სიახლეები

აგვისტოს სამდღიანი დღესასწაული ბათუმში – შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ბრუნდება

25.07.2022 • 1035
აგვისტოს სამდღიანი დღესასწაული ბათუმში – შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ბრუნდება

12, 13 და 14 აგვისტოს ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-15 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე გაიმართება.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის ეს საიუბილეო წელია და ფესტივალის ორგანიზატორები ადგილზე მისულ მსმენელებს ბევრ სიურპრიზს ჰპირდებიან.

ფესტივალის პირველ დღეს, 12 აგვისტოს, ორი კონცერტი გაიმართება: დაუკრავს ჩეხური ჯაზ ბენდი „Boris Band Combination“ და შვეიცარული ჯგუფი „The Next Moovement“.

ამ უკანასკნელმა ძალიან სწრაფად მოიპოვა მსოფლიოში პოპულარობა და ფესტივალის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს არცთუ ისე ნაცნობი ფანკ ჯგუფი მალე ძალიან საყვარელ ბენდად იქცევა ადგილობრივი მსმენელისთვის.

მეორე დღეს, 13 აგვისტოს, ჯგუფ „Earth, Wind and Fire Experience“-ის კონცერტი გაიმართება. ეს ჯგუფი 70-იანი წლების თაობისთვის კარგად ცნობილი „Earth, Wind and Fire“-ის ნამდვილი რეინკარნაციაა – ჯგუფის დამფუძნებელი ლეგენდარული ელ მაკეი დღესაც ბენდშია  „Earth, Wind and Fire“-ის სხვა წევრებთან ერთად.

ფესტივალს 14 აგვისტოს, ფანკის დედოფალი, ქენდი დალფერი და მისი ბენდი დახურავს. დალფერი პრინცის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქსოფონისტი ქალი იყო, დიდი პროფესიული გამოცდილებით და საინტერესო ისტორიით.

დალფერი დიდხანს მუშაობდა არეტა ფრანკლინთან ერთად.

Pink Floyd-ის „The Wall“-ში სწორედ ქენდი დალფერის საქსოფონის ხმა ისმის.

თუ თბილისის ჯაზ-ფესტივალი აკადემიურ ხასიათს ატარებს, ბათუმის ჯაზფესტივალი საზაფხულო, საზღვაო ქალაქის რიტმსაა მორგებული და რეპერტუარიც ბევრად უფრო ენერგიული და ხალისიანია. ეს დასტურდება იმ ვიდეო კადრებითაც, რომელიც ყოველწლიურად ვრცელდება შავი ზღვის ჯაზფესტივალების კონცერტებიდან, სადაც აცეკვებული და ბედნიერი მსმენელი ჩანს.

ფესტივალის ორგანიზატორი „ისთერნ პრომოუშენსის“ დამფუძნებლის, მიხეილ გიორგაძის თქმით, შავი ზღვის ჯაზფესტივალის კონცერტები მოგვიანებით ფესტივალის ოფიციალურ კლუბში გადაინაცვლებს, სადაც ჯემსეიშენები მოეწყობა:

„მიხარია, რომ ჯემსეიშენების ტრადიცია დავაბრუნეთ და ყოველ საღამოს კონცერტების შემდეგ კლუბ „ივერია ბიჩში“ ჯემსეიშენები ჩატარდება უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეს სახალისო დღეები დილამდე გაგრძელდება. აგვისტოში24 საათიანი, სამდღიანი დიდი დღესასწაული გველოდება.

სამწუხაროდ, ჯემსეიშენების ბილეთი ცალკე არ იყიდება, რადგან „ივერია ბიჩი“ არ არის საჩოგბურთო კორტებივით დიდი და ყველა იქ ფიზიკურად ვერ მოხვდება, ამიტომ ჯემსეიშენებზე დასასწრებად შეზღუდული რაოდენობის აბონემენტი გაიყიდება, რაშიც შედის ძირითად კონცერტებზე დასწრებაც“, – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

პანდემიის სამმა წელმა ძალიან დააზარალა საფესტივალო ინდუსტრია, თუმცა როგორც „ისთერნ პრომოუშენსის“ დამფუძნებელი ამბობს, პოსტპანდემიურ პერიოდში გამოცოცხლება მთელ მსოფლიოს ეტყობა და არტისტებიც დიდი ხალისით ჩამოდიან ტურნეებში.

როგორც მიხეილ გიორგაძე აღნიშნავს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკაში საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ცნობით, ფესტივალების პერიოდში, დღეში საცალო ვაჭრობით (რაშიც არ შედის სასტუმროების დატვირთულობა ან  უნაღდო ანგარიშსწორება), ანუ მხოლოდ იმ მონაცემებით, რაც ამორტყმული ქვითრით ითვლება, ბათუმი დღეში სამ მილიონ ლარამდე ვაჭრობს, ფესტივალის დღეებში კი ეს მაჩვენებელი 10, 12 მილიონ ლარამდე იზრდება. ფესტივალის დასრულების შემდეგ კი ყოველდღიური ვაჭრობის საშუალო ნიშნული ქალაქში ჩვეულებრივ მაჩვენებელს უბრუნდება. ეს ციფრები პირდაპირ აჩვენებს რამხელა ეკონომიკური სარგებელი აქვს რეგიონის და ქვეყნისთვის ფესტივალს“, – ამბობს კომპანია „ისთერნ პრომოუშენსის დამფუძნებელი“.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე დასასწრები ბილეთებისა და აბონემენტების ყიდვა მსურველებს შეუძლიათ პლატფორმაზე: TKT.GE

გადაბეჭდვის წესი