იარინა ჩორნოჰუზი საზღვაო ქვეითი, მწერალი, სამოქალაქო აქტივისტი და 6 წლის გოგონას დედაა – ქალი, რომელსაც ფრონტზე ალბათ ყველაზე უკეთ იცნობენ. იარინა 2019 წელს ჯერ პარამედიკოსი გახდა, შემდეგ კი კონტრაქტით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა.
იარინა, Новое Время-ს სპეცპროექტისთვის „ქალები ომში“, თავის ისტორიას ჰყვება – როგორ გახდა სამხედრო, რატომ წავიდა ფრონტზე, რას ასწავლის თავის პატარა გოგონას და რა მიაჩნია უკრაინის ნამდვილ გამარჯვებად.
____________
სინამდვილეში, კონტრაქტი ჯერ კიდევ 2014 წელს მინდოდა, როცა ყველაფერი დაიწყო. ამას ჩემი, როგორც სამოქალაქო აქტივისტის, ბრძოლის ლოგიკურ გაგრძელებად ვხედავდი. თუმცა საბოლოოდ, მაინც ვერ გადავადგი ეს ნაბიჯი, რადგან ზუსტად მაშინ გაჩნდა ჩემი შვილი. პატარა იყო და ძალიან ვჭირდებოდი.
სწავლა მიყვარდა, დავამთავრე ლიტერატურათმცოდნეობისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი. ფრონტამდე ერთმანეთს ვუთავსებდი წერას და თარგმანებს. გამომცემლობებისთვის ვთარგმნიდი ინგლისურიდან უკრაინულად, ძირითადად საბავშვო და მოზარდების ლიტერატურას. იურისტებსა და მენეჯერებს ინგლისურს ვასწავლიდი. თუმცა ყოველთვის ვადევნებდი თვალს ფრონტის ამბებს და ყოველთვის რაღაც მეწეოდა იქით.
2019 წელს ჰოსპიტალიერებში (მოხალისეთა სამედიცინო ბატალიონი) ჩავეწერე სასწავლებლად. სწორედ ეს სწავლება დამეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ ფრონტზე მინდოდა. კიდევ ცოტა ხანს ვახერხებდი ერთდროულად როტაციებსა და თარგმანებს – პარალელურად, სახელმწიფო ენის კანონისთვის ვიბრძოდი. იმ აქტივისტებში ვიყავი, რომლებმაც კანონპროექტი შეიმუშავეს და ბოლოს და ბოლოს, რადამ ეს კანონი მიიღო.
2020 წლის იანვარში დაიღუპა ბიჭი, რომელთანაც ძალიან ახლოს ვიყავი. ერთად ვიყავით პოზიციებზე და საერთო მომავალზეც ბევრი გეგმა გვქონდა.
მივხდი: ეს ტკივილი როგორმე რომ გადამეტანა, მისი გზა უნდა გამევლო. მისი სიკვდილი იქცა სტიმულად, გაკეთებინა ის, რაც დიდი ხანი მინდოდა. ვხვდებოდი, რომ ყველაზე მეტი სიმართლე სწორედ სანგრებში იყო – ფრონტზე, ომში. საკუთარი ცხოვრებისთვის, საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი თავისთვის რომ გამეგო – მე წავედი.
ვეძებდი ისეთ ნაწილს, რომელშიც კონტრაქტით მიმიღებდნენ. საზღვაო ქვეითებში მინდოდა, რადგან სწორედ საზღვაო ქვეითებთან მქონდა პირველი როტაცია ჰოსპიტალიერებიდან. აქ მოხვედრას ყველა კაციც კი ვერ ახერხებს, მაგრამ მე შევძელი. ძალიან მიყვარს სამხრეთი, ზღვა. ყველა ეს ქალაქი – მარიუპოლი, ხერსონის ოლქი… ამიტომაც მინდოდა ზუსტად აქ.
503-ე ბატალიონზე დიდი ხანია მესმოდა. ნაცნობების დახმარებით გასაუბრებაზე მიმიწვიეს. გასაუბრებას სუხარევსკი ატარებდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოდპოლკოვნიკი. ეს საკმაოდ რთული პროცედურაა.
კაცებისთვის – ეს არის ფიზიკური მომზადების ტესტები. ქალებისთვის – პრინციპში, ქალებისთვისაც ასეა – უნდა ჩააბარო ტესტი და გაიარო გასაუბრება. შენი კანდიდატურა პირადად საზღვაო ქვეითთა მეთაურმა უნდა დაამტკიცოს. როგორც ამიხსნეს, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალები მიდიოდნენ და მერე ვეღარ ასრულებდნენ მოვალეობებს. ყველა ეტაპი გავიარე. ახლა საზღვაო ქვეითთა სადაზვერვო ბატალიონში ვარ. უკვე მეორე წელია.
არასდროს მითქვამს და მისწავლებია ჩემი შვილისთვის, რომ ქალი შინ უნდა იჯდეს და იყო მხოლოდ დედა. მე მას ვზრდი სამართლიან ადამიანად, რომელსაც უნდა ესმოდეს, რა სურს თვითონ და პატივი სცეს სხვის არჩევანს. მე მას ავუხსენი, რომ ქვეყანაში ომია. ვუთხარი ისიც, რომ რუსეთი დაგვესხა თავს და ისიც, რომ ვიღაც აუცილებლად უნდა დაეხმაროს დაჭრილებს ფრონტზე, ვიღაცამ უნდა დაიცვას ეს მიწა. ორისიამ, ჩემმა გოგომ, ეს გაიგო.
ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი შვილი მყავს. არასდროს ისტერიკა არ მოუწყვია ჩემთვის. პატარაა, მაგრამ ძალიან გაგებით ეკიდება იმას, რასაც მე ვაკეთებ. დროდადრო მეკითხება, როდის დამთავრდება კონტრაქტი, როდის ვიქნებით ერთად, მაგრამ ესმის ამ ყველაფრის მნიშვნელობა. ახლა ჩემს პირველ ქმართან ცხოვრობს.
ეს უდიდესი პრობლემაა, რომ უკრაინაში ამ 8 წლის განმავლობაში, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ესმით საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც ყველას სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის იბრძვის. ესაა იმის მიზეზი, რომ ახლა, 2022 წელს, ჩვენ დავკარგეთ სამხრეთი და ჯერ არ დაგვიბრუნებია. ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები. ერთ-ერთი მიზეზი – ადამიანების გულგრილობაა, იმ ადამიანებისა, რომლებიც მთელი 8 წლის განმავლობაში სამხედროების, არმიის უპატივცემულობას მიეჩვივნენ. ახლა ამისთვის ძალიან ძვირს ვიხდით.
თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში, 21 საუკუნეში, ხალხი ყველაფერს ძალიან მალე ივიწყებს. გუშინ შეიტყვე რაღაც საშინელი ამბავი, რომელიც სხვა დროს შეიძლებოდა, ადამიანებს მთელი წელი დამახსოვრებოდათ, მაგრამ ახლა, ამ მუდმივ და უზარმაზარ საინფორმაციო ნაკადში, ამბები უსწრაფესად ქრება. არადა, საჭიროა, რომ ადამიანები არ ივიწყებდნენ.
უკრაინელებმა უნდა მიიღონ, რომ ეს ომი სამუდამოა. ჩვენ სამუდამოდ ომში ვართ, თუ ეს სახელმწიფო გვინდა. სხვაგვარად ის ვერ იარსებებს.
ძალიან მტკივნეულია, როდესაც არათანაბარი ძალა გიტევს და ვერ ახერხებ ბრძოლის ველიდან დაღუპულთა ცხედრების გამოტანას. ძალიან მძიმეა ეს. ჩვენ სულ გვასწავლიდნენ, რომ აუცილებლად უნდა გამოვიყვანოთ დაღუპულები, მაგრამ ომი გვიჩვენებს, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ეს შეუძლებელია. ძალიან მტკივა იმ თანამებრძოლების გამო, რომელთა მშობლებმაც მათი ცხედრებიც კი ვერ მიიღეს, ვერც კი დაკრძალეს ისინი. ამაზე ფიქრი ყველაზე მეტად მიჭირს.
პუტინი მთელი რუსული საზოგადოების აპოგეაა. ის არის ადამიანი, რომელმაც უკრაინისადმი სიძულვილს ხორცი შეასხა და ის ყველაზე მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აიყვანა. ის დამნაშავეა იმაში, რომ მრავალწლიანი პროპაგანდისტული პოლიტიკით გააღვივა რუსული ფაშიზმი.
ის პასუხისმგებელია იმაზე, რომ ხელს უწყობდა უკულტურობას რუსეთში, ხელს უწყობდა განათლების დაბალ დონეს. იმაზე, რომ მთელი ეს პროპაგანდისტული სიცრუე გაუნათლებელი ადამიანების ტვინებში აღწევდა. რუსები თვითონაც დამნაშავეები არიან, რომ ამ მტრული პროპაგანდისა და ფაშიზმის მარცვლებს საკუთარ გონებაში აღმოცენების საშუალება მისცეს. ყველა სრულწლოვანი ადამიანი პასუხისმგებელია იმ ძალადობრივ სიხარულზე, რომელსაც გამოხატავენ იმ საშინელებების გამო, რასაც რუსეთის არმია უკრაინაში სჩადის.
პუტინი გასცემს ბრძანებებს, ამ ბრძანებებს კი ასრულებენ ადამიანები, რომლებიც არ არიან პუტინები.
იმ ფაშიზმში, რომელიც ახლა რუსეთში აყვავდა, პუტინის ადგილას შეიძლება ვინმე მისი მოადგილე მოვიდეს და ისევ პუტინზე ნოსტალგია გააჩინოს… და ინერციით ისინი იმავეს კეთებას გააგრძელებენ.
სრული გამარჯვება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მოვლენების გავლენით ჩვენი საზოგადოება შეიცვლება. უკრაინამ ამ საუკუნის ბოლომდე შეიძლება იარსებოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოკუპაციას თავს დავაღწევთ, ავაშენებთ სასამართლოს და თავდაცვის სისტემას და თუ ადამიანები სახელმწიფოს შიგნიდან რყევას შეწყვეტენ. მაშინ, შესაძლებელია, გვქონდეს ჩვენი „რკინის გუმბათი“ და ვიყოთ ისეთივე ძლიერები თავდაცვაში, როგორც ისრაელია. ეს გამარჯვება იქნება.
მათი შეჩერება მხოლოდ რამდენიმე წლით, რომ ვეღარ წაიწიონ წინ ჩვენს მიწაზე, შეიძლება ტაქტიკური წარმატება იყოს, მაგრამ არა გამარჯვება. გამარჯვებამდე ძალიან შორია. გამარჯვებისთვის საზოგადოება უნდა შეიცვალოს.
რა მიმაჩნია გამარჯვებად? ჩვენი საზღვრების დაბრუნება 2014 წლამდე მდგომარეობაში. დონეცკის, ლუგანსკის, ყირიმის დაბრუნება. აღარაფერს ვამბობ ხერსონის ოლქზე, სევეროდონეცკსა და სხვა მიწებზე. ესაა გამარჯვება და ასეთ გამარჯვებაზე ოცნება შეიძლება.
ეს ყველაფერი რომ დავიბრუნოთ, ქვეყანა უფრო უნდა გაძლიერდეს, ვიდრე ახლაა. გამარჯვება იქნება საზოგადოების ტოტალური ცვლილებაც – კორუფციის მემკვიდრეობისგან გათავისუფლება. ეს კიდევ სხვა გამარჯვებაა და ეროვნული ცნობიერების სხვა ხარისხი. ჩვენ არ გვაქვს ინერციით ცხოვრების უფლება.
მთელი ეს 8 წელი, 2014 წლის შემდეგ – ინერცია იყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება. 2022-მა ცხადად გვიჩვენა, რომ თუ ინერციით მივყვებით დინებას, ყოველ 8-10 წელიწადში ორ-ორ ოლქს ჩამოგვაჭრიან. ეს უნდა გვესმოდეს. დღესვე უნდა შევიცვალოთ, თორემ ჩვენს შვილებსაც ომი მოუწევთ.