მთავარი,სიახლეები

ბათუმის ინკლუზიური დასი ქალაქის მერს, არჩილ ჩიქოვანს მიმართავს

06.08.2024 •
ბათუმის ინკლუზიური დასი ქალაქის მერს, არჩილ ჩიქოვანს მიმართავს

ბათუმის ინკლუზიური დასი ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის სახელზე ღია მიმართვას ავრცელებს.

საქმე ეხება ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასის დაფინანსებას, რომელიც, დასის ინფორმაციით, უშუალოდ მათთვის იყო განკუთვნილი, მერიამ კი ტენდერზე გაიტანა და სხვა ჯგუფს მოაგებინა.

ბათუმის ინკლუზიური დასის კოლექტივი ირწმუნება, რომ ტენდერში გამარჯვებულ ჯგუფს შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია.

ბათუმის ინკლუზიური დასი 2019 წლიდან მოქმედებს და ამ დრომდე დადგმული აქვს 10-მდე წარმოდგენა. დასის წევრები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და შეზღუდვის არ მქონე ახალგაზრდები, რაც დასის ინკლუზიურობის განმაპირობებელია. დასს ამჟამად 90-ზე მეტი წევრი ჰყავს.

„როცა მივხვდით, რომ ამ დასს უბრალოდ სჭირდებოდა განვითარება და ეს არ იყო ერთჯერადი პროექტი, 2023 წელს ჩვენ შევედით მერიაში და უშუალოდ ჩვენი დასისთვის ვთხოვეთ დაფინანსება ბათუმის მერს. ამაზე თანხმობა განაცხადა, არამარტო ბათუმის მერმა, არამედ კომისიამ და საბჭოს გადაწყვეტილებით ჩვენ მოგვაკუთვნეს დაფინანსება.

ეს დაფინანსება არ გვითხოვია ჩვენ პირადი განკარგვისთვის. ვთხოვეთ, რომ რომელიმე აიპ-ისთვის დაემატებინათ, თუნდაც კულტურის ცენტრისთვის – საზაფხულო თეატრისთვის, რომლის შენობაც ნაწილობრივ ადაპტირებულია, რაც ჩვენთვის აუცილებელია. მაგრამ დაფინანსება იმ წელს ვერ მოხერხდა, რადგან დებულება ვერ შეიცვალა საზაფხულო თეატრის და ვერც ერთ სხვა ორგანიზაციას ვერ მიგვაკუთვნეს“, – ჰყვება დასის ხელმძღვანელი, ნატალია გალოგრე.

მისივე განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ, ბიუროკრატიის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყდა, რომ დაფინანსების საკითხი ტენდერზე გაეტანათ.

„ღია წერილის დაწერის აუცილებლობამდე მოვედით, რადგან დასის არსებობა საერთოდაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა: საფრთხეს წარმოადგენს დასის დაფინანსებაზე გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც დაინტერესებულია სრულიად არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური კომპანია“, – ვკითხულობთ დასის მიმართვაში.

ნატალია გალოგრე ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებული ჯგუფის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია.

ბათუმის მუდმივ მოქმედი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების ოქმი დასმა დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა, რის შედეგადაც საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა [პრეტენდენტის მიერ წარდგენილი კოლექტივის რამდენიმე წევრის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილში]. მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიამ გადაწყვიტა, რომ გაფორმდეს ხელშეკრულება.

ნატალია გალოგრე ამბობს, რომ დასი ამ საკითხზე სასამართლოში აპირებს დავას.

„ვაცნობიერებთ, რომ სატენდერო პროცესი კონკურენციისა და მუნიციპალური/სახელმწიფო ხარჯების ეკონომიკურად გახარჯვის შესაძლებლობაა, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთან, გამოუცდელობასთან და სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისების მცდელობასთან: წლებია, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენეთ ბათუმის ინკლუზიური დასი…“ – წერია მიმართვაში.

ბათუმის ინკლუზიური დასის ხელმძღვანელი ნატალია გალოგრე არ გამორიცხავს, რომ მერიის მიერ მათი კოლექტივის კომპეტენციის გაუთვალისწინებლობა და მათთვის გამოყოფილი დაფინანსების სხვა ჯგუფისთვის გადაცემა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მის აქტივობას უკავშირდებოდეს.

_____

ამავე თემაზე:

ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: