მთავარი,სიახლეები

„მშენებელმა კომპანიამ საკანალიზაციო სისტემა დაგვიზიანა“ – მოქალაქეები

25.07.2022 • 1399
„მშენებელმა კომპანიამ საკანალიზაციო სისტემა დაგვიზიანა“ –  მოქალაქეები

ბათუმში, შარაშიძის ქუჩის #23-ში, აქვე მცხოვრებთა ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონებთან ახლოს საკანალიზაციო სისტემა ჟონავს. „ადგილზე ისეთი გაუსაძლისი სუნია, იქვე ახლოს მდებარე კორპუსში ფანჯრებს ვერ ვაღებთ. გარდა ამისა, განსაკუთრებული პრობლემაა ის, რომ ბავშვები ატრაქციონებით მაინც სარგებლობენ“, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ დასახლებიდან მოგწერეს.

მოსახლეობამ ამ ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც გადმოგვიგზავნა. ისინი აცხადებენ, რომ ე.წ. შამბო და მასთან დაკავშირებული სისტემა დააზიანა კომპანიამ, რომელიც ქუჩის მოასფალტების სამუშაოებს ასრულებდა. აქ ირწმუნებიან, რომ „მანამდე პრობლემა არ გვქონიაო“.

ამ ინფორმაციას ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში უარყოფენ.

„კომპანიებს არ დაუზიანებიათ, ბათუმის წყალს მიმართეთ“, – გვითხრეს სამმართველოში. შპს „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ პრობლემას შეისწავლიან და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.

მოსახლეობის ინფორმაციით, „ბათუმის წყალმა“ ერთხელ უკვე შეასრულა ამოტუმბვის სამუშაოები, თუმცა ეს პრობლემას მხოლოდ ერთჯერადად აგვარებს: „სისტემა დაზიანებულია, ამოტუმბვა რას გვიშველოს, ისევ იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ყოველ ჯერზე“.

ბათუმი, შარაშიძის ქუჩა

შარაშიძის პირველი და მეორე ქუჩის კეთილმოწყობაზე შპს „ბონდი-2009“-მ იმუშავა, ეზოების მოპირკეთებაზე კი „ნიუ პოვერი“ მუშაობდა.

„ბონდი 2009“ შარაშიძის ქუჩის მოასფალტებაზე გასულ წელს ტენდერში გამარჯვების შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობდა. შესყიდვის ბიუჯეტი 2 მილიონ 663 000  ლარი იყო, თუმცა ხელშეკრულება ტბეთის ქუჩის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებდა. სატენდერო მოთხოვნა იყო ასევე გენერალ ასლან აბაშიძის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე.

„ბონდი -2009“ ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიაა, ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია მისი შვილი ლევან დოლიძე. ამ კომპანიის თანამესაკუთრის, ოთარ ფუტკარაძის შვილი, შოთა ფუტკარაძე კი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. კომპანია ყოველწლიურად სახელმწიფოს სტრუქტურებისგან მილიონობით ლარის ღირებულების დაკვეთას იღებს.

შპს „ნიუპოვერი“ კეთილმოწყობის სამმართველოს დაკვეთით მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს ასრულებს. კომპანიას ამ ეტაპზე 888 888 ლარის ღირებულების დაკვეთა აქვს. კომპანიის ასივე პროცენტი მალხაზ სარჯველაძეს ეკუთვნის.

ამ პრობლემაზე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირების შესახებ მასალას მოგვიანებით ისევ გამოვაქვეყნებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: