ჩვენთვის უნდათ „ლადა“ და მათთვის „მერსედესი“ – როგორ აფასებს „ოცნების“ გზავნილებს ამომრჩეველი ბათუმში

„ჩვენთვის „ლადა“ უნდათ, მათთვის კი „მერსედესი“ – ასე შეგვიჯამა სალომე გორგილაძემ თავისი შეფასება ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების“ წინასაარჩევნო ნარატივზე. სალომე პედაგოგია, ზაფხულობით გიდად მუშაობს და ინგლისურში ამეცადინებს სტუდენტებს.

ყოველდღიურად ბევრ ადამიანთან აქვს შეხება და ამიტომაც მოსაზრებებს ყოველთვის არგუმენტებით ასაბუთებს, განსაკუთრებით კი განათლების სფეროზე საუბრისას სალომე ამბობს, რომ საქმე ძალიან ცუდად არის.

„ოცნების“ 12-წლიანი მმართველობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ნარატივზე საუბრისას სალომეს „ლადა“ შემთხვევით არ უხსენებია, ის რუსული წარმოების ავტომანქანაა. ამომრჩევლები, რომლებსაც საკუთარი ნება მკაფიოდ აქვთ გამოხატული, რომ ევროპასთან ინტეგრაცია სურთ, აცხადებენ, რომ „ოცნებას“ რუსეთისკენ მივყავართ, მაგრამ „თავად თავით არ ეშვება“ და „საკუთარი თავისთვის მერსედესი“ სურს.

სალომე გორგილაძე

ამიტომაც ირჩევენ ევროპულ სკოლებს თავიანთი შვილებისთვის, ყიდულობენ სახლებს, ბინებს ევროპაში, მიდიან სამკურნალოდ, სამოგზაუროდ, ევროპულ ბანკებში ინახავენ დანაზოგებს. თუნდაც ქონებრივ დეკლარაციებზე თვალის გადავლებით ცხადი ხდება, რომ „ოცნება“ ფულს ევროპაში ხარჯავს, ევროპაში მიდის დასასვენებლად, ევროპაში მკურნალობს, ევროპულად იცვამს, ევროპულ განათლებას ირჩევს შვილებისთვის.

სალომე „ოცნების“ 12-წლიან მმართველობას უკუსვლის პერიოდს უწოდებს „დემოკრატიასა და განათლებაში“. ასევე ამბობს, რომ მიუხედავად დაპირებისა, არც უსაფრთხოების განცდა აქვს: „გვეუბნება მე აქ ვიქნები და იქნება მშვიდობაო, რომლის გარანტიც ვერაფრით ვერ არის თავად, არც თავდაცვა გვივარგა, არაფერი არ გვივარგა“.

„ოცნების“ დამფუძნებელი, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექს-პრემიერი ბიძია ივანიშვილი „ოცნების“ ხელისუფლების მეთორმეტე წლისთავზე ამომრჩეველს მშვიდობას ჰპირდება და ისევ 41-ის არჩევას სთხოვს. თან გვეუბნება, რომ ომი გვექნება, მას თუ არ ავირჩევთ. გარდა ამისა, ივანიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები კი მართლმადიდებლობის, როგორც „ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისიის მკაფიოდ ასახვაა კონსტიტუციაში“, ოპოზიციის გაუქმება და ლგბტ თემის შეზღუდვაა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი თავად ეხმარება „ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში – ესწრება ამომრჩეველთან შეხვედრებს რეგიონებში, მართალია შუშის მიღმა, თუმცა სიტყვითაც გამოდის ამ შეხვედრებზე და პარტიული სიის პირველ ნომრადაც ჩაეწერა.

მმართველი პარტიის ლიდერები ამჯერად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე არაფერს ამბობენ დასაქმებაზე, ხელფასების ზრდაზე, ეკონომიკის გაძლიერებაზე, ასაგუგუნებელ ქარხნებზე.

ამავე დროს საპარლამენტო უმრავლესობამ დაამტკიცა რუსული კანონი, რაც მომავალში „ოცნების“ ხელისუფლების „ოცნების“ ახდენას შეუწყობს ხელს და გააჩუმებს ყველას, ვინც  ხელისუფლებას აკრიტიკებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამომრჩეველი, რომელიც ჩვენ ქუჩაში გამოვკითხეთ, უკან გვიბრუნებს რიტორიკულ კითხვებს:

„როგორ გამდიდრდა ჩვენი ხელისუფლება ამომრჩევლის გაღარიბების ფონზე, როგორ აიშენეს „ოცნების“ მაღალჩინოსნებმა მილიონიანი სახლები, როგორ დაირეგისტრირეს სახელმწიფო მიწის ნაკვეთები და ტყეები საკუთრებაში. არ უნდა შევიმჩნიოთ მოგზაურობები, ძვირადღირებული უნივერსიტეტები ევროპაში მათი შვილებისთვის, ჩარტერული რეისები, აქსესუარები, სამკაულები. ბოლოს და ბოლოს ბევრი მათგანი ერთი რიგითი ამომრჩევლის მთელი წლის ხელფასზე გაცილებით მეტს ერთ აქსესუარში იხდის“.

არადა პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი უხვად გასცემდა დაპირებებს, მკაფიოდ ამბობდა: „ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ მიიღებს განცხრომას ხელისუფლებაში ყოფნით. ეს იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს უფრო კარგად, ვიდრე იცხოვრებს საშუალო მოსახლე საქართველოსი… მათ ექნებათ დიდი განცდა, რომ საქართველოს მოსახლეობა უხდის ფულს და ვალდებული არიან თქვენს წინაშე.“

არჩევნებიდან 12 წლის თავზე კი ყველაფერი პირიქით მოხდა – დაიწყო „ოცნების“ ჩინოვნიკების გამდიდრების, მილიონიანი სახლების, ძვირადღირებული ავტომანქანების, ნახევარ მილიონად ღირებული საათების შეძენის, ჩარტერული რეისების, ტყეების და სხვა სივრცეების საკუთრებაში დარეგისტრირების ისტორიები.

ასევე „ხეირი ნახა“ „ოცნებასთან“ დაახლოებულმა ბიზნესმა. რომელიც ხან „ოცნების“ დამფინანსებელია და ხან „ოცნების“ კანდიდატი, თანამშრომლობა და სარგებელი ორმხრივია. ხშირად, იმითაც აღარავინ ინტერესდება, რა პირობებში უწევთ ამ ბიზნესთან მუშაობა რიგით დასაქმებულებს.

თუმცა ამომრჩევლის გამოკითხვისას მეტწილად, სოციალური ფონი უკანა პლანზე ინაცვლებს, როცა საუბარი რუსეთთან დაახლოებას ეხება.

„სამწუხაროდ, უკვე მრავალი წელია ივანიშვილი და მისი მთავრობა გვთავაზობს მხოლოდ ერთს და ეს ერთი არის რუსკი მირი“, – ამბობს რომა დოლაბერიძე. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელია და უკვე წლებია მთავრობის სტრუქტურების მუშაობას აკვირდება, ესწრება სხდომებს, სწავლობს ბიუჯეტის ხარჯვას, იკვლევს რამდენად ასრულებენ თვითმმართველობის ორგანოები საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

რომა დოლაბერიძე

„როგორც ივანიშვილი, ასევე ოცნება ამ მიმართულებით ხედავენ საკუთარ თავს – არა ევროპა, დემოკრატიული სამყარო, ადამიანის უფლებები, თავისუფლება, არამედ ოლიგარქები, საქმეების ჩაწყობის სამყარო. ასეთია რუსკი მირი… „ოცნება“ ივანიშვილის დიქტატით ირჩევს რუსკი მირს და ჩვენ ისეთივე სიცრუეში აღმოვჩნდებით და ქართული საზოგადოებაც იქნება იმ სიცრუის, სიღარიბის, კორუფციის, ჩაწყობების, მაფიის და ასე შემდეგ საზოგადოება.

რუსკი მირი მცირე ჯგუფისთვის არის კარგი, „ოცნების“ ჩვეულებრივი ბაბლისთვისაც კი რუსკი მირი ძალიან ცუდია. ისევ რუსკი მირის შემქმნელები მათი შვილებისთვის არჩევენ დასავლურ სივრცეში ყოფნას, უნივერსიტეტები, სკოლები, სახლები და ასე შემდეგ. ჩვენმა პრორუსულმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან, რომ რუსეთი არის სიბნელე. ამ ნაწილში უნდათ ბიზნესის კეთება, შავი ფულის მოძრაობა, რაც უფრო ადვილია.“

14 აგვისტოს, გორში, ამომრჩეველთან შეხვედრისას ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ  მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის “გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას  გაასამართლებს, “ბოდიში უნდა მოვიხადოთ” იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.

ოპოზიციამ მის ამ განცხადებას სახელმწიფოს ღალატი უწოდა.

 

ცესკოში „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბერს გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. მათ შორის, იმ აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით ახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წელს პირველად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ სერტიფიცირების გამოცდა მათთვის გასაგებ ენაზე, 8 მუნიციპალიტეტში შექმნილ საგამოცდო ცენტრებში ჩაებარებინათ. აღნიშნული გამოცდების ორგანიზების მიზნით, ცესკომ ტესტების აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა უზრუნველყო. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ინფორმირების კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების ენებზე ითარგმნება საინფორმაციო მასალები.  ისაუბრეს იმ სერვისებზეც, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებთან მიმართებაში საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს.

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში საინფორმაციო აქტივობების ერთობლივად განხორციელების საკითხები. საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

ცესკოში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წევრი მაია ზარიძე, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი/ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო სიჭინავა, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, ხოლო საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მხრიდან ორგანიზაციის თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი და ორგანიზაციის წარმომადგენლები გიორგი გულიაშვილი და ჯული გიორგაძე ესწრებოდნენ.

საარჩევნო ადმინისტრაციას და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აქვს. აღნიშნული ორგანიზაცია ცესკოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრიცაა.

„საქართველო და რუსეთი უნდა გაერთიანდეს წინაპირობის გარეშე“ – პრორუსების მიმართვა კობახიძეს და პუტინს

პროკრემლისტური პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, მამუკა ფიფიამ, 4 აგვისტოს, ქალაქ თელავიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა რუსულ ენაზე, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, გააერთიანონ რუსეთი და საქართველო დასავლეთთან ბრძოლაში, რომელსაც, მისი თქმით, „რუსული ცივილიზაციის განადგურება სურს“.

ამ მიმართვაში ფიფია იმეორებს საქართველოს მთავრობის დეზინფორმაციასაც, რომ დასავლეთი „ცდილობს ომის უფსკრულში გადაჩეხოს საქართველო“.

მამუკა ფიფია ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენია, რომელიც რუსული პროპაგანდისტული მედია გადაცემების ხშირი სტუმარია. მას, როგორც წესი, საქართველოსთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მესიჯების გასაჟღერებლად იწვევენ.

ფიფია ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან არამხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების სწრაფად აღდგენის მიზნით, არამედ სამხედრო-პოლიტიკური სივრცის შესაქმნელადაც. „სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ შევქმნათ საერთო სივრცე ყველა გაგებით. საერთო ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო, სამხედრო-პოლიტიკური სივრცე“, – თქვა ფიფიამ მიმართვაში.

ფიფიამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ მიმართვას ავრცელებენ გეორგიევსკის ტრაქტატის მორიგ წლისთავზე, ერეკლე II-ის მშობლიურ ქალაქ თელავიდან:

„პატივცემულო რუსეთის პრეზიდენტო და პატივცემულო საქართველოს პრემიერ-მინისტრო, დღეს, 4 აგვისტოს, გეორგიევსკის ტრაქტატის მორიგ წლისთავზე, ჩვენ პოლიტიკური პლატფორმა „სოლიდარობა მშვიდობისთვის” მოგმართავთ ქართული ქალაქი თელავიდან, ერეკლე მეორეს მშობლიური ქალაქიდან”.

ფიფიამ თქვა, რომ საქართველომ „საიმედო დაცვა დესტრუქციული გარე აგრესიისგან“ რუსეთისგან უნდა მიიღოს.

„რუსეთს აიძულეს გადამწყვეტი დაპირისპირება გაერთიანებულ დასავლეთთან, რომელმაც გადაწყვიტა რუსული ცივილიზაციის განადგურება. დასავლეთი ცდილობს ომის უფსკრულში გადააგდოს საქართველოც.

…საქართველომ და რუსეთმა უნდა დაძლიონ უთანხმოება და გაერთიანდნენ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე… სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ შევქმნათ საერთო სივრცე ყველა გაგებით – საერთო ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო, სამხედრო-პოლიტიკური სივრცე. ამის გარეშე შეუძლებელია გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის პირობების უზრუნველყოფა“, – თქვა ფიფიამ. 

ფიფიას არ გამორჩენია საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები და რუსული პროპაგანდის უცვლელი მესიჯი, გარე ძალების მიერ დაგეგმილი გადატრიალების შესახებ.

„მივმართავთ ორი ქვეყნის ხელისუფლებას, დაიწყონ პირობების მომზადება კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენისთვის, მოსკოვსა და თბილისს შორის სტრატეგიული ალიანსის სწრაფად აღდგენის პერსპექტივით. დროა აღვადგინოთ უსაფრთხოების საერთო სივრცე“, – თქვა მან მიმართვის ბოლოს.

ფიფიას არ უხსენებია აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ზუსტად ორ დღეში, 2024 წლის 7 აგვისტოს, 16 წელი სრულდება აგვისტოს ომიდან.

___

ამავე თემაზე:

„ესე იგი, მოფრინავენ თვითმფრინავები დიპლომატებით, მათ მოაქვთ ნაღდი ფული” – რუსი პროპაგანდისტები საქართველოზე

ივლისში ბათუმის აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ივლისში მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მხოლოდ ივლისში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 147,584  მგზავრი გადაიყვანა, რომელიც 2023 წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს.

„მგზავრთა მომსახურების ბოლო რეკორდული მაჩვენებელი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2018 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. თბილისში 461,161 ხოლო ბათუმში 121,295 მგზავრი. 2024 წლის ივლისის მონაცემებმა კი აღნიშნულ რეკორდულ მონაცემებს გადააჭარბა.

2005 წელს, ტავ ჯორჯიას საქართველოში ოპერირების დაწყებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის წლიური მაჩვენებელი 547,150, ხოლო ბათუმის აეროპორტში 2007 წლის (8 თვის მონაცემით) 39,762 მგზავრი იყო“ – აცხადებს კომპანია.

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2023 წლის მაისში საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა.

საქართველოში, ბათუმისა და თბილისის აეროპორტებში რუსული ავიაკომპანიები: Red Wings-ი და „აზიმუტი“ ასრულებენ პირდაპირ რეისებს. ავიარეისების ნაწილი სეზონურია.

2024 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა.

2024 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში რუსეთიდან 720 142 მოქალაქე შემოვიდა.

ამავე თემაზე: 

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO

 

სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში

ტექნოლოგიების საუკუნეში გაჩნდა შესაძლებლობა, სწავლის პარალელურად შექმნა საკუთარი პროექტები, დააგროვო ცოდნა და შეუერთდე მსოფლიოს წამყვან კომპანიებს.

თიბისის ტექსკოლა სწორედ ის გარემოა, სადაც სკოლის მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სრულიად უფასოდ ეუფლებიან ტექნოლოგიებს. ტექსკოლის მიზანია, ახალ თაობას მისცეს საბაზისო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და დაეხმაროს მომავალი პროფესიის არჩევაში.

ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად მას საქართველოს ყველა კუთხიდან ჰყავს მოსწავლეები, მათი რიცხვი კი უკვე 1800-ს გადასცდა. ვებგვერდების აწყობა, ვებგვერდების და მობილური აპლიკაციების შექმნა, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია, ციფრული მარკეტინგი ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც პრაქტიკული კურსების მეშვეობით ეცნობიან თიბისის ტექსკოლის მონაწილეები.

პროგრამის მრავალი კურსდამთავრებულიდან, ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე ნიკა ბარამიძეა. მე-12 კლასელი ნიკა, ტექსკოლას ბათუმიდან შეუერთდა. ნიკა ფიქრობს, რომ მისი მომავალი პროფესია იურიდიულ სფეროს დაუკავშირდება, თუმცა, ტექნოლოგიების დაუფლება მისი ერთ-ერთი ინტერესია.

„ამ დროისათვის ჩემს თავს სხვა სფეროში ვხედავ. თუმცა, თანამედროვე ეპოქაში თითქმის ყველა სფეროში, საჭიროა პროგრამირება და შესაბამისად, დიდი ალბათობაა იმისა, რომ იგი ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში დამეხმარება“ – ნიკა ბარამიძე.

ტექსკოლის პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან პარტნიორობით, კურსები კი შემუშავებულია სანდრო ასათიანის ხელმძღვანელობით. ტექსკოლაში მიღება სექტემბრიდან კვლავ განახლდება, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge

„ქურდული გარჩევა“ ბათუმში, დაკავებულია 2 პირი – პროკურატურა

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ვერსიით, 5 ივნისს ბათუმში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულმა პირმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო.

„კერძოდ, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ონლაინ-კაზინოს მეშვეობით თითქოსდა 300 000 ლარი მოიგო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულს 5000 ლარის გადახდა დააკისრა.

ასევე, „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალდებული პირის დავალებით, „ქურდული სამყაროს” მხარდამჭერი დაზარალებულს და მის ნათესავს უკავშირდებოდა და დაშინებით და მუქარით „ქურდულ გარჩევაზე“ დაკისრებული თანხის დათქმულ ვადაში გადახდას ითხოვდა, რის გამოც დაზარალებულებმა 5000 ლარი „ქურდული სამყაროს” წევრის პირად საბანკო ანგარიშზე იძულებით გადარიცხეს“ – წერს პროკურატურა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები 1-ელ აგვისტოს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს, ხოლო მეორე ბრალდებულს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოში წელს 52 ადამიანი დაიკარგა, 25-ს ჯერ ისევ ეძებენ

2024 წელს საქართველოში 52 ადამიანის დაკარგვის შესახებ შევიდა ინფორმაცია პოლიციაში – ასეთია შს სამინისტროს 2024 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემები.

52 დაკარგული ადამიანიდან 27 იპოვეს, მათგან ექვსი გარდაცვლილი იყო.

ბოლო მონაცემებით საქართველოში 1020 ადამიანს ეძებენ, ესაა 51 წლის მონაცემები, 1973 წლიდან 2024 წლამდე.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

რუსეთის აეროდრომზე სუ-34 და იარაღის საწყობი გავანადგურეთ – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ცნობით, უკრაინელებმა 3 აგვისტოს, რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე მოროზოვსკის აეროდრომზე თავდასხმის შედეგად გამანადგურებელი სუ-34 და საბრძოლო მასალის საცავი ააფეთქეს.

სავარაუდოდ, თავდასხმის შედეგად დაზიანდა კიდევ ორი ​​რუსული თვითმფრინავი.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო წერს, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე მთლიანად განადგურდა იარაღის საწყობი.

3 აგვისტოს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთში, მოროზოვსკის აეროდრომზე თავდასხმის შესახებ, 4 აგვისტოს კი მედიაში გამოქვეყნდა სატელიტური სურათები, სადაც ნაჩვენებია თავდასხმის შედეგები რუსეთის აეროდრომზე.

_______________

ფოტოზე: სატელიტიდან გადაღებული ფოტო. წყარო: gur.gov.ua

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 584 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
  • ტანკი – 8 417 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 16 286 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 16 345 ერთეული [+69]
  • MLRS – 1 138 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 910 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 365 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 122 ერთეული [+24]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 414 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 22 094 ერთეული [+68]
  • სპეცტექნიკა – 2 737 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 633 თვითმფრინავი
  • 278 ვერტმფრენი
  • 29 184 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 561 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 774 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 396 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 843 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 396 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოჰაბის გახსნისთვის ბიუჯეტში 33 მილიონი ლარი უნდა გამოინახოს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გასახსნელად ბიუჯეტში 32 980 777 ლარი უნდა გამოინახოს. ეს თანხა შენობაში არსებული აგრეგატების რემონტსა და ჰაბის გახსნისთვის საჭირო ღონისძიებებს მოხმარდება. ცალკე 1,5 მილიონი ლარი იხარჯება შენობის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს განკარგულებით, „ქუთაისში მდებარე ყოფილი საპარლამენტო კომპლექსის მხოლოდ ცენტრალურ შენობაში განთავსებული აგრეგატებისთვის საჭირო სარემონტო-სარეაბილიტაციო და გასაუმჯობესებელი სამუშაოების“ ჩატარება სახელმწიფო  შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ დაევალა.

ამავე განკარგულებით:

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ [თავის სისტემაში არსებული ფულადი სახსრებიდან თავისუფალი ნაშთის გამოყენებით] უნდა გამოყოს 16 980 000 ლარი [აქედან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან – 11 980 000 ლარი, ხოლო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან – 5 000 000 ლარი];
  • სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 11 980 000 ლარი გრანტის სახით უნდა გადაურიცხოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს;
  • სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კი ამ თანხას უნდა დაუმატოს საკუთარი 5 მილიონი და ჯამში 16 980 000 ლარი კაპიტალური ტრანსფერის სახით უნდა გადასცეს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას.
  • თავის მხრივ, მთავრობის დავალებით, აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ ამ 16,9 მილიონ ლარს საკუთარი სახსრებიდან უნდა დაუმატოს 4 000 777 ლარი და საერთო ჯამში 20 980 777 ლარით აგრეგატების სარემონტო-სარეაბილიტაციო და გასაუმჯობესებელი სამუშაოები უნდა ჩაატაროს.

„ამ ღონისძიებების ფარგლებში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და ქონების ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტები ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და აისახოს აღნიშნული უწყებების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშებში“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

რის ხარჯზე გამოყოფენ ბიუჯეტში ტექნოჰაბისთვის საჭირო მილიონობით ლარს, როცა ასეთი ღონისძიება თავიდანვე არ იყო დაგეგმილი, ჯერ უცნობია. სახელმწიფო აუდიტის სხვადასხვა ანგარიშებისა თუ დასკვნების მიხედვით კი, ზოგადად ბიუჯეტში ნაშთი, ეს ძირითადად არის პროგრამების გაუქმების, მათი შეუსრულებლობის, ან თავიდანვე არასწორად დაგეგმვის შედეგი.

საქართველოს მთავრობამ ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნასთან დაკავშირებით პირველ აგვისტოს მეორე განკარგულებაც გამოსცა, რომლითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლისთვის“ დაავალა.

ამავე სააგენტოს ასევე დაევალა „უზრუნველყოს 2024-2025 წლებში შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად ჰაბის გახსნისთვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა“.

განკარგულების მიხედვით, ჰაბის გახსნისთვის საჭირო იქნება 12 მილიონი ლარი. აქედან:

  • 2024 წლისთვის საჭირო თანხის 3 მილიონი ლარის მოძიება დაევალა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – 2024 წლის ბიუჯეტით მისთვის დამტკიცებული ასიგნებიდან;
  • 2025 წლისთვის საჭირო თანხა – 9 მილიონი ლარი კი – ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა ქვეყნის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინონ.

ყოფილ პარლამენტის შენობასთან გარე პერიმეტრის კეთილმოწყობის სამუშაოები ცალკე ტენდერის ფარგლებში უკვე დაწყებულია.

„ქუთაისში ტექნოპარკის [ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის] გარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის პროექტირება-მშენებლობაზე“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „არადანთან“ აქვს დადებული.

სააგენტომ ხელშეკრულება „არადანთან“ 2023 წლის 20 დეკემბერს გააფორმა 1 597 301 ლარზე და აქედან ორ დღეში, იმავე წლის 22 დეკემბერს კომპანიას ავანსად მთლიანი თანხა გადაურიცხა.

ტენდერი 2 მილიონი ლარით იყო გამოცხადებული.

ამ თემაზე:

თბილისი იქცა თავკომბალად და გაუსაძლისია ცხოვრება – ქუთაისში პარლამენტის გადატანა გააპროტესტეს

ძაღლისა და კატის რეგისტრაცია ბათუმში – რას ამატებს მერია 10 წლის წინ მიღებულ წესში

ბათუმის მერიას „ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის წესში“ ცვლილება შეაქვს, რითაც აღნიშნული წესის „სრულყოფას“ გეგმავს. ამ მიზნით მერია მიკედლებული ცხოველის რეგისტრაციის, ასევე მონაცემთა ბაზის წარმოების მეთოდს აკონკრეტებს და არსებულ წესში ცალკე მუხლად ამატებს.

„ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი“ ბათუმის საკრებულომ 2014 წლის თებერვალში დაამტკიცა და ის იმავე წლის ივლისიდან ამოქმედდა. ამ წესით, ბათუმში ბინადარი ცხოველები დაყოფილნი  არიან შემდეგ კატეგორიებად: პატრონიანი; უმეთვალყურეო; მიკედლებული და უპატრონო.

ასევე განმარტებულია, რომ „მიკედლებული ცხოველი“ – ეს არის „ცხოველი, რომლის მეთვალყურე პირს უფლება­მოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება მის ვეტერინარული სამედიცინო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფაზე“.

ცხოველს კი, მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი პირის მიერ უფლება­მოსილ ორგანოში მისი ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.

აღნიშნულ წესში დღემდე არ არის დაკონკრეტებული, რომელ „უფლებამოსილ ორგანოში“ და როგორ შეუძლია დაინტერესებულ პირს ძაღლის ან კატის მიკედლებულად დარეგისტრირება. არც ის არის განსაზღვრული, როგორ უნდა შედგეს მიკედლებულ ცხოველთა თუ მიმკედლებელ პირთა მონაცემთა ბაზა.

საკრებულოს მიერ 10 წლის წინ დამტკიცებულ და ძალაში შესულ დადგენილებაში მხოლოდ ახლა ამატებენ 41-ე მუხლს, რომელიც სწორედ მიკედლებული ცხოველის რეგისტრაციისა და მონაცემთა ბაზის წარმოების წესებს განსაზღვრავს.

ცვლილების პროექტის მიხედვით:

  • ცხოველის რეგისტრაციას მიკედლებულის სტატუსის მინიჭების მიზნით, ახორციელებს მერიის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ან ცხოველთა თავშესაფრები, მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ამ წესით დადგენილი პირობებით.
  • მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში.
  • რეგისტრაციას, ცხოველის მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება მიმკედლებლის ფაქტობრივი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული არარეგისტრირებული ცხოველი.

პროექტის მიხედვით, „რეგისტრაციისას გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა, ასევე ივსება ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული პროცედურების შესახებ მონაცემები, რომლის ფორმებსაც ამტკიცებს „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“.

ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში.“

ზოგადად, მიკედლებული ცხოველი თავისუფლად ბინადრობს გარკვეულ სივრცეში [მაგალითად საერთო ეზოში, სკვერში და ა.შ.] და მისი, ასე ვთქვათ, სახლში ყოლა [როგორც „პატრონიანი“ ცხოველის] არაა აუცილებელი.

ცხოველის მიმკედლებელი პასუხისმგებელი იქნება მიკედლებული ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე.

ცხოველის აგრესიის ან/და შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომის შემთხვევაში, მიმკედლებელი ვალდებულია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის და შემდგომი პროცედურების ჩატარების მიზნით.

ამ წესის დარღვევისთვის გატარდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული ზომები – აღნიშნულია საკრებულოს დადგენილების პროექტში.

აღნიშნული კოდექსის 103-ე მუხლი ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევას ეხება და შესაბამის ჯარიმებს ითვალისწინებს:

  • „ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა – გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის დაჯარიმებას – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს ძაღლის/კატის მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

  • ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში [გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა], − გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში კი – გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“

„ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესში“ ცვლილებებს ბათუმის საკრებულო 2024 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს.

____

მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობა ბათუმში ამ დრომდე ერთ-ერთი დაუძლეველი გამოწვევაა:

YouTube video player

 

„მე გამოვიძიე КГБ-ს უფროსის $10-მილიარდის აქტივები“ – რატომ დევნიან ჟურნალისტ აფგან სადიგოვს 

გუშინ, 3 აგვისტოს, თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი დააკავეს და მისი ექსტრადირება იგეგმება. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვს მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის ეძებენ აზერბაიჯანში, სადიგოვის ოჯახი კი დაკავების მიზეზად ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას ასახელებს.

აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ – 2016 და 2020 წლებში იყო დაპატიმრებული.

აზერბაიჯანიდან წასვლის დროს, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ ყოფილა. სადიგოვმა ქვეყანა 2023 წლის დეკემბერში დატოვა და საქართველოში 7 თვეზე მეტი ხანია ცხოვრობს. სადიგოვის ადვოკატის განმარტებით, აზერბაიჯანის პროკურატურის რწმუნებით, ჟურნალისტის წინააღმდეგ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარე წლის მაისის თვეში დაიწყო.

18 ივნისს, როცა აფგან სადიგოვი და მისი ოჯახი თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს მას უთხრეს, რომ აზერბაიჯანის გარდა, სხვა ქვეყანაში წასვლა ეკრძალება.

ამ ინციდნტის შემდეგ „ბათუმელების“ კითხვებს თავად აფგან სადიგოვმა წერილობით უპასუხა, სადაც ის სამშობლოში პოლიტიკური ნიშნით დევნის მიზეზებზე ჰყვება – 18 ივლისს ჟურნალისტთან ჩაწერილი ინტერვიუს დღეს, 4 აგვისტოს ვაქვეყნებთ.

„მე ყოველთვის ვიყავი ჩაგრული მოქალაქეების გვერდით, რომელთა უფლებებიც ირღვევა და ვაშუქებდი მათ პრობლემებს. ორჯერ დამწამეს ცილი და ვცხოვრობდი როგორც პოლიტპატიმარი.  სამჯერ დამაკავეს 30 საათით ადმინისტრაციული წესით.

2018 წლის 7 ივლისს [აზერბაიჯანში] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამიტაცეს, 6 დღე ვყავდი „ბანდიტური განყოფილების“ სარდაფში და მაწამებდნენ.

[ჟურნალისტური] გამოძიების შედეგად მე გავასაჯაროვე სუკ-ის [КГБ ] უფროსის აქტივები, რომელიც დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს შეადგენს. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის ბატონია. მე უმკაცრესად, ფაქტებით დავადანაშაულე ილჰამ ალიევი და ვუწოდე მას ბიუჯეტის ქურდი ბანდიტი და დიქტატორი 21 წლის განმავლობაში.

 სუკ-ის, შსს-ს უფროსი, იუსტიციის მინისტრი, რომელიც იცავს ილჰამ ალიევის ძალაუფლებას, ემუქრება, აშანტაჟებს და შიშში ამყოფებს ხალხს. ცდილობს დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას მაქსიმალურად დაუნდობლად, ამჟამად აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმარია.

მეორე პოლიტიკური მსჯავრდების დროს [2020 წელი], აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოვაცხადე შიმშილობა. ვიშიმშილე 241 დღის განმავლობაში და მთელი სხეული დამენგრა, ფილტვის ტუბერკულოზით დავავადდი. 2022 წელს გამათავისუფლეს.

გასულ თებერვალს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩამოვედი საქართველოში, გავიკეთე გამოკვლევა და ვმკურნალობდი. ქვეყანაში [გულისხმობს საქართველოდან აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ] ძალიან სერიოზული ზეწოლა და მუქარა დაიწყო ჩემზე და ჩემს ოჯახზე. ჩემი პატარა შვილების მკვლელობითაც კი მემუქრებოდნენ.

შემდეგ საქართველოში ჩამოვედი სამკურნალოდ. ყოველ ჯერზე, ჩემი პოსტებისა და ვიდეოების გამო, ჩემს ოჯახს ემუქრებოდნენ – ითხოვდნენ პოსტებისა და ვიდეოების წაშლა. მერე ოჯახი ჩამოვიყვანე საქართველოში, ერთი თვის წინ. დავინახეთ, რომ აქ სახიფათო იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოდან მესამე ქვეყანაში წავსულიყავით.  თბილისის აეროპორტში მითხრეს, რომ საქართველოდან გასვლა აკრძალული გვაქვს და შეგვიძლია მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნდეთ.  პოლიციამ მითხრა, რომ არაფერი იცოდნენ და რომ უნდა მიმემართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის”, – მოწერა „ბათუმელებს“ აფგან სადიგოვი.

როგორც სადიგოვი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, დაკავებამდე ერთი დღით ადრე, იგი ადვოკატთან ერთად საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.

„ომბუდსმენმა გამოხატა მწუხარება იმის შესახებ, რომ საქართველოდან ჩემ გამგზავრებას ხელი შეეშალა (ამეკრძალა). შეხვედრაზე ომბუდსმენმა განაცხადა, რომ საქართველოს შსს-ში გაგზავნილ მოთხოვნაზე მათ მიიღეს წინასწარი პასუხი, რომ ისინი არ იცნობენ ამ საკითხს და რომ დააზუსტებენ ამ საკითხს უმოკლეს ვადაში, გამოძიების ჩატარების შედეგად“, – წერს 2 აგვისტოს აფგან სადიგოვი.

საქართველოს კანონმდებლობით ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ასე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების განზრახვას, ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გადასცეს აზერბაიჯანს:

გუშინ დააკავეს და დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს. ექსტრადიციის პროცედურები გაგრძელდება და ის, დიდი ალბათობით, დასრულდება სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემით.
საქართველოსაგან ჟურნალისტის გადაცემას ითხოვს ქვეყანა, რომელმაც სადიგოვი პროფესიული საქმიანობის გამო წარსულში ორჯერ, 2016 წელს და 2020 წელს დააპატიმრა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. აფგან სადიგოვი საქართველოში ჩამოვიდა აზერბაიჯანში მისი დევნისაგან თავის დასაღწევად.
საქართველოს მიერ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა იქნება კიდევ ერთი დიდი სირცხვილი და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა.
ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს:
• სახეზეა თუ არა დანაშაული, რომლისთვისაც პირის ექსტრადირება შეიძლება განხორციელდეს;
• დანაშაული, რომლისთვისაც პირის ექსტრადირებას ითხოვენ, წარმოადგენს თუ არა პოლიტიკურ დანაშაულს;
• არსებობს თუ არა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს […] პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო;
• არსებობს თუ არა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან;
• ექსტრადირების შემთხვევაში, ექნება თუ არა პირს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა;
• დიპლომატიური გარანტიები ამართლებს თუ არა ექსტრადირებას.
აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა, ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

___

ამავე თემაზე:

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს, მისი ექსტრადირება იგეგმება

ქობულეთში 50-წლამდე კაცი მოკლეს

დღეს, 4 აგვისტოს, მკვლელობა მოხდა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე. მოკლულია 50 წლამდე კაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა.

ჩვენივე ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 აგვისტოს 21 საათიდან 5 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი
  • ღამით: 19 – 24 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 14 – 19 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 6-7 აგვისტოს ბათუმში და მთელს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 582 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
  • ტანკი – 8 411 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 16 255 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 16 276 ერთეული [+59]
  • MLRS – 1 138 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 911 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 103 ერთეული [+41]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 412 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 22 006 ერთეული [+80]
  • სპეცტექნიკა – 2 734 ერთეული [+11]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 633 თვითმფრინავი
  • 278 ვერტმფრენი
  • 29 141 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 561 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 764 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 395 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 813 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 354 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსებმა 3 თვის განმავლობაში 3 კილომეტრით წაიწიეს წინ“ – გადამდგარი გენერალი ომზე და მის დასრულებაზე

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

ბათუმში პლაჟზე ტერიტორიას უკანონოდ აბეტონებენ – ფოტო

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ჭოროხის შესართავის მიმდებარედ, პლაჟზე სამშენებლო სამუშაოებია დაწყებული.

ადგილზე მიტანილია სამშენებლო მასალებიც. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია, სადაც სამუშაოები დაიწყეს, სახელმწიფოსია და არც დროებით სარგებლობაში არ არის გადაცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლობას უნებართვოდ დაიწყეს.

„ბათუმელები“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა. ინსპექციაში გვითხრეს, რომ „ობიექტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.“

პლაჟზე სამანქანო ჩასავლელი

რა ვითარებაა ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც „რამდენიმე კვირაში“ უნდა გახსნან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზა „რამდენიმე კვირაში“ გაიხსნება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი, ვისი დაკვეთითაც ეს გზა შენდება, ვერ დაგვიკონკრეტეს ამ „რამდენიმე კვირის“ ბოლო დაახლოებით რომელ თვეში დადგება.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების კონკრეტული თარიღი ადრე ვერც ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაასახელა.

ბათუმის შემოვლითი და ბათუმი-ქობულეთის გზების დაერთება მახინჯაურის გვირაბთან / ფოტო: ივლისი, 2024 წ.
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მახინჯაურში / ფოტო: ივლისი, 2024 წ.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ მშენებლობის დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადაავადეს – მოგვიანებით 2023 წელი დაასახელეს, ბოლოს კი – 2024 წელი.

„ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წელს დასრულდება“, – ეს განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ 2024 წლის მარტში გააკეთა.

„საცობებმა შექმნა დისკომფორტი, რომელიც რამდენიმე კვირაში შემოვლითი გზის გახსნით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე 31 ივლისს გააკეთა, როცა ბათუმში არსებულ საცობების პრობლემაზე საუბრობდა.

„ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჰკითხა, კონკრეტულად რომელ თვეშია დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის გახსნა, თუმცა დეპარტამენტში ეს თვე ვერ დაგვისახელეს.

„მიმდინარე წელს არის დაგეგმილი სამუშაოების დასრულება. კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაციის გაზიარება გაგვიჭირდება“, – მოგვწერეს 2024 წლის პირველ აგვისტოს გზების დეპარტამენტიდან.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებარე საგზაო კვანძი / აქ შემოვლითი გზა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გადადის / ფოტო: ივლისი, 2024 წ.

ბათუმის მშენებარე შემოვლითი გზა და საგზაო კვანძი, საიდანაც ახალი გზა ჭოროხი-სარფის მიმართულებით უნდა გაგრძელდეს [უკან ფონზე ჭოროხის დელტა] / ფოტო: ივლისი, 2024 წ.
მთავრობა ყველანაირ ხერხს მიმართავს, რომ წინასაარჩევნოდ დროში გაწელილი და დაუმთავრებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ასე თუ ისე დაასრულოს.

აჭარის შემთხვევაში ასეთი 2 პროექტია – ხულო-ზარზმის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტები.

ხულო-ზარზმის გზის შემთხვევაში მთავრობამ აჭარის და სხვა რეგიონებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს ხულო-გოდერძის გზის მონაკვეთის დასრულება დაავალა.

გოდერძიზე გზის შეკეთებისთვის საჭირო ინერტული მასალების ამოღება კი, მწვანე ტბის მიმდებარედ დაიწყეს, რითაც ამ უნიკალურ ადგილს საფრთხე შეუქმნეს.

ვრცლად: ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტულ მასალებს მოიპოვებენ – მთავრობაში არ ამბობენ, ვინ გასცა ლიცენზია

რაც შეეხება ბათუმის შემოვლით გზას.

ბათუმის მშენებარე შემოვლითი გზა ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან მახინჯაურის მიმართულებით / ფოტო: ივლისი, 2024 წ.

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის პირველ აგვისტოს ახალი განკარგულებაც გამოსცა, რომლითაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აძლევს თანხმობას – ქედის სოფელ წონიარისის მიმდებარედ მდინარე აჭარისწყლის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის განსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელი იქნება, მოსაპოვებელი ქვიშა-ხრეშის მოცულობა კი, ჯამში 108 870 კუბ.მეტრი.

დამატებითი პირობის თანახმად, „ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში არ გაასხვისოს მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის 50% და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოს მისი გადაცემა [განსაზღვრული ფასის შესაბამისად] დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ახორციელებენ განსაკუთრებული მნიშვნელობის საგზაო და ნაპირდაცვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე პროექტსა და ხულო-ზარზმის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო პროექტს“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ბათუმის შემოვლითი გზა სოფელ მახვილაურთან / ივლისი, 2024 წ.
ბათუმის შემოვლითი გზა სოფელ მახვილაურთან / ივლისი, 2024 წ.

აჭარაში, „ოცნების“ ადრინდელი დაპირების მიუხედავად, კიდევ ერთი მსხვილი პროექტია განუხორციელებელი. ბათუმი-სარფის ავტობანი, რომლის მშენებლობაზე ჯერ ტენდერიც არ არის გამოცხადებული.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

მერია ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაციის წესს ცვლის

მერია ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაციის წესს ცვლის. პროექტის მიხედვით, მოქმედ წესში იცვლება ჩანაწერი ქირით ცხოვრების ვადის თაობაზე. ამ დრომდე განმცხადებელს ბათუმში ქირით მინიმუმ 6 თვით უწყვეტად ცხოვრების ცნობა უნდა წარედგინა კომისიისთვის, ახლა ეს ვადა ერთ წლამდე გაიზრდება. ასევე, მოთხოვნებიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი „ოჯახური დასაბუთება“. მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს სუბიექტური და არარელევანტურია.

ცვლილების მიხედვით, შემზღუდველ გარემოებად აღარ ჩაითვლება სარდაფის ან სამეურნეო სათავსოს ფლობა, თუ ისინი გამოუსადეგარია საცხოვრებლად.

ასევე იცვლება ჩანაწერი უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველის შემოსავალთან დაკავშირებით.  განმცხადებელს არ უნდა გააჩნდეს რეგისტრირებული შემოსავალი, ან კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში მის მიერ მიღებული ყოველთვიური შემოსავალი არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ ორმაგ ოდენობას.

მოქმედი წესში ერთმაგი ოდენობა იყო მითითებული.

ეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და შესაბამისმა საბანკო დაწესებულებებმა უნდა დაადასტურონ.

ბათუმში  უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი მერიამ 2022 წელს შეიმუშავა, შემდეგ კი საკრებულომ დაამტკიცა. უსახლკაროთა რეგისტრაციის მოქმედი წესის მიხედვით, ბათუმში უსახლკაროს სტატუსით შეიძლება დარეგისტრირდეს პირი ან ოჯახი, რომელიც უწყვეტად ბოლო ორი წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 

მერია ცვლის ასევე საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ჩანაწერს. შეცვლილი წესის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში საზღვრის გაკვეთის რაოდენობა ნაცვლად 30-სა იქნება 10, ხოლო ერთჯერადად საზღვრის გადაკვეთის ვადა ნაცვლად 24 საათისა იქნება 15 კალენდარული დღე.

ასევე მოქმედ წესში მითითებული რეგულაცია, რომ ოჯახის შემადგენლობის ნახევარზე მეტი უნდა იყოს რეგისტრირებული ბათუმში, იცვლება ტერმინით „ნახევარი მაინც“, რითაც ორსულიან ოჯახში ერთი პირის ბათუმში რეგისტრაციის შემთხვევაში მიეცემა ოჯახს ჩაერთოს პროგრამაში.

მერიის წესის შესაბამისად, უსახლკაროს სტატუსის მაძიებელი პირი უსახლკარო პირად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

შესაბამისი კომისიის მიერ განმცხადებლის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად არის საქართველოს მოქალაქე და ამასთან, უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ბათუმში. მათ შორის, ისეთი პირი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განაახლა ბათუმში რეგისტრაცია. ასვე, თუ ამგვარი შეწყვეტის შემდეგ პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმდება.

თუ განმცხადებლის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. გარდა სარდაფის და სხვა სამეურნეო სათავსისა, რომელიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის.

შესაბამისი ორგანოების და მუნიციპალიტეტის სერვისცენტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართობზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი. [გარდა სარდაფის და სხვა სამეურნეო სათავსისა, რომელიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის]. არ დასტურდება დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართობის ქირის, მათ შორის იჯარის, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი.

ასევე, შესაბამისი კომისიის მიერ ინფორმაციის მოძიებისას განმცხადებელი უნდა იყოს  სრულწლოვანი.

 პირს არ გააჩნია საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით.

განაცხადებს ბათუმში უსახლკარო პირად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია და რეკომენდაციას გაუწევს ან არ გაუწევს განმცხადებლის უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ბათუმის მერი.

1 მილიონი ლარი პარკის კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია-პროექტისთვის

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაციისთვის და ბულვარში, საზაფხულო თეატრის სარეაბილიტაციო პროექტის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. შესაბამისი ტენდერები სახელმწიფო შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.

ცენტრალური პარკის კოლონადები და საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია.

502 456 ლარით არის გამოცხადებული ტენდერი ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე. ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 17 აგვისტოს დაიწყება და 22 აგვისტოს დასრულდება.

ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

კოლონადების არსებული მდგომარეობა / ფოტო პროექტიდან

ამ პროექტის მიხედვით:

  • „კოლონადების სახურავს უტარდება დემონტაჟი [ფენილი, კარკასი] სრულ ფართობზე და ხორციელდება ჰიდრო და ორთქლიზოლაციის I ფენის მოწყობა ლინეკრომის მასალით.
  • სახურავის კარკასისა და შეფიცვრისათვის გათვალისწინებულია ლარექსის ხე-მასალა. შეფიცვრაზე ეწყობა ჰიდრო და ორთქლიზოლაციო ფენა ლინეკრომით. სახურავის ფენილად ხანგრძლივი ექსპლუატაციის და ვიზუალის გათვალისწინებით გამოყენებულია 0,7 მმ სისქის რეიცინგის მასალა. ფენილი ეწყობა ნარიმანდის მეთოდით.
  • კოლონადების შემადგენელი ელემენტების [ანტაბლემენტი, კაპიტელი, სვეტი ბაზით, მოაჯირი შემადგენელი ელემენტებით, სახურავქვეშა სივრცე] ზედაპირებიდან სპეციალური ხსნარებითა და მეთოდების გამოყენებით ავთენტურ საფუძვლამდე ცილდება სხვადასხვა პერიოდში დატანილი გადალესვები და საღებავის ფენები.
  • აღნიშნული სამუშაოების შემდეგ ადგილზე უნდა დაზუსტდეს დაზიანებების სრული სურათი. ზოგადი გაანგარიშებით სარესტავრაციო ფართობი პროექტში ჩაინიშნა კოლონადების მთლიანი ფართობის 3%-ის ოდენობით.
  • სარესტავრაციო სამუშაოები ითვალისწინებს – ბზარების დამუშავება-დაგმანვას, ამორტიზებული არქიტექტურულ-დეკორატიული ელემენტების დაშლას და ხელახალ მოწყობას, ელემენტების გამომსახველობით აღდგენას.“
კოლონადები რესტავრაციის შემდეგ / ესკიზი პროექტიდან

სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ კოლონადების ზედაპირი დაიფარება ბეტოკონაქტის ხსნარით. რის შემდეგაც ზედაპირები დამუშავდება საფასადო ფითხით და შეიღებება გარე დაფარვის ემულსიური თეთრი ფერის საღებავით [საღებავი და ფერი უნდა შეთანხმდეს მერიისა და პროექტის ავტორის მონაწილეობით].

„დაგეგმილია მფრინავი ფადიკო გოგიტიძის ქანდაკების [პოსტამენტით] რესტავრაცია. პროექტი ასევე ითვალისწინებს არსებული პროჟექტორული სანათების გამოცვლას და ელსადენის გაყვანილების მოწესრიგებას.

საპროექტო არეალში კოლონადების მოედან-ბაქნიდან სრულად აიყრება არსებული ბუნებრივი გრანიტის ფილები, საფუძვლითურთ, საფუძველი მოეწყობა საპროექტო ნიშნულების მიხედვით. ახალი ბუნებრივი გრანიტის ფილების სისქე 4 სმ-ია. ფილის ზომები, მახასიათებლები და ფერი ჩანიშნულია პროექტში და ის სამუშაოების დაწყებამდე თანხმდება „შემსყიდველს“ და პროექტის ავტორის მონაწილეობით.“ – აღნიშნულია პროექტში.

კოლონადების რეაბილიტაცია ტენდერის პირობის მიხედვით, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

კოლონადების სარეაბილიტაციო თანხა ბათუმის ბიუჯეტში დაახლოებით ერთი თვის წინ დაამატეს.

500 ათასი ლარით არის გამოცხადებული მეორე ტენდერი, რომლითაც ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე საზაფხულო თეატრის შენობის რეაბილიტაცია და საინჟინრო სისტემებით აღჭურვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას ეხება. ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება.

„ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე საზაფხულო თეატრის შენობის სამშენებლო ნაწილი საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, რაშიც იგულისხმება- შენობის სახურავის, შენობის შიგა და გარე სივრცეების რეაბილიტაცია.

დავალების ფარგლებში უნდა დამუშავდეს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს არქიტექტურულ, კონსტრუქციულ [საჭიროების მიხედვით], შიგა და გარე საკომუნიკაციო ნაწილებს, არსებულ ქსელებზე დაერთებას, ტექნოლოგიურ ნაწილს.“ – აღნიშნულია ტენდერის ტექნიკურ დავალებაში.

ტექნიკურ დავალებაში ცალკეა გამოყოფილი დამატებითი მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც „საინჟინრო სისტემების მონტაჟისას წარმოიქმნება აუცილებლობა ისეთ მხატვრულ-დეკორატიულ ელემენტებთან შემხებლობისას, რომელიც დაარღვევს არსებული შენობის ესთეტიკურ ღირებულებას. ასეთ შემთხვევაში არსებული შენობის პროექტის არქიტექტორთან აუცილებელია სამუშაო კონტაქტები პროექტირების პროცესში, კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად და საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად.“

საზაფხულო თეატრის რეაბილიტაციისა და საინჟინრო სისტემებით აღჭურვის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა 2024 წლის 11 დეკემბრამდე უნდა იყოს მზად.

ამ დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დაზუსტდება კონკრეტულად რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი თეატრის შენობაზე და რა თანხა იქნება საჭირო, რის შემდეგაც სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს ცალკე გამოაცხადებენ.

 

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 581 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
  • ტანკი – 8 406 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 16 238 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 16 217 ერთეული [+56]
  • MLRS – 1 135 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 908 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 057 ერთეული [+52]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 410 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 21 926 ერთეული [+54]
  • სპეცტექნიკა – 2 723 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 632 თვითმფრინავი
  • 278 ვერტმფრენი
  • 28 979 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 561 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 752 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 395 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 779 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 316 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„მოლაპარაკების პირველი ნაბიჯები ალბათ წლის ბოლოს გადაიდგმება“ – ინტერვიუ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორ დავემგზავრე მემთეურ ქალებს ექსკურსიაზე

სოფელში გამიგია სკოლის მოსწავლეების, კურსდამთავრებულების, ბაღის თუ სკოლის თანამშრომლების ექსკურსიები, მაგრამ არასდროს – მემთეური ქალების.

მთელი ცხოვრებაა ვუყურებ, როგორი მძიმე, რუტინული და მხუთავი შრომა აქვთ მემთეურ ქალებს. საკუთარ თავზეც გამომიცდია ეს. მოგვიანებით, როგორც ჟურნალისტმა, მოვამზადე არაერთი მასალა მემთეურების ცხოვრებაზე. ჩემთვის იქამდე უცნობ, ბევრ მემთეურ ქალთან მქონია ხანგრძლივი საუბარი, რამაც კიდევ უფრო მძაფრად დამანახა წარმოუდგენელი ჯაფა, რომელიც კლავს ხალისს და ტოვებს მხოლოდ დაღლას.

დღეს მემთეური ქალების ორგანიზებულ ექსკურსიაზე გიყვებით. მათ სრულიად შემთხვევით დავემგზავრე გასულ კვირას. რეპორტაჟის მომზადებაზე უარი მითხრეს, გამოჩენა არ უნდათ, მაგრამ მინდოდა ამ ქალების ამბავი მაინც მომეყოლა, თუნდაც მათი სახელების გარეშე, რადგან ექსკურსიაზე მიმავალი მემთეური ქალები არასდროს წარმომედგინა. ამაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო.

„ამ ყველაფერს ფრთები იმან შეასხა, რომ ახალი რძლები რომ ემატება სოფელს ყოველ წელს, ახალი იდეები აქვთ, ღია არიან სიახლეებისთვის და ამბობენ, ჰო, რატომაც არა“, – მითხრა ერთმა მემთეურმა ქალმა.

ქალებმა ორი „მარშუტკა“ იქირავეს და მძღოლები მკაცრად გააფრთხილეს, ადრიან დილას უკვე ყოფილიყვნენ მათი იალაღის ცენტრში. ამ იალაღზე, ძირითადად, ხულოს ერთი სოფლიდან მემთეურობენ ქალები.

ნაწვიმარი დილა იყო იალაღზე. გაჩერდნენ თუ არა „მარშუტკები“, სხვადასხვა მხრიდან ჯგუფ-ჯგუფად მომავალი ქალებიც გამოჩნდნენ. ზოგი ასაკოვანია, ზოგი – არც ისე, ზოგი კი – „მემთეურობისთვის ზედმეტად ახალგაზრდა“. ყველას რაღაც ეჭირა ხელში პარკებით, ჩანთებით, ჭურჭლით. საგულდაგულოდ მოემზადებინათ წინა ღამით ექსკურსიაზე საგზლად წასაღები ტკბილეული და ათასი სასუსნავი.

აქ მითხრეს, რომ პირველად ექსკურსიაზე მემთეური ქალები 2020 წელს წასულან. იქამდე პიკნიკებს მართავდნენ ხოლმე და ერთის ქალის იდეა ყოფილა, მოდი, პიკნიკებიდან ექსკურსიებზე გადავიდეთ და ჩვენც სადღაც წავიდეთ, როგორც ჩვენი შვილებიო.

„რა თქმა უნდა, რთული იყო, იმიტომ, რომ პირუტყვის დამტოვებელი არავინ არ გვყავდა. ზოგიერთს მოსავლელი დედამთილები გვყავს…

ისეთ ექსკურსიაზე, რომ დავრჩეთ ერთი ან ორი დღით, არასდროს არ ვყოფილვართ. დილით უთენია მივდივართ და საღამოს ვბრუნდებით.

თუ დედამთილ-რძალი მოდის ექსკურსიაზე, საქონელი ქმრებს უნდა დაუტოვონ, თუ შეუძლიათ ქმრებს დატოვება, თუ არა – მეზობელს, რომელიც არ წამოვიდა ექსკურსიაზე. თუ მხოლოდ დედამთილი მოდის, რძალი დაიტოვებს, თუ რძალი მოდის – დედამთილი და ასე. უფრო მეტად ამ ამბავში კაცები გვეხმარებიან“, – მითხრა ერთ-ერთმა მემთეურმა.

მე იალაღზე საქონლის საძოვარზე გაშვების დროს შევხვდი მემთეურ ქალებს.

„წარმოიდგინეთ, დილით ისედაც ადრე გვიწევს გაღვიძება და თუ იმ მომენტში უკვე არ არის მთაში ჩვენი შემცვლელი, დილის საქმეს ისევ ჩვენ ვაკეთებთ. შუადღიდან რომ ამოვლენ რძლები, თუ ვინც უნდა შეგვცვალოს, ის გააკეთებს სხვა საქმეებს.

დილის ექვსი საათისთვის ძროხები უკვე მოწველილი უნდა გვყავდეს და საღამოს 10-11 საათისთვის მაინც უნდა დავბრუნდეთ სახლში, ცოტა დასვენება და მეორე დღეს ისევ ჩვენი საქმის გაკეთება რომ შევძლოთ“, – ამბობს ერთი ქალი.

სანამ ამ ექსკურსიაზე გავაგრძელებდე თხრობას, იქამდე ამ მემთეური ქალების ბრძოლაზე მინდა დაგაფიქროთ. წლების ბრძოლაზე, რომელიც ამ ექსკურსიას უძღოდა წინ.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ექსკურსიების მოწყობა, გართობა, ერთმანეთზე და საკუთარ თავზე ზრუნვა ამ ქალებს აქამდე არ სდომებიათ ან აზრადაც არ მოსვლიათ? ცხადია, ეს ასე არ არის. უნდოდათ, უნდოდათ, თუმცა ვერ ახერხებდნენ იმის შიშით, თუ რას იტყოდნენ მათი ქმრები, დედა-მამამთილები, ნათესავები და ა.შ. აქ ხომ სჯერათ ან იქნებ სჯეროდათ, რომ ქალმა მხოლოდ სულ უნდა იშრომოს, იშრომოს დილიდან დაღებამდე და არა თუ ექსკურსიების, არამედ მცირე ხნით ჩამოჯდომის დროც არ არის.

„ეზოს რომ დაგვიდი და ხელებმოწყვეტილი კორდზე ჩამოჯდებოდი, მამამთილი კიბის თავიდან გადმოგძახებდა: ადე, მანდ რას ზიხარო. რა უნდა გექნა? დგებოდი“ – ასე მითხრა ერთმა მემთეურმა ქალმა იმ დღეს.

ამ ქალებისთვის ყოველ დღე აშენებდნენ და ავიწროებდნენ ჩარჩოებს, რაც შრომისგან ისედაც გამოფიტულებს ყველაფრის ხალისს უკარგავდა. ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ ამ ქალებს არასდროს ჰქონიათ თავისი გამომუშავებული ფულის განკარგვის შესაძლებლობაც.

„თავიდან ასე ამბობდნენ – სად გაგონილა ქალების ექსკურსია?! მათ შორის ის ქალებიც, რომლებიც ამ ექსკურსიებში მონაწილეობას არც აქამდე იღებდნენ და არც ახლა. ასაკობრივი ფაქტორიცაა, შედარებით ხნიერებისგან იმასაც გაიგონებ – ჩემი ხნის ქალს ექსკურსიაზე რაღა მინდაო.

„მარშუტკის“ მოძებნაც გვიჭირს, იმიტომ, რომ ჩვენს სოფელში ვისაც მანქანა ჰყავს, თითქმის ყველა ქალაქშია სამუშაოდ წასული. სხვა სოფლიდან ვიქირავეთ მანქანები წელს. ჩვენი იალაღი ცენტრალური გზიდან მოშორებითაა, ჩვენამდე მოსასვლელი გზა კი ძალიან ცუდია. უჭირს აქ მანქანებს ამოსვლა“ – ამბობს ერთი ქალი.

იალაღის ცენტრში გაჩერებულ „მარშუტკებთან“ ქალებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ, მალევე მოითათბირეს, ვინ სად ჯდებოდა.

ყველაფერზე ნაფიქრი ჰქონდათ. დაიძრა თუ არა მანქანა, საიდანღაც დიდი, ფერადგანათებიანი ხმის გამაძლიერებელი და მიკროფონი გამოაძვრინეს. ცეკვავდნენ, მღეროდნენ… უკანა სავარძლებზე მსხდომები წინ გადასძახებდნენ, ტაში არ გაჩერდესო, წინა სავარძლებზე მსხდომები კი უკან – ვინც არ იცეკვებთ, ტაში არ მოგვაკლოთო.

აღმაფრთოვანა ამ ქალების ბრწყინვალე თვალების, ერთობისა და ერთმანეთზე ზრუნვის ნახვამ.

ერთმანეთზე იცინოდნენ და ერთმანეთს ეშველებოდნენ, როცა „მარშუტკაში“ მოცეკვავეები ცუდი გზების გამო ხან ერთ მხარეს ირწეოდნენ, ხან მეორე მხარეს.

წამოსვლამდე დაუგეგმავთ ტრაფარეტი გაეკეთებინათ წარწერით – „პირველები“. მძღოლმა 10 წუთით გააჩერა მანქანა გზად. მემთეურები მაშინვე დაფაცურდნენ, მუყაო და მარკერი მოძებნეს და მანქანაზე მათივე გაკეთებული ტრაფარეტი მიამაგრეს, მერე ტრაფარეტთან ფოტოები გადაიღეს, აჭარული იცეკვეს და გზა განაგრძეს.

მემთეური ქალების წლევანდელი ექსკურსიის მარშრუტი ასეთი იყო: ვარძია, რაბათი, ბორჯომი.

მე მემთეურ ქალებს სულ ცოტა ხნით შევუერთდი ექსკურსიაზე, ამიტომ, დაბრუნებულებს ვკითხე, როგორ გაატარეს ის დღე და ვკითხე ისიც, ყველაზე მეტად სად უნდათ წასვლა შემდეგ ექსკურსიაზე.

„ძალიან კარგად. გავერთეთ. ვნახეთ ბორჯომი, ახალციხე, რაბათი, მაგრამ ყველაზე საინტერესო, ყველაზე დასამახსოვრებელი და მთავარი იცით რა იყო? ყოველდღიურობას გავქცეოდით და ერთად გაგვეტარებინა დრო. მოსაწყენია, როცა მთელი სამი თვე იალაღზე ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ.

ყოველ წელს ახალ-ახალი ქალები გვემატება. კარგი დრო გავატარეთ. ერთი სოფლიდან ვართ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და საერთოც ბევრი გვაქვს. კიდეც ვიცეკვეთ, კიდეც ვიმღერეთ.

წასვლა სად გვინდა და…. ფშავ-ხევსურეთი, ყაზბეგი, დარიალის ხეობა… მაგრამ იქ წასვლა ძალიან რთულია ჩვენთვის. ერთ დღეში რაც ესწრება, ეს არის. იქ 2-3 დღე დაგჭირდება და ამიტომ ვერ მივდივართ. ამდენი ხნით ვერავის დავუტოვებთ ჩვენს საქმეს“.

მემთეური ქალები, რომლებზეც ახლა გიყვებით, ბოლო ოთხი წელია, რაც წელიწადში ერთხელ, ერთდღიან ექსკურსიებს აწყობენ. ეს ის დღეა, როცა ცხოვრებას საკუთარი თავისთვისაც „გამორჩებიან“.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ ჰქონდათ ერთი და იგივე მარშრუტი ქალებს. ყველაზე მთავარი მათთვის ის არის, რომ ახერხებენ ყოველი წლის ზაფხულში ერთ გუნდად შეკრებას, წასვლას და ერთად დაბრუნებას“, – მითხრა ახალგაზრდა მემთეურმა ქალმა, რომელიც იმ დღეს ექსკურსიაზე იყო.

მჯერა, რომ ეს ქალები საკუთარ თავზე ზრუნვას და ბედნიერი, მხიარული დღეების დაგეგმვას გაახშირებენ.

ცეკვა? სიმღერა? გართობა? თქვენ მემთეური ქალების უნდა ნახოთ!

 

მემთეური ქალების ექსკურსია ტრაფარეტით – “პირველები”.

„ამბასადორი“ კუნძულისთვის 500 000 კუბ.მ ინერტულ მასალას ხალაში ულიცენზიოდ მოიპოვებს – მთავრობა

საქართველოს მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. კომპანიამ ბათუმში ხელოვნური ნახევარკუნძულები და კუნძული უნდა ააშენოს.

მთავრობამ შესაბამისი განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, 2024 წლის პირველ აგვისტოს გამოსცა. ამ განკარგულებით „ამბასადორს“ უფლება აქვს 1 წლის განმავლობაში 500 ათასი კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ხალას ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან…“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ამავე განკარგულების მიხედვით, ლიცენზიისაგან გათავისუფლებული „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ვალდებულია:

  • „მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის [კუნძულის, ნახევარკუნძულების მშენებლობისთვის];
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს 121 ათას 739 ლარის გადახდა“.

შესაბამისად, კუნძულის მშენებელი კომპანია 1 კუბურ მეტრ ინერტულ მასალაში 24 თეთრს გადაიხდის.

„ამბასადორის“ მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა დაევალა მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს.

„ამბასადორმა“ კი, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.“

ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / 03.07.2024

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის პირველ აგვისტოს კიდევ ერთი განკარგულება გამოსცა, რომლითაც ცვლილება შევიდა შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 სექტემბრის განკარგულებაში.

ახალი ცვლილებით, ძველ განკარგულებაში მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 4¹ და 4² პუნქტები:

„4¹. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური ფართობის შესაბამისი ნახევარკუნძულების/კუნძულისა და დამცავი მოლოს (თითოეული მათგანის დამოუკიდებლად) შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისათვის“ საკუთრებაში გადაცემის შემდგომ, დამატებით შესაბამისი ნახევარკუნძულის/კუნძულის ყოველი 4 ჰა ფართობის შექმნის (მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ექსპლუატაციაში მიღებული და მშენებლობა სრულად დასრულებული) შემდგომ, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე მოთხოვნის წარდგენიდან 3 თვის ვადაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ ამავე უძრავი ქონების/შექმნილი მიწის შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისათვის“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი განკარგულების პროექტის ინიციირება საქართველოს მთავრობის წინაშე, იმ პირობით, რომ საპრივატიზებო ქონებაზე გავრცელდება შესაბამისი აღნაგობის ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი ვალდებულებები ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადით.

4². ამ განკარგულების მე-4 და 4¹ პუნქტების შესაბამისად, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისათის“ საკუთრებაში გადაცემულ ცალკეულ ნახევარკუნძულზე/კუნძულზე დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის/სანებართვო პირობების შესაბამისად და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, შექმნილი შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დადასტურების შემდგომ, ავტომატურად გაუქმდეს მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის განაშენიანების კონტურზე რეგისტრირებული შესაბამისი საპრივატიზებო პირობების რეგისტრაცია იმ პირობით, რომ ამ დროისათვის აგრეთვე სრულად დასრულებული (ექსპლუატაციაში მიღებული) იქნება იმ ნახევარკუნძულის/კუნძულის შექმნა, რომელზეც მდებარეობს აღნიშნული შენობა-ნაგებობა/ნაგებობები.“.

შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ ზღვაში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ სასყიდლიანი აღნაგობის სხვა ხელშეკრულებაში ორი ცვლილება მთავრობამ 2023 წელსაც შეიტანა.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის მთავრობის შესაბამისი განკარგულება, „ბათუმელებმა“ ქონების ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს მთავრობიდან 2023 წლის 2 ოქტომბერს გამოითხოვა, თუმცა საჯარო უწყებებმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტები დამალეს – სააგენტომ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები არ მოგვაწოდა, მთავრობამ კი – თავისივე განკარგულება.

ვრცლად: მთავრობა მალავს ხელოვნური კუნძულის შესახებ დოკუმენტებს – რა შეცვალეს ხელშეკრულებაში

ამ ეტაპზე ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში მიმდინარეობს შესწავლა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ უკანონო მშენებლობაზე – ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე კომპანიამ მშენებლობა ქალაქის მერის ნებართვის გარეშე დაიწყო.

ვრცლად: მუნიციპალურ ინსპექციას „ამბასადორი აილენდის“ უკანონო მშენებლობა ჯერ კიდევ არ შეუსწავლია

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ზღვაში ამჯერად ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით კი კომპანიამ მიმდინარე წლის ივნისში გარემოს ეროვნულ სააგენტოში დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა.

ამ თემაზე:

ხელოვნური კუნძულის გზშ-ში ხარვეზებია – სააგენტო „ამბასადორს“ 2 თვეს აძლევს გასასწორებლად

„რუსებმა 3 თვის განმავლობაში 3 კილომეტრით წაიწიეს წინ“ – გადამდგარი გენერალი ომზე და მის დასრულებაზე

„რუსები ვერ ახერხებენ მნიშვნელოვან წინსვლას – 3 თვის განმავლობაში 3 კილომეტრი წაიწიეს წინ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში.

გენერლის დაკვირვებით, მხარეებს 2024 წლის ბოლომდე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა მოუწევთ. რუსეთს აშშ-ში ტრამპის მობრუნების იმედი აქვს და მანამდე ტემპის შენარჩუნებას ცდილობსო, – ამბობს გენერალი.

„რუსეთისთვის ყველაზე დიდი რესურსი არის ირანის და ჩრდილოეთ კორეის დახმარება, რომელიც ტექნოლოგიურად არ არის იმ დონეზე, რომ დასავლეთს აჯობოს… ამ ტემპით, რაც ახლა რუსებს აქვთ, დაახლოებით 5 წელი მაინც დასჭირდებათ იმისთვის, რომ გავიდნენ დონბასის საზღვარზე. პირველი მსოფლიო ომის ტიპის ბრძოლები მიმდინარეობს, მცირე ზომის მოიერიშე ჯგუფების გამოყენებით,“ – ეუბნება გადამდგარი გენერალი „ბათუმელებს“.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, უკრაინამ F-16 გამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა. რა იცვლება ამით უკრაინისთვის? 

გააჩნია, უკრაინა როდის მიიღებს თავისი მოთხოვნის შესაბამისად – 120-130 ერთეულ F-16-ს. ფაქტია, რომ ამ თვითმფრინავებს როცა მიიღებს უკრაინა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის. საჰაერო სივრცეში რუსეთს დომინირება აღარ ექნება.

რაც გაჟღერდა, საუბარია 6 ერთეულის მიწოდებაზე. ეს არის ფაქტობრივად ერთი საავიაციო რგოლი. ცხადია, მთელი უკრაინისთვის 6 ერთეული თვითმფრინავი არ გადაწყვეტს ომის ბედს, თუმცა ეს გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას და გამოიყენებენ გამანადგურებლის როლში ძირითადად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტების დასაცავად.

  • ყველაზე დიდი დაძაბულობაა პოკროვსკისკთან, სადაც, როგორც ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს, უკრაინელები ვერ ახერხებენ რუსეთის წინსვლის „მნიშვნელოვან შეფერხებას“. რა იწვევს ამას, თქვენი ინფორმაციით?

იქიდან დავიწყოთ, რომ რუსები ვერ ახერხებენ მნიშვნელოვან წინსვლას – 3 თვის განმავლობაში 3 კილომეტრით წაიწიეს წინ ამ მიმართულებაზე. ეს ძალიან მცირე მანძილია. შესაბამისად, უკრაინელები ახერხებენ იმას, რომ რუსები ვერ ახერხებენ წინსვლას. ბრძოლები მიმდინარეობს 100-200 მეტრის მასშტაბებში.

ახლახან იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტევა რუსების მხრიდან ორი ასეულის შემადგენლობით, რაც სრულად გაანადგურეს უკრაინელებმა. წარმოიდგინეთ, 1200-კილომეტრიან ფრონტზე ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტევა ბოლო პერიოდში არის ეს – ორი ასეულის შემადგენლობით. ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა და ძალიან მცირე მასშტაბის მოქმედებები, თუმცა ინტენსივობას და გარკვეულ ინიციატივას ინარჩუნებენ რუსები.

  • რა სამხედრო და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს პოკროვსკის მიმართულებას?

ეს არის ხარკოვის სამხრეთ მიმართულება, რომ გავიდნენ დონბასის საზღვარზე. აქედან შეიძლება მიუახლოვდნენ რუსები კრამატორსკი-სლავიანსკის თავდაცვით ზღუდეებს.

  • ზელენსკიმ ფრანგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ რუსეთის პრიორიტეტი შეიცვალა და გეგმა აქვთ სლავიანსკიზე. რა იცვლება ამით სტრატეგიულად?

დიდი ხანია შეცვლილი აქვს რუსეთს ეს პრიორიტეტები და უკრაინის მთლიანად დაკავება არ აქვს პრიორიტეტად. მას სურს დონბასის საზღვარზე გასვლა. მას ლუგანსკის საზღვრამდე ცოტა აკლია და დონეცკის საზღვრამდე – მნიშვნელოვანი მანძილი. საჭიროა ზუსტად კრამატორსკის და სლავიანსკის გამაგრებული რაიონების აღება, რომ გავიდნენ დონბასის საზღვარზე. მერე შეიძლება განაცხადოს პუტინმა, რომ აი, ჩვენი ამოცანა იყო დონბასის რუსეთთან შემოერთება და ჩვენ ეს შევძელით. ამ ეტაპზე რუსეთს მეტი ამოცანა არ გააჩნია.

  • რა ჩანს ამ გადასახედიდან, შეძლებს ამ ამოცანის შესრულებას პუტინი? 

არა, ვერ შეძლებს. ამ ტემპით, რაც ახლა რუსებს აქვთ, დაახლოებით 5 წელი მაინც დასჭირდებათ იმისთვის, რომ გავიდნენ დონბასის საზღვარზე.

  • რას აჩვენებს ეს თქვენთვის, როცა რუსეთი ინტენსიურ ბრძოლას არ წყვეტს და მნიშვნელოვან წინსვლას ვერ ახერხებს? 

ვაჭრობისთვის ამზადებს ნიადაგს.

ის ვერ იტყვის – „დავმარცხდი, ვეღარ ვახერხებ წინ წაწევას, ვერ ვახერხებ დონბასის დაბრუნებას“. ეს იქნება შიდა აუდიტორიისთვის პუტინის პოლიტიკური მკვლელობა. შესაბამისად, პუტინს სჭირდება წინსვლის ილუზია.

რუსები ამ ტემპის შენარჩუნებას ცდილობენ, ვიდრე დაიწყება მოლაპარაკება. მერე გამოჩნდება, ვინ რას მოიგებს. ორივე მხარე ემზადება ისეთ პოზიციებზე გასვლას, რომ მოლაპარაკების პროცესში უფრო ძლიერი წარმოჩნდეს.

  • ფიქრობთ, უკრაინა დათანხმდება მოლაპარაკებას?

უკრაინა მიდის მოლაპარაკებაზე, არის უკვე ამის ინდიკატორები, განცხადებები კეთდება, რომ რუსეთის მონაწილეობაზეც თანახმა არიან.

გასაგებია, უკრაინას რა პირობაც ექნება ამ მოლაპარაკებაში: სრულიად გათავისუფლდეს მისი ტერიტორიები და კონტრიბუცია გადაიხადოს რუსეთმა, რუსეთი კი ითხოვს, უკრაინამ უარი თქვას ზაპოროჟიეს და ხერსონის ადმინისტრაციული საზღვრების, დონბასის ჩათვლით ტერიტორიაზე.

ეს არის მოლაპარაკების პირობა, ვინ რას დათმობას, სხვა თემაა. ამიტომაც ცდილობს ორივე მხარე, ძლიერი პოზიციებიდან წარდგნენ მოლაპარაკებაზე.

  • როდისთვის ელოდებით მოლაპარაკებების დაწყებას? 

ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის პირველი ნაბიჯები ალბათ წლის ბოლომდე გადაიდგმება.

  • ვის უფრო აწყობს მოლაპარაკება ამ ეტაპზე? 

მიჭირს პასუხის გაცემა იმიტომ, რომ ფაქტობრივად ორივე მხარე ოპერატიულ ჩიხშია შესული, როგორც თავდაცვაში, ისე – შეტევაში. შესაბამისად, მოლაპარაკებაზე არა მგონია, რომელიმე მხარეს დიდი ამბიციები ჰქონდეს, რომ ამას სისრულეში მოიყვანს.

  • ოპერატიული ჩიხი რას გულისხმობს, რაც თქვენ ახსენეთ? 

შემტევი ვერ უტევს, დამცავი – ვერ იცავს. როცა ორივე მხარე შეჩერებულია და ვერცერთი ვერ ახერხებს თავისი ამოცანის სრულად შესრულებას.

ცხადია, მოლაპარაკება არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას და ომის დამთავრებას, თუმცა პირველ რიგში, ალბათ უნდა იყოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყარაბაღში დაახლოებით 30 წელი იყო შეთანხმების დარღვევა მუდმივად. ორივე მხარე იქნება იმისთვის მომზადებული, რომ ცეცხლის შეწყვეტა რაღაცნაირად თავისთვის გამოიყენოს: უკრაინა შეეცდება გადაიარაღებას, რეზერვების მომზადებას, რუსეთი კი შეეცდება მაღალი ტექნოლოგიის იარაღის დაგროვებას.

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა წუხელაც უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მიიტანეს მორიგი მასიური შეტევა. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, ძირითადი მიმართულება იყო კიევის ოლქი. რუსეთს ისევ აქვს იმედი, რომ უკრაინელებს „ომით გადაღლის“? 

რუსეთი განაგრძობს კომბინირებულ დარტყმებს.

რუსეთი, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ ვიდრე უკრაინა მიიღებს F16-ებს, მაქსიმალურად განახორციელოს დარტყმები, რადგან შემდეგ ეს გართულდება. ის ამ მასშტაბით თავდასხმას ვეღარ შეძლებს. რაკეტებს, რის მიცემასაც აპირებენ უკრაინისთვის, შეუძლია 100 კილომეტრზე და მეტ მანძილზეც ჩამოაგდოს მოწინავე თვითმფრინავი, მაშინ როცა საავიაციო ბომბის მანძილი არის 40-დან 70 კილომეტრამდე. ასე რომ, მოწინააღმდეგის თვითმფრინავის ჩამოგდება არის შესაძლებელი მანამ, სანამ ის გაუშვებს ბომბს.

  • რა რესურსები აქვთ მხარეებს ომის გასაგრძელებლად, რა შეიცვალა ამ კუთხით?

ადამიანური რესურსების პრობლემა არ აქვს რუსეთს, რადგან ისეთ თანხას იხდიან, მოხალისეები არ აკლიათ, უკრაინას კი მობილიზაცია გამოცხადებული აქვს და გაწვეულები გადიან უკვე მომზადებას.

ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, რუსეთი ახლა ცდილობს, გადაღლილი, წინა ხაზზე მყოფი უკრაინელები მაქსიმალურად გამოფიტოს, ვიდრე დასვენებული ძალები შემოვა ფრონტის წინა ხაზზე.

  • რა გათვლა აქვთ მხარეებს, თქვენი დაკვირვებით, მოლაპარაკების ეტაპის წინ, რაზე ამყარებენ ისინი იმედს? 

რა თქმა უნდა, რუსეთი ელოდება მიმდინარე მოვლენებს აშშ-ში. რუსეთს იმედი აქვს, რომ თუ ტრამპი მოვა აშშ-ს სათავეში, მაშინ შემცირდება უკრაინისთვის დახმარება, ამიტომაც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა და თუ ეს მხარდაჭერა გაძლიერდება, უკრაინა გაცილებით ძლიერი მივა მოლაპარაკების მაგიდასთან.

მიუხედავად ინიციატივისა, რუსები ვერ ახერხებენ მნიშვნელოვანი გარღვევის განხორციელებას, უკრაინელები კი კონტრშეტევისთვის ვერ ემზადებიან, ისინი მხოლოდ ახორციელებენ პოზიციურ თავდაცვას, არ ვგულისხმობ მცირე ზომის ტაქტიკურ კონტრშეტევებს, მცირე ზომის დასახლებული პუნქტის გათავისუფლებას, ისევე, როგორც რუსები თვეობით გადაადგილდებიან 1 და 2 კილომეტრის მანძილზე.

  • გასაგებია, რომ უკრაინელები ჯერ კიდევ ელოდებიან შესაბამის სამხედრო აღჭურვილობას დასავლეთიდან, მაგრამ რა არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც რუსები ვერ ახერხებენ წინსვლას? მოსალოდნელია მათი შესაძლებლობების გაზრდა, თუ ეს მაქსიმუმია? 

რუსებს არანაირი დიდი ტექნოლოგიური რესურსი არ აქვთ. ახლა არიან ბრძოლის ველზე, სადღაც 550 ათას კაცამდე. ეს გადაჭიმულია 1200-კილომეტრიან ფრონტზე, რაც არის ძალიან მცირე კონცენტრაციის მატარებელი. რუსებს არ აქვთ ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომ გარღვევა განახორციელონ. პირველი მსოფლიო ომის ტიპის ბრძოლები მიმდინარეობს – მცირე ზომის მოიერიშე ჯგუფების გამოყენებით.

რუსებს არ აქვთ გადამწყვეტი უპირატესობა, რაც მათ მისცემდა ოპერატიული გარღვევის საშუალებას. ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის თავდაცვის წინა ხაზზე.

რუსეთისთვის ყველაზე დიდი რესურსი არის ირანის და ჩრდილოეთ კორეის დახმარება, რომელიც ტექნოლოგიურად არ არის იმ დონეზე, რომ დასავლეთს აჯობოს. მათ დასავლური კლონები აქვთ უფრო ცუდი ხარისხით.

ჩინეთი არ ეხმარება რუსეთს აქტიურად. რომც ეხმარებოდეს, რაოდენობის გარდა, ჩინური სამხედრო პროდუქციაც არის დასავლეთიდან კოპირებულის ცუდი ვარიანტი.

2 წლის ლაზარეს დედა შვილის ოპერაციისთვის დახმარებას ითხოვს

ლაზარე მებონია ორი წლისაა. როგორც ლაზარეს დედა, ნინი ცინცაძე ამბობს, ლაზარე ტერფების გამრუდებით დაიბადა. იგივე დიაგნოზი წერია ბავშვის ფორმა 100-ში, რომელიც იაშვილის კლინიკას გაუცია თბილისში. ქალის თქმით, ლაზარე ორი თვის იყო, როდესაც გაუკეთეს ერთი ოპერაცია, მაგრამ ქირურგიული ჩარევა უშედეგო გამოდგა.

„ბავშვს არაფერი ეშველა. ექიმებიც მეუბნებოდნენ, საზღვარგარეთ წაიყვანეო. ცოტა ხნის წინ თურქეთში წავიყვანე, იქ 10 დღე ვიყავით. გადაუღეს რენტგენი და დაგვპირდნენ, რომ ოპერაციას გაუკეთებენ და ბავშვი ჩვეულებრივად შეძლებს გავლას, გარკვეული პერიოდის შემდეგ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ლაზარეს დედამ, ნინიმ.

დედის თქმით, რადგან ბავშვს ძვლის ფორმა აქვს დარღვეული, თურქულ კლინიკაში ამ ოპერაციის ჩატარებას, ანუ ორივე ტერფის გასწორებას, 20 ათასი დოლარი სჭირდება, ლაზარეს დედას კი ეს თანხა არ აქვს. არ ვიცი ამხელა თანხა საიდან მოვიტანო, რომ ვუშველო ჩემს შვილსო, – უთხრა ბავშვის დედამ „ბათუმელებს“.

ნინი ბავშვთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად წალენჯიხაში ცხოვრობს. ოჯახს არ აქვს იმის რესურსი, რომ ბავშვის ოპერაცია დამოუკიდებლად დააფინანსოს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვს გადაუდებლად სჭირდება ოპერაცია, დედა აპირებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართოს მხარდაჭერის თხოვნით, თუმცა არ იცის, რამდენად მიიღებს ამ მხარდაჭერას, ამიტომ ის საზოგადოებას სთხოვს დახმარებას.

„ბათუმშიც მყავდა ბავშვი ექიმთან, ზუგდიდშიც და თბილისშიც, არც ერთმა ქირურგმა თავზე არ აიღო. არ კეთდება ოპერაცია საქართველოში, საბუთიც მოგვცა ექიმმა. ჩემი შვილი ორი წლის ხდება და ამ დრომდე გიფსებს ატარებს, არც ზაფხული უნახავს, არც წყალი და არც სხვა არაფერი. მარტო წელს ზევით ვბანთ, გიფსები რომ არ დაუსველდეს და კვირაში ორჯერ ვუცვლით.

გიფსები იმიტომ აქვს, რომ ძვალმა ცოტა ფორმა მიიღოს, ოპერაცია მარტივი რომ იყოს, ფეხები კოჭიდან აქვს ამოტრიალებული – ტერფი მთლიანად, ფეხისგული აქვს ზევით.

თურქეთში ოპერაცია უკვე ჩანიშნულია.

არ ვიცი, რა გავაკეთო, ვის მივმართო საშველად. იქნებ თქვენი კეთილი გულით შეძლოთ ჩემი შვილის დახმარება, თუნდაც მცირედით. ძალიან გთხოვთ, მიიტანოთ ჩემი შვილის პრობლემა გულთან და გვიშველოთ“, – მიმართავს ნინი საზოგადოებას.

„ძირითადი დიაგნოზი – ტერფის ექვინო ვარუსული დეფორმაცია. პაციენტი დაბადებულია ორმხრივი ტერფმრუდობით“ – წერია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემულ ფორმა 100-ში, რომელიც 2 წლის ლაზარე მებონიას ეკუთვნის.

ბათუმი-სარფის ავტობანი 112 კერძო მიწაზე გაივლის და სარფის პლაჟს არ შეეხება – პროექტის გზშ მზადაა

„ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტი შეეხება 112 კერძო მიწის ნაკვეთს, 17 კომერციულ შენობას, 9 საცხოვრებელ სახლს და ერთ 9-ბინიან კორპუსს“, ახალ „გზას სარფის პლაჟთან შეხება არ აქვს“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ გზშ-ს ანგარიშში.

ანგარიში დეპარტამენტმა სააგენტოს 2024 წლის 25 ივლისს წარუდგინა. შესაბამისად, ბათუმი-სარფის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] პროცედურა დაიწყო. სააგენტოს მიერ ამ ანგარიშის საბოლოოდ მოწონების შემდეგ, დეპარტამენტი გამოაცხადებს ტენდერს და ახალი ავტობანის მშენებლობას დაიწყებს.

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმი-სარფის ახალი გზის გზშ-ს ანგარიშთან დაკავშირებით „საზოგადოების მხრიდან შენიშვნების წარმოდგენის ვადა 2024 წლის 27 სექტემბერია“.

ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში [სადაც სპეციალური კვანძით დაუკავშირდება დღეს მშენებარე ბათუმის შემოვლით გზას], აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ] და დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას [აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება].

ბათუმის შემოვლითი გზისა და ბათუმი-სარფის გზის დამაკავშირებელი მშენებარე კვანძი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე / ფოტო: „ბათუმელები“/ივლისი, 2024წ.

დაგეგმილი გზის სიგრძე 11 კმ-ია, საიდანაც თითქმის 66 პროცენტი გვირაბში გადის.

ვრცლად: ავტობანი – რა მეთოდით გაიყვანენ 7,6 კმ სიგრძის გვირაბს ახალსოფლიდან სარფამდე

გზშ-ის ანგარიშის მომზადებამდე სააგენტო წერდა დეპარტამენტს, რომ „ანგარიშში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ზღვაზე დაგეგმილი ნაპირდამცავი ნაგებობის შესაბამისი პროექტი. ამასთან, როგორც სკოპინგის ანგარიშიდან ირკვევა, პროექტით გათვალისწინებულია გზის გაყვანა სარფის სანაპიროს ტერიტორიაზე. გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ამ გადაწყვეტილების დასაბუთება სანაპირო ზოლის და პლაჟის მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“.

გზების დეპარტამენტი უკვე მომზადებულ გზშ-ს ანგარიშში პასუხად წერს, რომ „გზას სარფის პლაჟთან შეხება არ აქვს. სარფის სანაპიროს ტერიტორიაზე გზის გაყვანა არ ხდება“.

ვრცლად: ემუქრება თუ არა საფრთხე სარფის პლაჟს – ავტობანის პროექტი

რაც შეეხება ზღვის სანაპიროს გამაგრებას სარფი-ბათუმის არსებულ გზასთან, დეპარტამენტი წერს, რომ „დაგეგმილია არსებული ნაპირდამცავი ყრილის შეკეთება იმ უბნებზე, სადაც ამჟამად არსებული კონსტრუქცია დარღვეულია; ასევე დიდი ზომის ლოდებით და ტეტრაპოდებით გამაგრება იქ, სადაც არსებული ნაპირსამაგრი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. გამაგრება მოხდება იგივე საზღვრებში“.

გზების დეპარტამენტისგან სააგენტო ბურღვა-აფეთქებების სამუშაოებზეც დეტალურ პროექტს ითხოვდა. დეპარტამენტი წერს, რომ „სამუშაოები შესრულდება საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებაზე უფლებამოსილი კონტრაქტორის მიერ. ის ასევე პასუხისმგებელი იქნება ტრანსპორტირებასა და დასაწყობებაზე. შესაბამისი ნებართვები, მეთოდიკის აღწერა [პასპორტი] და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია მოწოდებული იქნება აღნიშნულ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.“

გზშ-ს ანგარიშის მიხედვით, „სამუშაოების დაწყებამდე მოხდება პოტენციური წყაროდან 250 მეტრ რადიუსიან ზოლში მოხვედრილი შენობების აღწერა. საჭიროების შემთხვევაში იწარმოებს ვიბრაციის ინსტრუმენტული მონიტორინგი.“

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ „უშუალოდ საპროექტო ზონაში საშიშ გეოლოგიური პროცესების მნიშვნელოვანი რისკი არ გამოვლენილა. გვირაბის ჩრდილოეთ პორტალის ზონაში არასტაბილური გრუნტის ზონაში დაგეგმილია სამაგრი კედლების მოწყობა. ქვათაცვენის უბანზე – ბადის და ბეტონის კედლის გამოყენება.“

„სამშენებლო სამუშაოები შესრულდება ტენდერის საფუძველზე შერჩეული კონტრაქტორის მიერ. მისი ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. ინფორმაცია მოწოდებული იქნება ტენდერის ჩატარების და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ.“ – წერს გზების დეპარტამენტი გარემოს სააგენტოს.

განსახლება

„დეტალური აზომვითი კვლევების დროს გამოვლინდა, რომ ზემოქმედების ქვეშ ექცევა 131 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან 112 კერძოა – აქედან 63 რეგისტრირებული, 49 ლეგალიზებული. აღნიშნული კერძო ნაკვეთებიდან 64 სასოფლო-სამეურნეოა. პროექტი შეეხება 17 კომერციულ შენობას, 9 საცხოვრებელ სახლს, 1 კორპუსს 9 ბინით. აღწერის შედეგად გამოვლინდა 50 ზემოქმედების ქვეშ მოქცეული შინამეურნეობა, რომლებიც მიეკუთვნება მოწყვლად ჯგუფს. 18 შინამეურნეობა საჭიროებს ფიზიკურ განსახლებას“, – აღნიშნულია გზშ-ში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის მშენებლობის ეტაპზე დასაქმდება 150-200 ადამიანი. „უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივებს პროპორციით 70% : 30%; ასევე შემუშავებული/დანერგილი იქნება გასაჩივრების პროცედურები მოსახლეობის და პერსონალისთვის… ინფორმაცია პერსონალის პროფესიული და ტექნიკური სწავლების შესახებ კი დაზუსტდება მშენებელი კონტრაქტორის მიერ.“

გარემოს სააგენტოს მოთხოვნით, გზშ-ის ანგარიშში გზების დეპარტამენტს უნდა წარმოედგინა ასევე „ზემოქმედებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მფლობელების ინფორმირებისა და მათთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“

„მიწის ნაკვეთების მფლობელების, კომპენსაციის და შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სცილდება გზშ-ს ფორმატის მოთხოვნებს. აღნიშნული საკითხები განსახლების/მიწის შესყიდვის გეგმის და მისი შესრულების ნაწილია. გზშ-ში მოცემულია ზოგადი ინფორმაცია პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული საკუთრებების, პირების/ბიზნესების რაოდენობის შესახებ“, – აღნიშნულია გზშ-ში.

დეპარტამენტს ასევე უნდა წარმოედგინა „ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური პაკეტების შესახებ“, თუმცა გზშ-ში აღნიშნულია, რომ „სოციალური პაკეტები გათვალისწინებულია განსახლების გეგმის დოკუმენტში, რომელიც გზშ-ს შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენს.“

„სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვაზე მოსახლეობის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ საპროექტო გვირაბის მიმდებარედ არსებობს საკალმახეები. გზშ-ის ეტაპზე გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული საკითხი“, – ეწერა სააგენტოს დასკვნაში. გზების დეპარტამენტი კი გზშ-ში წერს, რომ „საპროექტო გზას საკალმახეებთან შეხება არ აქვს“.

გზშ-ის ანგარიშში სრულფასოვნად უნდა იქნეს განხილული კუმულაციური ზემოქმედების საკითხები გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით [განსაკუთრებით ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების ნაწილში] – წერდნენ სააგენტოდან გზების დეპარტამენტს.

დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია გზშ-ში. ამასთან, „სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება მოკლევადიანი, სამუშაოების წარმოების პერიოდით იქნება შემოსაზღვრული. საბოლოდ გზა დაშორდება ჭოროხის დელტას, რომელიც სენსიტიურ ტერიტორიას წარმოადგენს.

გზის ექსპლუატაციისას სატრანსპორტო ნაკადი გვირაბით გაივლის, რაც შეამცირებს ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საფრთხეს. ხიდზე მოძრავ ტრანსპორტთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად ნავარაუდევია სპეციალური დამცავი კედლების მოწყობა. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ პროექტის განხორციელების შედეგად ანგარიშში მოცემული შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზე შემსუბუქდება.“

რამდენიმე დეტალი გზშ-დან:

  • „ძლიერი ვიბრაცია მშენებლობის და/ან ექსპლუატაციის ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. ვიბრაციის წარმომქმნელი სამუშაოების დაწყებამდე, მშენებელი შეაფასებს ზემოქმედების წყაროდან 250 მეტრ რადიუსში არსებულ შენობებს და წერილობით, ფოტო და აუდიო ფორმით დააფიქსირებს გამოვლენილი დეფექტების ხასიათს და მდგომარეობას. საჭიროების შემთხვევაში დააწესებს მონიტორინგს [მაგ. ყალაურების მონიტორინგი, ინსტრუმენტული მონიტორინგი] კონკრეტულ უბანზე სამუშაოების დასრულებამდე პერიოდში;
  • გვირაბში აფეთქებითი სამუშაოების დაწყებამდე მშენებლის მიერ განისაზღვრება წყლის დონე/დებიტი აფეთქებითი სამუშაოების ზონიდან 250 მეტრ რადიუსში და დაწესდება დონის/დებიტის მონიტორინგი. გვირაბის გაყვანისას წყლის დებიტის/წყლის დონის შემცირების ან წყლის დროებითი დაკარგვის შემთხვევაში მშენებელი უზრუნველყოფს დროებითი ალტერნატიულ წყაროს მოძიებას და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებას
  • იმის გათვალისწინებით, რომ გზის ნაწილი არსებული მაგისტრალის საზღვრებში, ნაწილი საწარმოო ზონაში, ნაწილი კი გვირაბით გაივლის, ფაუნის სახეობებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჰაბიტატები არ იკვეთება. ჭოროხის გადაკვეთაში ზემოქმედებას „წერტილოვანი“ ხასიათი ექნება და ის შეიძლება შეფასდეს როგორც საშუალო;
  • დაცული სახეობები [მცენარეები, ცხოველთა სახეობები] საპროექტო ზონაში ჩატარებული კვლევების შედეგად არ დაფიქსირებულა [კერძო ნაკვეთებში დარგული კაკლის ხეების გარდა];
  • საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე პირდაპირი და ირიბი ზემოქმედების რისკი პროექტის განხორციელებისას მოსალოდნელი არ არის;
  • ცხოველთა სამყაროზე შესაძლო ზემოქმედების/შეშფოთების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამუშაოს დაგეგმვისას ცხოველთა სამყაროსთვის სენსიტიური პერიოდების გათვალისწინებას. ცხოველთა სამყაროზე ზემოქმედება შეფასებულია როგორც საშუალო.
  • საპროექტო გზა დაშორებულია დაცულ ტერიტორიებს მაგრამ მდებარეობს ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ტერიტორიების (IBA) და/ან ფრინველთათვის სპეციალური დაცული ტერიტორიების (SPA), ბათუმის ძაბრის ზონაში;
  • მშენებლობის პროცესი დაკავშირებული იქნება ვიზუალურ-ლანდშაფტურ ცვლილებებთან, რაც შეიძლება შემცირდეს დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების გათვალისწინებით;
  • გზის ექსპლუატაციისას ვიზუალური ზემოქმედება შემცირებული იქნება გვირაბის პორტალების რეკულტივაციის, მცენარეული საფარის მაქსიმალური შენარჩუნების/დაცვის გზით;
  • საპროექტო ზონაში მასშტაბური პროექტების განხორციელება არ იგეგმება. მსხვილი პროექტებიდან აღსანიშნავია შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის ქალაქ ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტი, რომელიც საპროექტო გზიდან 6კმ-ზე მეტით არის დაშორებული.
  • მშენებლობის პროცესში ზედამხედველობა [მათ შორის გარემოს დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი] მოხდება საზედამხედველო მომსახურების გაწევაზე ჩატარებული ტენდერით განსაზღვრული კომპანიის მიერ;
  • ექსპლუატაციის ეტაპზე შემარბილებელი ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი/საავტომობილო გზების დეპარტამენტი იქნება.
  • სენსიტიურ რეცეპტორებთან პერიოდულად ან/და საჩივრის შემოსვლის შემთხვევაში გაიზომება ხმაურის და/ან ვიბრაციის დონეები. მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში დადგინდება პრობლემის მიზეზები, დაწესდება დამატებითი შემარბილებელი ღონისძიებები ან დაკორექტირდება უკვე არსებული [მაგ. შეიცვლება კონტროლის სიხშირე, კონტროლის წერტილების რაოდენობა, სხვ.]“.

განახლება: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით, გზშ-ს ანგარიშის განხილვა გაიმართება:

  • 2024 წლის 11 სექტემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში [ლუკა ასათიანის ქ. N25]
  • 2024 წლის 12 სექტემბერს, 11:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის კულტურის სახლის შენობაში

ჭოროხი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება – 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა, დღეს მშენებლობაზე ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული.

2020 წელს „ბათუმელები“ ასევე წერდა, „ოცნების“ ერთ-ერთ შეუსრულებელ დაპირებაზე, რომ მთლიანად „დასრულდებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“. „ოცნების“ ეს დაპირება 4 წლის შემდეგ, 2024 წელშიც შეუსრულებელია.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

 

 

ბათუმში 29 ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს გაზი შეუწყდათ

დღეს, 2 აგვისტოს, ბათუმში გაზის მიწოდება შეუწყდა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მცხოვრები აბონენტების ნაწილს.

კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანება გახდა.

„სოკარის“ ცნობით, გაზი შეუწყდა:

აკაკი წერეთლის, იმედაშვილის, ჟორდანიას, სტეფანე ზუბალაშვილის, რუსთაველის, ვახტანგ გორგასლის, მემედ აბაშიძის, ირაკლი აბაშიძის, რევაზ კომახიძის, ბაქოს, ბარათაშვილის, ზვიად გამსახურდიას, გოგებაშვილის, დუმბაძის, ეგნატე ნინოშვილის, თბილისის, რაულ ვალენბერგის, თენგიზ მაქაცარიას, ფარნავაზ მეფის, შავშეთის, ხულოს, კონსტანტინე გამსახურდიას, ქუთაისის, ახმეტელის, ახმედ მელაშვილის, 9 აპრილის, გენერალ მაზნიაშვილისა და საიათნოვას ქუჩებზე მცხოვრებ 4363 აბონენტს.

„სოკარის“ ცნობით, საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს და ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 2 აგვისტოს 18:30 საათიდან და დასრულდება 03 აგვისტოს დღის ბოლომდე.

„სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

“ძლიერი ქალი ძლიერი ქვეყნის საწინდარია” – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა

შორენა სურმანიძე ხულოში, სოფელ ძმაგულაში ცხოვრობს. ის თანასოფლელ ქალებთან ერთად ხელსაქმით არის დაკავებული. რამდენიმე თვის წინ მეზობელმა ასწავლა სიმინდის ფუჩეჩისგან კალათების დამზადება და მას შემდეგ თავისუფალ დროს კალათებს ქსოვს.

„სიმინდის ფუჩეჩს ვალბობ წყალში, რათა დარბილდეს და შემდეგ მისგან ვქსოვ კალათებს. ერთი საშუალო კალათის მოქსოვას დაახლოებით 1 დღე სჭირდება. დიასახლისი ვარ, მიყვარს ქსოვა, ქარგვა, რაც შემიძლია და რისი დროც მაქვს, ყველაფერს ვაკეთებ. ნამუშევრები გაგვაქვს  გამოფენებზე“.

/
შორენა სურმანიძე

ზაფხულში მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებს საშინაო შრომა დიდ დროსა და ენერგიას ართმევს; ყანა, ჭალა, მთის საძოვრები, ზამთრისთვის მზადება მათი დღის უდიდეს ნაწილს მოიცავს, ასე რომ ხელსაქმისთვის მეტი დრო ზამთრის ცივ დღეებში აქვთ ხოლმე.

ნინო ქათამაძე შუახევის სოფელ ცივაძეებიდანაა, მას ზედმიწევნით მოვლილ და მოწესრიგებულ ბაღჩა-ბოსტანთან ერთად ვარდების სათბურიც გაუშენებია, სადაც ძირითადად წითელ, ხავერდოვან ვარდებს ზრდის:

„სათბური შევიძინე „აჭარისწყალი ჯორჯიასა“ და შუახევის მერიის ხელშეწყობითა და დაფინანსებით. თანადაფინანსებით შევიძინე ასევე ვარდების ნერგები. გასულ მარტს დავრგე ვარდები და უკვე ორი მოსავალი მივიღე. ყოველთვის ძალიან მინდოდა ვარდების მოშენება, თუმცა აქამდე ვერ ვაკეთებდი, რადგანაც ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. შუახევის მერიის გამოცხადებულ პროექტში მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე და მას შემდეგ შევუდექი ამ საქმიანობას. ძალიან კმაყოფილი ვარ, ვარდებს ძირითადად ბათუმში ვაბარებ. ვაპირებ ვარდების გარე სივრცეში დარგვასაც, ბიზნესის გაფართოებას“.


ნინო ქათამაძე

აღსანიშნავია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტი იყო პირველი, სადაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა ამოქმედდა. შუახევის მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე ამბობს, რომ ამ ინიციატივით ძალიან ამაყობს:

„მნიშვნელოვანია, ქალი იყოს ძლიერი. მას მეტი თავისუფლებისთვის, მეტი დამოუკიდებლობისათვის უნდა გააჩნდეს აუცილებლად თავისი შემოსავალი. როდესაც ქალი ძლიერია, იქ ვფიქრობ რომ, არც ბულინგია, არც მსხვერპლია, არც  ოჯახური კონფლიქტია და ასე შემდეგ.

ძლიერი და განათლებული ქალი, ფაქტობრივად,  ჩემთვის ძლიერი ქვეყნის საწინდარია. ახალმა თაობამ, საბედნიეროდ, კარგად იცის თავისი უფლებები და იცის განათლების როლი და მნიშვნელობა ცხოვრებაში, თუ რაოდენ დიდია.

პროგრამა, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ეხება, შუახევში საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. პირველსავე წელს პროგრამამ ძალიან კარგად იმუშავა, აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. მომდევნო წლისათვის კი გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი.

იდეა თავდაპირველად ჩვენი იყო რითაც ვამაყობდით და დღესაც სიამაყის გრძნობით ვართ ამ პროგრამის მიმართ გამსჭვალული, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქალს დავეხმარეთ,  მცირედით, მაგრამ მათი სურვილებისა და ოცნებების შესრულება შევძელით“.


რუსუდან შავაძე

„ამ პროგრამამ საფუძველი მისცა ქალბატონებს, რომ საწყისი ეტაპი ყოფილიყო ეს მათი ბიზნესის განვითარებისათვის და შემდგომ მათ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში და პროგრამებში. ჩვენთან გამარჯვებული ადამიანები შემდგომ წლებში გახდნენ უკვე “აწარმოე საქართველოს” გამარჯვებული ბენეფიციარებიც.

გარდა ამისა, ქალთა ოთახს აქვს გამოცხადებული ტენდერი, სადაც აბსოლუტურად ყველა განაცხადის ავტორს  ვასწავლით პროექტების წერას და ამან კიდევ უფრო მეტი წინსვლა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ოჯახებთან მიმართებაში.

იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს პროგრამა, რომ არასამთავრობო, ბიზნეს ორგანიზაციებიც ჩაერთნენ მათ დაფინანსებაში. რამდენიმე წელია აქტიურად არის ამ პროგრამის თანამონაწილე „აჭარისწყალი ჯორჯია“, რომელიც ჩვენი ოდენობის წილით შემოდის დაფინანსების ნაწილში, რამდენსაც ჩვენ ვაფინანსებთ ამდენივე ბენეფიციარს აფინანსებს „აჭარისწყალი ჯორჯიაც“. ფინანსურადაც გავზარდეთ წელს დაახლოებით 10 000 ლარის ფარგლებში იქნება პროგრამის ბიუჯეტი. დარწმუნებული ვარ უფრო მეტი საინტერესო იდეა წამოვა და უფრო მეტი კმაყოფილი ქალბატონი გვეყოლება“ – ამბობს რუსუდან შავაძე.

გასულ წელს ასმათ ტუნაძე იყო ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. წარდგენილი 54 განაცხადიდან, სპეციალურმა კომისიამ კონკურსის შედეგად შეარჩია 10 მეწარმე ქალის იდეა, რომლებიც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დააფინანსა.  ნახეთ ვიდეო:

„აჭარისწყალი ჯორჯია“ დაარსების დღიდან მხარს უჭერს ადგილობრივი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ხელს უწყობს მათ ჩართულობას პროცესებში.

კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელის, ნინო დიასამიძის თქმით, სწორედ ამ ღირებულებების ერთგულია კომპანია დაარსების დღიდან:

„გასულ წელს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან ერთად დავიწყეთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა. ჩავერთეთ ამ პროგრამაში და ამ დროში უკვე ჯამში 15 პროექტი დავაფინანსეთ. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა 50000 ლარს მოიცავდა. ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ქალების წახალისება, მათი ეკონომიკური გაძლიერება, რადგან მათ მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში და შედეგებმაც აჩვენა, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ ვალდებულებას“.


ნინო დიასამიძე

„თუმცა ეს ბიზნესები რომ უფრო მეტად წარმატებული იყოს და უფრო დიდ შედეგებზე გავიდეთ რა ამ ქალბატონებს სჭირდებათ სხვა ტიპის დახმარებაც და გვინდა, რომ ეს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა არ იყოს ერთჯერადი და მათ მოახდინონ მათი ბიზნესების, უფრო სწორად დაგეგმვა, ფინანსური თუ ადამიანური რესურსების სწორი გადანაწილება და ჩვენ ამ თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ და, ვფიქრობ, სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ამ პროექტების მდგრადობას“ -ამბობს ნინო დიასამიძე.

დღეს ბათუმში ლანა ღოღობერიძის ახალ ფილმს აჩვენებენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „DOCA – დოკუმენტური კინოს ასოციაცია“, „KineDok საქართველო“ და „ბათუმელები“ დღეს, 2 აგვისტოს, 18 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გეპატიჟებათ ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმის – „დედა-შვილი ან ღამე არასდროს არ არის ბოლომდე ბნელი“ ჩვენებაზე.

დასწრება თავისუფალია. 

ლანა ღოღობერიძის ეს ფილმი 2023 წელს ბერლინალეს ფორუმის სექციაზე აჩვენეს. ფილმის რეჟისორი და მთხრობელი, ლანა ღოღობერიძე იხსენებს დედას, ნუცა ღოღობერიძეს, პირველ რეჟისორ ქალს საქართველოში, რომელმაც მეუღლის დახვრეტამდე 3 ფილმის გადაღება მოასწრო, 1937 წელს კი ბოლშევიკურმა რეჟიმმა 10 წლით გადაასახლა.

ნუცას საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებული წლები და ზოგადად, დედასთან განშორების ტკივილი ლანა ღოღობერიძის, როგორც კინო, ისე სამწერლო შემოქმედების ორგანული ნაწილი გახდა.

დოკუმენტურ ფილმში ნახავთ, თუ როგორ იპოვა რეჟისორმა რეჟისორის დედის ნამუშევრები მოსკოვის საცავებში და როგორ აჩუქა მეორე სიცოცხლე ათეული წლების შემდეგ ხალხის მტრად შერაცხილი ხელოვანის კინომემკვიდრეობას.

ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია 1937-1938 წლებში აჭარაში დახვრეტილი ადამიანების ოჯახის წევრებთან ერთად გაგრძელდება. ტერორის, ტკივილის, ხალხის მტრად და აგენტებად გამოცხადების ამ ისტორიებს „ბათუმელები“ წლებია აქტიურად აშუქებს.

დისკუსიას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა გაუძღვება.

___________

ფოტოზე: კადრი ფილმიდან.

შავი ზღვა თბება, რაც ხმელთაშუა ზღვის სახეობების შემოჭრას იწვევს. რას ნიშნავს ეს? – მედია

წყლის ტემპერატურის მატება შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვის სახეობების შეჭრას იწვევს და არღვევს შავი ზღვის ეკოსისტემას – აცხადებენ თურქი მკვლევრები. სტატიას ამის შესახებ თურქული გამოცემა, „დეილი საბაჰი“ ავრცელებს.

1970-2023 წლებში შავი ზღვის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 15,3 გრადუსი იყო, 2023 წელს კი – 16,8 გრადუსი. წყალი თბება წითელ, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებშიც.

ექსპერტების ცნობით, კლიმატის ცვლილება და ზღვის ტემპერატურის მატება იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს საზღვაო ეკოსისტემებში, მაგალითად, წითელი ზღვის სახეობები ვრცელდება ხმელთაშუა, მარმარილოსა და შავ ზღვებში.

სტამბულის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი ონურ გონულალი ამბობს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე, ზღვებში, შემოჭრილი, ინვაზიური სახეობების მზარდი რაოდენობა ფიქსირდება. მისი ცნობით, 2020 წლის კვლევამ აჩვენა, რომ შავ ზღვაში ინვაზიური სახეობების რაოდენობა 30-ს უახლოვდება და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ასეთი სახეობების რაოდენობამ შეიძლება გადააჭარბოს ადგილობრივ სახეობებს, რაც დაარღვევს ეკოლოგიურ ბალანსს ადგილობრივ სახეობებთან კონკურენციის გამო.

„ტემპერატურის მატება ამცირებს ტემპერატურულ განსხვავებას ხმელთაშუა და შავ ზღვებს შორის, რაც საშუალებას აძლევს ზოგიერთ სახეობას გავრცელდეს. ხმელთაშუა და შავი ზღვის ეკოსისტემები განსხვავებულია, მაგრამ ტემპერატურის მატებასთან ერთად ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების თევზის სახეობები იწყებენ გავრცელებას მარმარილოსა და შავ ზღვებში“.

ბიოლოგი ამბობს, რომ სახეობებმა, რომლებიც კონკურენციას უწევენ ადგილობრივ სახეობებს რესურსებისთვის, შესაძლოა დაარღვიონ შავი ზღვის ეკოლოგიური წონასწორობა.

სტამბოლის უნივერსიტეტის კიდევ ერთი ასოცირებული პროფესორი, ჰიდრობიოლოგი სემ დალიანი ამბობს, რომ ეკოსისტემაში ახალი სახეობის შესვლა ცვლის კვებით ჯაჭვს, იწვევს შავი ზღვის უნიკალური მახასიათებლების დაკარგვას და შავი ზღვის ხმელთაშუა ზღვასთან მსგავსების შედეგად, შესაძლოა, მაგალითად, შავ ზღვაში შემცირდეს ქაფშია, რაც ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს.

ამავე თემაზე: 

შავ ზღვაში შემოსულმა მუქმა ქორჭილამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ენდემურ სახეობებს

4 აგვისტოს შუამთობის დღესასწაულია – როგორია პროგრამა

4 აგვისტოს, კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული, შუამთობა გაიმართება.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, შუამთობის აფიშა ასე გამოიყურება:

  • 12:00 -17:00 ფრანების შოუ, საბავშვო აქტივობები და თეატრალური წარმოდგენები, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, კვების სივრცეები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები;
  • 12: 00 შუამთობის ოფიციალური გახსნა – უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“ და ვოკალური ანსამბლი „ხულო“;
  • საპატიო ხულოელების დაჯილდოება;
  • ნიშნობის ცერემონია;
  • კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით: ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“; ფოლკლორული ანსამბლი „ ციცინათელა“; 13:30-14:30 „ურსა“; 14:30-16:30 „ბანი“; 16:30-17:00 „ქუჩის ბიჭები“;
  • 14:30 – 17:00 სპორტული ღონისძიებები: დოღი; ქართული ჭიდაობა; მკლავჭიდი; სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

_________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 აგვისტოს 21 საათიდან 3 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 3-5 აგვისტოს ბათუმში და მთელს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 580 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 8 402 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 16 211 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 16 161 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 134 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 907 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 005 ერთეული [+37]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 407 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 21 872 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 719 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 632 თვითმფრინავი
  • 278 ვერტმფრენი
  • 28 839 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 559 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 740 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 395 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 714 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 283 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

Bloomberg: უკრაინამ პირველი F-16-ები მიიღო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ მიდიან ქართველები ქვეყნიდან და რატომ მოდიან რუსები საქართველოში – ეს სახიფათოა?

მხოლოდ 2023 წელს საქართველო 163 480-მა ადამიანმა დატოვა. ამავე წელს, საქართველოში რუსეთიდან 52 627 ადამიანი შემოვიდა. ეს საქართველოდან ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის თითქმის მესამედია. საქართველოში მიგრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კი, ლიდერი ოკუპანტი რუსეთია. 

რას ნიშნავს საქართველოსთვის ის, რასაც ოფიციალური სტატისტიკის ბოლო მონაცემები აჩვენებს? – როცა 95 პროცენტით გაიზარდა საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით და როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით – ოკუპანტი რუსეთიდან შემოსული ხალხით ივსება საქართველო?

ბათუმში სურსათის რამდენიმე მაღაზიის მოვაჭრეს ვესაუბრეთ ამ მაჩვენებელზე.

„ივანიშვილი რომ რუსის კაცია, იმიტომ შემოდიან ამდენი რუსები, რუსი ოკუპანტებისაა ჩვენი მთავრობა“, – მპასუხობს დალი სურმანიძე, მას ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სურსათის მაღაზიაში შევხდით.

დალი სურმანიძე პირდაპირ ქვეყნის დამოუკიდებლობას უკავშირებს მიგრაციის ბოლო მაჩვენებლებს, მალე ქვეყანა აღარ გვექნება და რუსი იბატონებს აქო. დალი მაღაზიაში შესულ რუსებს არ პასუხობს. მისი არგუმენტები ასეთია:

„არ ვიცი რუსული, მაგრამ რომც ვიცოდე, მაინც არ დაველაპარაკები. რატომ უნდა დაველაპარაკო? რუსს არ აქვს აქ უფლება, რომ შემოვიდეს და თავის ენაზე მელაპარაკოს. ეს ჩემი საქართველოა, გაერთიანებული და ძლიერი მინდა იყოს.

როცა რამეს მეკითხებიან რუსულად? – მე ქართულად ვპასუხობ, ქართულად დამელაპარაკეთ-მეთქი.

დალი სურმანიძე

საფრთხეა ამდენი რუსი, აბა, რა არის? დამოუკიდებელი საქართველო ვიყავით აქამდე და აღარ ვიქნებით – რუსი შემოვა და იბატონებს. ოდითგანვე ასე იყო, ჩვეულებრივი მუშახელი ვიყავით, რაღა ვართ დარჩენილი? მე მგონი, მალე ჩვენი ენაც აღარ გვეცოდინება.

ნახევარი საქართველო უკვე დაკარგულია, ხომ ხედავთ რამდენი ტერიტორია წაგვართვეს რუსებმა? ერთი მუჭა ვართ დარჩენილი ისედაც.

არ გვინდა რუსეთი. საერთოდ დატოვონ რუსებმა საქართველო,“ – კატეგორიულია მაღაზიაში დასაქმებული მოვაჭრე. ის თავის მოსაზრებას გვიზიარებს იმაზეც, თუ რატომ იმატა საქართველოდან ემიგრაციაში  წამსვლელთა რაოდენობამ.

„არ გვაქვს ძლიერი ქვეყანა და იმიტომ ტოვებენ საქართველოს. სადღაც იტალიაში რომ წავა ქალი მომვლელად და 1000 ევრო აქვს ხელფასი მინიმუმ, აგერ 9-დან 9-მდე ვმუშაობ და 800 ლარი მაქვს, ეს არ ყოფნის ოჯახს.

ჩვენ რომ წავალთ სხვა ქვეყანაში, 3 თვე შეგვიძლია გავჩერდეთ, რუსები კი, აქ ჩვეულებრივად ჩამოდიან და მიდიან, ვითომც არაფერი, არ უნდა რუსეთს იმის უფლება, რომ აქ იბატონოს, მთელი ხალხი უნდა დავდგეთ ფეხზე,“ – მიიჩნევს დალი სურმანიძე.

„ვრუსდებით?“ – პირველი რეაქცია ასეთი აქვს ჯაბა ცისკარაძეს, მას ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე სურსათის მაღაზიაში შევხდით. მას უჭირს იმის დაჯერება, რომ საქართველო 163 ათასმა მოქალაქემ მარტო გასულ წელს დატოვა და იმავე წელს რუსეთის 52 ათასი  მოქალაქე შემოვიდა საქართველოში.

„ეს ძალიან ცუდია, მაგრამ შემოსვლა პრობლემა არ არის, გასვლაა პრობლემა ძალიან დიდი,“ – გვპასუხობს იგი პაუზის შემდეგ.

„ბათუმელები“ გუშინ, 31 ივლისს, ბათუმში, სურსათის 10-მდე მაღაზიაში მოისმინა კონსულტანტების მოსაზრებები მიგრაციის მაჩვენებლებზე. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ როცა ქვეყანას წელიწადში 160 ათასი ტოვებს, ეს ქვეყნისთვის სერიოზული რისკია.

თუმცა ყველა მათგანი ანალოგიურად საფრთხის შემცველად არ აღიქვამს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დამკვიდრების მაჩვენებელს.

„ოკუპაცია პოლიტიკური თემაა… ეს ხალხი აქ, მე რასაც ვუყურებ, არაფერს აშავებს, ცუდი არაფერი არ გაუკეთებიათ. ვფიქრობ, უნდა შემოვიდნენ რუსები და სხვებიც.

რუსულადაც ველაპარაკები აქ შემომსვლელს და ინგლისურადაც, ეს რა შუაშია ოკუპაციასთან? მაშინ არ შემოვუშვათ საერთოდ და სკოლაშიც არ უნდა ისწავლებოდეს რუსული ენა,“ – გვითხრა ჯაბა ცისკარაძემ.

„ჩვენი მთავრობის ბრალია ეს ყველაფერი. „ოცნებამ“ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მოქალაქეს, რომ მან დაიწყოს ბიზნესი, აქ გაჩერდეს… საკუთარი შვილები დატოვებული ჰყავთ დედებს, შვილები ენატრებათ.

რუსები უნდა შემოვუშვათ ტურისტულად, ასე მუდმივად საცხოვრებლად არა,“ – გვიყვება მოვაჭრე ქალი ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან და ვინაობის გამხელაზე უარს ამბობს.

„საფრთხე არაფერი არ არის, არაფერს აშავებენ, მაგრამ მაინც არ გვინდა,“ – დიალოგში იქვე მყოფი სიმინდებით მოვაჭრეც ერთვება.

„საფრთხეც დიდია, თანაც, რუსული კანონი უკვე მიღებულია საქართველოში,“ – ამბობს მოვაჭრე და მორიგ კლიენტს ხელიდან ართმევს ხილით სავსე პარკს, სასწორზე რომ შემოდგას.

„ქართველი ქალები რომ გადაიკარგნენ საქართველოდან და მოსამსახურედ წავიდნენ საზღვარგარეთ, ეს ძალიან ცუდია,“ – წუხს გორგასლის ქუჩაზე მოვაჭრე მაყვალა მახარაძეც.

მაყვალა მახარაძე

„აქ უნდა შეიქმნას ისეთი საცხოვრებელი პირობები, რომ ქართველებმა არ დატოვონ საქართველო. ის რუსი რომ მოდის საქართველოში, ესე იგი, კარგია აქ ყველაფერი, ჰაერია თუ საკვები, საქართველოდან ქართველები გადაიკარგნენ, ეს ძალიან ცუდია.

ხელფასები ძალიან ცუდია საქართველოში, ადამიანებს უნდათ, რომ ოჯახები არჩინონ.

მე რუსებისგან უკმაყოფილო არ ვარ, შემოვიდნენ, პოლიტიკაში არ ვერევი,“ – გვითხრა დალი მახარაძემ.

„ეს ციფრები არასწორიაო,“ – ოფიციალურ სტატისტიკაზე იუმორით მიგვითითა ზურაბ თავდგირიძემ. – „საქართველოში 100-დან 90 პროცენტია ემიგრაციაშია,“ – გვითხრა მან და განმარტა, რომ რუსი მიგრანტების სიმრავლეში ვერ ხედავს პრობლემას:

„საფრთხე არ არის, სტუმართმოყვარეა საქართველო და როგორც სტუმარს, ისე ვექცევით, აბა, რა ვქნათ?… ცოტა ქართულს თუ ისწავლიან, კარგი იქნება,“ – ამატებს ზურაბ თავდგირიძე.

„ხალხის აზრით უნდა ხდებოდეს ჩვენი ქვეყნის მართვა, ხალხის უმრავლესობის აზრით უნდა კეთდებოდეს ყველაფერი,“ – მიიჩნევს დავით გორგაძე მელიქიშვილის ქუჩიდან და იმ შემთხვევას იხსენებს, როცა ხილის ჩირებს წარწერა რუსულ ენაზე გაუკეთა, ეს კი, ერთ-ერთ მომხმარებელს გაუპროტესტებია:

„რა თქმა უნდა, მალევე ავიღეთ ის წარწერა, არ მინდოდა, სალაპარაკო ყოფილიყო, მაგრამ იგივე ხალხი რუსებზე ბინებს აქირავებენ. ჩემთვის ერთი ადამიანის აზრიც გასათვალისწინებელია,“ – გვითხრა დავით გორგაძემ. 

  • სოციოლოგი: „ქვეყანას ადამიანები მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ტოვებენ“

ოჩი კონცელიძე, „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტის“ სოციოლოგი არამხოლოდ საკუთარი დაკვირვებით, სოციოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით გვიზიარებს დასკვნას, რომ საქართველოს, პირველ რიგში, ადამიანები სიღარიბის გამო ტოვებენ.

310-ბინიანი კორპუსი ბათუმში, სადაც საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ 69 ბინას ფლობენ, დანარჩენი უძრავი ქონება ამ კორპუსში უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაა.

იგი მოსახლეობის სიმცირის გათვალისწინებით იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, თუ ვინ ტოვებს ქვეყანას. 

„მიდის სამუშაო ძალა, ნიჭიერი ადამიანები აქტიური იდეებით, შრომისმოყვარე და შრომისუნარიანი ადამიანები მიდიან, რომლებმაც აქ წარმატებას ვერ მიაღწიეს, ვერ იღებენ განათლებას, მათ შორის, პროფესიულ განათლებას… ადგილზე კი რჩებიან საპენსიო ასაკის ადამიანები, ან ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად შეუძლია თავის რჩენა. ქვეყანა კარგავს ადამიანურ კაპიტალს,“ – მიიჩნევს სოციოლოგი ოჩი კონცელიძე. 

თუ ემიგრაციის ეს ტემპი გაგრძელდა, მაგალითად, 10 წელში რა სურათი გვექნება, რა ხნითაც ივანიშვილი აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას და ღიად გვეუბნება, თუ არ მოგწონვართ, დატოვეთ საქართველო, წადით ემიგრაციაშიო? 

„ემიგრაცია ხელს უშლის ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას, ემიგრაციის ამ ფონის შენარჩუნება აისახება ქვეყნის განვითარებაზე, ყველა სფეროზე აისახება ეს,“ – ამბობს ოჩი კონცელიძე. მას ვახსენებთ, რომ წლებია საქართველო მეტწილად ემიგრაციიდან გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს, ადამიანები განათლებას იღებენ, შვილებს არჩენენ, ბინებს ყიდულობენ… 

„რასაკვირველია, ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხა მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა თავიდან ბოლომდე ვერ იქნება ემიგრაციიდან გამოგზავნილ ფულზე დამოკიდებული. მე არ გამიგია არცერთი ქვეყნის მოდელი, რომელიც ემიგრაციით არის წარმატებული შესაბამისი წარმოების და ეკონომიკური წარმატების გარეშე. 

პირველ რიგში, ეს აისახება დემოგრაფიაზე, მოსახლეობის რაოდენობა კი არ იზრდება, მცირდება. ეს ჩანს საყოველთაო აღწერითაც და რაც მთავარია – ტენდენცია ნარჩუნდება,“ – გვიყვება ოჩი კონცელიძე. 

სოციოლოგი შენიშნავს იმასაც, თუ როგორ მძიმედ აისახება მშობლის, ან მშობლების ემიგრაციაში წასვლა საქართველოში დარჩენილ შვილებზე – „ბათუმელები“ 2023 წლის დეკემბერში წერდა პროკურატურის სტატისტიკის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოში კანონთან კონფლიქტში მყოფი, განრიდებული 585 მოზარდიდან ყოველი მეხუთეს მშობელი ემიგრანტია

სოციოლოგის, ოჩი კონცელიძის დაკვირვებით, მოსახლეობის დამოკიდებულება საქართველოში რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითია, თუმცა ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრის დროს წინა პლანზე პრაგმატული ინტერესი ინაცვლებს. 

რამდენად ლოგიკურია საფრთხის განცდა, როცა ემიგრაციაში წასული ქართველებს რუსები ანაცვლებენ? – ვეკითხებით სოციოლოგს და პარალელს აშშ-სთანაც ვავლებთ, სადაც ემიგრანტები ნომერ პირველი საარჩევნო თემაა. 

„საქართველოში ყველაზე მეტი მიგრანტი ოკუპანტი რუსეთიდან შემოდის, რას აჩვენებს საზოგადოების დამოკიდებულება?“ – ვკითხეთ ოჩი კონცელიძეს. 

„ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის საკითხი და არა ინდივიდუალურად გადასაწყვეტი. ეს არის პირდაპირ უსაფრთხოების თემა იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს და ასევე იმის გათვალისწინებით, რაც ახლა უკრაინაში ხდება. 

სახელმწიფო უნდა ფლობდეს ინფორმაციას და უნდა იცოდეს: ეს მოქალაქეები, რომლებიც აქ რუსეთიდან ჩამოდიან, რამდენად კეთილგანწყობილი არიან საქართველოს მიმართ, აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს? ამ ინფორმაციის შესაბამისად უნდა იღებდეს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს.

საჯაროდ არ არის ცნობილი რუსეთის მოქალაქეების პოზიციის შესახებ, რომლებიც გრძელვადიანად განიხილავენ აქ ცხოვრებას. გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება დავინახოთ ეს, როგორც საფრთხე, რადგან შესაძლებელია, რუსეთმა შექმნას სიტუაცია და თავისი მოქალაქეების „უსაფრთხოების დაცვის“ მიზნით აწარმოოს გარკვეული პოლიტიკა, მათ შორის, სამხედრო. ამის წარმოდგენა ნამდვილად შეიძლება იგივე უკრაინის მაგალითზე, იქაც ხომ იგივე ნარატივია, რომ რუსეთი რუსულ სამყაროს, რუსებს იცავს უკრაინაში? 

გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ვინც რუსეთიდან გრძელვადიანად ჩამოდის საქართველოში, ისინი არ ცდილობენ საქართველოში ინტეგრაციას, ისინი ცდილობენ საკუთარი, მიკროგარემოს შექმნას: სკოლამდელი დაწესებულებები, არაფორმალური განათლების სივრცეები, სადაც რუსული ენაა წამყვანი, სხვა კულტურული და სოციალური ადგილები, რაც რუსულენოვანი ადამიანების შეკრების ადგილებია. ასე რომ, ისინი არ ცდილობენ არც ქართული ენის შესწავლას…

ეს გარკვეულ პრობლემას ქმნის გრძელვადიანად, რადგან შეიძლება იყოს დაძაბულობის, დაპირისპირების და უსაფრთხოების პრობლემა,“ – უთხრა სოციოლოგმა ოჩი კონცელიძემ „ბათუმელებს“. 

მთავარი ფოტო: რიგები ზემო ლარსში, ფოტო რუსული ტელგრამარხიდან

სად გადადის ბათუმის ავტოსადგური? – „500 ადამიანი მარტო სავაჭრო ობიექტებში ვართ“ | ვიდეო

„ჩვენ ვრჩებით უმუშევარი, სასწაული ფასებია ქალაქში, სად უნდა გადავიდეთ?“ – კითხულობს თამაზ ძირკვაძე, რომელიც ჯერ კიდევ ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობს. აქ უკვე ყველამ იცის, ავტოსადგურის ადგილზე ორი ცათამბჯენი რომ შენდება.

ბათუმის ცენტრში ძველი და მოუწესრიგებელი ავტოსადგური დიდი ხანია პრობლემაა. ამ პრობლემაში ახლა ის იცვლება, რომ ავტოსადგური აღარ იქნება და მის ნაცვლად ორ ცათამბჯენს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან დაკავშირებული კომპანია ააშენებს. ბიზნესმენობამდე ის პარლამენტის წევრიც იყო „ქართული ოცნებიდან“.

ბათუმის მერიაში დღეს, პირველ აგვისტოსაც ვერ გვითხრეს, რა ელის ავტოსადგურს, სადაც ათეულობით მძღოლი ასრულებს რეისს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ? სად გადაიტანენ სავაჭრო ობიექტებს, რაც ახლა ავტოსადგურის ტერიტორიაზეა: კვების ობიექტებს, ავეჯის მაღაზიას, ათას წვრილმანს, სასადილოებს, საპარიკმახეროებს?

ბათუმის ავტოსადგური

„გაურკვეველია, არ ვიცით, რა იქნება, ჩვენი პატრონი არავინაა ღმერთის გარდა, არავისთან არ გვქონია კომუნიკაცია… პროექტი ვნახე ცათამბჯენების, რა მოსაწონია? გასაგებია, რომ ეს ვიღაც პიროვნებას აინტერესებს“, – გვიყვება ბათუმის ავტოსადგურში ტანსაცმელებით მოვაჭრე თამაზ ძირკვაძე.

მას ვეუბნებით, რომ „ვიღაც პიროვნება“ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეცაა. რას ნიშნავს მისთვის ეს ამბავი?

„ეს ნიშნავს ხალხის ფეხებზე დაკიდებას, ხალხი რჩება უმუშევარი, ამ ხალხს ალტერნატიული ფართობი უნდა, დასაქმება,“ – გვპასუხობს თამაზ ძირკვაძე.

თამაზ ძირკვაძე

მძღოლებმა, ასევე სადისპეტჩერო პუნქტებში დასაქმებულმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ მათთან ჯერ არავის ულაპარაკია, სად და რა პირობებში განაგრძობენ მუშაობას.

„არ ვიცი, სად გადავალთ, პროექტი ვნახე ცათამბჯენების… ტერიტორიას როგორ შეეფერება, არ ვიცი, მაშინ წინ ბაზრობაც უნდა აიღონ და მატარებლის ლიანდაგებიც აიღონ, ეს ადგილი და ტერიტორიაც კარგია“, – გვითხრა სოფო კოკობინაძემ.

სოფო კოკობინაძე

„ბათუმში არის ერთი ავტოსადგური, რემონტი უნდა გაუკეთდეს და დარჩეს ისევ ავტოსადგურად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან მაკარაძემ. მას ავტოსადგურში 15 წელია ვეტაფთიაქი აქვს.

ლევან მაკარაძე

„ვიდრე სოფლებში გაჰყვება ხალხი ტრანსპორტს, ჩემთან შემოდიან და შინაური ცხოველებისთვის, პირუტყვისთვის ყველაფერი აქ მაქვს, 69 წლის ვარ და ამით ვირჩენ თავს, ახლა მეც უმუშევარი ვრჩები.

აქ ასობით ადამიანია დასაქმებული, სად უნდა წავიდეს ეს ხალხი?

მერიამ ინვესტორს სხვა ადგილი გამოუძებნოს და იქ დაკმაყოფილდეს ინვესტორი. ეს ქალაქის ცენტრია, ყოველთვის აქ იყო ავტოსადგური და ახლაც უნდა დარჩეს. მე არ ვაძლევ რეკომენდაციას ავტოსადგურის დანგრევას,“ – კატეგორიულია ლევან მაკარაძე.

ბათუმის ავტოსადგური

„თუ სხვაგან გადავალთ, იქ ასე იაფი აღარ იქნება იჯარა, მერე ჩვენი ავეჯიც იჯარის მაღალი ფასის შესაბამისად გაძვირდება,“ – ამბობს ზვიად კობიძე, ის ავტოსადგურის მეორე სართულზე ავეჯით ვაჭრობს და ყურადღებას ამახვილებს, ავეჯის შესაძენად ყველაზე იაფი ადგილიც აღარ იქნება მალე ბათუმშიო.

„უკეთესი იქნებოდა რემონტის გაკეთება, მოწესრიგება და გაეზარდათ იჯარის საფასურიც, ქალაქის ცენტრია და ხელმისაწვდომია ყველასთვის. დაახლოებით მესამედია აქ იჯარის გადასახადი, ვიდრე ქალაქში, სავაჭრო ობიექტში რომ იქირაო ფართობი.

დაახლოებით 500 ადამიანი მაინც მუშაობს აქ, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში… ახლა ჩვენ უნდა გავიდეთ და ვეძებოთ ფართობები. არავინ მოსულა ჩვენთან და არაფერი უთქვამს, მაგრამ როდემდე გაგვაჩერებენ, არ ვიცით,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ზვიად კობიძემ.

ზვიად კობიძე

„პირველი სექტემბრიდან ჩვენთან იხსნება ავტოსადგური, კომპანიების დიდი ნაწილი ჩვენთან გადმოდიან, უკვე ჯავშნიან ადგილებს, სხვები რას იზამენ, არ ვიცი,“ – უთხრა მალხაზ თურმანიძემ „ბათუმელებს“. ის შპს „ჯორჯიან ენდ მენეჯმენტის“ თანამშრომელი და „მეტრო ჰოლდინგის“ ავტოსადგურის მენეჯერია – „მეტრო ჰოლდინგი“ გოგოლის ქუჩაზე იმ ავტოსადგურის აღდგენაზე მუშაობს, რაც წლების წინ ამუშავდა ქალაქში და საიდანაც „მეტროს“ ავტობუსები გადიოდნენ.

ბოლო რამდენიმე წელი „მეტროს“ ავტობუსები „თბილისი ცენტრალიდან“ გადიან.

„არ ვიცი, რატომ დაიხურა ეს ავტოსადგური [გოგოლის ქუჩაზე], მე მაშინ არ ვმუშაობდი… ახლა ჩვენთან ჯავშნიან ადგილებს და სავაჭრო ობიექტებიც ჩვენთან გადმოდიან, მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები“, – ამბობს მალხაზ თურმანიძე. მან რამდენიმე კომპანიაც ჩამოგვითვალა, ვისთანაც უკვე შეთანხმება „მეტროს“ ავტოსადგურში გადასვლაზე არსებობს: „მეტრო ჯორჯია“, „სითი ბასი“, ომნი ტური“, „ბექა ტური“, ლუქს კარადენიზი“, „გოლდენი“, „აჭარა ტრანსრეგულირება“.

„მოსაცდელი იქნება დაახლოებით 200-250 მგზავრზე გათვლი, შიგნით იქნება ასევე კაფე, მარკეტი, აფთიაქი და ადგილი ბანკებისთვის, ბავშვების გასართობი კუთხე… ცალკე გვაქვს კიდევ 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი სავაჭრო ობიექტებისთვის, აქედან 700 კვ. მეტრი უკვე დაჯავშნილია,“ – გვითხრა მალხაზ თურმანიძემ.

____

ამ თემაზე:

ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ – მფლობელებმა ტერიტორია გაასხვისეს

 

სოფელი აჭარაში, რომელიც იაპონიის საელჩოს დახმარებით მზის სისტემებით აღიჭურვა

„მე ვარ მასწავლებელი. თანდათან მოსწავლეების რაოდენობამ იკლო სკოლაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მიგრაცია დაიწყო, ადამიანები წავიდნენ სოფლიდან უკეთესი ცხოვრების საძებნელად. ეს 21 -ე საუკუნეში ნორმალურია, სწორიც და გასაგებიც. ყველანაირად გვინდოდა, რომ მსგავსი პროექტები შემოსულიყო ჩვენთან, განვითარებულიყო ჩვენი სოფელი და ახალგაზრდობა დარჩენილიყო“ – გვეუბნება ლეილა კახიძე, მასწავლებელი და მცირე მეწარმე მაჭახლის ხეობიდან, რომელსაც სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, საკუთარ ეზოში შევხვდით.

ლეილა გვიყვება, როგორ შეიცვალა სოფელში მდგომარეობა იმის შემდეგ, რაც მოსახლეობის უწყვეტი პროტესტისა და მოთხოვნების შემდეგ, 2012 წელს, მაჭახელას ეროვნული პარკი შეიქმნა. მისი თქმით, 2000-იანი წლების დასაწყისში იყო დღეები, როცა მის ეზოსთან 60-70 სატვირთოს ჩაუვლია, რომელი სამასალედ ან შეშისთვის მოჭრილი ხეებით იყო დატვირთული.

ეროვნული ტყეპარკის შექმნის შემდეგ, გაეროს განვითარების პროგრამა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციისა თუ სახელმწიფოს დაფინანსებითა და მრავალფეროვანი პროექტებით მალევე ჩაერთო მის განვითარებაში.


ლეილა კახიძე

ადგილობრივების შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი მაჭახელას ხეობისთვის იყო იაპონიის მთავრობის დაფინანსებული პროექტი „მაჭახელას ხეობა – მწვანე ენერგიის ზონა“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგროსერვისცენტრთან თანამშრომლობით განახორციელა.

გაეროს განვითარების პროგრამის დაცული ტერიტორიების პროექტის მენეჯერის, ირაკლი გორაძის თქმით, პროექტის მიზანი იყო შეშაზე მოთხოვნის შემცირება მაჭახლის ხეობაში, მაჭახლის დაცულ ტერიტორიაზე:

„ჩვენ დავგეგმეთ, მიგვეწოდებინა ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის წყაროები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პროექტის ფარგლებში 260 ოჯახს გადაეცა სხვადასხვა სახის მზის სისტემები. მათ შორის, 200 ერთეული მზის წყლის გამაცხელებელი და 75 ერთეული მზის ელექტროსადგური. პროექტის შედეგად უახლოესი 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 3000 ტონა ნახშირბადის გავრცელებას ავიცილებთ თავიდან და დაახლოებით 6000 ხეს შევინარჩუნებთ“. 

 


ირაკლი გორაძე

„როცა 160 ლარს ვიხდიდი დენის გადასახადს ამდენი შეღავათების შემდეგ [იგულისხმება მთის სტატუსით გათვალისწინებული სახელმწიფო შეღავათები], გადავიხადე 25 ლარი, მაშინ როცა ჩართულია 5 მაცივარი, ჩართულია ხინკლის აპარატურა, უამრავი გამაცხელებელი და სხვა რაღაცები – ასეთი ეკონომია მომიტანა ამ მზის პანელებმა და ცხელი წყალი? შეშასაც ვყიდულობდით, ყველა ვერ წავა ტყეში და ვერ გაამზადებს მას. ყოველდღე რამდენჯერ უნდა გაგეცხელებინა შეშით აბანო რომ გესარგებლა ან სამზარეულოში წყალი რომ გქონოდა. ეს ყველაფერი ახლა არის უფასოდ. ხეობისთვის კი ეს იმას ნიშნავს, რომ მწვანე საფარი არ ზიანდება, ეს ჩვენი ცნობილი კოლხური ტყეები რჩება ისე ხელუხლებელი“ – ამბობს ლეილა, რომელიც პედაგოგობასთან ერთად, სოფელში მცირე მეწარმეობასაც ეწევა.

კიდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც კმაყოფილია ხეობაში მრავალფეროვანი და ინოვაციური პროექტებით, მელანო ქობულაძეა. მელანო გერმანიაში სწავლობს, ჰამბურგის უნივერსიტეტს ასრულებს და გერმანიაში მუშაობს, მაგრამ დონორი ორგანიზაციების პროექტებმა მისცა ბიძგი, რომ საქმე საკუთარ სოფელში წამოიწყოს და მომავალში დაბრუნებაზეც იფიქროს.


მელანო ქობულაძე

„მახსოვს, ჩემს ბავშვობაში სოფლებს ტოვებდა ხალხი. ახლა პირიქით, სოფელში ბრუნდებიან. ახალგაზრდა თაობა ქმნის პატარა თუ დიდ ბიზნესებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაც და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა.

სიამაყით ვივსები, რომ მახსოვს, მაგალითად, ჩემი სოფელი როგორი იყო 10-15 წლის წინ და ახლა ძალიან განვითარებულია. უკვე მსოფლიოში გვიცნობენ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა ტურისტებმა საუდის არაბეთიდან, გუშინ გვყავდა ტურისტი გერმანიიდან, დღეს – სლოვენიიდან, გვყოლია ამერიკიდანაც.

ჩემი ყველა მეგობარი გერმანიაში მეუბნებოდა, რომ კარგი იქნებოდა თუ მექნებოდა მზის პანელები და რომ ვუთხარი, ჩვენთან ეს დაფინანსებით მოხერხდა და უკვე გვაქვს-მეთქი, ძალიან გაუკვირდათ, ასეთ პატარა სოფელში რომ ეს მოვახერხეთ. ასეთი ინოვაციური პროექტები რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო მეტად განვვითარდებით და ეს კარგი იქნება ყველასთვის, ჩვენთვისაც და მთავრობისთვისაც და რაც მთავარია, სოფლები არ დაიცლება“ – ამბობს მელანო.


სოფელი ზედა ჩხუტუნეთი

ლეილაც იმედით უყურებს მომავალს, კიდევ ელოდება საინტერესო პროექტებს სოფელში და იმედი აქვს, რომ მოსწავლეების რაოდენობა კვლავ გაიზრდება სოფლის სკოლაში:

„მარტო ამ პატარა სოფელში, სადაც 85 მოსახლე ცხოვრობდა, 15-20 ოჯახი უკვე წასული იყო. 5 ახალი სახლი აშენდა ამ ორი წლის განმავლობაში, 5 მოსახლე შემოგვემატა. გახარებული ვარ მხოლოდ იმის გამოც, რომ ამ პროექტებმა ხელი შეუწყო სამუშაო ადგილების გამოჩენას. ბევრი ვერა, მაგრამ მეც მყავს სამი ადამიანი დასაქმებული და ისინი არ წავლენ, იმედია, ამ სოფლიდან, იმიტომ რომ უკეთესი ცხოვრების პირობები შეიქმნა“.

ამჯერად ჩვენ მხარს ვუჭერდით UNDP-ის პროექტს მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე უნიკალური კოლხური ტყის დასაცავად, რომელიც შეამცირებს საწვავი შეშის გადაჭარბებულ გამოყენებას და დაიცავს ტყეს დეგრადაციისგან. კერძოდ, ჩვენ მხარი დავუჭირეთ მზის ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვას ამ ხეობაში მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით ქალებისთვის. ამ მხარდაჭერის ისტორია უკავშირდება ჩვენი პრემიერმინისტრის, კიშიდას ახალ ინიციატივას – „კაპიტალიზმის ახალი ფორმა“, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაძლიერებთ გარემოს დაცვითი პროექტების მხარდაჭერას მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში“ – ამბობს იიდა მასაში, იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი.

პროექტზე – „მაჭახელას ხეობა – მწვანე ენერგიის ზონა“ – ჯამში 355-მდე განაცხადი შევიდა, საიდანაც შერჩეული იქნა 261, რომელიც აკმაყოფილებდა წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. რაც შეეხება ღირებულებას: მზის წყლის გამაცხელებლის ფასი იყო 2500 ლარამდე და მზის ელექტროსადგურის – 8000 ლარამდე, რომლის მხოლოდ 10% გადაიხადა ადგილობრივმა მიმღებმა. გრანტის ოდენობა 594 486 აშშ დოლარი იყო.

რომელ საათამდე შეწყდა წყალი თოდოგაურის დასახლებაში – „ბათუმის წყალი“

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის მიმართულებით, თოდოგაურის დასახლებაში, რეზერვუარზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეიზღუდა პირველი აგვისტოს 17:00 საათამდე.

„წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით შეტყობინებები გაიგზავნა ყველა აბონენტთან. აბონენტებს, რომლებსაც არ მიუღიათ შეტყობინება წყვეტასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ არ წარუდგენიათ ბათუმის წყლისთვის ტელეფონის ნომერი ბაზაში რეგისტრაციისთვის.

ამ დროისთვის წყალმომარაგება სხვა მისამართზე არ არის შეზღუდული“ – აცხადებენ „ბათუმის წყალში“.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თუ კონკრეტულ მისამართს წყალი არ მიეწოდება, აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე – 1152 და დააფიქსირონ აბონენტის კოდი და მისამართი, რათა ბათუმის წყლის ავარიული ჯგუფი გავიდეს მისამართზე და შეისწავლოს ვითარება.

Exit mobile version