, შესაბამისი პირობები არის შექმნილი“.
სწორედ ამ მიზეზით, ალექსი წეველიძე გერმანიიდან აქტიურად აპროტესტებდა საქართველოში მიღებულ რუსულ კანონს: „საქართველოსთვის იზოლაცია არის დამღუპველი და აქედან გამომდინარე უნდა ვიდგეთ იმ მხარეს, სადაც არის სიმართლე, დემოკრატია, სადაც არის თავისუფლება, რათა ვუთხრათ უარი მონობას, უარი რუსეთს და კი ევროპას“, – თქვა ალექსიმ დრეზდენში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ყოველთვის ვფიქრობ ჩემ ქვეყანაში დაბრუნებაზე და არც აქიდან შემიჩერებია ბრძოლა”.