ზღვის კაცი ვარ, სახლიც ზღვის ქვებით და გამორიყული ხით ავაშენე

თეთრი ქვის ჭერი, ზღვის ნიჟარების ფარდები, ზღვისგან გაპრიალებული ხის ტოტების ძელსკამი და  ჭიშკარი ადამიანების გამოსახულებით – ფოთში ასეთი საინტერესო სახლი დგას, სადაც ყველაფერი ერთი კაცის, აფხაზეთიდან დევნილი ბორის პაპასქუას ხელითაა ნაკეთები.

„ყოველ დილით ველოსიპედით გავდივარ სახლიდან და საბარგულში ათას რამეს ვყრი, ლამაზ ქვებს, ხის ფესვებს, უცნაური ფორმის ტოტებს, ქვებს.

ბავშვობიდან მოყოლებული სულ ზღვაზე ვიყავი, ზღვის კაცი ვარ, ზღვაზე შეყვარებული. ყოველთვის მქონდა ჩვევად ზღვიდან რამის წამოღება. ასეთი ამბებით ვიყავი გატაცებული ბავშვობიდან.

შიშველი ხელებით ავაშენე ეს სახლი. აფხაზეთიდან რომ ჩამოვედით, რუსისგან ვიყიდე. ძველი, თითქმის დანგრეული სახლი იყო. მხოლოდ კარკასი ჰქონდა მთელი და კედლები ასე ამოვაშენე, მოვაპირკეთე და გავალამაზე. მთელი ჩემი დრო შევალიე.

დევნილობა ადამიანს აფიქრებს და შთააგონებს. გადაწყვეტილებების მიღება რთულია, როცა ყველაფერს ნულიდან იწყებ. არანაირი იმედი არ არსებობდა, ამ სახლის შენება რომ დავიწყე. მხოლოდ საკუთარი ძალებით უნდა შემექმნა რამე.

ყველაფერს შემოქმედებითად ვუყურებ და ვცადე, ქვები ამელაპარაკებინა, სახლად მექცია“, – ამბობს ბორის პაპასქუა.

ქვემო ბარღები, არის ასეთი ზღვისპირა სოფელი გალში. ახლა იქაურობა ნანგრევებადაა ქცეული,  სახლები – მიწასთან გასწორებული. ბორისი ამ სოფლიდანაა. როცა აფხაზეთის ომის შემდეგ ოჯახთან ერთად დევნილად იქცა, ფოთში ცხოვრება გადაწყვიტა, ზღვასთან ახლოს რომ ყოფილიყო.

დღე არ გავა ისე, ზღვის სანაპირო ზოლი ველოსიპედით არ გაიაროს. აუცილებლად უნდა დააკვირდეს, რა ხდება სანაპიროზე,  რა გამორიყა ზღვამ ან რა წაიღო უკან, ღელავს თუ მშვიდია, სუფთაა თუ ამღვრეული.

„მუდმივ კავშირში ვარ ზღვასთან, ყველაფერი უნდა ვიცოდე მის შესახებ, ყოველდღე. მშვიდია? ღრიალებს თუ ლივლივებს? ამიტომ დავდივარ ყოველ დღე ველოსიპედით. ეს ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია. მანქანით სწრაფად მიჰქრი, ჩაივლი და არაფერი რჩება შენში. ვერაფერზე დაკვირვებას ვერ ასწრებ“, – ამბობს მხატვარ-მოქანდაკე.

ომის შემდეგ აფხაზეთში მხოლოდ ერთხელ იყო, როცა მშობელი გარდაეცვალა და დასაკრძალად ჩავიდა.

თუ აფხაზეთში დარჩენას გადაწყვეტდა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა ეთქვა. ყველაფერი დატოვა და წამოვიდა.

„ასეთი კომუნიკაციის ატანა შეუძლებელი იყო. წამოვედი. მერე კი სულ ჩაგვიკეტეს გასასვლელები. აფხაზეთში ბევრი ახლობელი დამრჩა. ზოგი წუხს, ზოგი ნანობს, რომ დარჩა. მათთან კავშირი აღარ მაქვს. მირჩევნია ჩემთვის, მშვიდად ვიყო. კომუნიკაციამ  აზრი დაკარგა“, – ამბობს ბორისი.

მინიატიურულ ქანდაკებებზე მუშაობს. პერსონაჟები ხანდახან მისი ახლობელი ადამიანები არიან, მამა და გუძა მაგალითად, მეგრელი კაცი, რომელსაც აფხაზეთის ერთ პატარა სოფელში მდინარეზე ნავით გადაჰყავდა და გადმოჰყავდა ხალხი, ამაში კი ფულს უხდიდნენ და ყველა იცნობდა გუძას.

ბორისს ფოთში უკვე მონიშნული აქვს თევზაობისთვის საუკეთესო ადგილები და დათბობას ელის, ზღვაში ანკესი რომ ჩაკიდოს:

„ზღვა ჩემი მასაზრდოებელია. ზღვასთან ერთად ხანდახან ვტირი.  ბავშვობა, სოფელი, თვალწინ მიდგება და ცრემლებს ვერ ვიკავებ. მშველის ზღვა. ეს შვებაა ჩემთვის.

მშობლების საფლავზე ვერ მივდივარ აფხაზეთში და ერთადერთი ზღვაა, რაც მშობლიურ ადგილებს მახსენებს. აფხაზეთიდან კი წამოვედი, მაგრამ ზღვას არასდროს დავშორებივარ“.

როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ

ლუდომანიას, იგივე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქცევითი ადიქციის კატეგორიას მიაკუთვნებს. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, გემბლინგის სფერო მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მართალია ის უშუალოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ აზიანებს, მაგრამ ახასიათებს ძალიან მძიმე სოციალური შედეგები, ოჯახური კონფლიქტების, ფინანსური პრობლემების,  დეპრესიის და ზოგჯერ კრიმინალური ქცევის სახითაც კი.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის თერაპიას საქართველოში რამდენიმე ცენტრი ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანია ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი „კლუბი სინერგია“. ლუდომანიასთან გამკლავების გზებზე ცენტრის ფსიქოლოგი, ადიქტოლოგი მარიამ რაზმაძე გვესაუბრება. 

  • ქალბატონო მარიამ, როგორ ეჩვევა ადამიანი გემბლინგს, რა იწვევს დამოკიდებულებას?

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სირთულე არის ბიოფსიქოსოციალური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგი. ეს მოიცავს ჩვენს ბიოლოგიურ მონაცემებს, ფსიქოლოგიური ფაქტორებსა და გარემოს, რომელშიც თანავარსებობთ სხვა ადამიანებთან და მოვლენებთან ერთად, ეს ყველაფერი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ჯანმრთელები ვიქნებით.

აზარტული თამაშები დღეს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში კლასიფიცირებულია როგორც დამოკიდებულება, ანუ იმპულსის მართვასთან დაკავშირებული სირთულე.

ეს იმიტომ, რომ ამ დროს თავის ტვინში მიმდინარე პროცესები, მაგალითად დაჯილდოების მექანიზმი, ძალიან ჰგავს იმ პროცესებს, რაც [ნარკოტიკული] ნივთიერებების მოხმარების დროს ხდება, სწორედ ამიტომ არის კატეგორიზებული შესაბამის ჯგუფში, რადგან მექანიზმი მსგავსია – ამ დროს ხდება ენდორფინების ძლიერი გამოყოფა. 

მარიამ რაზმაძე
  • როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას გემბლინგზე დამოკიდებულების პრობლემა აქვს, რა არის ლუდომანიის ნიშნები?

პირველ რიგში ეს არის თამაშის გაძლიერებული სურვილი, როცა ადამიანი გრძნობს, რომ სჭირდება სულ უფრო და უფრო მეტი დროით და მეტი თანხით თამაში იმისთვის, რომ იმ ეიფორიას მიაღწიოს, რასაც ადრე აღწევდა. ანუ ტოლერანტობა იზრდება, ადამიანს უფრო მეტი და მეტი სჭირდება. 

კიდევ ერთი ნიშანია ის, რომ ადამიანი აგრძელებს თამაშს სოციალურ, ფინანსურ, ჯანმრთელობასთან არსებული სირთულეების მიუხედავად, უგულებელყოფს მოვალეობებს სამსახურში, პირად ცხოვრებაში, ოჯახში და ა.შ. ამ დროს შესაძლოა განვითარდეს შფოთვა, უძილობა, დათრგუნული გუნება-განწყობა.

ლუდომანიას ახასიათებს გაუთავებელი ფიქრები თამაშის შესახებ.

  • რამდენად რეალურია ამ პრობლემის მოგვარება სპეციალისტის გარეშე?

ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა სპეციალისტი გაძლევს სწორ მიმართულებებს და მისი ჩართულობა ბევრ რამეს ამარტივებს ამ პროცესში, თუნდაც იმ ნაწილში, როცა ადამიანს უზიარებ სხვადასხვა ტექნიკას იმისთვის, რომ  ამ ჩვევას გაუმკლავდეს და საბოლოოდ თავი დააღწიოს გემბლინგს.

შესაძლოა ადამიანმა დამოუკიდებლადაც მიაგნოს ამ გზებს, მაგრამ სპეციალისტისგან იმის მოსმენა, რომ ეს არის სწორი და მუშა გზები, რომ მათი ეფექტურობა კვლევებით არის დადასტურებული – დამატებით  ძალის მომცემია. 

  • როგორია ამ პროცესში ოჯახის წევრების როლი, რა შეიძლება იყოს მათი თანამონაწილეობა?

პირველ რიგში ეს არის ემოციური მხარდაჭერა. ისევე, როგორც ნებისმიერის სხვა სირთულის დროს, მხარდაჭერა არის ყველაზე დიდი ძალა ახლობლებისგან.

ოჯახის წევრებს შეიძლება უფრო კონკრეტული როლიც ჰქონდეთ ამ პროცესში. იმ პროგრამების მიხედვით, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს და რომლებითაც ვმუშაობთ, არსებობს ფორმალურად გაწერილი პროცედურებიც.

კერძოდ, გემბლინგზე დამოკიდებულების მქონე პირმა, ფინანსების მართვა შეიძლება ჩააბაროს მისთვის სანდო სხვა ადამიანს, ეს კი ძალიან დიდ ჩართულობას და მხარდაჭერას მოითხოვს. იმის გამო, რომ ამ ადამიანებს უჭირთ თანხით ხელში თავის კონტროლი, ისინი ოჯახის წევრს აძლევენ ხელფასზე კონტროლს და ეუბნებიან – „აი, ჩემი ხელფასი და დღიურად მომეცი თანხა, რომელიც დამჭირდება მგზავრობისთვის, ლანჩისთვის და სხვა ასეთი ხარჯებისთვის, დიდი თანხა ხელში არასოდეს მეჭიროს“. 

  • რას მოიცავს თერაპია და რამდენად ეფექტურია ის?

შედეგი ძალიან ინდივიდუალურია – შემთხვევის სირთულიდან, მხარდაჭერის წრიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.

ჩვენ გემბლინგზე კონცენტრირებული კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიის მეთოდით ვმუშაობთ. ოფიციალურად, სახელმძღვანელოს მიხედვით, პროგრამაში 8-12 სესიაა ხოლმე გაწერილი, თუმცა, შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლოა უფრო ნაკლები ან მეტი დროც დაეთმოს. საქმე ის არის, რომ ვადას, თუ რამდენ ხანში მოგვარდება პრობლემა, დაზუსტებით ვერ იტყვი, პრინციპი ასეთია, რომ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ ადამიანი უკვე შესაბამისი უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი დამოუკიდებლად აგრძელებს ამ სირთულესთან გამკლავებას.

არსებობს, ასევე, ჯგუფური თერაპიული პროგრამები და უბრალოდ მხარდამჭერი შეხვედრებიც (ეს უკანასკნელი უფრო დასავლეთშია პოპულარული), სადაც ადამიანები სასურველი სიხშირით მიდიან და ამავე პრობლემის მქონე ადამიანებთან ერთად მხარდამჭერ სივრცეს ქმნიან, უზიარებენ ერთმანეთს სირთულეებს, წარმატების შემთხვევებს, თუ რა ეხმარებათ პრობლემის დაძლევაში და ა.შ.

პროცესი იწყება დიაგნოსტირებითა და შემთხვევის შეფასებით. განვსაზღვრავთ რამდენად მძიმეა შემთხვევა.

შემდეგ  არის კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯები – როგორ გავუმკლავდეთ გემბლინგით გამოწვეული პრობლემების შედეგებს, ვარკვევთ რა შეცდომები არის ჩართული ამ პროცესში. მოგეხსენებათ, აზრები ჩვენს ემოციასა და ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს, მაგალითად, გარკვეული ცრურწმენების [მაპროვოცირებელი] აზრები, რაც გვიბიძგებს  გემბლინგისკენ და მასთან დაკავშირებული არასასიამოვნო ემოციებისკენ.

განვიხილავთ რა ტექნიკებით გავუმკლავდეთ თამაშისადმი ლტოლვას, როგორ გავუმკლავდეთ ზოგადად სტრესს ცხოვრებაში, რადგან გემბლინგის გარდა სხვა სტრესორებიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და მათთან გამკლავების უნარებიც მნიშვნელოვანია. ანუ თერაპიის პროცესში ვცდილობთ იმ პრობლემების მოგვარებასაც სოციალურ თუ ემოციურ საკითხებში, რაც უშუალოდ გემბლინგთან შეიძლება არ იყოს დაკავშირებული.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავგეგმოთ თამაშიდან გამოთავისუფლებული დრო ისე, რომ იგი ნაყოფიერად დაიხარჯოს.

  • რამდენად ხშირია სეანსების შემდეგ თამაშთან მიბრუნება და ნიშნავს თუ არა ეს, რომ აქამდე გაწეული შრომა და მიღწევები დაიკარგა?

პირველ რიგში ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთხელ ფეხის დაცდენა არ ნიშნავს მთელი გაწეული შრომის წყალში ჩაყრას; ამ ტიპის თანამშრომლობის პროცესში ერთ-ერთი ნაბიჯია ე.წ. ფეხის დაცურებასთან გამკლავება, რადგანაც ამ ტიპის, ანუ ადიქტურ ქცევებთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულის დროს, მოსალოდნელია, რომ ადამიანი რაღაც მომენტში მიუბრუნდეს ამ ქცევას –  ერთჯერადად ან რაღაც პერიოდის მანძილზე.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება ამისთვის მოემზადოს. კერძოდ, საჭიროა იცოდეს ე.წ. ცხელი წერტილები ანუ ის სიტუაციები, სადაც მაღალი ალბათობაა, რომ ფეხი დაუცდეს, თუ იგრძნობს ამ ლტოლვას როგორ შეიძლება გაუმკლავდეს, ასევე, თუ თუ „ფეხი დაუცდა“, მერე როგორ მოიქცეს და ა.შ.

  • რა შეიძლება იყოს ეს ცხელი წერტილები?

ეს ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის ცხელი წერტილი შეიძლება იყოს ხელში რაღაც თანხის ჩავარდნა, მაგალითად ხელფასის აღება, ადამიანების ნაწილი ხშირად სწორედ ამ დღეს თამაშობს, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს კონფლიქტური სიტუაცია, როცა სტრესს გაექცევა ამ გზით, ზოგისთვის შეიძლება კაზინოსთან ჩავლაც კი ტრიგერი აღმოჩნდეს.

  • როგორ შეიძლება თამაშის სურვილთან გამკლავება?

პირველ რიგში ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ცხელი წერტილები და ტრიგერები [გამღიზიანებლები], რადგან წინასწარი მომზადება ძალიან სასარგებლოა ამ პროცესში. საამისოდ შეიძლება ვაწარმოოთ ჩვენი აზრებისა და ემოციების ჩანაწერები, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს დააკვირდეს რა პერიოდში უჩნდება გემბლინგის სურვილი – ეს ხდება ხელფასის დღეს, დილას, საღამოს ან სხვა დროს, რათა საკუთარი მაღალი რისკის სიტუაციები იყოს მისთვის ცნობილი და შეეძლოს განსაზღვრა, რა ფიქრებმა შეიძლება მიიყვანოს თამაშთან.

არის ასეთი ტექნიკა – გაითამაშო გონებაში სცენარი, თითქოს თამაშობ და წააგე. ამას თანმიმდევრულად ინტენსიურად აკეთებ, რომ თამაშის სურვილი ასოცირდებოდეს წაგებასთან და არა რაღაც სასიამოვნო შეგრძნებებთან. 

ასევე შეიძლება გამოვიყენოთ გადადება – აი, 10 წუთი არ ვიზამ, 30 წუთი არ ვიზამ, დღეს არ ვიზამ; 

აქვე შეიძლება გამოვიყენოთ სანდო ადამიანების მხარდაჭერა – თუ გამიჩნდა თამაშის სურვილი,  შემიძლია ვინმეს დავურეკო, ვინც ყურადღების გადატანაში დამეხმარება, იქნება ეს სადმე ერთად წასვლა თუ უბრალოდ დალაპარაკება და იმის თქმა, რომ  „აქამდე ამხელა გზა გამოიარე და არ ღირს“.

კიდევ ერთი მეთოდია ფულზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რაც უკვე ვახსენეთ.

ასევე, ონლაინ კაზინოებიდან საკუთარი თავის გამორიცხვა, როცა მივდივარ და კაზინოს ჩემი ნებით ვასმევინებ თავს შავ სიაში, რათა არ შევიდე, რომც მომინდეს.

ხშირად, თუ ადამიანს უჭირს ქცევის მართვა, შესაძლოა ეფექტური გზა იყოს იმ ადამიანებთან გატარებული დროის შეზღუდვა, ვინც ასევე თამაშობს. ეს ერთ-ერთი რთული ნაწილია ამ პროცესის, მაგრამ სამწუხაროდ, ასეც შეიძლება მოხდეს, რადგან ძალიან ძნელია ასეთ გარემოში თავის შეკავება და  ადამიანებს უწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება.

კვლევებით დასტურდება, რომ თერაპიის კურსის დასრულებისა და მკურნალობაში დარჩენის შემთხვევაში (ნასწავლი ტექნიკების, მხარდაჭერის გამოყენება, ჯგუფურ შეხვედრებში მონაწილეობა), პრობლემური მოთამაშეები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ საკუთარი ცხოვრების ხარისხს. თერაპიული პროგრამების ეფექტურობა 40-60%-ია, როდესაც ადამიანი მთლიანად წყვეტს თამაშს.

_________________________

MayoClinic: ლუდომანიის ნიშნები

  • მზარდი თანხებით აზარტული თამაშების საჭიროება; 
  • წარუმატებელი მცდელობა გააკონტროლოთ, შეამციროთ ან შეაჩეროთ თამაშის სურვილი;
  • მოუსვენრობის ან გაღიზიანების შეგრძნება, როცა აზარტული თამაში არ შეგიძლიათ;
  • აზარტული თამაშების გამოყენება პრობლემებისგან თავის დასაღწევად ან უარყოფითი ემოციების მოსახსნელად; 
  • დაკარგული ფულის დაბრუნების მცდელობა მეტი აზარტული თამაშებით;  
  • ატყუებთ ოჯახის წევრებს ან სხვებს თქვენი აზარტული თამაშების მასშტაბის დასამალად.
  • აზარტული თამაშების გამო მნიშვნელოვანი ურთიერთობების, სამსახურის, სკოლის ან სამუშაო შესაძლებლობების საფრთხე ან დაკარგვა.
  • მიმართავს ქურდობას ან თაღლითობას აზარტული თამაშების ფულის მისაღებად.

უკრაინაში მოკლეს რუსეთის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალი – BBC

გადამდგარი გენერალ-მაიორის, კანამატ ბოტაშევის, უკრაინაში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია BBC-ს ბოტაშევის სამმა ყოფილმა ხელქვეითმა დაუდასტურა. მოიერიშე სუ 25, რომელსაც გადამდგარი გენერალი მართავდა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალაქ პოპასნასთან, 22 მაისს ჩამოაგდეს. პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო.

კანამატ ბოტაშევი ყველაზე მაღალი რანგის მფრინავია, რომლის დაღუპვის შესახებაც ცნობილი გახდა. გადადგომამდე, ის საავიაციო პოლკს მეთაურობდა.

საჰაერო ბრძოლებში ასეთი მაღალი რანგის ოფიცრის მონაწილეობა შეიძლება მიანიშნებდეს ორ რამეზე – ამოცანის სირთულეზე, რომელსაც მოსკოვი უკრაინაში გაგზავნილ მფრინავებს უყენებს, ან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაზე – წერს BBC.

ბოტაშევის ერთ-ერთმა ყოფილმა ხელქვეითმა, რომელმაც კონფიდენციალურად დარჩენა ითხოვა, დაადასტურა, რომ გადამდგარი გენერალი უკრაინაში საბრძოლო დავალებებს სწორედ სუ 25-ით ასრულებდა.

„დღეს დაიღუპა კანამატი! პოპასნაში, 8:25… ჯერ უმართავი საავიაციო რაკეტა, მერე – ბომბები… სტინგერი შეტევიდან გამოვიდა, აფეთქება ჰაერში… და მორჩა“, – დაწერა ერთ-ერთ რუსულ ტელეგრამ არხზე მომხმარებელმა.

„მშვიდობით მეთაურო… ცოტაა ამ პლანეტაზე ადამიანი, რომელმაც შენსავით იცხოვრა ცის სიყვარულით. ზეცას საუკეთესოები მიჰყავს, დღეს მან შენ წაგიყვანა“, – ასეთ დამშვიდობება გამოქვეყნა რუსი სამხედრო მფრინავებისთვის ავტორიტეტულმა ტელეგრამ არხმა Fighterbomber-მა.

BBC-სთვის ღია წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში სულ მცირე 31 რუსი სამხედრო მფრინავია დაღუპული, თუმცა რეალური რიცხვი შესაძლოა, მეტიც იყოს.

კანამატ ბოტაშვეი 1959 წელს ყარაჩაი-ჩერქეზეთში დაიბადა, დაამთავრა უმაღლესი სამხედრო საავიაციო ინსტიტუტი და „ბომბდამშენ-გამანადგურებლის“ კვალიფიკაცია მიიღო. ის ვორონეჟში საავიაციო პოლკს მეთაურობდა.

ბოტაშევი მფრინავი-სნაიპერი იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ასეთი მფრინავის მომზადებას 10-12 წელი სჭირდება და სახელმწიფოს ეს დაახლოებით 8 მილიონი დოლარი უჯდება.

ბოტაშევის სამხედრო კარიერა 2012 წლის ივნისში შეწყდა, როდესაც ის პეტროზავოდსკთან სუ 27-ის კატასტროფაში დაადანაშაულეს. როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერდა, გენერალმა თავის მეგობარ პოლკოვნიკს სთხოვა „გაესეირნათ“ სუ 27-ით, რომლის მართვის ნებართვაც მას თავად არ ჰქონდა.

ფრენისას ბოტაშევმა უმაღლესი პოლიტაჟის ფიგურის შესრულება გადაწყვიტა, თუმცა კონტროლი დაკარგა. საბრძოლო გამანადგურებელი ჩამოვარდა, თუმცა პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს.

„უბრალოდ მომინდა ასეთი ტიპის გამანადგურებლით მეფრინა, თუმცა ვერ გავითვალისწინე, რომ ასეთ თვითმფრინავს თავისი სპეციფიკა აქვს“, – განმარტა ბოტაშევმა სასამართლო სხდომაზე.

მაშინ გაირკვა, რომ ბოტაშევს მანამდეც ჰქონდა ანალოგიური სამსახურებრივი გადაცდომები – 2011 წელს ის მართავდა სუ 34-ს ისე, რომ ამის ნებართვა არ ჰქონია.

საბოლოოდ, კანამატ ბოტაშევი დამნაშავედ ცნეს, ოთხი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და 5 მილიონი რუბლით დააჯარიმეს.

სასამართლოს შემდეგ ბოტაშევმა შეიარაღებული ძალები დატოვა და ავიაციის დარგში ДОСААФ -ის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ის ორგანიზაციის საიტზე დღემდე ხელმძღვანელ პირებს შორის მოიხსენიება.

როგორ მოხვდა გადამდგარი 63 წლის გენერალი სუ 25-ის საჭესთან უკრაინაში, გაურკვეველია. მისი ყოფილი ხელქვეითები ვარაუდობენ, რომ „მან უბრალოდ უმოქმედოდ ყოფნა ვერ შეძლო“.

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო კომისარიატები, პატრიოტული ორგანიზაციები და კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“, მარტიდან აქტიურად ეწევიან კამპანიას უკრაინის ომში მებრძოლების მოსაზიდად.

BBC ასევე წერს, რომ უკრაინაში უკვე დაიღუპა სულ მცირე თადარიგში მყოფი 9 სამხედრო. ერთ-ერთი მათგანი, საჰაერო-სადესანტო ძალების გადამდგარი მაიორი ვალერი სტატილკო, ბოტაშევის მსგავსად, 60 წლის იყო.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე, 204 რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვა ამ რიცხვზე კომენტარს არ აკეთებს, მას მარტის შემდეგ, საკუთარ დანაკარგებზე ინფორმაცია არ გაუახლებია.

რუსეთმა უკრაინაში ორი მოქმედი გენერლის დაღუპვა დაადასტურა – გენერალ-მაიორ ანდრეი სუხოვეცისა და ვლადიმირ ფროლოვის, თუმცა საერთაშორისო მედია წერს, რომ უკრაინაში, რუსეთის შეჭრიდან დღემდე, რუსეთის 12 გენერალი დაიღუპა.

ქალაქი პოპასნა, სადაც ბოტაშევის სუ 25 ჩამოაგდეს, დაძაბული ბრძოლების ცენტრშია. რუსეთის არმია, ერთი მხრივ, ცდილობს კრამატორსკის მიმართულებით წაიწიოს წინ, მეორე მხრივ კი – გავიდეს ლუგანსკის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და უკრაინის ჯარები ალყაში მოაქციოს.

კვაშტიდან ევროპაში – თეთრყვავილას ბოლქვების საექსპორტო გზა

ქედაში, სოფელ კვაშტაში მოპოვებული თეთრყვავილას ბოლქვები ჰოლანდიაში გააქვთ ექსპორტზე. როცა ჰოლანდიაში ვიღაც დეკორატიული მიზნით ყიდულობს თეთრყვავილას, ალბათ სულაც არ ფიქრობს იმ გზაზე, რომელიც ამ ყვავილმა დახლზე მოსახვედრად გაიარა.

თეთრყვავილას გზა კვაშტიდან ევროპამდე გრძელი იყო, ამასთან რთული და უკვე სამ ათეულ წელიწადს ითვლის.

ნანული სირაბიძე სოფელ კვაშტაში ცხოვრობს. მზის ამოსვლისას იღვიძებს და საოჯახო საქმეების კეთებას იწყებს. მისი ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობაა. ამბობს, რომ სოფელში ყველაზე რთული პერიოდი გვიანი გაზაფხულია – როცა ზამთრისთვის შენახული ყველა მარაგი ამოწურულია და ჯერ არც საზაფხულო ხილი და ბოსტნეულია შემოსული. წელიწადის ამ მონაკვეთს სოფელში ხალხურად „ჩიტის ბუჯრობას“ ეძახიან.

ასეთ პერიოდში ნანულისთვის და არა მარტო მისთვის, მთელი სოფლისთვის, მაშველ რგოლად იქცა თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვება. გზა ნანულის სახლიდან იმ ადგილამდე, სადაც ტყეში ბუნებრივად იზრდება თეთრყვავილა, რამდენიმე კილომეტრია. ყველაზე რთული ბოლო მონაკვეთია. როდესაც სამანქანე გზა მთავრდება და ციცაბო ფერდობზე გიწევს ასვლა. ფერდობის თავზე ტყეა, ტყეში კი – თეთრყვავილას ბოლქვებით სავსე მინდორი.

მინდორში ხუთი ქალი წელში მოხრილი მუშაობს. ზოგი ხელით გლეჯს ბოლქვებს, ზოგი – თოხს ახმარს. ადრიანი დილაა, მაგრამ უკვე საკმაო რაოდენობით ბოლქვი აქვთ ამოღებული მიწიდან.

„30 წელია თეთრყვავილას ბოლქვებს ვაგროვებ. ეს სამუშაო ჩვენი სოფლისთვის დასაქმების ერთ-ერთი საშუალებაა. თან, ასე ვთქვათ, თავს ვიქცევთ. მართალია, შრომასთან შედარებით ანაზღაურება დიდი არაა, მაგრამ მაინც ვმუშაობთ. თავიდან ბოლქვების შეგროვება რომ დავიწყეთ, 50 თეთრი ღირდა კილოგრამი. მერე ფასი ნელ-ნელა იზრდებოდა და ახლა 1.50 ლარი ღირს. შარშან მოვგლიჯე 600 კილო ბოლქვი,“ – გვიყვება მარინა სირაბიძე.

ქალები თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვების დროს

ნანული, მარინა, ნაზიკო, ხათუნა და ნაზი მეზობლები არიან. ხუთივე მათგანი მათ მიერ გაწეულ შრომას მძიმედ აფასებს, თუმცა ამის მიუხედავად ამბობენ, რომ ის ერთჯერადი, სეზონური შემოსავალი, რომელიც წლის ამ დროს აქვთ, იმდენად მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისთვის, რომ ამ რთულ შრომას უხმოდ სწევენ.

ადგილი, სადაც ბოლქვებს მოიპოვებენ, რთულად მისადგომია. ბოლქვების მოპოვებას მისი წესი აქვს. ჯერ ღეროსთან ერთად გლეჯენ მიწიდან და ერთ ადგილას აგროვებენ, შემდეგ ამ ღეროებს აცლიან და სპეციალურ, ბადე ტომრებში ყრიან ბოლქვებს. ამ სამუშაოს უმეტესად ქალები ასრულებენ. კაცები კი ქალებს ბოლქვებით სავსე ტომრების ტყიდან გამოტანაში ეხმარებიან.

თეთრყვავილა იგივე Galanthus L-ია. ეს ბერძნული წარმოშობის სიტყვაა, Gala – რძეს ნიშნავს, Anthos – ყვავილს. მას საქართველოში უფრო ენძელას ეძახიან. საქართველოში თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვება და მისი ექსპორტზე გატანა 90-იან წლებში, ქედის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ კვაშტიდან დაიწყო.

თეთრყვავილა (Galanthus L), მას საქართველოში ხშირად ენძელას ეძახიან

ინდმეწარმე „მამული სურმანიძის“ აგრონომ-ბოტანიკოსი, ილია სირაბიძე ამბობს, რომ პირველი პარტია საექსპორტოდ 1992 წელს გაიტანეს თურქი ექსპორტიორების დახმარებით. წლების შემდეგ ბაზარზე ქართველი ექსპორტიორები გამოჩნდნენ, გაიზარდა მოპოვების კვოტები და შემოსავლები.

„საწყის პერიოდში საქართველოში დაიშვა 10 მილიონი სავაჭრო კვოტა. მოგვიანებით ავიყვანეთ 15 მილიონზე. შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გადაწყვეტილებით შემუშავდა ასეთი მეთოდიკა, თეთრყვავილა, როგორც ბუნებრივი რესურსი, ეკონომიკის სამინისტრომ გაიტანა აუქციონზე. თურქული კომპანია იყო რეექსპორტიორი. ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტროს დაშვებული აქვს ნათეს ფართობებზე თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვება,“ – ამბობს ილია სირაბიძე.

ილია სირაბიძე, ინდმეწარმე „მამული სურმანიძის“ აგრონომ-ბოტანიკოსი

თეთრყვავილას ბოლქვების ამოღების სეზონი ზოგადად მაისში იწყება და ივლისში მთავრდება. თუმცა მაინც ყველაფერი კლიმატზეა დამოკიდებული. ბოტანიკოსი ილია სირაბიძე ამბობს, რომ გასულ წელს, მაისის დასაწყისში, დამზადების პერიოდის საწყისი სამუშაოები დასრულებული ჰქონდათ, მიმდინარე წელს კი ამინდის გამო დაგვიანდა.

„დამზადებას განაპირობებს თვითონ ბოლქვის ფიზიკური არსებობა, სიმწიფის ფაზაში შესვლა, სათესლე კოლოფის სრული მომწიფება კვლავწარმოებისათვის. ჩვენი ამოცანაა პოპულაციების გამრავლება. შეიძლება ნაადრევმა დამზადებამ ხელი შეუწყოს პოპულაციების გაქრობას,“ – აღნიშნავს ილია სირაბიძე.

დღეს საქართველოში საექსპორტო თეთრყვავილას ბოლქვებს მოიპოვებენ ქედაში, ხელვაჩაურში, ქობულეთში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. საცდელად დათესეს თეთრყვავილა ხულოს მუნიციპალიტეტშიც. ბოტანიკოს ილია სირაბიძის თქმით, ექსპერიმენტმა გაამართლა და მაღალი ზონის მუნიციპალიტეტში მისი მოყვანა შესაძლებელი გახდა.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოდან 15 მილიონი თეთრყვავილას ბოლქვის ამოღების ლიცენზია აქვს გაცემული. საქართველოდან თეთრყვავილას ბოლქვები ექსპორტზე სამ ქართულ და ერთ თურქულ კომპანიას გააქვს. რამდენიმე კომპანიის არსებობამ ბაზარზე კონკურენციის ფაქტორიც გააჩინა.

ერთ-ერთია ინდმეწარმე „მამული სურმანიძე“, რომელიც თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვების 5-მილიონიან კვოტას ფლობს. კომპანიას ნათესი ფართობები აქვს ქედის მუნიციპალიტეტში, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერნებში.

„მამაპაპისეულ მიწაზე, იქ სადაც ბუნებრივ გარემოში არ არსებობს საერთოდ, დავთესე თეთრყვავილას ბოლქვები. დაახლოებით 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მაქვს გაშენებული. ძალიან კარგი შემოსავალი აქვს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში მამული სურმანიძე.

მისივე თქმით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო სწავლობს ბუნებრივ რესურს, თუ რა ოდენობის ბოლქვი შეიძლება მოიპოვონ ლიცენზიატებმა.

„სპეციალისტთა ჯგუფი ჩამოდის, 5-წლიან რესურსს ადგენენ, რომ მერე გაიტანონ გასაყიდად. შემდეგ ჩვენი, ლიცენზიანტების ვალდებულებაა ის, რომ ადრე გაზაფხულზე წავიდეთ, შევისწავლოთ მიახლოებითი რესურსი და არსებული რესურსის მხოლოდ 10 % ამოვიღოთ. გვაქვს გეგმა-გრაფიკი, რუკები, სად რამდენი უნდა მოვიპოვოთ, რა რესურსი არსებობს … ამავდროულად ვაკეთებთ ნაკვეთ მონაცვლეობას. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ერთ სოფელში შევედით, ვცდილობთ მეორე წელს აღარ შევიდეთ ან იმ სოფლის სხვა უბანზე გადავიდეთ,“ – ამბობს მამული სურმანიძე.

თეთრყვავილა ორი გზით მრავლდება – თესლიდან და ბოლქვიდან. სათესლე კოლოფი შეიცავს დაახლოებით 35 ცალ თესლს, რომელიც სიმწიფის პერიოდში ფეთქდება და მისგან ბოლქვები ამოდის.

„12 წელი დამჭირდა, რომ 14 ნაკვეთი გამეკეთებინა და გამემრავლებინა. ჩვენი, ქართული კომპანიების  ბაზარზე შემოსვლით მოხდა ის, რომ ყველანი ვაკონტროლებთ სიტუაციას. ვაკონტროლებთ, არ მოხდეს ლიცენზიით განსაზღვრულზე მეტის დამზადება, არ მოხდეს განადგურება. ჩემი კომპანიის ბოტანიკოსი, ილია სირაბიძე, სოფელ-სოფელ დადის და აკონტროლებს, თუ როდის უნდა დაიწყოს მოპოვება. სიმწიფის სტადიაში უნდა იყოს, ფოთოლმა უნდა დაიწყოს გაყვითლება. კიდევ ის მინდა აღვნიშნო, რომ  ათ წელზე მეტს ბოლქვი არ ცოცხლობს. ჩვენ ვიპოვებთ იმდენს, რამდენიც საჭიროა და ხელს არ უშლის ბოლქვების გამრავლებას. ამასთან ჩვენ პატარა ბოლქვებს არ ვიღებთ. ზომის მიხედვითაა,” – ამბობს მამული სურმანიძე.

ექსპორტზე თეთრყვავილას გასატანად საჭირო შრომა პირობითად შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ.

ერთი, ეს არის მისი ნიადაგიდან ამოღება და ექსპორტიორი კომპანიისათვის მიწოდება.

ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი – პროდუქციის საექსპორტოდ მომზადება. დაუშვებელია ბოლქვების მზის გულზე გაჩერება ან მისი გარეცხვა მიწის მოშორების მიზნით. ბოლქვებს ხის ყუთებში ათავსებენ, რომლებსაც ძირზე ბადე აქვთ აკრული. ბოლქვები ამ ყუთებში შრება.

თეთრყვავილას ბოლქვები შრობის პროცესში

მთავარი ამოცანაა, არ დაზიანდეს თეთრყვავილას ბოლქვების ოქროსფერი კანი. მას მიწა ბუნებრივად, გაშრობით უნდა მოშორდეს. მას შემდეგ, რაც ბოლქვი გამოშრება და მიწა მოშორდება, სპეციალური დანადგარის საშუალებით ახარისხებენ და ცალობით აფასოებენ, შემდეგ კი ექსპორტზე გააქვთ.

„ორი-სამი წლის წინ რეექსპორტიორი ქვეყანა იყო თურქეთი და თურქი იყო ჩვენი პარტნიორი. ახლა ინდმეწარმე „მამული სურმანიძე“ არის პირდაპირ კავშირზე ევროპულ ბაზარზე. გაგვაქვს ჰოლანდიაში.

სხვათა შორის, ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს ქართული სათესლე ბოლქვები. ამან კი გარკვეულწილად წარმოშვა ფასთა სხვაობაც თურქულ ბაზართან შედარებით. ახლა ჩვენი ინტერესია რა კვოტაც გვაქვს, ზუსტად ის რაოდენობა გავიტანოთ,“ – ამბობს ინდმეწარმე „მამული სურმანიძის“ აგრონომ-ბოტანიკოსი ილია სირაბიძე.

გზა ევროპამდე 

მამული სურმანიძე „ბათუმელებს“ უყვება, რომ გზა ევროპისკენ რთული იყო, მაგრამ ყოველთვის სჯეროდა, რომ ერთ დღეს აუცილებლად გავიდოდნენ ევროპის ბაზარზე.

„ევროპისკენ გზა ჩემი და ილია სირაბიძის ჩანაფიქრი იყო. წლებია ამ ბიზნესში ვართ და სულ ამისკენ ვისწრაფოდით. ჩემს თავს და ილიას მივეცი პირობა, რადაც არ უნდა დამიჯდეს გავალ ევროპის ბაზარზე-მეთქი. ევროპის ბაზარი უფრო ცივილიზებულია, უფრო მომთხოვნია და უნდა ის, რამდენზეც დადებ ხელშეკრულებას. მე მაქვს 5 მილიონი ბოლქვის მოპოვების ლიცენზია, არც ჩემს პარტნიორს და არც მე არ გვინდა ერთი ცალი ზედმეტი.

2019 წელს შევძელით და გავედით ევროპაში ნათესი ფართობებით. ვიპოვეთ პარტნიორი. პირველი წელი გაგვიჭირდა ცოტა, ახალი ურთიერთობა იყო და ნდობა გვჭირდებოდა,“ – იხსენებს მამული სურმანიძე.

მისი თქმით, ახლა ევროპაში სანდო პარტნიორი ჰყავს, რომელსაც ყოველწლიურად აწვდის თეთრყვავილას ბოლქვებს.

 

იყო პუტინის მოკვლის მცდელობა კავკასიელთა მხრიდან – უკრაინის სამხედრო დაზვერვის გენერალი

ავტორი: რომან კრავეცი

თარგმნა: თამარ რუხაძე

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი ომამდე მედიასთან იშვიათად ჩნდებოდა. გენერალ-მაიორი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ სამსახურის უფროსად 2020 წელს დანიშნა, დღეს უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ძალოვანია.

კირილო ბუდანოვი ასევე ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, ვინც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ლაპარაკობდა ღიად რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დიდ ალბათობაზე. დაზვერვის ხელმძღვანელი, მაშინ, რუსეთის სამხედრო აგრესიის ძირითად მიმართულებებსაც ასახელებდა – მისი პროგნოზები გამართლდა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ ვრცელ ინტერვიუში კირილო ბუდანოვი საუბრობს ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობაზე, იმაზე, თუ რა ხდება დღეს რუსეთის ელიტაში, შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში, რისთვის ამზადებდნენ ვიქტორ იანუკოვიჩს და როგორ დასრულდება ეს ომი.

„ბათუმელები“ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

  • ცოტა ხნის წინ, უცხოურ მედიასთან ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ ომის აქტიური ფაზა წლის ბოლოსთვის დასრულდება, აგვისტოში კი გარდამტეხი მომენტი დადგება. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, როგორ დასრულდება აქტიური ფაზა წლის ბოლოს და რა უნდა მოხდეს აგვისტოში?

მოდი, ასე ვთქვათ: აგვისტოდან, ის შეიარაღება, რომელსაც უკრაინას მიაწვდიან, მნიშვნელოვან მოცულობას მიაღწევს. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე გაკეთებული განცხადებიდან ამ შეიარაღების გამოყენებამდე რამდენიმე ეტაპი არსებობს.

პირველი – ესაა შეიარაღების ქვეყანაში შემოტანა. მეორე – ამ შეიარაღების გამოყენებას უნდა დაეფლოს შემადგენლობა. მესამე ეტაპი – უკვე მისი ბრძოლაში გამოყენებაა. ეს ყველაფერი გარკვეულ დროს იკავებს.

აგვისტოდან ეს იარაღი ბრძოლაში იქნება, ამიტომაც დადგება გარდამტეხი მომენტი.

  • რაც შეეხება აქტიური ფაზის დასრულებას, რას ნიშნავს ეს და რა იქნება შემდეგ?

აქტიური ფაზა – ეს არის აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ეს იმ რანგის ბატალიებია, რაც ახლა ხდება, როდესაც ხელიდან ხელში გადადის დასახლებული პუნქტები. ეს ფაზა შესუსტდება წლის ბოლოსთვის და თითქმის ნულამდე დავა.

  • და როგორ გაგრძელდება ომი?

ჩვენს ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლით. ამით დასრულდა ჩვენი ომი, სხვა დეტალებზე ლაპარაკი ახლა უადგილოა.

  • თქვენ ღიად ლაპარაკობდით პუტინის ავადმყოფობაზე, მართლა კიბო აქვს?

დიახ, ჩვენ სრულად ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. მას რამდენიმე მძიმე დაავადება აწუხებს, ერთ-ერთი მათ შორის კიბოა. თუმცა იმედი, რომ პუტინი ხვალ მოკვდება, ნუ გექნებათ. მას სულ მცირე რამდენიმე წელი კიდევ აქვს, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა.

  • და როგორია მისი ფსიქო-ემოციურ მდგომარეობა?

ამაზე შეიძლება ბევრი ვიდავოთ, თუ როგორ მდგომარეობაში შეიძლება იყოს დიქტატორი, რომელიც ფიქრობდა, რომ სამ დღეში მთელ ქვეყანას დაიპყრობდა და კიევის ადმინისტრაციის თავზე რუსულ დროშას ააფრიალებდა. აგერ უკვე მესამე თვეა, მისი „მსოფლიოში მეორე“ და ხანაც „პირველი“ არმია ვერ ერევა მისივე თქმით „ჩამორჩენილ უკრაინას“. ეს მისივე რიტორიკაა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ იქნება?

  • ვფიქრობ, დაბნეულია.

ასეც არის.

  • ვის აქვს დღეს წვდომა პუტინთან?

გვარების გარეშე ვიტყვი: მან ძალიან შეამცირა იმ ხალხის სია, ვისაც მასთან სიახლოვე შეუძლია. ამ სიაში ძალიან ცოტა ადამიანია, დანარჩენებთან ის დისტანციას ინარჩუნებს.

  • რუსეთის პრეზიდენტი ობიექტურ ინფორმაციას იღებს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ?

დამარცხებისა და შეცდომების აღიარების, ყველაზე მეტად, შემსრულებლებს ეშინიათ. ამიტომაც, ის საკმაოდ შეზღუდულ ინფორმაციას იღებს.

  • ამზადებს მემკვიდრეს?

ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია. თავისი მმართველობის გარკვეულ პერიოდებში, ის ამაზე ფიქრობდა და პრინციპში, როგორც ამბობენ, ფავორიტებსაც არჩევდა. ასეთი რამდენიმე ადამიანი იყო. თუმცა თუ გავითვალისწინებთ მის მანიაკალურ სინდრომებს, სავარაუდოდ, მას ეშინია მემკვიდრის, რადგან ესმის, რომ მომზადების პროცესში, მემკვიდრემ შესაძლოა, სავარძელში ჩაჯდომა იმაზე ადრე მოინდომოს, ვიდრე ეს პუტინს სურს. ამიტომაც ინარჩუნებს დისტანციას და სჯერა, რომ სამუდამოდ ხელისუფლებაში იქნება, მაგრამ ეს ასე არაა.

  • რას ნიშნავს „სამუდამოდ“, ის ხომ ავადაა, მალე 70 წლის ხდება…

გადახედეთ ХХ-ХХІ საუკუნეების ნებისმიერი დიქტატორის ისტორიას. მათმა უმრავლესობამ ერთნაირად დაამთავრა, საკუთარი სურვილით არ დაუსრულებიათ სიცოცხლე. ავიღოთ უკანასკნელი მაგალითები, სადამ ჰუსეინი, იუგოსლავიის ყოფილი დიქტატორი, ლიბიის დიქტატორი. ეს დიქტატორის კლასიკური სახეა. იყო სხვა მაგალითებიც აფრიკაში. მათ ერთნაირად დაამთავრეს და პუტინიც ასე დაამთავრებს.

  • ისტორიაში არის მაგალითები, როდესაც უახლოესმა გარემოცვამ დიქტატორის მოშორება სცადა. პუტინზე თავდასხმების შესახებ თუ იცით რამე?

დიახ, პუტინზე თავდასხმის მცდელობებიც იყო.

  • ბოლო პერიოდში? 

იყო მისი მოკვლის მცდელობა კავკასიელთა მხრიდან. ეს არაა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია. წარუმატებელი მცდელობა იყო, თუმცა იყო.

  • როდის მოხდა ეს? 

დაახლოებით ორი თვის წინ. კიდევ ერთხელ ვამბობ – უშედეგო იყო. ეს ინფორმაცია არ გახმაურებულა არსად, თუმცა ფაქტი ნამდვილად მოხდა.

  • თქვენ უკვე აღნიშნეთ, რა გეგმა ჰქონდა პუტინს თავდაპირველად, მაგრამ არ გამოუვიდა, ახლა რა გეგმა აქვს კრემლს?

საერთო ჩანაფიქრი არ შეცვლილა – პუტინს მთელი უკრაინა სჭირდება, მას არ აინტერესებს მხოლოდ ნაწილი. რა თქმა უნდა, სამთვიანი ბრძოლების შემდეგ, ისინი ცვლიან გეგმებს და უკვე ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს რუსეთში, რომ თუ ბოლომდე დაასრულებენ დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის ოკუპაციას, ეს გამარჯვებად ჩაითვალოს.

თუმცა საერთო გეგმები არ შეცვლილა, სამწუხაროდ, და არც მომავალში შეიცვლება, ვიდრე ჩვენ არ დავუსვამთ წერტილს პუტინს, რუსეთს იმ სახით, როგორითაც ის დღეს არსებობს – საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის, პირველ რიგში კი ევროპის კონტინენტისთვის, კვლავაც იარსებებს.

კირილო ბუდანოვი/”უკრაინსკა პრავდა”
  • ხერსონის ოლქს რას უპირებენ რუსები – ფსევდორეფერენდუმის ჩატარებას, რუსეთთან შეერთებას? 

მათ სამჯერ სცადეს რეფერენდუმის გამართვა და უკვე მიხვდნენ, რომ ხალხი არ მიდის რეფერენდუმზე. ხალხი არ მივა და არ მისცემს ხმას, იმ ზეწოლის ქვეშაც კი, რომელშიც ახლა არიან. ეს არ მოხდება, ამიტომ, ახლა სხვა ვარიანტებზე ფიქრობენ, რეფერენდუმის გარეშე.

  • კონკრეტულად?

უბრალოდ, თუნდაც დროებითი მთავრობის მიმართვის საფუძველზე.

უნდათ, რომ ხერსონის ტავრიდის გუბერნია დაარქვან. უფრო სწორად, ეს იქნება დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა. ხერსონის ოლქი ოდესღაც, მეფის რუსეთის დროს, იყო ხერსონის გუბერნია, რომელსაც ადმინისტრაციული ცენტრი სიმფეროპოლში ჰქონდა. ამის აღდგენა უნდათ.

ეს ერთ-ერთი ძირითადი ვარიანტია, რომ ხერსონი შეუერთონ ყირიმს და შეიყვანონ რუსეთის შემადგენლობაში, როგორც ტავრიდის გუბერნია. ხალხის აზრი მათ სრულიად არ აინტერესებთ.

  • როდესაც ხერსონის ოლქის ოკუპაცია დაიწყო, ხალხი მასობრივად გამოდიოდა და აპროტესტებდა ამას. ეს ტენდენცია გაგრძელდება თუ მოსკოვი ეცდება ამ ხალხის რუსეთის ტერიტორიაზე გაყვანას, როგორც ამას საბჭოთა დროს აკეთებდა?

პირველ რიგში, თქვენ თავადვე უპასუხეთ თქვენს კითხვას. მეორეც, სამწუხაროდ, რაც უფრო დიდხანს იქნება ნებისმიერი ტერიტორია ოკუპირებული, მით ნაკლები ადამიანი ეცდება გამოხატოს წინააღმდეგობა ღიად. მოგვწონს თუ არა, ეს ობიექტური რეალობაა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილისთვის. ცხადია, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან, გააგრძელებენ პროტესტსა და წინააღმდეგობას.

  • ადრე თქვენ აცხადებდით, რომ რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება…

მე თქვენთვის არასდროს მითქვამს, რომ რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება.

  • მე დასავლურ მედიასთან თქვენს ნათქვამს ვგულისხმობ…

ცოტა არ იყოს, ცვლით ჩემს ნათქვამს. მე მკითხეს, შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში, მე მაშინ განვმარტე, რომ უკმაყოფილება გაიზრდება, თუმცა რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილება, იქ, არც არასდროს აინტერესებდათ და არც ახლა დააინტერესებთ.

რაც შეეხება ახლო გარემოცვას, რომელიც ფინანსურ საყრდენს წარმოადგენს და რომელმაც უკვე ბევრი დაკარგა ამ ომის გამო, აი, ისინი კი ეძებენ სიტუაციიდან გამოსავალს. ყველაზე იოლი გამოსავალი მათთვის  პუტინის ვინმეთი შეცვლაა.

და ყველაფერში არა რუსეთის, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის, პუტინის, დადანაშაულება. თქმა, რომ ის ავადმყოფი დიქტატორი იყო, მოგვიხსენით სანქციები, მოგვიხსენით შეზღუდვები, დავიწყებთ ხელახლა ცხოვრებას, ყველაფერში დამნაშავეა ის და არა რუსეთი.

  • თქვენ გჯერათ, რომ რუსეთში შესაძლებელია გადატრიალება?

სახელმწიფო გადატრიალება? ღიად ეს არარეალურია.

  • ფარულად?

ფარულად – კი.

  • მაშინ ასე გკითხავთ: რუსეთის პოლიტიკურ და ბიზნესელიტაში ვინ ემხრობა ომს და ვინაა წინააღმდეგი?

თავს ავარიდებ ამაზე პასუხს, ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება გვარების დასახლება, თუმცა კატეგორიებად დაყოფა შემიძლია. სამხედროები – პრინციპში მხარს უჭერენ ომს, თუმცა ამავე დროს, საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების დიდი სურვილითაც არ იწვიან, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ. რამდენიც უნდა იცრუოს პროპაგანდამ, სამხედროებმა იციან თავიანთი რეალური დანაკარგები.

ეს პირველი. მეორე კატეგორიაა სპეცსამსახურები. მათი გარკვეული ნაწილი, თავდაპირველად, ამ „ოპერაციას“ მხარს უჭერდა, რათა დაემალათ ის უზარმაზარი დანახარჯები, რომლებიც უკრაინაში პრორუსული განწყობების ფორმირებაზე გაიფლანგა. ეს დიდი ფინანსები იყო. თავიანთი ჩავარდნები რომ დაეფარათ, ისინიც მხარს უჭერდნენ საომარი მოქმედებების დაწყებას იმ იმედით, რომ როგორც ამბობენ, ომი ყველაფერს ჩამოწერს.

გარდა ამისა, მათ მართლა სჯეროდათ, რომ სამ დღეში კიევს აიღებდნენ, მეათე დღეს კი მთელ საომარ ოპერაციას დაასრულებდნენ. ეს მათი ოცნება იყო, მაგრამ ვერ აიხდინეს.

შემდეგი ბიზნესია – მას, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმის ზარალი. ისინი სრულიად წინააღმდეგნი არიან და ძალიან უნდათ, ყველაფერი დამთავრდეს. როგორც ამბობენ, ისინი ეგზისტენციალურად არ ეთანხმებიან იმას, რაც აქ ხდება, იმ საშინელებებს, რასაც რუსები სჩადიან. საქმე იმაშია, რომ ისინი საკმაოდ პრაგმატულად უყურებენ ომს. ისინი კარგავენ ფულს, დიდ ფულს, ამიტომაც არიან წინააღმდეგნი, თუმცა პუტინისთვის ამის ღიად თქმას ვერ ბედავენ. ერთმანეთში ლაპარაკობენ. ასეთი საუბრებია ბიზნესსა და ძალოვნებს შორის, ბიზნესსა და პოლიტიკოსებს შორის.

  • რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი – ის უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებშია ჩართული. რა პოზიციას იკავებს და რა როლი აქვს მას ამ მოლაპარაკებებში?

კომუნიკატორის.

  • ვის და ვის შორის?

ჩვენ მხარესა და მათ მხარეს შორის. ის არის კომუნიკატორი, არაფერი მეტი ან ნაკლები.

  • ჩვენი წყაროების ცნობით, აბრამოვიჩი მნიშვნელოვანია იმით, რომ მას პირდაპირ შეუძლია ელაპარაკოს პუტინს და შიშის გარეშე, შეულამაზებლად უთხრას, თუ რა ხდება მოლაპარაკებებზე. ეს მართალია?

თქვენი წყაროების ვარაუდის კომენტირებისგან თავს შევიკავებ. ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კირილო ბუდანოვი სამხედრო დაზვერვის უფროსად 2020 წელს დანიშნა/ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
  • დავუბრუნდეთ ომის დასაწყისს. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში აცხადებდით, რომ იანვარ-თებერვალში პუტინს შეიძლებოდა ფართომასშტაბიანი ომი დაეწყო. როგორ გეგმავდა ის ამ ომს?

როგორც გეგმავდა, ისეც დაიწყო. მას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა. გეუბნებით, როგორც დაზვერვის წარმომადგენელი – მას ჰქონდა სრულიად რეალური ვარიანტები, რომლებიც შეიძლებოდა ჩვენთვის ძალიან ცუდად დასრულებულიყო, საკმაოდ მოკლე ხანში. ასევე, ჰქონდა სრულიად უგუნური, როგორც ამბობენ, მხეცური ვარიანტი – ღია აგრესია. იყვნენ ადამიანები, ვინც ეუბნებოდა, რომ ღია აგრესიის ვარიანტი ყოველთვის არსებობდა, თუმცა ის არ იყო საუკეთესო. და აი, ნამდვილი რუსული ტრადიციისამებრ, ყველა კარგი და ცუდი ვარიანტიდან, რუსი მეფე ყოველთვის ირჩევს უარესს. მანაც იგივე გააკეთა.

  • რამდენიმე დღეში უნდოდა კიევის აღება და მერე რა უნდა მომხდარიყო?

მისი გეგმის ძირითადი ასპექტი ეგ იყო, რომ მესამე დღეს აეღო კიევის ადმინისტრაცია, ხოლო არაუგვიანეს მეათე დღისა, დაესრულებინა აქტიური საომარი ფაზა, ანუ მთლიანად გაენადგურებინა წინააღმდეგობა. მას ამის სჯეროდა.

  • უკრაინის მთელ ტერიტორიაზე?

დნეპრამდე. ამის იქით მას უკვე ნაკლებად აინტერესებდა, რადგან ფიქრობდა, რომ იქით წინააღმდეგობა არ იქნებოდა და ყველაფერი ავტომატურად დასრულდებოდა. უნდა დაესვა უკრაინის ახალი მმართველი, რომელიც პუტინისთვის სასურველ პოლიტიკას გაატარებდა.

  • კრემლი იანუკოვიჩის დაბრუნებას აპირებდა.

ხომ იცით, რომ ცოტა ახლოსაც კი მოიყვანეს.

  • მინსკში?

დიახ. იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი არ უნდა გამხდარიყო, თუ გაინტერესებთ, თუმცა მათ მისი გამოყენება სურდათ, ასევ ვთქვათ, პროცესის ლეგიტიმაციისთვის, როგორც დროებითი ხელისუფლების. მათ რატომღაც სჯეროდათ, რომ უკრაინელი ხალხი იანუკოვიჩს უფრო მიიღებდა, ვიდრეს ვინმე სხვას.

მაგრამ ხომ გითხარით, ყველა დანარჩენი ვარიანტიდან პუტინმა ამ ოპერაციის ყველაზე უგუნური და სასტიკი ვერსია აირჩია.

  • ეს პირადად პუტინის გადაწყვეტილება იყო?

მან გადაწყვეტილება პირადად მიიღო, მინდა ხაზი გავუსვა ამას. არავის ჰქონია სერიოზული გავლენა ამ გადაწყვეტილებაზე. მეტსაც გეტყვით, ომის დაწყების დღეს ის პირადად გავიდა კავშირზე ყველა დანაყოფის მეთაურთან, მოისმინა ფორმალური ანგარიში მზადყოფნაზე და ფორმალურად, პირადად გასცა საომარი აგრესიის დაწყების ბრძანება.

ის – ავადაა, ეს უნდა გესმოდეთ, ისაა ადამიანი, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული სიმბოლოებზე, თარიღებზე.

  • თქვენ თქვით, რომ უკეთესი ვარიანტები ჰქონდა, რომლები?

არაა საჭირო, მივცეთ შანსი, გაიმეოროს ის, რისი გაკეთებაც შეეძლო.

  • მან ხომ ისედაც იცის, მისთვის ეს სიახლე არ იქნება.

მან იცის, და დაე, მასთანვე დარჩეს. იყო ჰიბრიდული მეთოდები, როგორ უნდა გაკეთებულიყო ყველაფერი.

  • საინფორმაციო?

ჰიბრიდული. ესაა აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და საინფორმაციო პოლიტიკის კომბინაცია. არსი მარტივია: ის ძალიან მაღლა წევს ტემპერატურას დონეცკსა და ლუგანსკში და იწყებს მოლაპარაკებების პროცესს. ამ პროცესის განმავლობაში, კიდევ უფრო წევს ტემპერატურას, ახორციელებს რამდენიმე დარტყმას კონკრეტულ ობიექტებზე უკრაინის მასშტაბით და ქმნის ქაოსს ქვეყნის შიგნით. ასეთი ზეწოლის პირობებში, აიძულებდა უკრაინას, მის პირობებზე დათანხმებულიყო.

ეს გაცილებით ლოგიკური იყო, მაგრამ მაინც და მაინც პირდაპირი აგრესია აირჩია. რატომ? სავარაუდოდ, იმიტომ, რატომაც დიქტატორები იქცევიან ასე – მას სჯეროდა, რომ რაიმე არჩევანს აკეთებს არა იმიტომ, რომ ის კარგია ან ცუდი, არამედ იმიტომ, რომ მას ეს შეუძლია. ამიტომაც მოიქცა ასე.

  • თქვენ იცოდით, რომ ომი იქნებოდა…

ხომ გეუბნებით, ზუსტი რიცხვიც ვიცოდით. რასაც პრესას აძლევენ, ეს არაა ყოველთვის ის ინფორმაცია, რაც დახურული არხებით მოდის.

  • იცოდით ზუსტი თარიღიც. პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოახსენეთ ამის შესახებ?

რასაკვირველია.

  • როგორი იყო რეაქცია?

როგორც ხედავთ, უკრაინამ თავი შეიკავა. ესე იგი, რეაქცია იყო.

  • მაშინ, რატომ არავინ მოამზადა საზოგადოება ამ ომისთვის?

საზოგადოებას ამზადებდნენ ამ ომისთვის, თუმცა მთავარი იყო, რომ არ ყოფილიყო პანიკა. სწორედ ამას მივაღწიეთ.

  • 24 თებერვალს პანიკა მაინც იყო…

უნდა გესმოდეთ, რომ როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, ის ემზადება თუ არ ემზადება ომისთვის, ბომბების ცვენა იწყება, საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც გაკვირვებულია, მოდი, ასე დავარქვათ ამას.

  • ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტის ომამდელი განცხადებები, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ არაა საჭირო პანიკა

ასე გიპასუხებთ. პირველი – არის დახურული ტიპის ინფორმაცია და არის ყველასთვის ღია ინფორმაცია. ეს ინფორმაციის ორი სრულიად სხვადასხვა კატეგორიაა. მეორე – პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების დაწყებაზე 23 თებერვალს, 15:00 საათზე მიიღო. 23-ში, სადილამდე, ჯერ კიდევ იყო ეჭვები, მზადება და ასე შემდეგ. ამ რიცხვამდე მას შეეძლო ნებისმიერი ვარიანტი გამოეყენებინა. ამაზე დაყრდნობით და ასევე იმ მიზნით, რომ არ ყოფილიყო ნაადრევი პანიკა, რაც სწორედაც რომ რუსეთის ინტერესებში შედიოდა, არ ყოფილიყო ვალუტის კურსის ძლიერი რყევა, კაპიტალის გადინება, შენარჩუნებულიყო საინვესტიციო კლიმატი, ეკონომიკური ასპექტები, საჭირო იყო სიტუაციის კონტროლი. ასეც მოხდა.

  • მაშინ პირდაპირ გკითხავთრატომ ვერ შევინარჩუნეთ ხერსონი?

ეს ღია კითხვაა და მას სერიოზული გამოძიება სჭირდება. ომის დასრულების შემდეგ.

  • ბოლო შეკითხვებზე გადავიდეთ. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს სრულმასშტაბიანი ომი?

როგორც უკვე გითხარით, აქტიური ფაზა უნდა წავიდეს ბოლოსკენ წლის დასასრულს. რუსეთს ნორმალური ომის საწარმოებლად 12 თვის რესურსი აქვს.

  • და როგორ შეიძლება ეს ომი დასრულდეს უკრაინისთვის?

ის დასრულდება ერთადერთი გზით: ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით.

  • ყირიმის ჩათვლით?

რასაკვირველია. და თქვენ რა, ყირიმი ოკუპირებულად არ მიგაჩნიათ?

  • უდავოდ. თუმცა მე ვაზუსტებ ამ საკითხს, რადგან სხვა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისგან განსხვავებით, რუსეთმა ყირიმი შეიერთა.

და ვინ აღიარებს ამას?

  • არც არავინ, რუსეთის გარდა.

ისინი აღიარებენ. დაე, ასე იყოს. შეუძლიათ არ აღიარონ, რომ ჩვენ მას დავიბრუნებთ.

  • თუ სწორად გავიგე, წლის ბოლომდე ყირიმს დავიბრუნებთ?

წლის ბოლომდე, ჩვენ, სულ მცირე, უნდა შევიდეთ ყირიმის ტერიტორიაზე.

  • მაშინ, როგორ დასრულდება ეს ომი რუსეთისთვის?

ორი ვარიანტია: პირველი – პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებით და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის ფორმალური შენარჩუნებით, ხაზს ვუსვამ – ფორმალური.

ამ ვარიანტში, ყველა დაადანაშაულებს პირადად პუტინს და მის ახლო გარემოცვას და იტყვიან, რომ რუსეთი არაფერ შუშია.

გაიყვანენ ჯარებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან. ეს ტერიტორიები დაუბრუნდება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეკუთვნით  – საქართველოს, იაპონიას, გერმანიას და სხვ.

რუსეთი დაიწყებს არსებობას, როგორც ცივილიზებული სახელმწიფო. ხელახლა არსებობას, ასე ვთქვათ. გარკვეული დროის განმავლობაში, ეს იმუშავებს, დანარჩენს უკვე ისტორია აჩვენებს.

მეორე ვარიანტია – რუსეთის დაშლა სამ ან ოთხ ნაწილად.

  • კერძოდ?

რუსეთი შეიძლება დაიშალოს სამ ან მეტ ნაწილად, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

მთავარი ფოტო: კირილო ბუდანოვი/”უკრაინსკა პრავდა”

______

გაიგე, როგორ შეგიძლია დაეხმარო უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“, რომელმაც ეს ინტერვიუ მოამზადა და სხვა უკრაინულ გამოცემებს: 

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

მალე გაკვეთილებსაც სამინისტრო ჩაატარებს – განათლების სპეციალისტი მასწავლებლის არჩევის წესზე

„ასე გამოდის, არ ვენდობით არავის. ფაქტობრივად, სამინისტრო არჩევს მასწავლებელსაც კი. მალე სამინისტრო იქნება სკოლები და გაკვეთილებსაც სამინისტრო ჩაატარებს“, – ასე აფასებს განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე „ბათუმელებთან“ განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივას, რომელიც სკოლებში მასწავლებლის დასაქმების ახალ წესს ეხება. ის ინტერვიუში იმ მექანიზმებზეც საუბრობს, რაც სკოლის დეცენტრალიზაციას გაზრდიდა და არ გააძლიერებდა ცენტრალურ ვერტიკალს.

მოდით, დავიწყოთ აქედან, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? სავარაუდოდ, ეს გამოიწვია იმან, რომ სკოლებში მასწავლებლების შერჩევა არ ხდება გამჭვირვალედ, არამედ ადგილი აქვს ნეპოტიზმს.

მასწავლებლის პროფესიაში შესვლა რომ არ ხდება რეალურად კონკურენციისა და გამჭვირვალობის პირობებში, ამაზე მეტყველებდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, როცა საცდელად შეიტანეს განაცხადი რამდენიმე სკოლაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, ძალიან სერიოზული რეზიუმეთი, თუმცა არც კი დაუკავშირდნენ სკოლებიდან.

განსაკუთრებით სერიოზულია პრობლემა რეგიონებში, სადაც სკოლის დირექტორებისთვის სკოლა გადაიქცა საკუთარი საახლობლოს და სანათესავოს დანიშვნის მექანიზმად, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში, სადაც ჩვენ გვყავს ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლები, რომლებმაც არ იციან ქართული.

ამავე დროს, „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“ აქვს პროგრამა, რომელიც არაქართულენოვან სკოლებს სთავაზობს დახმარებას. სკოლას შეუძლია მოითხოვოს ქართული ენის კვალიფიციური მასწავლებელი, თუმცა სკოლებისგან მოთხოვნა არ მოდის. იმიტომ, რომ ამ თანამდებობებზე ჰყავთ კადრები, რომლებიც არიან მათი ნათესავები.

პრობლემაა ისიც, თუ როგორ ხდება რეაგირება ამ პრობლემაზე, რადგან სამინისტრომ  ამის მოსაგვარებლად შექმნა დამატებითი ბიუროკრატიული მექანიზმი, როცა მასწავლებლის შერჩევაში სამინისტროს, რესურსცენტრის და პროფკავშირის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას და ეს არის სავალდებულო. იმის ნაცვლად, რომ სისტემის გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ, თუ როგორ ავირჩიოთ გამჭვირვალედ მასწავლებლები.

მეორე მხრივ კი, გვყავდეს ისეთი დირექტორები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე და არა ნეპოტიზმზე – ნათესავის და შინაურის აყვანაზე; გვქონდეს ისეთი ანგარიშვალდებულების სისტემა, როცა დირექტორის ინტერესი იქნება კვალიფიციური მასწავლებლის შერჩევა, რომ დირექტორი იყოს ანგარიშვალდებული სკოლის, თემის და სამინისტროს წინაშე, ვაძლიერებთ ცენტრალიზებულ კონტროლს, ანგარიშვალდებულების სისტემების შექმნის ნაცვლად ვქმნით სისტემას, სადაც მასწავლებელსაც კი სამინისტრო აარჩევს.

არ ვენდობით არავის, ამიტომ სამინისტრო აკეთებს ყველაფერს. გამოდის, რომ მალე სამინისტრო იქნება სკოლები, გაკვეთილებსაც სამინისტრო ჩაატარებს და ყველა სკოლას სამინისტრო მართავს.

რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება აზარალებს მთელ სისტემას, ნაცვლად იმისა, რომ შევქმნათ ჯანსაღი, გამართული, ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სკოლის მართვის მოდელი. დირექტორის კვალიფიკაციის ამაღლებისა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერების ნაცვლად ყველა ფუნქცია ამოგვაქვს ზემოთ – სამინისტროში. ჩემთვის წარმოუდგენელია ეს.

სკოლები ისედაც არ იკლავენ თავს ვაკანსიების გამოცხადებით, რადგან, ზოგადად, სისტემიდან არ არის დიდი გასვლა და ამაზე ცალკე შეიძლება საუბარი, რადგან ჩვენ კიდევ გვყავს საპენსიო ასაკის პედაგოგები. ამ პირობებში შეუძლებელია კადრების განახლება და მეორე მხრივ, მიუღებელია ამ ფორმატით ასე რეაგირება პრობლემაზე.

  • სამინისტრო ბოლო წლებში ხშირად იმეორებდა, რომ „სკოლას უნდა ვენდოთ“. საკმაოდ ბევრი თანხა დაიხარჯა სკოლის ლიდერობის პროექტზე, რომელსაც თანამედროვე დირექტორები უნდა მოემზადებინა. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ სამინისტრო მაინც არ ენდობა დირექტორებს. ეს მხოლოდ დირექტორის პრობლემაა თუ იმის, რომ თვითონ დირექტორები ინიშნებიან ან პოლიტიკური, ან ნეპოტიზმის ნიშნით?

ლიდერობის პროგრამაზე დაიხარჯა გარკვეული ფინანსები, თუმცა რეალურად, ეს არ ყოფილა დირექტორების პროფესიული განვითარების უწყვეტი პროცესი.

არც ერთიანი ხედვა ჰქონია სამინისტროს, თუ როგორი დირექტორი გვჭირდება, როგორ ვაფასებთ მას, მის პროფესიულ განვითარებას, რა ტიპის ავტონომიურობას ვანიჭებთ, რა ტიპის ანგარიშვალდებულების სქემა გვაქვს ან მხარდაჭერის სისტემა. ეს ყველაფერი არ იყო გააზრებული და რაც არ უნდა ტრენინგები უტარო დირექტორს, რომელიც შეზღუდულია გარკვეულ უფლებებში და არც კომპეტენცია გააჩნია, შედეგს ვერ მოიტანს.

გარდა ამისა, თუკი დირექტორს არ აქვს ანგარიშვალდებულება მოსწავლეების შედეგებზე, რა თქმა უნდა, ის ორიენტირებული იქნება პირად კეთილდღეობაზე ამ შემთხვევაში.

ამიტომ მნიშვნელოვანია მთლიანობაში გავიაზროთ ეს საკითხი და არა ის, რომ თურმე მასწავლებლების შერჩევა გაუმჭვირვალედ ხდება, ახლა სამინისტრო თავის კადრებს ჩასვამს კომისიაში და ეს გადაჭრის პრობლემას.

რეალურად, ეს ამახინჯებს ისედაც შესაცვლელ სისტემას, რომელიც პირიქით, უნდა გაკეთილშობილდეს და წავიდეთ ამ მიმართულებით და არა უარესისკენ.

  • რეალურად, როგორი უნდა ყოფილიყო რეაგირება ნეპოტიზმზე? როგორია ევროპული გამოცდილება ამ მხრივ?

გააჩნია, დეცენტრალიზაციის რა დონეზე ვსაუბრობთ. იგივე აშშ-ში მასწავლებლის შერჩევაში სასკოლო ოლქი მონაწილეობს, რომელიც პასუხისმგებელია მთელ მის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სკოლაზე. სასკოლო ოლქი დაახლოებით ისეთივე სტრუქტურაა, როგორიც ჩვენთან რესურსცენტრები. უბრალოდ, დეცენტრალიზაციის მექანიზმი გადასულია ოლქის დონეზე. სამეურვეო საბჭო ჰყავს სასკოლო ოლქს და არა – სკოლას. ფინანსურ გადაწყვეტილებებსაც იღებს სასკოლო ოლქი, ამიტომ ერევა მასწავლებლის შერჩევაშიც სკოლის დონეზე.

თუმცა აქ მთავარი გამოცდილება არის სწორედ ის, რომ სკოლები ავტონომიურები არიან ზოგადად. ხელმძღვანელს არანაირი ინტერესი არ აქვს, არაკვალიფიციური კადრი აიყვანოს. მისი ინტერესია ყველაზე კვალიფიციური კადრის მოძიება, რადგან ანგარიშვალდებულია როგორც საბჭოს, მშობლების და თუნდაც ფედერალური თუ ცენტრალური მთავრობის წინაშე. ეს მექანიზმები უწყობს ხელს იმას, რომ სკოლა დაინტერესებულია კვალიფიციური კადრების დასაქმებით და არა ნათესავის ან ახლობლის.

ასევე, არსებობს სერიოზული მხარდამჭერი მექანიზმები სკოლისთვის, რომელიც ეხმარება მას ამ ავტონომიურობაში, რომ სკოლის დირექტორმა თავისი მოვალეობები სრულყოფილად შეასრულოს.

ჩვენთან გვაქვს სხვა სისტემა. გვყავს დანიშნული, არაკვალიფიციური, არასერტიფიცირებული დირექტორები, რომელთაც განათლების სამინისტრო არ ენდობა, მაგრამ მაინც თვითონ ნიშნავს. შესაბამისად, არც დირექტორია სკოლის და თემის წინაშე ანგარიშვალდებული. ყველაფერი ამოდის ზევით, სამინისტროსთან, რომელიც თბილისში წყვეტს ყველაფერს. სრულად დამახინჯებული სისტემაა.

  • სამეურვეო საბჭოებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, რეალურად აღარ არსებობს?

ახლა ახალი არჩევნები უნდა იყოს საბჭოების, თუმცა ეს საბჭოები ზოგადად, სკოლების უმრავლესობაში არაეფექტურია და ფორმალურ ხასიათს რომ ატარებს, ამაზე სამინისტროშიც კი აღარ კამათობენ.

სამეურვეო საბჭოები აღარ არის იმ ფუნქციის მატარებელი, რითაც შესაძლებელია პასუხისმგებლობის ან ანგარიშვალდებულების შექმნა დირექტორისთვის.

  • სოციალურ ქსელებში განხილვისას ზოგიერთი მასწავლებელი ამბობდა, რომ ახალი ცვლილება დაასრულებს დირექტორის მხრიდან ნეპოტიზს, მაგრამ ახლა სამინისტრო დაიწყებს მისთვის სასურველი კადრების დასაქმებასო. არის ამის რისკები?

პროგნოზირება ცოტა მიჭირს, რადგან ამის ადმინისტრირების პროცესიც რთულად წარმომიდგენია, რადგან ყველა უწყებას თავისი წარმომადგენელი ეყოლება და ყველას ერთიანად მოსყიდვა ცოტა რთულად წარმოსადგენი პროცესია. თუმცა კონკრეტული მასწავლებლების შემთხვევაში რამდენად თავისუფალი იქნება ეს პროცესი პოლიტიკური გავლენებისგან, არ ვიცი.

თუმცა არსობრივი პრობლემა თვითონ ამ სტრუქტურაშია, რა ფორმითაც ვირჩევთ მასწავლებლებს და არა იმაში, რომ მაინც და მაინც ნეპოტისტური იქნება.

  • ეს ცვლილება აჩვენებს თუ არა იმას, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ სკოლის ავტონომიურობისკენ გადადგა აქამდე, არის ფუჭი?

რეალურად, ასეთი ნაბიჯები დიდად არც გადადგმულა, თუ არ ჩავთვლით „ახალი სკოლის მოდელს“ და მის იდეას. ამ პროცესში მეც ვიყავი ჩართული და სამინისტროს სურვილის დონეზე აქვს გაცხადებული, რომ სკოლას ჰქონდეს მეტი ავტონომია, თუმცა ეს სურვილი რეალიზებული არ არის. არც დაწყებულა.

ამ კონტექსტში თუ ვიტყვით, რა თქმა უნდა, სამინისტროს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, იმ ხედვის საწინააღმდეგოა, რაც დეცენტრალიზაციას ახლავს.

თუმცა სამინისტროშიც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ჯგუფია, რომლებიც არ არიან ერთიან პოზიციაზე შეჯერებული. არის ჯგუფი, რომელიც მომხრეა სკოლის დეცენტრალიზაციის, არის ისეთი ჯგუფიც, რომელიც კონტროლის მომხრეა.

ამ ჯგუფებიდან რომელს მეტი გავლენა აქვს გადაწყვეტილების მიღებისას, ჩემთვის რთული სათქმელია.

_______________________

ამავე თემაზე:

მასწავლებლის დასაქმების ახალი წესი – კომისიის 5 წევრიდან 4 სამინისტროს წარმომადგენელი იქნება

„დიახაც, პუტინ ხუილო“ – მოსამართლესთან გაიმეორეს გინება, რისთვისაც 24 ოპოზიციონერი დააკავეს

„გინება სადაა?“- რამდენჯერმე გაუმეორეს კითხვა ოპოზიციონერებმა სამართალდამცველ ვიტალი ზოიძეს, რომელმაც „6 მაისის აქციის დაშლის საქმეზე“ მოსამართლეს სამხრე კამერების ჩანაწერები აჩვენა.

შსს-ს მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში არ ისმის იმ ადამიანების გინება, ვინც სწორედ „უმისამართო გინებისა“ და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს.

საუბარია 6 მაისს ბათუმში მოწყობილ ანტისაოკუპაციო აქციაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. 6 მაისს, ღამით, პოლიციელებმა კარვები დაშალეს და აქციის 24 მონაწილე დააკავეს, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

„პუტინს ისევ შევაგინებ“ – გინება არა, თუმცა გინების შესახებ ეს ისმის მხოლოდ შსს-ს მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში. ეს ფრაზა კი, ბათუმის საკრებულოს წევრს, რეზო ხარაზს უთქვამს დაკავებამდე.

„დიახაც, პუტინ ხუილო და რუსკი კარაბლ იდი ნა ხუი, ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა,” – შეზღუდვის გარეშე გაიმეორა ეს ფრაზები მირდატ ქამადაძემ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის წინაშეც. მირდატ ქამადაძე ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში და ის სასამართლო სხდომაზე, როგორც იურისტი, დაკავებულების ინტერესებს იცავს.

მირდატ ქამადაძე შსს-ს იურისტს, თეა ლაღიძეს მიუბრუნდა, რომელიც ვიდეოების ნახვამდე ამბობდა, რომ აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს და მნიშვნელობა არ აქვს, ვის შეაგინეს დაკავებულებმა.

„გეთანხმებით, რომ თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მაგრამ ერთი ფაქტი წარმოგედგინათ მაინც, ვის უფლებას ვარღვევდით? ვინმემ მოგმართათ იქვე სახლიდან ან სასტუმროდან, რომ ჩვენ დავურღვიეთ მყუდროება?“ – ჰკითხა შსს-ს წარმომადგენელს მირდატ ქამადაძემ და მოსამართლეს მოსთხოვა ადმინისტრაციული საქმისწარმოება მოწმეების დაკითხვამდე შეეწყვიტა.

„ჩანს, რომ პოლიციელები რასაც აკეთებენ, არის სიცრუე. რომელი პოლიციელის ჩვენება იქნება ახლა იმაზე უფრო სარწმუნო, ვიდრე ეს ვიდეოჩანაწერებია?“ – მოსამართლეს მიმართა მირდატ ქამადაძემ, თუმცა მან ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზეც უარი თქვა.

„მოვისმენთ ყველა პოზიციას და შემდეგ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას“, – დამაჯერებლად სცადა ამის თქმა მოსამართლემ.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოწმის სახით დაეკითხათ დავით ათაბეგაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

„ის იქ იყო, როგორც ხელმძღვანელი პირი და მითითებებს აძლევდა,“ – ამ არგუმენტით მოსამართლემ მიიჩნია, რატომ არაა თითქოს მნიშვნელოვანი პოლიციის მაღალჩინოსნებმა კითხვებს უპასუხონ.

„ბადრაგირების დროს არ იყო გაძალიანება,“ – აღნიშნა სამართალდამცველმა ვიტალი ზოიძემ. – „მაგრამ როცა აქციაზე მონაწილეთა რაოდენობა მცირდება, პოლიცია ვალდებულია, იმოქმედოს“.

„რატომ იყო ეს საპროტესტო აქცია? მე ანტისაოკუპაციო აქციაზე ვიყავი მისული,“ – მიმართა პოლიციელებს მამუკა ქობულაძემ, ისიც ბათუმის საკრებულოს წევრია ენმ-დან და სიტყვა ითხოვა.

„სკოლაში ისტორიას ვასწავლი და სამოქალაქო განათლებას. ყველა გაკვეთილს ვიწყებ და ვამთავრებ ამ ფრაზით: „რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ქვეყნის მტერი“. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, მათ შორის, იმ მოსამართლეებმაც, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებენ,“ – მოსამართლეს გახედა მამუკა ქობულაძემ, პაუზის შემდეგ კი, დასძინა, – იმედია, „ალტ-ინფოებად“ არ გადავიქცევით ყველაო.

საინტერესო საკითხი გააქტიურდა ერთ-ერთ მოწმესთან, დავით გვარჯალაძესთან. ის სამთავრობო დაცვაში მუშაობს და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობას იცავს, სადაც პოლიციელებმა 6 მაისის ღამით აქცია დაშალეს.

„კარვების დაშლამდე იქ ლამპიონები ჩაქრა, რატომ მოხდა ასე, თქვენი ინფორმაციით?“ – ჰკითხა მოწმეს მირდატ ქამადაძემ.

„ამის გადამოწმების დრო არ იყო, შიგ შენობაში იყო შუქი,“ – დაბნეულობა დაეტყო სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელს.

„კარავი ედგა გზის სავალ ნაწილზე და მოვუწოდებდი, რომ გადაეტანა კარავი,“ – უთხრა მოსამართლეს პოლიციელმა კახაბერ სხალაძემ, რომელსაც დაეტყო, სასამართლო სხდომამდე რომ საგანგებოდ ემზადებოდა ჩვენებისთვის. ის სწრაფად მოჰყვა, რა ხდებოდა 6 მაისის ღამით.

„მაქ მძიმე დასვი,“ – სასამართლო დარბაზიდან ამ წამოძახილს სიცილი მოჰყვა.

„თქვენ ხომ ხელვაჩაურში მუშაობთ, რა გინდოდათ ბათუმში?“ – ჰკითხა ისევ მირდატ ქამადაძემ პოლიციელს.

„გამომიძახეს,“- მოკლედ თქვა მოწმემ. მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს შეაგინეს.

„ცრუპენტელა ხართ, თქვენ არ უნდა გეცვათ პოლიციელის ფორმა,“- გაცხარდა მირდატ ქამადაძე და ვიდრე მოსამართლე რამეს იტყოდა, თავად დატოვა დარბაზი რამდენიმე წუთით, წყალს დავლევო.

ჩვენება მისცა სასამართლოს პოლიციელმა  რეზო ხარაზმაც.

„ვის იცნობთ აქედან და რა მოხდა, თქვენ რა ნახეთ?“ – ჰკითხა მოსამართლემ პოლიციელს. მან თქვა, რომ ყველას იცნობს, განსაკუთრებით კი, თავის ბიძაშვილს – რეზო ხარაზს, ბათუმის საკრებულოს წევრს ენმ-დან.

„ერთი ვართ ჩვენ,“ – გაღიმება სცადა პოლიციელმა.

„რას სჩადიოდა თქვენი ნათესავი?“ – მოსამართლე პოლიციელს მიუბრუნდა.

„არ დამინახავს, მე ვეხმარებოდი მხოლოდ ლაშა კომახიძეს, რომელსაც კარავი ჰქონდა გაშლილი სავალ ნაწილზე, დააკავეს და ვეხმარებოდი, რომ მანქანამდე მიეყვანათ,“ – თქვა რეზო ხარაზმა.

სხვა მოწმე პოლიციელებისგან განსხვავებით, რეზო ხარაზმა თქვა, რომ გინება არ გაუგონია, თუმცა გაიგონა, რომ აქციაზე პოლიციელებს „მონებს“ და „ზონდერებს“ უწოდებდნენ.

„თქვენსა და ჩემს შორის შედგა დიალოგი დაკავებამდე?“ – ჰკითხა პოლიციელს ლაშა კომახიძემ. ის ქობულეთის საკრებულოს წევრია ენმ-დან.

პოლიციელის მტკიცებით, მას ლაშა კომახიძისთვის არაფერი უთქვამს.

„ვიდეოს გაყურებინებთ, თქვენ მეუბნებით, რა ჩესტებს ითხოვო,“ – გაცხარდა ლაშა კომახიძეც.

„ეს არაა სიმართლე,“ – თქვა პოლიციელმა.

„პირადი ლანძღვა-გინება არ ყოფილა, მონებს გვეძახდნენ,“ – უთხრა მოსამართლეს კიდევ ერთმა პოლიციელმა, ოთარ ბასილაძემ.

თითოეულ მოწმეს მირდატ ქამადაძემ სთხოვა ეთქვათ, რომელი კანონის საფუძველზე მოსთხოვეს აქციის მონაწილეებს კარვების გადატანა. პოლიციელებმა ეს ვერ განმარტეს.

მოწმეთა გამოკითხვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

____

ამავე თემაზე:

„ჩაქუჩი დაბლა“ – მოსამართლე გოგუაძემ დაკავებული 24 ოპოზიციონერის საქმის განხილვა შეწყვიტა 

პოდოლიაკის პასუხი „დავოსის პანიკიორებს“ უკრაინის მიწის დათმობის მოწოდებაზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, კრიტიკულად ეხმაურება დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიებს. როგორც ჩანს, პოდოლიაკის განსაკუთრებული გაღიზიანება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, 98 წლის ვეტერანი დიპლომატის, ჰენრი კისინჯერის განცხადებებმა გამოიწვია.

კისინჯერმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინა უნდა დათანხმდეს ტერიტორიების დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რათა სასწრაფოდ დაასრულოს ომი, რომელიც უკვე სამი თვეა გრძელდება.

„იმედი მაქვს, უკრაინელები ისეთივე სიბრძნეს გამოავლენენ, როგორი გმირობაც აჩვენეს“, – განაცხადა ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა და ასევე მოუწოდა დასავლეთს, არ ეცადონ პუტინის დამარცხებით შერცხვენას.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ჰენრი კისინჯერსა და მის თანამოაზრეებს „დავოსის პანიკიორები“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი ისევე ადვილად დაუთმობდნენ ლიეტუვასა და პოლონეთს რუსეთს, როგორც უკრაინას სთავაზობენ თავისი ტერიტორიების დათმობას.

„ბატონი კისინჯერი ისევე მარტივად დართავდა ნებას რუსეთს წაეღო პოლონეთი და ლიეტუვა, როგორ მარტივადაც გვთავაზობს ომის შესაჩერებლად უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას. კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს არ სცალიათ „დავოსის პანიკიორების“ მოსასმენად. ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით არიან დაკავებული,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

„მომდევნო ორი თვის განმავლობაში მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მშვიდობიან მოლაპარაკებებს. უკრაინა უნდა ყოფილიყო ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის, მაგრამ ახლა ურთიერთობები შეიცვალა, შესაძლოა შევედით სივრცეში, სადაც გამყოფი ხაზები თავიდან გაივლო და რუსეთი სრულიად იზოლირდა. ჩვენ ახლა ვდგავართ სიტუაციის პირისპირ, რომელშიც რუსეთი შესაძლოა სრულიად გაუცხოვდეს ევროპისგან და სხვაგან ეძებოს მუდმივი ალიანსი. ამან შესაძლოა ცივი ომის მსგავს დიპლომატიურ დისტანცირებამდე მიგვიყვანოს, რაც ათობით წლით დაგვხევს უკან. ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ გრძელვადიანი მშვიდობისკენ,“ – განაცხადა კისინჯერმა დავოსში გამართულ ფორუმზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთი „დაინტერესებული არ არის მოლაპარაკებებით, არამედ ის კლავს“.

„იდეალურ შემთხვევაში, გამყოფი ხაზი უნდა იყოს ძველი სტატუსკვოს მდგომარეობაში დაბრუნება. ომის ამ ზღვარს მიღმა გაგრძელება  იქნება არა უკრაინის თავისუფლებისთვის, არამედ ეს იქნება ომი თავად რუსეთის წინააღმდეგ,“ – ციტირებს მედია კისინჯერს. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთისთვის „საბედისწერო“ იქნება, თუ „წამიერ განწყობას“ აჰყვება და დაივიწყებს რუსეთის ძალაუფლების პოზიციებს ევროპაში. კისინჯერის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა არ უნდა დაკარგონ რუსეთთან გრძელვადიანი ურთიერთობის ხედვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთის ჩინეთთან ალიანსში სამუდამო გაერთიანების რისკი.

კისინჯერი [1970-იან წლებში ის აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტების – რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის დროს იყო სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი] ასევე შეეხო ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის საფრთხეზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას: ჯო ბაიდენის თქმით, აშშ ამ კონფლიქტის შემთხვევაში ტაივანს დაიცავს. კისინჯერის შეფასებით, ვაშინგტონი და პეკინი უნდა ეცადონ, არ მოაქციონ ტაივანი დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობის ეპიცენტრში, მით უფრო, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის პირდაპირი დაპირისპირების თავიდან არიდება გლობალური მშვიდობის ინტერესშია.

„აშშ-მ ხრიკების გზით ან თანმიმდევრული პროცესით, არ უნდა შეიმუშაოს „ორი ჩინეთის“ მსგავსი [პრობლემის] მოგვარება. ჩინეთი კი გამოავლენს მოთმინებას, როგორც აქამდე,“ – აღნიშნა ჰენრი კისინჯერმა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა შავაძე დანიშნეს

დღეს, 24 მაისს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ თანამდებობა დატოვა. მინისტრის პოსტზე ზაზა შავაძე დანიშნეს.

ზაზა შავაძე აქამდე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

„მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ის არის ძალიან გამოცდილი მენეჯერი, ეკონომისტი და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს,“ – განაცხადა შავაძის წარდგენისას თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, გიორგი სურმანიძე „რჩება გუნდში“ და საქმიანობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს.

როგორც ყოფილმა, ისე ახალმა მინისტრმა ბრიფინგი კითხვებზე პასუხების გარეშე დატოვეს.

რაც შეეხება გზების დეპარტამენტს, როგორც აჭარის მთავრობის გვეუბნებიან, ხელმძღვანელის ადგილი ჯერ-ჯერობით ვაკანტურია.

სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი, ზაზა შავაძე პროფესიით საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალისტია. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მან კარიერა 2005 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, სტაჟირებით დაიწყო. სხვადასხვა წელს იყო ამავე სამინისტროს ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, რეგიონული ეკონომიკის განყოფილების უფროსი და ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსად იგი 2020 წელს დანიშნეს.

დღეს, ასევე ცნობილი გახდა, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-ისაგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სამინისტრო გოჩა ბერიძის გათავისუფლების მიზეზს არ ასახელებს. „ბათუმელებმა“ სცადა თავად გოჩა ბერიძესთან დაკავშირებაც, თუმცა მისი ტელეფონი გამორთულია.

ამ დროისთვის აგროსერვის ცენტრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია.

 

თურქული ლირა ისევ გაუფასურდა

თურქული ლირა ისევ გაუფასურდა. დღეს, 24 მაისს, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 16.2-მდე დაეცა. ამ დროისთვის 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 16.2 ლირაა.

გუშინ, 23 მაისს, 1 დოლარი 15.934 ლირა ღირდა.

ვალუტის კურსის ვარდნამ გამოიწვია წლიური ინფლაციის ზრდა, რომელმაც აპრილში 70-%-ს მიაღწია.

მიმდინარე წელს ლირა 18-%-ითაა გაუფასურებული. „როიტერსის“ თანახმად ამის მიზეზი ისაა, რომ ინვესტორები სულ უფრო და უფრო ეჭვქვეშ აყენებენ თურქეთის არაორდინალური ეკონომიკური პოლიტიკის მდგრადობას.

ლირა შედარებით სტაბილური იყო წლის დასაწყისში, ძირითადად, თურქეთის მთავრობის სქემის წყალობით, რომელიც იცავს ლირის დეპოზიტებს გაუფასურებისაგან. ასევე, სტაბილურობაში წვლილი აქვს ცენტრალურ ბანკსაც, რომელიც რეზერვების საშუალებით ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ლირაზე დიდი გავლენა იქონია მარტში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა. დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები გაზარდა, შედეგად თურქეთის იმპორტის გადასახადი, რომელიც ისედაც სოლიდური იყო, გაიზარდა. გაიზარდა წლიური ინფლაციაც.

დღეს, 24 მაისს, ცნობილი გახდა, რომ თურქეთი გეგმავს სამხედრო ოპერაციის დაწყებას სირიაში 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შესაქმნელად. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ეს სპეცოპერაცია აუცილებელია ტერორისტული საფრთხისგან სახელმწიფოს დასაცავად.

„რუსმა ქურდებმა მოიპარეს უკრაინული ხორბალი, არ იყიდოთ“ – კულება ქვეყნებს აფრთხილებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში მოპარულ და საზღვარგარეთ გასაყიდად გატანილი ხორბლის საკითხს ეხმაურება. კულებას თქმით, რუსებმა ბოსფორის სრუტის გავლით, გემებით გაიტანეს ხორბალი, რომელიც უკრაინაში მოიპარეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნებს სიფხიზლისა და „ნაქურდალი ხორბლის“ ყიდვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

„რუსმა ქურდებმა მოიპარეს უკრაინული ხორბალი, ჩატვირთეს თავიანთ გემებში და ბოსფორის გავლით ცდილობენ მის საზღვარგარეთ გაყიდვას. მოვუწოდებ სახელმწიფოებს, იყონ ფხიზლად და უარი თქვან ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე. არ იყიდოთ ნაქურდალი. არ გახდეთ რუსული კრიმინალის თანამონაწილე. ქურდობას არასდროს მოუტანია ვინმესთვის იღბალი,“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამერიკულმა CNN-მა 23 მაისს გამოაქვეყნა სატელიტური სურათები, რომლებზეც, სავარაუდოდ, ასახულია, როგორ იტვირთება ხორბლით ყირიმში, სევასტოპოლის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გადამზიდი ორი გემი. გამოცემა წერს, რომ დაზუსტებით რთული სათქმელია, რამდენად არის ეს უკრაინაში მოპარული ხორბალი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი მცირე რაოდენობის მარცვლეულს აწარმოებს, განსხვავებით სოფლის მეურნეობით მდიდარი უკრაინის რეგიონების – ხერსონისა და ზაპორიჟიესგან.

CNN-ი გემების ადგილმდებარეობის მონაცემების საიტ MarineTraffic.com-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ორივე გემმა უკვე დატოვა პორტი: „მატროსი პოზინიჩი“, რომელიც ეგეოსის ზღვაში მიცურავს, ამტკიცებს, რომ ბეირუთისკენ მიემგზავრება, ხოლო „მატროსი კოშკა“ ჯერ კიდევ შავ ზღვაშია.

________

ამავე თემაზე: 

ყირიმის პორტში რუსული გემები უკრაინიდან მოპარული ხორბლით დაიტვირთა – CNN

მარიუპოლში, კორპუსის ნანგრევებში, 200 ცხედარი იპოვეს – ქალაქის მერის მრჩეველი

„მარიუპოლი. სასაფლაო. კორპუსის სარდაფში, ნანგრევებში, 200 ცხედარი იპოვეს“, – წერს ქალაქის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშენკო ტელეგრამ არხზე.

მისი ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ცხედრების შეფუთვასა და გატანაზე უარი თქვა, რის გამოც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამუშაოების ადგილი დატოვა.

„ცხედრები იქვე დატოვეს, სადაც იპოვეს“, – ამბობს ანდრიუშენკო და დასძენს, რომ ქალაქში, კორპუსების ეზოებიდან დაღუპულთა გადასვენების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

„ახლა ცხედრების ექსჰუმაციითა და დაკრძალვით დაკავებულია ე.წ. სახელმწიფო კორპორაცია „რიტუალი“, დონეცკიდან. თუმცა „ოფიციალური“, უფასო დაკრძალვისთვის, ადგილობრივები იძულებული არიან რიგს დაელოდონ, დამოუკიდებლად მიიტანონ დაღუპული ახლობლის ცხედარი “პროზექტურაში” და განაცხადონ, რომ ახლახან აღმოაჩინეს, ან უნდა დათანხმდნენ, ჩაწერონ ვიდეო, რომელშიც იტყვიან, რომ დაღუპული უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს.“

მისი ინფორმაციით, ასეთი პირობების გამო,  ქუჩაში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ ე.წ. პროზექტურაში უამრავი ცხედარია, რომელთა დაკრძალვაც ვერ ხერხდება. „მარიუპოლი სასაფლაოდ იქცა“, – წერს ანდრიუშენკო.

______

ქალაქი მარიუპოლი 20 მაისის შემდეგ მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშაა, იმ დროიდან, რაც 84-დღიანი ბრძოლების შემდეგ “აზოვსტალი” უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს. რა ბედი ეწევათ რუსეთის ხელში მყოფ მარიუპოლის მცველებს, უცნობია. უკრაინის ხელისუფლებას რუს ტყვეებში მათ გაცვლას გეგმავს.

მარიუპოლი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ალყაში ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მოაქციეს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია, დაღუპულია დაახლოებით 20 000 მოქალაქე.

მთავარი ფოტო: მარიუპოლი, ფოტო პიოტრ ანდრიუშენკოს ტელეგრამ არხიდან.

„ჩაქუჩი დაბლა“ – მოსამართლე გოგუაძემ დაკავებული 24 ოპოზიციონერის საქმის განხილვა შეწყვიტა 

„ბებია ჰყავს ავად და ვერ შეძლებს გამოცხადებას“, – მიმართა ოპოზიციონერებს სამართალდამცველმა ვიტალი ზოიძემ, რომელსაც ადვოკატმა მირდატ ქამადაძემ კატეგორიულად მოსთხოვა ეთქვა: რატომ აღარ სურს  სასამართლოს ჩვენება მისცეს პოლიციელმა იაგო ტაკიძემ, რომელმაც სამხრე კამერით სავარაუდო სამართალდარღვევა გადაიღო და თავად შსს-მ ჩასვა ის ოფიციალურად დასაკითხ მოწმეთა სიაში?

საუბარია 6 მაისის ღამით 24 ოპოზიციონერის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე, მათ შორის არიან ბათუმის საკრებულოს წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვები დაუშალა და დააკავა. დღეს, 24 მაისს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს ბათუმის საკრებულოს წევრების: რეზო ხარაზის, მამუკა ქობულაძის, ლაშა კილაბერიას, ასევე, ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლაშა კომახიძის საქმეს.

იმის მიუხედავად, რომ შსს-ს წარმომადგენლებს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რაც მოწმე პოლიციელის ბებიის ავადმყოფობას დაადასტურებდა, მოსამართლემ ყოველგვარი კითხვისა და განმარტების გარეშე იაგო ტაკიძე მოწმეთა სიიდან ამოიღო.

„ანუ თქვენ არ გაინტერესებთ მტკიცებულების წყაროც… თქვენ არ ხართ ობიექტური და დამოუკიდებელი. არ გაინტერესებთ, რა მოხდა იქ: პოლიცია იცავდა ადამიანის უფლებებს, თუ პირიქით, უზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას“, – თქვა მირდატ ქამადაძემ და მოსამართლის აცილება მოითხოვა.

მოსამართლემ არც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ხმაური სასამართლო დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, როცა ოპოზიციამ მოითხოვა  პოლიციელების მოწმის სახით დაეკითხა ის პოლიციელები, რომლებმაც საკრებულოს წევრები დააკავეს, მათ შორის, დავით ათაბეგაშვილის, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.

ოპოზიციონერებმა მოსამართლეს ასევე უთხრეს, რომ გაურკვეველია ზოგიერთ შემთხვევაში „ვინ დააკავა“, რადგან ოქმის შემდგენ პირს სავარაუდო სამართალდამრღვევი არ დაუკავებია.

„თუ ეს ჩანს სამხრე კამერის ჩანაწერში, რა უნდა გვითხრას პოლიციელმა, ვინც ეს გადაიღო?“ – იკითხა მოსამართლემ.

„უნდა გვითხრას, რატომ დააკავეს, სად იყო დაუმორჩილებლობა, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან ამ ადამიანებს“, – უთხრა მოსამართლეს მირდატ ქამადაძემ. ის ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში.

„გვითხრას, ასევე, რატომ სცემეს დეპუტატ ლევან ანთაძეს“, – დაუმატა რეზო ხარაზმა.

„ვიცით, რომ ჯარიმით დასრულდება ეს საქმეც, ნამუსი უნდა გეყოთ ყველას“, – ხმას აუწია მირდატ ქამადაძემ და მოსამართლემაც ჩაქუჩი რამდენჯერმე დაჰკრა.

„ჩაქუჩი დაბლა დაარტყით, მოსამართლევ, არ მეშინია… თოფიანი ხალხი თქვენ გიცავთ“, – ხელი პოლიციელებისკენ გაიშვირა მირდატ ქამადაძემ.

„გაგაძევებთ დარბაზიდან, ტელევიზიებს გავიყვან დარბაზიდან…“ – ფეხზე წამოდგა მოსამართლეც.

„რაო, რა თქვით? კობახიძე ხართ თქვენც“, – დარბაზიდან წამოიყვირა ელგუჯა ბაგრატიონმა. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია ენმ-დან და ერთადერთი ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, ვინც 6 მაისის ღამეს დაკავებას გადაურჩა.

„გამაძევებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მართალი ხართ. თქვენი შვილიშვილები გააუქმებენ თქვენს გადაწყვეტილებებს“, – ესეც უთხრა მოსამართლეს მირდატ ქამადაძემ.

მოსამართლემ სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მან დარბაზი ხმაურის ფონზე დატოვა.

თიბისის მომხმარებელს ციფრული ბანკის დახმარებით ცხოვრების გამარტივება შეუძლია

თანამედროვე ადამიანისთვის ციფრული ბანკი ყოველდღიურობის ნაწილია. თიბისის ციფრულ ბანკის აპლიკაციაში სხვადასხვა ფუნქციონალი და მომსახურება ერთადაა თავმოყრილი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს სულ რამდენიმე წამში, ნებისმიერი ადგილიდან შევასრულოთ ფინანსური ოპერაციები. თიბისი, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია ყოველდღიურად ზრუნავს ციფრული ბანკის განახლებასა და გაუმჯობესებაზე.

კომუნალურების დაჯგუფება და გადახდა, IBAN სკანერის დახმარებით სხვასთან თანხის გადარიცხვა, ტელეფონის ბალანსის შევსება, უცხოური ვალუტის კონვერტაცია – ციფრული ბანკის ფუნქციონალების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ყოველდღე თიბისის 800 000-მდე მომხმარებელი იყენებს.

ახალი სარეკლამო კამპანია, რომელზეც თიბისის გუნდმა კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად იმუშავა, გვიყვება, თუ რა შეგიძლია გააკეთო აქ. ახლა, შენით, თიბისის ციფრული ბანკის გამოყენებით.

 „თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. ციფრული ბანკი არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც წლების განმავლობაში ვავითარებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავუზოგოთ ჩვენს მომხმარებლების დრო და საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

2019 წელს თიბისის მობაილ ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა Global Finance-მა, რის შემდეგაც აპლიკაციის გაუმჯობესებაზე და რედიზაინზე პროფესიონალთა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფები მუშაობენ.

პუტინი 2023 წლისთვის სანატორიუმში იქნება და არა ხელისუფლებაში – MI6-ის ყოფილი შეფი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალი წლისთვის არა ხელისუფლებაში, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში იქნება – ვარაუდობს MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელი სერ რიჩარდ დირლავი. მის კომენტარებს ბრიტანული Independent-ი აქვეყნებს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ეს კომენტარები რუსეთის 69 წლის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ხმებზე საუბრისას გააკეთა.

„გავბედავ და ვიტყვი, ვფიქრობ, ის 2023 წლისთვის უკვე წასული იქნება სავარაუდოდ სანატორიუმში, საიდანაც ის რუსეთის ლიდერად ვეღარ დაბრუნდება“, – ამბობს სერ რიჩარდი.

MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, ეს რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების გარეშე ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი გზაა. რიჩარდ დირლავი ვარაუდობს, რომ პუტინის წასვლის შემდეგ ძალაუფლება ხელში შესაძლოა, უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პეტრუშევმა ჩაიგდოს.

„ჩემი თეორია თუ გამართლდება და პუტინი მართლაც წავა სანატორიუმში, ჩემი აზრით, შემცვლელი სწორედ ის იქნება და, რა თქმა უნდა, ამ სცენარში, „დროებითი შემცვლელი“ ძალაუფლებას ხანგრძლივად შეინარჩუნებს. ალბათ იცით, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ძალაუფლების გადაცემის არანაირი გეგმა არ არსებობს“, – ამბობს დირლავი.

დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ვარაუდობს, რომ მომდევნო 12-18 თვის შემდეგ, დასავლეთის სანქციების გამო რუსეთი შეიძლება რამდენიმე ნაწილად „დაიშალოს“.

გასულ კვირაში, მსგავსი კომენტარები ბრიტანეთის დაზვერვის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამდებობის პირმა, კრისტოფერ სტილმაც გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის ლიდერი სულ უფრო ხშირად ტოვებს შეხვედრებს სამედიცინო დახმარების მისაღებად.

„უშიშროების საბჭოს შეხვედრები, რომლებიც, როგორც წესი, თითქმის მთელი საათი გრძელდება ხოლმე, ახლა რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. პუტინს მუდმივად თან ახლავს ექიმების ჯგუფი“, – უთხრა LBC რადიოს კრისტოფერ სტილმა, რომელიც 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მომზადებული დოსიეს ავტორია.

New Line smagazine-ის თანახმად, რუსი ოლიგარქი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, ამბობს, რომ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე უკრაინაში შეჭრის შესახებ გამოაცხადებდა, პუტინს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს.

პუტინის ჯანმრთელობაზე სპეკულაციების მიზეზად მისი შეხვედრების რამდენიმე ვიდეოჩანაწერი იქცა. Independent-იხსენებს პუტინის შოიგუსთან შეხვედრას და აღნიშნავს, რომ 12 წუთის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი მაგიდას ეჭიდებოდა. ტაჯიკეთის და ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრისას კი გაუჩერებლად ამოძრავებდა ფეხს.

თურქეთი სირიაში სპეცოპერაციის დაწყებას გეგმავს

თურქეთი გეგმავს სამხედრო ოპერაციის დაწყებას სირიაში 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შესაქმნელად – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შეჯამებისას, ბრიფინგზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ სპეცოპერაცია აუცილებელია ტერორისტული საფრთხისგან სახელმწიფოს დასაცავად.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაცია მიმართული იქნება სირიის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თურქეთზე თავდასხმის წყაროს წარმოადგენს.

„ჩვენ ვმუშაობთ 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შესაქმნელად თურქეთის სამხრეთ საზღვართან. პრიორიტეტულია რეგიონები, რომლებიც წარმოადგენს თურქეთზე თავდასხმის ცენტრებს. როგორც კი შეიარაღებული ძალები და სადაზვერვო სამსახურები მომზადებას დაასრულებენ, ოპერაცია დაიწყება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

საუბარია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებზე, რომლებსაც სირიელი ქურთების სახალხო დაცვის შენაერთები აკონტროლებენ.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ანკარა სირიელი ქურთების შენაერთებს ტერორისტულ დაჯგუფებებს უწოდებს, მაშინ, როდესაც ვაშინგტონი მათი სახით „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მთავარ იარაღს ხედავს.

სირიაში უსაფრთხო ზონის შექმნის ინიციატივა თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ჯერ კიდევ დონალდ ტრაპის პრეზიდენტობის დროს განიხილეს. ერდოღანმა შეერთებულ შტატებს სირიელი ქურთების მხარდაჭერის შეწყვეტა მოსთხოვა და განაცხადა, რომ თუ სექტემბრის ბოლომდე 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონა არ შეიქმნებოდა, თურქეთი ამაზე „ძალის გამოყენებით“ იზრუნებდა.

სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე საბოლოო გადაწყვეტილება 26 მაისს თურქეთი უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს.

___

მთავარი ფოტო: Daily Sabah

ყირიმის პორტში რუსული გემები უკრაინიდან მოპარული ხორბლით დაიტვირთა – CNN

ამერიკული გამოცემა CNN-ი სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ჩანს, თუ როგორ იტვირთება, სავარაუდოდ, უკრაინაში მოპარული ხორბლით რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ორი გადამზიდი გემი. გემები ყირიმში, სევასტოპოლის პორტში დგანან.

19 და 21 მაისით დათარიღებულ Maxar Technologies-ის ახალ სურათებზე ნაჩვენებია ხომალდები – „მატროსი პოზინიჩი“ და „მატროსი კოშკა“, რომლებიც, როგორც ჩანს, მარცვლეულის სილოსებთან არიან გაჩერებული. CNN-ი გემების ადგილმდებარეობის მონაცემების საიტ MarineTraffic.com-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ორივე გემმა უკვე დატოვა პორტი: „მატროსი პოზინიჩი“, რომელიც ეგეოსის ზღვაში მიცურავს, ამტკიცებს, რომ ბეირუთისკენ მიემგზავრება, ხოლო „მატროსი კოშკა“ ჯერ კიდევ შავ ზღვაშია.

Maxar technologies-ის სატელიტური სურათი აჩვენებს მარცვლეულის ჩატვირთვას ყირიმში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის – „მატროს პოზინიჩის“ ტრიუმში. ფოტო: CNN

როგორც გამოცემა წერს, რთულია ზუსტად იმის თქმა, ფოტოებზე ასახული ხორბალი ნამდვილად არის თუ არა ის ხორბალი, რომელიც ოფიციალური კიევის არა ერთი განცხადების თანახმად, რუსებმა მოიპარეს უკრაინაში. თუმცა CNN-ი იქვე დასძენს, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი თავისთვისაც მცირე რაოდენობის მარცვლეულს აწარმოებს, განსხვავებით სოფლის მეურნეობით მდიდარი უკრაინის რეგიონების – ხერსონისა და ზაპორიჟიესგან.

CNN-ის ცნობითვე, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა და ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გამოცემას უთხრეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე სილოსი დააცარიელეს და ხორბალი სამხრეთში წაიღეს.

ამ თვის დასაწყისში, „მატროსმა პოზინიჩმა“ კიდევ ერთი მსგავსი მისია შეასრულა: დაიტვირთა მარცვლეულით და შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გაცურა. თავდაპირველად ის ეგვიპტისკენ მიემგზავრებოდა, მაგრამ უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებების შემდეგ ალექსანდრიიდან უკან მოაბრუნეს. ისევე როგორც არ შეუშვეს არც ბეირუთში და საბოლოოდ სირიაში – ლატაკიაში შევიდა.

19 მაისი. Maxar technologies-ის სატელიტურ სურათზე ჩანს, ყირიმში, სევასტოპოლის პორტში, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „მატროს პოზინიჩი“. ფოტო: CNN

გემებს შეუძლიათ 30 000 მეტრული ტონის ტვირთის გადატანა, ხოლო უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ომის დაწყების დღიდან, რუსებმა უკრაინიდან 400 000 ტონა ხორბალი მოიპარეს და გაიტანეს.

რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებს, რომელთა მეშვეობითაც უკრაინული ხორბალი შავი ზღვის გავლით გადის ექსპორტზე. უკრაინა ხორბლის მეხუთე, ხოლო სიმინდის მეოთხე – უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთსა და უკრაინიდან გადატანილი ხორბალი კი, გლობალური ბაზრის 30%-ს შეადგენდა ომამდე.

აღნიშნული გარემოებები უკვე გახდა სურსათის გლობალური კრიზისის შიშის საფუძველი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

გასულ კვირას CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ და მოკავშირეები აწარმოებენ დისკუსიებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიმუშაონ უკრაინიდან მარცვლეულის ტრანსპორტირების უსაფრთხო მარშრუტები სურსათის გლობალური მიწოდების შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე.

21 მაისი. Maxar technologies-ის ამ სატელიტურ სურათზე ყირიმში, სევასტოპოლის პორტში, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „მატროსი კოშკაა“ დაფიქსირებული. ფოტო: CNN

რაც ყველაზე მთავარია, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა, რომელიც ებრძვის სურსათსა და საკვებზე წვდომის ნაკლებობას და შიმშილს სხვადასხვა ქვეყანაში, თავისი ხორბლის მარაგების ნახევარს, სწორედ უკრაინიდან ყიდულობს. ამის გამო, როგორც პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტის ვერ აღდგენა ტრაგიკულ შედეგებს გამოიწვევს.

მიკოლა სოლსკიმ, უკრაინის აგრო-პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში მოპარული ხორბალი „ორგანიზებულად იგზავნება ყირიმის მიმართულებით. ეს არის დიდი ბიზნესი, რომელსაც ზედამხედველობენ უმაღლესი რანგის პირები“.

რუსეთმა ყირიმი 2014 წელს მიიერთა და თან წაიღო შავი ზღვის მთავარი პორტი – სევასტოპოლი. თებერვალში განახლებული შემოჭრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინას კიდევ ორი მთავარ პორტი დაუბლოკა: მარიუპოლის აღების შემდეგ აზოვის ზღვა, ოდესის მიზანში ამოღებით კი შავ ზღვა.

უკრაინის ამ პორტებიდან ექსპორტის უუნარობა არა მხოლოდ გავლენას ახდენს სურსათის დონეზე მთელ მსოფლიოში, არამედ დამანგრეველ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.

CNN ციტირებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ანტონი ბლინკენს, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის სილოებში დაახლოებით 22 მილიონი ტონა მარცვლეულია.

„რუსეთის ფედერაცია ცრუობს, რომ გლობალური სასურსათო კრიზისის გამწვავება საერთაშორისო საზოგადოების სანქციების ბრალია. სანქციები არ ამწყვდევს სურსათით დატვირთულ გემებს შავი ზღვის პორტების დაბლოკვით და არ ანადგურებს უკრაინის გზებსა და რკინიგზას. ამას რუსეთი აკეთებს“, – თქვა ბლინკენმა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის და სხვა საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ადრე ფეიქი უწოდა ბრალდებებს, რომ რუსეთი მეზობლისგან მარცვლეულს იპარავს.

______________

ამავე თემაზე წაიკითხეთ: 

საქართველოში ბოლო 7 დღეში კოვიდის 586 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 7 დღის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა.

ამავე პერიოდში კოვიდის დიაგნოზით გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად.

გასულ 7 დღეში სულ ჩატარდა 113 058 ტესტი კორონავირუსზე – 103 058 ანტიგენ ტესტი, 10 568 კი -პჯრ ტესტი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 0.52 პროცენტია.

ამჟამად საქართველოში უპირატესად ცირკულირებს ომიკრონის B.A.2 შტამი.

 

ჯართს ვაგროვებ ჩემი ოჯახისთვის – 9 წლის გაბო

გაბო 9 წლის ბიჭია. მესამეკლასელი. გაკვეთილები რომ უმთავრდება სახლში ბრუნდება. ჭამს, რაც სახლში დახვდება და ჯართის შესაგროვებლად მიდის. ეს დღეები ბათუმში წვიმს და გაბოც სახლშია, წვიმიანი დღეები რომ ჩაივლის, გაბო გარეთ გავა და ნაგვის ურნებში ჯართის ძებნას დაიწყებს.

ჯართი გაიაფდა. აღარც სპილენძს იბარებენ გამოუწვავად. თუ სპილენძს გადააწყდება სადმე, გაბო ჯერ გამოწვავს და ისე აბარებს. ასე გააფრთხილეს. სხვანაირად არაო:

„გვიყვირეს, გამოსაწვავია და მერე მოიტანეთო. გამოვწვი და ისე წავიღე. ჯართის ფასმა დაიკლო. ახლა 50 თეთრი გახდა. უფრო ხშირად ნაგავში ან ნაგვის დიდ ყუთებთან ყრია ჯართი.

ყველამ იცის ჩემი ოჯახისთვის ჯართს რომ ვაგროვებ. ხანდახან თავისით მოაქვთ ჩემთვის, მიგროვებენ ნაცნობებიც.

გაბო, 9 წლის

აქ ჯართის ჩასაბარებელი ერთი პუნქტია, ბავშვებს არ აბარებინებენ, ქვევით მეორე პუნქტია, იქ დიდებიც აბარებენ და ბავშვებიც. ხან 30 ლარს ავიღებ, ხან ხუთს. გააჩნია.

ახლა შეგროვილი მაქვს და ჯერ არ ვაბარებ, ძალიან იაფია. ვუცდი ცოტათი როდის გაძვირდება.

პუშკინზე, უნივერსამთან იყო ერთხელ რკინა. მიყვირეს არ წაიღოო. არ წამოვიღე. ამას არც მიიღებენ ჯართშიო, მითხრეს და ხე წამოვიღეთ მე და ჩემმა დამ სანაცვლოდ. აგერ აწყვია, შეშებში“, – ამბობს გაბო.

ხანდახან ნაგვის ყუთებში გაბო ჯართს ვერ პოულობს, მაგრამ პოულობს გადაყრილ სათამაშოებს.
ასე იპოვა ყავისფერი დათვი, წითელ-ყვითელი ხავერდის მელია, სტაფილოსცხვირიანი თოვლის ბაბუა და თეთრი გოჭი. სახლში მიიტანა. თაროებზე გაამწკრივა. კედლებზე დაკიდა.

გაბოს და მისი დების, ბარბარესა და ანასტასიას  სათამაშოები ძირითადად ესაა. ჰყავთ კატებიც. ბევრი კატა.

„გიყვარს კატები?“ – ვეკითხები.

„კი, მიყვარს, მაგრამ თაგვების დასაჭერად უფრო მოვიყვანეთ ისე, არ გვძინავს ხანდახან. სახლი მიწაზე დგას და ოთახში დარბიან მთელი ღამე თაგვები“, – ამბობს გაბო.

ნაგვის დიდ ყუთებში ხანდახან არც სათამაშოებია, არც ჯართი და არც შეშა. ამ დროს გაბო შინ ცარიელი ბრუნდება:

„ჩემი დაც მიმყავს ხანდახან ჯართის და შეშის შესაგროვებლად, მეგობრები და კლასელები ხანდახან ხურდებს მაძლევენ, სათამაშოების გაკეთება ჩემითაც შემიძლია. გადაყრილი სათამაშო მანქანების ნაწილებს ვპოულობ ხოლმე და ვაერთებ. ეს მანქანაც ასე ავაწყვე.

გაბო და ანასტასია

ხანდახან არაფერი მხვდება ნაგვის ყუთებში და მაღაზიებთან დაწყობილი ხის ყუთები მომაქვს, მაგრამ ჯერ ვეკითხები მაღაზიაში და ისე. მე ქურდი არ ვარ“, – ამბობს გაბო.

ჯართის შეგროვებით გამომუშავებულ ფულს გაბო ხანდახან ბებიას წამლებში ხარჯავს. ბებია როცა ავად გახდა და გონება დაკარგა, გაბო მეზობელთან გაიქცა, ტელეფონი სთხოვა და 112-ში დარეკა.

შინ დედა, ბებია და ორი და ჰყავს. ბებიამ ინსულტი რამდენჯერმე მიიღო და წევს. ნაავარიევი დედა ყავარჯნით დადის და ვერ მუშაობს. ოჯახი სოციალურ დახმარებას, 540 ლარს იღებს, ამ ფულით გაბოს დედამ, ნათიამ სახლის ქირა – 250 ლარი უნდა გადაიხადოს და დედისთვის წამლები უნდა იყიდოს. ბავშვების საკვებისა და სამოსისთვის ნათიას ფული არ რჩება.

„მეზობლები რომ არ გვეხმარებოდნენ არ ვიცი რა იქნებოდა, ალბათ შიმშილით დავიხოცებოდით. სამოსსაც სხვები გვიგროვებენ და მოაქვთ“, – ამბობს სამი შვილის დედა.

ხის ძველ, ნახევრად დანგრეულ სახლში, ოჯახს ორი პატარა, ნესტიანი ოთახი აქვს ნაქირავები. ოთახები მიწისპირზეა.

ბათუმისთვის დამახასიათებელი დიდი წვიმებისას გაბო დედას ეხმარება და წყალი გააქვს სახლიდან, საძინებლამდე რომ არ დაიტბოროს იატაკი. ხის ფიცრების ალაგ-ალაგ ჩავარდნილი იატაკი ძველი ხალიჩებითაა დაფარული, ბავშვებს შიგ ფეხი რომ არ მოჰყვეთ.

ძველი, ფერგადასული ავეჯი ბინის დიასახლისისაა. გაბოს დედას, ნათიას თავისი აქ არაფერი აქვს.

ოჯახი ზამთრობით შეშის ღუმლით თბება, საკვებს კი გაზის პატარა ბალონზე ამზადებენ.

ნათია ამბობს, რომ ასე ცხოვრება ურჩევნია კახეთში ყოფნას, სადაც მისი ყოფილი ქმარი ცხოვრობს ოჯახთან ერთად. გაბოს დედა სამი წელია ამ პირობებში ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც ქმარს დაშორდა და ბათუმში წამოვიდა.

გაბო საკუთარ ოთახზე ოცნებობს. ველოსიპედზე, ორსართულიან, კიბიან საწოლზე და სახლზე, რომელსაც ეზო ექნება სათამაშოდ.

„ორსართულიანი საწოლი მარტო ჩემთვის არ მინდა, ჩემმა დებმაც ხომ უნდა დაიძინონ? სახლი მინდა მქონდეს, ეზოთი“, – ამბობს გაბო.

გაბო და ანასტასია

დუბაის მიმართულებით ბათუმიდან პირდაპირი რეისით ფრენები ივნისიდან დაიწყება

ივნისიდან დუბაი-ბათუმის პირდაპირი ფრენები დაიწყება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაკომპანია Fly Dubai კვირაში სამჯერ შეასრულებს რეისს ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულებამდე.

ჯერჯერობით ბილეთის ღირებულება არ არის ცნობილი.

წელს ბათუმის აეროპორტიდან ასევე დაემატა პირდაპირი რეისები ქალაქ რიგის მიმართულებით. ამ რეისზე ერთი მიმართულებით ბილეთი 592 ლარი ღირს.

უკრაინა დონბასის ფრონტზე კონტროლს ინარჩუნებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 24 მაისის განახლებას მთლიანად დონბასის ბრძოლებს უძღვნის. უწყების ინფორმაციით, რუსეთმა გააძლიერა შეტევა და ცდილობს ალყაში მოაქციოს სევეროდენცკი, ლისიჩანსკი და რუბეჟნოე.

„ამ დროისთვის, რუსეთის სამხედრო ოპერაციის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებს ერთმანეთისგან უკრაინის კონტროლირებადი 25-კმ ტერიტორია აშორებს. თუკი რუსეთის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკის ამ ზონას დაიკავებენ, ლუგანსკის მთელი ოლქი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდება“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და მიუთითებს, რომ ეს დონბასის დაპყრობის გეგმის ნაწილია.

დაზვერვის ცნობით, უკრაინა სავარაუდოდ, ინარჩუნებს ეფექტიან მეთაურობას და კონტროლს ამ ფრონტზე. უკრაინის ჯარებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის არმიას და კარგად გამაგრებულ პოზიციებს იკავებენ.

„მიუხედავად ამისა, რუსეთმა, რამდენიმე ლოკალურ წარმატებას მიაღწია, ძირითადად საარტილერიო ნაწილების დახმარებით“, – აღნიშნავს უწყება.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა გამოთქვამს ვარაუდს, რომ თუ დონბასის ფრონტის ხაზი დასავლეთისკენ გადაიწევს, ეს რუსეთის არმიისთვის საკომუნიკაციო მანძილს გაზრდის და მას მატერიალურ-ტექნიკური მარაგების შევსების სირთულეებს შეუქმნის.

უწყების 23 მაისის განახლება ტვიტერზე მთლიანად რუსეთისთვის მიყენებულ ზიანს, მის მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს ეხებოდა.

„თავისი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველივე სამ თვეში, რუსეთმა დაახლოებით იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც ავღანეთში, საბჭოთა კავშირის 9-წლიანი ომის განმავლობაში“, – ასე შეაფასა დიდი ბრიტანეთის თავდაცვამ რუსეთის სამხედრო დანაკარგები უკრაინასთან ომში.

მთავარი ფოტო: უკრაინაში საომარი მოქმედებების რუკა/აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი

ბათუმსა და ქობულეთში საპატრულო პოლიცია მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილებით იმოძრავებს

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დანაყოფებს ახალი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ძრავის 32 ავტომობილი გადაეცათ. მათგან 25 ავტომობილი საპატრულო პოლიციისთვისაა განკუთვნილი.

ავტოპარკის განახლების შედეგად, ბათუმსა და ქობულეთში საპატრულო პოლიციის მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილები იმოძრავებენ.

ახალი, ჰიბრიდულძრავიანი 7 მანქანა ასევე გადაეცა კრიმინალური პოლიციის დანაყოფებს.

ახალი ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას ბათუმში შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ესწრებოდა. მისი თქმით, ახალი საპოლიციო ტრანსპორტი ეკონომიურია, შემცირდება საწვავისა და სერვისის ხარჯი, და, ამავდროულად, ახალ ავტომობილებს მინიმალური გამონაბოლქვი აქვს და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია.

შს სამინსიტროს ცნობით, ბათუმი და ქობულეთი იქნება პირველი დასახლებები საქართველოში, სადაც ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტი სრულად ჩაანაცვლებს საპატრულო პოლიციის მხოლოდ საწვავზე მომუშავე მანქანებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 29 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 302 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა / APV – 3 194 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 606 ერთეული [+2]
  • MLRS – 201 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 205 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 170 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 480 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 112 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 213 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ანახლებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 178 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 995 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 320 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 243 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 425 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 658 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 124 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ჩაგვრა, ცემა და გამოძალვა რუსულ ჯარში – საიდან მოდის რუსული არმიის სისასტიკე

უკრაინის მთავარსარდალი ზალუჟნი TIME-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი TIME-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდა.

გამოცემისთვის ტექსტი ჟალუზნის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ დაწერა.

„თუკი ერთ ადამიანს შეიძლება მივაწეროთ უკრაინის გასაოცარი სამხედრო წარმატებები – კიევის, დედაქალაქისა და სხვა დიდი ქალაქების უმრავლესობის დაცვა თავდასხმის ფონზე, ეს არის ზალუჟნი, მრგვალსახიანი, 48 წლის გენერალი, რომელიც სამხედრო ოჯახში დაიბადა.

იგი ქვეყნის უმაღლეს სამხედროდ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2021 წლის ივლისში დანიშნა“ – წერს გამოცემა „პოლიტიკო“ ჟალუზნის შესახებ.

„თაიმის“ ყველაზე გავლენიანი ლიდერების სიაში პირველ ადგილზეა ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.

ვრცლად ამ თემაზე:

უკრაინის „რკინის გენერალი“ – გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის

 

არ დავინდობთ კოლაბორაციონისტ ჩინოვნიკებს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოლაბორაციონისტებად იქცნენ, „არ იქნება დანდობა“. პოდოლიაკი ასევე წერს, რომ უკრაინა მალე გაათავისუფლებს თავის მოქალაქეებს.

„არავის შეუძლია განსაჯოს უკრაინელები, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. გვესმის მათი, ვისაც იქ მუშაობის გაგრძელება უწევთ: ექიმების, კომუნალური სამსახურების თანამშრომლების და სხვების. თუმცა, არ იქნება იმ ჩინოვნიკების დანდობა, ვინც კოლაბორაციონისტებად იქცნენ. უკრაინა გაათავისუფლებს თავის მოქალაქეებს. მალე,“ – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

ჩაგვრა, ცემა და გამოძალვა რუსულ ჯარში – საიდან მოდის რუსული არმიის სისასტიკე

„პროექტმა“, დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ, ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე საჯარისო დანაყოფები და სამხედრო მეთაურები შეისწავლა. გამოცემამ რუსული არმიის 150-ზე მეტი დანაყოფისა და 166 მეთაურის იდენტიფიცირება მოახერხა. გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსული არმიის მდგომარეობა და ოფიცრებისა თუ პოლკოვნიკების ისტორია პასუხობს შეკითხვებს, რატომ მიდის ომი ისე, როგორც მიდის და რატომ გამოირჩევა რუსეთის არმია ასეთი სისასტიკით.

ვინ იბრძვის უკრაინაში

უკრაინაში ომის დაწყების პირველივე წუთებიდან რუსეთის ხელისუფლება მას „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით დაწყებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებდა – სწორედ ასეთი ფორმულირება გამოიყენა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 24 თებერვლის დილით, როდესაც შეჭრის გადაწყვეტილება წაიკითხა.

ჩრდილოკავკასიისა და სირიის სამხედრო ოპერაციების ანალოგიით, პუტინის ნათქვამი აღიქმებოდა, როგორც შედეგიანი და შეძლებისდაგვარად, მოკლევადიანი შეტევა, რომელსაც პროფესიონალი, კარგად მომზადებული დანაყოფებისგან შემდგარი კონტინგენტი შეასრულებდა.

„თუმცა ის, რომ ეს არა ოპერაცია, არამედ სრულმასშტაბიანი ომია, ამაზე თავად რუსეთის მიერ მასში ჩართული ჯარების რაოდენობა და ხარისხიც მიუთითებს“, – აღნიშნავს გამოცემა.

„პროექტის“ მონაცემებით „ოპერაციაში“ მონაწილეობს ყველა ბრძოლისუნარიანი დანაყოფი, იმ ძალების გამოკლებით, რომლებიც რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან რეზერვში რჩებიან.

რომელი ძალები მონაწილეობს ომში:

  • რუსეთის 12 არმიის (11 საერთო-საჯარისო და 1 სატანკო) მოტორიზებული, საარტილერიო და საზენიტო ნაწილები და ცალკეული სატანკო დივიზია.
  • საჰაერო-სადესანტო ძალები სრულად – 5 სადესანტო-მოიერიშე დანაყოფი, 2 საჰაერო-სადესანტო დივიზია და 1 სპეცრაზმის ბრიგადა.
  • გენშტაბის 6 სადაზვერვო ბრიგადა (ГРУ-ს ყოფილი სპეცრაზმი.)
  • ბალტიის, ჩრდილოეთის, წყნარი ოკეანისა და შავის ზღვის ფლოტების საზღვაო ქვეითები და შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ხომალდები.
  • რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ბომბდამშენი, მოიერიშე და გამანადგურებელი პოლკები და ფლოტის ავიაცია.
  • პოლიციისა და როსგვარდიის ძალები.

გამოცემის ცნობით, რუსეთის არმიის რაოდენობა დაახლოებით 900 ათასი ადამიანია. უკრაინაში შეჭრის წინ, ქვეყნის საზღვრებთან რუსეთმა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 20 % გადაისროლა. რუსეთის თავდაცვა არ ამხელს უკრაინაში ომში მონაწილე დანაყოფებისა და სამხედროების რაოდენობას. უკრაინის თავდაცვა კი ჯერ კიდევ თებერვალში აცხადებდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 149 ათას სამხედრო განალაგა. სამხედრო ექსპერტი იური ფედოროვი „პროექტთან“ დაახლოებით 200 ათას სამხედროზე საუბრობს.

„პროექტის“ ინფორმაციით, უკრაინაში საომრად გაუშვეს რუსეთის ის ერთადერთი სამშვიდობო ბატალიონიც, რომელსაც გაეროს ეგიდით სამშვიდობო ოპერაციებში იყენებდნენ.

„რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე დანაყოფებს, სავარაუდოდ, სერიოზული სამხედრო გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. ისინი იბრძოდნენ ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიაში, შეიერთეს ყირიმი 2014 წელს და ეხმარებოდნენ სეპარატისტებს დონბასში. თუმცა სამხედრო ნაწილების პროფესიონალიზმი არა ისტორიაზე, არამედ პირადი შემადგენლობის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. აქ კი ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნად არაა – თვითმხილველების მონაყოლით, უკრაინაში იბრძვიან ახალწვეულები, ან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც საკონტრაქტო სამსახური ახლახან დაასრულეს. ამიტომაც, არაა გასაკვირი, რომ ომის პირველივე დღეებში რუსეთმა ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა“, – წერს გამოცემა.

რამდენი ადამიანი დაკარგა რუსეთმა უკრაინაში:

  • რუსეთის თავდაცვის 2022 წლის 25 მარტის მონაცემებით, სულ დაიღუპა ან დაიჭრა 5 176 სამხედრო.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 30 მარტის ცნობით, 10 000-ზე მეტი.
  • უკრაინის გენშტაბის 17 მაისის მონაცემებით კი, რუსეთის დანაკარგი 29 200 სამხედროა.

ვინ ხელმძღვანელობს რუსულ სამხედრო აგრესიას

გამოცემა მიუთითებს, რომ მაროდიორობის მასშტაბი რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ძალიან მაღალია – ტელეგრამ არხებში გამოქვეყნებულია ათობით ფოტო და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ განადგურებულ რუსულ სამხედრო ტექნიკაში პოულობენ ნივთებს, რომლებსაც სამხედრო ამუნიციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. უკან დახევისას, ჯარისკაცებს თან მიაქვთ არამხოლოდ მოპარული ძვირფასეულობა ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა, არამედ გამონაცვალი ფეხსაცმელი, სათამაშოები, გამოყენებული უნიტაზები. ნადავლს ჯარისკაცები შინ რუსეთის ან ბელორუსის ტერიტორიის გავლით გზავნიან.

„პროექტის“ ვარაუდით, ეს ფენომენი შეიძლება სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორით აიხსნას – ომში მონაწილეობენ ჯარისკაცები რუსეთის უღარიბესი რეგიონებიდან. მათი გასამრჯელო შეიძლება რეგიონში საშუალო ხელფასზე მაღალი იყოს, თუმცა თვეში 50 ათას რუბლს არ აღემატება.

დაღუპული სამხედროები 5 მაისის მონაცემებით და საშუალო ყოველთვიური შემოსავალი იმავე რეგიონში „როსსტატის“ 2021 წლის სტატისტიკით:

  • დაღესტანი – 135 [23 600 RUB]
  • ბურიატია – 98 [22 500 RUB]
  • ვოლგოგრადის ოლქი – 80 [22 600 RUB]
  • ორენბურგის ოლქი – 66 [21 200 RUB]
  • კრასნოდარის მხარე – 65 [31 500 RUB]
  • სტავროპოლის მხარე – 61 [21 200 RUB]

როგორც ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, ოფიცრებს ჯარისკაცებზე მეტს უხდიან, თუმცა არმიებისა და ფლოტების, ასევე დივიზიებისა და ბრიგადების მეთაურები მაინც ბევრად უფრო მოკრძალებულად ცხოვრებენ, ვიდრე ის ხალხი, ვინც ისინი ომში გააგზავნა.

სახმელეთო არმიაში ოფიცრის საშუალო თვიური ხელფასი 2019 წელს დაახლოებით 270 ათასი რუბლი იყო. შედარებისთვის, თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილეები ოფიციალურად, იმავე პერიოდში, თვეში საშუალოდ 1,2 მლნ რუბლს იღებდნენ, გენშატბის ოფიცრები კი  – 300 ათასს.

რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე შეიარაღებული ძალების მეთაური ოფიცრების საშუალო ხელფასები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის დეკლარაციების მიხედვით.

  • სერგეი შოიგუ და მისი მოადგილეები – 1,2 მლნ RUB
  • სამხედრო ოლქების მეთაურები – 900 ათასი RUB
  • გენშტაბის ოფიცრები – 300 ათასი RUB
  • სახმელეთო ჯარები მეთაურები – 270 ათასი RUB
  • დივიზიებისა და ბრიგადების მეთაურები – 160 ათასი RUB

„პროექტის“ გამოძიებამ დაადგინა, რომ 12 სახმელეთო არმიის 3 გენერალი არანაირ უძრავ ქონებას არ ფლობს – ისინი სამსახურებრივ ბინებში ცხოვრობენ. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მწირია დივიზიების მეთაურთა უძრავი ქონებაც და მათი ცოლების შემოსავლებიც.

დივიზიებსა და ბრიგადებს რუსეთის არმიაში პოლკოვნიკები მეთაურობენ. გამოცემა მიუთითებს, რომ მაგალითად, გერმანიაში ანალოგიური წოდების მქონე ოფიცრის შემოსავალი სამჯერ მეტია, ვიდრე რუსეთში.

უცხოელი ოფიცრების შემოსავლები ანალოგიური წოდების პოლკოვნიკის, OF-5 რანგი საერთაშორისო კლასიფიკაციით:

  • დიდი ბრიტანეთი – 8 719 €
  • გერმანია  – 7 478 €
  • საფრანგეთი – 4 531 €
  • ესპანეთი – 3 542 €
  • რუსეთი – 2 358 €

წყარო: Stiftung Wissenschaft und Politik, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების გერმანული ინსტიტუტი, 2019 წელი, თავდაცვის სამინისტროს დეკლარაციები.

რუსეთის არმიის ყოველ მესამე უმაღლეს მეთაურს, რომელიც უკრაინაში იბრძვის, „პროექტმა“ აღმოუჩინა მუნიციპალური და საქალაქო მომსახურებისა და ალიმენტის ვალები. გამოცემის მიერ შესწავლილი სამხედრო ჩინოსნების სიიდან, ყოველ მეხუთეს ავტოინსპექციის ჯარიმები აქვს, ყოველი მეექვსე კი ამ ჯარიმებს დროულად არ იხდის. ოფიცრებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც მართვის მოწმობა არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის ტარების ან საავარიო სიტუაციის შექმნის გამო ჩამოართვეს.

მეთაურების უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს. მათ 40 პროცენტს გავლილი აქვს სპეციალური სწავლებაც.

სისასტიკე რუსეთის არმიაში

მარტის დასასრულს, 5 კვირიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ აეღოთ უკრაინის დედაქალაქი, რუსეთის ძალებმა კიევის ოლქიდან გასვლა დაიწყეს. ყველგან, სადაც რუსეთის ჯარმა გაიარა, ანგარიშსწორების საშინელი კვალი დატოვა – დანგრეული სახლები, დამწვარი მანქანები, პირდაპირ ქუჩაში დახვრეტილი ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, გაუპატიურებული ქალები და არასრულწლოვანები.

„ეს სისასტიკე უპრეცედენტოდ გამოიყურება. კრემლის პროპაგანდა ხომ წლების განმავლობაში ქმნიდა რუსეთის არმიის, როგორც „ზრდილობიანი ჯარისკაცის“ იმიჯს,  მაგრამ თუკი ოფიცრების ბიოგრაფიებს და იმ ნაწილების ისტორიას შევისწავლით, რომლებიც მათ აბარიათ, ცხადი გახდება – ვისგან სწავლობენ ჯარისკაცები“, – აღნიშნავს გამოცემა.

რუსეთის სისასტიკის მაგალითად კიევთან ახლოს მდებარე ქალაქი ბუჩა იქცა – იქ სხვა დანაყოფებთან ერთად, 35-ე საერთო საჯარისო არმიის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა იდგა.

„პროექტის“ ინფორმაციით, ამ ბრიგადის დისლოცირების ადგილი ხაბაროვსკის მხარეშია, მას ადგილობრივმა მოსახლეობამ „მლეჩნიკი“ (რძემჟავა სოკო) შეარქვა.

„მლეჩნიკს“ ახალწვეულების ჯოჯოხეთად მიიჩნევენ. 64-ე ბრიგადაში, 2017-2019 წლებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მშობლები ჰყვებიან, რომ ნაწილში ჯარისკაცებს ძალიან ცუდად კვებავენ, ყაზარმებში სიცივეა, სამხედრო ფორმები კი ძველი და არასათანადო ზომებისაა.

„ზოგჯერ, როდესაც ნაწილში შემოწმება მიდის, ჯარისკაცებს რატომღაც აბაზანებში, ტყეში ან სადმე მალავენ. შესაძლოა, არ უნდათ, რომ სტუმრები ჯარისკაცების შესახედაობით შეაშინონ, რადგან ფორმები და მათი ფიზიკური მდგომარეობა ნამდვილად არასახარბიელოა“, – ჰყვება ერთ-ერთი ახალწვეულის დედა.

საველე სწავლებები წელიწადში ორჯერ იმართება პოლიგონზე, სადაც ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებიც კი არაა. ჯარისკაცები ზამთარ-ზაფხულ კარვებში ცხოვრობენ, ბანაობენ მიწაში ამოთხრილ ორმოში, საცვლებსაც იქვე ირეცხავენ. ახალწვეულები ხშირად ავადმყოფობენ, თუმცა ბრიგადას სამედიცინო პუნქტი არ აქვს. ჯარისკაცებს სან-ინსტრუქტორი მკურნალობს – პარაცეტამოლის მსგავსი ყველაზე პრიმიტიული პრეპარატებით.

„მლეჩნიკში“ ყველაზე საშინელი მაინც ცემისა და გამოძალვის პრაქტიკაა. ამით დაკავებულები არიან როგორც თვითონ ახალწვეულები, ისე ოფიცრები. სამხედრო მოსამსახურეები ბანდებად იკვრებიან: თანაბრიგადელებს ართმევენ ფულს, საბანკო ბარათებს, მობილურ ტელეფონებს.

„პროექტი“ ხაზს უსვამს, რომ წოდებით უფროსები არათუ ხელს არ უშლიან ამ ყველაფერს, არამედ თავადაც მონაწილეობენ ბულინგში.

იმის გამო, რომ ახალწვეულები ვერავის შესჩივლებენ ჩაგვრის შესახებ, ისინი ხშირად ნაწილიდან გაქცევას ცდილობენ. ზოგიერთი კი ცდილობს, როგორმე მოახერხოს და ჯანმრთელობის მიზეზით გაითავისუფლოს თავი სამხედრო სამსახურიდან – „სვამენ მათეთრებელ საშუალებას, ყლაპავენ ნემსებს“.

როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, ზოგჯერ ჯარისკაცები უკიდურეს ზომებსაც მიმართავენ. 2014 წელს თავი მოიკლა რიგითმა ალექსეი სნაკინმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას მაიორი ცოცხის ტარით სცემდა და აიძულებდა საათობით ევლო ჯავშანჟილეტითა და აირწინაღით.

„მლეჩნიკის“ სამხედრო მოსამსახურეები სასტიკად ეპყრობიან ადგილობრივ მოსახლეობასაც. გამოცემა იხსენებს 2015 წელს მომხდარ შემთხვევას, როდესაც „მლეჩნიკის“ სამხედროებმა სასიკვდილოდ სცემეს გამვლელს. კაცი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

ხაბაროვსკის მხარე, არმიაში მომხდარ დანაშაულებზე დამდგარი განაჩენების მიხედვით, რუსეთში მესამე ადგილზეა. მეორეზეა პრიმორსკის მხარე, სადაც, სერგეევკის დასახლებაში, მე-5 საერთო-საჯარისო არმიის 127-ე მოტომსროლელი დივიზიაა დისლოცირებული. ეს დივიზიაც კიევთან იბრძოდა.

2018 წელს სერგეევკის სამხედრო ნაწილიდან 20 წლის რომან საპეგინი გაიქცა. საპეგინი საუბრობდა ბულინგზე, დევნაზე, გამოძალვაზე. უკანასკნელი წვეთი კი აღმოჩნდა ეპიზოდი, როდესაც სერჟანტმა ის აიძულა, უნიტაზი შიშველი ხელებით გაეხეხა, წინააღმდეგობის გამო კი სასტიკად სცემა.

„შარშან ყარაულმა მოიკლა თავი, კიდევ ორ ახალწვეულს „ურალმა“ გადაუარა პირდაპირ პოლიგონზე, კიდევ ერთმა ჯარისკაცმა თავი ჩამოიხრჩო“, – თქვა საპეგინმა.

ზოგჯერ დასახლებაში უცნაური ამბები ხდება. 2018 წლის სექტემბერში, სერგეევკაში, ნაწილთან ახლოს სამხედრო ფორმაში ჩაცმული უთავო ცხედარი იპოვეს. მანამდე, ერთი წლით ადრე, მეზობელ დასახლება უსურიისკში, სადაც ასევე 127-ე დივიზიის ნაწილების არიან, ასევე თავმოჭრილი ცხედარი აღმოაჩინეს – ის არტილერისტი, მაიორი ანდრეი გოლობლიოვი აღმოჩნდა.

რუსეთის სამხედრო მეთაურები/proekt.media

ხაბაროვსკი, სერგეევკა და უსურიისკი – ის ადგილებია, საიდანაც ყველაზე ხშირად გარბიან ახალწვეულები და კონტრაქტით მომუშავე სამხედროები, თუმცა პირველ ადგილზე მაინც მოსკოვის ოლქია, სადაც სხვა დანაყოფებთან ერთად დგას პირველი გვარდიის სატანკო არმია. არმიის ნაწილებში მუდმივად ადგილი აქვს ცემას, გამოძალვას და არამოტივირებულ სისასტიკეს.

„ამ ნაწილებში იხოცებიან ჯარისკაცები – მშვიდობიან დროს, მეთაურების ბრძანების შესრულებისას“, – წერს „პროექტი“ და 2017 წელს მომხდარ შემთხვევას იხსენებს. პირველი სატანკო არმიის მე-4 სატანკო დივიზიის ახალწვეულმა ილია გორბუნოვმა მიიღო ბრძანება, ტანკოდრომზე გადაეყვანა ტანკი, რომელსაც მუხლუხო და მუხრუჭი ჰქონდა დაზიანებული. ვიწრო ხიდზე გადასვლისას, ტანკი გადაყირავდა, მდინარეში გადავარდა და ჩაიძირა. ჯარისკაცი, რომელსაც მის მართვაზე წვდომა არ ჰქონდა, დაიღუპა. ილია გარბუნოვის სიკვდილზე პასუხისმგებელ უშუალო მეთაურს შესაბამისი სასჯელი არ მიუღია.

ეს დივიზიაც დონბასში იბრძოდა.

2016-2020 წლებში რუსეთის სასამართლოებმა სამხედრო ნაწილებში კანონდარღვევის 1 268 საქმე მიიღეს. ამ საქმეების მესამედი შეწყდა – სასამართლომ დანაშაული მსუბუქად მიიჩნია და ჯარიმებით შემოიფარგლა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ის საქმეებია, რომლებმაც სასამართლომდე მიაღწია, ხოლო არმიაში მომხდარი დანაშაულების უდიდესი ნაწილი მიჩქმალულია.

„2015 წელს პოლკოვნიკი ევგენი დოროშენკო გაასამართლეს იმისთვის, რომ ცუდად მყოფ სამხედროს არ დაეხმარა. სერჟანტი დათვრა და შეუძლოდ გახდა, თუმცა მეთაურმა, დისციპლინარული სასჯელის შიშით, სასწრაფოს გამოძახებაზე უარი თქვა. სერჟანტი გარდაიცვალა. დოროშენკოს თავიდან 4 წელი მიუსაჯეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა.

ევგენი დოროშენკო ახლა მეთაურობს პირველი სატანკო არმიის 47-ე გვარდიის დივიზიას, რომელიც ხარკოვში იბრძოდა.

უკრაინასთან დაკავშირებული სამხედროები

„ჩვენს სიაში ყოველი მერვე ოფიცერი უკრაინასთანაა დაკავშირებული“, – წერს „პროექტი“ და რამდენიმე მათგანს ასახელებს.

სამხედრო საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მე-4 არმიის მეთაური ნიკოლაი გოსტევი სუმის ოლქის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. ახლა მისი თვითმფრინავები უკრაინას ბომბავენ.

სამხედრო საჰაერო ძალების მე-6 არმიის მეთაური ოლეგ მაკოვეცკიც უკრაინაში დაიბადა, ქალაქ ჩუგუევში ხარკოვის ოლქში. უკრაინის პროკურატურა მიიჩნევს, რომ ხარკოვის დაბომბვის ბრძანება სწორედ მან გასცა.

გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ ზუსკო მეთაურობს 58-ე საერთო-საჯარისო არმიას, რომელიც ყირიმიდან უტევს მიკოლაევს. ის ვოლინის ოლქში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, უკრაინელებთან ომი კი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო დონბასში. ზუსკოს უკრაინაში ომის დამნაშავედ მიიჩნევენ, სხვა ოფიცრებთან ერთად, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ყირიმის დაპყრობის ოპერაციაში ან დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ზუსკოზე და კიდევ 9 სამხედრო მაღალჩინოსანზე უკრაინას ტერორიზმის დაფინანსებისა და სამხედრო აგრესიის გაჩაღების ბრალდებით ძებნა აქვს გამოცხადებული.

პოლკოვნიკი ვადიმ პანკოვი ბელარუსში დაიბადა, თუმცა უკრაინაში სწავლობდა, ფრუნზეს სახელების სასწავლებელში. მისი დასრულების შემდეგ, 1992 წელს, უკრაინული არმიის ერთ-ერთი დანაყოფს მეთაურობდა და სამხედრო ფიცი აქვს უკრაინელი ხალხისთვის მიცემული. „ოფიცერმა პანკოვმა ფიცი გატეხა – გახდა სპეცრაზმის 45-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური, რომელიც უკრაინაში უკრაინელთა წინააღმდეგ იბრძვის“.

„პროექტი“ წერს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე 20 სამხედრო მეთაური, მაისის შუა რიცხვებში, უკვე მკვდარი იყო – ოთხმა მათგანმა კი საკუთარი სიცოცხლე დაასრულა იქ, სადაც დაიბადა – უკრაინაში.

_______________________________

მთავარ ფოტოზე: ბუჩა დეოკუპაციის შემდეგ. 7 აპრილი. ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK

კიდევ რამდენით მოიმატებს საკვებზე ფასი? – ინტერვიუ

„ხაჭაპურის ინდექსი“ აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით 31 %-ით გაიზარდა. ისევ ძვირდება ის საკვები პროდუქტი, რისგანაც ხაჭაპურის გამოცხობა შეგიძლიათ. საშუალო ზომის ერთი იმერული ხაჭაპურისთვის აპრილში 5 ლარი და 86 თეთრი დაგჭირდებოდათ. რა დაჯდება იგივე ხაჭაპური მაისში?

დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ ხაჭაპურის ფასი დიდი ალბათობით, მომდევნო თვეებშიც გაიზრდება, მომავალი წლის დასაწყისში კი, შესაძლოა ხაჭაპურის გაძვირება შეწყდეს. გაიაფებას ამ რეალობაში, როგორც ჩანს, აღარავინ ელის.

„ხაჭაპურის ინდექსს“ ISET-ი ადგენს და იგი სამომხმარებლო პროდუქციის კომპლექსურ კალათას ეფუძნება. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც.  „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის ბიგ მაკის ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.

დავით კეშელავას ბათუმში იმ შეხვედრის შემდეგ ვესაუბრეთ, სადაც ისაუბრეს კოვიდპერიოდის შემდეგ ქართული ეკონომიკისთვის გაჩენილ ახალ გამოწვევებზე.

  • ბატონო დავით, თავდაპირველად გვითხარით მთავარი გამოწვევის შესახებ, რაც კოვიდმა დაგვიტოვა ეკონომიკაში. 

უმთავრესი გამოწვევა, რაც გამოიწვია კოვიდპერიოდმა და ომმა კიდევ უფრო დაამძიმა, არის ინფლაცია. ეს პრობლემა აწუხებს მთელ მსოფლიოს. ქვეყნების დიდ ნაწილში, მოგეხსენებათ, ფასების დონე ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული. თითქმის ყველა ქვეყანამ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, ანუ საპროცენტო განაკვეთები გაზარდა, რომ როგორმე ინფლაცია შეამცირონ.

საქართველოშიც პანდემიის დაწყების შემდეგ მუდმივად გვაქვს ორნიშნა ინფლაცია მაშინ, როდესაც ჩვენი მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი, მაგრამ 3-ჯერ და 4-ჯერ აღემატება ინფლაციის დღევანდელი დონე. ინფლაცია უმთავრესად პრობლემაა რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი პრობლემა არის სოციალური ეფექტი – ხელფასები ისე სწრაფად ვერ იზრდება, როგორც ფასები, ამიტომ ადამიანების მსყიდველობითი უნარი უფრო და უფრო მცირდება, უფრო და უფრო ნაკლები პროდუქციის შეძენა შეუძლიათ ადამიანებს უკვე საკუთარი შემოსავლებით.

მეორეა ის, რომ ინფლაციასთან საბრძოლველად ცენტრალურ ბანკს უწევს საპროცენტო განაკვეთის მაღალ დონეზე შენარჩუნება, რაც ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედებს ნეგატიურად… მაღალი საპროცენტო განაკვეთები არის ინფლაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მექანიზმი, მაგრამ თუ საპროცენტო განაკვეთს მაღალ დონეზე შეინარჩუნებ დიდი ხნით, შეიძლება მოუარო ინფლაციას, თუმცა დაკრედიტება ძვირდება და ეს ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებს.

  • რა არის ინფლაციის მთავარი მიზეზი დღეს? 

ამის ყველაზე მსხვილი ფაქტორი არის მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილება. მაგალითად, როცა გვაქვს 13-პროცენტიანი ინფლაცია, აქედან 7-8 პროცენტული პუნქტი მოდის საგარეო ფაქტორზე, რაც მოიაზრებს, პირველ რიგში, სურსათზე ფასების ზრდას. ჩვენ რომ ვნახოთ, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, ის ძალიან გაზრდილია წინა პერიოდთან შედარებით. ამის უმთავრესი მიზეზია მიწოდების ჯაჭვების დარღვევა, რის პრობლემაც ჯერ კიდევ პანდემიის დროს შეიქმნა: ლოჯისტიკა გართულდა. ახლა ამას დაემატა ომი – უკრაინა და რუსეთი კი ბევრი საკვები პროდუქტის ექსპორტიორია და კვოტები აქვთ დაწესებული.

ინფლაციის მეორე მსხვილი ფაქტორია ნავთობის ფასი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მაღალ დონეზეა, რაც ტრანსპორტირებას აძვირებს. კომპონენტების მიხედვით, ყველაზე დიდი წვლილი აქვს სურსათის კომპონენტს, მერე მოდის ტრანსპორტირების საკითხი.

  • „ხაჭაპურის ინდექსი“ 31 პროცენტით გაიზარდა, ამ დროს ვალუტა სტაბილურად მყარდება. რატომ ვერ აისახა ეს იგივე ხაჭაპურზე? 

ვალუტის კურსის ცვლილებას აქვს დადებითი გავლენა, რადგან უფრო მაღალი იქნებოდა ეს ფასები, ეს დადებითი ფაქტორია, მაგრამ ის შთანთქა სხვა ფაქტორებმა.

ავიღოთ იგივე ხაჭაპური და მისი კომპონენტები – ვნახავთ, რომ ძირითადი ნაწილის იმპორტს ვახდენთ, მაგალითად, ფქვილი თითქმის მთლიანად იმპორტით შემოდის. იმ პროდუქტებზე კი, რაც იმპორტით შემოდის, მსოფლიოში რა ფასიცაა, ის ახდენს გავლენას. აქ ორი ფაქტორი ეჯახება ერთმანეთს: პირველი არის ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასები გაიზარდა და რაც შემოგვქონდა, ის უფრო ძვირად შემოგვაქვს. მეორე მხრივ, დადებითი ფაქტორია ვალუტის კურსი, რომელიც შედარებით მყარდება.

პირველი ფაქტორი იმდენად ძლიერია, რომ მეორე ფაქტორს მთლიანად ფარავს ამ ეტაპზე.

  • უნდა ველოდოთ ხაჭაპურის უფრო გაძვირებას? ვიცით, რომ ფქვილი ძირითადად რუსეთიდან შემოგვაქვს, რომლის ფასიც იზრდება. 

ძნელი სათქმელია ხაჭაპური კიდევ რამდენად გაძვირდება. ვიდრე ომის სიტუაცია არ გადაწყდება და არ აღდგება მიწოდების ჯაჭვები, მანამდე ხაჭაპური ფიზიკურად ვერ გაიაფდება. ფაქტია, რომ მიწოდება არის შემცირებული, რის გამოც ფასი გაზრდილია და ტრანსპორტირება უფრო რთულია.

მსოფლიოში როცა დაიწყებს ფასები კლებას, განსაკუთრებით კი, ნავთობის და სურსათის, ეს მალე გადმოეცემა საქართველოსაც. მანამდე ჩვენ ცოტა კომპონენტი გვრჩება იმისთვის, რომ გავლენა მოვახერხოთ. ხაჭაპურის ფასის შემცირებას არ ველოდებით, მაგრამ გვინდა, ნაკლებად გაიზარდოს. იგივე ხორბლის დამუშავება აქ იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ არჩიეს პირდაპირ ფქვილი შემოეტანათ და წისქვილკომბინატებს შეექმნათ პრობლემა. რუსეთ-უკრაინის ომის გამო მიწოდება ძალიან შემცირებულია.

  • ვიცით, რომ უნდა გადავეწყოთ ახალ ბაზრებზე და ახლა რუსეთზე დამოკიდებულების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ სურსათი ჩვენთან ყველა ვარიანტში გაძვირდება? 

რთული საკითხია, ეს როგორი იმოქმედებს ფასებზე. ჩვენ ახლა ავტომატურად დავდექით  ახალი შესაძლებლობის წინაშე: გამოწვევა ზოგჯერ შესაძლებლობას აჩენს ხოლმე. ჩვენი ვაჭრობა იყო და არის ძალიან დამოკიდებული რუსეთზე წლებია. პანდემიის დროს კიდევ უფრო მეტად გადაერთო რუსეთზე ექსპორტი და იმპორტიც. ახლა კი, გვინდა თუ არა, გვიწევს გადართვა, რადგან იქიდან პროდუქტების მოთხოვნაც შემცირებულია, ახლა ბაზრებს ეძებენ და მოძებნიან დროთა განმავლობაში. ახლა რომ ვნახოთ ექსპორტის სტატისტიკა, ჩანს კიდეც ეს გადართვა. მაგალითად, ღვინო, რომელიც აქამდე ძირითადად რუსეთში გადიოდა, ასევე მეტალები, ფეროშენადნობები და სპილენძი, რომელიც ასევე რუსეთში გადიოდა. ამ მეტალებს რუსეთში წარმოებაში იყენებდნენ უცხოური კომპანიები და ვინაიდან ეს კომპანიები უკვე რუსეთიდან გავიდნენ, აღარ სჭირდებათ ეს ნედლეული.

  • ხორბლის ექსპორტიორები ამბობენ, რომ რუსეთიდან ხორბლის შემოტანა ჯდებოდა იაფი, ხოლო სხვა ბაზრებზე გადართვა გამოიწვევს პურის გაძვირებას.

ეს ლოგიკურია, რადგან იმპორტიორები ყოველთვის ეძებენ იაფ ალტერნატივას. რუსეთიდან ხორბალი შემოჰქონდათ იმიტომ, რომ გათვალისწინებული იყო გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ფასი…. შესაბამისად, ხაჭაპური გაგვიძვირდება, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს გაძვირება, არ ვიცი. არსებობს ვარაუდი, რომ მომდევნო წლის დასაწყისში ცოტათი უნდა გაგვიძვირდეს, ასე ჩანს ეს, მაგალითად, ეროვნული ბანკის პროგნოზის მიხედვით ინფლაციაზე. ეს ვარაუდები თავისუფლად შეიძლება, რომ არ აღმოჩნდეს მართალი, რადგან ძალიან ბევრი გაურკვევლობაა მსოფლიოში.

  • რა გათვლები არსებობს ამ ეტაპზე, რის თქმა შეიძლება სურსათის ფასების ზრდასთან დაკავშირებით? 

რთულია გათვლა ამ მოცემულობაში. მაგალითად, ეროვნულ ბანკს აქვს გათვლა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე შენარჩუნდება 3 პროცენტზე მაღალი ინფლაცია და შემდეგ დროდადრო დაიწყებს შემცირებას. თუმცა ეს არის პირობითი პროგნოზი, რადგან ისეთი გეოპოლიტიკური ფაქტორებია, რომ ვერ გათვლი: ომი როდის დასრულდება, ნავთობის მწარმოებლები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ფასებზე, ასევე, გაზრდიან თუ არა მიწოდებას, რა დრო დასჭირდება ევროკავშირს რუსულ გაზზე უარის სათქმელად?

  •  თქვენი დაკვირვებით, საქართველოში კრიზისების მართვის კუთხით რა პრობლემა გამოიკვეთა როგორც კოვიდპერიოდში, ასევე ომის პირობებში? 

პანდემია იმდენად ახალი მოვლენა იყო, რომ ეს სხვა ქვეყნებისთვისაც იყო გამოწვევა და ხშირად ჩანდა ქაოსური, ურთიერთგამომრიცხავი მიდგომები. ჩვენ გვქონდა თავიდან ძალიან მკაცრი მიდგომა, რომ არ გავრცელებულიყო ვირუსი, მაგრამ მას ჰქონდა ნეგატიური გავლენა ბიზნესზე. შემდეგ სწრაფად გადავედით მიდგომაზე, რომელიც ძალიან რბილი იყო და ბიზნესის სტიმულირებაზე უფრო იყო ორიენტირებული…

ზოგადად, კრიზისებს ახასიათებს ის, რომ სხვადასხვა სექტორში რაც კი პრობლემა არსებობს, ეს მოდის წინა პლანზე. პრაქტიკულად ჩვენ ყველა მიმართულებით წავაწყდით გამოწვევას – დაწყებული ეკონომიკიდან, დასრულებული განათლებითა და ჯანდაცვით. მაგალითად, ტურიზმის სექტორზე დამოკიდებული ზოგიერთი სფერო თითქმის ჩამოშლის პირამდე მივიდა.

უმთავრესია, რომ მაკროსტაბილურობის კუთხით პრობლემა არაერთია – პრობლემაა ინვესტიციების შემოდინების კუთხით, მაღალი ინფლაცია დაგვიტოვა კოვიდპერიოდმა და ეკონომიკური ზრდა ამ დრომდე თითქმის უპროგნოზოა.

რა ღონისძიებები იმართება 26 მაისს ბათუმში

ბათუმში 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებებისთვის მზადება დაიწყეს, ქალაქის ქუჩებში  გამოფინეს დროშები, ევროპის მოედანზე სცენას ამონტაჟებენ. ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებას მერის მოადგილე სოფო ხალვაში კურირებს.

მერის მოადგილის ინფორმაციით:

სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორების გამოფენა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის რვა საათიდან დაიწყება და საღამოს ექვს საათამდე გაგრძელდება.

12 საათზე ცენტრალური პარკიდან დაიწყება მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩაზე სასულე ორკესტრთან ერთად, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან შეასრულებენ ხალხური ფოლკლორის რამდენიმე ნომერს – როგორც სიმღერას, ასევე ცეკვას, წარმოდგენილი იქნება აიპ კულტურის ცენტრთან არსებული ენვერ ხაბაძის სახელობის ჯგუფი, ასევე ანსამბლი „არსიანი.“

ევროპის მოედანზე 12 საათიდან, მთელი დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

„გარდა ამისა, გაცოცხლდება ისტორიები, დაგეგმილია ასევე სპორტული ღონისძიებები, რომლებშიც ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. იქნება ქვიშის ფეხბურთი და ფრენბურთი, ასევე ჭადრაკი.“

სოფო ხალვაშის ინფორმაციით, ღონისძიებები ევროპის მოედანზე ღამის პირველ საათამდე გაგრძელდება:

„ბოლოს დიჯეი და ათი ადგილობრივი ბენდი იქნება წარმოდგენილი.“

ბათუმში 26 მაისს დაგეგმლი ღონისძიებებისთვის მერიისა და განათლების სამინიტროს ბიუჯეტებიდან 80 000 ლარი დაიხარჯება. უწყებებმა შესაბამისი მომსახურებები პირდაპირი წესით შეისყიდეს.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს თბილისში, მაშინდელი გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 

____

მთავარი ფოტო: ირმა დიმიტრაძე

ოკუპირებულ ხერსონში ადამიანები ქრებიან – ქალაქის მერი

რუსული ოკუპაციის დაწყებიდან დღემდე ხერსონში 250-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა. მათგან მხოლოდ 70 გაათავისუფლეს – ამის შესახებ ხერსონის მერმა იგორ კოლიხაევმა RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა დღეს, 23 მაისს.

„ხალხი ქრება. ძირითადად ისინი, ვინც ანტიტერორისტულ ოპერაციაში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, აქტიური პროუკრაინული პოზიციის მქონე ადამიანები, კორესპონდენტები.

აწამებენ თუ არა მათ? ალბათ კი. მე არ მისაუბრია მათთან, ვინც აწამეს, მაგრამ ხალხი ამაზე ლაპარაკობს.

სტატისტიკას მხოლოდ მას შემდეგ ვაწარმოებთ, როცა გვიკავშირდებიან ნაცნობებთან ან ახლობლებთან დაკავშირებით. სტატისტიკის მიხედვით, 250-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა, მათგან 70 გაათავისუფლეს.

მიჭირს იმის თქმა, რა დაემართა დანარჩენებს, ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ კავშირი მათთან, ვინც დატოვა საკონტაქტო ინფორმაცია, რათა გავარკვიოთ, დაბრუნდნენ თუ არა მათი ახლობლები სახლში“, – თქვა მან.

უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსმა ოკუპანტებმა 2 მარტს აიღეს. მიუხედავად ამისა, ხერსონში თავისუფალი უკრაინის მხარდასაჭერად და ოკუპაციის გასაპროტესტებლად პერიოდულად იმართებოდა აქციები.

ამავე თემაზე: 

კაცებს აშიშვლებენ და ამოწმებენ იარაღს ხომ არ მალავენ – რას ყვება კაცი ოკუპირებულ ხერსონიდან 

 

მასწავლებლის დასაქმების ახალი წესი – კომისიის 5 წევრიდან 4 სამინისტროს წარმომადგენელი იქნება

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით, პირმა მასწავლებლად დანიშვნამდე 5-წევრიან კომისიასთან უნდა გაიაროს გასაუბრება.

„კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა, საჯარო სკოლის შემთხვევაში კი არანაკლებ 5 წევრისა“, – წერია ბრძანებაში.

ბრძანების მიხედვით, კომისიის წევრები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი, ხოლო საჯარო სკოლის კომისიის წევრად აგრეთვე უნდა განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ასევე, რესურსცენტრის წარმომადგენელი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი.

ძველი ბრძანების მიხედვით, სკოლას აქამდე არ ჰქონდა ვალდებულება კომისიაში სამინისტროს ან რესურსცენტრის წარმომადგენელი ჰყოლოდა. დირექტორს შეეძლო კომისიის წევრთა შემადგენლობა თავად განესაზღვრა. თუმცა ახალი ბრძანებით, დირექტორი ვალდებული იქნება კომისიის შემადგენლობაში შეიყვანოს განათლებს სამინისტროს წარმომადგენელი.

მიიღეთ უკრაინის აღდგენაში მონაწილეობა – ზელენსკის მოწოდება ქვეყნებსა და კომპანიებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ზელენსკის თქმით, მსოფლიო დგას ისტორიული მნიშვნელობის, გადამწყვეტ მომენტში. „ახლა ჭეშმარიტად ის მომენტია, როდესაც წყდება, მართავს თუ არა მსოფლიოს უხეში ძალა“.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცდილობს რუსეთი დაუნდობელი, უხეში ძალის გამოყენებით დაიმორჩილოს უკრაინა და რომ სწორედ ეს ახასიათებს უხეში ძალის გაბატონებას. „ის არ აწარმოებს მოლაპარაკებებს, არამედ კლავს ადამიანებს. ეს არის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ“.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რუსეთი იქცა ომის დამნაშავეების სახელმწიფოდ“, რომლის დაუსჯელობაც სხვა მსგავსი განზრახვების მქონე სუბიექტებისთვის პირდაპირი წახალისებაა – თუ აღმოჩნდება, რომ ძალის გამოყენებით შეიძლება ყველა მიზნის დაუსჯელად მიღწევა, შესაძლოა მსგავსი ფორუმების გამართვამ აზრიც დაკარგოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასული საუკუნის ისტორიული მოვლენები გაიხსენა, ისევე როგორც 2014 წლის ყირიმის ომი. მისი თქმით, მსოფლიომ უნდა გაიაზროს, რომ აგრესიაზე საპასუხო რეაქცია არ კმარა მსგავსი მსხვილმასშტაბიანი ომებისა და ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად და აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. „რუსეთის მიმართ შესაბამისი სანქციები ადრე რომ დაწესებულიყო, უფრო მკაცრი რომ ყოფილიყო საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია, დაიწყებდა კი რუსეთი სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში? მჯერა, პასუხია არა“, – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „ამ გაკვეთილის ფასი ათიათასობით სიცოცხლე დაჯდა“.

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილებს, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, რუსულ ეკონომიკას კრიტიკულად მტკივნეული დარტყმები მიაყენონ. მისი თქმით, მხოლოდ მძიმე ეკონომიკური დანაკარგები და საერთაშორისო იზოლირება აიძულებს რუსეთს, შეჩერდეს. ზელენსკიმ, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ჯერ კიდევ თებერვალში რომ მიეწოდებინათ მოთხოვნილი შეიარაღება და ეკონომიკური დახმარება,  უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ეკონომიკურ ლიდერებს, ქვეყნებსა და კომპანიებს უკრაინის აღდგენაში მონაწილეობა შესთავაზა:

„ჩვენ გვსურს შემოგთავაზოთ ომში დაზარალებული ქვეყნის აღდგენის ახალი პრეცედენტის შექმნა, რომელიც ყველას, ვინც ოცნებობს მეზობლის სიცოცხლის მოსპობაზე, დაარწმუნებს, რომ ომი არ მუშაობს. გიწვევთ მიიღოთ მონაწილეობა ამ აღდგენაში. უზარმაზარი მოცულობის საქმეა გასაკეთებელი, ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტი ზარალი, ათიათასობით განადგურებული შენობა-ნაგებობა, რომელიც უნდა აღდგეს. ჩვენ გვჭირდება ქალაქებისა და ინდუსტრიების თავიდან აშენება. ჩვენ გთავაზობთ განსაკუთრებულ, უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მოდელს: თითოეულ პარტნიორ ქვეყანას, პარტნიორ ქალაქს ან პარტნიორ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა უხელმძღვანელონ კონკრეტული რეგიონის – ქალაქის, დასახლების ან ინდუსტრიის აღდგენას. დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, ევროკავშირმა… და სხვა ლიდერმა კომპანიებმა უკვე აირჩიეს კონკრეტული არეალი, რომლის აღდგენაზეც იზრუნებენ. თანამშრომლობის მსგავსი მოდელი შესაძლებელს გახდის ომის შემდგომი აღდგენის პროცესის ეფექტურობისა და სისწრაფის უზრუნველყოფას… ველით, რომ პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო კომპანიებისგან კიდევ მოვისმენთ შეთავაზებებს“.

პრეზიდენტმა ასევე შესთავაზა კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებენ, საქმიანობის უკრაინაში გაგრძელება: „აქ არამარტო წვდომა გექნებათ ადგილობრივ ბაზარზე, რომელსაც 40 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, არამედ ევროპის საერთო ბაზარზეც.“

უკრაინის აღდგენის გეგმასთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ფინანსური დახმარების ფონდ United 24-ზეც ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეეხო გლობალურ სასურსათო კრიზისს და აღნიშნა, რომ ეს ომი აზარალებს არა მხოლოდ უკრაინასა და უკრაინელებს. მან საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზა ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც შიმშილობის პრევენციისთვის საჭირო ინსტრუმენტებს შექმნის:

„მასობრივ შიმშილობაზე ნებისმიერი რეაგირება გვიანია. თავისი არსით შიმშილობა მხოლოდ პრევენციულად უნდა შეჩერდეს, როდესაც ის ჯერ არაა დაწყებული. მსოფლიოს ახლა, უბრალოდ, არ აქვს მსგავსი ინსტრუმენტი. ჩვენ გთავაზობთ შეიქმნას საკვები პროდუქტების ექსპორტიორი დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის ორგანიზაცია, ქვეყნებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ადამიანის უფლებებისა და გლობალური ვაჭრობის წესების დაცვით. ჩვენთვის მოტივაცია ძალიან მარტივია – როგორი გარდამტეხი ისტორიული მომენტიც არ უნდა დადგეს, კაცობრიობას უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტი შიმშილისგან თავის დასაცავად. უკრაინა მზადაა უზრუნველყოს პლატფორმა ამ ახალ ორგანიზაციაში საქმიანობისთვის, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია“.

აქვთ თუ არა მაიმუნის ყვავილის მიმართ იმუნიტეტი ჩუტყვავილას ვაქცინით აცრილ ადამიანებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა 15 ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს დაავადება არ არის ენდემური. ამ ქვეყნებს შორის არის: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ავსტრალია, კანადა და შეერთებული შტატები.

ჯანმოს უახლესი ანგარიშის მიხედვით, მაიმუნის ყვავილის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევების იდენტიფიცირება ენდემურ არეალთან პირდაპირი მოგზაურობის გარეშე უაღრესად უჩვეულო მოვლენაა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის გადაცემა ხდება ადამიანებს შორის, რომლებიც მჭიდრო ფიზიკურ კონტაქტში არიან სიმპტომატური შემთხვევების დროს.

მაიმუნის ყვავილის კლინიკური გამოვლინება ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ჩუტყვავილას, მის მონათესავე ინფექციას, რომელიც ჯანმომ 1980 წელს მთელ მსოფლიოში აღმოფხვრილად გამოაცხადა.

  • მკურნალობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წერს, რომ მაიმუნის ყვავილისთვის სპეციფიკური სამკურნალო საშუალება არსებობს, ეს ანტივირუსული აგენტია, რომელიც ცნობილია როგორც tecovirimat-ი. ის შემუშავებული იყო ჩუტყვავილას სამკურნალოდ, ლიცენზირებული იქნა ევროპის სამედიცინო ასოციაციის (EMA) მიერ მაიმუნის ყვავილისთვის 2022 წელს, ცხოველებზე და ადამიანებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე.

ჯანმო წერს, რომ ის ჯერ არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი. „თუ ის გამოყენებულ იქნება პაციენტის მოვლაში, ტეკოვირიმატი იდეალურად უნდა იქნეს დამონიტორინგებული კლინიკური კვლევის კონტექსტში, პროსპექტული მონაცემების შეგროვებით” – წერს ჯანმო.

  • ვაქცინა

ჩუტყვავილას ვაქცინაცია წარსულში 85%-ით ეფექტური იყო მაიმუნის ყვავილის პროფილაქტიკაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ჩუტყვავილა აღმოიფხვრა, ეს ვაქცინა ფართო პოპულაციისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი. თუმცა, ჯანმოს ცნობით, წარსულში ჩუტყვავილას ვაქცინაციამ შესაძლოა დაავადება ნაკლებად მძიმე გახადოს.

ამრიგად, წარსულში ჩუტყვავილაზე ჩატარებულმა აცრამ შეიძლება გამოიწვიოს მაიმუნის ყვავილით უფრო მსუბუქი დაავადება.

ჩუტყვავილაზე ჩატარებული აცრის მტკიცებულება ჩვეულებრივ შეიძლება მოიძებნოს მკლავზე ნაწიბურის სახით. ამჟამად, ჩუტყვავილას ორიგინალური (პირველი თაობის) ვაქცინები ფართო საზოგადოებისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი.

უფრო ახალი ვაქცინა ყვავილის წინააღმდეგ, შესაძლოა მიღებული ჰქონდეს ზოგიერთი ლაბორატორიის პერსონალსა და ჯანდაცვის მუშაკებს.

ჯერ კიდევ ახალი ვაქცინა, რომელიც დაფუძნებულია ჩუტყვავილას მოდიფიცირებულ დასუსტებულ ვირუსზე (ანკარას შტამი) დამტკიცდა მაიმუნის ყვავილის პრევენციისთვის 2019 წელს. ეს არის ორდოზიანი ვაქცინა, რომლის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.

  • გადაცემის გზები

მაიმუნის ყვავილის ადამიანებზე გადაცემა შეიძლება მოხდეს ინფიცირებულ ცხოველთან ან ადამიანთან კონტაქტით, ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.

წვეთოვანი რესპირატორული ნაწილაკების საშუალებით გადაცემა ჩვეულებრივ ხდება პირისპირ ხანგრძლივი კონტაქტისას, რაც აყენებს რისკის ქვეშ აყენებს ჯანდაცვის მუშაკებს და დაავადებულ ადამიანთან სხვა ახლო კონტაქტში მყოფ ადამიანებს.

ჯანმოს ცნობით, მაიმუნის ყვავილი ნაკლებად გადამდებია, ვიდრე ჩუტყვავილა და იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას.

5 ათასი ლარით დააჯარიმეს ფსიქიატრიული კლინიკა, რომელმაც ქალი უკანონოდ განათავსა – PHR

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] სასამართლო დავა მოუგო ფსიქიატრიულ დაწესებულებას, რომელმაც ქალი უკანონოდ განათავსა კლინიკაში.

PHR-ის ცნობით, სასამართლომ კლინიკას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5000 ლარი დააკისრა.

„2019 წლის 31 აგვისტოს ნინო საკვები პროდუქტის შესაძენად გავიდა სახლიდან. დაბრუნებიდან რამდენიმე საათში კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ნინომ კარი გააღო. მასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მისული.

ადგილზე არ მომხდარა არანაირი კონფლიქტი ან დაძაბულობა. პოლიციის ეკიპაჟმა სამედიცინო შემოწმებისთვის ნინოს კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

ქალი დაიბნა, ვერ მიხვდა იმ მომენტში რა შეეძლო გაეკეთებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა კლინიკაში. გზად ნინომ გაიგო, რომ პოლიციისთვის მის დას დაურეკია.

მან უთხრა პოლიციელებს, რომ თავად იყო ოჯახის წევრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და მის დასაცავად შემაკავებელი ორდერიც იყო გამოცემული რამდენიმე დღის წინ. ამ ინფორმაციაზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია და ნინო ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიყვანა, საიდანაც ის აღარ გამოუშვეს,“ – წერს PHR-ი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ნინოს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანის და განთავსების დროს  არ უწარმოებიათ ფაქტების სრული და ობიექტური შესწავლა.

„კერძოდ, პოლიციამ და ფსიქიატრიული დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ქალის მონაყოლი, რაც ფაქტებით იყო დადასტურებული [დის მხრიდან ნინოზე ფიზიკური ძალადობა, რის გამოც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახა მოძალადე დამ მაშინ, როცა თავად ნინო იყო ძალადობის მსხვერპლი და დასაცავი დის მხრიდან].

საქალაქო სასამართლომ მხოლოდ ექიმ-ფსიქიატრების მოსაზრებას მოუსმინა და ნინო 6 თვით ფსიქიატრიულში, მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვა.

PHR-ის დახმარებით ნინომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში კანონის დარღვევით მოთავსების გამო“.

PHR-ის ინფორმაციით, ნინომ მათთან ერთად დაიწყო სამოქალაქო დავა კლინიკის წინააღმდეგ და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის გამო, „რამაც მას ტკივილი და ტანჯვა განაცდევინა, მისთვის მორალური ზიანის  ანაზღაურება მოითხოვა“.

სასამართლოს ორმა ინსტანციამ დააკმაყოფილა ნინოს მოთხოვნა და კლინიკას მორალური ზიანის გადახდა დააკისრა.

აზოვსტალიდან გაყვანილი ტყვეების ვინაობა არ გასაჯაროვდება – წითელი ჯვარი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საჯაროდ არ გამოაქვეყნებს ინფორმაციას „აზოვსტალიდან“ გაყვანილი მარიუპოლის მცველების შესახებ. ამავე დროს, მებრძოლების ოჯახებს შეუძლიათ მიმართონ ორგანიზაციას ამ ინფორმაციის მისაღებად – ინფორმაციას უკრაინული „24 კანალი“ ავრცელებს უკრაინაში „წითელი ჯვრის“ სპიკერის, მირელა ჰოდეიბის განცხადებაზე დაყრდნობით.

მირელა ჰოდეიბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაცია აზოვსტალიდან გაყვანილი უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობისა და პირადი მონაცემების შესახებ კონფიდენციალური დარჩება.

„ორგანიზაციის წარმომადგენელმა თავი აარიდა კითხვას, აზოვსტალიდან გაყვანილი რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი, მათ შორის დაჭრილი, დარეგისტრირდა წითელი ჯვრის მიერ“, – წერს გამოცემა.

„ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ჩვენი პრიორიტეტია სამხედრო ტყვეების პატიმრობისა და მოპყრობის პირობების შემოწმება, გაუჩინარების პრევენცია და მათ ოჯახებთან კავშირის შენარჩუნება. მაგრამ ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ სიებს ან იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც მოვინახულეთ ან მათ, ვისაც მოვინახულებთ მომავალში“, – თქვა ჰოდეიბმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ სამხედრო ტყვეების რეგისტრაცია საშუალებას აძლევს მათ „თავი დაცულად იგრძნონ უკვალოდ გაქრობის რისკისგან“.

  • რა ვიცით მარიუპოლის მცველებზე

ქალაქ მარიუპოლში 16 მაისამდე აგრძელებდნენ ბრძოლას უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც აზოვსტალის ქარხნის ბუნკერებში იყვნენ გამაგრებული. მათ შორის იყვნენ: აზოვის პოლკი, მესაზღვრეები, პოლიცია, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა.

აზოვსტალი 21 აპრილიდან ალყაში იყო და განუწყვეტლივ იბომბებოდა, ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ასობით დაჭრილი, ჯარისკაცებს უთავდებოდათ მედიკამენტები და წყალი.

20 მაისს „აზოვის“ პოლკის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დენის პროკოპენკომ, ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების ბრძანება გასცა.

აზოვსტალიდან რუსმა სამხედროებმა სრულად გაიყვანეს უკრაინელი სამხედროები. უკრაინული მხარე ამ პროცესს ევაკუაციას უწოდებს და იმედოვნებს, რომ მათ გადაცვლას შეძლებს რუს ტყვეებში გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართულებით.

კრემლი კი ამბობს, რომ უკრაინელი მებრძოლები ტყვედ ჩაბარდნენ.

_______________

ფოტოზე: აზოვსტალი. ფოტოს ავტორია პოლკ „აზოვის“ მებრძოლი დმიტრო კაზაცკი.

ჩვენ გვჭირდება ომში წასვლა იმისთვის, რომ გადავრჩეთ – უკრაინელი ენის პროფესორი ომიდან

ვიქტორ მოისენკო ჟიტომირის ივან ფრანკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო უკრაინული ენის კათედრაზე.

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე პროფესორმა სწავლის პროცესი მიატოვა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩაეწერა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოსთან მოისენკო ამბობს, რომ არც დაფიქრებულა უნდა წასულიყო თუ არა საომრად, რადგან „სასწორზე უკრაინის არსებობის საკითხი დგას. 24-25 თებერვალს, როცა პირველი ბომბები დაუშინეს უკრაინას, ბევრი პროფესორი, ექიმი, მასწავლებელი თუ სხვა პროფესიის ადამიანი წავიდა საბრძოლველად, რადგან ეს ნამდვილად უკანასკნელი ბრძოლაა, რომელშიც უკრაინა არ უნდა დამარცხდეს“, – ამბობს ახლა უკვე უმცროსი სერჟანტი ვიქტორ მოისენკო.

АрміяINFORM-ი წერს, რომ ომის დაწყებამდე მოისენკო 30 წელი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას.

გამოცემასთან მისი კოლეგები ამბობენ, რომ ის ახალგაზრდობიდანვე უკრაინას იცავდა.

„მაშინ მისი ბრძოლის იარაღი იყო ენა, ენის ისტორია და დიალექტოლოგია – ყველაფერი, რასაც ჩვენი ენა, გენეტიკური კოდი ეფუძნება. კაბინეტის მეცნიერისგან ის უკრაინის მცველად იქცა“, – ამბობს გამოცემასთან მისი კოლეგა.

ვიქტორ მოისენკო ომში, /ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო – АрміяINFORM

ახლა უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების 57 წლის წევრი საკუთარ არჩევანს ასე ხსნის:

„დაპირისპირება უკრაინასა და რუსეთს შორის უნდა მომხდარიყო. ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს რთულად ეგუება და ამაში ბრალი უკრაინას არ მიუძღვის. უკრაინას არასდროს არავის მიმართ ჰქონია პრეტენზია, მაგრამ რაც დრო გადის, მით მეტი პრეტენზია აქვს ჩრდილოელ მეზობელს ჩვენს მიმართ.

უკრაინელებმა ხმამაღლა თქვეს, რომ უკრაინელები არიან, რომ ისინი არ ეხებიან სხვის ისტორიას – პოლონეთის, თურქეთის, თუ რუსეთის ისტორიას, მაგრამ აქვთ საკუთარი ისტორია. არც თურქები, არც მადიარები და არც რუმინელები, თავს არასდროს დაგვსხმიან.

ერთადერთი, ვინც ამას აკეთებდა ყოველთვის, არის ნახევრად ველური ერი, რომელსაც არ ასწავლიან საკუთარ ისტორიას და ხელყოფენ სხვისას“, – ამბობს მებრძოლი პროფესორი.

მეცნიერი ამბობს, რომ უკრაინამ უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი მსოფლიოში, რადგან ქვეყანა ირჩევს თავისუფლებას ან სიკვდილს.

„ჩვენ არ გვჭირდება ომში წასვლა, რომ მოვკვდეთ. ომში წასვლა გვჭირდება იმისთვის, რომ გადავრჩეთ, გავიმარჯვოთ და ავაშენოთ უკრაინა“, – ამბობს პროფესორი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვიქტორ მოისენკოს მსგავსად უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის ივან ფრანკოს ჟიტომირის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 მასწავლებელი და სტუდენტი.


მთავარი ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოდან: АрміяINFORM

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა ავარიული და სახიფათოა – სამხარაულის ექსპერტიზა

„ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები  მწვავედ ავარიული და საფრთხის შემცველია. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებელია“, – ნათქვამია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა, დღეს, 23 მაისს, მიიღო.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თავის დასკვნაში მკაცრად განსაზღვრა, ასევე, უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომლის მიხედვითაც უნდა დაიწყოს შენობის, განსაკუთრებით კი წიგნთსაცავის, დაცლა.

„პირველი რიგში საჭიროა მოხდეს მწვავედ ავარიული უბნების განტვირთვა [წიგნთსაცავის დაცლა] შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების მიერ უსაფრთხოების წესების დაცვით, სათანადო თანმიმდევრობით, წინასწარ დამზღვევი კონსტრუქციების დამონტაჟების შემდეგ, [საჭიროა ყველა სართულზე ტელესკოპური დგარებისა და კოჭების მონტაჟი], ხოლო შემდგომ შენობას ჩაუტარდეს საფუძვლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაბამისი კონსტრუქციული პროექტის მიხედვით“.

ბიბლიოთეკის დირექტორი ჯონი საბაშვილი პირად საუბრებში აცხადებს, რომ შენობას რეაბილიტაციას ჩაუტარებენ და სხვა რაიმე სახის ეჭვები უსაფუძვლოა: „ამის გარანტიას გაძლევთ.“

დოკუმენტების მიხედვით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს  ექსპერტიზა „ბიბლიოთეკის შენობის ტექნიკური მდგომარეობის დასადგენად“ 17 მაისს დაუკვეთა.

ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა დროებით სხვა შენობაში გადავა, თუმცა ამ დროისთვის არ ვიცით, სად: „შენობას ვეძებთ.“

Exit mobile version