ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის რომელ სოფლებში შეჰყავთ ინტერნეტი და რომელში არა – ქვეყანამ 69,7 მილიონი ევრო ისესხა  

25.07.2022 • 4926
აჭარის რომელ სოფლებში შეჰყავთ ინტერნეტი და რომელში არა – ქვეყანამ 69,7 მილიონი ევრო ისესხა  

ქობულეთისა და ხელვაჩაურის სოფლების ინტერნეტიზაციის ტენდერში გაიმარჯვა უზბეკურმა კომპანიამ, რომლის მესაკუთრეებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ – რუსეთის და უზბეკეთის. სახელშეკრულებო თანხა 1,5 მილიონი აშშ დოლარია.

ტენდერის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა 39 სოფელში დაიწყება. ბოჭკოვანი კაბელი, სხვა ტენდერის ფარგლებში, უკვე მიყვანილია ქობულეთის 12 სოფელში, თუმცა, მოსახლეობას ფართოზოლიანი ინტერნეტი ჯერ ისევ არ მიეწოდება.

ამ ასოფლების უმეტესობის ინტერნეტიზაცია კი „ფონდ ქართუს“ დაფინანსებით იგეგმებოდა, თუმცა რა ბედი ეწია დაპირებულ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ყველა სოფელში ინტერნეტის შეყვანა „ოცნების“ 2014 წლის დაპირება იყო, მაგრამ სამუშაოები, ფაქტობრივად, გასულ წელს დაიწყო, ისიც დონორების დაფინანსებით.

პროექტი Log-in Georgia, რომელიც სოფლების ინტერნეტიზაციას ითვალისწინებს, დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული სესხით – ჯამში 69,7 მილიონი ევრო. ამ თანხით დასაფინანსებელ სამუშაოებზე ეტაპობრივად სხვადასხვა ტენდერი ცხადდება, თუმცა, ინტერნეტით ყველა სოფელი მაინც არ დაიფარება. ამასთან, მიუხედავად თანხის არსებობისა, სახელმწიფო აუდიტმა Log-in Georgia იმ პროექტების ჩამონათვალში შეიტანა, რომლებსაც ათვისების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ 2021 წელს.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როდის მიიღებს აჭარის სოფლებში მოსახლეობა ფართოზოლიან ინტერნეტს? რომელ სოფლებში იგეგმება ბოჭკოვანი კაბელის შეყვანა, რა ხდება იმ სოფლებში, სადაც კაბელი არ შედის?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე, პროექტ Log-in Georgia-ს ფარგლებში, ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობა იწყება ქობულეთი-ხელვაჩაურის მიმართულებაზე. ასაშენებელი ინფრასტრუქტურის საორიენტაციო სიგრძეა – 135 კმ, ის მოიცავს 39 დასახლებულ პუნქტს და ჯამში 38 300 ადამიანს.

პროექტს, Log-in Georgia, ა[ა]იპ „ოუფენ ნეტი“ ახორციელებს.

 

 

ქობულეთი-ხელვაჩაურის მიმართულებაზე ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობისთვის „ოუფენ-ნეტის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში უზბეკურმა კომპანიამ [TRANS ENGINEERING GROUP] გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 1 544 240 აშშ დოლარზეა გაფორმებული [კომპანიის შეთავაზება ტენდერში 4 772 014 ლარი იყო].

ეს ტენდერიც მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით ჩატარდა.

ტენდერის ფარგლებში ფართოზოლიანი ინტერნეტი შევა ქობულეთისა და ხელვაჩაურის შემდეგ სოფლებში:

  • ქობულეთში: ხუცუბანი, ზედა სამება, ქვედა კვირიკე, ზედა კვირიკე, დაგვა, ქვედა დაგვა, ზედა დაგვა, ქვედა აჭყვა, ხალა.

წყარო: „ოუფენ ნეტი“

  • ხელვაჩაურში: აგარა, ორთაბათუმი, ყოროლისთავი, მასაურა, სამება, ზედა ახალშენი, განახლება, ხეღრუ, ზანაქიძეები, ხელვაჩაური, ქვემო ჯოჭო, ზემო ჯოჭო, აჭარისწყალი, კიბე, კაპნისთავი, მაღლაკონი, ქედქედი, აჭარის აღმართი, ჩიქუნეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ჩხუტუნეთი, მარადიდი, კირნათი, მახო, სიმონეთი, ომბოლო, თხილნარი, ზედა თხილნარი, აგარა, ჭარნალი.

წყარო: „ოუფენ ნეტი“

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში ფართოზოლიანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 8 თვეში, ანუ 2023 წლის მარტამდე უნდა დაასრულოს.

„ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული  TRANS ENGINEERING GROUP-ის წილებს ფლობენ ვადიმ დოლჟენკო და ნინა მამაევა, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ – რუსეთის და უზბეკეთის.

ჩვენ TRANS ENGINEERING GROUP-ის გაყიდვების მენეჯერს ვალერი სტასევიჩსაც დავუკავშირდით და კომპანიისა და მისი მეწილეების შესახებ გარკვეული მონაცემების დაზუსტების მიზნით რამდენიმე კითხვა მივწერეთ. მენეჯერისგან პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით, TRANS ENGINEERING GROUP-ს საქართველოში მხოლოდ ორ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან ერთში გაიმარჯვა. ორივე ტენდერი „ოუფენ ნეტს“ ჰქონდა გამოცხადებული.

პროექტი Log-in Georgia, ინტერნეტის მოსახლეობამდე/აბონენტამდე მიყვანას [მოსახლეობის ჩართვას ქსელში] არ ითვალისწინებს.

„ოუფენ ნეტი“ აშენებს ძირითად მაგისტრალს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ოუფენ ნეტი“ არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და საბოლოო მომხმარებლამდე მიიტანოს ისეთი სერვისები, როგორებიცაა, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, IP ტელევიზია და სხვა ფართოზოლოვანი მომსახურებები. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამა ამით ხელს უწყობს კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი“, – მოგვწერეს ეკონომიკის სამინისტროდან.

ცალკე ტენდერის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი უკვე მიყვანილია ქობულეთის 12 სოფელში: გვარა, ზედა კონდიდი, კოხი, ზენითი, ჭახათი, აჭყვისთავი, ცხრაფონა, წყავროკა, ლეღვა, სკურა, ქაქუთი, აჭი.

წყარო: „ოუფენ ნეტი“

აღნიშნულ სოფლებში ბოჭკოვანი კაბელი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სის ბიზნეს სერვისმა“ შეიყვანა. ეს სამუშაოები, რომელიც არა დონორის სახსრებით, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 2022 წლის 9 მარტს დასრულდა.

ამ დროისთვის ქობულეთის ამ სოფლების მოსახლეობა ბოჭკოვანი კაბელით ვერ სარგებლობს. მიიღებს თუ არა მოსახლეობა მაღალსიჩქარიან ინტერნეტს, ეს კერძო ოპერატორებზეა დამოკიდებული.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გვითხრეს, რომ საბოლოო მომხმარებლამდე კაბელი უნდა მიიყვანონ ადგილობრივმა ავტორიზებულმა კომპანიებმა, რომლებიც დაერთდებიან ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე.

კომისიაში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ სოფლების დაქსელვაზე, ანუ მოსახლეობამდე ინტერნეტკაბელის მიყვანაზე ტენდერი ან კონკურსი არ გამოცხადდება.

„ავტორიზებულ კომპანიებს ისედაც აქვთ უფლება გაუწიონ მომხმარებლებს მომსახურება. კომისიას არც ზეგავლენის მოხდენის უფლება აქვს კერძო კომპანიებზე. მთავარია, კომპანიას ჰქონდეს ავტორიზაცია და სურვილი, რომ ისარგებლოს ამ ახალი ინფრასტრუქტურით და მიაწოდოს მოსახლეობას ინტერნეტი – ეს თავად ამ კერძო კომპანიების კეთილი ნება და ბიზნესინტერესია. თუ რამდენიმე მიმწოდებელი იქნება, ამ შემთხვევაში აბონენტი თვითონ წყვეტს, რომელი კომპანიის მომსახურება შეიძინოს“, – გვითხრეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

„ოუფენ ნეტში“ ამბობენ, რომ ბევრი კომპანიაა, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის; ამასთან, მოსახლეობასაც მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ გამოიყენონ ახალი ქსელი.

პროექტის ფარგლებში კაბელი ძირითადად ავტომაგისტრალებს მიუყვება და ჩაფლული იქნება მიწაში, სპეციალურ ტრანშეაში, თუმცა, რელიეფიდან გამომდინარე შესაძლოა საჰაერო კაბელის გაყვანაც გახდეს აუცილებელი. „მთაში გვხვდება ზოგან ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა საჰაერო კაბელების გაჭიმვა“, – ამბობენ „ოუფენ ნეტში“.

ქობულეთისა და ხელვაჩაურის ზემოთ აღნიშნული სოფლების გარდა, აჭარის კიდევ რომელ სოფლებში იგეგმება და რა პერიოდებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეყვანა Log-in Georgia-ს ფარგლებში? – ამ კითხვით ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ.

„რაც შეეხება აჭარის რეგიონში დაგეგმილ სხვა მიმართულებებს, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემო აჭარის იმ სამიზნე გეოგრაფიული არეალების მოცვა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა არის 200 ან მეტი და, ამავდროულად, კომუნიკაციების კომისიაში არსებული ინფორმაციით, არ არსებობს კერძო ოპერატორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გეგმა მუდმივად განახლებადია ყოველი ახალი შესყიდვის გამოცხადების წინ ჩატარებული მოკვლევების, ე.წ. თეთრი ზონების დაზუსტებისა და პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, კონკრეტული ინფორმაციები, სხვადასხვა მიმართულებებზე ქსელის მშენებლობის დაწყების წინ, ეტაპობრივად ქვეყნდება“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

რა ხდება ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც 200-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს?

„მცირე ზომის დასახლებულ პუნქტებში, რომელიც არ ხვდება „ოუფენ ნეტის“ დაფარვის არეალში, ინტერნეტ-სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ხორციელდება სათემო ინტერნეტიზაციის პროექტები, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს, რომლის მთავარი პრინციპია, თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ინტერნეტქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას. აღნიშნულ მოდელში სახელმწიფოს, მისი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მსგავსი პროექტის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლი ეკისრება. მათ შორის, ფინანსური კონტრიბუციით, კონსულტაციებით, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ა.შ.“ – მოგვწერეს ეკონომიკის სამინისტროდან.

სამინისტროს ინფორმაციით, სათემო ინტერნეტქსელით 2017 წელს თუშეთში, ხოლო 2019 წლის ბოლოს ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობებში რამდენიმე სოფელი დაიფარა: „აღნიშნულმა პროექტებმა კი, დაფინანსების ნაწილი და ტექნიკური მხარდაჭერა ინტერნეტ საზოგადოების, მათი ქართული განყოფილების – საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციისგან [TOA] და სხვა ორგანიზაციებისგან მიიღო. აღნიშნული პროექტები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასებულ იქნა, როგორც საჯარო და კერძო თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.“

ეკონომიკის სამინისტროდან ასევე მოგვწერეს, რომ „შემდეგი სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის დაწყება აჭარის მთიან დასახლებებში იგეგმება, რაც გულისხმობს უკვე განხორციელებული სათემო პროექტების მსგავსად, სამიზნე გეოგრაფიული არეალის wi-fi ინტერნეტქსელით დაფარვას. მიმდინარე ეტაპზე TOA-ს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩართულობით მიმდინარეობს ტექნიკური პროექტის შემუშავება და საჭიროებების განსაზღვრა“.

„ბათუმელები“ TOA-ს თავმჯდომარეს, უჩა სეთურს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ აჭარის სოფლებთან მიმართებაში დაგეგმარების ეტაპზე არიან და დაახლოებით ორ თვეში შესაძლებელი იქნება იმ დასახლებული პუნქტების დასახელება, სადაც სათემო რადიოქსელი მოეწყობა.

„ახლა ვართ დაგეგმარების ეტაპზე. შარშან დონორების მხარდაჭერა არ გვქონდა. წელს მივიღეთ შეპირებები დონორების, მოცემულობა შეიცვალა – ოპტიკები გაიყვანეს, დამთხვევა რომ არ მოხდეს არეალების. დაახლოებით 110 სოფელი უნდა იყოს მაღალმთიან აჭარაში, სადაც „ოუფენ ნეტი“ არ შედის. ამ სოფლებში ჩვენ გავაკეთებთ რადიოქსელს და თუ მოთხოვნა იქნება, დავფარავთ მთის იმ ადგილებსაც, სადაც საძოვრები აქვს მოსახლეობას. როცა სოფლებს დავაზუსტებთ, შემდეგ გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ მოლაპარაკება დონორებთან“, – გვითხრა უჩა სეთურმა.

მისივე თქმით, შეიქმნება სათემო ორგანიზაციები, რომლებიც თავად გაუწევენ ოპერირებას ამ ქსელს: „სათემო ორგანიზაციებს დავაფუძნებთ ადგილობრივებთან ერთად, შევალთ 3 წელი მართვაში, რომ მივეხმაროთ ადგილობრივ დასაქმებულებს – ამ ხნის შემდეგ კი, ქსელი საკუთრებაში გადაეცემათ და დამოუკიდებლად მოემსახურებიან.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: