მთავარი,სიახლეები

რუსეთს უკრაინაში დაზიანებული ტექნიკის შეკეთების პრობლემა აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

25.07.2022 • 5456
რუსეთს უკრაინაში დაზიანებული ტექნიკის შეკეთების პრობლემა აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ინფორმაციით, რუსეთი უკრაინასთან ომში, არამხოლოდ პირადი შემადგენლობის ნაკლებობას, არამედ უკვე ტექნიკის შეკეთების პრობლემებსაც განიცდის.

18 ივლისს, უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში, ბარვინოკთან, რუსეთის ბელგოროდის ოლქში, დაზვერვამ რუსული სამხედრო ტექნიკის სარემონტო ბაზა აღმოაჩინა.

„ადგილზე იყო სულ მცირე 300 ერთეული დაზიანებული ტექნიკა, მათ შორის საბრძოლო ტანკები, ჯავშანმანქანები და სატვირთო ტრანსპორტი. ცოცხალი ძალის ნაკლებობასთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინაში დაზიანებული ათასობით საბრძოლო მანქანის გატანისა და შეკეთების პრობლემის წინაშეც დგას,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 25 ივლისის რელიზში.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის საბრძოლო მანქანებიდან უკრაინაში განადგურებულია 1700-ზე მეტი ტანკი, 4 000-მდე ჯავშანმანქანა და 3 000-მდე სატვირთო ტრანსპორტი და საწვავის ავზი.

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უშედეგო ბრძოლები გრძელდება დონბასსა და ხერსონის სექტორში. რუსეთის სარდლობა კვლავაც არჩევანის წინაშეა: უზრუნველყოს შეტევა აღმოსავლეთით, თუ გააძლიეროს თავდაცვა დასავლეთით.

გუშინდელ სადაზვერვო ცნობარში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა აღნიშნავდა, რომ რუსეთის არმია კვლავაც ბახმუტის მიმართულებაზეა კონცენტრირებული, თუმცა უმნიშვნელო პროგრესს აღწევს.

მთავარი ფოტო: Anadolu Agency

გადაბეჭდვის წესი


ასევე: