15 წლის ქეთევან ხიზანიშვილი ისტორიის კონკურსის – „30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან“, გამარჯვებულია. მან პირველი ადგილი აიღო თემისთვის „მოჯადოებული წრე“, სადაც საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაში არსებულ სკოლაზე გვიყვება. ქეთევანი სკოლა „ათასწლეულის“ მეათეკლასელია.
- ქეთევან, სანამ ამ პროექტში ჩაერთვებოდით, რა იცოდით საბჭოთა წარსულის შესახებ და როდის დაინტერესდით ამ თემით?
საბჭოთა წარსულის შესახებ მესმოდა სკოლაში, სასწავლო მასალებიდან, ასევე ოჯახის წევრები მელაპარაკებოდნენ იმ პერიოდზე, რადგან ბაბუაჩემი იმ პერიოდის სკოლაში ასწავლიდა და მიყვებოდა ამბებს მაშინდელი სკოლის და სისტემის შესახებ.
მხვდებოდნენ ადამიანები, ვისაც ნოსტალგია ჰქონდა ამ პერიოდის, ისეთებიც, ვინც აკრიტიკებდა ამ რეჟიმს და ბუნებრივია, ინტერესი მქონდა.
ბევრი კითხვა მიჩნდებოდა, ამიტომ ვცდილობდი მე თვითონ მომეძიებინა, წამეკითხა, რომ არ მოვქცეულიყავი სხვისი გავლენის ქვეშ და ჩემი ინდივიდუალური ხედვა მქონოდა ამ ყველაფერზე.
- რა გაიგეთ, რა წაიკითხეთ, ვისი ისტორიებით დაიწყეთ ამ რეჟიმის შესწავლა და რა შთაბეჭდილება მოახდინა ამან?
უფრო ხშირად იმ ადამიანებთან საუბარს ვცდილობდი, ვისაც უშუალოდ ჰქონდათ განცდილი ამ რეჟიმის სისასტიკე. შემდეგ წიგნები, ინტერნეტრესურსები და ა.შ.
ბებია და ბაბუა მიყვებოდნენ მათ ცხოვრებაზე, იმ დროინდელ სკოლაზე: ბაფთები რომ უნდა ჰქონოდა თმაზე აუცილებლად, მუდამ ერთი უნიფორმა ეცვათ, სკოლაში როგორ იღებდნენ მასწავლებლები და დირექტორი ქრთამებს ე.წ. საჩუქრების სახით…
მაგალითად, ბაბუაჩემი გვიყვებოდა, სკოლის ერთი მაღაზია იყო და ყველა ბავშვი აქ ყიდულობდა საჩუქარსო, ამიტომ ყველას ერთნაირი საჩუქარი მიჰქონდაო. შემდეგ კი ეს მასწავლებლები ისევ უკან აბრუნებდნენ ამ საჩუქრებს მაღაზიაში, ნაკლებ ფასადო.
მიყვებოდნენ უფრო სევდიან ამბებსაც. მაგალითად, ბებია ძალიან კარგად სწავლობდა სკოლაში და ოქროს მედალი უნდა აეღო, წესით, მაგრამ მის გარდა კიდევ ერთი მოსწავლეც გადიოდა მედალზე, თუმცა, მედალი მხოლოდ ერთისთვის უნდა მიეცათ. ამიტომ არცერთს აღარ გადასცეს.
- საბჭოთა რეჟიმმმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. თქვენზე ვისმა ისტორიამ მოახდინა გავლენა?
მე ძალიან მიყვარს პოეზია, ამიტომ პაოლო იაშვილის, ტიციანის ტრაგიკული ისტორიები ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. საბჭოთა რეჟიმის ზეწოლის გამო მოიკლა თავი პაოლო იაშვილმა, როცა მისი შემოქმედება დააცენზურეს, რადგან ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა იდეოლოგიას. ივანე ჯავახიშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც არ შეუშინდა რეჟიმს და პაოლოს უცხადებდა სოლიდარობას, რის გამოც ისიც მიუღებელი იყო რეჟიმისთვის.
რეპრესიის მსხვერპლი გახდა ტიციანიც, რომელიც ასევე ჩემი საყვარელი პოეტია. მისმა თავისუფალმა აზროვნებამ, ხასიათმა ვერ იგუა სისტემა და როცა გადასახლებაში გადაჰყავდათ მატარებლით, ერთ-ერთმა ჟანდარმმა ფეხი კრა და გადააგდო ლიანდაგებზე.
ძნელია იმის ყურება, თუ როგორ ეწირება ადამიანი საკუთარი აზრის ქონას და გამოხატვას.
ახლა ვაცნობიერებ, რამხელა ტერორში ცხოვრობდნენ ადამიანები, ამიტომ, როცა მესმის, რომ ვიღაც მისტირის იმ რეჟიმს, ვცდილობ მათაც გავუგო, რადგან ასე მგონია, გადარჩენის ინსტინქტი იყო, ან პროპაგანდის ძლიერი გავლენა, რაც არ არის გააზრებული ბოლომდე იმ თაობის გარკვეულ ნაწილში.
ასეთ დროს, მე ვცდილობ მათ იმ ადამიანების შესახებ მოვუყვე, რომლებიც საბჭოთა რეჟიმმა იმსხვერპლა და ბევრმა არც კი იცის ამ ისტორიების შესახებ.
- თბილისში არის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც იმ ვაგონის ფრაგმენტიცაა, რომლითაც რეპრესირებული ადამიანები მიჰყავდათ გადასახლებაში. ტყვიებით დაცხრილული ვაგონი. ხომ არ გინახავთ?
კი, ნამყოფი ვარ ამ მუზეუმში და ამ ადამიანების გარდა იმათზეც ვფიქრობ, ვინც ამ ვაგონებში გამომწყვდეულ ხალხს ხვრეტდა. ალბათ ისინიც რეჟიმის მსხვერპლები იყვნენ და შემზარავია, როცა უდანაშაულო ადამიანები ასეთი ტერორის ქვეშ ცხოვრობდნენ.
- სკოლაში როგორ გასწავლიან საბჭოთა რეჟიმის ისტორიას, რამდენად კარგად არიან თქვენი თაობის ახალგაზრდები ინფორმირებული?
ჩემს სკოლაში დიდი დრო დავუთმეთ ამ თემების განხილვას და ბავშვების მხრიდანაც იყო ინტერესი. რადგან ვართ პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყანა, მუდმივად გვესმის ამ რეჟიმის შესახებ და ზოგჯერ ძალია ძნელია გაარჩიო, რა არის მითი და რა – რეალობა.
სკოლაში სიღრმისეულად გავიარეთ ეს ყველაფერი და ვფიქრობ, საინტერესოდ, საბჭოთა სკოლის გადმონაშთები ახლანდელ სკოლაშიც იგრძნობა ხოლმე, რადგან დღემდე შემორჩენილი არიან იმ ეპოქის პედაგოგები, რომლებმა საბჭოთა სისტემა გამოიარეს.
- რაში გამოიხატება სკოლაში საბჭოთა სისტემის გავლენა?
საჯარო სკოლებში უფრო იგრძნობა ეს, რადგან ადრე საჯარო სკოლაში დავდიოდი და ყველაზე მეტად რაშიც ვამჩნევ ამ სისტემის გავლენას, არის ის, რომ ადვილად ვერ იღებენ ბავშვის თავისუფალ აზრს. ნაკლებად მქონდა შემოქმედებითი თავისუფლება და მოტივაციაც, შესაბამისად, ნაკლები იყო.
სწავლის მეთოდები და მასწავლებლების მენტალობაც ბევრად უფრო ვიწრო, ჩაკეტილია, ვიდრე ბავშვების. მაგალითად, წერაც მაშინ შევიყვარე, როცა გამოვიცვალე სკოლა, რადგან საჯარო სკოლებში დღემდე ძალიან ჭირს აზრის თავისუფლად გამოხატვა.
მხოლოდ შემდეგ გავიაზრე, რომ ჩემი აზრი არის ჩემი და არ უნდა მრცხვენოდეს მისი გამოხატვის და არც კრიტიკის მიღების, თუ ეს კრიტიკა ჯანსაღია.
ხშირად მასწავლებლებს არ აქვს მიმღებლობა იმაზე, რომ რაღაც საკითხში შეიძლება ბავშვს უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს, ვიდრე მას. ცივი დამოკიდებულებაა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, არადა მეტი გახსნილობაა საჭირო მასწავლებლის მხრიდან და მეგობრული გარემო, რომ მოტივაცია ჰქონდეს მოსწავლეს.
- საბჭოთა ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო სტალინი, ხომ? როგორ გასწავლიან მის შესახებ სკოლაში და თუ დაემთხვა ეს წარმოდგენები იმას, რაც შემდეგ აღმოაჩინე, ისწავლე?
მე ვფიქრობ, რომ სკოლაში ჯერ ფაქტები უნდა შეასწავლო ბავშვებს და შემდეგ უნდა მოხდეს ამ ფაქტების ანალიზი და მე როგორც მოსწავლეს, აუცილებლად უნდა მქონდეს ჩემი პოზიციის დაცვის საშუალება.
მე და ჩემი კლასელები ვთანხმდებით იმაზე, რომ სტალინი ყველანაირად ნეგატიური ფიგურა იყო ჩვენს ისტორიაში, რადგან პირველ რიგში იყო ტირანი და საკუთარ მოსახლეობას ექცეოდა სასტიკად. ახშობდა ყველანაირ თავისუფლებას, განსხვავებულ აზრს და ვერანაირად ვერ იქნებოდა პოზიტიური ფიგურა, რომელსაც ამდენი ადამიანის მკვლელობა, გენოციდი უკავშირდება.
- როდესაც დღეს ადამიანების გარკვეული ჯგუფი ცდილობს გაყიდოს სტალინი, როგორც ტურისტული პროდუქტი [ბიუსტები, სუვენირები და ა.შ.], რამდენად მისაღებია ეს თქვენთვის?
ინფორმირებულობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ სკოლამ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ პერიოდის სიღრმისეულ შესწავლას. საჭიროა ღია დისკუსია ახალ თაობაშიც, რადგან ისიც გამიგია – „სტალინი პატრიოტი ქართველი იყოო“. როგორ იყო პატრიოტი ან სტალინი და ან ბერია? როდესაც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველო დასუსტებულიყო. კლავდნენ ამდენ ღირსეულ ადამიანს.
მე ვფიქრობ, რომ ისინი არანაირად არ იყვნენ პატრიოტები და მგონია, რომ ადამიანები, ვინც დღემდე ამაზე საუბრობს, რუსული პროპაგანდის ან იმ გარემოს მსხვერპლები არიან, სადაც აღიზარდნენ.
სტალინი არ ყოფილა ქართველი, ის იყო საბჭოთა ბელადი და მხოლოდ გვარი ჰქონდა ქართული, სხვა მის იდენტობაში ქართული არაფერშია.
- დღესაც ძალიან ძლიერია რუსული პროპაგანდა და რუსეთი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მემკვიდრეა, ისევ ცდილობს თავის სივრცეში საქართველოს მოქცევას. როგორ ფიქრობ, თქვენმა თაობამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო ევროპული სივრცის ნაწილად დარჩეს?
მე ვფიქრობ, ჩვენი თაობის პასუხისმგებლობაცაა ის, რომ როგორც თაობამ, ერთად გავიაზროთ ევროპული ღირებულებების მნიშვნელობა, რადგან ეს გულისხმობს პიროვნების თავისუფლებას, აზრის და გამოხატვის თავისუფლებას, უკეთეს ეკონიმიკურ გარემოს და ადამიანის მიღებას ისეთად, როგორიც ის არის.
იდენტობას თუ რამე გვართმევს, ეს არის რუსეთი. ჩემმა თაობამ უფრო მეტად იცის თავისუფლების ფასი, უფრო მეტად ინფორმირებული ვართ და უფრო სერიოზულად ვუყურებთ ამ ყველაფერს.
- მოდი ახლა თქვენს საკონკურსო თემაზეც ვთქვათ. რა არის ის „მოჯადოებული წრე“, რაზეც დაწერეთ?
მოჯადოებული წრე ჩემს სტატიაში იყო საბჭოთა განათლების სისტემა და ის კორუფციული ვერტიკალი, რომელიც ამ სისტემას ახლდა თან.
როცა ქრთამი ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა ქრთამს, მაგალითად, ჯერ მასწავლებელი იღებდა, შემდეგ დირექტორი, დირექტორს უფრო ზემოთ მიჰქონდა და ასე შემდეგ.
ამ სისტემაზე მიყვებოდნენ ის ადამიანები, ვისაც ამ წრეში უხდებოდა ტრიალი და ხშირად ამ მოჯადოებული გარემოს გამო საკუთარ პრინციპებზეც უხდებოდათ უარის თქმა.
ჩემს „მოჯადოებულ წრეში“ ასევე საუბარია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრობლემაზე სკოლებში, რაც დღემდე გვხვდება ხოლმე თანამედროვე სკოლებშიც.
მოყვანილი მაქვს პატარა პასაჟი ბაბუაჩემის ისტორიიდან, როცა ის ერთ პატარა სოფელში გააგზავნეს მასწავლებლად და ის ამ პატარა, მიყრუებულ სოფელში ბავშვებს კრიტიკულად უყვებოდა საბჭოთა რეჟიმზე, რასაც იმ დროს ყველა უფრთხოდა და ერიდებოდა.
ადამიანები იმდენად მიჩვეული იყვნენ ეცხოვრათ სხვის მიერ გაწერილი ცხოვრებით, ბევრი არც კი უფიქრდებოდა იმას, რომ არ ჰქონდა არჩევანის უფლება.
- ყველაზე მტკივნეულად რა ახსენდება ბაბუას?
ბაბუაჩემი დღემდე ტკივილით იხსენებს იმ დღეს, როცა პიონერხელმძღვანელმა მთელი კლასის წინაშე დააყენა და ბავშვებს ჰკითხა, თუ როგორი ბავშვია და იმსახურებდა თუ არა ის სკოლის ფორმას.
ბაბუა გაჭირვებული ოჯახიდან იყო, მარტოხელა, შშმ დედა ზრდიდა და ბევრი ბრძოლა უწევდა საკუთარი თავის გადასარჩენად, თუმცა კლასის თანდასწრებით ასე გადაცემული ტანსაცმელი მისთვის ღირსების შემლახველი იყო და მეუბნებოდა ხოლმე, ყველაზე დიდი ტკივილი, ღირსების ტკივილიაო.
მეც ვეთანხმები. ჩემს ტექსტშიც ამაზე ვწერ, რომ ჩვენი ახლობელი ადამიანების წარსული ტკივილები ჩვენ, ახალ თაობას წარსულის გააზრების შესაძლებლობას გვაძლევს.