„თუ ევროკავშირს დავკარგავთ, თუ აგენტების კანონი სავალალო შედეგს მოიტანს, ჩვენ მეამბოხე ხალხი ვართ და ვფიქრობთ არ შევეგუებით ამ რეალობას“, – ამბობენ სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მცხოვრები. „ბათუმელები“ მოსახლეობას მოახლოებულ არჩევნებსა და ქვეყნის საგარეო კურსზე ესაუბრა.
„რომ გაიძახიან „ომი, ომი“, ვინ აწარმოებს ომს? ისევ რუსეთი აწარმოებს ხომ? არ აწარმოოს და თავისთავად არ იქნება ომი.
იძახონ ახლა, „გადაგარჩინეთ, გადაგარჩინეთ“, ხალხს გვინდა ევროპული კურსი, ევროკავშირში შესვლა გვინდა, რადგან უკეთესი ცხოვრება ვნახეთ და არ გვინდა უარესობაში დაბრუნება“, – ამბობს შაქრო ნაგერვაძე.
მისი აზრით, წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან ფაქტობრივად ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის.
„ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია გაიმარჯვებს. მთავარია, ქვეყნის კურსი არ შეიცვალოს. ვფიქრობ, ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ ევროპის მნიშვნელობა. ჩემი მეუღლეც მათ შორის მიიჩნევს, რომ ევროპის გარეშე უკეთესი ცხოვრება შეუძლებელია.
ადრე, როცა არ გვქონდა ევროპული პროგრამები, ძალიან რთული იყო ცხოვრება. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას სჭირდება ევროპული სწავლა-განათლება, ევროპული მედიცინა, ევროპული სასამართლო, ხელფასი იქნება თუ პენსია – ყველაფერი.
აქამდეც ვიქნებოდით ევროკავშირში, მაგრამ ისე წაიყვანეს საქმე…
ერთ კაცზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფო, ერთი კაცი მართავს ქვეყანას. ივანიშვილს დიდძალი ფული აქვს რუსეთში ნაშოვნი და უნდა შეინარჩუნოს ქონება. ევროკავშირში კი, სადაც სამართლიანი სასამართლოა, ვერ შეინარჩუნებდა, რადგან კორუფცია და ევროკავშირი თავსებადი არ არის.
ამ მთავრობას ევროპის კურსი რომ დაეჭირა, დიდი მხარდამჭერი ვიქნებოდი, მაგრამ ახლა ვუყურებ რომ ვიღუპებით, უკან მივდივართ, უფსკრულისკენ“, – ამბობს შაქრო.
მისი თქმით, რუსეთი სადაც შევიდა, ყველგან ნგრევა შეიტანა. „არ ქნა ხეირი. ამერიკას, საფრანგეთს, გერმანიას – ამხელა ქვეყნებს უარს ეუბნები და დგები ტერორისტული ქვეყნების გვერდით? რა ვიცი რა…
ან ანაკლიის პორტი ავიღოთ, კი ჩინეთი ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ როცა შეიძლებოდა მეგობარ ქვეყნებს აეშენებინათ ეს პორტი, რატომ უნდა ააშენოს ჩინეთმა?
აშენებენ აგერ მაგისტრალს და ინგრევა მათი გაკეთებული. ასეთი იქნება ეგ პორტიც.
თუ ამ არჩევნებშიც გაიმარჯვეს, ვიქნებით დაჩაჩანაკებული სახელმწიფო, სიტყვის ამომღები არავინ დარჩება. რუსეთის გარეუბნების მსგავსად ვიქნებით ჩვენც.
ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვცხადდეთ არჩევნებზე, არ დავსხდეთ სახლში და უნდა გადავწყვიტოთ საქართველოს ბედი. ხმა მივცეთ დემოკრატიას, ევროპას და როცა დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, ვეღარც გაყალბება უშველით. კაი მომავალი არის ევროპაში და არა რუსეთში“, – ამბობს შაქრო ნაგერვაძე.
მაგული კახიძის აზრით, ხელისუფლების არასწორმა ქცევამ, ხალხი დააშინა და დააბნია.
„ეს ხალხი დაბეჩავებულია, შეშინებულია იმით, რომ ხვალ შვილი მშიერი არ დარჩეს.
თუ ხალხს ნასწავლი კაცი არ წარუძღვა წინ, მარტო ხალხიც რაიმეს ვერ გახდება. ცხვრის ფარასაც წინ ყოჩი მიჰყვება.
ნამდვილად უნდა შეიცვალოს ისეთი ხელისუფლება, ვინც ხალხის გვერდით არ დგას. ხალხის ჭირი-ლხინი არ აინტერესებს და მარტო ფიქრობს თავის სკამსა და ჯიბეზე“, – ამბობს მაგული.
საუბარში გვერთვება ნათელა კახიძე, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპა „ქართულ ოცნებასაც“ მოსწონს, თუმცა „არც რუსეთის გაბრაზება უნდა“.
„მე რუსეთი ასი წელი არ მინდა, მაგრამ ჩემი თქმით რა გამოვა?
არცერთი არ მომწონს, ვინ ავირჩიო?
გინდა ოპოზიციონერი იყოს, გინდ მთავრობის წევრი, მინისტრი ან პოლიციელი, ადამიანი, რომელიც ბინძურ სიტყვებს იძახის საზოგადოების წინ, იგინება და უცენზურო სიტყვებს ამბობს, ყველა გასაყრელია“, – ამბობს ციალა კახიძე.
საუბარს ისევ მაგული აგრძელებს. მისი თქმით, სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, მას შემდეგ, რაც სოფლის ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად განვითარდა, მიგრაცია შედარებით შემცირდა, რადგან მოსახლეობის ნაწილმა საოჯახო სასტუმროები გახსნა, სოფელში სამი რესტორანიც ფუნქციონირებს და ადგილობრივებს ასე თუ ისე, შემოსავალი გაუჩნდათ, მაგრამ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, მაინც ქალაქში ან უცხოეთში ცხოვრებას არჩევს.
„ხალხი საზღვარგარეთ გროშებზე მუშაობს, საქართველოში კი მიწებს და ბინებს უცხოელებზე ყიდიან. ეს ნამდვილად არ არის სამართლიანი. ქართველი წავიდეს და უცხოეთში მონად იმუშაოს?
ამ სოფლიდან ოჯახის ქალები არიან წასული, ზოგი გერმანიაში, ზოგი თურქეთში. ძალიან მენანებოდა, რომ სოფელი იცლებოდა. ახალგაზრდებს უფრო მეტად უნდა ამოვუდგეთ მხარში, რადგან სოფელს ახალგაზრდა სჭირდება.
თუ მთავრობამ ხელი არ შეგვიწყო და ახალგაზრდებს არ უბიძგა, მარტო სოფლის შემოსავლით ვერ იცხოვრებ“, – ამბობს ის.
მაგულის თქმით, სოფელში დღემდე მოუგვარებელია წყლის პრობლემა.
„წყალი ძალიან შორიდან გვყავს მოყვანილი და გვიჭირს. ნადირია ტყეში და წყლის მილებს აზიანებს… სოფელში ვიყო და წყალი გრაფიკით მქონდეს, რატომ?
ყველაზე მადლიერი ვართ, წყლის გამათბობლები და მზის პანელები რომ დაგვიდგეს. იაპონიის მთავრობამ აჩუქა ჩვენს სოფელს და ძალიან დიდი შეღავათია გლეხისთვის.
ეს რა გვეღირსა მოხუცებს, სულ ცხელი წყალი გვაქვს. დავზოგეთ შეშა, ნაჭუჭი, აღარ შევა ადამიანი ტყეში, რომ შეშა მოჭრას“, – ამბობს მაგული კახიძე.
ზედა ჩხუტუნეთში სოფლის მასწავლებელს, მალვინა სირბილაძესაც ვესაუბრეთ. ის წლებია სკოლაში ისტორიას ასწავლის და წელსაც USAID-ის გრანტი მოიპოვა კვლევებისთვის.
მისი აზრით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ამ მიზნისთვის საზოგადოებამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს.
„ვერ წარმომიდგენია, საქართველოში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც არ უნდა ევროპა და განვითარება. რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპას, მით უფრო მაღალი იქნება განათლების დონე, განვითარება.
ახლა ჩვენ მოგვეცა ამის რეალური შანსი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ვფიქრობ, რუსეთი ისევ აფერხებს ჩვენს ურთიერთობას ევროპასთან. აგენტების კანონიც იმიტომ გაიტანა „ოცნებამ“, რომ მათ ხელისუფლებას აძლიერებს. ამით მან ოპოზიცია ჩამოიშორა.
როცა ოპოზიცია არსებობს, ხელისუფლების და ოპოზიციის ჭიდილში იბადება საღი აზრი და თუკი მთავრობამ მოინდობა ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, ამას ოპოზიცია აფერხებს.
თუკი ქვეყანაში არ იქნება კრიტიკული მედია, მაშინ მთავრობა იქნება თავისუფლად და არხეინად. ეს ხელს უშლის უკვე განსხვავებული აზრის განვითარებას და არ არის კარგი“, – მიაჩნია მალვინა სირბილაძე.
ის შიშობს, რომ თუ ახლა ევროპასთან დაახლოების შანსი ხელიდან გავუშვით, გავხდებით რუსეთის ნაწილი. „ისე ვიქნებით, როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს“, – ამბობს მალვინა, თუმცა დარწმუნებულია, რომ თუ ხალხმა მოინდომა, ხალხის წინააღმდეგ ვერცერთი მთავრობა ვერ წავა.
„იმპერატორებიც კი, ხალხის გარეშე ვერავითარ ძალაუფლებას ვერ ფლობდნენ და მით უმეტეს დღეს, დემოკრატიის პირობებში ხელისუფლება ვერ იქნება ხალხის გარეშე“, – ამბობს მალვინა.
მის თქმით, საზოგადოების ნაწილს სჯერა საკუთარი ძალის, თუმცა არსებობს ნაწილი, ვისთვისაც მთავარი პირადი კომფორტია.
„ზოგი ფიქრობს, – მე რას უნდა გავხდე, ჩემი ერთი ხმა რას შეცვლის. ნაწილი ფიქრობს, – მე ვიყო კარგად და დანარჩენი რა ჩემი საქმეა. მაგრამ მთავარი სახელმწიფოებრივი აზროვნებაა, რადგან თუ შენი ქვეყანა არ არის კარგად და არ დგას სწორ გზაზე, მაშინ ყველა ადამიანისთვის ცუდია ეს.
მეც სხვებთან ერთად ვიბრძოლებ ასეთი მთავრობის წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო და საკუთარი თავის მოგებისთვის ქვეყანას გაწირავს.
ხალხი, საზოგადოება ისეთი რამეა, არ დათმობს თავისუფლებას. რაც მის ცხოვრებას წინ წაიყვანს, იმას არ დათმობს. სულ ხომ ბიძინა ივანიშვილი არ იქნება… ვერავინ დააზიანებს ქვეყანას და ხალხს წინ ვერავინ დაუდგება.
არჩევნებმა უნდა მოიტანოს სიახლე. ჩემი აზრით, ის არის მნიშვნელოვანი, ვინ რა სიახლეს მოიტანს. ბევრი რამეა შესაცვლელი, თუნდაც ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს ბიზნეს კეთების საშუალება.
ადამიანები ქალაქში იმიტომ ცდილობენ გადასვლას, რომ აქ, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მხოლოდ სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, ვერც სახლს აიშენებს, ვერც შვილებს ასწავლის. წელს მაგალითად პირველკლასელი არ გვყავს“, – ამბობს მალვინა.
ევროპული კურსის მომხრეა მარინე ნაგერვაძეც. მისი თქმით, ევროპული სტანდარტები გააუმჯობესებს ყველა სფეროში ხარისხს და ცხოვრების დონეს.
„ვიყავით საბჭოთა კავშირში, მაგრამ ვერ განვითარდა ქვეყანა. დაიშალა თავისით, რადგან იძულებით შექმნილი და ასეთი ჩაკეტილობით ვერაფერს მიაღწევ.
მაგაზე ძლიერი იმპერიები იყო, ბიზანტიის იმპერია დღემდე გაოცებას იწვევს, მაგრამ დაიშალა, რადგან იმპერიის პოლიტიკამ არ გაამართლა.
არჩევნებზე საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს, ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს. მე მაქვს იმედი, რომ გაიმარჯვებს. ხალხს ვეღარ მოატყუებენ, სისულელეა ის, რასაც აკეთებენ. ჩვენ ევროპის გარეშე არაფერი გამოგვივა და ეს გვაჩვენა წლებმა და დაკვირვებამ.
ბევრი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს ვიღაც აკეთებს. ვიღაც არა, ევროკავშირი აგებს გზებს, მოჰყავს წყალი, აფინანსებს სხვადასხვა პროექტს. ბევრი რამ არ მოდის ხალხამდე, თორემ უფრო მეტი იქნებოდა. ამიტომ საღად მოაზროვნე, პატრიოტი პოლიტიკოსები გვჭირდება, რომ ბოლოს და ბოლოს, 30 წელი ციყვივით ერთ ადგილზე არ ვიბრუნოთ.
ხელების გადაგრეხის და ძალის პოლიტიკა უნდა დასრულდეს. ასე არც დემოკრატია გვექნება, არც ეკონომიკა, ვერც დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. ამას მხოლოდ ევროკავშირში შესვლით მოვახერხებთ“, – ამბობს მარინე ნაგერვაძე.
ალიოშა კახიძეც მიიჩნევს, რომ ხალხს სურს ევროკავშირში ცხოვრება და მის ნებას ვერცერთი ხელისუფლება ვერ გადავა.
„ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, ეს ჩვენი გადასაწყვეტია, რომელია უკეთესი. ხედვა ერთია, ერი წყვეტს მომავლის ბედს. დრონი მეფობენ და არა მეფენი. მთავრობა ხალხის მსახურია. მეფეები დროს აჩერებენ დროებით, მაგრამ ისტორიას წერს დრო.
ჩუსტებით მოსული ხალხი, რომ რეზიდენციებს აიშენებს, ჭკვიანი ჯდება კუთხეში და სათავეში იქნება მგელი“, – ამბობს ალიოშა კახიძე.
მისი თქმით, დღეს აგიტაცია-პროპაგანდა არავის სჭირდება, რადგან არ არის ინფორმაციის ნაკლებობა. „ხალხი მსოფლიოს იკვლევს ტელეფონით და დღესაც თუ არჩევანი ვერ უნდა გააკეთო, ის ქვეყანა იმ დღიდან ჩაძირულია.
ბოლო წლებმა მაინც დაგვანახა, რომ ევროპული კურსი უკეთესია. რა ვიყავით 20 წლის წინ და რა ვართ ახლა. რუსეთს კი აქვს მცდელობა, მაგრამ ჩვენ გონება სად გვაქვს?
ყველაფერი ვაკეთეთ ჩვენ, ვჭარით ის ტოტი, რომელზეც ვიჯექით. ამიტომ, თუ ევროპული სვლით არ ვიარეთ, ეს ქვეყანას ცუდად წაადგება, შეიძლება რუკიდანაც კი გავქრეთ“, – ამბობს ალიოშა კახიძე.
რევაზ კახიძის აზრით კი, „ოცნება“ ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, თუმცა ეს არ გამოვა.
„როგორც ფიქრობენ, ისე არ აკეთებენ. ევროპაში მივდივართო ამბობენ და აზიისკენ მიდიან. შეიძლება ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ეს პროცესი დაამუხრუჭოს, თორემ ჩვენი გზა არის ევროპისკენ, სხვა გზა არ გვაქვს.
კი, მეზობელ ქვეყნებთან კარგად უნდა ვიყოთ, მაგრამ ის, რაც კარგია და რაც ყველას უნდა, ჩვენც იმის მომხრე ვართ. ძალა არის ხალხი, რასაც იტყვის, ისე იქნება“, – ამბობს რევაზ კახიძე.
მისი აზრით, ხელისუფლება შეეცდება მოისყიდოს ადამიანები, თუნდაც 300-ლარიანი „სამსახურებით“, მაგრამ ალბათ ვერც ამით მიაღწევს მიზანს.
„ეს არჩევნები არის გადამწყვეტი, ამიტომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა“, – ამბობს ის.
„ჩემი შვილი მოგზაურობს, მიდის-მოდის, ამიტომ ევროპის კარი არ უნდა დაიხუროს. ეს ჩვენს ეკონომიკაზეც ცუდად აისახება.
აგერ იაპონიის მთავრობის დახმარებით მზის პანელები დაგვიმონტაჟეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სოფელში ასეთი პირობები გვექნებოდა. ძალიან ბევრი კარგი პროექტი გვაქვს, რომლითაც გლეხი სარგებლობს და მადლიერი ვართ ნამდვილად.
თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება გაგვიჩერდეს. ჩვენ ვიყავით რუსეთთან და ვიცით, რაც არის. ამიტომ ევროკავშირთან გვირჩევნია ყოფნა“, – ამბობს ლელა გვიანიძე.
მელანო ქობულაძე ცხრა წელია გერმანიაში ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს, თუმცა ახლახან სოფელში ტურისტული ბიზნესი წამოიწყო. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებამ ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანები ნაკლებად ტოვებენ სოფელს და ტურისტების ნაკადიც იზრდება.
თუმცა მელანო მიიჩნევს, რომ საჭიროა ცხოვრების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, რომ ახალგაზრდები ემიგრაციიდან დაბრუნდნენ.
„ვფიქრობ, რაღაც ოქროს შუალედი მაინც გამოინახება იმისთვის, რომ სწორი კურსით განვვითარდეთ. თუ აგენტების კანონი სავალალო შედეგებს მოიტანს, რასაც ველოდებით კიდეც, ჩვენ მეამბოხე ხალხი ვართ და ვფიქრობ არ შევურიგდებით ამ რეალობას.
ჩემი, როგორც მოქალაქის მოვალეობაა, მივიდე არჩევნებზე და მივალ აუცილებლად, დავაფიქსირებ ჩემს ხმას, ამიტომ ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე“, – ამბობს მელანო.
არჩევნებზე წასვლას ზურაბ პაპუნიძეც აპირებს. მისი აზრით, კარგია ის, რომ ბოლო წლებში ე.წ „ჩადებები“ აღარ არის და ადამიანების დაკავებაზე აღარ სმენია, თუმცა ტერორისტის გვერდით დგომას არავის უსურვებს.
„ტერორისტის გვერდით არასდროს ვისურვებდი დგომას, თუნდაც ჩემი მტერი იყოს. საერთოდ კი, ევროკავშირი კი არა, ყველასთან უნდა ვიყოთ კარგად“, – ამბობს პაპუნიძე.
განსხვავებული აზრი აქვს მერაბ ძნელაძეს, რომელიც ფიქრობ, რომ მთავარია „რუსეთი არ გაღიზიანდეს“.
„ჩვენი განვითარებით რუსეთს ხელი ეშლება. რომელი ქვეყნებიც დაკარგა, ყველგან შევიდა ნატოს ჯარი. ამიტომ რუსეთი ღიზიანდება“, – გვეუბნება ის.
მას ვკითხეთ, რა არის მთავარი, რა უნდა ქართველ ხალხს, თუ რა სურს რუსეთს?
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ნატო, მაგრამ სიკვდილს სიღარიბე ვარჩიეო, ხომ გსმენიათ? მაშინ ომი გარდაუვალია. „მე ვამბობ, რომ ნეიტრალური ვიყოთ“, – ამბობს მერაბ ძნელაძე.
მერაბ ძნელაძის აზრით, „რადგან რუსეთი ძლიერია, ამიტომ ასე სჯობს.“