ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის საჯარო განხილვა ბათუმსა და ჭარნალში გაიმართება

08.08.2024 •
ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის საჯარო განხილვა ბათუმსა და ჭარნალში გაიმართება

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის[თურქეთის საზღვარი] საავტომობილო ახალი გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ანგარიშის განხილვა ბათუმსა და ჭარნალშია დაგეგმილი.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით, გზშ-ს ანგარიშის განხილვა გაიმართება:

  • 2024 წლის 11 სექტემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში [ლუკა ასათიანის ქ. N25]
  • 2024 წლის 12 სექტემბერს, 11:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის კულტურის სახლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

„პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა 131 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან 112 კერძოა – აქედან 63 რეგისტრირებული, 49 ლეგალიზებული. აღნიშნული კერძო ნაკვეთებიდან 64 სასოფლო-სამეურნეოა. პროექტი შეეხება 17 კომერციულ შენობას, 9 საცხოვრებელ სახლს, 1 კორპუსს 9 ბინით. აღწერის შედეგად გამოვლინდა 50 ზემოქმედების ქვეშ მოქცეული შინამეურნეობა, აქედან 18 შინამეურნეობა საჭიროებს ფიზიკურ განსახლებას“, – აღნიშნულია გზშ-ში.

გზშ-სთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარუდგინონ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითეთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].

მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს [ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა:
ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ].

გზშ-ს ანგარიშის განხილვის შემდეგ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ახალი ავტობანი დაიწყება ბათუმის სამრეწველო ზონაში [სადაც სპეციალური კვანძით დაუკავშირდება დღეს მშენებარე ბათუმის შემოვლით გზას], აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ] და დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას [აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება].

ბათუმი-სარფის ახალი გზის ის საპროექტო მარშრუტი, რომლითაც იგეგმება გზის მშენებლობა, თავის დროზე გააპროტესტეს სარფში. მოსახლეობა შიშობს, რომ ეს ვარიანტი საფრთხეს უქმნის სარფის პლაჟს და ითხოვდა გზა სხვა, ალტერნატიული მარშრუტით დაპროექტებულიყო.

საპროექტო გზის მარშრუტი უცვლელი დარჩა, გზების დეპარტამენტი კი, უკვე მომზადებულ გზშ-ს ანგარიშში პასუხად წერს, რომ „გზას სარფის პლაჟთან შეხება არ აქვს. სარფის სანაპიროს ტერიტორიაზე გზის გაყვანა არ ხდება“.

ვრცლად: ემუქრება თუ არა საფრთხე სარფის პლაჟს – ავტობანის პროექტი

გარემოს სააგენტოს მოთხოვნით, გზშ-ის ანგარიშში გზების დეპარტამენტს უნდა წარმოედგინა ასევე „ზემოქმედებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მფლობელების ინფორმირებისა და მათთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“

„მიწის ნაკვეთების მფლობელების, კომპენსაციის და შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სცილდება გზშ-ს ფორმატის მოთხოვნებს. აღნიშნული საკითხები განსახლების/მიწის შესყიდვის გეგმის და მისი შესრულების ნაწილია. გზშ-ში მოცემულია ზოგადი ინფორმაცია პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული საკუთრებების, პირების/ბიზნესების რაოდენობის შესახებ“, – აღნიშნულია გზშ-ში.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმი-სარფის ავტობანი 112 კერძო მიწაზე გაივლის და სარფის პლაჟს არ შეეხება – პროექტის გზშ მზადაა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: