მთავარი,სიახლეები

გარე რეკლამის განთავსების უფლება ბათუმის მერიამ 22-ე ბიჯით გაყიდა – აუქციონი „ალმამ“ მოიგო

07.08.2024 •
გარე რეკლამის განთავსების უფლება ბათუმის მერიამ 22-ე ბიჯით გაყიდა – აუქციონი „ალმამ“ მოიგო

გარე რეკლამის განთავსების უფლება ბათუმის მერიამ 10 წლის ვადით გაასხვისა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას 10 წლის ვადით მიიღებს. მყიდველი შპს „ალმაა“.

ინფორმაცია აუქციონში გამარჯვების თაობაზე კომპანიამ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.

2013 წლის ოქტომბრამდე კომპანია ცნობილი იყო „ალმა პლუსის“ სახელით. 2013 წლიდან კი ის „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. ეს ინფორმაცია „ვისოლ ჯგუფის“ ვებგვერდზეცაა განთავსებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ალმას“ ოფშორში, კონკრეტულად კი მალტაში დაფუძნებული კომპანია ფლობს.

კომპანიის დირექტორი გიორგი ტრაპაიძეა.

რეკლამის განთავსების უფლების საწყისი ფასი 17 მილიონ 830 ათას 496 ლარი იყო, ბიჯი – 534 ათას 914 ლარი. რეკლამის განთავსების უფლება კონკურენციის პირობებში 22-ე ბიჯით 29 მილიონ 558 604 ლარად გაიყიდა. ციფრები სოლიდურად გამოიყურება, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ სარეკლამო ბაზრის ექსკლუზიური უფლების მოპოვება მომავალში კომპანიას დიდ მოგებას მოუტანს: მხოლოდ ერთ საარჩევნო წელს კომპანია რამდენიმე მილიონის ამოღებას შეძლებს, რადგან არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის გამოჭიმვა ბილბორდზე თითქმის ყველა პარტიას სურს. ამ დროს კი სარეკლამო ბილბორდების ფასი ძალიან ძვირია.

პარტიების დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, შეგვიძლია იმის თქმაც, რომ თავად მმართველი პარტია არჩევნებზე რეკლამისთვის მილიონობით ლარს ხარჯავს. თვითმმართველობის არჩევნებზე განხილვის საგანი იყო ისიც, რომ ბათუმში ბილბორდების უმეტესობა „ოცნების“ კანდიდატებმა დაიკავეს. ოპოზიციამ კი მათი დაქირავება ვერ შეძლო.

ბათუმში გარე რეკლამის განთავსების უფლება შპს „აჯადს“ ჰქონდა გადაცემული, კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. „ბათუმელებმა“ ადრეც დაწერა, რომ ბათუმის გარე რეკლამის ბაზრის ათვისება „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულ კომპანია შპს „ალმას“ სურდა.

ბათუმის მერიას შპს „ალმასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით [ასზე მეტი მოსაცდელი]. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.

აუქციონში გამარჯვებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელი უფლებამოსილი იქნება, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ბათუმში გარე რეკლამის განთავსების საფასურის ოდენობა და სხვა პირობები. ნებართვის მოქმედების პერიოდში ნებართვის მფლობელს რჩება ასევე ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სრულად.

აუქციონში გამარჯვებულმა ნებართვის საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სანებართვო ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული არსებითი პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში, ბათუმის მერია ნებართვის მფლობელს აძლევს გონივრულ ვადას [არანაკლებ 90 დღე] დარღვევის აღმოსაფხვრელად.

დამატებით ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობას მერია განიხილავს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად.

მერიის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ნებართვა და ამ ნებართვაზე არსებული მესამე პირის უფლება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უქმდება. ამასთან, ნებართვის მფლობელს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: