მთავარი,სიახლეები

პირველი კადიროვის ბატალიონი შემოვიდა – რას იხსენებს აგვისტოს ომზე უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე

06.08.2024 •
პირველი კადიროვის ბატალიონი შემოვიდა – რას იხსენებს აგვისტოს ომზე უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე

„საზოგადოებამ, რომელიც დღეს ელარჯს წელავს, რესტორნის კარები უნდა დაუკეტოს რუსებს. უნდა შეიგნოს, რომ რუსი მტერია და შეუქმნას მას დისკომფორტი“, – ამბობს უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე. მას „ბათუმელები“ აგვისტოს ომსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა.

  • ბატონო ვანო, როგორც ვიცით, თქვენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახელმწიფო დაზვერვაში მუშაობდით. რუსეთი ცდილობს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო შემოგვაჩეჩოს, ამიტომ მინდა გკითხოთ, რა ხდებოდა, მაგალითად, 7 აგვისტოს და რეალურად როდის დაიწყო ომი, თქვენი შეფასებით?

ომი არც 8 აგვისტოს დაწყებულა და არც 7 აგვისტოს. ომი უფრო ადრე დაიწყო, როცა რუსებმა ჩვენი ჯარისკაცების მანქანა დაცხრილეს და მსხვერპლი იყო, როცა სოფლებს პროვოკაციულად ესროდნენ, ეს უკვე ომის დაწყების ნიშანი იყო.

მაინცადამაინც 7-8 აგვისტოზე რომ აქვთ გამახვილებული ყურადღება, ეს მაღიზიანებს.

  • რა ხდებოდა, მაგალითად, 7 აგვისტოს და სად იყავით თქვენ იმ დროს?

ზემო ნიქოზზე გადავდიოდით და იქ უკვე შეინიშნებოდა რუსების მოძრაობები. ბატალიონი „ვასტოკი“ იყო, რომელიც ჩეჩნებით იყო ძირითადად დაკომპლექტებული, კადიროვის ბატალიონი იყო, პირველი ვინც შემოვიდა. მანამდე იყო რამდენიმე დივერსიული სპეცრაზმი, რომელიც  თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმებმა გაანადგურეს.

ამიტომ 8 აგვისტოს ომის დაწყების ნარატივი, რა თქმა უნდა, რუსებს აწყობდა, შემდეგ ეს აიტაცა „ქართულმა ოცნებამ“ და დღევანდელ პრეზიდენტს ვიღაც კი აქებს, მაგრამ მე არასდროს არ შევაქებ, რომელიც წლების განმავლობაში გაიძახოდა, რომ საქართველომ დაიწყო ომიო.

საქართველოს არ დაუწყია ომი, ეს იყო წინასწარ გათვლილი ოპერაცია და არა ერთი და ორი დღის. რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის.

  • 16 წელი გავიდა ამ ომიდან, ამიტომ გვაინტერესებს თქვენი, როგორც სამხედრო პირის შეფასება, რა იყო ეს ომი და ფიქრობდით თუ არა, რომ წლების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა უკრაინაში მოგიწევდათ?

რა თქმა უნდა, არ ვფიქრობდი, რომ უკრაინაში ვიბრძოლებდი ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მაგრამ თავის დროზე, როცა უკრაინელები იბრძოდნენ საქართველოში, მაშინ ამბობდნენ უკრაინელები, რომ თუ აქ დღეს ჩვენს ინტერესებს არ დავიცავთ, ხვალ მოგვიწევს ჩვენი თავის დაცვაო.

სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დღეს უკრაინაში ვინც ვიბრძვით და ის ბიჭები, ვინც დაგვეღუპნენ, სხვა რაღაცის გამო იბრძოდნენ, ძალიან ცდებიან, რადგან აქ არის ჩვენი სამშობლოს ინტერესი.

წარმოიდგინეთ, დღეს რომ უკრაინისთვის გადაევლო რუსეთს, რა იქნებოდა ჩვენს პატარა საქართველოში, რომელიც ოდესის ოლქისხელაც არ არის.

  • ალბათ იცით, რომ საქართველოში, თქვენს თანამებრძოლებს სუს-ში იბარებენ ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. რაზე მეტყველებს ეს, თქვენი შეფასებით?

ჩემი აზრით, ეს ივანიშვილის წინასაარჩევნო პოპულიზმია. ტრამპი რომ ვიღაცამ დაჭრა და დაიწყეს ლაპარაკი, რეიტინგი აეწიაო, ალბათ ამათაც იფიქრეს, რომ რეიტინგი აეწეოდათ და ჯერ კობახიძეზე დაიწყეს, ვიღაც  ემუქრებაო, მერე ივანიშვილზე, უფრო რეიტინგული იქნებაო…

ეს იყო გათვლა თავიანთ ამომრჩეველზე, რომ უკრაინაში მებრძოლებისგან მტრის ხატი შეექმნათ და მეორე. იმ პერიოდში, როცა ჩვენი ბიჭების დაბარება დაიწყეს სუს-ში, რუსული მედია აწიოკდა, რომ აი, უკრაინაში მებრძოლებს საქართველოს მთავრობა რეპრესიებს უწყობს და აქებდა ამის გამო.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც პრორუსია და მას მოეწონება ქართველი მებრძოლების დასჯა?

როცა ქვეყანაში მიღებულია რუსული კანონი, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დადის ირანში და ჰამასის ლიდერის გვერდით დგას, რომელიც მოკლეს და აი, ამ პარტიას და ამ ხელისუფლებას ადამიანი მხარს დაუჭერს არჩევნებში, რა თქმა უნდა, არის პრორუსი.

თუმცა საქართველოში ყოველთვის არსებობდა საზოგადოების ნაწილი, რომელიც იბრძოდა რუსიფიკაციის წინააღმდეგ და იბრძვის დღესაც.

მახსოვს, 78 წელს, გაგანია კომუნისტური რეჟიმის დროსაც, რამდენი სტუდენტი იბრძოდა ენის დასაცავად. ყოველთვის იყო საქართველოში დისიდენტური მოძრაობა, ანტირუსული განწყობა და რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა მიდის 200 წელია.

სამწუხაროდ, რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩნდებიან ორჯონიკიძეები, ფილიპე მახარაძეები, ივანიშვილები, რომლებიც აღმოჩნდებიან ხოლმე ხელისუფლების სათავეში და ამ რუსიფიკაციის დამარცხებას ყოველთვის აფერხებენ.

  • როცა უყურებთ ანწუხელიძის წამების კადრებს, იმ გმირების სახელებს, ვინც შეეწირა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, შემდეგ კი გესმით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელების შეფასებები „მშვიდობაზე“, რა განცდა გიჩნდებათ, როგორ გამოიყურება ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ამ პოლიტიკის ფონზე?

ქართული ჯარი არ ჩანს საერთოდ საზოგადოებაში. გახსოვთ ალბათ ის პერიოდი, ქართველ ჯარისკაცს რომ გაევლო ქუჩაში, როგორი სიამაყით ხვდებოდნენ. დღეს კი ჩანს მხოლოდ პოლიტიკური პოლიცია, რომელიც ივანიშვილს ემსახურება.

მე ისიც არ ვიცი, ღმერთმა დაგვიფაროს და რაღაც რომ დაიწყოს საქართველოს წინააღმდეგ, რა შესაძლებლობა აქვს ქართულ ჯარს, მტერი რომ მოიგერიოს. 2012 წლის შემდეგ ქართულ ჯარზე საერთოდ აღარაფერი არ ისმის.

ამერიკელებთან წვრთნებს რომ ჩაშლი, დახმარების პროექტებს რომ ჩაშლი, იქ უკვე დამთავრებულია ჩვენი ჯარის განვითარების საკითხი.

  • რა გვასწავლა თქვენი აზრით აგვისტოს ომმა?

დიდი ვერაფერი, სამწუხაროდ.

ერთი პერიოდი იყო განწყობა, რომ რუსი ჩვენი მტერია, მაგრამ როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება და ღიად რუსული ხელისუფლება მოვიდა საქართველოში, საზოგადოების აზრიც შეიცვალა, რადგან ამ ყველაფრის ფონზე, როცა ჯერ კიდევ ვუწელავთ რუს „ტურისტებს“ ელარჯს ბათუმში თუ სხვა რეგიონებში, ამით სულში ვაფურთხებთ იმ გმირებს, ანწუხელიძეს და სხვებს, აი. მაშინ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამთავრებულია.

ამ ხელისუფლებამ ისეთ მარწუხებში მოაქცია ხალხის ნაწილი, რომ დეგრადირდა. როცა შენი წარსული აღარ გახსოვს, შენი მომავალი აღარ გახსოვს და მტერს ელოლიავები.

გასაგებია, რომ ხელისუფლება რუსულია, მაგრამ როცა საზოგადოება ამას ეგუება, ის დეგრადირებულია. ვერ ვხედავ, რომ დღეს რუსებს დისკომფორტი ექმნებათ საქართველოში.

  • ვერ ვიტყვით, რომ ბევრი ეგუება. თვეები იდგა ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში…

გავრილოვის ღამე ხომ იყო, ხომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში? დამთავრდა ის პროცესი. რუსულ კანონზე ხომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში, ახლა სად არის ეს ხალხი? დამთავრდა ეს პროცესიც.

ოპოზიციას კი არ აქვს ბრძოლის უნარი. ჩაახშეს ახალგაზრდული მოძრაობაც, რადგან ბრძოლა არ უნდოდათ ქუჩაში.

რუსულმა ხელისუფლებამ კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი სამომავლო პერსპექტივა შეეჩერებინა. ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება და ყველაზე მთავარი, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დაესუსტებინა.

გამოსავალი არის რუსეთის დასუსტება. იმიტომ იღვრება აქ ქართველი მებრძოლების სისხლი. მათ ესმით, რომ ეს ყველაფერი კეთდება სამშობლოსთვის. ამიტომ უკრაინის გამარჯვების ფაქტორი არის ძალიან დიდი.

შეიძლება ვიღაცას ოქტომბერში არჩევნების იმედი აქვს, მაგრამ მე, პირადად, არ მჯერა ამ არჩევნების და საერთოდ არ მჯერა, რომ სამართლიანი არჩევები ჩატარდება.

ჩემი აზრით, გამოსავალი არის რუსეთის დასუსტება, უკრაინის გამარჯვება და ის, რომ საზოგადოების, რომელიც დღეს ელარჯს წელავს, რესტორნის კარები უნდა დაუკეტოს რუსებს.

მოსახლეობამ უნდა შეიგნოს, რომ რუსი არის მტერი, შეუქმნას მას დისკომფორტი და რუსები თვითონ წავლენ. მაგრამ ხელგაშლილი ხვდება საზოგადოება და რომელ გამარჯვებაზე გინდა ილაპარაკო.

  • რადგან უკრაინაში ხართ, მინდა გკითხოთ ბრძოლის პროცესზე. როგორც ვიცით, უკრაინამ F-16 საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია მიიღო, რას შეცვლის ეს, რა მოლოდინები გაქვთ?

სახარბიელო არაფერია. სამწუხაროდ, მაგრამ ეს ახალი დახმარება, ვფიქრობ პროცესებს წინ წასწევს. 72 თვითმფრინავი უნდა მივიღოთ კიდევ და ალბათ შემოვა ეტაპობრივად.

  • მას შემდეგ, რაც ტრამპი გააქტიურდა აშშ-ში, „ქართული ოცნების“ მხრიდან ხშირად გვესმის განცხადებები, რომ ომი მალე დასრულდება უკრაინაში. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში კი, შესაძლოა იანვარშიც კი დასრულდეს ომიო, თქვენ რა განცდა გაქვთ?

მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ მოვა აშშ-ში, დემოკრატები თუ რესპუბლიკელები, მეც მაქვს განცდა, რომ ახალ წლამდე მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა.

  • ეს მოლაპარაკება რას გულისხმობს თავის არსში, რაზე უნდა მოილაპარაკონ?

დონეცკის და ლუგანსკის ოლქები იქნება ალბათ მოლაპარაკების საგანი. ეს ტერიტორიები უკრაინის მიწაა, მაგრამ მოსახლეობა უფრო რუსულია და ყოველთვის იყო პრორუსულად განწყობილი. ვფიქრობ, დათმობენ კიდევაც.

  • ამ ტერიტორიების გარდა რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს უკრაინა ან რუსეთი?

ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქს უკრაინა არც ერთ შემთხვევაში არ დათმობს.

პუტინი ცდილობს ისეთი ტერიტორიები აიღოს, სავაჭრო თემა რომ ჰქონდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

  • თუ ასეთი შედეგით დასრულდება ომი, ნიშნავს ეს უკრაინის დამარცხებას?

ვფიქრობ, კი.

ვფიქრობ, უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკებები. ამდენი ხალხი დაიხოცა და არა მგონია მოსახლეობამ ეს მოლაპარაკებები მიიღოს.

თუმცა, მე პოლიტიკოსი არ ვარ და რა მოხდება შემდეგ, ვერ შევაფასებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: