ნეტგაზეთი • RU

მტრის 40-ზე მეტი ვერტმფრენი და თვითმფრინავი Бук М1-ით გავანადგურეთ – უკრაინის ცოცხალი გმირი

პოდპოლკოვნიკი ანდრეი კრუგლოვი საზენიტო რაკეტების კომპლექს Бук-М1-ის დივიზიას ხელმძღვანელობს. ამ რაკეტებს შეუძლიათ გაანადგურონ სამიზნე 15 – 20 კილომეტრ სიმაღლეზე და 30 კილომეტრის დაშორებით.

ასეთი დანაყოფის მართვას საბრძოლო ხელოვნების დიდი გამოცდილება სჭირდება.

ეს ძლიერი დივიზია მრავალი საბრძოლო მანქანისგან შედგება. როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური საინფორმაციო გამოცემა armyinform წერს, ამ დანაყოფის მიერ შესრულებული სამხედრო ოპერაციები თანამედროვე საჰაერო ომის ისტორიაში შევა. ArmyInform-ის კორესპონდენტთან უკრაინის გმირმა, ანდრეი კრუგლოვმა ცის მცველების საბრძოლო სამუშაოებზე ისაუბრა.

ანდრეი კრუგლოვი, უკრაინის გმირი:

24 თებერვლის დილას ჩვენი საზენიტო-სარაკეტო დივიზია საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო უკრაინა-ბელორუსის საზღვართან ახლოს, კიევის ოლქში. ამ ადგილას ერთთვიანი წვრთნები გვქონდა.

24 თებერვლის ღამეს რუსების მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ბელორუსის მხრიდან სრული მზაობა გვქონდა. საკონტროლო, გამაფრთხილებელი ცენტრიდან ვიღებდით ყველა საჭირო ინფორმაციას.

რუსული თვითმფრინავები გამუდმებით უახლოვდებოდნენ ჩვენ საზღვარს და თავხედურად დაფრინავდნენ საზღვრის გასწვრივ. პირველი თვითმფრინავი ჩვენ საჰაერო სივრცეში რამდენიმე კილომეტრით შემოვიდა, სწრაფად შებრუნდა და წავიდა.

ასეთი ქმედებები შეიძლება სხვადასხვაგვარად განიმარტოს: როგორც პროვოკაცია, დაშინება, ან როგორც აქტიური საომარი მოქმედებისთვის მზადება.

ცოტა ხანში მივიღეთ კიდეც ინფორმაცია ჩვენს აეროდრომებზე სარაკეტო თავდასხმების შესახებ.

  • „პირველად მე დავაჭირე გაშვების ღილაკს თითი მტრის ვერტმფრენების გასანადგურებლად, დივიზიის ოფიცრებისთვის ომის დასაწყისში მაგალითის მიცემა იყო საჭირო“

მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი მიმართულებით მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის კოლონები მოძრაობდა და მალე შეიძლებოდა ალყაშიც მოვექციეთ.

Buk M1 საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის საზენიტო-სარაკეტო სამმართველო დიდი სამხედრო გუნდია და მრავალრიცხოვანი სამხედრო ტექნიკაც გვაქვს.

იმ მომენტში ქვედანაყოფში გვყავდა როგორც წვევამდელები, ასევე სამხედრო მოსამსახურე ქალები.

მალე ჩვენი თვალით დავინახეთ ოკუპანტები – საზენიტო საბრძოლო მოქმედებების წამოწყება შეუძლებელი იყო. საჭირო იყო უკან დახევა და უსაფრთხო ზონაში გადასვლა კიევთან უფრო ახლოს.

მანქანების ნაწილმა ტყით დაიწყო სვლა, ნაწილმა გზებზე, თავდაპირველად ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო მანქანა გავხიზნეთ უსაფრთხო ზონაში. მე ბოლომ დავტოვე ჩვენი პოზიციები.

გზა წარმატებით გავიარეთ და ბოროდიანკას მახლობლად ახალი პოზიციები დავიკავეთ. პოლკის მეთაურმა საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით მაცნობა, რომ ოკუპანტები ჩვენს დივიზიაზე მიზანმიმართულად ნადირობდნენ.

რუსმა პილოტებმა უკვე იცოდნენ, სად ვიყავით. სასწრაფოდ მომიწია პოზიციის შეცვლა. მაკაროვის მიმართულებით გავემართეთ. 25 თებერვალს, დილით დავიწყეთ პირველი საბრძოლო ოპერაცია.

ეს რუსული ვერტმფრენი იყო. ძალიან დაბლა დაფრინავდა. ჩემი მანქანიდან გავანადგურეთ. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ პოზიციის სწრაფი ცვლა დავიწყე ოკუპანტების ალყაში რომ არ აღმოვჩენილიყავი. ბოლოს გაირკვა, რომ მაკაროვს ვერც კი მივუახლოვდებოდით.

დამპყრობლები გვიახლოვდებოდნენ. დივიზიამ კვლავ პოზიციის შეცვლა დაიწყო. მივიღე ბრძანება, რომ დანაყოფის ნაწილი უსაფრთხო ზონაში გამეგზავნა, მეორე ნაწილი კიევისკენ გაემართა – დედაქალაქის საჰაერო დარტყმებისგან დასაცავად ხელსაყრელი პოზიციები უნდა დამეკავებინა.

ამ დროს მაკაროვი უკვე დაიკავეს რუსებმა. ამ რაიონში კიევი-ჟიტომირის გზატკეცილი ცეცხლში იყო გახვეული. ვიცოდით ეს, მაგრამ ვიცოდით ისიც, რომ დედაქალაქი უნდა დაგვეცვა. ჩვენმა დივიზიამ იპოვა გზა – მაკაროვს გარშემო შემოვუარეთ, უსწრაფესად გავაკეთეთ ეს და ბელოგოროდკასკენ, კიევის ერთ-ერთი უბნისკენ წავედით.

აქ ორი სამიზნე გავანადგურეთ სარაკეტო გაშვებით: რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ეს იყო პირველი გაშვება, რომლითაც პირადად მე რუსული ვერტმფრენი და თვითმფრინავი გავანადგურე. პირველად მე დავაჭირე გაშვების ღილაკს თითი მტრის ვერტმფრენების გასანადგურებლად, დივიზიის ოფიცრებისთვის ომის დასაწყისში მაგალითის მიცემა იყო საჭირო. მერე უკვე ყველამ დაიწყო რაკეტების გაშვება, ვის მოვალეობაშიც ეს შედიოდა.

Buk-M1 საზენიტო სარაკეტო სისტემა კოლექტიური იარაღია. ჩვენმა ქვედანაყოფმა ყველა მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურა.

რაკეტების საბრძოლო გაშვება / ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა Armyinform

  • „ჩვენი დანაყოფის ისტორია უკრაინის ისტორიაა, ყველაფერი, რასაც ვყვები ჩვენივე ხელით გვაქვს აღწერილი საბრძოლო მოქმედებების სპეციალურ ჟურნალში“

დივიზიის საბრძოლო მისიების შემდეგი უბნები გოსტომელისა და ვორზელის რაიონები იყო. აქ ველოდით რუსულ თვითმფრინავებს სადესანტო ძალებით. ჩვენი სახმელეთო ნაწილების წინააღმდეგობის გამო დამპყრობლებმა საჰაერო სადესანტო ოპერაციისთვის საჭირო პირობები ვერ შექმნეს.

გაირკვა, რომ დესანტი არ ჩამოვიდოდა, ამიტომ ისევ ბელოგოროდკას რაიონში დავბრუნდით, სადაც ჩვენთვის საკმარისი სამუშაო იყო. აქ კვლავ გავანადგურეთ საჰაერო სამიზნე. მაგრამ თავადაც აღმოვჩნდით რაშისტების დაზვერვის ალყაში.

მტრის არტილერიამ ჩვენს წინააღმდეგ ძალიან სწრაფად დაიწყო მუშაობა, ცეცხლშიც კი ცვლიდნენ პოზიციებს. საზენიტო ბრძოლების დროს ზოგადად ჩვენც მუდმივად ვმოძრაობდით, ათობით პოზიციას ვიცვლიდით დედაქალაქის გარშემო.

ჩვენს მიერ ციდან ჩამოგდებული ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობა ოცდაათს რომ ასცდა, აღრიცხვა ამის შემდეგ რუტინად იქცა.

ჩვენმა ქვედანაყოფმა ამ დროისთვის 45 საბრძოლო გაშვებიდან 41 რაკეტა სამიზნეს მოახვედრა. ეს ვერტმფრენები ვეღარასდროს მოუტანდნენ სიკვდილს და ტანჯვას უკრაინელ ხალხს.

ჩამოყრილ რუსულ თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს შეძლებისდაგვარად ვეძებდით და ფოტომასალას ვაგროვებდით.

ცაში ვებრძოდით მტერს, მაგრამ ხმელეთზეც მზად ვიყავით ოკუპანტებთან შეტაკებისთვის. ხშირად აღმოჩენილა ჩვენი დივიზია კრიტიკულ მდგომარეობაში, როცა მტერი ალყაში გვაქცევდა და არტილერია ცეცხლს გვიხსნიდა. ჩვენი დანაყოფის ისტორია უკრაინის ისტორიაა, ყველაფერი, რასაც ვყვები ჩვენივე ხელით გვაქვს აღწერილი საბრძოლო მოქმედებების სპეციალურ ჟურნალში.

ერთ დღეს კიევთან ახლოს, საბრძოლველად აღჭურვილები ვსადილობდით. ერთი თანამებრძოლი მოვიდა და მკითხა, რა შეგრძნებაა ნეტა გმირობაო. ვხუმრობდით, ვიცინოდით, სერიოზულად ცხადია არ მიმიღია მისი ნათქვამი.

მხოლოდ ამის შემდეგ ვნახე ვიდეო, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა გმირის წოდება მომანიჭა. მაშინაც ვუთხარი ყველას და ახლაც ვიმეორებ: ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება. ეს მთელი ჩვენი ქვედანაყოფის შრომის შედეგია.

ჩვენს ჯარისკაცებს, სერჟანტებს, ოფიცრებს არაერთი ჯილდო მიუღიათ სამიზნის განადგურებისთვის, ჩემთან ერთად ბოგდან ხმელნიცკის სახელობის ორდენის მქონე რაინდებიც იბრძვიან.

ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ნაწილი / ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა Armyinform

  • „გმირი ჩემი მეუღლეა – გამშვები პუნქტისკენ ფეხით გაიქცა ბავშვებით და მაინც მოახერხა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება“

ყოველდღე პოლკის მეთაურს ვაცნობდი მდგომარეობას, ვპასუხობდი მის შეკითხვებს საბრძოლო სამუშაოების, განადგურებული სამიზნეების, ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, აღჭურვილობის გამართულობაზე.

ბოლოს ყოველთვის ოჯახზე მეკითხებოდა და ამაზე პასუხი არ მქონდა. სანამ კიევის ცაში დამპყრობლებს ვანადგურებდით, ჩემი ოჯახი ალყაში იყო მოქცეული, მარიუპოლში.

ჩემი ცოლი და ორი შვილი სარდაფში იმალებოდნენ. კეთილი ადამიანები მათ დაეხმარნენ და რაღაც სასწაულით ქალაქიდან გავიდნენ. ფეხით მიაღწიეს ბერდიანსკს, ჩემ ცოლს ცალ ხელში პატარა ბავშვი ეჭირა, რომელიც დროდადრო გონებას კარგავდა.

იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემს ცოლ-შვილს დაეხმარნენ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლაში.

ყველა გეგმა ერთმა მოვლენამ შეცვალა. უკრაინულმა მხარემ რაშისტების დიდი ხომალდი გაანადგურა და ამის საპასუხოდ მათ აკრძალეს ლტოლვილების, ჰუმანიტარული ტვირთისა და საევაკუაციო კოლონების გადაადგილება. ავტობუსი, რომელსაც ხალხი ზაპოროჟიეში მოჰყავდა საგუშაგოდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით იდგა – აკრძალვის გამო შეაჩერეს, აღარ გაუშვეს. ჩემი მეუღლეც ამ ავტობუსში იყო. გამშვები პუნქტისკენ ფეხით გაიქცა ბავშვებით და მაინც მოახერხა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება.

გმირი ჩემთვის ჩემი მეუღლეა.

  • „რუს პილოტებს ჩვენი ეშინიათ. მათ არ სურთ ფრენა იქ, სადაც ჩვენ ვართ“

მთელ ჩვენს საბრძოლო სამუშაოს ორი მიზანი აქვს: – ცაში მტრის განადგურება და ადამიანებისა და იარაღის გადარჩენა. ამისთვის მეთაურს ბევრი სხვადასხვა თვისება უნდა ჰქონდეს. ლიდერი უნდა იყოს, პატივს სცემდეს ქვეშევრდომებს, რის გარეშეც პატივს არ გცემენ.

მეთაურმა უნდა იგრძნოს და დაინახოს საჰაერო მდგომარეობა. როდის უნდა გამორთოს აპარატურა, როდის უნდა შეიცვალოს პოზიცია. რამდენ ხანს შეგიძლიათ ერთ ადგილას დარჩენა.

ყველა ტაქტიკური ტექნიკა ჩვენმა მებრძოლებმა უკვე  გამოცადეს არა მხოლოდ ვარჯიშზე, არამედ ბრძოლაშიც. საზენიტო ბრძოლა უკიდურესად ინტენსიური და სწრაფია. მთავარია დანაყოფის მუშაობის თანმიმდევრულობა. აქ ყოველი წამი გადამწყვეტია. მე, როგორც დივიზიის მეთაური, სამეთაურო-საშტაბო მანქანაში ვარ. ვიღებ ინფორმაციას უმაღლესი სამეთაურო პუნქტებიდან საბრძოლო გათვლების შედეგად.

მეთაურმა ყველა გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს. სამიზნის დაჭერა და მიყოლა, რაკეტების მომზადება სასროლად, გაშვების ოპტიმალური დროის განსაზღვრა…

ბრძოლაში გამარჯვების წყურვილი უჩნდება ყველას და დიდი მღელვარებაა. ყველა ცდილობს ამოიცნოს სამიზნე და გაანადგუროს, მაგრამ ეს არც ისე მარტივია. რუსებს შეუძლიათ ქვეითი დანაყოფები შემთხვევითი ადამიანებით შეავსონ, რომლებსაც პირველად უჭირავთ ხელში  ავტომატი.

ავიაციის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. აქ ყველა პროფესიონალია. პილოტები რაკეტსაწინააღმდეგო მანევრებს ასრულებენ, სიმაღლისა და სიჩქარის მანევრებს. მათ მრავალრიცხოვანი ტექნიკა აქვთ, რასაც გადარჩენისთვის იყენებენ და ჩვენს განადგურებას ცდილობენ.

ყველას გვინახავს მულტფილმებში, როცა გმირების თვალები კვადრატის ფორმის უხდებათ, ბრძოლის შემდეგ საზენიტო-სარაკეტო სისტემის ოპერატორები მანქანებიდან ზუსტად ასეთი თვალებით გადმოდიან.

საზენიტო დუელის დროს ოპერატორი გამუდმებით ათვალიერებს სამიზნეს, რათა შეამჩნიოს და არც ერთი წუთით არ დაკარგოს მიზანი.

თვალის დახამხამებაც კი არ შეუძლია. როგორც წესი, პილოტები რაკეტებს სადღაც 30-50 კილომეტრის მოშორებით უშვებენ.

რუს პილოტებს ჩვენი ეშინიათ. მათ არ სურთ ფრენა იქ, სადაც ჩვენ ვართ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ანდრეი კრუგლოვს გმირის წოდებას ანიჭებს / ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა Armyinform

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com