მთავარი,სიახლეები

რა ბედი ელის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას და რატომ არ აქვს შენობას ძეგლის სტატუსი

22.05.2022 •
რა ბედი ელის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას და რატომ არ აქვს შენობას ძეგლის სტატუსი

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაურკვეველი ვადით დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად ითქვა, რომ შენობა არა სანიტარული სამუშაოების გამო, არამედ მისი შესაძლო ავარიულობის მიზეზით არის დაკეტილი.

ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვების შემდეგ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ მკითხველის მომსახურება არა სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების ჩატარების გამო, არამედ სხვა მიზეზით შეაჩერეს:

„ძვირფასო მკითხველებო,
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ბიბლიოთეკის ძირითადი კორპუსის (ვაჟა-ფშაველას#21) მდგრადობის კომპლექსური ანალიზი და საექსპერტო დასკვნის მომზადება.
აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, დროებით წყვეტს ბიბლიოთეკა მკითხველთა მომსახურებას.
მომსახურების განახლების შესახებ გაცნობებთ.“

ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ შესასვლელში გამოკრული განცხადებაც შეცვალა:

როდის მომზადდება დასკვნა? – ბიბლიოთეკის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა პირად საუბარში გვითხრა, რომ დასკვნას 23 მაისს ელოდება.

ბიბლიოთეკის რამდენიმე თანამშრომელი, ვისთანაც „ბათუმელებმა“ გასაუბრება შეძლო, დარწმუნებულია, რომ შენობა ავარიულია და აქ მუშაობა საშიშია: „ჩამოგვენგრევა თავზე“. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ამ შიშის გაჩენაზე „მიზანმიმართულად იმუშავეს“.

ყველა მათგანი სახელისა და გვარის დასახელებით საუბარს ერიდება.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ შენობის კედლები მას შემდეგ დაიბზარა, როცა სარდაფში რამდენიმე სივრცე მოაწყვეს. არის თუ არა ეს ასე, ალბათ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ გახდება ცნობილი.

ბიბლიოთეკის დირექტორი, ჯონი საბაშვილი აცხადებს, რომ შშმ პირებისთვის ბიბლიოთეკის სრული სერვისის მისაწვდომობის მიზნით ლიფტი უნდა მოაწყონ, ამიტომაც დასჭირდათ შენობის მდგრადობის შესწავლა.

ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ამ ახალ ამბავს საეჭვოდ მიიჩნევენ ძეგლების დამცველები.

„იმდენად სახასიათო და საინტერესო შენობაა, წარმოუდგენელია, მაგას რაიმე დაემუქროს. თუმცა უნდობლობის ფაქტორია ძალიან მაღალი. საზოგადოებისგან ფარულად ხდება ხოლმე სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რაც მთავრდება ღირებული შენობების დაზიანებით, ან საერთოდ დემონტაჟით. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ რაღაც ცუდი ხდება შენობის თავს, რაღაც ცუდი აქვთ ჩაფიქრებული. სასურველია, რომ თავიდანვე ყველაფერი იყოს ღია და გამჭვირვალე“, – ამბობს არქიტექტორი გია რამიშვილი.

მიუხედავად შენობის ისტორიული ღირებულებისა, მას ძეგლის სტატუსი არ აქვს. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა გვითხრეს ისიც, რომ სტატუსის მინიჭებისთვის ყოფილმა დირექტორმა, გენო მახარაძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლამდე მიმართა, თუმცა შენობას სტატუსი არ მიანიჭეს.

სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი განაცხადი მათთან არ შესულა, შესაბამისად ის არ განუხილავთ.

არქიტექტორი გია რამიშვილი აცხადებს, რომ შენობას გარდა ისტორიულისა, არქიტექტურული ღირებულებაც აქვს და მას სტატუსი უნდა მიენიჭოს. იმსახურებს თუ არა შენობა სტატუსს, თუნდაც მხოლოდ მისი ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე და ხომ არ არის დაგეგმილი შესაბამისი განაცხადის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნა, ამაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ვკითხეთ. პასუხი არ მიგვიღია.

ორგანიზაცია „ბათომის“ წევრის, შოთა გუჯაბიძის თქმით, იმის გამო, რომ შენობას აქვს ისტორიული ღირებულება, ნებისმიერ შემთხვევაში „უნდა მოხერხდეს მისი გამაგრება და სხვა არაფერი.“
„მე ვარ ნამყოფი ქვემოთ [სარდაფში] განთავსებულ ოთახებში და იქ სერიოზული არაფერი ჩატარებულა, ჩვეულებრივი პატარა ოთახებია, რომლებსაც საექსპოზიციო დარბაზებად იყენებენ. თუკი კვლევა მართლაც მდგრადობის დასადგენად ტარდება, სწორია, მაგრამ იმდენად აქვს გატეხილი სახელი ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი განცხადება აჩენს ეჭვს, რომ ის მიმართულია ამ ღირებულებისა და ისტორიის დასანგრევად. ვიღაცების ფულის საკეთებლად. ამიტომ ჩნდება ეჭვი“.
წყაროების მიხედვით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 1902  წლის 13 ოქტომბერს გაიხსნა: „ბათუმის ინტელიგენციის, ინტელიგენციასთან თანამდგომი ქალაქის დაბალი ფენებისა და ქალაქის მესვეურების ძალისხმევით.“
ბიბლიოთეკის გამგეობის შემადგენლობაში შედიოდნენ: ივ. ანდრონიკაშვილი (ქალაქის თავი), გრ. ვოლსკი, ვ. ლორტინი, ე. ტურკინი და კ. ჩხეიძე. ქალაქის მმართველობამ ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის გამოყო 1500 მანეთი. ახლად დაფუძნებული საჯარო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უმთავრესად შეწირული წიგნებით იზრდებოდა.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბიბლიოთეკის ფონდი 596 640 ერთეულია, მათ შორის 373 839 წიგნი, 84 ერთეული აუდიოწიგნი, 152 388 – ჟურნალი, 38 069 ერთეული და 3 902 კომპლექტი გაზეთია. საერთო მონაცემში შედის, ასევე, ფოტომასალა, რუკები, პლაკატები, კალენდარი და  სხვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: