ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მე-15 სკოლის პროექტი იცვლება – ემატება 2 სართული საკლასო ოთახებისთვის

24.07.2022
მე-15 სკოლის პროექტი იცვლება – ემატება 2 სართული საკლასო ოთახებისთვის

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი კორპუსი და სპორტდარბაზი უნდა აშენდეს. სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროექტში შედის ცვლილება. ერთსართულიან სპორტდარბაზს, რომელიც ცალკე უნდა აშენებულიყო, დაემატება ორი სართული, სადაც საკლასო ოთახები განთავსდება. პროექტის ცვლილება სპორტდარბაზის ზომებში შემცირებასაც გამოიწვევს.

დოკუმენტების მიხედვით „N15 საჯარო სკოლა მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა და შესაბამისად, სკოლა მოსწავლეების რაოდენობის ზრდას ვეღარ აკმაყოფილებს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რის გამოც დაიწყო აღნიშნული სკოლის რეკონსტრუქცია, თუმცა ამ ეტაპზე არც ეს არის საკმარისი.

სკოლის მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან არსებული პროექტით სპორტდარბაზის აშენების შემდეგ, მასზე რაიმე სართულების დამატება შეუძლებელია, მაშინ როცა პროექტის კორექტირების შემთხვევაში შესაძლებელია მცირედით შემცირდეს სპორტდარბაზის ზომები და მასზე დაშენდეს კიდევ ორი სართული, სადაც განთავსდება არანაკლებ 12 საკლასო ოთახი, რაც ნიშნავს არანაკლებ დამატებით 600 მოსწავლეს ორ ცვლაში.“

არსებული პროექტის ფარგლებში „სკოლის ძირითად შენობაზე უნდა მიშენდეს ორი კორპუსი, მათგან: პირველი კორპუსი – სამსართულიანია და მასში განთავსდება საკლასო ოთახები და სააქტო დარბაზი. აღნიშნული კორპუსის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა [14 ივლისის მდგომარეობით] დასრულების ეტაპზეა; მეორე კორპუსი კი – ერთსართულიანია და მასში უნდა განთავსდეს სპორტდარბაზი, დამხმარე სათავსებით. აღნიშნული კორპუსის მშენებლობა არ არის დაწყებული.“

აჭარის განათლების სამინისტროს მიერ საპროექტო დოკუმენტაცია შესყიდულია 2019 წელს სს ,,აჭარკაპმშენი’’-სგან, ღირებულებით 25 000 ლარი. ამჯერად პროექტში კორექტირებას იგივე კომპანია 15 ათას ლარად შეიტანს. სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოსგან შესაბამისი თანხმობა უკვე მიიღო.

მშენებლობას შპს „ალიგატორი 1“ აწარმოებს, რომელთანაც ხელშეკრულება [სამსართულიანი შენობის მიშენებისა და სპორტდარბაზისთვის] 2 784 107 ლარზე არის გაფორმებული. ხელშეკრულების მიხედვით მშენებლობა 2023 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.

პროექტის ცვლილებიშ გამო რამდენით გაიზრდება სახელშეკრულებო თანხა და შეიცვლება თუ არა მშენებლობის დასრულების ვადა, ჯერ უცნობია. ეს ახალი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ გამოჩნდება.

აჭარის განათლების სამინისტროს ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის არსებულ შენობაზე მიშენება-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ტენდერი 2 986 577 ლარით ჰქონდა გამოცხადებული:

ბათუმის მე-15 სკოლას ახალ კორპუსს მიაშენებენ – ბიუჯეტიდან 2,9 მილიონია გამოყოფილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: