64 წლის პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე მეხუთედ ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს, 2024 წლის 15 აგვისტოს, „ოცნებამ“ ანზორ ბოლქვაძე მმართველი პარტიის დელეგატად დაასახელა ქედის, ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან.
ანზორ ბოლქვაძე მეხუთედ გახდება საქართველოს პარლამენტის წევრი მაღალმთიანი აჭარიდან, თუ მას გამსვლელ სიაში ჩასვამს მმართველი პარტია.
მისი, როგორც დეპუტატის კარიერა, 2008 წელს დაიწყო, როცა ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით.
ოთხწლიანი პარლამენტარობის შემდეგ, 2012 წელს ანზორ ბოლქვაძე კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგინებით გახდა ხულოს მაჟორიტარი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე აღარ იყო მმართველი პარტია და დეპუტატმა პოლიტიკური ორიენტაცია მალე შეიცვალა. 2013 წელს მან „ნაციონალები“ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა.
2016 წლის არჩევნებზე ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში მესამედ შევიდა „ოცნების“ წარდგინებით, 2020 წელს კი მეოთხედ გახდა მაჟორიტარი დეპუტატი, კვლავ „ოცნების“ მხარდაჭერით.
ანზორ ბოლქვაძე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატია. მას შემდეგ, რაც ბოლქვაძემ რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, ხულოში ადგილობრივმა აქტივისტებმა მისი სახლის ჭიშკარზე პროტესტის ნიშნად გააკრეს წარწერები – „მოღალატე!“
ანზორ ბოლქვაძე არაერთხელ მოხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში, როგორც სავარაუდოდ კორუფციასთან დაკავშირებული პირი. მაგალითად, 2021 წელს „გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა კვლევა– „მაჟორიტარობის 13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვებიდან ანზორ ბოლქვაძის ოჯახს და ახლობლებს“.
ამ კვლევაში ვკითხულობთ:
„ანზორ ბოლქვაძის პოლიტიკურ გააქტიურებასთან ერთად, 2008 წლიდან მისი ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ახლობლებმა თანდათან დაიწყეს კომპანიების დაფუძნება, რომელთა შემოსავალი მეტწილად სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე იზრდებოდა. ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციის – გზების დეპარტამენტისა და ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებისგან.
აღსანიშნავია, რომ საგზაო დეპარტამენტის სატენდერო კომისიაში მონაწილეობს ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე და ორგანიზაციის მიერ შესწავლილ არცერთ ოქმში ის არ აფიქსირებს ინტერესთა კონფლიქტს, როცა ხელშეკრულება მისი ნათესავის ან ოჯახის ახლობლის კომპანიასთან უნდა გაფორმდეს. თვალშისაცემია, ასევე, ამავე კომპანიების უკონკურენტო ტენდერების სიმრავლე სწორედ გზების დეპარტამენტთან“.
„გამჭვირვალობამ“ მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს მიმართა, თუმცა ორგანიზაციის მიმართვას უწყება არ გამოხმაურებია.
დღეს, 15 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტიის, „ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა დელეგატების სია, რომლებიც რეგიონებში „ოცნების“ დელეგატები იქნებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
კობახიძემ აჭარაში სამი დელეგატი დაასახელა, ბათუმში, ქობულეთში და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში:
„ბათუმში იქნება არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“.
ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, გია ჭყონია იქნება ჩვენი კანდიდატი.
ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი – ბატონო ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი. ასეთია დელეგატების შემადგენლობა, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ.
ყველა დელეგატი პროპორციულ სიაში წარმოდგენილი იქნება გამსვლელ ადგილზე, შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში, უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან“, – განაცხადა კობახიძემ.
არჩილ ბერიძე ჯგუფ „ალილოს“ ტენორია. იგი პოლიტიკაში ახალი სახეა.
გია ჭყონია, რომელიც ქობულეთის დელეგატობის კანდიდატი იქნება, მათ შორის არის, ვინც გასულ წელს აჭარის მთავრობას კუნძულ მალიორკაზე ვიზიტი დაუფინანსა.
ეს ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ შემწირველია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში შესწირეს 1 394 000 ლარი.
„გამჭვირვალობის“ ცნობით, ჭყონია ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. „ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 – შპს „გზა”, შპს „ბათუმი ცენტრალი“ და შპს „შატო კვირიკე“ აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით მიიღო 335 638 719 ლარი“, – წერს „გამჭვირვალობა“.
რაც შეეხება ანზორ ბოლქვაძეს, იგი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია და წელს მეხუთედ იქნება სიაში. ანზორ ბოლქვაძე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატია. „გამჭვირვალობის“ ცნობით, მისი ნათესავების კომპანიების მილიონობით ლარის სარგებელს იღებენ სახელმწიფო შესყიდვებიდან.
შემდეგი მოწვევის საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები აღარ იქნებიან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველი მხოლოდ მისთვის სასურველ პარტიას აირჩევს, პარტიას კი, უფლება აქვს, საარჩევნო სიაში კონკრეტული სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითოს კონკრეტული ოლქის დელეგატობის კანდიდატი.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ აგვისტოს ომის 16 წლისთავზე გავრცელებულ განცხადებასიმის შესახებ, რომ „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აპირებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების „სამართლებრივ შეფასებას“.
„საქართველოს მმართველი პარტია, „ქართულმა ოცნება“ აგრძელებს ნარატივის გავრცელებას, რომელიც ეხმიანება კრემლის საინფორმაციო ოპერაციას, რომლის მიზანია რუსეთის ძალადობის გამართლება საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის მიერ ადრე კოლონიზებული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
„ქართულმა ოცნებამ“ 13 აგვისტოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა, დაუზუსტებელი „გარე აქტორების“ ბრძანებით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის პროვოცირებაში და შედეგად კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციაში.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განაცხადა, რომ უნდა გამართოს „სამართლებრივი პროცესი“ ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თითქოსდა „მოღალატური ქმედებების“ შესახებ.
„ქართული ოცნების“ განცხადებები 2008 წლის ომსა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში სააკაშვილს ადანაშაულებს და არა რუსეთს; სამაგიეროდ ამართლებს რუსეთის ქმედებებს, რომელიც დაგმობილ იქნა საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
„ქართული ოცნების“ ნარატივი მჭიდროდ ეხმიანება კრემლის საინფორმაციო ოპერაციებს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომისა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის რუსეთის მხრიდან მზარდი მუქარების გასამართლებლად.
რუსეთმა არაერთხელ დაადანაშაულა მეზობელი ქვეყნების პროდასავლური და პროდემოკრატიული ლიდერები რუსეთის ინტერესების საზიანოდ „გარე აქტორებთან“ თანამშრომლობაში…
კრემლთან დაკავშირებულმა ცნობილმა რუსმა ბლოგერმა გაითვალისწინა „ქართული ოცნების“ განცხადებები და გააძლიერა კრემლის მანამდელი ბრალდებები სააკაშვილისა და, ზოგადად, დასავლეთის მიმართ, მოლოდინით, რომ ეს ნარატივი, შესაძლოა, ფართო საინფორმაციო სივრცეში გავრცელდეს“ – წერს ISW.
რუსულ პროპაგანდისტულ, სამთავრობო მედიაში აქტიურად შუქდება საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს, 2008 წლის აგვისტოს ომი მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გარედან მიღებული დავალებით დაიწყო.
რუსი პროპაგანდისტები „ოცნების“ განცხადებას „აღიარებად“ აფასებენ იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი.
ამ განცხადებას რუსულ მედიაში სხვადასხვა სახის სიუჟეტები და სტატიები მიეძღვნა – „როსია 24“-მა, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სამთავრობო ტელეარხმა, „ოცნების“ 8 აგვისტოს განცხადებაზე ხუთწუთიანი სიუჟეტი უჩვენა რუსეთის მცხოვრებლებს, რომელშიც ავტორი აღნიშნავს: „ახლა საქართველო აღიარებს, რომ დასავლეთი ცდილობს, ისიც ჩაითრიოს რუსეთთან ომში. ევროკომისარი პრემიერსაც კი ემუქრებოდა ფიცოს ბედით, რომელიც სასწაულით გადაურჩა ტყვიებს“.
14 აგვისტოს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები უკრაინულ ძალებს კურსკში, აღმოსავლეთ ჟურავლში, საერთაშორისო საზღვრიდან 20 კმ-ში აჩვენებს. ISW-ი ძირითადად უკრაინულ და რუსულ ღია წყაროებს და გეოლოკაციურ კადრებს ეყრდნობა ანგარიშის მომზადებისას.
ექსპერტების აზრით, ეს კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები დასახლების აღმოსავლეთ ნაწილში წინ წავიდნენ.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 14 აგვისტოს გამოქვეყნებულ გეოლოკაციურ კადრებში ნაჩვენებია უკრაინელი ჟურნალისტი, რომელიც აშუქებს კურსკის ოლქში მდებარე ქალაქ სუჯას. ეს მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები აკონტროლებენ დასახლების ნაწილს და მის მიმდებარე ტერიტორიას.
ასევე, 14 აგვისტოს გამოქვეყნებული დამატებითი გეოლოკაციური კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ წაიწიეს დასავლეთ კამიშნოიეში (სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით).
მიმოხილვის თანახმად, 13 და 14 აგვისტოს გამოქვეყნებული კადრებით დასტურდება, რომ უკრაინული ძალები ასევე აგრძელებენ მოქმედებებს კურსკის ოლქის საერთაშორისო საზღვრებთან კიდევ უფრო ახლოს.
ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტები წერენ, რომ 12 აგვისტოს Maxar-ის სატელიტური სურათები აჩვენებდა ახალი სიმაგრეების სერიას, მათ შორის თხრილებსა და სატრანსპორტო საშუალებებს კურსკის ქალაქ ლგოვის სამხრეთ-დასავლეთით, მაგისტრალის გასწვრივ, სუჯას ჩრდილო-დასავლეთით.
ISW-ი აღნიშნავს, რომ ახალი სიმაგრეები კურსკის ოლქში უკრაინის წინსვლის ყველაზე შორეული წერტილიდან დაახლოებით 17 კილომეტრშია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსული ძალები შეშფოთებულნი არიან კურსკში უკრაინული ძალების სწრაფი წინსვლით და, სავარაუდოდ, ცდილობენ დაიცვან მნიშვნელოვანი სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზები უკრაინის მანევრის შესაჩერებლად.
ექსპერტების თანახმად, რუსეთის მთავრობა აგრძელებს სამხედრო ძალების რეკრუტირებას კურსკის ოლქში ოპერაციების მხარდასაჭერად. ექსპერტები მიუთითებენ რუსულ ოპოზიციურ გამოცემა Mobilization News-ზე, რომელიც წერს, რომ კურსკის ოლქში მებრძოლი რუსული ძალების დასახმარებლად მოსკოვიდან, ლენინგრადის, კალინინგრადის, სვერდლოვსკის, მურმანსკისა და სამარის ოლქებიდან წვევამდელებს გზავნიან.
რუსულმა ოპოზიციურმა გამოცემებმა 14 აგვისტოს ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული ძალები აიძულებენ წვევამდელებს, რომლებიც გადაურჩნენ უკრაინის თავდაპირველ შეჭრას კურსკის ოლქში, ხელი მოაწერონ კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, რათა დაბრუნდნენ კურსკის ფრონტზე.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ჩეჩნურ სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაურის, აპტი ალაუდინოვის განცხადებები კურსკში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მცდარია და ძირითადად ეწინააღმდეგება შედარებით სანდო რუსი ბლოგერების მიერ გავრცელებულ ცნობებს. კერძოდ, ალაუდინოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა მიაღწიეს წარმატებებს კურსკის ოლქში, თუმცა რუსი ბლოგერების ინფორმაცია და სატელიტური კადრები ამას არ ადასტურებს.
16 აგვისტოს, ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „პერიფერია“ დისკუსიას გამართავს თემაზე – „მორიდებული ბრაზი: ინფრასტრუქტურის დაპირება, ადგილის განცდა და პროტესტი აჭარაში“.
ესაა „პერიფერიის“ექსპერიმენტული მსჯელობის სივრცე, რომელიც, როგორც ღონისძიების შესახებ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ღიაა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს იცხოვროს სამართლიანობაზე, თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში“.
შეხვედრა დაიწყება 19 საათზე, ბათუმში, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩის 67-ში, შშმ ქალთა ალიანსის ოფისში. დასწრება თავისუფალია.
„პოსტ-საბჭოთა საქართველოში, განვითარების სახელით სულ უფრო მეტი ადგილი – მდინარეები, კანიონები თუ ზღვები – ექვემდებარება კომერციალიზაციისა და ფინანსური მოგების ლოგიკას.
განვითარების ეს დომინანტური ხედვა ისეთ მოქალაქეებს გულისხმობს, რომლებსაც შეუძლიათ ემოციურად ადვილად განეჯაჭვონ მათივე ხეობებსა თუ ქალაქებს და უარი თქვან საკუთარ საარსებო გარემოსთან კავშირზე. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ, მაშინ ასეთი მოქალაქეები „ჩამორჩენილ“, „არაპროგრესულ“ან განვითარების შემაფერხებელ მოქალაქეებად ინიშნებიან. უფრო მეტიც, მათ წინააღმდეგ მოქმედებას იწყებს სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა, რომელიც ცალკეული ინვესტორის ან კომპანიის ინტერესების დამცველად უფრო გვევლინება, ვიდრე ჩაგრული მოქალაქისა.
შედეგად, ჩვენს თვალწინ ყოველდღიურად აღმოცენდება კოლექტიური ბრაზი, რაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წინააღმდეგობის განსხვავებულ ფორმებში გამოიხატება, მათ შორის აჭარაშიც, სადაც საზღვაო ურბანული სივრცეები და მაღალმთიანი ხეობები მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ცენტრალურ ადგილებად იქცნენ.
რა გავლენა აქვს ამ პროცესს ადგილობრივ მოსახლეობაზე და როგორია წინააღმდეგობის ფორმები და საპროტესტო მგრძნობელობები აჭარაში? ამ დისკუსიაში მიმოვიხილავთ აჭარის როგორც სასაზღვრო რეგიონის მრავალშრიან ისტორიულ გამოცდილებას და მის ზეგავლენას თანამედროვეობაზე, თუ რა გავლენა აქვს რეგიონის ოსმალურ კოლონიურ წარსულს მის შერეულ ქრისტიან თუ მუსლიმ მოსახლეობაზე და როგორ გამოიხატება ეს მათი წინააღმდეგობის ფორმებსა და მგრძნობელობებში“ – ვკითხულობთ ღონისძიების გვერდზე ფეისბუქზე.
შეხვედრის, დისკუსიის მიზანია შექმნას არაფორმალური სივრცე მოსაზრებების, წუხილის და სურვილების გაზიარებისთვის და ხელი შეუწყოს პერიფერიებში კავშირების ჩამოყალიბებასა და ორგანიზებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 595 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
ტანკი – 8 484 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 16 426 ერთეული [+24]
საარტილერიო სისტემა – 16 868 ერთეული [+47]
MLRS – 1 154 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 922 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 367 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 598 ერთეული [+50]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 428 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 22 775 ერთეული [+65]
სპეცტექნიკა – 2 813 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
638 თვითმფრინავი
279 ვერტმფრენი
30 005 უპილოტო საფრენი აპარატი
569 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 064 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 400 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
13 247 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 738 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
13 აგვისტოს ღამეს, ზუგდიდში, ბინაში გაჩენილმა ხანძარმა ორი ბავშვი, ტყუპი ძმები იმსხვერპლა, მარტოხელა დედა ამ დროს სამსახურში იყო. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ქირით ცხოვრობდა.
მეზობლების ინფორმაციით, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო, შემთხვევის დღეს მათ დენი და გაზი არ ჰქონდათ, ბავშვებს სანთლის შუქზე ეძინათ.
პოლიტიკური კომუნიკაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნის“ თანადამფუძნებელი [კოალიცია „ძლიერი საქართველო“] ირინე კურტანიძე ამბობს, რომ ასეთი ტრაგედიების დროს, გლოვის გარდა, აუცილებელია მოსახლეობამ კონკრეტული მოთხოვნები წაუყენოს სახელმწიფოს.
ირინე კურტანიძე
„ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია. არც ის იყო ერთი ადამიანის ტრაგედია, როდესაც ორი წლის წინ ზამთარში, დეზერტირების ბაზრის წინ ადამიანი გაიყინა და გარდაიცვალა. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ასეთ ტრაგედიებს, არ უნდა იქცეს ნორმად და არ უნდა დავივიწყოთ მანამ, სანამ კიდე უფრო დიდი უბედურება არ მოხდება“.
„2019 წელს ყაზახეთში ზუსტად ისეთივე ტრაგედია დატრიალდა, როგორც ზუგდიდში. მაშინ, როცა მშობლები ღამის ცვლაში იყვნენ სამუშაოდ წასულები, სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. იცით რა მოხდა შემდეგ? დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, პროტესტი მთელ ქვეყანას მოედო. ქალები და დედები გამოდიოდნენ ყველგან და ითხოვდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას, მათ შორის ადეკვატურ საცხოვრებელს და მრავალშვილიანი დედებისთვის სოციალური შეღავათების გაზრდას. ეს ხდება ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლებამ ვერაფერი ქნა – მოთხოვნები დაკმაყოფილდა“, – დაწერა ირინე კურტანიძე სოციალურ ქსელში.
ირინე, თქვენი შეფასებით რამდენად ცხადად ხედავს საზოგადოება ასეთი ტრაგედიების წარმოქმნაში სახელმწიფოს ბრალს. ეს ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ ამ თემაზე დისკუსია და ბრაზის დაფიქსირება სოციალური ქსელიდან არ გასულა?
პოლიტიკურ კომუნიკაციაში არსებობს ასეთი ცნება – ფლექციურობა, როცა ადამიანები ემოციებს, ბრაზს გამოხატავენ ონლაინ და არა ფიზიკურ სივრცეებში. აი, მაგალითად, წერ პოსტს და გაქვს ქვეცნობიერი განცდა, რომ შენი სამოქალაქო მოვალეობა შეასრულე… ამიტომ არსებობს დებატები: სოცმედიამ გაზარდა თუ შეამცირა პროტესტის გამოხატვა და სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირება… ამ მხრივ საქართველო არ არის უნიკალური, მთელი მსოფლიო დგას ამ პრობლემის წინაშე.
რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, კავშირშია თუ არა ეს იმასთან, რომ ზოგადად გვიჭირს სახელმწიფოს ბრალეულობის დანახვა ასეთ ტრაგედიებში – ამას ძალიან ბევრი ფაქტორი აქვს. რთულია პირდაპირი კავშირი დაინახო, ერთი შეხედვით ინდივიდუალურ ტრაგედიასა და იმასთან, თუ რა ბრალეულობა შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს. პატარ-პატარა დეტალებია, მაგრამ მოქალაქეები ვერ ხედავენ კავშირს სახელმწიფოსთან – მაგალითად, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რამდენს იხდის ყოველთვიურად გადასახადებს, რითაც არსებობს ბიუჯეტი.
ასევე, ჩვენ, ერი, შევეჩვიეთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობენ. რომ არც ერთი ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს სწორად. არავინ არ ფიქრობს ადამიანის უსაფრთხოებაზე.
ტრაგედიებისგან დავიღალეთ და თითქოს მივიღეთ, მაგრამ ასევე ნორმალიზდა ისიც, რომ აღარ მოვითხოვოთ ამაზე პასუხი. არადა თუ დავფიქრდებით, ყველაფერი ჩვენს გარშემო რაც ხდება, პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო ინსტიტუტები იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ნორმალური სახელმწიფო.
რომ განგვიმარტოთ – როგორ იკვეთება ამ ტრაგედიაში სახელმწიფოს ბრალეულობა და რა უნდა იყოს ჩვენი მოთხოვნები?
სახელმწიფოსგან უნდა მოვითხოვოთ ენერგეტიკული დახმარების პროგრამები – არ შეიძლება დენისა და გაზის გარეშე რჩებოდნენ ოჯახები, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ან მოხუცები ცხოვრობენ;
ბავშვზე ზრუნვისა და აღზრდის საყოველთაო დახმარება, უნდა გაიზარდოს ფინანსური დახმარება თითოეული ბავშვისთვის;
ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ინიციატივები – სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სოციალური საცხოვრებლის პროგრამები, რომლებიც გვთავაზობენ საცხოვრებლის ხელმისაწვდომ ქირაობას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, მოხუცებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. გარდა სოციალური საცხოვრებლისა, ზოგიერთი ქვეყანა გვთავაზობს საბინაო შემწეობას ან ქირავნობის სუბსიდიებს, რათა დაეხმაროს დაბალშემოსავლიან ოჯახებს.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გარანტირებულ მინიმალურ შემოსავალი, რათა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკმარისი რესურსი ცხოვრების ძირითადი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, მიუხედავად მათი დასაქმების სტატუსისა.
ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას განსაკუთრებული მიდგომები აქვთ მოქალაქეებისთვის კომუნალური სერვისების მიწოდების კუთხით. ასეთი რაღაცების გამოც გვინდა ევროკავშირი.
ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე უკიდურესი გადაწყვეტილებაა დენის და გაზის, ასევე წყლის მიწოდების შეწყვეტა და მანამდე არსებობს ძალიან ბევრი მექანიზმი: თუ გადაუხდელობა გარდაუვალია შემოსავლების სიმცირის გამო, არსებობს სოციალური სისტემა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს ოჯახის კომუნალურ გადასახადებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში ზამთარში მოქალაქეების დატოვება ელექტროენერგიის და გაზის გარეშე აკრძალულია.
უკითხავთ ჩემთვის, როგორ უნდა გაიმართოს ყველაფერი, როცა სახელმწიფოს არ აქვს რესურსები? მაგრამ რომ დავთვალოთ, მაგალითად ფლანგვის დეტექტორის საშუალებით, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე, რამდენი ფინანსები იფლანგება ბიუჯეტიდან, რეალურად მივხვდებით, რომ ამისთვის ბიუჯეტი არსებობს:
არსებობს იმისთვისაც, რომ ბავშვები გამოვკვებოთ სკოლაში, იმისთვისაც, რომ საწვავი იყოს და სამაშველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, როცა დასჭირდება აფრინდეს – მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ ინსტიტუტებმა იმუშაონ გამართულად, იმისათვის, რომ თითოეული ადამიანი იყოს უსაფრთხოდ ამ ქვეყანაში.
როგორ მუშაობს ოპოზიცია ბათუმში არჩევნებამდე ორი თვით ადრე? როგორია წინასაარჩევნო გარემო, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, ყველაზე ხშირად რა ტიპის პრობლემები იკვეთება, როგორია ადგილობრივები მოქალაქეების პოლიტიკური განწყობები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ესაუბრა.
„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან მაისიდან დაიწყეს.
„ივნისის თვეში დაახლოებით 60 შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან „კარდაკარის“ პრინციპით, სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა ქუჩაზე. შეხვედრებს ვაგრძელებთ დღემდე… ჩვენ გვაქვს გაწერილი გრაფიკი და ამის მიხედვით საკრებულოს წევრები, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია თუ უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც ბათუმზე არიან მიმართული, ვხვდებით მოსახლეობას“ – გვეუბნება რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
რეზო ხარაზი მიიჩნევს, რომ ბათუმის მოსახლეობის ძირითადი ინტერესის საგანი რუსული კანონი და რუსული პოლიტიკის გატარების მცდელობებია. შემდეგ მოდის სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები:
„მეორე საკითხია მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ბათუმში გვყავს 145 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც სოციალური დაცვის ბაზაშია და მომლოდინეა სოციალური დახმარების. შემდეგ მოდის ინფრასტრუქტურული საკითხები… შეხვედრების შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ წერილობით მოხსენებას და ვაგზავნით სხვადასხვა მუნიციპალურ თუ სახელმწიფო სტრუქტურებში, რომ ეს დოკუმენტურად იყოს დადასტურებული და არჩევნების შემდეგ ჩვენ გვქონდეს მზა ინფორმაცია, თუ რომელ მოსახლეს, სად, რომელ ქუჩაზე, რა პრობლემა აქვს“.
ხარაზი ამბობს, რომ პარტიას პრაქტიკულად დასრულებული აქვს შტაბის საორგანიზაციო საკითხები და სრულად დაკომპლექტებულია.
„ბათუმის შტაბს უხელმძღვანელებს ლევან ანთაძე.
ადამიანებს, ვინც დაინტერესდებიან ჩვენი პარტიით, ვინც პოლიტიკურ პლატფორმა „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, შეუძლიათ მოვიდნენ, გაიარონ რეგისტრაცია და ჩაერთონ ნებისმიერ სამუშაოში, რომელიც გვაქვს გასაკეთებელი.
მინდა ვთქვა, რომ გაოცებასაც ვერ ვმალავ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ყოველდღიურ რეჟიმში ერთვება ამ პროცესში“ – ამბობს ის.
რეზო ხარაზი
მისი თქმით, მოსახლეობას ხშირად არ აქვს საჭირო ინფორმაცია ჯანდაცვის პროგრამებზე, ქალაქის ბიუჯეტზე და იმაზე, თუ როგორ იხარჯება ფული ქალაქის ბიუჯეტიდან.
„ბათუმის ბიუჯეტი, მაგალითად, რომელიც იხარჯება სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა ქუჩის, სკოლებისა თუ პარკების გასაკეთებლად – როგორ იხარჯება? უნდოდათ [მოქალაქეებს] ეს თუ არა? ბევრ ადგილას გაკეთდა სკვერი. მოსახლეობა იძახის, რომ სკვერი კი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დამატებით საპარკინგე ადგილი, ჩვენ გვჭირდება ახალი ლიფტი… სჯობდა, რომ პრიორიტეტები განგვესაზღვრა სხვანაირადო. მოსახლეობას არ ეკითხებიან“.
რეზო ხარაზი მიიჩნევს, რომ ბათუმში „ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლების დაშინება ვერ იმუშავებს.
„მინდა იცოდნენ, რომ არავის არაფრის არ ეშინია. ეს გამოჩნდა ჩვენს შეხვედრებზე… მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მკაფიოდ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ამ არჩევნებზე ქართული ოცნება ვერ მოიგებს“ – გვითხრა რეზო ხარაზმა.
ნინო ჩხეტია, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარტიამ საარჩევნო კამპანია ივნისში დაიწყო. მისი თქმით, ივნის-ივლისში უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს პარტიის თავმჯდომარესთან, გიორგი გახარიასთან ერთად მოსახლეობასთან:
„მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან… ვცდილობთ, რომ დავარიგოთ ჩვენი სააგიტაციო მასალა, გავესაუბროთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ აწუხებთ.
დავფარეთ ჭაობის ერთი ნაწილი, ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი, ბათუმის ცენტრის ნაწილი და ბუნებრივია, აუცილებლად დავფარავთ სხვა ნაწილებსაც. ეს იქნება: ბონის, ბენზეს, ბარცხანის მიმართულებები, ასევე, აღმაშენებლის ადმინისტრაცია. აგვისტოს შუა პერიოდიდან გვექნება კიდევ უფრო ფართო შეხვედრები.
შევეცდებით, რომ აბსოლუტურად ყველგან მივიდეთ. დრო არის, სავსებით საკმარისია, ასე ვფიქრობთ, გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულად დავიწყეთ საარჩევნო კამპანია და შესაბამისად, ქალაქის არც ერთი ნაწილი არ დაგვრჩება უყურადღებოდ“.
ნინო ჩხეტია ამბობს, რომ მოქალაქეებთან შეხვედრებისას არიგებენ სააგიტაციო მასალას, სადაც ქვეყნის მასშტაბით პარტიის გემებზეა საუბარი:
„რაც შეეხება ბათუმსა და ჩვენს რეგიონს, მოგეხსენებათ, რომ ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება საბოლოოდ დამუშავებული ადგილობრივი პროგრამა, რომელიც გაწერილი იქნება კონკრეტულად [აჭარის] მუნიციპალიტეტებზე და მათ შორის, რა თქმა უნდა, ბათუმზე“.
ნინო ჩხეტია ამბობს, რომ პარტიის შტაბის დაკომპლექტებისა და ადამიანური რესურსით შევსების პროცესი დასრულებულია.
„გვყავს საარჩევნო მენეჯერი პარტიაში, რომელიც ყველა ამ საარჩევნო მიმართულებას გარკვეულწილად კურირებს. ყოველდღიურად გვაქვს შეხვედრები შტაბის წევრებთან. ვხვდებით მე, პარტიის სხვა წარმომადგენლობა. შეხვედრები იმართება აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ბატონ ჯემალ ანანიძესთან ერთად და მისი აქტიური ჩართულობით… გავდივართ ყველა იმ საკითხს, რაც საარჩევნო თვალსაზრისით პარტიისთვის მნიშვნელოვანია.
საარჩევნო პროცესი, ბუნებრივია, რაღაც აუცილებლობებს გამოიწვევს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ინოვაციაც გვქონდეს ამ საარჩევნო კამპანიისას. პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ამ შემთხვევაში გვაქვს, ძალიან გვინდა აქტიურად გამოვიყენოთ სხვადასხვა სოციალური პლატფორმა. თვე-ნახევარია, რაც ძალიან გავააქტიურეთ „ბათუმი საქართველოსთვის“ – ფეისბუქის გვერდი, მათ შორის ინსტაგრამიც და ვეცდებით, რომ სხვა პლატფორმებზეც ვიაქტიუროთ და გვქონდეს ე.წ. პოდკასტები, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას“.
ჩხეტია იხსენებს მათ ბოლო შეხვედრას მოსახლეობასთან ინასარიძის ქუჩაზე და ამბობს, რომ უკვე გამოიკვეთა მცდელობა და სამომავლოდაც ეცდება „ქართული ოცნება“, ხელი შეუშალოს ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის წარმოებაში.
„იქ იყვნენ ადამიანები ხელის შეშლის მიზნით, ვინც მჭიდროდ არიან დაკავშირებული პარტია „ქართული ოცნებასთან“. ზონის უფროსები, სხვა დასაქმებული პირები – გარემოს დაცვის სამმართველოში, ბაღების გაერთიანებაში და ა.შ…
ეს იყო კლასიკური გამოვლინება იმისა, თუ რატომ შეიძლება ადამიანებმა თავი შეიკავონ ასეთ შეხვედრებზე მოსვლისგან. როცა ჯგუფია მოსული, რომელიც აღწერითაა დაკავებულები შეხვედრებზე, ბუნებრივია, ადამიანები ხედავენ, რომ მათი სოციალური უსაფრთხოება გარანტირებული შეიძლება არ იყოს“ – ამბობს ნინო ჩხეტია.
ნინო ჩხეტია
ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან „ლელო“, ვაჟა დარჩია გვეუბნება, რომ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს, ჰქონდათ ლიდერების ვიზიტებიც, ბოლო შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილი იყო ჩამოსული და ასევე, მართავენ თემატურ შეხვედრებსაც.
„მაგალითად, ანას ვიზიტისას ჩვენ შევხვდით სტუდენტებს, შევხვდით ქალებს და მათთან თემატურ წარვადგინეთ ჩვენი გეგმა.
გარდა ამისა, ყოველდღიურად გავდივართ მოსახლეობაში და ვარიგებთ ჩვენს საარჩევნო მასალას… სხვადასხვა ფორმით, მათ შორის „კარდაკარის“ პრინციპითაც. მაქსიმალურად გაშლილი ვართ ველზე.
დღეს გვქონდა ჩვენი საარჩევნო კამპანიის, გეგმის დეტალური წარდგენა და რამდენიმე დღეში, ლიდერებთან ერთად ვაპირებთ, რომ ადგილობრივ დონეზე, აჭარის მოსახლეობას გავაცნოთ ის დეტალურად“, – ამბობს ვაჟა დარჩია და დასძენს, რომ „ლელო“ უკვე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ეგიდით დაიწყებს მუშაობას და მოსახლეობასაც საერთო სააგიტაციო მასალას მიაწვდიან.
ვაჟა დარჩია ბათუმელების პრობლემებზე საუბრისას ამბობს, რომ მოქალაქეები ძირითადად მუნიციპალურ პრობლემებს ასახელებენ:
„იქნება ეს საცობები თუ სხვა. გვქონდა შეხვედრა გარემოვაჭრეებთან და ეს პრობლემაც დასახელდა, სივრცეები არ არსებობს, მოსახლეობას მუნიციპალური ინსპექცია არ აძლევს ვაჭრობის შესაძლებლობას და ა.შ. დღეს მქონდა შეხვედრა უსახლკარო ადამიანებთან, რომლებიც თავის პრობლემაზე საუბრობენ და მოგვარების გზებიც წარმოუდგენიათ… ხშირად, უფრო შემოერთებულ და ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ურბანული განაშენიანება უფრო მკვეთრად ჩანს, ვიდრე ცენტრალურ ნაწილში, დგას რუსული მიგრაციის პრობლემა. მაგალითად, სტუდენტები საუბრობენ, რომ ვერ ახერხებენ ბინა იქირაონ იმავე ფასში, რასაც რუსების შემოდინებამდე ახერხებდნენ…
პრობლემებზე საუბრისას გამოყოფენ ბათუმის ურბანული პოლიტიკის საკითხსაც“.
ვაჟა დარჩიას საარჩევნო შტაბის შესახებაც ვკითხეთ.
„ის სტაფი, რაც იყო აქამდე, მუშაობს. გვაქვს კომუნიკაცია ჩვენთან გაერთიანებულ პარტიებთან… ჩვენ უკვე ვკოორდინირდით ერთმანეთში, ერთმანეთის რესურსს ვაიდენტიფიცირებთ და ვცვლით ინფორმაციას. ეს ხდება მთელი რეგიონის მასშტაბით.
მაქსიმუმ ორ კვირაში, ჩვენ გვექნება ოფისების გახსნა რეგიონში ლიდერების ვიზიტით და უკვე ოფიციალურად, ფორმალურ ნაწილშიც დავასახელებთ [აჭარის] ყველა მუნიციპალიტეტში შტაბის ხელმძღვანელებს, პასუხისმგებელ პირებს და ა.შ.“, – გვითხრა ვაჟა დარჩიამ.
როგორც ის ამბობს, მათ წინასაარჩევნო შეხვედრებში ბათუმში მაქსიმალურად ჩაერთვებიან უშუალოდ კოალიციის ლიდერები.
„ხშირად ვიღებთ ხოლმე შეხვედრებს და არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები უარს გვეუბნებიან გადაღებაზე, რადგან ვიღაც საჯარო მოხელეა, ვიღაცის შვილი მუშაობს სიპში, აიპში… „ქართული ოცნება“ ჩვენს აქტივობებს ადევნებს თვალს და ყოფილა შემთხვევები, რომ ჩვენი წევრები გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან. მოქმედი დავა გვაქვს ბაღების გაერთიანებასთან, რადგან ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ჩვენთან აპელირების მიზეზით გაათავისუფლეს სამსახურიდან. ადამიანები გვეუბნებიან, რომ ჩვენს გვერდით არიან, თუმცა საჯაროდ ერიდებიან კამპანიებში ჩართვას“, – ამბობს ვაჟა დარჩია.
მისი ხედვით, აჭარის მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ხელისუფლება ქვეყნის მთავარ გზასაა გადახვეული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“.
ვაჟა დარჩია
როგორც პარტია „ახალის“ წევრი ბათუმში, ნოდარ დუმბაძე გვეუბნება, წინასაარჩევნო კამპანია ბათუმში „ახალმაც“ დაიწყო. „ახალი“ ამ არჩევნებზე, ბევრი სხვა პარტიის მსგავსად, კოალიციით იქნება წარმოდგენილი პარტიებთან: „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთად.
„ფლაერების დარიგება ქუჩაში, ადამიანებთან შეხვედრები ოფისში, კარდაკარ, ქუჩაში… დაწყებული გვაქვს [მხარდამჭერების] კონტაქტების მოძიება, საარჩევნო უბნებზე ზონების წარმომადგენლობის, უბანზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნა, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები გაყალბებისგან.
სექტემბრის ბოლოს კიდევ უფრო გავააქტიურებთ მოქალაქეებთან შეხვედრებს, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, აგვისტოს თვე ბათუმში როგორია – გასული არიან მთაში დასასვენებლად, თურქეთში სამუშაოდ და ა.შ.“.
დუმბაძის თქმით, კონკრეტულად აჭარაში რა შეთავაზებები აქვთ, ამას პროგრამის სახით ამუშავებს შესაბამისი ჯგუფი:
„ბათუმისთვის ცალკე დაიბეჭდება ფლაერები, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ჩვენს გეგმებს გაეცნოს. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ პროგრამაზე მუშაობა აგვისტოს 20-თვის უნდა იყოს დასრულებული და ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ“.
ნოდარ დუმბაძე
როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობს, აჭარაში უკვე ასრულებენ პარტიული სტრუქტურის აწყობას:
„ძალიან ცოტა დაგვრჩა. მთლიანად აჭარა დაკომპლექტდება და პარტია „ახალი“უკვე იქნება მზად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, იმისთვის, რომ ყველა საარჩევნო უბანზე დავიცვათ არა მარტო ჩვენი ხმები, არამედ სრულიად ოპოზიციური ხმები და არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რაიმე თაღლითობით შეცვალოს ის მონაცემები, რასაც ხალხი დააფიქსირებს“.
ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ ბათუმელები ბევრს საუბრობენ საერთო და ყველაზე დიდ პრობლემაზე – ქვეყანაში მიღებულ რუსულ კანონსა და „ქართული ოცნების“ მცდელობაზე, დააახლოოს ქვეყანა რუსეთს.
„არიან ადამიანები, რომლებიც საჯაროდ [პოზიციის დაფიქსირებისგან] თავს იკავებენ… ისინი არიან საჯარო მოხელეები, პატარა ბიზნესმენები… თავს იკავებენ, რადგან ეშინიათ ზეწოლის.
შევეცდებით შევცვალოთ ხელისუფლება. მოსახლეობა მივიყვანოთ არჩევნებზე და ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არჩევნებია 2024 წლის 26 ოქტომბერს“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე.
ბათუმის მერიამ ადლიის დასახლებაში ნაგავსაყარის შემოღობვა გადაწყვიტა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 326 ათას 687 ლარია გამოყოფილი.
მომსახურების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2024 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 4 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შესრულდეს.
პროექტის მიხედვით, ნაგავსაყარი 2,2 კილომეტრი სიგრძის ლითონის ღობით შემოიღობება.
ღობე დაიწყება ჭოროხის ნაპირას [ძველ ხიდთან], შემდეგ გაუყვება გზას ნაგავსაყარის შესასვლელამდე, აქედან კი, შიდა გზის გაყოლებით მივა ადლიის გამწმენდ ნაგებობასთან და დასრულდება გზასთან, რომელიც ახალი ბულვარის ბოლოდან მდინარე ჭოროხამდე მიდის.
აქედან ჭოროხამდე არის არხი [ასევე დაჭაობებული ადგილები], რის გამოც ნაგავსაყარის ტერიტორიაზე ვერ მოხვდები, დანარჩენი მხრიდან კი ნაგავსაყარის ბუნებრივ „ღობედ“ მდინარე ჭოროხი დარჩება.
ნაგავსაყართან მდებარე დასახლება [მცხოვრებლები ნაგავსაყარით ირჩენენ თავს] ღობის აქეთ დარჩება.
წითელი ხაზით აღნიშნულია ის ადგილი, სადაც ბათუმის მერიამ ნაგავსაყარის ღობე უნდა მოაწყოს
ღობის ორ ადგილზე მოეწყობა ჭიშკარი და დაცვის სენდვიჩპანელის კონსტრუქციის ჯიხურები, ელექტროგანათება, ლითონის ღობის დაბოლებაში კი მოთუთიებული ორმაგი ეკლიანი მავთული გაიჭიმება.
ქალაქის ნაგავსაყარი, რომელიც მდინარე ჭოროხის ნაპირთან და ზღვასთან ახლოსაა, არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.
2024 წელს პირველ ივლისამდე საქართველოს წყლებში (ზღვა, მდინარე, ტბა) 26 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის 4 დაღუპული არასრულწლოვანია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში მაშველებმა წყალში 40 ადამიანი გადაარჩინეს.
გუშინ, 13 აგვისტოს, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, ზღვაში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს.
დახრჩობა პრევენციული ტრაგედიაა, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 236 000 ადამიანი იღუპება წყალში – მათი უმეტესობა [82 000] მცირეწლოვანი 1-დან 14 წლამდე ბავშვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს წყლებში სულ 61 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 არასრულწლოვანი; გადარჩენილია 177 ადამიანი.
2022 წელს ზღვაში, მდინარებსა თუ ტბებში საქართველოში 45 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 არასრულწლოვანია; ამავე პერიოდში მაშველებმა გადაარჩინეს 139 ადამიანი.
ჯანმო წერს, რომ ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი ასაკი – ეს კორელაცია ხშირად ასოცირდება ზრდასრულთა კონტროლის ნაკლებობასთან. „გლობალურად, დახრჩობის ყველაზე მაღალი წილი 1-4 წლის ბავშვებში ხდება, შემდეგ მოდის 5-9 წლის ბავშვები“, – წერს ჯანმო.
ჯანმო ბავშვებთან მიმართებაში, დახრჩობის შემთხვევების პრევენციისთვის აუცილებელ ინტერვენციად მიიჩნევს სკოლის ასაკის ბავშვებისთვის ცურვისა და წყლის უსაფრთხოების ძირითადი უნარების სწავლებას. ინვესტიციებმა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის დღის მოვლის პროგრამებსა და ბავშვებს ცურვის საბაზისო უნარების სწავლებაში, შეიძლება დახრჩობისგან გადაარჩინოს 774 000 ბავშვი 2050 წლამდე“, – წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში.
ჯანმო: ეფექტური პოლიტიკა და კანონმდებლობა ასევე მნიშვნელოვანია წყალში დახრჩობის შემთხვევების პრევენციისთვის. ნავითა და ბორნით გადაადგილებისთვის უსაფრთხოების წესების დაწესება და უზრუნველყოფა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია; მნიშვნელოვანია წყალდიდობისადმი მდგრადობის გაზრდა და წყალდიდობის რისკების მართვა, კატასტროფებისთვის მზადყოფნის უკეთესი დაგეგმვისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების მეშვეობით; … წყლის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებამ შეიძლება გაზარდოს ცნობიერება წყლის ირგვლივ უსაფრთხოების შესახებ.
ჯანმო წერს, რომ დახრჩობის გლობალური ტვირთი და სიკვდილიანობა გავლენას ახდენს ყველა ქვეყანასა და რეგიონზე, მაგრამ ჯანმოს სტატისტიკის თანახმად, უნებლიე დახრჩობით სიკვდილიანობის 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ხდება.
გარდა ამისა, კაცები დახრჩობის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან: დახრჩობის სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი კაცებში ორჯერ მეტია, ვიდრე ქალებში. კვლევები ვარაუდობს, რომ ასეთი მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია კაცების უფრო ხშირი კონტაქტით ცურვასთან/წყალთან და სარისკო ქცევებთან, როგორიცაა მარტო ცურვა და ალკოჰოლის დალევა მარტო ცურვამდე ან ნავით გასეირნებამდე.
ჯანმოს რეკომენდაციით:
მოერიდეთ ალკოჰოლის დალევას და დარჩით ფხიზლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეთვალყურეობთ ბავშვებს წყლის გარშემო.
ცურვის წინ, ყოველთვის შეამოწმეთ ამინდი და წყლის მდგომარეობა.
საზღვაო ტრანსპორტით გადაადგილებამდე დარწმუნდით, რომ სამაშველო რგოლები და ჟილეტები ხელმისაწვდომია და გამოიყენება სწორად. უსაფრთხოების აღჭურვილობას შეუძლია გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
ბათუმის სანაპიროზე ახალი ტურისტული გასართობი სერვისი გამოჩნდა. ბათუმში ჩამოსულ დამსვენებელს საჰაერო ბურთით გასეირნებას სთავაზობენ.
საჰაერო ბურთი ბათუმში თურქულ-ქართულმა კომპანია „ბათუმი ბალონმა“ შემოიტანა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი თურქი პარტნიორები კაბადოკიაში მუშაობენ, ბათუმში კი სატესტოდ ჩამოიტანეს საჰაერო ბურთი.
„თუ გაამართლებს, უფრო დიდ მასშტაბებზე გავალთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანიის წარმომადგენელმა ნუგზარ მსახურაძემ.
„ბათუმელები“ დაინტერესდა რამდენად უსაფრთხოა ახალი სერვისი, რომელსაც „ბათუმი ბალონ“ მოქალაქეებს სთავაზობს.
„სერტიფიცირებული პილოტი გვყავს ჩამოყვანილი კაბადოკიიდან. გვინდოდა უსაფრთხოება გვქონოდა დაცული. ორი თვე დაგვჭირდა ნებართვების მისაღებად. გაწერილია უსაფრთხოების წესები, რომელსაც მკაცრად დავიცავთ.
შეგვიძლია პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გაჩვენოთ,“ – გვითხრა ნუგზარ მსახურაძემ.
მოგვიანებით მან პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გვაჩვენა.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საჰაერო ბურთის ოპერირებისათვის რვა ადამიანია საჭირო. ბურთი მიწიდან 100 მეტრზე ადის და ჰაერში 20 წუთის განმავლობაში ჩერდება.
საჰაერო ბურთში ერთდროულად 12 ადამიანი შეიძლება მოთავსდეს. ერთი ადამიანს ამ სერვისით სარგებლობისთვის 100 ლარის გადახდა მოუწევს.
საჰაერო ბურთი ბათუმში ჭაჭის კოშკის მიმდებარედაა განთავსებული. ამ ტერიტორიის გამოყენებას კომპანია სექტემბრის ბოლომდე გეგმავს.
კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ბიზნესი გაამართლებს, აეროპორტის დასახლებაში აპირებენ საჰაერო ბურთის გადატანას.
მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, 8 თვის განმავლობაში, გარემოებების სიღრმისეული შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად, ოფიციალურად გამოსცა ბათუმის ორი ნახევარკუნძულის/ერთი კუნძულის პროექტის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა ამომწურავი კვლევა და დაადგინა, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დადგენილი პროექტი სრულ თავსებადობაშია საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პროექტს არ ექნება ზემოქმედება მეზობელ ობიექტებზე, მათ შორის შპს „ტერმინალ 1“-ის ნავთობპროდუქტების გადასატვირთ საზღვაო ტერმინალზე. კერძოდ, აღნიშნული საკითხი საგულდაგულოდ იქნა შეფასებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით და მიღებული შედეგებით დადასტურებულია პროექტის სრული უსაფრთხოება და ეროვნულ რეგულაციებთან შესაბამისობა.
მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო არეალი არ წარმოადგენს წყლის ბიოლოგიური გარემოს არცერთი სახეობის კრიტიკულ ჰაბიტატს და შესაბამისად აქ გავრცელებულ სახეობებზე შეუქცევადი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. ექსპერტების კვლევების შედეგების მიხედვით, საპროექტო არეალში ხუთიდან ათ წლამდე პერიოდში შესაძლებელი იქნება ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება და ბუნებრივ პირობებთან მიახლოებული მდგომარეობის აღდგენა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების მიზნით გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალა, კერძოდ ინერტული მასალები და ქვები, რომელთა გამოყენება ხდება გადამუშავების გარეშე. ნაპირდამცავი ნაგებობების მოსაწყობად გამოსაყენებელი ბუნებრივი ქვები ერთ-ერთი საუკეთესო სუბსტრატია წყლის ორგანიზმების საბინადროდ და იქთიოფაუნისათვის ხელსაყრელი ჰაბიტატების შესაქმნელად.
როგორც ცნობილია, საპროექტო აკვატორიაში ადგილი აქვს ნავთობპროდუქტებით ისტორიულ დაბინძურებას, ხოლო პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტერიტორიის გაწმენდა (წყალქვეშა ფერდის ნაწილი მოქცევა ხელოვნურად შექმნილი ტერიტორიის ქვეშ და მოხდება სამუდამოდ დაკონსერვება, ხოლო ნაწილი ამოღებული იქნება და გაიწმინდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად). პროექტი ამავდროულად ითვალისწინებს ეკოლოგიურად სუფთა პლაჟების და სარეკრეაციო სივრცეების შექმნას.
ამბასადორი ბათუმის კუნძულის პროექტი წარმოადგენს უძრავი ქონების განვითარების განსხვავებულ და უნიკალურ კონცეპტუალურ ხედვას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკასა და ადგილობრივი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თვისობრივ გაუმჯობესებაში:
ტერიტორიული გაფართოება: მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ტერიტორია 102 ჰექტრით გაფართოვდება და არსებული სანაპირო ზოლი 1.2 კმ-დან 3.6 კმ-მდე მოიმატებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ქ. ბათუმის სამხრეთ დასავლეთ სანაპირო ზოლში ადგილი აქვს, წარეცხვის პროცესებს.
საერთო მონაპოვარი: ეს ისტორიული პროექტი არ არის მხოლოდ ამბასადორი ჯგუფის წარმატება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, არის საზოგადოების, სახელმწიფო ინსტიტუტების და ასეულობით ინდივიდუალურად ჩართული ადამიანის შთამაგონებელი იდეის ერთობლივი გამარჯვება. ბედნიერები ვართ, რომ არ წყდება ნიჭიერი ადამიანებისა და მომავალზე ორიენტირებული ორგანიზაციების სურვილი, კუნძულის ტერიტორიაზე განახორციელონ ისეთი მასშტაბური პროექტები და ინიციატივები, რომლებიც გლობალურ ეკონომიკურ ასპარეზზე მოწინავე ქვეყნებთან დაგვაყენებს.
ეკონომიკური ზრდა: ამბასადორი ბათუმი აილენდმა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად წარუდგინა კოლიერის ლონდონის და თბილისის ოფისების კვლევა, რომლის თანახმადაც, ბათუმის ორი ნახევარკუნძული/ერთი კუნძული შექმნის შემდეგ ყოველწლიურად განახორციელებს 64 000 000 აშშ დოლარის გადასახადების აკუმულირებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკურ ლანდშაფტს.
ახალი სამუშაო ადგილები: პროექტის შედეგად, კომპანიის დაკვეთით მომზადებული საერთაშორისო ეკონომიკური კომპანიის კვლევით, საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაკლებ 7000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც უდიდესი შესაძლებლობაა, როგორც ქვეყანაში მცხოვრებლებისთვის, ასევე, შინ დაბრუნების შესაძლებლობაა ქვეყნის გარეთ გასული მიგრანტებისთვის.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა: ბათუმის ორ ნახევარკუნძულზე/ერთ კუნძულზე შეიქმნება მაღალი კლასის სასტუმროები, აპარტამენტები, სავაჭრო ცენტრები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. ახალი იახტკლუბის გვერდით, ასევე გაშენდება 9 ჰექტარი ტყე-პარკი, რომელიც საზოგადოებას 3,6-კილომეტრიან სანაპირო ზოლს შესთავაზებს. საჯარო სივრცეებში უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი წვდომა.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ვალდებულება: ამბასადორი ბათუმი აილენდი რჩება ერთგული, შეინარჩუნოს სრული გამჭვირვალობა და დაიცვას გარემოსდაცვითი სტანდარტები პროექტის განხორციელების განმავლობაში. კომპანია მზად არის გაითვალისწინოს ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშშია მოცემული.
ამბასადორი ბათუმი აილენდის სახელით განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, პროექტის მხარდაჭერისა და ამავე დროს, პროცესში გამოთქმული სიღრმისეული და კვალიფიციური კომენტარებისთვის, რამაც შედეგად სრულყო პროექტი, გახადა იგი ფუნდამენტურად სანდო და უსაფრთხო.
დასასრულს, ამბასადორი ბათუმი აილენდი ვადაზე ადრე ასრულებს სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებებს: ამჟამად ტერიტორიაზე ფაქტობრივად შექმნილია 10 ჰექტრამდე ფართობის ხელოვნური ნაკვეთი, რომლის მიწით ამოვსების სამუშაოებიც უკვე დასრულებულია. 2024 წლის შემოდგომიდან, კუნძულზე მიწის დამატებითი სამუშაოების პარალელურად, კომპანიის გეგმებშია პირველი პარკისა და ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობების განვითარება.
დღეიდან, 14 აგვისტოდან, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით მიმოქცევაში გაეშვა 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები.
ახალი ბანკნოტები იმავე დიზაინისაა, როგორიცაა 2020 წელს გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები, თუმცა, ბანკის ინფორმაციით, მასზე შეცვლილია გამოშვების წელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა და საერთოდ ამოღებულია წარწერა: „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“.
ეროვნულ ბანკს ამ დროისთვის პრეზიდენტი არ ჰყავს. ნათია თურნავა კი, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია.
„2024 წლის 14 აგვისტოდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, 2020 წლის გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით – „2024“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებითა და თანამდებობის აღმნიშვნელი წარწერის – „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“ მითითების გარეშე.“ – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს ნათია თურნავა, როგორც ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
ამავე დადგენილებაში აღნიშნულია ასევე, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცეს წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტების პარალელურად და ამ ბანკნოტებით ანგარიშსწორება განხორციელდეს შეუფერხებლად.“.
თურქეთში, ანტალიაში, ორი რუსული არალეგალური სკოლა აღმოაჩინეს – ამის შესახებ თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს.
გამოცემის ცნობით, თურქეთის განათლების სისტემამ გამოძიება დაიწყო იმ სკოლებთან დაკავშირებით, რომლებიც სათანადო რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე მუშაობდნენ.
ორივე სკოლა მუშაობდა საჭირო ნებართვის გარეშე, რუსული სასწავლო გეგმით, I-VIII კლასები.
„ჰურიეთი“ წერს, რომ 2022 წელს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ანტალიაში გაიზარდა ემიგრაცია რუსეთიდან და უკრაინიდან, რაც აისახა სხვადასხვა სექტორზე, მათ შორის უძრავი ქონების ფასებზე, კვების მომსახურებასა და განათლების სისტემაზეც.
რუსული სკოლები უკანონოდ ფუნქციონირებს საქართველოშიც. „ბათუმელებმა“ ამ თემაზე რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა.
კახეთის პოლიციამ ქალისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ა.მ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1969 წელს დაბადებული ი.ფ., 1999 წელს დაბადებული ჯ.ი., წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ს.ა. და 2003 წელს დაბადებული მ.ბ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2000 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ასევე მონაწილეობდნენ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულები: ი.ფ., ჯ.ი., ს.ა. და მ.ბ.
პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონა სოფელ ყარაჯალაში იპოვა.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს „გლოვოს“ კურიერის დაჭრაშია ბრალდებული, რომელიც იძებნებოდა.
„ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს თ.ს.-ს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – იუწყება შსს.
უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარება. იგი 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევია.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ბრძანება სააგენტოს უფროსმა დღეს, 2024 წლის 14 აგვისტოს გამოსცა.
„შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოს წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და თანდართული დოკუმენტაციის, დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, ანგარიშში წარმოდგენილი ტექნოლოგიური სქემის, გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების, ასევე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების, შერბილების და თავიდან აცილების ქმედებების,
ავარიულ სიტუაციებზე რეაგირებისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმების შესაბამისად, მათ შორის ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მონიტორინგის გეგმისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების/გარემოსდაცვითი სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით“, – აღნიშნულია ბრძანებაში.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, 2023 წლის 24 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა ქ. ბათუმში, საზღვაო აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში და კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია.
წარმოების ფარგლებში, სააგენტომ უზრუნველყო საექსპერტო კომისიის შექმნა და შესაბამისი უწყებების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა…
წარმოების ეტაპზე, შპს „ტერმინალ 1-ის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა კორესპონდენცია, რომლის თანახმად, შპს „ტერმინალ 1“ დაუშვებლად მიიჩნევდა კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, ვინაიდან კუნძულის საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მომავალი საერთაშორისო საზღვაო ხომალდების შემოსვლის, მანევრის და დგომის მარშრუტს და საფრთხეს უქმნიდა ტერმინალის უსაფრთხო ფუნქციონირებას.
აღნიშნულის საფუძველზე, 2024 წლის 2 აგვისტოს სააგენტოს მიერ კვლავ შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ეთხოვა შპს „ტერმინალ 1-ის“ მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა.
აღნიშნულ საკითხზე შპს „ტერმინალ 1“- მა სააგენტოს დამატებით მიმართა 2024 წლის 5 აგვისტოს. ვინაიდან, წერილებში დასმული საკითხები სცილდებოდა გზშ-ს ფარგლებს და, შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას, აღნიშნულის შესახებ ეცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ეთხოვა დაზუსტებული მოსაზრებების წარმოდგენა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, „ტერმინალ 1-სა“ და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, არ შეიზღუდება იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლა, რომლითაც სარგებლობს „ტერმინალი 1″;
ასევე, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია არ შეუქმნის საფრთხეს შპს ,,ტერმინალ 1-ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მათ შორის ტერმინალის აკვატორიაში გემების უსაფრთხო შესვლა/გასვლას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 2024 წლის 12 აგვისტოს წერილის საფუძველზე მოხდა ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება.
წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის საექსპერტო კომისიის დასკვნების შეჯერებისა და არსებული დოკუმენტაციის შეფასების შედეგად, ქ. ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.“
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 594 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240]
ტანკი – 8 476 ერთეული [+21]
ჯავშანტექნიკა – 16 402 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 16 821 ერთეული [+57]
MLRS – 1 151 ერთეული [+5]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 921 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 366 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 548 ერთეული [+57]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 426 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 22 710 ერთეული [+61]
სპეცტექნიკა – 2 813 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
638 თვითმფრინავი
279 ვერტმფრენი
29 970 უპილოტო საფრენი აპარატი
569 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 057 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 400 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
13 229 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 715 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმში, იუსტიციის სახლთან ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილის პოვნა ჭირს. სამაგიეროდ იქვე ახლოს პარკინგს „ალიანს მენეჯმენტი“ შემოგთავაზებთ – ერთი საათის ფასი 3 ლარია. „თუ 1 საათზე მეტს, თუნდაც 10 წუთით მეტი ხნით დაყოვნდებით, 6 ლარის გადახდა მოგიწევთ და ასე შემდეგ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
„ალიანს მენეჯმენტმა“ პარკინგი სახელმწიფოს მიწაზე – 4224 კვ.მეტრზე მოაწყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ნაკვეთი კომპანიას აღნაგობის წესით, 49 წლის ვადით, 2023 წელს გადასცეს.
ხელშეკრულების პირობები, მაგალითად, ის, თუ რა ფასად გადასცეს კომპანიას მიწის ნაკვეთი სარგებლობაში, ამ ეტაპზე „ბათუმელებისთვის“ უცნობია. თუმცა იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც მოვიპოვეთ, ერთ-ერთი პირობა აქ პარკინგის მოწყობა იყო. გარდა ამისა, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ღია ავტოსადგომზე პარკინგის ადგილებს ფაქტობრივ მოსარგებლეს, იუსტიციის სახლს გადასცემდა.
„ალიანს მენეჯმენტს“ 2024 წლის ივნისამდე გადაცემულ ტერიტორიაზე არანაკლებ 200 ავტომანქანაზე გათვლილი ორდონიანი, მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა, სრულად აღჭურვა, უსაფრთხოების ჯებირების, ავტოსადგომის ინფრასტრუქტურის, მათ შორის შესასვლელებსა და გამოსასვლელებში შლაგბაუმების, განათებისა და ვიდეოკონტროლის სისტემების მოწყობა ევალებოდა.
პროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ავტოსადგომი აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული შშმ პირებზე.
პარკინგის ადგილი იუსტიციის სახლსა და „ალიანს პალასის“ მრავალფუნქციურ კომპლექსს შორის არის მოქცეული. პროექტში წერია ისიც, რომ „მოეწყობა კიბე, რომელიც მიწისქვეშა ავტოსადგომს „ალიანს პალასის“ შენობის შესასვლელთან დააკავშირებს.
ფოტო გადაღებულია დღეს, 13 აგვისტოს – როგორც კადრში ჩანს, ღია პარკინგზე ადგილები თავისუფალია
პროექტი იუსტიციის სახლისთვის მისაღები აღმოჩნდა, ეს წერილობითაც არის დადასტურებული:
„გაცნობებთ, რომ იუსტიციის სახლისთვის მისაღებია აღნიშნული პროექტი და თანახმა ვართ, მიმართოთ მისი განხორციელებისთვის საჭირო, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდგომ ქმედებებს, მათ შორის, მოიპოვოთ შესაბამისი ნებართვები“, – წერდა სსიპ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჟანიძე შპს „ალიანს მენეჯმენტის“ დირექტორს.
საპარკინგე სივრცე უკვე ფუნქციურია.
შპს „ალიანს მენეჯმენტი“ 2020 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა, მისი მესაკუთრე და დირექტორი „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიების პარტნიორი აკაკი სონგულიაა. ის „ოცნების“ შემწირველია.
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება: მსჯავრედებული ჯამბულ მ. 16 წელი დარჩება ციხეში.
საუბარია 2021 წლის 3 იანვარს „ოცნების ქალაქში“ მომხდარ მკვლელობაზე – ჩხუბის დროს 44 წლის კაცი მოკლეს, ხოლო 27 წლის კაცი დაჭრეს. გარდაცვლილი და დაჭრილი ბრალდებულის მეზობლები იყვნენ.
მკვლელობისთვის გასამართლებული კაცი – ჯამბულ მ. კი, 27 წლისაა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის [108-ე] და განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში [19-109-ე] მუხლებით წარუდგინეს.
გამოძიების ვერსიით, 2021 წლის 3 იანვარს „ოცნების ქალაქში“ მდებარე ერთ-ერთ სახლში 4 კაცი „წარსულში არსებული უთანხმოების გამო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა“. ჩხუბის დროს გ.ა.-ს მუცლისა და ზურგის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო სამი ჭრილობა დანით მიაყენეს, თუმცა იგი სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს, გ.ბ.-ს კი, გულმკერდის არეში მიაყენეს ორი ჭრილობა დანით – ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
ამ საქმის განხილვის დროს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადვოკატი ამბობდა, რომ საქმე გვქონდა აუცილებელ მოგერიებასთან ფარგლებს გადაცილებით. ადვოკატ თენგიზ კახიძის თქმით, კონფლიქტი მხარეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა ბრალდებულ ჯამბულ მ.-ს რძალმა სასიყვარულო სმს-ები მიიღო – უცნობი კაცი მას შეხვედრას სთხოვდა.
საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობამდე ბრლადებულს და მის დედა მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „რა დროსაც ჯ. მ-ემ ოთახში მდებარე სამზარეულოს მაგიდაზე არსებული დანის გამოყენებით გულმკერდის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა გ. ბ-ს, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია განჩინებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება – განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში [სსკ-ის 19-109 მუხლი], გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. ამ ნაწილში ჯამბულ მ.-ს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, განზრახ მკვლელობის [სსკ-ის 108-ე მუხლი] მუხლით კი, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
საბოლოოდ, მსჯავრდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც ორივე მხარემ მიმართა, პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და განაჩენი შეიცვალა – ჯამბულ მ. დამნაშავედ მიიჩნიეს, როგორც განზრახ მკვლელობის, ისე განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში მუხლებით.
მსჯავრდებულს ამჯერად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
„საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ჯ. მ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით [2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია] და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელთან მიმართებით, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
ეს განჩინება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა: მერაბ გაბინაშვილმა [თავმჯდომარე], შალვა თადუმაძემ და ნინო სანდოძემ მიიღეს.
ბათუმის შემოსასვლელში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებულ ბენზეს ხიდს გააფართოებენ. სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 210 ათასი ლარია.
ბენზეს ხიდის რეკონსტრუქციაში 2 წლის წინ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა თუმცა საცობის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, ხიდის სავალი ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს, რის გამოც ხიდს „ძაბრიხიდიც“ კი დაარქვეს.
ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს თან ახლავს პროექტი, სადაც აღნიშნულია, რომ რეაბილიტაციამდე ხიდის სიფართე [ორივე სავალი ნაწილი ჯამში] იყო 10,40 მეტრი, რეაბილიტაციის შემდეგ დაავიწროვეს და გახადეს 8 მეტრი, ამჯერად კი, ორივე სავალი ნაწილი უნდა გააფართოონ და იქნება ჯამში 10 მეტრი.
ხიდის რეკონსტრუქციის პროექტიდან:
„რეაბილიტაციამდე არსებული ხიდის გაბარიტი შეადგენდა Г=10,40+2X1,25 მ-ს, ხოლო რეაბილიტაციის შემდგომ ხიდის გაბარიტი გახდა Г=8+2х2,0 მ.
უნდა აღინიშნოს, რომ ხიდის გაბარიტი რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით მოყვანილია ქვეყანაში მოქმედ საპროექტო ნორმებთან შესაბამისობაში, თუმცა არ მოხდა არსებული მისასვლელი გზების კონფიგურაციისა და სიგანის გათვალისწინება რომელთა სიგანეც ხიდის მისასვლელებთან შეადგენს 12-14 მეტრს, ხოლო ხიდის სავალი ნაწილის სრული სიგანე უსაფრთხოების ზოლების გათვალისწინებით შეადგენს 10 მეტრს.
გზის აღნიშნული უეცარი შევიწროება მძღოლებში იწვევს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და ხიდთან მიახლოებისას სამოძრაო სიჩქარე მკვეთრად ეცემა, რაც თავის მხრივ იწვევს ქ. ბათუმში ისედაც გადატვირთული მოძრაობის კიდევ უფრო შენელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა ხიდის სავალი ნაწილის გაზრდა თავდაპირველ სიგანეზე.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ხიდის სავალი ნაწილის გაზრდა 10 მეტრამდე, რის შემდეგაც ხიდის გაბარიტი გახდება Г=10+2х1,5 მ.“
ამავე პროექტის მიხედვით, „გათვალისწინებულია არსებული მოაჯირებისა და განათების ბოძების დემონტაჟი და დასაწყობება ადგილზე შემდგომი გამოყენებისათვის.
არსებული თვალამრიდებისა და პარაპეტების დაშლა, სავალი ნაწილის დაშლა თვალამრიდიდან 0,5 მეტრის სიგანეზე რკ.ბეტონის ფილამდე. პროექტი ითვალისწინებს ახალი ანაკრები ტროტუარის ბლოკების მოწყობას რკ.ბეტონის ფილაში ჩაანკერებით.
ხიდზე მოაჯირებისა და განათების ბოძების მოწყობა გათვალისწინებულია არსებული დემონტირებული ნაკეთობებისაგან, რომლებიც უნდა გაიწმინდოს ქვიშაჭავლური მეთოდით და დაიფაროს ორი ფენა მაღალხარისხოვანი ანტიკოროზიული საღებავით.“
ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 31 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება.
პირობის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე. საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
ქალაქის ბიუჯეტში „მდ. ყოროლისწყლის ხიდის რეკონსტრუქცია“ რამდენიმე დღის წინ, 2024 წლის 9 აგვისტოს შეიტანეს.
„დინამო ბათუმი“ ოფიციალურად დატოვა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა. ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მოლდოვაში გადავიდა და ტირასპოლის „შერიფში“ ითამაშებს.
მამუჩაშვილმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. ტრანსფერი „შერიფმაც“ დაადასტურა.
ვლადიმერ მამუჩაშვილი „დინამო ბათუმში“ 2018 წელს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოდან“( ახლა „იბერია“) გადმოვიდა.
იგი „დინამო ბათუმის“ შემადგენლობაში გახდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ჩაატარა 222 მატჩი, გაიტანა 52 გოლი და გააკეტა 25 საგოლე გადაცემა.
NASA-ს მეცნიერებმა მარსზე, პლანეტის ზედაპირის ქვემოთ, დიდ სიღრმეზე, თხევადი წყალი აღმოაჩინეს. წყალი მეზობელ პლანეტაზე აქამდეც იპოვეს, მაგრამ არა თხევად მდგომარეობაში, არამედ პოლუსებზე ყინულის და ატმოსფეროში ორთქლის ნარჩენების სახით.
რეზერვუარი შეიცავს თხევად წყალს იმ რაოდენობით, რომ პლანეტის ზედაპირზე ოკეანეები შეავსოს, წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“.
BBC წერს, რომ მეცნიერებმა, NASA-ს კოსმოსური საფრენი აპარატის, Insight-ის მიერ შეგროვებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ დაასკვნეს, რომ მარსის ქერქის სიღრმეში არის თხევადი წყალი.
„ანალიზმა აჩვენა, რომ წყალი მარსის ზედაპირის ქვეშ 10-დან 20 კილომეტრამდე სიღრმეზეა” – წერს გამოცემა.
NASA-ს კოსმოსური საფრენი აპარატი, საიდანაც მონაცემები მოვიდა, მეზობელი პლანეტის ზედაპირზე 2018 წელს დაეშვა და 2022 წლის ბოლომდე იდგა ერთ ადგილას, რა დროსაც „უსმენდა პლანეტას“ – სეისმოგრაფის გამოყენებით მარსის ქერქის რყევის ჩასაწერად.
„ეს არის რეალურად იგივე მეთოდი, რომელიც გამოიყენება დედამიწაზე წყლის, ნავთობის ან გაზის მიწისქვეშა საბადოების მოსაძებნად“ – განუმარტა BBC-ის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ მანგამ, რომელიც პროექტში მონაწილეობდა.
ეს აღმოჩენა, პროფესორ მანგას თქმით, ნაწილობრივ პასუხობს მნიშვნელოვან კითხვას: „სად წავიდა წყალი მარსიდან?”
მეცნიერები, რომლებიც მარსის ზედაპირს სწავლობდნენ, დიდი ხანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მასზე ოდესღაც წყალი იყო: ზედაპირზე მდინარეებისა და ტბების კვალია. მაგრამ ბოლო სამი მილიარდი წელია იქ უდაბნოა. „წყლის ნაწილი აორთქლდა… მაგრამ ნაწილი, როგორც ჩანს, ზედაპირის ქვემოთ დარჩა“ – წერს BBC.
ბათუმთან ახლოს ზღვაში დაგეგმილი ორი მსხვილი პროექტის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებს. საქმე ეხება ზღვაში უნაპირო ნავმისადგომს და ხელოვნურ კუნძულს, რომელთა საპროექტო ტერიტორიები ერთმანეთის გვერდითაა.
დოკუმენტებიდან ჩანს, რომ „ტერმინალი1“-ს, რომელიც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს, ნავთობტერმინალის საქმიანობის გაფართოებაზე მთავრობა, სავარაუდოდ, უარს ეტყვის.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს კი, ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები ორივე პროექტის შემთხვევაში შეჩერებული აქვს.
გარემოს სააგენტომ შპს „ტერმინალი1“-ის პროექტთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცედურა შეაჩერა. კომპანია, რომელიც თევზის ბაზრის მიმდებარედ ნავთობტერმინალს ამუშავებს, ნავთობპროდუქტების საცავის მოცულობის გაზრდას და ზღვაში უნაპირო ნავმისადგომის მოწყობას გეგმავს – დიდი წყალწყვის მქონე ტანკერების მისაღებად.
რამდენიმე დღით ადრე, შპს „ტერმინალი1“-ის წერილების გამო გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურაც შეაჩერა.
„ტერმინალი1“ ხელოვნური კუნძულის „ქაოსურ მშენებლობას“ აპროტესტებს და ტერმინალის მიმართულებით კუნძულის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.
გარემოს ეროვნული სააგენტო „ტერმინალ1“-ს წერს, რომ სააგენტოში 2024 წლის 8 და 9 აგვისტოს შევიდა ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს წერილები, რომელთა თანახმად „ტერმინალ 1“-ის პროექტის განხორციელებისთვის შერჩეული ტერიტორია/საპროექტო არეალი განეკუთვნება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კონტინენტურ შელფს, რომელიც კანონმდებლობით არ ექვემდებარება პრივატიზებას.
ამასთან, „ტერმინალ1“-ის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ არ არის გაცემული რაიმე სახის ნებართვა ან/და თანხმობა.
„შესაბამისად გაცნობებთ, რომ სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს ზემოაღნიშნული საკითხის გათვალისწინებით, სრულყოფილი დოკუმენტაციის სააგენტოში წარმოდგენის შემდეგ“, – მიწერეს გარემოს ეროვნული სააგენტოდან „ტერმინალი1“-ს 2024 წლის 9 აგვისტოს.
ამ წერილიდან ირკვევა, რომ „ტერმინალი1“-ის პროექტთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება იმავე დღეს შეწყვიტა, როცა სამინისტროსგან მიიღო წერილი, ანუ 2024 წლის 9 აგვისტოს.
„რაც შეეხება შპს ,,ტერმინალ 1“-ის 31 ივლისის წერილს, რომლითაც წარმოდგენილია საპროექტო კომპანია „ანკორ ინჟინერინგის“ წინასწარი შეფასება „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ განსახორციელებელი მშენებლობის შესახებ, მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ წერილში დასმული საკითხების განსახილველად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. დეტალური შეფასებისთვის, გეგზავნებათ სააგენტოს მ/წლის 14 აგვისტოსწერილი შეხვედრის ოქმთან ერთად“, – წერს ეკონომიკის სამინისტრო წერილში, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოსთვის 9 აგვისტოს მიუწერია [14 აგვისტო არის ხვალ].
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს 7 აგვისტოს წერს, რომ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“-ს პროექტით გათვალისწინებულ საზღვრებთან მიმართებაში, იმ ნავმისადგომზე გემების შემოსვლა გასვლის ოპერაციები, რომლითაც სარგებლობს შპს „ტერმინალი 1“.
საზღვაო სააგენტო აცხადებს, რომ ხელოვნური კუნძულის პროექტით გათვალისწინებული მანძილი „ტერმინალ 1“-სა და „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს შორის, „არ შეზღუდავს იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლას, რომლითაც სარგებლობს „ტერმინალი 1“.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 7 აგვისტოს გამართულ შეხვედრას, შესაბამისი ოქმის მიხედვით, ესწრებოდნენ: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე არჩილ ინასარიძე; საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ ქვარიანი; საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის მ/შ – ნავსადგურის კაპიტანი ნოდარ გორგაძე; შპს „ბლექ სი პაილოტ სერვისი“-ს ლოცმანი მურთაზ დევაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების და უშიშროების სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ქუთათელაძე.
რაზე შეჯერდნენ ამ შეხვედრის მონაწილეები, გთავაზობთ სრულად [ამონაწერი ოქმიდან]:
შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდს“ და შემომავალი არხის გასწვრივ, შემომავალი არხის ვირტუალ ღერძიდან სამხრეთით, რჩება საკმარისი სივრცე, რომ შემომავალი გემის საკურსო ხაზმა გადაიწიოს და გაზარდოს უსაფრთხო მანძილი, რათა გემის მაქსიმალური ზომებით 141X16 იყოს უფრო უსაფრთხო შემოსვლა „ტერმინალ-1“-ის ნავმისადგომზე.
გემების მოსაბრუნებელი წრე გადატანას არ საჭიროებს. გემის შემოსაბრუნებელი ადგილი საკმარისია მაქსიმალური სიგრძის 141 მ. გემებისათვის, იმ მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით და ბუქსირების დახმარებით, რაც მოცემულია ნავსადგურის წესებში. რადგან შემოსაბრუნებელი აუზის დიამეტრი არის 282 მ. ხოლო შემოსაბრუნებელი წრის უახლოეს კიდიდან, ბათუმი აილენდის მოლამდე, მინიმალური მანძილი რჩება 90 მ.
როგორც გაწერილია კომპანია „ანკორ ინჟინერიგ“-ის რეკომენდაციებში, რომელიც დამტკიცებულია ბათუმის ნავსადგურის კაპიტნის მიერ და როგორც მუშაობს დღეს-დღეობით სალოცმანო კომპანია, გემი შემოსაბრუნებელ აუზში შემობრუნების შემდეგ, აგდებს მარცხენა ღუზას და 2 ბუქსირის დახმარებით, დაბალი სიჩქარით გადის მარჯვენა ღუზის ჩაგდების ადგილზე. მარჯვენა ღუზის ჩაგდების შემდეგ, გემი უკუსვლით, მინიმალური სიჩქარით მიემართება ნავმისადგომისაკენ, სადაც შედის ნავმისადგომის გასწვრივ მარჯვენა ბორტით 30 მ. პირსის დაბოლოებიდან და ებმება კიჩოს მისაბმელი ბაგირებით ნავმისადგომთან.
კომპანია ანკორ ინჟინერინგის რეკომენდაციით გემმა უნდა ჩააგდოს ღუზების ჯაჭვის 7 ბმული [სმიჩკა] რაოდენობით. როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა და როგორც მუშაობს სალოცმანო კომპანია, მარჯვენა ღუზის 4 ბმულის [სმიჩკის] ჩაგდება, საკმარისია გემის უსაფრთხო დგომისთვის. „ტერმინალ 1“-ში გემის შემოსვლის და დგომის, დასაშვებ მეტეოროლოგიურ პირობებში ქარი მაქსიმალური სიჩქარე 5 მ/წმ. ზღვის ღელვა 2 ბალი, [ტალღა 0,5 მ].
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს პროექტით გათვალისწინებული მანძილი „ტერმინალ 1“-სა და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს შორის, არ შეზღუდავს შპს „ტერმინალ 1“-ის ნავმისადგომზე მომავალი ტანკერების შემოსვლა-გასვლას.“
ქვემოთ ნახაზზე მოცემულია ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორზე“ თავდაპირველად გადაცემული ტერიტორია [89 ჰექტარი ზღვაში მონიშნულია ყვითელი ხაზით]. რაც შეეხება ლურჯი ხაზით შემოსაზღვრულ ტერიტორიას, ეს არი „ამბასადორზე“ ადრე და შემდეგ დამატებით გადაცემული ტერიტორია მთლიანად.
როგორც ამ ნახაზიდან ჩანს, „ტერმინალი1“-ის ნავმისადგომიდან[პირსიდან] მონიშნული გემების შემოსასვლელ-გასასვლელი [აღნიშნულია წითელი ხაზებით] ემიჯნება და კვეთს „ამბასადორზე“ გადაცემულ საპროექტო ტერიტორიას:
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური
„ტერმინალ1“ თვლის, რომ კუნძულის საპროექტო პარამეტრებში განხორციელების შემთხვევაში ნავსადგურის აკვატორია ირღვევა.
კომპანია ასევე აცხადებს, რომ „დაუშვებლად მიაჩნია განიხილებოდეს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი იმ პარამეტრებში, რომელიც დღეის მდგომარეობითაა წარმოდგენილი. აბსურდულია ნავთობტანკერის დგომის და გადატვირთვის ტერიტორიაზე, სადაც არის გაფრქვევის ადგილი, მომეტებული საფრთხის ზონა, სადაც ყველა მოქმედება გაწერილია ნავსადგურის წესებით/ინსტრუქციებით და რეგულირდება უსაფრთხოების და უშიშროების გეგმით, მოხდეს მრავალფუნქციური ტურისტული ზონის მოწყობა“.
„დაუშვებლად მიგვაჩნია კუნძულის მშენებლობა/მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, რამდენადაც კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ1“-ის ნავმისადგომზე მომავალი საზღვაო ნავთობ-ტანკერების შემოსვლა-მანევრის და დგომის არეალს. აღნიშნულის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო 2022 წელს, როდესაც იხილებოდა „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-სთვის ქონების გადაცემის პირობები.“ – აცხადებს „ტერმინალი1“.
თავის მხრივ ქონების ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს 8 აგვისტოს წერს, რომ „დასახელებულ ტერიტორიაზე „ტერმინალი1“-ის მიერ შემოთავაზებული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ არ არის გაცემული რაიმე სახის ნებართვა ან/და თანხმობა.“
„დამატებით მოთხოვნილი [ლურჯი საზღვრის ხაზი] და ძირითადი [თეთრი ხაზი] ტერიტორიები ფაქტობრივად გამორიცხავენ „ტერმინალ-1“-ის ფუნქციონირებას მისივე ტერიტორიის აღნიშნულ ნაწილში. მიზანშეწონილია ორივე ტერიტორიის საზღვრების გადაწევა წითელი საზღვრის ხაზის გარეთ 100 მ დაცილებით, რათა გამოირიცხოს V კლასის ობიექტის რაიმე მოსალოდნელი ზემოქმედება.“ – წერდა „ტერმინალი1“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 13 მაისს [კომპანიის მიერ წარმოდგენილ ამ რუკაზე წითელი წყვეტილი ხაზებით და ისრით ასევე ნაჩვენებია უნაპირო გადატვირთვის სარეიდო მოედნების განლაგება].
გარემოს ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს წერდა, რომ „ტერმინალ 1“-ის მიერ 2024 წლის 17 ივლისს სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციას თან ახლდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2024 წლის 19 აპრილის წერილი, რომლის თანახმად „ტივტივა დაგეგმილ ხელოვნურ კუნძულთან ახლო მანძილით იქნება დაშორებული და კუნძულის მშენებლობა სავარაუდოდ გავლენას იქონიებს დღეს არსებულ სანავიგაციო პირობებზე, რაც ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია.“
„ვინაიდან, შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ დაგეგმილია ექსპლუატაციის პირობების ცვლილება [წარმადობის გაზრდა და საზღვაო სატვირთო მისადგომის მშენებლობა-ექსპლუატაცია] და შპს ,,ტერმინალ 1“-ის წერილებში დასმული საკითხები სცილდება გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოთ დაზუსტებული მოსაზრებების წარმოდგენა, გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში გათვალისწინებული დოკუმენტაციით აღნიშნული საქმიანობების თავსებადობის შესახებ;
მათ შორის შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი პროექტის ზემოქმედების თაობაზე შპს „ტერმინალ 1“-ის არსებულ და დაგეგმილ ნავმისადგომზე მომავალი საერთაშორისო საზღვაო ხომალდების შემოსვლის, მანევრისა და დგომის მარშრუტზე, ნავმისადგომების ფუნქციონირების შედეგად, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ინფრასტრუქტურაზე უარყოფით ზემოქმედებასა და აღნიშნული პროექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში, „ტერმინალ 1“-ის მიერ წერილში მითითებულ შესაძლო რისკებზე.“ – მიწერეს გარემოს სააგენტოდან ეკონომიკის სამინისტროს.
ეკონომიკის სამინისტრო, როგორც აღვნიშნეთ, აცხადებს, რომ „ტერმინალი1“-ის მიერ დაგეგმილი საქმიანობა შეთანხმებული არ აქვს, ხოლო „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია „არ შეუქმნის საფრთხეს „ტერმინალ 1“-ის ოპერირების ქვეშ მყოფი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მათ შორის ტერმინალის აკვატორიაში გემების უსაფრთხო შესვლა/გასვლას.“
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ორივე პროექტის განხილვა რომ განაახლოს, დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოუწევს როგორც „ტერმინალ1“-ს, ასევე „ამბასადორი ბათუმი აილენდს“.
შეგახსენებთ, რომ
„ტერმინალ1“-ს ნავთობტერმინალის საქმიანობის გაფართოება სურს – რეზერვუარების მოცულობის გაზრდითა და ზღვაში უნაპირო ნავმისადგომის მოწყობით – დიდი ტანკერების მისაღებად.
„ამბასადორი ბათუმი აილენდს“ კი ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მიღება უნდა, რომელიც დღემდე არ აქვს [კომპანია ამჯერად ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს, რაზეც ნებართვა თავის დროზე დღგ-ს გარეშე გაიცა, როგორც დამცავი ნაგებობის მოწყობაზე].
პოლიტიკური პლატფორმა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა გადმოწერის შესახებ წლებისა და თვეების მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკურ ინფორმაციას ითხოვს.
ამის შესახებ პოლიტიკურმა პლატფორმამ დღეს, 13 აგვისტოს, განაცხადა ბათუმში.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო რეესტრისაგან ვითხოვთ წლებისა და თვეების მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკას, საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა გადმოწერის თაობაზე.
რატომ ვითხოვთ კონკრეტულად ამ ინფორმაციას – მოგეხსენებათ, რომ 26 ოქტომბერს, აჭარის მოსახლეობა, საქართველოს პარლამენტთან ერთად ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
„ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგად იციან იმ განწყობების შესახებ, რომელიც არის საზოგადოებაში, შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა, რომ არჩევნებს იგებს პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ ხელისუფლებამ განიზრახა საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან თავისი მხარდამჭერების აჭარის მუნიციპალიტეტებში გადმოწერის გზით შეამციროს სხვაობა მხარდაჭერის ნაწილში და აღმოფხვრას ჩამორჩენა „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“ – განაცხადა კახა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ესაა „თაღლითური სქემა“, რომლის გამოყენებითაც ხელისუფლება გეგმავს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას.
„მიუხედავად ამ თაღლითური სქემის განზრახვისა, ხელისუფლებას ვპირდებით, რომ არაფერი არ გამოუვა, რადგან ჩვენ გვაქვს ქმედითი პასუხები, ამ პროცესის ყველა შესაძლო სცენართან დაკავშირებით, რის შესახებაც საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში. ეს არ გამოუვათ“ – განაცხადა მან.
მმართველი პარტია რომ რეგიონებიდან აჭარაში შეეცდება ამომრჩევლების გადმოწერას უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, ამის შესახებ საუბრობს კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა – „გახარია – საქართველოსთვის“. 17 ივლისს ბათუმში გამართულ ბრიფინგზე პარტიამ განაცხადა, რომ „მომხრეების აჭარაში ჩაწერით „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე არაფერს კარგავს, ხოლო აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მობილიზებას უკეთებს მომხრეებს სხვა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან“.
კურორტ გომისმთის საავტომობილო გზიდან ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევა 12 აგვისტოს, ღამით მოხდა.
ავარიის შედეგად დაშავებული 2 მგზავრი ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
თიბისის მხარდაჭერით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ განხორციელდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.
გამარჯვებულებს შორისაა გოგონების გუნდი ბათუმიდან, პროექტით AI Eyes – ეს სათვალე უსინათლოებს დამოუკიდებლად გადაადგილებას უმარტივებს. თამუნა ცინცხალაძემ, ლიზი შანიძემ, თამო ვერძაძემ და თეა ხარაბაძემ უსინათლოებისთვის შექმნეს აპლიკაცია, რომელიც სენსორულ სათვალეებს უკავშირდება.
„სათვალეს შეუძლია, აღიქვას და მომხმარებელს უკარნახოს ახლოს მდებარე ობიექტების დასახელებები. ამისათვის სათვალე ეყრდნობა თავის სკანერს, რომელიც აპლიკაციას გადასცემს უცხო სხეულის გამოსახულებას, აპლიკაცია კი ამ ობიექტის შესახებ შესაბამის ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს“ – აღნიშნავენ გუნდის წევრები.
აპლიკაციას ასევე აქვს წიგნის კითხვის ფუნქციაც – მომხმარებელი თავად ატვირთავს სასურველ წიგნებს, ჩაშენებული AI სისტემა კი მისთვის წაიკითხავს. ამ ეტაპზე აპლიკაცია ინგლისურ ენაზე სრულიად გამართულად ფუნქციონირებს. რაც შეეხება ქართულს, უკვე შესაძლებელია ქართული ტექსტების ჩაწერა და ხმამაღლა წაკითხვაც, თუმცა ეს ასპექტი დამუშავების პროცესშია. გოგონებს ასევე სურთ, სათვალესთან Map-ის ფუნქციაც დააკავშირონ, რათა მოწყობილობამ ნავიგატორის ფუნქციაც შეითავსოს. ამ ყველა ნიუანსი დახვეწის შემდეგ, უსინათლოები მარტივად შეძლებენ გარემოში დამოუკიდებლად გადაადგილებას.
„მთლიანობაში, მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. აქამდე გამოცდილება არ გვქონია პროგრამირებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, თუმცა პროექტი ძალიან დაგვეხმარა საჭირო უნარების გამომუშავებაში. გზადაგზა უამრავ სირთულეს წავაწყდით, ექსპერიმენტებს ვატარებდით და საბოლოოდ მაინც შევქმენით პროდუქტი. ბევრჯერ შეგვეშინდა და დანებების პირასაც მივსულვართ, მაგრამ მენტორის დახმარებითა და გამხნევებით, საქმე მაინც ბოლომდე მივიყვანეთ“ – აღნიშნავენ გუნდის წევრები.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.
დღეს, 13 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „L ბაკურში“ ხანძარი გაჩნდა.
დაკვამლიანება სასტუმროში
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური.
ხანძარი, სავარაუდოდ, შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსახურის ცნობით, 13:50 საათის მონაცემებით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 აგვისტოს 21 საათიდან 14 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 15-16 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 593 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
ტანკი – 8 455 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 16 385 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 16 764 ერთეული [+36]
MLRS – 1 146 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 920 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 366 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 491 ერთეული [+19]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 426 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 22 649 ერთეული [+59]
სპეცტექნიკა – 2 806 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
638 თვითმფრინავი
279 ვერტმფრენი
29 823 უპილოტო საფრენი აპარატი
569 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 046 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 400 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
13 198 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 686 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
როგორ მუშაობს ოპოზიცია ქობულეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე? – „ბათუმელები“ აქ პარტიების – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებს ესაუბრა.
ქობულეთში ოპოზიციის წარმომადგენლებს ვკითხეთ, სრულად დაკომპლექტდა თუ არა მათი შტაბები, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, რა პრინციპით ხვდებიან მოქალაქეებს, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება, როგორია ადგილობრივები მოქალაქეების პოლიტიკური განწყობები და როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას არჩევნების კიდევ უფრო მოახლოებისას.
„პირველ რიგში, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საარჩევნო უბნების გამაგრება სანდო, პროფესიონალი ჩვენი მხარდამჭერებითა და იმ ადამიანებით, რომლებსაც აქვთ ცესკოს გამოცდები ჩაბარებული. ჩვენ ვეძებთ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარებიან. ვგულისხმობ უბანზე პარტიის წარმომადგენლებს, ასევე დამკვირვებლებს, კოორდინატორებს და კომისიის წევრებს. კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი როლი ამ საქმეში.
იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ იმის თავიდან აცილებას, რასაც „ქართული ოცნება“ გარდაუვალად შეეცდება საარჩევნო უბნებზე, ანუ გაყალბებას. ამის პრევენციის მიზნით საარჩევნო უბნები უნდა იყოს დაცული”, – გვეუბნება ლაშა კომახიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ქობულეთის საკრებულოში.
მისი თქმით, პარტიის შტაბის ჩამოყალიბებას მუნიციპალიტეტში დაახლოებით ერთი კვირის წინ მორჩნენ და ახლა მოსახლეობასთან შეხვედრებს გააქტიურებულად მართავენ, თუმცა შეხვედრების გამართვისთვის წინასაარჩევნო პერიოდს არ დალოდებიან და მათთვის ამ პროცესს სისტემური სახე აქვს.
„როცა საარჩევნო კამპანია იწყება, მხოლოდ მაშინ ახსენდებათ მოსახლეობა, რაც პოლიტიკის მანკიერი მხარე მგონია. ჩვენ თვის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერ გვქონდა გასვლები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ახლა აქტიურ ფაზაში გადავედით.
ჩვენ ვსწავლობთ მოქალაქეების პრობლემებს. მოგეხსენებათ, ჩვენი მუნიციპალიტეტი საკმაოდ ჭრელია სხვადასხვა თვალსაზრისით და მოსახლეობის პრობლემებიც განსხვავებულია. მაგალითად, ახლა, ტურისტულ სეზონზე, არამხოლოდ სოფლებს, არამედ ქალაქის რაღაც ნაწილსაც აწუხებს წყლის პრობლემა. ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ ამ საკითხს და მომდევნო კვირაში აუცილებლად გვექნება ბრიფინგი, თუ რამდენი დაიხარჯა მუნიციპალიტეტში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მაშინ როცა, დღეს იმ შედეგს ვერ იღებს ხალხი, რასაც უნდა იღებდეს”, – ამბობს ლაშა კომახიძე.
როგორც მისგან ვიგებთ, პარტია ქობულეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარ პრინციპით მართავს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ასე უფრო მარტივია პრობლემების იდენტიფიკაცია და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია.
ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ოპოზიციური პარტიების აქტივობებში აქტიურად და ღიად ჩართვას ერიდებიან:
„ამის გამომწვევი მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, რომელსაც ყველა მოქალაქეზე პირადი სახის ინფორმაცია აქვს. ამ ყველაფერში ხელს უწყობთ ე.წ. რუსული კანონიც, რომელიც შემოიღო „ქართულმა ოცნებამ“ და რომლითაც, ფაქტობრივად, ყველა ბერკეტს იტოვებენ, რათა აკონტროლონ ადამიანის პირადი ცხოვრების ნებისმიერი ანარეკლი…
ხალხს ეუბნებიან, რომ ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს თქვენზე, გამოვიყენებთო. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გყავთ ოჯახში პატიმარი. აი, პატიმარს გავუხანგრძლივებთ სამსჯავრო პერიოდს და არა ერთ წელიწადში, არამედ გამოვა სამ წელიწადში. თუ გინდათ, რომ გამოვიდეს ეს ადამიანი გარეთ, მაშინ თქვენი ოჯახიდან უნდა მოგვცეს 10 ადამიანმა ხმა… თქვენი შვილი თუ კომისიაში იქნება ან სხვა სახის წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობის თუ სხვა ოპოზიციური პარტიის, ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ სამსახურიდან თქვენს რძალს, რომელიც მუშაობს ბაღის პედაგოგად და ა.შ…
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. სუსის ეს მანკიერი სისტემა, რომელიც დანერგილია უკვე წლების განმავლობაში საქართველოში, თითოეული მოქალაქის ოჯახში შედის და თუ შეატყობს, რომ აქვს განსხვავებული შეხედულება და არა რუსული, როგორც „ქართულ ოცნებას“, მაშინვე ამ ხალხის „დამუშავებაზე“ გადადიან.
ვინც სოციალურად დასაქმებულები ჰყავთ, სოციალური დახმარება აქვთ, მათთვის სოციალური დახმარების მოხსნა – არ მოხსნის საკითხს აყენებენ. დასკვნები თქვენთვის მომინდვია – ხელისუფლება, რომელიც სოციალურად დაუცველი ხმებით ვაჭრობს, რა დონეზეა დასული და რისი კადრება შეუძლია“.
ლაშა კომახიძის თქმით, მოსახლეობასთან დიდი შეხვედრების გამართვის შემთხვევაში, სადაც ერთობლივად შეხვდებოდნენ ერთი სოფლისა თუ თემის მოსახლეობას, გამორიცხულია დაიმალოს ვინ ესწრებოდა შეხვედრას:
„ყველა ვარიანტში იგებს ამას სუსი, მივა მოქალაქესთან და გამოუძებნის რაიმე მიზეზს დასამუქრებლად… მოქალაქეები გვეუბნებიან – „კი, მე ვარ თქვენი ამომრჩეველი, იდეოლოგიურად თქვენ გეთანხმებით, ვეთანხმები თქვენს პოლიტიკურ მსოფლმხედველობას და ნამდვილად მინდა „ქართული ოცნების” შეცვლა, მაგრამ ვერ ვიაქტიურებ, ვერ წამოვალ შენთან კოორდინატორად, ვერ დაგიდგები გვერდში შეხვედრებზე, ვერ ვიქნები შენი მძღოლი, ფოტოგრაფი და ა.შ.“. ჩვენთან ურთიერთობას თავს არიდებენ და ასეთი შემთხვევები ხშირად გვაქვს“.
ჩვენთან საუბრისას ლაშა კომახიძე ქობულეთელების ძირითად პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:
„წყლის მიწოდების მიმართულებით ქობულეთის სოფლებში კატასტროფული მდგომარეობაა. საუბარია სასმელი წყლის პრობლემაზე. თუ მოდის წყალი, მოდის გრაფიკით და არ მიეწოდება ხალხს ისე, როგორც უნდა მიეწოდებოდეს. ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ მოდის და ხალხს ამ სიცხის ფონზე უწევს წყაროებიდან წყლის მოზიდვა.
ჩვენ გვქონდა მაგალითი, როცა სოფელ ბობოყვათსა და სოფელ მუხაესტატეს ერთ უბანში წყლის ანალიზი გავაკეთეთ სამხარაულის ექსპერტიზის დახმარებით, რამაც აჩვენა, რომ წყალი იმდენად დაბინძურებულია, ფეკალურ მასებსაც შეიცავს და არა თუ დალევა, მისი საყოფაცხოვრებო კუთხით გამოყენებაა შეუძლებელი, არამედ, შეუძლებელია ამ წყალზე სარეცხი მანქანის თუ სხვა ტექნიკის მუშაობა. წყალს რომ შეხედავ, უკვე ხვდები, რომ მისი დალევა კი არა, ხელის დაბანაც შეუძლებელია.
პრობლემურია გაზიფიცირების საკითხიც… ჩვენს მუნიციპალიტეტში 13-მდე სოფელია, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ, რაც კორუფციის და [მმართველი გუნდის] უუნარობის შედეგია…
პრობლემაა ინფრასტრუქტურა. აუცილებლად უნდა ვახსენო უკანონო მშენებლობებიც, კორუფცია, გარიგება კონკრეტულ ბიზნესმენებთან, რაც “ქართულ ოცნებას” ახასიათებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში რა მიმართულებითაც არ უნდა გაიხედოთ, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით უკანონო მშენებლობაა: ეს იქნება პლაჟზე აშენებული რესტორნები, საცხოვრებელ სახლებზე დადგმული რესტორნები და ა.შ. არანაირი კოეფიციენტის დაცვა, არავითარი ქალაქის განაშენიანების გეგმაზე მიყოლა, ქალაქის იერსახის მოფრთხილება. ქობულეთს უპირებენ, რომ ბეტონის ჯუნგლებს დაამსგავსონ…” – გვეუბნება ლაშა კომახიძე.
ინტერვიუს დასასრულს, მან გვითხრა, რომ არ აქვთ ფლაერებზე დაბეჭდილი საარჩევნო პროგრამა, რომელსაც მოსახლეობას დაურიგებდნენ, თუმცა კარგად ხედავენ, რა უჭირს მოსახლეობას ქობულეთში:
„ჩვენ ვხედავთ თვალნათლივ, რა უჭირს მოქალაქეს. ამ ხალხის დღის წესრიგშია ძალიან, ძალიან სავალალო ეკონომიკური მდგომარეობა. მოქალაქეებს ჩვენს თვალწინ უწევთ ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის.
ჩვენ ვპირდებით ამ ადამიანებს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და საქართველოს ექნება გაზრდილი ეკონომიკური ნიშნული. ეს იქნება ჯანდაცვის, განათლების, პენსიების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს გამოყოფილი პროგრამა პენსიონერებისთვის. უნდა ჩამოიწეროს ვალები, რაც ძალიან, ძალიან დიდი პროცენტითაა დაბეგრილი და ახრჩობენ პენსიონერ ხალხს პროცენტებში. ჩვენ ვპირდებით ხალხს, რომ საპენსიო რეფორმა იქნება დაბალანსებული და პენსია იქნება ღირსეული ყველა მოქალაქისათვის“.
ლაშა კომახიძე
ია მესხიძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ გვეუბნება, რომ მოსახლეობას სისტემატურად ხვდებიან და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ:
„მივდივართ ოჯახებში, ვხვდებით რამდენიმე ოჯახს ერთად, შეხვედრა შეიძლება შედგეს ქუჩაში… ყველა მეთოდს ვიყენებ, რაც მაძლევს საშუალებას შევხვდე მოსახლეობას და ვესაუბრო, თუნდაც ერთ რომელიმე საკითხზე, თუნდაც ერთი პრობლემა წამოვწიო წინ ან იმ ერთი პრობლემის გადაჭრაში დავეხმარო… ხანდახან თვითონაც გვეპატიჟებიან, რომ ადგილზე გვანახონ პრობლემა, მის გადაჭრაზე დავიწყოთ მუშაობა… მოდუნების საშუალებას თავს არ ვაძლევთ.
ყველა მუნიციპალიტეტს ექნება, რა თქმა უნდა, მისი სამოქმედო გეგმა, ისევე როგორც მე, საკრებულოს წევრს, მაქვს ჩემი გეგმა. მინიმუმ 8-10 შეხვედრა მაინც მინდა გავაკეთო თვის განმავლობაში და ჩემს რაოდენობას არ ჩამოვრჩები ხოლმე.
ჩვენ ვცდილობთ მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი სამომავლო მიზნები, ხედვები. დავანახოთ ამ მიზნების და გეგმების შესრულების შესაძლებლობები და ის, რომ ტყუილად არ ვიძლევით დაპირებებს…”, – გვეუბნება ია მესხიძე.
მან გვითხრა, რომ მათი პარტიის ოფისი ამ თვის ბოლოს გაიხსნება ქობულეთში და შტაბის წევრებსაც წარადგენენ.
„ჩვენი შტაბის დაკომპლექტება თითქმის დასრულებულია. ძირითადად, უკვე გვყავს შერჩეული კანდიდატები, ვისთანაც საარჩევნო პროცესში აქტიური თანამშრომლობა გვექნება და მათ მალე წარვადგენთ. თითქმის ვიძახი იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანთან კიდევ გვჭირდება კომუნიკაცია რაღაც საკითხების დასაზუსტებლად.
წინა არჩევნების პერიოდში ჩვენი შტაბი მუშაობდა აბსოლუტურად გუნდურად. რა თქმა უნდა, შეხვედრები გვექნება შტაბის ახალ წევრებთან და ჩვენს გამოცდილებას გავუზიარებთ მათ“.
ია მესხიძე მოსახლეობის მიერ დასახელებულ ძირითად პრობლემებზეც გვესაუბრა. ქობულეთელების უპირველეს პრობლემად ისიც სასმელი წყლის არ ქონას ასახელებს.
„სოფლებში არ გვაქვს სასმელი წყალი, მათ შორის ჩემს სოფელშიც. სოფელი ლეღვა, სოფელი მუხაესტატე შემიძლია დავასახელო, სადაც წყალს სუნი და საშინელი გემო აქვს, სარეცხისთვისაც კი არ გამოიყენება. მოსახლეობა მუდმივად დამოკიდებული იყოს ნაყიდ წყალზე, საკმაოდ დიდი პრობლემაა… ჭაბურღილები კეთდება ფილტრის გარეშე. არის სოფლები, სადაც წყალი მოგვეწოდება, მაგალითად ჩემი სოფელი, მაგრამ აქ წყალი სასმელად უვარგისია. არის სოფლები, რომლებსაც წყალი გრაფიკით მიეწოდება… ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, განსაკუთრებით ზაფხულში, იმიტომ, რომ რამდენის შენახვა შეიძლება, როცა ოჯახში მოხუცია, ბავშვია…
დიდი პრობლემაა ქობულეთში უხარისხოდ დაგეგმილი და შესრულებული პროექტები. ასეთი ძალიან ბევრია. მაგალითად, გამოვყოფ გზის მოპირკეთებას.
ყველას უხარია სოფელში გზის გაკეთება, ყველას მოგვწონს მოასფალტებული გზა, მაგრამ გზები კეთდება სანიაღვრეების გარეშე. ყველა დიდ წვიმის დროს, ქუჩის წყალი, პირდაპირი მნიშვნელობით, რეცხავს მოსახლეობას.
ჩაირეცხება ხოლმე პირველი სართული და საძირკველი. სოფელი წყავროკა შემიძლია მოვიყვანო მაგალითად, სადაც რამდენჯერმე ვიყავით მისულები. აქ წვიმის პერიოდში ორი ოჯახის საძირკველი ირეცხება… ეს ოჯახები თანახმა არიან თავიანთი საკარმიდამო ნაკვეთი დათმონ სანიაღვრე არხის გასაკეთებლად, მაგრამ ამაზე მერიას დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია…
ჯერ მოპირკეთდება გზა, შემდეგ ხდება თავიდან მისი ამოყრა, იმიტომ, რომ საკანალიზაციო მილია გასაკეთებელი ან წყლის არხი არ ყოფილა სწორად გაყვანილი… ასეთი არათანმიმდევრული სამუშაოები იწვევს ბიუჯეტიდან ზედმეტი ხარჯების გაწევას.
ია მესხიძე
ქობულეთში ძალიან ხშირია ფერდობის ჩამოშლის შემთხვევა. ცხადია, ვერც მერია და ვერც ვერავინ ფერდობის ჩამოშლის პროცესს ვერ შეაჩერებს… მაგრამ ტონობით მიწა იყრება ხოლმე ეზოებში და ამ მიზეზით, წლობით დგას მოსახლეობა რიგში, მათი ჯერიც რომ მოვიდეს და მათთანაც ჩატარდეს ფერდის გასამაგრებელი სამუშაოები… მაგალითად, ორი წელია დგას სოფელ კონდითში გიორგაძეების ორი ოჯახი რიგში. ერთს ეშლება გზა და როგორც კი გზა ჩამოვარდება, შემდეგ უკვე სახლი იწყებს დაშლას. მეორესთან ფერდობი პირდაპირ სახლთან ახლოს ვარდება”, – გვითხრა ია მესხიძემ.
მისი თქმით, ძალიან ბევრი საკითხი ყურადღების მიღმა მერიის მხრიდან იმიტომაც რჩება, რომ ესა თუ ის საკითხი დაყენებულია ოპოზიციური პარტიის მიერ:
„ხანდახან თვითონაც ხედავენ და აღიარებენ, რომ პრობლემა ნამდვილად დგას, მაგრამ რაკი საკითხი დასმულია ოპოზიციის მიერ – არ ხდება ხოლმე რეაგირება.
ბევრი მოქალაქე იკავებს თავს ჩვენთან ღიად შეხვედრისგან. მობილურითაც არ გვეხმიანებიან, შეიძლება ისმინებოდეს ტელეფონიო. სოციალური ქსელებით გვწერენ ხოლმე თავიანთ პრობლემებზე. გვიდასტურებენ მათ მხარდაჭერას და იმასაც გვეუბნებიან – თქვენი წასვლის შემდეგ გვსტუმრობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, გვაშანტაჟებენ და გვეუბნებიან, რომ თქვენს ახლობლებს დავტოვებთ უმუშევარს, შეგექმნებათ საფრთხე სამსახურებში და ა.შ..
ეს პრობლემა წინა არჩევნების დროსაც იდგა, მაგრამ მოსახლეობამ თავისი ნება მაინც გამოხატა.
მე ძალიან მჯერა ქართველი ამომრჩევლის. ეს არის საღად მოაზროვნე ამომრჩეველი, რომელმაც ყველაზე კარგად ნახა ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლების შემოთავაზებული „სიკეთეები“, დაწყებული რუსული კანონიდან. ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“ – გვითხრა ია მესხიძემ ინტერვიუს ბოლოს.
„ბათუმელები“ პარტია „ლელოსაც“ დაუკავშირდა. პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ ამჟამად ქობულეთში მიმდინარეობს „ლელოს“ რამდენიმე აქტიურ წევრთან მოლაპარაკება, თუ ვინ უხელმძღვანელებს პარტიის შტაბს.
ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სკვერში არსებულ პატარა შადრევანში ბავშვები ბანაობენ.
ფაქტის ამსახველი ფოტოები „ბათუმელებს“ მოქალაქემ მოაწოდა. კადრში ჩანს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც აუზიდან ამოდიან.
ტენდერის დოკუმენტების თანახმად, შადრევნის შიგნით 2 წყალქვეშა სანათია დამონტაჟებული, შესაბამისად, არსებობს დენის წყარო, რაც შესაძლოა სახიფათო იყოს ბავშვებისთვის.
როგორც თვითმხილველმა გვითხრა, შადრევანში ბავშვების ჩასვლაზე რეაგირება არ მოუხდენია უმაღლესი საბჭოს დაცვას. „მითხრა, რომ ეს მათ არ ეხებათ“, – გვეუბნება მოქალაქე.
შადრევნების მოვლა-პატრონობა ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ეხება, ამიტომ მათ ვკითხეთ, აქვთ თუ არა ინფორმაცია მსგავს შემთხვევებზე, თუ არის უსაფრთხოება დაცული და უნდა იყოს თუ არა მინიშნება, რომ შადრევანში ჩასვლა საფრთხის შემცველია?
მერიის სამსახურში აღნიშნულ კითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობენ.
შადრევანი, სადაც ბავშვები ბანაობენ, უმაღლესი საბჭოს წინაა.
____
ბათუმში, უმაღლეს საბჭოსთან ახალი სკვერის მოსაწყობად ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 1 375 451 ლარით გამოაცხადა. ტენდერში „მონოლითი-2005“ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 2018 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა, ღირებულებით – 1 100 362 ლარი.
„უკვე სულ სხვა პოზიციით მივა იქ უკრაინა,“ – გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება კონკრეტული პირობით მივიდეს და დაკავებული კურსკის რუსეთისთვის დაბრუნების სანაცვლოდ ხერსონის და ზაპოროჟიეს გათავისუფლება მოითხოვოს.
გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რუსეთის საზღვართან უკრაინელების აქტიურობა შეინიშნებოდა, მაგრამ უკრაინელებმა რუსები დააბნიეს, თითქოს დაცვისთვის ემზადებოდნენ და უცებ შეტევა წამოიწყესო.
„ახლა რუსები ცდილობენ გარკვეული დანაყოფები, რომლებიც დასასვენებლად იყო ზურგში გაყვანილი როტაციის წესით, გაიყვანონ ამ მიმართულებაზე. არ ვიცი, რამდენად სწრაფად მოახერხებს ამას რუსეთი, რადგან სექტემბერი მოდის თავისი სექტემბერ-ოქტომბრის წვიმებით, შესაბამისად, უკრაინელებს გაუადვილდებათ ამ ტერიტორიების დაცვა. გააჩნია, რამდენის დაცვას გადაწყვეტენ უკრაინელები. არა მგონია, რაც დაიკავეს, მთლიანად იმ ტერიტორიის დაცვა დაიწყონ,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი.
რა იცვლება რუსეთ-უკრაინის ომში კურსკის მოვლენების შემდეგ? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, თქვენი ინფორმაციით, რა ხდება კურსკში, რატომ გადაწყვიტა უკრაინამ ეს შეჭრა?
ძნელია კონკრეტული მიზეზების თქმა, ვინაიდან უკრაინა საინფორმაციო დუმილს ინარჩუნებს.
თუმცა იკვეთება სამი მიზეზი: პოლიტიკური, ოპერატიული და ტაქტიკური. არა მგონია, ამაში სტრატეგიული მიზნები იყოს და ეს სტრატეგიული შედეგის მომტანი იყოს, თუმცა ოპერატიულ დონეზე ალბათ მიზანი იყო, რუსების ზეწოლა შეემცირებინათ დონბასის მიმართულებაზე.
ტაქტიკურ დონეზე მიზანი არის ის, რომ დაიკავონ რუსეთის გარკვეული ტერიტორიები. თუ ამის შესაძლებლობა ექნებათ, უკრაინის მცდელობაში შეიძლება ყოფილიყო ჩადებული კურსკის ატომური ელექტროსადგურის აღება, თუმცა ეჭვი მეპარება, ეს შეძლონ.
ეს არის ასევე ძალების გამოწვევა ვოლჩანსკის და ბელგოროდის რაიონიდან, ვინაიდან უახლოესი რაიონია კურსკის მიმართულებასთან – რუსებს ალბათ ყველაზე უფრო გაუადვილდებათ იქიდან ძალების გადასროლა, თუმცა ეს ვოლჩანსკს ისევ უკრაინელების ხელში დააბრუნებს.
პოლიტიკური ეფექტი კი არის ის, რომ დასავლეთის რეაქცია არის ძალიან ადეკვატური, მხარდამჭერია ამ მოქმედებასთან. აღნიშნული ტერიტორიის დაკავება გარკვეული დროით მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. არა მგონია დიდი ხნით ეს შეძლოს უკრაინამ, ვინაიდან, რაც უკრაინამ აიღო – 350 კვადრატული კილომეტრი, ეს ძალიან დიდი ფართობია. არა მგონია, უკრაინას ეყოს რესურსი ამ ტერიტორიის შესანარჩუნებლად.
იმედი მაქვს, წლის ბოლომდე მოხდება მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. უკვე სულ სხვა პოზიციით მივა იქ უკრაინა.
რა ძალებით, რა რესურსით უტევს უკრაინა კურსკში?
თუ არ ვცდები, სამი ბრიგადაა ახლა შესული, მეოთხე ბრიგადა მეორე ეშელონშია. უკრაინას ჰყავდა 2 ბრიგადა ზაპოროჟიეში კონტრშეტევისთვის. ეს არ გამოიყენეს, ვინაიდან კონტრშეტევა ვერ განვითარდა. სამი ბრიგადა იყო ასევე მომზადებული სტრატეგიული რეზერვიდან. ეს 5 ბრიგადა უკრაინამ გადაისროლა ჩრდილოეთ მიმართულებაზე.
უკრაინამ საკმაოდ კარგი საინფორმაციო ომი ჩაატარა რუსების შეცდომაში შესაყვანად: რუსები გახარებული იყვნენ, რომ აი, ვოლჩანსკის და ბელგოროდის მიმართულებაზე შეტევის შედეგად ვაიძულეთ უკრაინელები თავისი რეზერვები გადმოესროლათ ამ მიმართულებაზეო. რუსები ფიქრობდნენ, რომ ეს რეზერვები იყო ზუსტად რუსების შეტევის შესაჩერებლად და აღმოჩნდა სხვა რამ: უკრაინელებმა ეს რეზერვი გამოიყენეს შეტევითი ამოცანების შესასრულებლად, რაც მოულოდნელობა აღმოჩნდა რუსებისთვის.
რის შეცვლა მოუწევთ ახლა რუსებს?
გარკვეული ძალების გადაყვანა უკვე ხდება ამ მიმართულებაზე ძირითადი მიმართულებებიდან.
რა თქმა უნდა, რუსების შეტევები გრძელდება დონბასში, კუპიანსკის, ლიმანის, უგლედარის და ჩასოვ იარის მიმართულებებზე, თუმცა როგორც უკრაინული წყაროებიდან მოდის ინფორმაცია, რუსების აქტიურობა შემცირებულია.
ახლა რუსები აგროვებენ ძალებს, მოხალისეები მათ აფხაზეთიდან და ოსეთიდანაც მიჰყავთ. მე იმედი მაქვს, რომ ისინი უკრაინის მიწაზე დარჩებიან.
ასევე, რუსები ცდილობენ, გარკვეული დანაყოფები, რომელიც დასასვენებლად იყო ზურგში გაყვანილი როტაციის წესით, გაიყვანონ ამ მიმართულებაზე. არ ვიცი, რამდენად სწრაფად მოახერხებს ამას რუსეთი, რადგან სექტემბერი მოდის თავისი სექტემბერ-ოქტომბრის წვიმებით, შესაბამისად, უკრაინელებს გაუადვილდებათ ამ ტერიტორიების დაცვა.
გააჩნია, რამდენის დაცვას გადაწყვეტენ უკრაინელები. არა მგონია, რაც დაიკავეს, მთლიანად იმ ტერიტორიის დაცვა დაიწყონ, თუმცა ის, რომ ბრძოლები იქნება და რუსებს ერთი და ორი დღე არ ეყოფათ ამ ტერიტორიების გასათავისუფლებლად, ეს ფაქტია.
აქცენტი ახლა გადატანილია ბელგოროდის მიმართულებაზე, ანუ უკრაინელები დაკავებული ტერიტორიების გაფართოებას ცდილობენ. სადაზვერვო და სარეიდო მოქმედებები მიმდინარეობს ახლაც, უკრაინელები არ გაჩერებულან, თუმცა მათი წინსვლა უფრო დაბალი ტემპით ხდება.
თქვენ აღნიშნეთ, რომ კურსკის ამბების შემდეგ უკვე სხვა პოზიციით მივა მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინა. რა ჩანს ამ გადასახადიდან, რა შეიძლება გახდეს მოლაპარაკების საგანი?
ძნელია ამის თქმა, თუმცა თუ რუსეთის ეს მნიშვნელოვანი ტერიტორია იქნება უკრაინის ხელში, მოლაპარაკებების ეტაპზე შესაძლებელი იქნება ლაპარაკი ტერიტორიების გაცვლაზე. მე წინასწარ ვერ გეტყვით, ზელენსკი რას გააკეთებს, ერთ-ერთი ვარიანტს გეუბნებით, ჩემი აზრით, შეიძლება ლაპარაკი იგივე ზაპოროჟიეზე. გააჩნია, როდის დაიწყება ეს მოლაპარაკებები, რა ფორმატი იქნება, შემდეგ წავა ვაჭრობა და ვინ რას დათმობს, ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის მძლავრი მომენტით მისვლა, გამარჯვებულის კუთხიდან მისვლა.
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კურსკში ამ შეტევას მორალური თვალსაზრისით. ეს არის პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ზალუჟნის შემდეგ უკრაინელების მხრიდან.
ეს მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობის, ისე შეიარაღებული ძალების მორალისთვის.
კურსკის ელექტროსადგურის მნიშვნელობა როგორია რუსეთისთვის, თუ მისი ხელში ჩაგდება მოახერხეს უკრაინელებმა?
მისი კონტროლი, გამორთვა გამოიწვევს მთლიანად სამხრეთ რუსეთის დაბნელებას.
თუმცა 35 კილომეტრი აქვთ უკრაინელებს იქამდე და რუსებმა დაიწყეს გაძლიერებული დაცვის მოწყობა სადგურის გარშემო, ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის ბოძკინტებია ჩადებული უკვე, გადასროლილია ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და ასე შემდეგ. ეჭვი მეპარება, უკრაინამ შეძლოს მის კონტროლქვეშ აყვანა.
თქვენი დაკვირვებით, კიდევ რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, რამდენად შეიძლება დონბასის დათმობა განიხილებოდეს?
არა მგონია, დონბასი განიხილებოდეს. ჩემი აზრით, განხილული იქნება ზაპოროჟიე, ან ხერსონი. ლოგიკურია, რომ უკრაინელებმა მოითხოვონ 2022 წლამდე ტერიტორიების დაბრუნება და ამათ დაუთმოს კურსკი და ასევე, ბელგოროდის ნაწილი, რაც დაიკავეს.
თავის მხრივ, რუსეთი ითხოვს მთლიანად დონბასის ჩაბარებას, ასევე ხერსონის და ზაპოროჟიეს ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას, მაგრამ რუსეთი რომ ამას ითხოვდა, მას არ ჰქონდა მაშინ დაკარგული კურსკი და ბელგოროდის ნაწილი.
ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, დროებითი ინიციატივა მოიპოვეს უკრაინელებმა. რას ნიშნავს ინიციატივის მოპოვება?
ინიციატივა არის ის, რომ უკრაინელები უტევენ და მიდიან წინ. უკრაინელები უტევენ და რუსები იძულებული არიან, რომ რეაგირება მოახდინონ უკრაინელების მოქმედებაზე.
მინდა გკითხოთ ყირიმზეც. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმშიც უკრაინული საზღვაო დრონით გაანადგურეს რუსული სადესანტო კატერი. ეს შემთხვევა რას აჩვენებს თქვენთვის?
აჩვენებს იმას, რომ საერთოდ უუნაროა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, საერთოდ ვერ იყენებს მას რუსეთი და გადამალული აქვს.
უკრაინელებისთვის უკვე ჩვეულებად იქცა რუსული სამხედრო ხომალდების პერიოდულად დაზიანება, ან ჩაძირვა. ეს აჩვენებს რუსების უუნარობას შავ ზღვაზე აქტიური მოქმედებებისთვის და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უუნარობას, წინააღმდეგობა გაუწიონ ქვეყანას, რომელსაც ფლოტი არ აქვს საერთოდ.
რა ხდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, სადაც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ხანძრის გაჩენის გამო? ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს ამჟამად რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მართავს.
ხანძარი ლიკვიდირებულია ამ მომენტისთვის. რუსები იძახიან, რომ ეს იყო უკრაინელების დრონებით შეტევა, უკრაინელები კი ამბობენ, რუსებმა თვითონ გაჩინეს თითქოს ხანძარი, საბურავები დაწვესო. ხანძარი გამაცივებელ რეაქტორებთან გაჩნდა… გაგრძელება ამ ამბავს ჯერ არ მოჰყოლია.
ბოლოს ისევ კურსკზე მინდა გკითხოთ: საითკენ წაიყვანა რუსეთ-უკრაინის ომი კურსკის ამბავმა?
სტრატეგიულად ამას არაფერი შეუცვლია, თუმცა ეს უდიდესი დარტყმაა რუსეთის იმიჯზე, პუტინის იმიჯზე, რომელსაც აქვს ქვეყნის დამცველის და გამათავისუფლებლის იმიჯი. ეს ასევე მოითხოვს ძალების გადანაწილებას.
დიდი ალბათობით, წესით, უნდა შეიცვალოს სამხედრო ხელმძღვანელობა ამხელა ჩავარდნების შემდეგ რუსეთში. მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინელების აქტიურობა შეინიშნებოდა, მაგრამ ჩათვალეს, რომ ეს იყო დაცვითი მოქმედებები. მათ ვერ გამოიცნეს უკრაინელების ჩანაფიქრი.
პასუხი გვექნებაო, რუსმა პროპაგანდისტებმა თქვეს.
იქნება ალბათ სადამსჯელო დარტყმები, როგორც ამას აკეთებენ ხოლმე რუსები. კიევში არ გამორიცხავენ, რომ იყოს დარტყმები და დაარტყან უშუალოდ პარლამენტის შენობას.