მთავარი,სიახლეები

„შუამთობაზე“ 310 პოლიციელი იყო მობილიზებული – მათ კვებაზე 4 247 ლარი დაიხარჯა

08.08.2024
„შუამთობაზე“ 310 პოლიციელი იყო მობილიზებული – მათ კვებაზე 4 247 ლარი დაიხარჯა

„შუამთობის“ დღესასწაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 310 პოლიციელი ჰყავდა მობილიზებული. შუამთობა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ ბეშუმში, 2024 წლის 4 აგვისტოს გაიმართა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბეშუმში პოლიციელთა მობილიზებით შეიქმნა „გადაუდებელი აუცილებლობა დეპარტამენტის თანამშრომლების საკვებით, წყლით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყოფაზე“, რისთვისაც დაიხარჯა 4 247 ლარი.

„შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის პატაკის საფუძველზე დაგვევალა აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მობილიზებული სულ 310 თანამშრომლის საკვებით [საკვები პროდუქტის ნაკრებით] უზრუნველყოფა ერთი დღით, 2024 წლის 04 აგვისტოს.

გამომდინარე აქედან საჭირო იყო უმოკლეს ვადაში მომხდარიყო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა საკვებით, წყლით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება“, – წერს დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობით დახარჯული თანხის შეთანხმებას სთხოვს.

შესყიდვების პორტალის მიხედვით:

  • „საკვები პროდუქტის 1 ნაკრების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა – 13 ლარი და 70 თეთრი.
  • საკვები პროდუქტის ნაკრებში შევიდა: 1 ცალი ფენოვანი ხაჭაპური ყველით – 3,80 ლარი; 1 ცალი ბურგერი ყველით და ლორით – 4,50 ლარი; 1 ცალი ღვეზელი საქონლის ხორცით ფენოვან ცომში – 2,50 ლარი; 1 ცალი კოკა-კოლა (0,5 ლ) – 1,70 ლარი; 2 ბოთლი წყალი „მთის“ 0.5ლ – ერთეულის ფასი 0,60 ლარი, ჯამში – 1.20 ლარი.“

„თუ კი ვერ მოხდებოდა 2024 წლის „შუამთობა“-ს დღესასწაულთან დაკავშირებით, მობილიზებული თანამშრომლების საკვებით, წყლით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყოფა, ვითარება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს. ასევე, პოლიციელებს ხელი შეეშლებოდათ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების სრულფასოვან შესრულებაში“, – წერენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან შესყიდვების სააგენტოს.

შუამთობაზე ბეშუმში იმყოფებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოსა და აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 

მთავარი ფოტო: „შუამთობა 2024“, ბეშუმი / ხულოს მერიის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: