როცა ბათუმში თავისი პირველი წიგნის, „მშვიდობით, ძია გერშვინ!“-ის წარსადგენად ჩამოვიდა, მეორე წიგნის იდეა მაშინ გაუჩნდა.
„La porta segreta“ ფსიქოლოგ მაია ცირამუას მეორე წიგნია. ყდის დიზაინზე ილუსტრატორმა ნონი გარდავამ იმუშავა. „ბათუმელები“ მაია ცირამუას ახალი წიგნის შესახებ ესაუბრა.
- ქალბატონო მაია, როგორც ერთ ინტერვიუში ახსენეთ, ახალი რომანის დაწერის იდეა ბათუმში გაგიჩნდათ. მოგვიყევით, რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო?
ბათუმში სეირნობისას ერთმა სამკერვალომ მიიპყრო ჩემი ყურადღება. დიდი, მინის კედელი აქვს ამ სამკერვალოს, ამ მინის კედლის მიღმა თერძი ქალი ფუსფუსებდა. ჩანდა ქსოვილები, ქალის ტორსი… რამდენიმე დღე ვაკვირდებოდი გარედან, როცა ზღვაზე მივდიოდი, პლაჟის ნაცვლად ვიჯექი და ამ სამკერვალოს ვუყურებდი. საინტერესო პროცესი იყო – როგორ შედიოდნენ ადამიანები, ეკონტაქტებოდნენ, ტანსაცმელს იზომებდნენ – ეს ყველაფერი გარედან უხმო კინოს ჰგავდა. როცა უხმო კინოს უყურებ, სულ გაქვს იმის მომენტი, რომ გაინტერესებს იქ რა ხდება, რა ხმების ისმის, რას ეუბნებიან ერთმანეთს.
აი, ამ უხმო კინოში შესვლა მომინდა.
ერთხელაც გავბედე, მე თვითონაც შევედი. იყო ქსოვილების საოცარი ფერთა გამა. ძალიან კარგი ხარისხის ქსოვილები იყო. ეს იყო ისეთი სამყარო, სადაც ქალებს გვიყვარს ხოლმე მოგზაურობა. რაღაცებსაც ვემალებით ხოლმე ასეთ სამყაროში. გავურბივართ. უცებ მომინდა რაღაცა გამეკეთებინა ამაზე.
ბათუმში ყოფნის პერიოდში ბევრს ვფიქრობდი ამ სამკერვალოზე. მერე ერთ ღამეს დავიძინე და დილას გავიღვიძე ლორასთან ერთად – ლორა ჩემი ახალი რომანის მთავარი გმირია. როცა სიუჟეტზე დავიწყე ფიქრი, მივხვდი, რომ აი, ამ გარემოში უნდა ჩამესახლებინა ჩემი ლორა.
- რომანში ისეთ თემებს ეხებით, დღეს, აქ და ახლა რომ აწუხებს ქართულ საზოგადოებას. წიგნმა ეს პრობლემები აირეკლა. როგორ ფიქრობთ, თქვენი ეს ნაწარმოები ხომ არ იქნება ქართული ლიტერატურისთვის ერთგვარი ბიძგის მიმცემი?
ზოგადად, ფემინისტური ლიტერატურა არ გვიჭირს საქართველოში. მე შევეცადე, მელაპარაკა იმაზე, რაც ვიცით ისედაც ყველამ. მაგალითად, ნაწარმოებში არის ფემიციდის, მიტოვების თემა. შევეცადე რაღაცნაირად წარმომეჩინა რომანში ისეთი ადგილები, რასაც არავინ ყურადღებას არ აქცევს. როგორი დეტალები იცი, მაგალითად, რას ნიშნავს თინეიჯერი გოგოსთვის, როდესაც მას მკერდი წამოეზარდა. როგორ აღიქვამს ის თავის სხეულს ან ნებისმიერ ფრაზას, რომელსაც ხუმრობით ეტყვიან. შევეცადე ასეთი მომენტები, თითქოსდა შეუმჩნეველი, დიდ სურათში დაკარგული წვრილ-წვრილი ტკივილები, ყოფილიყო წამოწეული.
შეიძლება ვიღაცისთვის ეს მომაბეზრებელი იყოს. არ ვიცი, მკითხველს გააჩნია. ჩემი ამოცანა იყო, მეჩვენებინა ის წკიპურტები, რასაც იღებ, როგორც ქალი, როგორც პიროვნება.
თემაზე, რომელზეც არის ეს წიგნი, შეიძლება რაღაცები დაწერილა, მაგრამ კონკრეტულად ამ ნიუანსებს არავინ შეხებია, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გახდება ბიძგის მიმცემი ლიტერატურაში.
ისე მიკავშირდებიან კონკრეტული ადამიანები, მეუბნებიან – „მე უკვე სხვანაირად ვფიქრობ“ და შეიძლება ესეც იყო ჩემი ამოცანა, რაღაცები გადაფასებულიყო ადამიანებში. ნამდვილად, საშიშია ამ თემასთან შეხება, რთული თემაა, რადგან ძალიან ბევრი ნაღმია მასში ჩადებული. მგონია, რომ რაღაცა ბიძგი, თუ ლიტერატურისთვის არ იქნება, იქნება დისკუსიისთვის და ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ მოდის ეს მესიჯები, მაგალითად ის, რომ დღეს ერთმა ადამიანმა სხვანაირად შეხედა საკუთარ შვილს.
- რომანში ეხებით ბევრ ისეთ თემას, რასთან გამკლავებაც ქალებს უწევთ. ერთგვარი სარკეა იმის დასანახად, თუ როგორ იჩაგრებიან ქალები გენდერული ნიშნით და როგორ ავიწროებენ მათ. როცა ამ სიუჟეტურ ხაზს წერდით, რა იყო თქვენი მთავარი გზავნილი ქალებისადმი?
ალბათ ის, რისიც არავის გვჯერა. არ გვჯერა, რომ ადამიანებს ასე სტკივათ. არ გვჯერა, რომ ქალებს პატარა ასაკიდანვე მართლაც უამრავი ლურსმანი გვაქვს ჩაჭედებული გულში. არავის სჯერა ამის. ჩემი გზავნილია, რომ მკითხველი, თავის რეფლექსიებში წავიდეს და თავის წარსულში იმოგზაუროს. თავისი გოგოობა გაიხსენოს, თავისი პირველი ურთიერთობები გაიხსენოს, იქ იპოვოს პასუხი, არის თუ არა ეს დასაჯერებელი თემა, რომელიც ფემინისტებმა გამოიგონეს.
ეს არის ყოველწუთიერი ჩვენი ცხოვრება. ყოველ წუთას შეიძლება იგრძნოს ქალმა ამ საზოგადოებაში ცუდი მესიჯი. მცირე მანძილი გამოვიარე ამ ადგილამდე მოსასვლელად, სადაც ახლა ინტერვიუს ვწერთ და გზაში, ქუჩას რომ ვჭრიდი – ეეე, ქალოო – ვიღაცამ მომაძახა. აი, ასე ხდება.
მინდა ადამიანებმა დაიჯერონ, რომ რაც ხდება, ეს ქალებს სტკივათ. ზოგჯერ არის ასეთი მომენტები, რომ ტკივილებს ვემალებით. რაღაცა თავდაცვითი სტრატეგიაა, თავდაცვითი მექანიზმია. შინაგან ტკივილგამაყუჩებლებს ვპოულობთ, რომელიც, საბოლოო ჯამში, ამ ტკივილებს კი არ უვლის, არამედ კიდევ უფრო ღრმა პროცესებში მიდის.
მინდა დაინახონ ადამიანებმა, რომ ის ყველაფერი, რითაც გაჯერებულია ჩვენი ყოფა, ძალიან მტკივნეულია კონკრეტული ადამიანებისთვის და ასე აღარ შეიძლება.
- ერთი საინტერესო პასაჟია, როდესაც რომანის მთავარი გმირი, ლორა საქართველოში ბრუნდება, მას უწევს მძაფრი კრიტიკის მოსმენა, თუ როგორ შეარცხვინა ქვეყანა. რადგან „საქართველოზე, სადაც ქალს პატივს სცემენ, საზღვარგარეთ არასწორი შთაბეჭდილებები შექმნა“. ამით რისი ხაზგასმა გსურდათ? იმის ხომ არა, რომ ჩაკეტილი საზოგადოება ვართ მაინც, რომელსაც შეიძლება სახლში პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ეს პრობლემები გარეთ არ უნდა გამოიტანოს?
ჩვენ ვართ ჩაკეტილი საზოგადოება და ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიებში. დიალოგი ნაწარმოების ორ გმირის – ლორასა და ქალაქის თავს შორის, ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი დიალოგია.
ჩვენ ვართ ჩაკეტილი საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს მითებში. გვჭირდება, რომ ჩვენი თავი ვიღაცამ გარედან დაგვანახოს… და ეს იყო ლორა, რომელმაც საქართველოდან 100 ქალის დეფილე გაიტანა მსოფლიო ასპარეზზე. ეს იყო ზუსტად იმ ილუზიების მსხვრევა, რომელსაც არ იჯერებს საზოგადოება. ისევ დაჯერება-არდაჯერების ამბამდე მივდივართ. ჩვენ ისევ არ ვიჯერებთ, ახლა, ამ ეტაპზე, რომ დავაკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას… რაღაცები ხდება, ძალიან ცუდი რაღაცები, საზოგადოების ნაწილი, ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ჩაკეტილი საზოგადოების პირმშოა, არის ამ დაჯერებასა და არ დაჯერებას შორის.
ეს იყო აქ ჩემი მთავარი სათქმელი – ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან ცუდად ვექცევით ერთმანეთს. ძალიან ბევრ ტკივილს ვართ ჩაჭიდებული, ბევრ სტერეოტიპს და რაღაცას ხელი უნდა გავუშვათ. ისე წინ ვერ წავალთ.
- უკანონო ფარული მიყურადება, გადაღება, პირად ცხოვრებაში შეჭრა – უკვე ჩვენი ყოველდღიურობაა. ეს აირეკლა თქვენს ნაწარმოებშიც. მთავარი გმირის გადაწყვეტილება – რომ ის არ დააშანტაჟებინებს თავს არავის და არ ეშინია თავისი პირადი ცხოვრების ჩანაწერების გამოქვეყნების, ასევე ნაცნობი ამბავია ჩვენი საზოგადოებისთვის. როგორც მწერალმა, როცა ამ ხაზს ავითარებდით, მაგალითი ჩვენი რეალობიდან აიღეთ?
თქვენი კითხვები მეხმარება რაღაცების გაანალიზებაში. როგორი პროცესია წერა? – პერსონაჟი დაიბადა, შენ იცი, სად მიდის, მოდის, მაგრამ გზადაგზა ეს პერსონაჟი იწყებს ცხოვრებას. ეპოქა წიგნის პირველ ნაწილში არის დღევანდელი რეალობა: ჩვენ – მე და ლორა, ბუნებრივად აღმოვჩნდით იქ, სადაც აღმოვჩნდით.
მწერლის ლოგიკას რომ გაჰყვე, ეს იყო ლოგიკური შედეგი, რაც მოჰყვებოდა მის დეფილეს უცხოეთში. საბოლოო ჯამში რომ წავიკითხე, თვითონ შემეშინდა, იმიტომ, რომ არ დამიგეგმავს. ბუნებრივად შევედით მე და ლორა ამ პროცესში და აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში.
ეს თემა, როგორც მოქალაქეს ძალიან მაწუხებს. მე ერთი ადამიანი ვარ და ეს ყველაფერი ჩემშია ხომ? ალბათ ეს ის თემაა, რომელსაც ვერავინ, როგორადაც არ უნდა ეცადოს, გვერდს ვერ აუქცევს.
ეს თემა აუცილებლად შემოვა, რადგან ეს დღევანდელი ადამიანის ძალიან დიდი ტკივილია. განსაკუთრებით იმ ადამიანის, რომელმაც იცის რა არის საბჭოთა კავშირი და რომელმაც იცის, რა არის ზოგადი სუბიექტის როლში არსებობა. ცხოვრობდე ისე, როგორც სხვები ცხოვრობენ, აკეთებდე ისე, როგორც სხვები აკეთებენ და ოდნავი გადახრა, ოდნავი დევიაცია აქედან არის დიდი რისკი, რომლითაც ფაქტობრივად შეიძლება საკუთარი თავი წააგო, ისე, როგორც ლორამ.
- თქვენი რომანის გმირის რეაქცია შანტაჟსა და უკანონო მიყურადებაზე, შეიძლება განაზოგადოს და ერთგვარ რეკომენდაციად მიიღოს მკითხველმა, როგორ უნდა დაუპირისპირდე სისტემას?
არ ვიცი რამდენად შეიძლება იყოს ეს რეკომენდაცია…
ლორამ, რომელმაც რთული ცხოვრება გამოიარა, ძალიან კარგად იცის, როგორია სასტიკი ადამიანი, მაგრამ ის არის შოკში და არის გაოცებული. ეს ნამდვილად მინდოდა, შოკის და გაოცების განცდა გასჩენოდა მკითხველს.
გაუჩნდეს შეიძლება იმ ადამიანსაც, რომელიც სხვას აყურადებს. ამის იქით მე მგონი აღარაფერი აღარ არსებობს.
ეს სუნთქვის შემკრავი გაოცებაა, რომ მეორე ადამიანს ეს შეუძლია გაგიკეთოს. ზოგჯერ ახსნა აქვს იმას, ერთი ადამიანი მეორეს როგორ კლავს. ეს ახსნადია. ახსნა და გაგება სხვაა.
ფარული მიყურადება ძალიან დიდი დრამაა დღევანდელი ადამიანის. ის, ფაქტობრივად, ცხოვრობს სხვა ადამიანის ცხოვრებით. სად კარგავს საკუთარ თავს კაცმა არ იცის და მერე ეს სხვა ადამიანის ცხოვრებაში ასე უნამუსოდ შეჭრილი რასაც აკეთებ, ეს კიდევ სხვა თემაა. იქ შეიძლება მკვლელობაც იყოს, მაგრამ სუნთქვის შემკრავი არის ეს მომენტი, როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანის მიყურადებას იწყებს. ეს არის ის მომენტი, სადაც ჩვენ უნდა გავჩერდეთ და დავფიქრდეთ: რა არის ეს 21-ე საუკუნეში, თანამედროვე სამყაროში, როგორი ტრაგედიაა ადამიანის, ჩვენი ყოფის.
- წიგნის „La porta segreta“ მეორე ნაწილი ხსნის პირველი ნაწილის საიდუმლოს. აჩვენებს უმცირესობების ჩაგვრას. ასევე აჩვენებს სოციუმს, რა გარემოში უწევთ ამ ადამიანებს გადარჩენა. პროტოტიპი თუ ჰყავს გმირს?
ერთადერთი, ვისაც შეიძლება ჰყავდეს პროტოტიპი, ეს არის ვიოლა – ბებია. მაგრამ ეს არ არის ერთი ადამიანის სახე. ბევრი ვიღაცისგანაა აღებული. ვიოლა კრებითია. ერთ-ერთი ხაზი არის დედაჩემის. მეორე არის ბებიაჩემის. რაც შეეხება სხვა პერსონაჟებს, პროტოტიპები არ მყავს. ალბათ რომ დავფიქრდე და გავაცნობიერო, შეიძლება ვიპოვო მათი პრიორიტეტი.
- უარყოფა – როცა ისეთს არ გიღებენ, როგორიც ხარ, არ გიღებს ის ადამიანი, ვინც განსაკუთრებულად გიყვარს. ალბათ ყველა ლგბტქ+ ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადის ამ გზას. რა იყო თქვენი გზავნილი საზოგადოებისადმი, ამ თემის წამოწევით?
გამიჭირდება ვთქვა, რისი თქმა მინდა. მინდა, რომ იგრძნონ. მანდ არის ერთი ასეთი მომენტი – წარმოიდგინეთ, როგორი სასტიკია ბავშვისთვის სამყარო, როდესაც ყველაზე სასტიკი ადამიანი მისთვის არის მშობელი.
აი, ამ პრიზმიდან მინდა შეხედონ. ბევრი ბმაა დედა-შვილობის, მშობლების და შვილების, ზოგადად აი, ამ ურთიერთობებზე.
მთავარი გზავნილი მაინც ეს არის – როგორი სასტიკია ბავშვისთვის სამყარო, როდესაც მისთვის მშობელი ხდება ყველაზე საშიში ადამიანი.
- თქვენ რომანს იმ თემების მიხედვით თუ შევაფასებთ, რომელსაც ეხებით, ერთი დიდი მძაფრი კრიტიკაა ჩვენი საზოგადოების, ყოფის, ტრადიციების. არსებული ნორმების და შეხედულებების წინააღმდეგ პროტესტია. ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი როგორ შეხვდება ამ წიგნს?
შეიძლება ითქვას, რომ მე მათთვის დავწერე ეს წიგნი. როდესაც რაღაცას წერ, ვიღაცას უძღვნი ხომ. შეიძლება ბევრ ადამიანს უგზავნიდე სათქმელს შეფარვით – ყველაზე ახლობელ ადამიანს, მეგობარს, ბევრ ვინმეს. მაგრამ ყველაზე მეტად სხვებზე მეფიქრებოდა.
რა გვინდა ბოლოს და ბოლოს ადამიანებს ამ სამყაროში? ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ. ყოფნაზეა ლაპარაკი. ეს ყოფნა, ვინ უნდა განსაზღვროს. მე რომ ვიყო, ეს ვინ უნდა განსაზღვროს. ეს ვისი გადასაწყვეტია. ყველაზე დიდი დრამა ადამიანის არის ის, რომ დაკარგოს თავისი ნამდვილი, ჭეშმარიტი მე და არ იყოს ის, ვინც არის. ამიტომ აქ კონსერვატორობა არაკონსერვატორობაზეც არ არის საუბარი. აქ სხვა დეფიციტზეა.
საიდანაც იწყება ყველაფერი, რატომ ვაძლევთ ჩვენს თავს ამის უფლებას, რომ ვიღაცას ვატკინოთ?
- ფსიქოლოგი ხართ, მრავალწლიანი პრაქტიკა გაქვთ. ხომ არ იყო რომელიმე ისტორია წიგნში თქვენი პრაქტიკიდან?
არა, ეს არის კარგად ნაფიქრი გადაწყვეტილება.
ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ადამიანს, ვინც ჩემთან მოდის კონსულტაციაზე, მისი ისტორია ვთხოვო დასაწერად. მე ხომ არ ვიცი მერე ეს ადამიანი, წლები რომ გავა, ამ ისტორიას, აქ წაკითხულს, როგორ შეხედავს? ტკივილს გაუღვიძებს, ჭრილობას გაუხსნის თუ რას უზამს. არ შემიძლია ეს გავუკეთო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის არიან ძალიან ძვირფასები.
ეს ადამიანები ხარშავენ თავიანთ ისტორიას, ბევრს ფიქრობენ. ივიწყებენ და მერე წლების შემდეგ ეს ისტორია წიგნში რომ გაუცოცხლდეთ, არ არის სწორი. ასეთი დამოკიდებულება ვერ მექნებოდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ.