მთავარი,სიახლეები

ვის აძლევს ქობულეთის მერია უსასყიდლოდ, 99 წლით მიწის ნაკვეთსა და შენობას – აღნაგობა

25.07.2022 • 1301
ვის აძლევს ქობულეთის მერია უსასყიდლოდ, 99 წლით მიწის ნაკვეთსა და შენობას – აღნაგობა

სახელმწიფოს ერთი სტრუქტურა, კონკრეტულად ქობულეთის მერია, აპირებს უსასყიდლოდ გადასცეს მართლმადიდებლურ ეკლესიას მიწის ნაკვეთი იმ მოტივით, რომ მრევლს სალოცავი სჭირდება და ეკლესიის მშენებლობას ითხოვს. მეორე სტრუქტურა კი, კონკრეტულად ბათუმის მერია, იგივე მოტივს არ იზიარებს და მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობის უფლებას არ აძლევს მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ თემის საკუთრებაა.

817 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და 230 კვ.მეტრ შენობის აღნაგობის წესით და 99 წლით გასხვისება, ქობულეთის საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა სოფელ ჯიხანჯურში მდებარეობს. ამ ნაკვეთს ერთი მხრივ ესაზღვრება კიდევ ერთი დაურეგისტრირებელი ნაკვეთი, ხოლო მეორე მხარეს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული გამწვანებული ტერიტორია, სადაც ადრე ჩაის პლანტაციები იყო.

საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ მერიაში დეტალების დაზუსტება ითხოვა, თუმცა პასუხი არ გაგვცეს.

საკრებულოში გადაგზავნილი დოკუმენტების მიხედვით კი, ქონების გადაცემის მოთხოვნით მერიას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიმართა. ოფიციალური წერილით,  მიტროპოლიტი ნაკვეთისა და შენობის გადაცემას ითხოვს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, შემდგომში ტაძრის მშენებლობის მიზნით.

დოკუმენტის მიხედვით, საკითხი განიხილეს, როგორც მერიის, ასევე საკრებულოს შესაბამისმა კომისიებმა. მათ მიზანშეწონილად მიიჩნიეს მოთხოვნილი ქონების ეკლესიისთვის 99 წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა.

„დღითი დღე იზრდება მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი და ეკლესიური ცხოვრება ბევრს სულიერ მოთხოვნილებად ექცა. ამიტომ, რაც მეტი ეკლესია აშენდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მისასალმებელია და ხელი უნდა შევუწყოთ“, – ქობულეთის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის, ზურაბ ამაღლობელის ეს განმარტება სხდომის ოქმშია დაფიქსირებული.

ქონების გადაცემის საკითხი ქობულეთის საკრებულომ 29 ივლისის სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

___

უკვე რამდენიმე წელია მუსლიმი მრევლი იგივე მოტივით ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვას ითხოვს. უშედეგოდ. მერიამ მშენებლობის ნებართვა არ გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილება კი, რითაც მუსლიმი მრევლის მიმართ დისკრიმინაცია დადგინდა, ჯერ  სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2021 წლის 13 აპრილს ძალაში დატოვა.

____

ამავე თემაზე:

ბათუმში მეჩეთის აშენების წინააღმდეგ ჩიქოვანმა წინასაბაირამოდ უზენაეს სასამართლოს მიმართა 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: