მთავარი,სიახლეები

„2008 წელს, სააკაშვილის დარბევის შემდეგ, ჩვენი ხალხი და ქვეყნის ინტერესები დავიცავით“ – მედვედევი

08.08.2024
„2008 წელს, სააკაშვილის დარბევის შემდეგ, ჩვენი ხალხი და ქვეყნის ინტერესები დავიცავით“ – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, აგვისტოს ომს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მათი ხალხისა და ქვეყნის „ინტერესები იმ მახინჯი სააკაშვილის [მიერ განხორციელებული] დარბევის შემდეგ“ დაიცვეს.

მედვედევმა უკრაინაში მიმდინარე ომი 2008 წლის საქართველოს ომს შეადარა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გააჟღერა რუსული პროპაგანდის უცვლელი მესიჯი – ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.

მოსკოვის პოზიციით, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს. რუსეთმა კი, რომელიც „ოსი ხალხის დასაცავად დადგა“, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა იზიარებს რუსეთის ამ ნარატივს, რომ აგვისტოს ომი საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის „ავანტიურის“ შედეგია და ახლახან დააანონსა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომს „სამართლებრივად შეაფასებს“.

„2008 წელს ჩვენ დავიცავით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყნის ინტერესები იმ შეშლილი სააკაშვილის [მიერ განხორციელებული] დარბევის შემდეგ. მიმდინარე საომარი კამპანია ასევე დასრულდება რუსეთის უპირობო გამარჯვებით“, – დაწერა მედვედევმა.

7 აგვისტოს, 16 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის „აგვისტოს ომის“ დაწყებიდან. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აპრილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა 130 მილიონამდე ევრო უნდა გადაიხადოს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.

კომპენსაცია ნაწილდება სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, ძარცვის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის და სხვა მსხვერპლთა მიმართ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: