ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის სოფლები, სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემას ააშენებენ – დაიხარჯება 37 მილიონი ევრო

17.12.2020 • 3074
აჭარის სოფლები, სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემას ააშენებენ – დაიხარჯება 37 მილიონი ევრო

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად 37 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯება. ამ დასახლებებისთვის შესაბამისი პროექტები უკვე მზადაა და მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, არსებული გეგმით, 2021 წლის აგვისტოში ტენდერი დასრულებული უნდა იყოს და ამავე წლის შემოდგომაზე მშენებლობაც უნდა დაიწყოს.

წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა, ამავე გეგმით მაქსიმუმ 2024 წელში უნდა დასრულდეს.

დაბები და სოფლები სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემა უნდა მოეწყოს

ხულოს მუნიციპალიტეტში [1 571 ოჯახი]:

  • დაბა ხულო
  • ქვემო ვაშლოვანი
  • ოქრუაშვილები
  • დუაძეები
  • განახლება
  • დეკანაშვილები
  • ზემო დეკანაშვილები
  • თხილაძირი
  • ძირკვაძეები
  • დიოკნისი
  • გურძაული
  • ძმაგულა

შუახევის მუნიციპალიტეტში [1 328 ოჯახი]:

  • დაბა შუახევი
  • გომარდული
  • ღორექეთი
  • წანკალაური
  • სხეფი
  • სხეფელა
  • თერნალი
  • ბარათაული
  • ბრილი
  • ზემო ხევი
  • ჭალა
  • წყაროთა
  • ვარჯანაული
  • ჟანივრი
  • კრიახიძეები
  • გოგაძეები
  • ტბეთი

ქედის მუნიციპალიტეტში [852 ოჯახი]:

  • დაბა ქედა
  • ტიბეთა
  • ვაიო
  • ზედა აქუცა
  • ქვედა აქუცა
  • მილისი
  • უჩხითი
  • ქოსოფელი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში [1 123 ოჯახი]:

  • ზედა ერგე
  • ქვედა ერგე
  • ზედა ჯოჭო
  • ქვედა ჯოჭო
  • კირნათი
  • კობალეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში [955 ოჯახი]:

  • ცეცხლაური
  • ოჩხამური
  • ჯიხანჯური
  • მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება
  • ქვედა კვირიკე

აღნიშნულ დასახლებებში წყლისა და კანალიზაციის [გამწმენდი ნაგებობებისა თუ სეპტიკური ორმოების ჩათვლით] აშენებაში 37 842 332 ევრო უნდა დაიხარჯოს. სამუშაოები 5 ლოტადაა დაყოფილი და 2 ტენდერი გამოცხადდება.

ამ თანხაში არ შედის თანმხლები ღონისძიებების [ოფისები, ლაბორატორია, აღჭურვილობა], მასალებისა და უცხოელი კონსულტანტების მომსახურება; ასევე ის თანხა, რომელიც პარალელურად საქართველოს ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთია დაფინანსებული. აქედან 40 მილიონი ევრო არის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] სესხი, 3 მილიონი ევრო – ამავე ბანკის გრანტი, ხოლო 7 მილიონი ევრო – ევროკავშირის გრანტი. დამატებით 9 მილიონი ევრო დაიფარება საქართველოს ბიუჯეტიდან დღგ-სა თუ სხვა გადასახდელების დასაფარად.

„ყველაფერი კეთდება და გაკეთდება ევროსტანდარტების დონეზე. მიზანი არის ის, რომ წყალარინების სისტემებიდან საბოლოოდ გაწმენდილი წყლის ჩაშვება მოხდეს. ეს არის პროექტის პირველი ფაზა. რაც შეეხება აჭარის დანარჩენ სოფლებს, ეს შეგვიძლია განვიხილოთ მეორე ფაზაში, თუ, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი დაფინანსება. დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა კი ჩვენს ძალებს აღემატება. ეს სახელმწიფოს საქმეა“, – გვითხრეს „აჭარის წყლის ალიანსში“.

ალიანსის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტისგან დამოუკიდებლად მოეწყობა წყლისა და კანალიზაციის სისტემა კურორტ გოდერძიზე. ეს პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან 3 მილიონამდე ლარით დაფინანსდება და 2021-22 წლებში დასრულდება.

ხულოს სოფელ დიოკნისში, ასევე, ქედის სოფელ ტიბეთასა და ქობულეთის დაბა მუხაესტატეში წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იგეგმებოდა, თუმცა თანხა [800 ათასი ევრო /ექვივალენტი ლარში] ვერ გამოინახა. შესაბამისად, ეს სამი სოფელიც, ზემოთ აღნიშნულ პროექტში ჩართეს.

რაც შეეხება დაბა ხელვაჩაურსა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობას, ამისთვის 60 მილიონი ევრო სესხი უნდა დახარჯულიყო, რაზედაც ხელშეკრულებაც გაფორმებული იყო. თუმცა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან [KfW] დადებული სასესხო შეთანხმება საქართველოს მთავრობამ გააუქმა.

აღნიშნული თანხა, როგორც მთავრობა აცხადებს, პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/305551/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: