მთავარი,სიახლეები

როგორ ცვლის „ჰაიმარსები“ ძალთა ბალანსს უკრაინის ომში

12.07.2022 • 9335
როგორ ცვლის „ჰაიმარსები“ ძალთა ბალანსს უკრაინის ომში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 10-ჯერ მაინც დაარტყეს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობებსა და სხვა ობიექტებს მაკეევკაში, მელიტოპოლში, შახტარსკში, პოპასნაიაში და სხვა დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის, აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილიდან შორს, ოკუპირებულ რაიონებში. ზოგიერთი საწყობი და განადგურებული ობიექტი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 5-დან 75 კილომეტრამდე მანძილით იყო დაშორებული.

ექსპერტები ამ ზუსტ და წარმატებულ დარტყმებს პირდაპირ უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ უკრაინამ, როგორც იქნა, დაიწყო  ამერიკული მობილური სარაკეტო სისტემების მიღება. „ჰაიმარსების“ პირველი პარტია, რომელიც ოთხი ერთეულისგან შედგებოდა, ფრონტზე 23 ივნისს გამოჩნდა, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტით კი კიევი კიდევ ზალპური ცეცხლის ოთხ რეაქტიულ სისტემას მიიღებს და მათი რაოდენობა ბრძოლის ველზე 12 გახდება.

„ჰაიმარსი“ უპირატესობას ფლობს საარტილერიო ბრძოლებშიც. ეს, როგორც ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოჩნდა, უკრაინაში ომის წარმოების მთავარი მეთოდია – შეტევისას, რუსეთის არმია ჯერ ცეცხლით ანადგურებს ყველაფერს, მათ შორის საცხოვრებელ რაიონებსა და ინფრასტრუქტურას და მხოლოდ მერე მიიწევს წინ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტაქტიკისთვის სათანადო პასუხის გაცემა ბოლო მომენტამდე უჭირდა. რუსეთის არმია მათ ბევრად აღემატებოდა არტილერიისა თუ სხვა ტექნიკის რაოდენობით, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ჰაიმარსებსა“ და დასავლური წარმოების მსგავს შეიარაღებას შეუძლია, ომში ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალოს.

„თუკი მიდის ბრძოლა „ჰაიმარსსა“ და რუსულ „სმერჩს“ ან „ურაგანს“ შორის, „ჰაიმარსის“ ერთ გამშვებ დანადგარს „სმერჩების“ მთელი დივიზიონის განადგურება შეუძლია,“ – ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი სერგეი გრაბსკი. – „რადგან ერთი დივიზიონის ხელახლა გადატენას ერთი საათი სჭირდება: მთელი საათი გჭირდება, რომ გადატენო დივიზიონი და ახალი ზალპისთვის მოამზადო, „ჰაიმარსი“ კი ერთ საათში ხუთი ან ექვს ზალპს აკეთებს, თუ მეტს არა“.

„ჰაიმარსის“ ზალპური ცეცხლის სისტემას სამიზნის განადგურება 80 კილომეტრში შეუძლია. რაკეტის მართვა GPS-ით ხდება, რაც სამხედროებს საშუალებას აძლევს, ძალიან ზუსტად დაარტყან სამიზნეს, მათ შორის ღამითაც.

სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ამ სისტემების გამოჩენა რუსულ არმიას სერიოზულ ლოგისტიკურ პრობლემებს შეუქმნის: მათი საბრძოლო მასალების საწყობები ახლა უკრაინული სისტემების სამიზნეა, მასალების ტრანსპორტით გადატანა კი არანაკლებ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

„რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ აქვს წარმოდგენა, როგორ მოიქცეს. რუსები ამისთვის მზად არ იყვნენ. მათ არ შეუძლიათ, დაიცვან საკუთარი საწყობები „ჰაიმარსების“ ან დასავლური წარმოების სხვა სისტემების დარტყმებისგან. საბრძოლო მასალების ავტოტრანსპორტით გადატანა რუსული ლოგისტიკის სუსტი წერტილია, რადგან ავტომობილების რაოდენობაც შეზღუდულია, თუმცა მათი კიდევ უფრო სუსტი წერტილი – გადაწყვეტილების მიღების პროცესის მოუქნელობაა,“ – მიიჩნევს გრაბსკი.

„რუსეთის არმიას წინ ძალიან სევდიანი დრო ელოდება,“ – ეთანხმება კოლეგას კირილ მიხაილოვი, გამომძიებელი ჟურნალისტი Conflict Intelligence Team (CIT)-იდან. – „ჰაიმარსი სამიზნეს ესვრის და გზას გააგრძელებს, რუსებს კი უბრალოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ ასეთ სიტუაციაში. გიგნატურ ფრონტზე, ათობით და ასობით კილომეტრის იქით, უნდა ეძებონ ოთხი პატარა სატვირთო მანქანა“.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ლისიჩანსკის აღებისა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გათავისუფლების“ შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერატიული პაუზა აიღეს. სერგეი გრაბსკის აზრით, ეს პაუზა შესაძლოა, პირდაპირ არ უკავშირდებოდეს ფრონტზე „ჰაიმარსების“ გამოჩენას.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის არმიის ზოგიერთი დანაყოფი ბრძოლის ველიდან რამდენიმე თვეა არ გამოუყვანიათ. ძალიან რთულია, ამ ხალხს რამე მოსთხოვო. მათი ახალი შემადგენლობით ჩანაცვლება რუსეთს ჯერჯერობით არ შეუძლია. ცხადია, ჯერ კიდევ არის წარმოდგენა, რომ მუშაობს გარკვეული ინერციაც და რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა, მაგრამ როგორც კი რამდენიმე თავდასხმა კიდევ იქნება მათ ობიექტებზე, აი, მაშინ ნამდვილად იგრძნობენ დეფიციტს. არათუ დეფიციტს, არამედ მასალებისა და საწვავის სერიოზულ ნაკლებობას,“ – ამბობს გრაბსკი.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საბრძოლო მოქმედებებზე ასევე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ფრანგულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებსაც. ფრანგული მედიის ცნობით, უკრაინის არმიას ამჟამად უკვე აქვს 18 ჰაუბიცა, რომლებიც 50 კილომეტრზე ისვრის.

უკრაინამ უკვე მიიღო პოლონური „კრაბებიც“. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინის არმია მათ უკვე წარმატებით იყენებს ბრძოლის წინა ხაზზე. უკრაინული მედიის ცნობით,  უკრაინის არმიას ორი ათეული „კრაბი“ აქვს.  

წყარო: Настоящее время

გადაბეჭდვის წესი


ასევე: