განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მე-15 სკოლას ახალ კორპუსს მიაშენებენ – ბიუჯეტიდან 2,9 მილიონია გამოყოფილი

06.05.2021 • 2568
ბათუმის მე-15 სკოლას ახალ კორპუსს მიაშენებენ – ბიუჯეტიდან 2,9 მილიონია გამოყოფილი

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის არსებულ შენობაზე მიშენება-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 986 577 ლარია.

სკოლის შენობა ბათუმში, გორგასლისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მდებარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელდება არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია და მასზე მიშენდება ახალი, 3-სართულიანი კორპუსი. რეკონსტრუქციის შემდეგ სკოლას დაემატება 12 საკლასო ოთახი, სპორტული და სააქტო დარბაზები, მოეწყობა ლიფტი და პანდუსი. შენობა ადაპტირებული იქნება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალ კორპუსში 700-ზე მეტი მოსწავლე ისწავლის ორ ცვლაში.

ახალი კორპუსი და სპორტდარბაზი ძირითადად კერამიკული აგურის ფილებით მოპირკეთდება, დანარჩენი ნაწილი და ძირითადი შენობა კი – დეკორატიული ფაქტურიანი ფითხით.

სატენდერო პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 24 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

მე-15 სკოლა – პროექტი

„საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით მშენებლობის ვადაა 18 თვე. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოების წარმოების პარალელურად, ძირითად კორპუსში გაგრძელდება სასწავლო პროცესი, გაზრდილია მოწოდების ვადა 24 თვემდე. ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები (მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით), ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები და სასწავლო პროცესი,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 23 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება.

ამონარიდი პროექტიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: