მთავარი,სიახლეები

უკრაინის დაზვერვა რუს პილოტებს ფულის სანაცვლოდ თვითმფრინავების გატაცებას სთავაზობდა – ФСБ

25.07.2022
უკრაინის დაზვერვა რუს პილოტებს ფულის სანაცვლოდ თვითმფრინავების გატაცებას სთავაზობდა – ФСБ

რუსეთის ფეესბე [ФСБ] ამტკიცებს, რომ ჩაშალა უკრაინის დაზვერვის ოპერაცია – რუსული სამხედრო თვითმფრინავების გატაცება პროექტ Bellingcat-ის ჟურნალისტის, ქრისტო გროზევის მონაწილეობით.

ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

რუსეთის სპეცსამსახურები იუწყებიან, რომ უკრაინის დაზვერვა ცდილობდა რუსი პილოტების გადაბირებას, რათა მათ ფულის ან ევროკავშირის მოქალაქეობის სანაცვლოდ, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავები გადაეცათ.

უკრაინული მედია წერს, რომ ФСБ-ს მტკიცებით, უკრაინის დაზვერვასთან ერთად, ამ ოპერაციაში ჩართული იყო ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტი ქრისტო გროზევი.

როგორც უწყების მასალებშია ნათქვამი, გამომძიებელმა ჟურნალისტმა იპოვა „ორი გოგონა-კურიერი“, რომლებიც ლიპეცკის რკინიგზის ვაგზალზე შეხვდნენ უკრაინის დაზვერვის მიერ დაქირავებულ კურიერს მოსკოვიდან. ამ უკანასკნელს, ФСБ-ს ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობაზე დათანხმებული რუსი მფრინავისთვის ავანსის სახით 4 ათასი დოლარი მოჰქონდა.

„რადიო თავისუფლებასთან“ კომენტარში ქრისტო გროზევი განმარტავს, რომ მას არანაირ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია და ჰყვება, რა უძღოდა წინ ფეესბეს განცხადებას. ჟურნალისტის თქმით, Bellingcat-ი იღებდა დოკუმენტურ გამოძიებას იმის შესახებ, როგორ ცდილობენ უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურები ერთმანეთის მოტყუებას.

საკუთარ ტვიტერზე ქრისტო გროზევმა „ოპერაციის“ დეტალების შესახებაც დაწერა და მას „ყველა დროის კონტრ-კონტრდაზვერვითი ოპერაციების ისტორიაში ყველაზე შეშლილი ოპერაცია უწოდა“.

ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ უკრაინული სპეცსამსახურები მართლაც ამზადებდნენ რუსი პილოტების მოსყიდვის ოპერაციას. გროზევი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, რამდენიმე რუსი პილოტი აპირებდა, დათანხმებულიყო უკრაინელთა წინადადებას და მათ გარკვეული ინფორმაციაც მიაწოდა, თუმცა ძალიან მალე გაირკვა, რომ ამ პილოტებს რუსეთის კოტრდაზვერვა აკონტროლებდა. გროზევის აზრით, სპეცოპერაცია არ შედგა, თუმცა ის უკრაინული სპეცსამსახურებისთვის მაინც წარმატებული გამოდგა, რადგან რუსეთის კონტრდაზვერვის ათობის ოფიცერი, მათი მეთოდები და ფარული აგენტები გაშიფრეს.

ქრისტო გროზევი

ქრისტო გროზევი ბულგარელი ჟურნალისტი, მედიაექსპერტი და მედიაინვესტორია. ის პროექტ Bellingcat-ის მთავარი გამომძიებელია რუსეთთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე. სწორედ ქრისტო გროზევი მუშაობდა ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე, ჟურნალისტურმა გამოძიებამ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შესახებ კი მას და მის გუნდს ევროპის პრესის ჯილდო მოუტანა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: