პროკრემლისტური პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, მამუკა ფიფიამ, 4 აგვისტოს, ქალაქ თელავიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა რუსულ ენაზე, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, გააერთიანონ რუსეთი და საქართველო დასავლეთთან ბრძოლაში, რომელსაც, მისი თქმით, „რუსული ცივილიზაციის განადგურება სურს“.
ამ მიმართვაში ფიფია იმეორებს საქართველოს მთავრობის დეზინფორმაციასაც, რომ დასავლეთი „ცდილობს ომის უფსკრულში გადაჩეხოს საქართველო“.
მამუკა ფიფია ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენია, რომელიც რუსული პროპაგანდისტული მედია გადაცემების ხშირი სტუმარია. მას, როგორც წესი, საქართველოსთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მესიჯების გასაჟღერებლად იწვევენ.
ფიფია ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან არამხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების სწრაფად აღდგენის მიზნით, არამედ სამხედრო-პოლიტიკური სივრცის შესაქმნელადაც. „სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ შევქმნათ საერთო სივრცე ყველა გაგებით. საერთო ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო, სამხედრო-პოლიტიკური სივრცე“, – თქვა ფიფიამ მიმართვაში.
ფიფიამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ მიმართვას ავრცელებენ გეორგიევსკის ტრაქტატის მორიგ წლისთავზე, ერეკლე II-ის მშობლიურ ქალაქ თელავიდან:
„პატივცემულო რუსეთის პრეზიდენტო და პატივცემულო საქართველოს პრემიერ-მინისტრო, დღეს, 4 აგვისტოს, გეორგიევსკის ტრაქტატის მორიგ წლისთავზე, ჩვენ პოლიტიკური პლატფორმა „სოლიდარობა მშვიდობისთვის” მოგმართავთ ქართული ქალაქი თელავიდან, ერეკლე მეორეს მშობლიური ქალაქიდან”.
ფიფიამ თქვა, რომ საქართველომ „საიმედო დაცვა დესტრუქციული გარე აგრესიისგან“ რუსეთისგან უნდა მიიღოს.
„რუსეთს აიძულეს გადამწყვეტი დაპირისპირება გაერთიანებულ დასავლეთთან, რომელმაც გადაწყვიტა რუსული ცივილიზაციის განადგურება. დასავლეთი ცდილობს ომის უფსკრულში გადააგდოს საქართველოც.
…საქართველომ და რუსეთმა უნდა დაძლიონ უთანხმოება და გაერთიანდნენ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე… სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ შევქმნათ საერთო სივრცე ყველა გაგებით – საერთო ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო, სამხედრო-პოლიტიკური სივრცე. ამის გარეშე შეუძლებელია გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის პირობების უზრუნველყოფა“, – თქვა ფიფიამ.
ფიფიას არ გამორჩენია საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები და რუსული პროპაგანდის უცვლელი მესიჯი, გარე ძალების მიერ დაგეგმილი გადატრიალების შესახებ.
„მივმართავთ ორი ქვეყნის ხელისუფლებას, დაიწყონ პირობების მომზადება კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენისთვის, მოსკოვსა და თბილისს შორის სტრატეგიული ალიანსის სწრაფად აღდგენის პერსპექტივით. დროა აღვადგინოთ უსაფრთხოების საერთო სივრცე“, – თქვა მან მიმართვის ბოლოს.
ფიფიას არ უხსენებია აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
ზუსტად ორ დღეში, 2024 წლის 7 აგვისტოს, 16 წელი სრულდება აგვისტოს ომიდან.
___
ამავე თემაზე: