მთავარი,სიახლეები

რუსებმა იციან, რომ მათ „ჰაიმარსებით“ მოვუღებთ ბოლოს – კირილო ბუდანოვი

25.07.2022 • 4440
რუსებმა იციან, რომ მათ „ჰაიმარსებით“ მოვუღებთ ბოლოს – კირილო ბუდანოვი

„რუსების მტკიცების მიუხედავად, ჩვენ არცერთი „ჰაიმარსი“ არ დაგვიკარგავს. თუ ჩვენ მივიღებთ შორსმოქმედ საბრძოლო მასალებს, გამოვიყენებთ კიდეც და რუსებმა იციან, რომ სწორედ ეს იარაღი მოუღებს მათ ბოლოს“, –  უთხრა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა The Washington Post-ს.

კირილო ბუდანოვის თქმით, შედარებით შორსმოქმედი სისტემა, რომელიც უკრაინას „ჰაიმარსებამდე“ ჰქონდა, იყო საბჭოთა „ტოჩკა-უ“, რომლის დარტყმის მაქსიმალური მანძილი 120 კილომეტრია.

ზალპური ცეცხლის ამერიკულმა სისტემებმა რომ უკვე სერიოზული გავლენა მოახდინა ომის მიმდინარეობაზე და რუსეთის ძალების ოპერაციის ტემპები მნიშვნელოვნად შეანელა, ამის შესახებ წერს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტიც, რომელიც NASA-ს მონაცემებს ეყრდნობა.

„რუსეთის არმია იძულებულია, სხვადასხვა ტაქტიკა გამოიყენოს, რათა „ჰაიმარსების“ დარტყმები შეამციროს – მათ შორისაა შენიღბვა და ტექნიკის ხშირი გადაადგილება, რაც ხელს უშლის რუსეთის ძალებს, განახორციელონ ინტენსიური საარტილერიო შეტევები, რასაც მანამდე ძალიან აქტიურად იყენებდნენ უკრაინასთან ომში,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის მკვლევრები.

„ჰაიმარსების“ როლზე უკვე ბევრს საუბრობენ უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები და საერთაშორისო ექსპერტები, რუსეთის თავდაცვის უწყება კი ამერიკული რეაქტიული სისტემების განადგურებას თავის სამხედროებს პრიორიტეტულ ამოცანად უსახავს.

23 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება „ჰაიმარსის“ მსგავსი ზალპური ცეცხლის სულ მცირე 50 რეაქტიული სისტემა.

შეერთებულმა შტატებმა უკვე გადასცა უკრაინას 12 „ჰაიმარსი“ და ამ კვირაში კიდევ 4-ის გადაცემა დააანონსა, თუმცა ცნობილია ისიც, რომ ვაშინგტონი უკრაინას არ გაუგზავნის ATACMS -ის 300 კილომეტრზე მოქმედ რაკეტებს, რომლებსაც „ჰაიმარსის“ სისტემა იყენებს.

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ და მოკავშირეები უკრაინას ჯამში 20 მსგავსი რეაქტიული სისტემის გადაცემას დაჰპირდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: