ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ორი თვეა მკითხველს აღარ ემსახურება. შენობა ავარიულობის მიზეზით დაკეტეს, თუმცა ვერც მერიამ და ვერც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ წიგნების განსათავსებლად ალტერნატიული შენობა ამ დრომდე ვერ გამოძებნეს.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა წლის განმავლობაში 200 ათასამდე წიგნს გასცემს მკითხველებზე.
ბიბლიოთეკის დირექტორი, ჯონი საბაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წიგნებისთვის ფართობს ეძებენ, თუმცა ვერ იპოვეს.
„ვერ ვიპოვეთ და ეს არის პრობლემა, ამიტომ გაგვიჭიანურდა წიგნების გადატანა. რასაც გვთავაზობენ, ყველა უვარგისია“ – ამბობს ჯონი საბაშვილი.
როცა ბიბლიოთეკამ მუშაობა შეაჩერა, ითქვა, რომ მდგომარეობა იმდენად სახიფათო იყო, რომ შესაძლოა შენობა ჩამონგრეულიყო. ჯონი საბაშვილს ვკითხეთ, ხომ შეიძლება საჭირო ფართობის გამოძებნამდე შენობა ჩამოინგრეს და დაზიანდეს წიგნები?
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ამბობს, რომ შენობა არ ჩამოინგრევა, თუკი ადამიანები არ იმოძრავებენ ბიბლიოთეკაში.
შესაძლოა თუ არა სექტემბრამდე ვერ გამოიძებნოს ალტერნატიული შენობა? – ჯონი საბაშვილი ამბობს, რომ შეეცდებიან სექტემბრისთვის სამკითხველო გახსნან.
„გვქონდა უნივერსიტეტთანაც საუბარი, მაგრამ თავისუფალი ადგილი არსად არ აქვთ. რასაც მთავაზობენ, იქ ვერ გადავიტან წიგნებს, რომ გაფუჭდეს, პასუხი მე უნდა ვაგო, ამიტომ ვერ გადავიტან იქ, სადაც მერია მთავაზობს“ – გვეუბნება ჯონი საბაშვილი.
მისი თქმით, ამ კვირაში იმაზეც შეიძლება მოილაპარაკონ, თუ შესაძლებელია, წიგნები რემონტის პერიოდშიც ისევ ბიბლიოთეკის შენობა დატოვონ.
„იქნებ შენობაში გადავაადგილოთ წიგნები. ვნახოთ. დაზუსტებული პასუხი ერთ კვირაში ან ათ დღეში მექნება“ – გვითხრა მან.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა რომ ავარიულია, ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ 22 მაისს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, შენობის ავარიულობა სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა.
შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვისათვის 200 ათასი ლარი ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული. შენობის გამაგრება-რეაბილიტაციაზე 2022-23 წლებში მილიონ ნახევარი ლარი უნდა დაიხარჯოს.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობას მემედ აბაშიძის ქუჩაზე არ აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი, თუმცა ეს ისტორიული შენობაა. ბიბლიოთეკა ბათუმში 1902 წლის 13 ოქტომბერს გაიხსნა.
ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის მონაცემებით, ბიბლიოთეკის ფონდი შეადგენს 556 118 ერთეულს. საკმაოდ მაღალია ფონდის ბრუნვა და მკითხველთა რაოდენობა. საშუალოდ წლის განმავლობაში გაიცემა 210 ათასი ერთეული, მუდმივ მკითხველთა რაოდენობა 3500-ს შეადგენს, იმ მკითხველთა რაოდენობა, კი, რომლებიც ადგილზე ეცნობიან წიგნებს, წელიწადში 90 ათას აღემატება.