მთავარი,სიახლეები

გზა აღარც წინაა და არც უკან, არსად წასვლა არ შემიძლია – 4 თვე ოკუპირებულ ხერსონში

07.07.2022 • 2218
გზა აღარც წინაა და არც უკან, არსად წასვლა არ შემიძლია – 4 თვე ოკუპირებულ ხერსონში

ხერსონი, სამხრეთ უკრაინის ეს უდიდესი ქალაქი და მთავარი ეკონომიკური ცენტრი, ისევე, როგორც მთლიანად ოლქი, მარტის შემდეგ ოკუპირებულია. საერთაშორისო და უკრაინული მედია ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტს საუბრობს საოკუპაციო ძალების რეპრესიებზე, უკრაინის ხელისუფლება კი – მომავალ კონტრშეტევაზე ხერსონის დასაბრუნებლად.

ხერსონში რჩება ჟურნალისტი კონსტანტინ რიჟენკო, ადგილობრივი „ხერსონ ნიუსსიტის“ მთავარი რედაქტორი, რომელიც საკუთარ 28-ე დაბადების დღეს ოკუპირებულ ქალაქში, ოჯახისგან შორს, მიმალვაში შეხვდა.

ჟურნალისტს რუსი სამხედროები და სპეცსამსახურები მარტის შემდეგ ეძებენ. აკითხავენ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნაცნობებს, იმ ადამიანებსაც კი, ვინც ფოტოს ან ინფორმაციას აწვდის. ყველაფრის მიუხედავად, ის ჟურნალისტურ საქმიანობას განაგრძობს და ცდილობს, „გააკეთოს ის, რის გაკეთებაც ამ ვითარებაში საერთოდ შესაძლებელია.“

ეს ინტერვიუც, წინას მსგავსად, გვიან საღამოს ჩავწერეთ, როდესაც კონსტანტინმა უსაფრთხოდ კავშირზე გამოსვლა მოახერხა.

  • გმადლობთ, რომ დაგვთანხმდით კიდევ ერთ ინტერვიუზე. ძალიან კარგად მესმის, ეს მარტივი გადაწყვეტილება არაა. თავიდანვე შემოგთავაზებთ, შეგვიძლია ინტერვიუ ისე გამოვაქვეყნოთ, რომ თქვენი ვინაობა კონფიდენციალურად დავტოვოთ.

მოდი, ვისაუბროთ და ეგ საკითხი ბოლოს გადავწყვიტოთ.

  • კარგი. როდესაც ჩვენ ბოლოს ვილაპარაკეთ, აპრილის დასაწყისში, მაშინ რუსი სამხედროები გეძებდნენ, იმალებოდით, სხვადასხვა ადგილს აფარებდით თავს და შინ დაბრუნება არ შეგეძლოთ. ახლა რა ხდება, თქვენი ოჯახი და ახლობლები როგორ არიან და თქვენთვის თუ შეიცვალა რამე?

მას შემდეგ, ჩემთან დაკავშირებით ბევრი არაფერი შეცვლილა. ისევ მეძებენ. დროდადრო აკითხავენ იმ ადამიანებს, ვინც მე ზოგჯერ მასალებს მიგზავნის გამოსაქვეყნებლად და ისევ კარდაკარ დადიან ჩემი ფოტოთი. ჩემი ოჯახი ისევ არ არის ჩემთან, ისევ ვიმალები და ისევ არ მაქვს აქედან გასვლის საშუალება.

  • ქალაქიდან გასვლას გულისხმობთ?

არც ქალაქიდან გასვლას. ყველგან საგუშაგოებია. თუმცა შენობიდანაც ძალიან იშვიათად გავდივარ. კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ. ბოლოს ორი კვირის წინ ვიყავი გარეთ.

  • ალბათ, საგუშაგოებზე ძალიან იოლად გიცნობენ.

სიები აქვთ, იმ ადამიანების სიები, ვისაც ეძებენ. განსაკუთრებით პრიორიტეტული ადამიანების შემთხვევაში კი – ფოტორობოტები ან ფოტოები.

  • უკვე ოთხი თვეა ოკუპაციაში ცხოვრობთ. როგორია ეს, რა გაძლებინებთ? მახსოვს, მაშინაც გკითხეთ მსგავსი რამ, წინა ინტერვიუს დროს, მაგრამ მაშინ აპრილი იყო და მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა.

გულწრფელად რომ გითხრათ, თითქმის ვეღარც ვუძლებ. მგონი, უბრალოდ, რაღაც აუხსნელი სიჯიუტე მაძლებინებს.

წესიერად არ მძინავს, ჭამითაც ვერ ვჭამ. ფსიქოლოგიურად სულ დაძაბული ხარ… ისეთი მდგომარეობაა… სომნამბულიზმი, მგონი ასე ჰქვია – როდესაც გძინავს და თან არც გძინავს, ფხიზლობ და თან ვერც ფხიზლობ. სამწუხაროდ, უკვე ასე ვარ რამდენიმე თვეა, რადგან გვირაბის ბოლოს ჯერ ისევ არ ჩანს სინათლე და ალბათ, სიჯიუტის გამოა, რომ ისევ ვდგავარ.

იცით, როგორაა, ჩვენ „რუხ ზონაში“ ვართ – გზა აღარც წინაა და აღარც უკან. მე არსად წასვლა არ შემიძლია. წესიერად ქალაქში გასვლაც კი.

ერთი მხრივ, რუსი ჩინოვნიკები და სპეცსამსახურები მეძებენ, მეორე მხრივ, უკრაინის მხარეს გადასვლაც შეუძლებელია. გაჩხერილი ვარ და ასეთ მდგომარეობაში ვცდილობ, ვაკეთო, რისი გაკეთებაც და როგორც შესაძლებელია.

  • ჟურნალისტურ საქმიანობას ახერხებთ მაინც?

დიახ, ვახერხებ. ძირითადად, მოქალაქე ჟურნალისტების დახმარებით. ინფორმაციისთვის ჩემს გამომწერებს მივმართავ ხოლმე, ვისაც შეუძლია, რაიმე მომიყვეს ან რაიმე გადაიღოს. მათი დახმარებით ვმუშაობ, რადგან ჩემთვის ქალაქში მასალის მოპოვება შეუძლებელია. ბოლოს როცა გავედი, ტელეფონიც არ წამიღია, ვერც ვერაფერს გადავიღებდი და ვერც ვერაფერს ჩავწერდი, ჩემი თვალით რაც დავინახე, ის დავწერე მხოლოდ.

  • მედიაში უმძიმეს ამბებს ვკითხულობთ იმაზე, რაც ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებში ხდება. ვკითხულობთ, რომ ადამიანებს იტაცებენ, აწამებენ, კლავენ. ზოგს მხოლოდ ერთი დღით აკავებენ, ზოგს – თვეობით და მერე დასახიჩრებულ სხეულებს თხრილებში ან მინდვრებში პოულობენ, ან ვერც პოულობენ.

კი, კი, ასე ხდება.

  • ესე იგი, ეს ყველაფერი სიმართლეა.

დიახ. მაგალითად, შემთხვევა, რომელიც მე დანამდვილებით კარგად ვიცი – ერთი კაცი სახლიდან წაიყვანეს, დიდხანს აწამებდნენ, დაახლოებით ერთი თვე, თუ არ ვცდები. ბოლოს მდინარეში იპოვეს. ფეხებზე გირები შეუბამთ და წყალში გადაუგდიათ. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისეთ მდგომარეობაში ყოფილა, თავიც კი არ ჰქონია მთელი.

  • მგონი ეს ზუსტად ის ამბავია, რომელიც რამდენიმე დღის წინ BBC-ზე წავიკითხე.

დიახ, ეგ არის.

  • თამილა ტაშევა, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში, ამბობს, რომ უკრაინის სამხრეთში რუსებს დაახლოებით 500-600 ადამიანი ჰყავთ გატაცებული და სარდაფებში აწამებენ. რეალურია ეს რიცხვები?

პირიქით, ვფიქრობ, ნაკლებიცაა. ჩემი გათვლებით, 1500-2000 ადამიანი მაინც იქნება.

  • თქვენ ადრე ჰყვებოდით, რომ როდესაც ადამიანებმა ხერსონში ბუჩის კადრები ნახეს, პანიკა დაიწყო, შეეშინდათ, მათთანაც იგივე არ გამეორებულიყო. იმას, რაც დღეს უკრაინის სამხრეთში ხდება, უფლებადამცველებმა უკვე უწოდეს „ხერსონის ბუჩა“. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, რისიც ხალხს ასე ძალიან ეშინოდა, რეალობად იქცა?

დიახ, შეგვიძლია, თუმცა ალბათ, გესმით, რომ ჩვენთან ისეთივე ბუჩა არ არის, როგორც კიევთან იყო. ეს დროშია გაწელილი და ბევრის თვალისთვის შეუმჩნევლად ხდება.

არის გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც მათი (რუსების) აზრით, მნიშვნელოვანია და ამ ადამიანებს აკითხავენ, მათ თავს ხდება ისეთი ამბები, რაც ვთქვით. არის სხვა კატეგორიაც, ისინი, ვინც რუსების კლიპებში ჩანან – ბედნიერი მოქალაქეები.

ბუჩაში უფრო ისე იყო, რომ იქ იტანჯებოდა ყველა, აქ კი, რაღაცნაირად, მონაცვლეობითაა. უკრაინულ მედიაში რომ ერთი შეტყობინება გაჩნდება ვინმეს დაკავება-წამებაზე, ხუთი გაჩნდება რუსულ მედიაში იმაზე, რა კარგია გათავისუფლებულ ხერსონში ცხოვრება.

ზოგს აშინებენ, ზოგს ქრთამავენ და ამის გამო, რაღაცნაირად, დიდი დისონანსია. ძალიან რთული ხდება ამ საინფორმაციო ნაკადში ბუჩის ძაფის დანახვა.

  • და კოლაბორაციონისტი ბევრია?

არა ბევრი არა, მაგრამ არიან.

  • წერენ, რომ მიტინგებს აღარ აწყობენ ხერსონში, მაგრამ ბრძოლამ მიწისქვეშეთში გადაინაცვლა, რომ კოლაბორაციონისტების მანქანებისა და სხვა აფეთქებებიც პარტიზანების ნახელავია. რამდენად აქტიურია ხერსონში პარტიზანული მოძრაობა?

როგორ გითხრათ, მე ვერ შევაფასებ ამას, რამდენად აქტიურია. კი, ნამდვილად ჩნდება ქალაქში განცხადებები და წარწერები, რომ ხერსონი უკრაინაა და უკრაინის არმია ახლოსაა, მაგრამ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ეს რაღაცნაირად ღია პარტიზანული მოძრაობაა.

ძალიან რთულია დანამდვილებით რაიმეს თქმა აფეთქებებზეც. აფეთქება მოხდება და მერე მილიონი თეორია ჩნდება – დაწყებული იმით, რომ ეს ФСБ-ს ხალხის გარჩევებია, გაგრძელებული ინსცენირების ვერსიით და დასრულებული პარტიზანებით. ყველა მხარე იმას ამბობს, რაც აწყობს.

  • და მაინც, ეს დევნა, გატაცებები, დაკავშირებულია იმასთან, რომ ხალხის წინააღმდეგობა ჩაახშონ?

დიდი ალბათობით, კი. ადამიანებს ისეთ რამეებზე იჭერენ, გაოცდებით. მაგალითად, საუბარში „ორკი“ რომ ახსენოს ვინმემ, იჭერენ. საგუშაგოზე შეიძლება დაგაკავონ იმის გამო, რომ ტელეგრამზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გვერდი გაქვს გამოწერილი.

ერთმა ჩემმა გამომწერმა გამომიგზავნა ფოტო – სადღაც, რომელიღაც ადგილს დაარტყეს და კვამლი იდგა. ფოტოზე ჩანდა ცა, მზის ჩასვლა და კვამლი. როგორღაც გამოარკვიეს ვინ იყო ეს ადამიანი და მიადგნენ. არადა, იმ ფოტოზე არც არაფერი იყო ისეთი, ეჭვი ან შეკითხვა რომ გაეჩინა. მეც თითქმის ვერაფერი დავწერე გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დაარტყეს, იწვის და მორჩა. აი, ამის გამო დაიჭირეს.

  • ჰუმანიტარული ვითარება როგორია – საკვები, მედიკამენტები…

უდიდესი პრობლემაა. წარმოიდგინეთ, 500-გრამიანი შამპუნი, „ჰედ ენდ შოლდერსი“, 600 გრივნა ღირს, ეს 20 დოლარია. შეკვრა საპონი – 350 გრივნა – 11-12 დოლარი. ცივილიზაციის სიკეთეები კოსმოსური თანხები ჯდება. არადა, ხალხს არც სამსახური აქვს, არც ფული, არაფერი აქვს, ფაქტობრივად. ახლა დაიწყო სოციალური დახმარებების დარიცხვა, 6 ათასის, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, რომ ამ დახმარებას ადამიანი ასეთი რამეებში ვერ დახარჯავს.

  • ესე იგი, ჯერ ისევ შესაძლებელია გრივნებით ყიდვა.

მე რამდენჯერაც ვიყავი ქალაქში, რუბლი არ შემხვედრია, რომ არ მოგატყუოთ. ვიცი, რომ არის ცალკეული რუსული მაღაზიები, რომლებსაც უშუალოდ რუსი მომხმარებელი ჰყავს და იქ ნამდვილად რუბლით ვაჭრობენ, მაგრამ დანარჩენ შემთხვევებში გრივნა მოქმედებს. სულ ახლახან გაჩნდა მაღაზიებში ფასები ორივე ვალუტაში.

  • საკვები პროდუქტები მხოლოდ რუსეთიდანაა?

კი, ყველაფერი რუსეთიდანაა, უკრაინიდან აქ არაფრის შემოტანის შანსი არაა. მანქანებზე ლიმიტია, ოლქში დღეში მხოლოდ 30 მანქანას უშვებენ. მეორეც, ჰუმანიტარულ ტვირთებს არ ატარებენ.

მოხალისეების ცენტრმა ითხოვა, რომ კრიტიკულად საჭირო მედიკამენტების შემოტანის უფლება მაინც მიეცათ და დღეს მოგვიტანეს მხოლოდ სამი შეკვრა, თვე-ნახევრის მერე. ამ თვე-ნახევრის განმავლობაში, ფაქტობრივად, პირველად შევძელით, რამე მიგვეღო, აღარ ვლაპარაკობ სისტემურ მოწოდებაზე. ხომ გესმით, რა ვითარებაა.

ყველაფერი რუსეთიდანაა და ძალიან ცუდი ხარისხის. აი, გემო რომ აგიხსნათ, წარმოიდგინეთ, ჩაის პაკეტი რომ ორ-სამჯერ გამოიყენო და მერე რა გემოც ექნება – ჩაის გემო რომ ოდნავ დაჰკრავს. თითქმის მთელი პროდუქცია ასეთია. ერთადერთი გამონაკლისი შოკოლადია, არ ვიცი რატომ, მაგრამ შოკოლადი ნამდვილად უვარგათ.

  • რეფერენდუმის საკითხი – რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სექტემბერში გეგმავენ მორიგ რეფერენდუმს. თქვენი აზრით, ახლა როგორია ხალხის განწყობა?

რეფერენდუმზე მუდმივად ლაპარაკობენ, თუმცა წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ისინი ბევრად აქტიურად და მეთოდურად ირჯებიან ამისთვის და ხალხსაც ამუშავებენ. მიზნად დაისახეს, რომ როგორმე ეს რეფერენდუმი უნდა ჩაატარონ. გამოუვათ, არ გამოუვათ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანია.

  • ამასწინათ, უკრაინის ხელისუფლებამ მოუწოდა ხერსონელებს, რომ კონტრშეტევის წინ ოლქი დატოვონ და დეოკუპაცია გაამარტივონ. რამდენად შესაძლებელია ეს?

დაე, უკრაინის ხელისუფლება ჩამოვიდეს და მოახდინოს ევაკუაცია.

  • კონტრშეტევას როგორ უყურებენ მანდ, იმედი აქვთ, ელოდებიან?

დიახ, ელოდებიან და იმედი აქვთ, მაგრამ მსგავსი განცხადებები დაბნეულობას იწვევს. იცით, ეს ისეთ რამეს ჰგავს, „გაწყენინებენ, მაგრამ არ გეწყინოს.“

  • და არ გეშინიათ მანდ დარჩენა?

მეშინია, ძალიან მეშინია.

  • როგორ მოვიქცეთ ინტერვიუსთან დაკავშირებით?

იცით რა, ისეთი არაფერი გვითქვამს, რაც ისედაც მძიმე ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებდა, ასე, რომ დაწერეთ.

  • დიდი მადლობა, არც კი ვიცი, რა გითხრათ დასასრულს.

გაუძელით, ალბათ.

  • გაუძელით, დიახ.

მეც კი არ ვიცი, რას ვეტყოდი საკუთარ თავს.

  • მაინც იმედს ვიტოვებ, რომ მალე დასრულდება ეს ყველაფერი.

მეც დავიტოვებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: