მთავარი,სიახლეები

სოფელი ერგნეთი აღდგენილია „უცხო აგენტების“ ფულით – ზურაბიშვილი

07.08.2024 •
სოფელი ერგნეთი აღდგენილია „უცხო აგენტების“ ფულით – ზურაბიშვილი
დღეს, 7 აგვისტოს, აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ერგნეთში ჩავიდა, 2008 წლის აგვისტოს მუზეუმში. მან ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სოფელი ერგნეთი აღდგენილია დასავლური ქვეყნების დახმარებით.

„ძალიან მტკივნეული მომენტია აქ მოსვლა, ამ მუზეუმის დათვალიერება. ეს არის კერძო ინიციატივა სრულიად, ეს არის ის მეხსიერება, რისი დაკარგვის უფლება არ გვაქვს არც ერთ ჩვენგანს და ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ გაკეთდა ასეთი მუზეუმი.

ეს მეხსიერება, რომლის დავიწყება არ შეიძლება, არც შეგუება არ შეიძლება, ეს არ არის, როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, მოცემულობა. ეს არის ის, რასაც არასოდეს არ შევეგუებით და არ შეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.

არა იმისთვის, თუ ომით თუ ძალით როგორ დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. ამ ტერიტორიების დაბრუნება, უფრო სწორედ გაერთიანება მოსახლეობას, იწყება აქ, ამ სოფლის გაძლიერებით, იწყება იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და რომელთაც სჭირდებათ მხარდაჭერა, პროგრამები, ახალგაზრდებს ადგილზე დარჩენა, იქით მცხოვრებ ადამიანებს, ეს არიან ქართველები თუ ოსები, არ აქვს მნიშვნელობა, მათთვისაც უნდა გვქონდეს გზავნილები, მათი მომავალი, როგორც ჩვენი მომავალი, არის ევროპაში და ეს იქნება საბოლოო გამაერთიანებელი.

მე მაინტერესებს, როდის იყო ბოლოჯერ, როცა ჩვენმა კულტურის მინისტრმა მიმართა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები გინდათ აფხაზეთში, გინდათ ოსეთში. რა კეთდება ამ მიმართულებით, რა კეთდება ქართული ენისთვის, იმისთვის, რომ აქედან მარტივი რამ, მაგალითად ტრანსპორტი დაინიშნოს. ეს ხომ არ არის ძნელი. სად არის შერიგების მინისტრი?! რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი?

არ შეიძლება არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია „უცხო აგენტების“ ფულით. მადლობა მათ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

___

დღეს 16 წელი გავიდა აგვისტოს ომის დაწყებიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: