მთავარი,სიახლეები

კაცის მანქანა საჯარიმოზე დგომით დაზიანდა, მან პროკურატურას უჩივლა და კომპენსაციას მიიღებს

05.08.2024 •
კაცის მანქანა საჯარიმოზე დგომით დაზიანდა, მან პროკურატურას უჩივლა და კომპენსაციას მიიღებს

კაცმა, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, პროკურატურას სასამართლო დავა იქეთ მოუგო.

შემთხვევა ასეთია: მოქალაქე ი. გ. ავარიაში მოყვა, იგი „მერსედესით“ პირუტყვს დაეჯახა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ავარიაში მოყოლილი „მერსედესი“ კი, გამომძიებლებს ავტოსადგომზე გადაუყვანიათ.

მაგრამ ი. გ. გამართლდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ის უდანაშაულოდ მიიჩნია და მას ავტომანქანაც დაუბრუნეს, თუმცა უკვე დაზიანებული. ი.გ.-მ გადაწყვიტა ზიანის ანაზღაურების მოტივით პროკურატურისთვის იქეთ ედავა სასამართლოში.

მას შემდეგ, რაც ამ საქმეზე უკვე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო, საქართველოს და აჭარის პროკურატურებმა ერთობლივად მოქალაქეს ქონებრივი ზიანისთვის 10 651 ლარი, ხოლო მორალური ზიანისთვის 2 000 ლარი უნდა გადაუხადონ.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავ ორგანოს ბიუჯეტის ხარჯზე ზიანის ანაზღაურება უწევს უკანონოდ დაწყებული დევნის გამო. უფლებადამცველები შეფასებით კი, როცა სამართალდამცველების მხრიდან უფლებების დარღვევის შემთხვევები დგინდება, სასამართლო, ხელისუფლების საწინააღმდეგო, საპროტესტო აქციების მონაწილეებისგან განსხვავებით, მსუბუქად სჯის შსს-ს და პროკურატურას, მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა გენერალურ პროკურატურას ბათუმელი გოჩა ბ.-ს სასარგებლოდ, რომელიც 7 თვე უკანონოდ იყო წინასწარ პატიმრობაში, იგი მორალური ზიანისთვის 10 ათას ლარს ითხოვდა.

ი.გ. გირაოს სანაცვლოდ გაუთავისუფლებიათ. ამ საქმეში მთავარი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც:

„ავტომობილს აღენიშნება უკანასკნელ პერიოდში ღია ცის ქვეშ დგომისთვის დამახასიათებელი კვალი, დაზიანებულია ოთხივე საბურავი [საბურავის დაზიანება გამოიწვია სავარაუდოდ ავტომობილის დიდ ხნით უმოძრაოდ დგომამ], ღია ცის ქვეშ, მზის სხივებზე დიდი ხნით ყოფნის შედეგად გახუნებულია ავტომობილის ძარის საღებავი, ბზარები შეინიშნება უკანა მარჯვენა და მარცხენა უკანა მაშუქ ფარებზე, ავტომობილის ხანგრძლივად დგომის გამო გაჭედილია ძრავის ამძრავი მოწყობილობა [ე.წ. „სტარტერი“].

ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტებში [სატრანსპორტო საშუალების მიღებისას გარეგნული დაზიანებების შესაბამის გრაფაში] მითითებული არაა ისეთი გარეგნული დაზიანებების შესახებ, როგორიცაა მაგალითად საბურავები და უკანა მაშუქი ფარები,“ – აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნებში.

„ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ ავტომობილი, რომელსაც ი. გ-ი მართავდა ავტოსაგზაო შემთხვევისას, წარმოადგენდა ნივთიერ მტკიცებულებას იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ბრალი წარედგინა მოსარჩელეს სსკ-ის 276.3 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. შესაბამისად, სპეციალურ ავტოსადგომზე ავტომობილი მთელი პერიოდის განმავლობაში განთავსებული იყო უკანონო ბრალდების გამო, რასაც საბოლოოდ ბრალდებულის გამართლება და მესაკუთრისთვის ნივთიერი მტკიცებულების [ავტომობილის] დაბრუნება მოჰყვა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსამართლეებს ნუგზარ სხირტლაძეს [თავმჯდომარე], ქეთევან ცინცაძეს და ბიძინა სტურუას მიუღიათ.

ი.გ.-ს ადმინისტრაციული სარჩელი პროკურატურის წინააღმდეგ 2022 წელს ნაწილობრივ დაუკმაყოფილებელია ბათუმის საქალაქო სასამართლოს – საქართველოს და აჭარის პროკურატურებს ი.გ.-ს სასარგებლოდ ქონებრივი ზიანის სახით გადასახდელად დაეკისრათ 6068 ლარი, წარმომადგენლის ხარჯისთვის – 2 000 ლარი, მორალური ზიანისთვის კი – 1000 ლარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წელს ამ საქმეზე ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელი თანხის ოდენობა გაიზარდა.

„სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა რეაბილიტირებული პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით ი. გ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გამამართლებელი განაჩენი თავისთავად წარმოადგენს გადაწყვეტილებას პირის რეაბილიტაციის თაობაზე, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, ანუ იწვევს მის რეაბილიტაციას. სკ-ის 1005.3 მუხლის საფუძველზე, რეაბილიტირებული პირისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესს აღარ შეუცვლია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აპელაციისთვის თავდაპირველად ისევ მოქალაქეს მიუმართავს და არა პროკურატურას. მას შემდეგ, რაც აპელაციამ პროკურატურას ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა გაუზარდა, პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა.

„საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება, როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის მიმართ ბრალდების წარდგენას, როგორც წესი, თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს – წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მთავარი ფოტო ბათუმელების არქივიდან

_____

ამ თემაზე:

რატომ აჯარიმებს სასამართლო მოქალაქეს 2000 ლარით, შსს კი მხოლოდ 500 ლარით

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: