მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 26 აგვისტოს იწყება და ამას კანონდარღვევად ვერ შევაფასებთ, გარკვეული პროექტები და პროგრამები, რომლებსაც „ოცნების“ ხელისუფლება სთავაზობს ამომრჩეველს, საარჩევნოდ მოტივირებული და პრობლემურია: მათ შორის უნდა განვიხილოთ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაც – ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ოცნების“ ახალ პროგრამას, რომელიც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს.
სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირების შემოდგომაზე დაწყების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე, 2024 წლის მარტში განაცხადა. სხდომის შემდეგ კი განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განმარტა, რომ პროგრამის სამზადისის პროცესში საჯარო უწყებებიდან სტატისტიკა გამოითხოვეს და „კარგი ციფრები მიიღეს“: გამოარკვიეს, რომ საჯარო უწყებებს, ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე სტუდენტის მიღება შეუძლიათ.
საჯარო უწყებებმა ანაზღაურებადი სტაჟირების დაწყების შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნეს. სტაჟიორებს ეძებენ, როგორც სამინისტროები, მერიები და საკრებულოები, ასევე მათზე დაქვემდებარებული ორგანიზაციები.
მათ შორის ზოგი ძალიან მონდომებულია და ერთ სამსახურში 7 სტაჟიორის აყვანასაც კი გეგმავს. მითითებულ ვადებს თუ დავაკვირდებით, სტაჟიორების უმეტესობა, რომლებსაც შეარჩევენ, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შერჩეულია, არჩევნების წინ მიიღებს. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს კი, სამთავრობო უწყების მოქმედი სტაჟიორი იქნება.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რამდენიმე ასეული კონკურსის ფარგლებში განცხადებების მიღება 8 აგვისტოს უნდა დასრულდეს. შემდეგ, კონკურსი განცხადებების გადარჩევას და შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ითვალისწინებს. უწყებებმა ძალიანაც რომ მოინდომონ და უჩვეულო ოპერატიულობა გამოიჩინონ, ეს პროცესი დიდი ალბათობით ოქტომბრამდე გაგრძელდება.
კონკურის მიხედვით, რეგიონულ უწყებებში სტაჟირება 4 თვიანია, ხოლო ანაზღაურება 399 ლარი. ცენტრალურ უწყებებში კი სტაჟიორობის მსურველს 598 ლარს შესთავაზებენ. საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების გამოკლებით რეგიონულ უწყებაში სტაჟიორი ხელზე 306 ლარს მიღებს თვეში, ცენტრალურ უწყებაში კი – 459 ლარს.
შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებს 1500 სტუდენტის 4 თვიანი სტაჟირების დასაფინანსებლად რეგიონში 2 მილიონ ლარზე მეტი დასჭირდებათ. ცენტრალურ უწყებაში 1500 სტაჟიორის 4 თვიანი სტაჟირების ასანაზღაურებლად კი 3 მილიონ 570 000 ლარი იქნება საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ 3000-მდე სტაჟიორი ანაზღაურებად სტაჟირებას წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყებს და არჩევნების დღისთვის უკვე მოქმედი სტაჟიორი იქნება, იურისტები მაინც ერიდებიან ამ პროცესის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეფასებას, რადგან საარჩევნო კოდექსი შეზღუდვას არჩევნებამდე 2 თვით – ამ შემთხვევაში 26 აგვისტოდან აწესებს.
„არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა, არაოფიციალური კამპანია უკვე დაწყებულია, რადგან მთავრობისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ მოხდა არაერთი პროექტის ინიციირება. სტაჟირების პროგრამა კი განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ კუთხით, რომ არაოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდში ხდება გარკვეული ჯგუფებისთვის მისი შეთავაზება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტაჟირება ანაზღაურებადია.
სამართლებრივი კუთხით რომ შევაფასოთ, კამპანია ოფიციალურად არ არის დაწყებული. შესაბამისად, არ არის ამოქმედებული შეზღუდვები, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას, როდესაც სახელმწიფო ცდილობს იმგვარი პროექტებისა და პროგრამების მიღებას, რომელიც ამომრჩევლის ნებაზე გავლენას მოახდენს“, – განმარტავს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი თათია ქინქლაძე.
საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული „წამმზომი ჯერ ჩართული არ არის“, თუმცა ამომრჩევლის გულის მოსაგები პროექტები დაანონსებული და დაფინანსებულია. იურისტი ამ პროექტებს „საარჩევნოდ მოტივირებულს და პრობლემურს უწოდებს“.
„არაოფიციალურად კამპანია მიმდინარეობს და ეს გარკვეული ფორმით წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებას. ჩვენ ანგარიშშიც გვქონდა არაერთი პროექტისა თუ პროგრამის შესახებ, რომელიც საარჩევნოდ იყო მოტივირებული. რაც შეეხება ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდს, ეს დაიწყება 26 აგვისტოდან და მაშინ უკვე პასუხისმგებლობის ზომებიც გათვალისწინებულია.
აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სისტემური პოლიტიკა, როგორ განხორციელდეს სოციალური პროგრამები – სოციალური დახმარების გაცემა. მაგრამ როდესაც წინასაარჩევნო პერიოდი ახლოვდება და ვუყურებთ, რომ მსგავსი პროგრამები, პროექტები აქტიურდება და იზრდება, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ ეს საარჩევნოდ მოტივირებული და პრობლემურია. ხელისუფლებას აქვს არგუმენტი, რომ ფორმალურად კანონი არ დაურღვევია, თუმცა ეს პროექტები არის საარჩევნოდ მოტივირებული“, – ამბობს თათია ქინქლაძე.
საქართველოს იურისტთა ასოციაციაც [საია] წლებია აკვირდება, როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასვე საარჩევნო პროცესს. საიას იურისტის, ნიკა ოდიკაძის შეფასებით, ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ ცუდ პრაქტიკას, რაც კანონდარღვევა არ არის, თუმცა ზრდის ალბათობას, რომ ახლად დასაქმებულმა პირმა, სტაჟიორმა მადლიერება დამსაქმებლის მიმართ საარჩევნო ურნასთან გამოხატოს:
„ჩვენ ჯერ ვერ ვისაუბრებთ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე, თავისთავად არც სტაჟირების წინააღმდეგი ვართ – თავი რომ დავანებოთ საარჩევნო კონტექსტს, ამაში შეიძლება ცუდი არაფერია. თუმცა, ზოგადი ტენდენციის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის მიერ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების დაინიიცირება-განხორციელებას ჩვენ მივაკუთვნებთ ცუდი პრაქტიკის მაგალითს.
არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება ხელისუფლების მხრიდან ზრდის იმის ალბათობას, რომ ახლად დასაქმებულმა პირმა მმართველი პარტიის მიმართ მადლიერება გამოხატოს საარჩევნო ურნასთან. ეს არის ძალიან ცუდი მაგალითი საერთო კონტექსტი გათვალისწინებით.
ამგვარი ინიციატივები ეწინააღმდეგება კოპენჰაგენის დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაიცვან ზღვარი სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს უნდა იყოს გამიჯნული. ცხადია, სახელმწიფო ვერ შეაჩერებს ფუნქციონირებას და რაღაც ტიპის სოციალური პროექტები იქნება, თუმცა ჩვენ ახლა ნამდვილად თვალს ვადევნებთ ტენდენციას, როდესაც საარჩევნო წლის და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ვიხილეთ არაერთი პროექტი, რომელიც პირდაპირ გათვლილია ამომრჩევლის გულის მოგებაზე – ეს იქნება ამნისტიის საკითხები, ვალების ჩამოწერა და ასე შემდეგ. სტაჟირების ამ პროგრამასაც ჩვენ ამ კონტექსტში განიხილება და ვთვლით, რომ სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ამ ტიპის გადაწყვეტილებებისგან.“
11 მარტს, როცა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბრიფინგზე ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ დააანონსა, თქვა ისიც, რომ მთავრობა მოლაპარაკებებს კერძო სექტორთანაც აწარმოებს ახალგაზრდების დასაქმების მიზნით. ჯერჯერობით უცნობია, რომელმა ბიზნესმენებმა გამოთქვა პროგრამაში ჩართვის სურვილი.