CNN-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რუსების მიერ უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ერთ-ერთი გადამზიდი გემი – „მატროსი პოზინიჩი“ სირიის ქალაქ ლატაკიაში შევიდა. როგორც გამოცემა წერს, ეს ამ გემის მეორე მოგზაურობაა ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში. ერთჯერადად გემს დაახლოებით 30 000 მეტრული ტონის ტვირთის გადატანა შეუძლია.
„მატროსი პოზინიჩი“ 19 მაისს ყირიმში, სევასტოპოლის პორტში, ხორბლით დატვირთვისას Maxar Technologies-ის სატელიტურ სურათებზე დაფიქსირდა. როგორც CNN-ი წერს, ფოტოებზე ჩანდა, თუ როგორ იტვირთებოდა იგი, სავარაუდოდ, რუსების მიერ უკრაინაში მოპარული ხორბლით. ამჯერად, გამოცემა წერს, რომ „მატროსი პოზინიჩის“ ლატიკიის პორტში ყოფნის ამსახველი ახალი სატელიტური სურათები 27 მაისით თარიღდება.
გარდა ამ გემისა, სევასტოპოლის პორტში ასევე დაფიქსირდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი მეორე გადამზიდი ხომალდი „მატროსი კოშკა“. ამ დროისთვის მის მდებარეობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ რუსებმა უკრაინიდან 400 000 ტონა ხორბალი მოიპარეს და გაიტანეს.
რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებს, რომელთა მეშვეობითაც უკრაინული ხორბალი შავი ზღვის გავლით გადის ექსპორტზე. უკრაინა ხორბლის მეხუთე, ხოლო სიმინდის მეოთხე – უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთსა და უკრაინიდან გადატანილი ხორბალი კი, გლობალური ბაზრის 30%-ს შეადგენდა ომამდე.
აღნიშნული გარემოებები უკვე გახდა სურსათის გლობალური კრიზისის შიშის საფუძველი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
ტანკი – 1 349 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 3 282 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 643 ერთეული [+12]
MLRS – 205 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 207 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 174 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 507 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 118 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 258 ერთეული [+18]
სპეცტექნიკა – 48 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
183 თვითმფრინავი
128 ვერტმფრენი
1 064 უპილოტო საფრენი აპარატი
325 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 323 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
451 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 731 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 294 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„პუტინი ვერ გაიმარჯვებს,“ – ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინელებს, უკრაინის მხარდასაჭერად გამართული მეორე საერთაშორისო საქველმოქმედო სატელევიზიო მარათონის დასაწყისში.
გერმანიის კანცლერის ინგლისურენოვანი ვიდეომიმართვა პირდაპირ ეთერში გადაიცა სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიით და მისი მოსმენა შეეძლოთ ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან შეკრებილ ადამიანებს. აქ სპეციალურად დამონტაჟებული სცენიდან მონიტორებიდან, არაერთი უკრაინელი შემსრულებელი ადგილზე და კიევიდან პირდაპირი ჩართვის ფორმატით ასრულებენ სიმღერებს.
გერმანიის კანცლერმა უკრაინელებს გვერდში დგომა აღუთქვა და თქვა, რომ „ჩვენ, როგორც ევროპელი დები და ძმები, ერთად ვდგავართ უკრაინის, თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ღირსებისთვის“.
„სალამი კიევს! სალამი უკრაინას! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. დღეს, ისევე როგორც ყოველ დღე მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა თქვენს ქვეყანას, ჩვენი გულები და ფიქრები თქვენთანაა.
ვუერთდებით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს მიმდინარე ფინანსურ მხარდაჭერაში, რათა არ დავუშვათ უკრაინის ეკონომიკის ჩამოშლა. ჩვენ ვუგზავნით იარაღს უკრაინას, რითაც ვარღვევთ საომარ ზონაში იარაღის არმიწოდების გერმანიის დიდხნიან ტრადიციას. თითქმის 800 ათასმა უკრაინელმა იპოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათ ხელგაშლილი ვეგებებით.
ჩვენ უკვე ვადგენთ გეგმას უკრაინის აღსადგენად მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება, რადგან ეს ომი დასრულდება! პრეზიდენტმა ზელენსკიმ 8 მაისს თქვა: „უკრაინული მზე დაასრულებს ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო“. პუტინი ვერ გაიმარჯვებს!
ჩვენ გვახსოვს ისინი, ვინც რუსეთის აგრესიის გამო დაკარგა სიცოცხლე. ჩვენ ვფიქრობთ მათზე, ვინც დაშავდა, ვინც სახლი დაკარგა, ვინც რუსული ბომბების, რაკეტებისა და ტანკების ყოველდღიურ შიშში ცხოვრობს და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც მამაცად იბრძვის უკრაინისთვის ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ.
ჩვენ, როგორც ევროპელი დები და ძმები, ერთად ვდგავართ უკრაინისთვის, თავისუფლებისთვის, კანონის უზენაესობისა და ღირსებისათვის,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ღონისძიებაზე გაჟღერდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების ვიდეომიმართვებიც, მათ შორის, კიევის დღე მიულოცა უკრაინელებს და გამარჯვება უსურვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც. მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას.
დღეს, 29 მაისს, როდესაც უკრაინაში კიევის დღე აღინიშნება, უკრაინის მხარდასაჭერად მეორე საერთაშორისო საქველმოქმედო სატელევიზიო მარათონი და კონცერტი – „გადაარჩინე უკრაინა – #შეაჩერეომი/ Save Ukraine — #StopWar “იმართება. ღონისძიება ერთდროულად მიმდინარეობს გერმანიისა და უკრაინის დედაქალაქებში და მიზნად ისახავს ფულის შეგროვებას სამედიცინო აღჭურვილობისათვის, რომელიც გადაეცემა კლინიკებს, საავადმყოფოებსა და დაწესებულებებს, სადაც ომში დაჭრილებსა და დაშავებულებს მკურნალობენ.
საქველმოქმედო კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიითა და სოციალური ქსელებით, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობას შეუძლია თვალი ადევნოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მეშვეობით.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ეხმაურება აფრიკასა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან შედარებით უკრაინისთვის უფრო დიდი საერთაშორისო ყურადღების დათმობაზე დისკუსიას. პოდოლიაკის თქმით, ეს რუსული გავლენის აგენტების მიერ წახალისებული ნარატივია.
მიხაილო პოდოლიაკის განმარტებით, რუსეთის ფედერაციის შეჩერება ყველა ცივილური ქვეყნის მისიაა, რადგან რუსეთისთვის გამარჯვების უფლების მიცემა კაცობრიობას შუა საუკუნეებში დააბრუნებს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი წერს, რომ მსგავს შემთხვევაში „ნებისმიერ ავტოკრატს შეეძლება ომების წამოწყება, ქვეყნების დაპყრობა და ერების განადგურება“.
„რატომ უთმობს მსოფლიო უკრაინას მეტ ყურადღებას, ვიდრე აფრიკას ან აღმოსავლეთს?“ – მსგავსი ნარატივი რუსული გავლენის აგენტების მიერაა წახალისებული. მხოლოდ რუს ბარბაროსებს შეუძლიათ სასწორის პინაზე აწონონ ტრაგედიები. ომი უკრაინაში არ არის ლოკალური კონფლიქტი, არამედ იმას განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება ხვალინდელი მსოფლიო.
რუსეთისთვის გამარჯვების უფლების მიცემა, ნიშნავს პანდორას ყუთის გახსნასა და კაცობრიობის უკან – შუა საუკუნეებში დაბრუნებას. ნებისმიერ ავტოკრატს შეეძლება წამოიწყოს ტერიტორიული კონფლიქტი, დაიპყროს ქვეყნები და გაანადგუროს ერები. რუსეთის ფედერაციის შეჩერება ყველა ცივილური ქვეყნის მისიაა. დრო კიდევ არის, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ,“ – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.
Якщо дозволити 🇷🇺 перемогти, це відкриє скриньку Пандори й відкине людство у темні віки. Кожен лицемірний автократ зможе провокувати територіальні конфлікти, захоплювати країни, нищити народи. Зупинити 🇷🇺 – спільна місія цивілізованих країн. Час ще є, але час поквапитися. (2/2)
ხინოს ნაეკლესიარს, რომლის კონსერვაციაშიც სამი წლის წინ ბიუჯეტიდან 100 ათასამდე ლარი დაიხარჯა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციას დააშენებენ. ნანგრევებზე, ფაქტობრივად, ახალი ეკლესიის დაშენებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ამჯერად 750 ათასი ლარი დაიხარჯება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოწმინდაში შემორჩენილი ეს ნაეკლესიარი არქეოლოგიური ძეგლია.
ერთია ძეგლის კონსერვაცია და მეორე ის, რომ სპეციალისტები გადაჭრით დღემდე ვერ ადგენენ, თუ როგორი იყო თავის დროზე ეს ეკლესია არქიტექტურულად. მიუხედავად ამისა, მისი „აღდგენა“ მაინც გადაწყდა. ახალი ნაგებობა კი, დარბაზული ტიპის იქნება.
„ხინოს მამათა მონასტრის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე (აღდგენა)“ ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა. პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2023 წლის პირველ დეკემბრამდე.
ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ნაეკლესიარზე ახალ კონსტრუქციას დააშენებენ.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, ბიუჯეტით ახალი საკულტო ნაგებობის აშენების უფლება არ აქვს; ამიტომ, ხინოს შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ახალი მშენებლობა შეიფუთა, როგორც ეკლესიის „რეაბილიტაცია [აღდგენა]“. ანუ სახელმწიფო ეკლესიას ახალ ნაგებობას უშენებს. აქ ნიშანდობლივი ისაა, რომ ასეთი ახალი მშენებლობებით, ფაქტობრივად, ძეგლებს ვკარგავთ.
„ხინოს ნაეკლესიარი მე-8-მე-9 საუკუნეებით თარიღდება. გასული საუკუნის ბოლოს იქ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, გამოვლინდა მისი გეგმარება საძირკვლის დონეზე, თუმცა ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ როგორი იყო ეს ეკლესია, როგორ იყო გადახურული. ანუ, არ ვიცით როგორი იყო და ამჟამად მისი აღდგენა ხდება ვარაუდით. ფაქტია, რომ ძველი ნაეკლესიარის ნანგრევებზე შენდება სრულიად ახალი, თანამედროვე ეკლესია, რაც სრულიად მიუღებელია არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის საერთაშორისო პრინციპების მიხედვით, რადგან შედეგად ვიღებთ სრულიად ახალ ნაგებობას, რომელიც აღარ იმსახურებს ძეგლის სტატუსს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ არქეოლოგი ნინო ინაიშვილი.
მისივე თქმით, კარგია, როცა სამონასტრო ცხოვრების აღორძინება ხდება ხინოში, რომელიც თავის დროზე საეპისკოპოსო კათედრა იყო, მაგრამ აქ სიძველის შენარჩუნებაც შეიძლებოდა:
„არქეოლოგიურ ძეგლებთან მიმართებაში გამოიყენება მხოლოდ კონსერვაციის პრინციპი, რადგან მას მეცნიერული ღირებულება გააჩნია და იგი არ შეიძლება იყოს გაყალბებული. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არქეოლოგიური ძეგლების შენარჩუნება ნანგრევების სახით, ამდენად ტერმინი რეაბილიტაცია აქ სრულიად მიუღებელია, ხოლო ეკლესიას შეეძლო იქვე მოშორებით ახალი სხვა ნაგებობა აეშენებინა და ეს დაეტოვებინა, როგორც ისტორიული ნაშთი…“
ხინოს მონასტრის „აღდგენა“ – ნახატები პროექტიდან
კონსერვაციიდან – „აღდგენამდე“
ხინოს ნაეკლესიარის კონსერვაცია 2017 წელს გადაწყდა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ძეგლის კონსერვაციამდეც აცხადებდა, რომ იმ დროისთვის ეკლესიის სრულ, ანდა ნაწილობრივ აღდგენაზე საუბარი შეუძლებელი იყო:
„არსებობს ისტორიული ცნობა იმის შესახებაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც იყო მცდელობა ტაძრის ქვების სამშენებლო მასალად გამოყენებისა, რის გამოც ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზე აღარ არის. ხოლო დარჩენილი ქვების ნაწილი, როგორც აღმოჩნდა, არქეოლოგიური გათხრების დროს, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებისას, გატანილი იყო ძეგლის ტერიტორიიდან და ამჟამად ხინოს წყლის ხევის ნაპირასაა გაფენილი. რამდენიმე ქვა დაცულია მუზეუმში. ასეთმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკლესიის დაკარგული არქიტექტურული ელემენტების მოძიება და მათი ფორმისა და მდებარეობის დადგენა, რის გარეშეც ეკლესიის სრულ ანდა ნაწილობრივ აღდგენაზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია“.
2017 წელს წელს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხინოწმინდის ეკლესიის კონსერვაცია დაიწყო. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 99 ათასი ლარი გამოიყო.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოს გადაერქვა სახელი და ეწოდა ხინოწმინდა“.
სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს ხინოწმინდის იოვანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარის, ევდემოზის წერილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისადმი, რომელიც მთავრობის კანცელარიას 2020 წლის ივნისში ჩაბარდა.
ამ წერილში მონასტრის წინამძღვარი აღნიშნავს, რომ „ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაისახა ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის აღორძინების გეგმა“. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს დაფინანსებით მოხდა ტაძრის კონსერვაცია, თუმცა „ორი წლის წინ რესტავრირებული შენობა-ნაგებობა“ უკვე იშლება:
ხინოწმინდის მონასტრის წინამძღვრის წერილი თორნიკე რიჟვაძეს
როგორც ამ წერილიდან ირკვევა, ეკლესიას ხინოწმინდის მონასტრის აღდგენის სურვილი სულ ცოტა 2007 წლიდან აქვს. შესაბამისი პროექტი კი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში 2011 წელს წარუდგენიათ.
სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი ევდემოზი, ამავე წერილით, თორნიკე რიჟვაძეს სთხოვს შუამდგომლობას ბიძინა ივანიშვილთან და „ქართუ“ ფონდის დირექტორთან – „მონასტრის სრულად აღდგენაზე“:
ხინოწმინდის მონასტრის წინამძღვრის წერილი თორნიკე რიჟვაძეს
უშუამდგომლა თუ არა თორნიკე რიჟვაძემ ეკლესიას ფონდთან, „ბათუმელებს“ ეს საკითხი არ გაურკვევია, თუმცა ტენდერით ჩანს, რომ მშენებლობისთვის 750 ათასი ლარი აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
სატენდერო დოკუმენტებში ასევე ატვირთულია მიტროპოლიტ დიმიტრის 2021 წლის წერილიც, რომლითაც მიტროპოლიტი ადასტურებს, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია თანახმაა „ხინოწმინდის მონასტრის აღდგენაზე“.
რეაბილიტაციის პროექტი
2021 წელს მომზადებული პროექტის [საპროექტო ჯგუფი: ტარიელ კიპაროიძე, სერგი კულუმბეგაშვილი, ზურაბ ვახტანგაძე] მიხედვითაც ირკვევა, რომ არსებული მასალების საფუძველზე, შეუძლებელია ეკლესიის არქიტექტურული ტიპის დადგენა.
ხინოწმიდის მამათა მონასტრის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ
„ტაძრის ნანგრევებიდან აღდგენა-რესტავრაცია შესაძლებელი იქნებოდა, რომ გვცოდნოდა თუ, ეკლესიის რა ტიპს წარმოადგენდა ჩვენამდე მოღწეული ნანაგრევები, მაგრამ შემორჩენილი რეალიებით ეს ვერ დგინდება.
თუმცა უნდა ითქვას, რომ მშენებლობის ტექნიკაზე და სამშენებლო მასალებზე დაკვირვებებით განირჩევა შენების სხვადასხვა პერიოდები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის განისაზღვროს საეკლესიო ნაგებობის არქიტექტურული ტიპი (ბაზილიკური, გუმბათოვანი, სამ ეკლესიანი; სამნავიანი…)
ნანგრევთა დაცვის მიზნით, დამცავი რაიმე ფანჩატურის ან „მინის ხუფში“ ნანგრევების დაცვას მხარდჭერა არ აქვს, რადგან ეკლესია მოწოდებულია სწორედ ამ სიწმინდეში განაახლოს წირვა-ლოცვა. დადგა საკითხი ხინოს ნანგრევების შესანარჩუნებლად და წირვა-ლოცვის აღსავლენად, ნანგრევებზე დადგმულიყო დამცავი კაპიტალური ნაგებობა.“
[toggle title=”პროექტის შესახებ უფრო ვრცელი იფორმაციის სანახავად დააწკაპუნეთ აქ:”]
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით:
„წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს, შემორჩენილ მართკუთხედ კონტურზე ორ ქანობიანი შენობის დადგმას, ორიგინალისაგან განსხვავებული ქვის ჯიშის, ფერის და ფაქტურის მასალით, ამ შემთხვევაში გამოიყენებთ შირიმს.
ამრიგად ახალშენი წარმოგვიდგება დარბაზული ეკლესიის კომპოზიციით, ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა: Xl-Xll ს.ს. დარბაზული ეკლესიების ფასადების პროპორციები, ორქანობა გადახურვითა და კრამიტის ბურულით, ტრადიციული კარნიზებით, სარკმელთა განლაგებებით და სხვა.
შიდა დარბაზული ხალვათი სივრცე თაღოვან-კამაროვანია, განათებულია 10 სარკმლით. კრამიტის გადახურვა მოწყობილია ხის კონსტრუქციაზე, საკედლე მასალად კუთხეებში და ღიობების ამოსაყვანად მასიური შირიმის ქვებია გამოყენებული, ძირითადი საფასადე სიბრტყეები შირიმის სქელი ჩაანკერებული ფილებით მოპირკეთდება. ახალშენი შიგნიდან კირხსნარით შეილესება და მოიხატება.
ტაძრის ინტერიერში შემორჩენილი ჯერხანად გაურკვეველი კონფიგურაციის ნაშთები დაცული იქნება ისე როგორც, მაგალითად მცხეთის დიდ ტაძარში მდებარე წმიდა ნინოს მიერ აღმართული ჯვრის კვარცხლბეკი.“
ნახეთ ასევე კონსტრუქციული ნაწილის განმარტებითი ბარათი, რომელიც 2022 წელსაა მომზადებული:
სატენდერო დოკუმენტაციას ასევე ახლავს ხინოს ნაეკლესიარის სრული აღდგენის სახელოვნებათმცოდნეო კვლევა [ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ გაგნიძე, თბილისი, 2020, ნოემბერი]. ამონარიდი ამ კვლევიდან:
სატენდერო დოკუმენტაციას „ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის ინტერიერში ჩატარებული მცირემასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიშიც“ ახლავს, რომელიც 2021 წელსაა მომზადებული.
„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სასურველია ტაძრისა და მისი შემოგარენის სრულყოფილი კვლევა, რაც დაეხმარება კომპლექსის სრულყოფილი სარეაბილიტაციო პროექტის შედგენას.“ – აღნიშნულია ანგარიშში.
[/toggle]
ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 10 ივნისს დაიწყება და სამ დღეში, 13 ივნისს, დასრულდება.
ლიეტუველმა ტელეწამყვანმა, ანდრიუს ტაპინასმა, 25 მაისს გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ბაირაქტარის საყიდლად თანხის შეგროვებას იწყებდა. მან სრული თანხა 3 დღეში შეაგროვა.
როგორც თავდაპირველად ჟურნალისტმა გამოაცხადა, მიზანი 5 მილიონი ევროს შეგროვება იყო. პირველი დღის ბოლოს მან თქვა, რომ უკვე მოხერხდა 2 მილიონზე მეტყი ევროს შეგროვება.
28 მაისს კი ტაპინასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თითქმის მთელი თანხის შეგროვება მოახერხა. „ჩვენ გვაქვს 4,4 მილიონი ევრო. ამ საღამოს დავასრულებთ!“ – განაცხადა ტელეწამყვანმა.
ამის შემდეგ ტელეკომპანია Laisvės-ის ფეისბუქის გვერდზე განაცხადეს, რომ 5 მილიონი ევრო დევს ბაირაქტარის ანგარიშზე: „თითოეული თქვენი ევრო – ეს არის შენატანი ომის დასასრულებლად და დახმარების ხელი უკრაინისთვის“.
ტაპინასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Bayraktar TB2-ის შეძენა შეთანხმებულია ლიეტუვისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებთან, ასევე, უპილოტო საფრენი აპარატის მწარმოებელთან.
ანდრიუს ტაპინასი
ანდრიუს ტაპინასი არის ლიტველი ჟურნალისტი, მწერალი, ლინგვისტი, მთარგმნელი, რეჟისორი, ლიტერატურათმცოდნე, რადიო და ტელეწამყვანი. ის სახეა ლიეტუვის პოპულარული პროგრამისა – „ფულის თაობა“. ასევე არაერთი პოლიტიკური და სატირული გადაცემის ავტორი.
ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერი ორ კვირაზე მეტია ჩაბნელებულია. სკვერიდან გატანილია სკამების ნაწილიც.
სკვერის მოვლა-პატრონობა მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ევალება. სააგენტოში გვითხრეს, რომ სკამები, რომელებიც პარკიდან წაიღეს, დაზიანებული იყო. ამჟამად მათი რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მოგვიანებით უკან, პარკში დააბრუნებენ.
„რაც შეეხება გარეგანათებას, გამოცხადებულია ტენდერი სანათი ლამპიონების შესაძენად და დაიწყება სამუშაოები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს პრესსამსახურში.
კითხვაზე, თუ როდის დაიწყება უშუალოდ სამუშაოების განხორციელება, პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალური სერვისების სააგენტომ სხვადასხვა სახის სადენის, მავთულის და მათთან დაკავშირებული მასალების შესაძენად ხელშეკრულება 4 მაისს დადო, 40 490 ლარზე. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ოთობმს“-მა სააგენტოს მასალები 30 ივნისამდე უნდა მიაწოდოს.
უკრაინა რუსეთთან ომს აუცილებლად მოიგებს – ამაში საეჭვო არაფერია. მაგრამ არ ღირს მტრის სათანადოდ შეუფასებლობაც. მას აქვს საკმარისი რესურსი ხანგრძლივი ომის საწარმოებლად. მას არც უზარმაზარი დანაკარგები გააჩერებს, რადგან კრემლისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. თუმცა, ჩინეთი არც თუ უსაფუძვლოდ ელის, რომ რუსეთის ფედერაცია „მისი ლუკმა“ გახდება.
ძალზე მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელმძღვანელობა არ წავიდეს რაიმე დათმობაზე აგრესორთან, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კონტექსტში, ვლადიმერ პუტინისთვის „სახის შესანარჩუნებლად“.
ეს განცხადებები OBOZREVATEL-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა უკრაინელმა გენერალმა ანონიმურობის პირობის დაცვით.
ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს მტერმა განაახლა სარაკეტო დარტყმები უკრაინაზე. შეიძლება ეს უკავშირდებოდეს რუსეთის არმიაში საკადრო ცვლილებებს? კერძოდ, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის, გერასიმოვის გადაყენებას, რაზეც ასევე ისაუბრა პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა არესტოვიჩმა?
მე არ ვარ მზად ვიმკითხავო ყავის ნალექზე, მით უფრო არესტოვიჩზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ, თუ არ დამასახელებთ, გეტყვით: დიახ, თუ ისინი ათავისუფლებენ ხელმძღვანელებს, რომლებსაც წარუმატებლებად მიიჩნევენ, მაშინ ახლები მიწას გადათხრიან. ისინი უფრო აგრესიულები იქნებიან და უფრო ბოროტები.
რიგი სამხედრო ექსპერტები პროგნოზირებენ პუტინის არმიის სრულ მარცხს, ჩვენი მოკავშირეების უპრეცედენტო სამხედრო დახმარების გათვალისწინებით. ფიქრობთ, რომ ეს მართლაც შესაძლებელია პერსპექტივაში?
არ მინდა გამოვიყენო ტერმინი – „სრული მარცხი“, თუმცა რუსეთის დამარცხებაში ეჭვი არ მეპარება.
ომი იქნება ხანგრძლივი, რთული, სისხლიანი. მაგრამ რუსეთი რომ ვერ გაიმარჯვებს – ერთმნიშვნელოვანია. ჩვენ მხარეს 43 სახელმწიფოა, ჩვენ წინააღმდეგ კი ერთი – რუსეთი.
ეს როდის მოხდება? – ვნახოთ. ჩვენ უნდა განვეწყოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის. თუ არ გვიღალატეს, უკრაინა გაიმარჯვებს და დაიბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს – შესაძლოა, უფრო მეტსაც.
რას გულისხმობთ ღალატში? თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია რაიმე სახის გარიგებაზე წავიდეს აგრესორთან?
შესაძლოა. მე, პირადად, ვუშვებ, რომ რაიმე მიზეზმა შეიძლება მიგვიყვანოს არასწორი გადაწყვეტილების მიღებამდე.
მაგალითად, უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ჩატოვონ ოკუპაციაში, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს?
დიახ. მაგრამ ეს არასწორი იქნება. არ შეიძლება ნაძირალას, მკვლელს, მოძალადეს, სახის შენარჩუნების საშუალება მისცე, რაზეც თავიდანვე საუბრობდნენ ჩვენი ანალიტიკოსები და მაკრონი. ამ საკითხში აბსოლუტურად ვუჭერ მხარს პრეზიდენტის შეფასებას – ეს განცხადება დისკრედიტაციაა უკრაინის და ასევე იმ მსხვერპლის, რაც ჩვენ უკვე გავიღეთ.
არც თუ ისე ნათელია ჩინეთის პოზიცია. ის პუტინს მხარს დაუჭერს, კონკრეტულად იარაღით თუ ეკონომიკურად, შეუძლია მას შეცვალოს აგრესორის მიმართ დამოკიდებულება?
ჩინეთის პოზიციის გასაგებად, საჭიროა ჩავუღრმავდეთ კონფუციანიზმს, ბუდიზმს, გავიხსენოთ მდინარე იანძის ნაპირთან ჩამომჯდარი მაო ძედუნის სიტყვები.
ჩინეთი ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებულია, რადგან ეს ომი რუსეთს ასუსტებს. ჩინეთი ელის, რომ ადრე თუ გვიან ის მისი ლუკმა გახდება.
ჩინეთისთვის სულერთია უკრაინის თუ მსოფლიოს ბედი. ის მანევრირებს, აკვირდება, ხარობს იმით, რაც ხდება, რადგან სუსტდება მისი ორი ყველაზე საშიში მტერი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. მას სჯერა – და არც თუ უსაფუძვლოდ – რომ მომავალში ნახევარი სამყაროს მართვას შეძლებს.
ჩინეთი ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებულია, რადგან ეს ომი რუსეთს ასუსტებს. ჩინეთი ელის, რომ ადრე თუ გვიან ის მისი ლუკმა გახდება.
რას ფიქრობთ რუსეთის რეზერვებზე? ვხედავთ, რომ რაკეტებს ისვრიან, მაგრამ მათი რეზერვი არ არის ამოუწურავი. მტერმა უკვე დაკარგა 30 ათასი ჯარისკაცი. მათ ახალი შეიარაღება აღარ აქვთ. ცოტა ხნის წინ პუტინმა შეკრიბა სამხედრო ალიანსი [ОДКБ], სავარაუდოდ, თავისი სატელიტების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მაგრამ დიდი ენთუზიაზმი არც მათ არ გამოუვლენიათ. საიდან შეძლებს ის ახალი რესურსების მიღებას?
ერთი მხრივ, რუსეთის საერთო რესურსები ყველა მიმართულებით მცირდება, იმის მიუხედავად თავად რაც არ უნდა თქვან. მაგრამ რესურსი, რომ ხანგრძლივი ომი აწარმოონ უკრაინის წინააღმდეგ, მათ ეყოფათ.
ამიტომ სიტუაცია არ უნდა განვიხილოთ ომის წარმოების რესურსის პრიზმით, არამედ მისი ეფექტურობით, ტექნიკური მდგომარეობითა და იარაღის მახასიათებლების პრიზმით, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. ეს მაჩვენებლები შეიძლება რეალური იყოს იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ, როდის გადავიდეთ შეტევაზე და როდის – თავდაცვაზე.
უკრაინული ტექნიკური კომპონენტი ბევრად მეტი იქნება.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს არ ეყოფა საზარბაზნე ხორცი. მათ ეს საკმარისად ჰყავთ. მათი დამოკიდებულება ადამიანურ რესურსებისადმი იგივეა, როგორიც თავის დროზე ჰქონდა ჟუკოვს – „ქალები ჯერ კიდევ მშობიარობენ“. ისინი არასდროს სწყალობდნენ ხალხს. თუმცა, უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონია და რუსეთის ფედერაციაში 140 მილიონი ცხოვრობს – განსხვავება არის.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამას მსახიობები წელსაც შეუერთდნენ. ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, მსახიობ ნინო კასრაძის ინიციატივით, პროექტში ოცდაათზე მეტი ხელოვანი ჩაერთო.
პროექტს „მსახიობები ლიტერატურისთვის“ კომპანია სილქნეტი ყოველწლიურ ღონისძიებაზე უკვე მესამედ წარადგენს.
წიგნის ფესტივალზე მისული სტუმარი სხვადასხვა თაობის მსახიობებს და აზროვნების აკადემიის „ლიტერატოს“ აღსაზრდელებს მოუსმენს.
29 მაისს ღონისძიების დასკვნით დღეა.
მსახიობები ქართულ და უცხოურ გამოცემებს წარადგენენ:
ნინო კასრაძე – გიორგი სავანელის პიესას „ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“ – გამომცემლობა „წიგნიერი“, კრებულს „ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო“ – გამომცემლობა „არტანუჯი“.
კახა კინწურაშვილი – ერიკ ლის დოკუმენტურ პროზას „ქართული ამბოხი ტექსელზე – ბოლო ბრძოლა ევროპაში“ – გამომცემლობა „ზიარი“, ივა ფეზუაშვილის რომანს „ბუნკერი“ – გამომცემლობა „ინტელექტი“.
ნანა ხურითი – ირმა ტაველიძის რომანს „ბნელ წყლებში“ – გამომცემლობა „დიოგენე“, არჩილ ქიქოძის რომანს „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ – „სულაკაურის გამომცემლობა“.
ლილი ხურითი – ანდრო დგებუაძისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის საუბრების კრებულს „განსხვავებული საზრისები“ – გამომცემლობა „აზროვნების აკადემია“ .
თურქული მხარის თხოვნით, სარემონტო სამუშაოების წარმოების გრაფიკის ივლისის თვის ჩათვლით გადავადების გამო, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე ,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება – აღნიშნულია საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 25 აპრილიდან, „ვალეს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია თურქეთის რესპუბლიკის მხარეს, [საბაჟო გამშვები პუნქტი „პოსოფ-თორქგოზუ”] მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.
„ვალეს” საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრების სრული შემადგენლობა კი, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად „კარწახის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადანაწილდნენ.
„თურქეთის რესპუბლიკის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება. ამასთან, შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით, საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მიმართულებით, რომელიც გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის გამო, განსაკუთრებულ რეჟიმში, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, იმისთვის, რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი ტვირთნაკადის გატარება.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
ამავე უწყების ინფორმაციით, „გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის პირობებში, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტი – ,,კარწახის“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 5 000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი, ხოლო საქართველოდან გავიდა 9 200 სატრანსპორტო საშუალება, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს შემოსვლაზე 233 პროცენტული პუნქტით, ხოლო გასვლაზე 513 %-ით აღემატება.“
შემოსავლების სამსახურში აპრილში განაცხადეს, რომ ვალეს საბაჟო 25 მაისამდე იკეტებოდა.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 მაისის 21 საათიდან 30 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 13-18, დღისით 23-28 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში – ღამით 7-12, დღისით 22-27 გრადუსი სითბო
მაღალ მთაში – ღამით 3-8, დღისით 15-20 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 31 მაისს და პირველ ივნისს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
20 წლის ნატალია მარტინიუკმა საკუთარ ინსტაგრამზე დონაციით 85 ათასი გრივნა შეაგროვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ინსტაგრამზე მიმდევრები მას Martik-ის სახელით იცნობენ.
Martik-ის თქმით, შემწირველები ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვებს ეხმარებიან განვითარებასა და ყოველდღიური ამბებისგან გადართვაში.
ინსტაგრამბლოგერ Martik-ის ძირითადი თემები განვითარება და ფსიქოლოგიაა.
ნატალია ამბობს, რომ თავიდან მას გადაწყვეტილი ჰქონდა შემოსავლის 10% გაეგზავნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ბევრად უკეთ შეეძლო სოციალური ქსელის რესურსის გამოყენება.
გადაწყვიტა მოეწყო საქველმოქმედო საღამო, სადაც მოიწვია საინტერესო სტუმრები, საუკეთესო დონორები კი დააჯილდოვა უკრაინული სულისკვეთების ამაღლებისთვის.
Martik-ი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ ბევრს გააკეთებს უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად.
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია. შპს „ერ ტე დე“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მომსახურებას 19 მილიონ 400 ათას ლარად სთავაზობს. დეპარტამენტს ტენდერი 22 206 512 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
შესყიდვების პორტალის მიხედვით გამარჯვებულთან ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის. „ერ ტე დე“ 2013 წელს, თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ლუხუმ ქართლოსიშვილი. ჯერ უცნობია მონაწილეობდა თუ არა ტენდერში სხვა პრეტენდენტები.
აღნიშნული ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფრიდონ ხალვაშის გამზირის დაახლოებით 4,1 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთს – ანგისიდან [აეროპორტის გზატკეცილიდან] დაბა ხელვაჩაურამდე. ქუჩის ეს მონაკვეთი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ნაწილია და მოძრაობა გადატვირთულია.
გზის უვარგისი სავალი ნაწილის გარდა, ამ მონაკვეთში მთავარი პრობლემაა გადასასვლელი ზებრების, შუქნიშნებისა და ტროტუარების არარსებობა.
ტექნიკურ დოკუმენტაციაში კი აღნიშნულია, რომ „ტროტუარები დაპროექტებულია არსებული სიტუაციის ოპტიმალურად გამოყენების პრინციპით; ტროტუარებზე ასასვლელებში შშმ პირთათვის მოეწყობა პანდუსები; დამონტაჟდება 6 შუქნიშანი; მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები“.
პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 7 თვეში.
ფრიდონ ხალვაშის გამზირი / მაისი, 2022
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის 14 აპრილს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი 2022 წლის 12 მაისს დაიწყო და 17 მაისს დასრულდა.
განახლება:ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 19 399 999 ლარზე უკვე გაფორმებულია. ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის თებერვლამდე უნდა დასრულდეს. 22 ივლისის მდგომარეობით კი, კომპანიისთვის ბიუჯეტიდან 3 879 999 ლარია გადარიცხული ავანსად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
ტანკი – 1 338 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 3 270 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 631 ერთეული [+3]
MLRS – 203 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 207 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 174 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 504 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 116 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 240 ერთეული [+14]
სპეცტექნიკა – 48 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
183 თვითმფრინავი
128 ვერტმფრენი
1 049 უპილოტო საფრენი აპარატი
325 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 309 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
447 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 722 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 270 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – „გელათის მონასტრის“ მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავის ფერდებზე ძველი დროებითი სახურავის მოხსნა, ახალი დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის საფარის მოწყობა და ამჟამინდელი კრამიტის საფარის მოხსნა, 2022 წლის 31 მაისი ჩათვლით უნდა დასრულებულიყო. თუმცა ვერ დასრულდება. ამ სამუშაოებში 205 675 ლარზე, ტენდერის გარეშე იხარჯება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შპს „კაპიტელინჟინერინგისთან“ 2022 წლის 3 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს, რითაც სამუშაოების შესრულების ვადა ერთი თვით, 30 ივნისამდე გადაიწევს.
სააგენტოს ხელშეკრულება „კაპიტელინჟინერინგისთან“ აქვს გაფორმებული.
„ვინაიდან არსებული სამუშაოები ითვალისწინებს: თუნუქის სახურავის, მოჭიქული კრამიტისა და კირდუღაბის მოხსნას და შემდგომ ისევ თუნუქის სახურავის მოწყობას, აქედან გამომდინარე სამუშაოები უნდა სრულდებოდეს დადებითი მეტეო პირობების დროს და მოსალოდნელი წვიმის და ქარის დაწყებამდე 4 საათით ადრე დაიფაროს თუნუქით და შეწყდეს სამუშაოები;
ასევე გასათვალისწინებელია შაბათ-კვირას წირვის რიტუალები, რომელიც გრძელდება შუადღის 13:00 საათამდე და სამუშაო დღეებში მიმდინარე სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიებები, რა პერიოდშიც სამუშაოები შეჩერებულია. ვინაიდან მაისის თვე წვიმებით და ქარის ხშირი რაოდენობით ხასიათდებოდა, სამუშაოების წარმოებისათვის მისაღები პერიოდი საკმაოდ მცირეა, რა დროშიც შეუძლებელია დაგეგმილი სამუშაოების 31 მაისამდე დასრულება“, – აღნიშნულია ეროვნული სააგენტოს განაცხადში, რომლითაც მან შესყიდვების სააგენტოს მიმართა თანხმობისთვის – სახელშეკრულებო ვადის ცვლილებაზე.
ეროვნული სააგენტო თავის განაცხადში ასევე აღნიშნავს, რომ „სამუშაოების მიმდინარეობის ვადების ცვლილების აუცილებლობა ასევე განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სააგენტოსთვის არ იყო ცნობილი როდის გამოიცემოდა მთავრობის განკარგულება, შესაბამისად, ვერ განისაზღვრა ტაძარზე ჩასატარებელი ფიზიკური სამუშაოების პერიოდი“.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამარტივებულ შესყიდვაზე ძეგლთა დაცვამ შესყიდვებს 2022 წლის 28 მარტს მიმართა, ხოლო, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 2022 წლის 19 აპრილს გამოსცა. მხოლოდ ამის შემდეგ, 2022 წლის 3 მაისს გააფორმა ხელშეკრულება სააგენტომ „კაპიტელინჟინერინგისთან“ და სამუშაოების შესრულების ვადად, 2022 წლის 4 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდი მიუთითა.
ამჯერად კი, ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის 25 მაისის წერილში მითითებულია, რომ „ვინაიდან აღნიშნული სამუშაოები ვერ სრულდება წვიმიან, ნალექიან, ნისლიან, ქარიან და არასტაბიურ ამინდიში, მეტეოროლოგიურმა პირობებმა განაპირობა ვადის ცვლილების აუცილებლობა, რასაც თავდაპირველი მომართვის დროს სააგენტო ვერ გაითვალისწინებდა“.
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, რომლის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესი 7 წელი მიმდინარეობდა, არასწორად მოწყობილი სახურავიდან წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დააზიანა. ის ფაქტი, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში წყალი ჩადიოდა და ტაძრის უნიკალური მხატვრობა სველდებოდა, 2020 წლის მარტში აღმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.
„სრულიად წარუმატებელი“ უწოდა გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში განხორციელებულ სამუშაოებს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ერთი წლის წინ და აღნიშნა, რომ მისი ფუნქცია არ არის, ეძიოს პასუხისმგებელი პირი.
გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესში არასწორად მოწყობილი სახურავის გამო, უნიკალური ფრესკები დაზიანდა.
„საბჭოთა კავშირი დაბრუნდა“: დამპყრობლებმა მარიუპოლში სკოლა გახსნეს“ – ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული გამოცემა unian-ი მარიუპოლის 65-ე სკოლის შესახებ ინფორმაციას. გამოცემის ცნობით, დაბომბილ და დაპყრობილ ქალაქში რუსებმა სკოლა „გახსნეს“.
ინფორმაციას გამოცემა მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მან სკოლის გახსნის შესახებ ფოტოები საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა.
პეტრო ანდრიუშჩენკო წერს, რომ მშობლები აიძულეს დაბომბილი სკოლის შენობიდან ნაგავი გაეტანათ და ფანჯრებზე ცელოფნები აეკრათ.
ფაქტობრივად 9 კლასი შეაგროვეს, თითოეულში 35-45 ბავშვით. სკოლა მუშაობს პატარა სივრცეში. ბავშვებისთვის საკვები არ არის. სკოლას ელექტროენერგია ერთი გენერატორიდან მიეწოდება. ეს არის განათლება კომპიუტერებისა და ტენოლოგიების გარეშე. სწავლება რუსულ ენაზე: ლიტერატურა და მათემატიკა, – წერს პეტრო ანდრიუშჩენკო.
მისი მონაცემებით, სკოლადამთავრებულებს რუსები ეგრეთ წოდებული დონეცკის რესპუბლიკის (DPR) დიპლომებს ჰპირდებიან, სწავლის გაგრძელებას კი იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებიც მდებარეობს რუსეთის ეკონომიკურად დეპრესიულ რეგიონებში და თავად რუსებში არ არის მათზე მოთხოვნა.
„მარიუპოლში დაბრუნდა საბჭოთა კავშირი, შუა საუკუნეებისა და ტოტალიტარიზმის ყველა ფერით. მხოლოდ დარჩა მარიუპოლისთვის სახელის გადარქმევა ჟდანოვად“, – ამბობს მერის მრჩეველი.
რუსებმა დაბომბილი სკოლა „გახსნეს“.
______________________
მთავარი ფოტო: პეტრო ანდრიუშჩენკო/მარიუპოლის დაბომბილი სკოლა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საინვესტიციო პროექტებში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი 3.4 მლნ ლარი, რომელიც პროფესიული განათლებისთვის იყო გამოყოფილი, სახელმწიფომ ვერ აითვისა, რისთვისაც 195 000 ლარით დაჯარიმდა.
„ბათუმელები“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა თუ რატომ ვერ მოახერხა სახელმწიფომ გამოყოფილი თანხის ათვისება და კონკრეტულად რომელი კომპონენტისთვის გამოყო დონორმა აღნიშნული თანხა.
განათლების სამინისტრომ კომენტარისთვის „პროფესიული უნარების სააგენტოში“ გადაგვამისამართა, სადაც ჯერ შეგვპირდნენ განმარტების გაკეთებას, მოგვიანებით კი გვითხრეს, რომ 3.4 მლნ ლარის აუთვისებლობაზე ინფორმაციას არ ფლობენ.
პროფესიული უნარების სააგენტო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული საბიუჯეტო ორგანიზაციაა.
აუდიტის ამავე დასკვნის მიხედვით, განათლების მიმართულებით სახელმწიფომ სხვა პროექტებიც ჩააგდო გასულ წელს.
მაგალითად, „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სკოლების 63 პროცენტში დაგეგმილი იყო მაღალგამტარიანი ოპტიკური არხებით უზრუნველყოფა. „ხოლო დანარჩენი სკოლებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან რადიო ტექნოლოგიით, უნდა გაუმჯობესებულიყო კავშირის სიჩქარე.
მიღწეული მაჩვენებლის მიხედვით, შესრულებულია სკოლების 63%-ის უზრუნველყოფა, ხოლო დანარჩენი სკოლების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის“, – წერს აუდიტი.
ხარვეზები გამოვლინდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ბიუჯეტის ნაწილშიც, რომელიც არაქართულენოვანი სკოლების 80 პროცენტის ქართულის, როგორც მეორე ენის, კონსულტანტ მასწავლებლებითა და დამხმარე მასწავლებლით უზრუნველყოფას გულისხმობდა.
როგორც აუდიტი წერს, „მიღწეული მაჩვენებლის მიხედვით, 164 არაქართულენოვან საჯარო სკოლაში საკადრო დეფიციტის შესავსებად მივლენილი იყო 245 მასწავლებელი სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით“. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებლით ვერ ხერხდება იმის დადგენა, არაქართულენოვანი სკოლების რა წილი დაიფარა“, – ამბობს აუდიტი დასკვნაში.
პროგრამის ფარგლებში – „ინფრასტრუქტურის განვითარება“, რომელიც სკოლების 90 პროცენტის აღჭურვას ითვალისწინებდა, როგორც სასკოლო ავეჯით, ასევე სპორტული ინვენტარით, ბოლომდე ვერ განხორციელდა. „მხოლოდ 299 საჯარო სკოლაში განხორციელდა მერხებისა და სკამის, ასევე დაფის დარიგება“.
2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ამ წელს წარმოდგენილი პროგრამების შესრულების ანგარიშებში მიღწეული მაჩვენებლები 10%-ით და მეტით განსხვავდებოდა მიზნობრივი მაჩვენებლისგან.
„142 ცდომილება დაფიქსირდა 2021 წელს მიღწეული შედეგების შეფასების ინდიკატორების 40%-ში.
აქედან, განმარტება წარმოდგენილი არაა ან ეს წარმოდგენილი განმარტება ზოგადი ხასიათისაა, 45%-ში“, – წერს აუდიტი.
აუდიტის თქმით, სამიზნე მაჩვენებელთან შეუსაბამობა სახელმწიფომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებითა და ვითარების გაუარესებით ახსნა. თუმცა, როგორც აუდიტი წერს, ზოგ შემთხვევაში, იმავე მასშტაბის გადახრა ფიქსირდებოდა პანდემიამდე პერიოდშიც.
„ბათუმელების“ მედიასკოლაში 2022 წლის პირველმა ნაკადმა სწავლა დღეს, 28 მაისს დაიწყო.
წლევანდელ მედიასკოლაში სხვადასხვა ასაკის და პროფესიის სტუდენტები მონაწილეობენ. მათგან პროფესიად ჟურნალისტიკა მხოლოდ ერთს აქვს არჩეული.
ინდირა ბერიძე რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მედდად მუშაობს.
„ჩემი ოცნება იყო ვყოფილიყავი ჟურნალისტი. ისე წავიდა ვერ ვიფიქრებდი იქ ყოფნას, სადაც ახლა ვარ. უბრალოდ, ასე აეწყო. ვერ გავხდი ჟურნალისტი და გავხდი მედდა. თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მე ამით ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარები. ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადამირჩენია ჩემს გუნდთან ერთად. განსაკუთრებით კოვიდის დროს. უამრავ ადამიანს დავეხმარე, როგორც კლინიკაში, ისე კლინიკის გარეთ,“ – უთხრა ინდირა „ბათუმელებს“ საკუთარი თავის შესახებ.
ინდირა ბერიძე
„ძალიან აქტიური ვარ. რუტინა არ მიყვარს. ემერჯენსში ამიტომ ვმუშაობ. ემერჯენსში მუშაობა ფორსმაჟორში მუშაობას ჰგავს, იცვლება სიტუაცია მუდმივად. ბევრი რამე მინახავს.
სამოქალაქო კუთხით ვარ ძალიან აქტიური. მჭირდება რაღაც ტრიბუნა, რაღაც სივრცე, სადაც მე ამაზე შემეძლება ლაპარაკი. ეს იყო მთავარი მოტივაცია აქ მოსვლის. ვოცნებობდი ვყოფილიყავი ჟურნალისტი, მაგრამ როგორ ვიყო, ეს თქვენგან მინდა ვისწავლო,“ – ამბობს ინდირა.
ანკა ზოიძე
ანკა ზოიძე ხელოვნების უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას სწავლობს. მეორე კურსის სტუდენტია.
„მინდოდა უფრო მეტი გამოცდილება დამეგროვებინა. ზოგადად, მიყვარს გამოწვევები და სიახლეები. რაც უფრო მეტს გავიგებ ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით, რაც უფრო მეტ გამოცდილებას დავაგროვებთ, მით უკეთესი ჩემთვის.
როდესაც ადამიანი ირჩევ პროფესიას, უნდა იცოდე რა გელოდება, რა სირთულეებს შეიძლება წააწყდე. მრავალფეროვანი და ამოუწურავია ჟურნალისტიკა ჩემთვის. მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიპოვო საკუთარი თავი. ძალიან მიყვარს ხელოვნება, თეატრი, მუსიკა და ცეკვა. მედიასკოლიდან ველი ახალ მეგობრებს, ახალ ადამიანებს, ახალ ემოციურ კავშირებს,“ – ამბობს ანკა.
ელენე ხაჯიშვილი
ელენე ხაჯიშვილი 18 წლის მუსიკოსია. კარატეში შავი ქამრის მფლობელი. ახლახან ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით.
„პროფესიისთვის მჭირდება მედიასკოლაში სწავლა. ასევე მინდა პრაქტიკა მივიღო ჟურნალისტიკაში. ვფიქრობ, ამ კურსის დასრულების შემდეგ ბევრად უფრო კომუნიკაბელური გავხდები, ვიდრე აქამდე ვიყავი და შევიძენ იმ უნარებს, რაც სჭირდება ადამიანს ჟურნალისტად გახდომისთვის“, – ამბობს ელენე.
თამარ შულგა
თამარ შულგა ბსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე სწავლობს. მეოთხე კურსელია. ამბობს, რომ მისი მომავალი სპეციალობა პირდაპირ უკავშირდება ჟურნალისტიკას.
თამარის თქმით, მაშინ შეძლებს თქვას, რომ წარმატებას მიაღწია საკუთარ პროფესიაში, როდესაც მისი საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვას დაუკავშირდება.
„სადაც წარმოვაჩენ უმცირესობათა უფლებებს, მათ მოთხოვნებს. თუ მექნება რაღაც ძალა, რომ მათი ცხოვრება ოდნავ მაინც შევცალო უკეთესობისკენ. ჟურნალისტიკა ცვლის ადამიანების ცხოვრებას. ჩემი აზრით, ჟურნალისტიკა არის საშუალება ხმა მიაწვდინო საზოგადოებას,“ – ამბობს თამარი.
მარიამ ხინიკაძე
მარიამ ხინიკაძე 25 წლისაა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ფილოლოგიის განხრით დაამთავრა. ახლა ქობულეთში, სოციალურ სამსახურში მუშაობს.
მარიამს ფოტოების გადაღება უყვარს. ამბობს, რომ მედიასკოლაში სწორედ იმ იმედით მოვიდა, რომ ფოტოგადაღებას ისწავლის.
„ველი, რომ მედიასკოლა გამზრდის. ახლა სადაც ვმუშაობ, ის უფრო მონოტონური სამსახურია, იმიტომ, რომ ერთი და იგივე რაღაცებს ვაკეთებ თითქმის ყოველდღე. ვფიქრობ, აქ იქნება განსხვავებული, თუნდაც სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობა მომცემს ბევრ რამეს. მათგან ვისწავლი და უფრო გავიზრდები. მინდა, რომ სანამ ახალგაზრდა ვარ, შემიძლია ეს ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო და შემდეგ ეს ცოდნა სხვას გავუზიარო“, – ამბობს მარიამი.
ანა კვაჭანტირაძე
ანა კვაჭანტირაძე 19 წლისა, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
„ბავშვობიდან მაინტერესებდა ჟურნალისტიკა, მინდოდა ჟურნალისტიკაზე ჩაბარება, მაგრამ ვერ ჩავაბარე და მომიწია არჩევანის გაკეთება. დავიწყე სწავლა ჩემთვის მეორე მნიშვნელოვან პროფესიაზე, ტურიზმზე. ველი, რომ ვისწავლი ჟურნალისტიკის შესახებ ბევრ რამეს და ჩემი ოცნება ახდება.
ველი, რომ ჩემი ხმა უფრო მასშტაბური გახდება. მომცემს იმის საშუალებას, რომ რაღაცები ხმამაღლა ვთქვა. დავწერო სტატიები ისეთ თემებზე, რომელიც მაინტერესებს და მეტ ადამიანამდე მივიტანო ინფორმაცია“, – ამბობს ანა.
“ბათუმელები” მედიასკოლას “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან” ერთად ახორციელებს.
ამასთან, სკოლის მოსწავლეებისათვის გამოცხადებულია კონკურსი საზაფხულო მედიასკოლაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI და XII კლასის მოსწავლეებს აჭარიდან. ვრცლად კონკურსის შესახებ ნახეთ თანდართულ მასალაში.
უკრაინაში ყველაზე ცნობილ ძაღლს „პატრონი“, 2022 წლის კანის საერთაშორისო ფესტივალზე Palm Dog Award-ი მიანიჭეს. ჯილდო დაწესებულია ადამიანებსა და ძაღლებს შორის კავშირისთვის. ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კინოპრემია ოთხფეხებისთვის.
„პატრონი“ უკრაინელ სპეციალისტებს რუსეთის არმიისგან დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაღმების და ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენაში ეხმარება.
„პატრონი“ დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრო, რადგან არ სცალია – განაღმვითი სამუშაოებით არის დაკავებული.
პატრონი“ 2,5 წლისაა. იგი 6 თვის ლეკვი იყო, როცა გამნაღმველებმა მისი წვრთნა დაიწყეს. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური წერს სოციალურ ქსელებში, „პატრონს“ ძალიან უყვარს ყველი და მას ხშირად ანებივრებენ.
Ukrainian landmine-sniffer dog ‘Patron’ received the Cannes Film Festival award
He was awarded the “Palm Dog” award. This is the world’s most prestigious film award for quadrupeds.
დღეს 28 მაისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სამშენებლო კომპანია „ორბის“ ცემენტის ქარხანამ ისევ დააბინძურა ჰაერი. მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა 2020 წელს დააჯარიმეს, ქარხანა დღემდე უკანონოდ ფუნქციონირებს, რადგან როგორც მერიაში გვეუბნებიან, ის უნებართვოდ ფუქნციონირებს და არც არც გარემოს დაცვის სტანდარტებს იცავს.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფროს ირაკლი მოქიას და ჰკითხა, რა ზომები მიიღო აღნიშნულ ფაქტზე დღეს ინსპექციამ?
„ვიყავით გასული, შემავალი მილი აქვს ქარხანას და ეს მილი არის გახეთქილი. ჩვენ შევატყობინეთ გარემოს დაცვის ინსპექციას და უკვე გავაჩერეთ ქარხანაც“- გვეუბნება ირაკლი მოქია.
„ორბის“ ცემენტის ქარხანა, რამდენიმე წელია რაც ფუნქციონირებს ფიროსმანის ქუჩაზე და პერმანენტულად აბინძურებს გარემოს. მსგავსი ფაქტი 2020 წელსაც დაფიქსირდა. მაშინ მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში გვითხრეს, რომ კომპანიას სასამართლო უჩივლეს და ქარხნის დემოტაჟი მოითხოვეს.
თუმცა, სასამართლოს სხდომა დღემდე არ ჩანიშნულა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დავა 2018 წელს დაიწყო.
„უნებართვო საქმიანობის განხორციელების გამო, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, თუმცა დღემდე არ არის სხდომა ჩანიშნული. ჩვენ ვერ დავავალდებულებთ სასამართლოს, რომ დროზე ჩაატაროს პროცესი. ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს, რომ სხდომა ჩანიშნულიყო“-გვეუბნება ირაკლი მოქია.
თუ როგორ გამოიყურებოდა დღეს ფიროსმანის ქუჩა, იხილეთ თანდართულ ვიდეოში.
ხულოში, სოფელ რაქვთაში შუახნის კაცი შესაძლოა დათვის თავდასხმის შედეგად დაშავდა. ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს ახლობლებმა ტყეში. დაშავებული კაცი ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ გადმოიყვანეს.
როგორც მერის წარმომადგენელი სოფელში ზვიად აბაშიძე გვეუბნება, შუახნის კაცი ტყეში მარტო იყო გასული საქონლის მოსაყვანად. „როცა აღარ დაბრუნდა, მოძებნეს და იპოვეს გონდაკარგული“-გვეუბნება ის.
„ბათუმელები“ კლინიკასაც დაუკავშირდა. როგორც კლინიკაში გვეუბნებიან, დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დაზიანებები შესაძლოა არ უკავშირდებოდეს დათვის თავდასხმას.
„პაციენტი აპარატზეა შეერთებული, აქვს თავის, სახის ძვლების და ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ჰემორაგიებით თავის ტვინში. მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
თუმცა შესაძლოა ეს დაზიანებები კაცს მიეღო დაცემისგან და არა დათვის თავდასხმისგან, რადგან ბრჭყალების ნაკვალევი არ აღენიშნება. როგორც გვითხრეს, ახლო-მახლო დათვი იყო, მაგრამ დაზიანებები დათვის დატორილს არ ჰყავს, შესაძლოა გარბოდა და მაშინ დაეცა კაცი“-გვეუბნებიან კლინიკაში.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 28 მაისის მიმოხილვა მთლიანად დონბასში მიმდინარე ბრძოლებს ეძღვნება.
უწყების ინფორმაციით, 27 მაისისთვის, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ლიმანის დიდი ნაწილი ნაწილი დაიკავეს, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ რუსეთი დონბასზე მომდევნო, უფრო ძლიერი შეტევისთვის ემზადება.
„ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, მთავარი სარკინიგზო კვანძითა და მნიშვნელოვანი სარკინიგზო თუ საავტომობილო გზებით, რომლებიც მდინარე სევეროდენცკზე გადის.
მომდევნო დღეებში, რუსეთის შენაერთები, პრიორიტეტულ ამოცანად სწორედ მდინარის გადალახვას დაისახავენ“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
უწყება მიუთითებს, რომ ამ დროისთვის, რუსეთის ძალები კონცენტრირებულნი არიან 40 კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთით, ქალაქ სევეროდონეცკზე.
„თუმცა ლიმანთან პლაცდარმის შექმნა, რუსეთს უპირატესობას მისცემს დონბასზე შემდეგი შეტევისთვის, რომლის დროსაც ის, სავარაუდოდ, ეცდება, აიღოს დონეცკის ოლქის სიღრმეში, უკრაინელთა მიერ კარგად გამაგრებულ ქალაქები – სლოვიანსკი და კრამატორსკი.“
როგორც დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, დენის პუშინილმა კრემლის მედიას უთხრა, თუ რუსეთი მთლიანად დაიკავებს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, იქ რეფერენდუმი გაიმართება.
„თუ რუსეთი ამ ტერიტორიების ოკუპაციას მოახერხებს, დიდი ალბათობით, კრემლი ამას არსებით პოლიტიკურ წარმატებად შეაფასებს და ამით, რუსი ხალხის თვალში, სამხედრო აგრესიის გამართლებას ეცდება“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავაც ახერხებენ სექტორის ორგანიზებულად დაცვას და რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას.
ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. 27 მაისის პოსტში, ტვიტერზე, დაზვერვა წერდა, რომ რუსეთმა ბრძოლის ველზე 50 წლის წინანადელი ტანკები T 62-ები გამოიყვანა, რაც თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი ტექნიკის ნაკლებობაზე მიუთითებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]
ტანკი – 1 330 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 3258 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 628 ერთეული [+5]
MLRS – 203 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 207 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 174 ერთეული [+4]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 503 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 116 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 226 ერთეული [+0]
სპეცტექნიკა – 48 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
182 თვითმფრინავი
128 ვერტმფრენი
1 045 უპილოტო საფრენი აპარატი
324 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
444 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 714 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 245 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ლიუბოვ პლაკსიუკი პირველი ქალია, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საარტილერიო ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს.
ის ქალაქ ბარანოვკიდანაა, ჟიტომირის ოლქიდან. 2016 წლამდე ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, შეიარაღებულ ძალებში ემსახურა. ლიუბოვმა რადიოტელეფონისტობით დაიწყო და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, თუმცა იმ ერთმა დღემ, როდესაც თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მუშაობა იხილა, მისი კარიერა კიდევ ერთხელ შეცვალა.
„როდესაც დავინახე “Гиацинт-С” და მერე გავიარე კიდეც ამ მანქანით, რომლის გრუხუნიც სუნთქვას შეგიკრავს ადამიანს, მივხვდი, რომ – ეს ჩემია,“ – იხსენებს ლიუბოვი.
თავისუფალ დროს პლაკსიუკმა დანადგარის შესწავლა დაიწყო. კითხულობდა შესაბამის ლიტერატურას, ერკვეოდა იარაღის კონსტრუქციაში, 2019 წელს კი პირველად გაისროლა პოლიგონზე.
2022 წლის თებერვალში, როდესაც ომი დაიწყო, ლიუბოვ პლაკსიუკი უკვე საარტილერიო ქვედანაყოფის მეთაური იყო.
ლიუბოვ პლაკსიუკი/ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
„თუ სამიზნის დაზიანება გინდა, ისე, რომ მან ვეღარ იმუშაოს, საკმარისია “Гиацинт-С”-დან გასროლილი ჭურვი 50 მეტრის რადიუსში მოარტყა, თუკი ამოცანა სამიზნის განადგურებაა, მაშინ უფრო ზუსტი დამიზნებაა საჭირო… არტილერია ძალიან რთული მეცნიერებაა, რომლის სწავლაც არასდროს მთავრდება“, – ჰყვება პლაკსიუკი.
გამოცემა „უნიანის“ ცნობით, გასული წლის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 57 ათასი ქალი მსახურობს – პირადი შემადგენლობის 22 %. 3 500 მათგანი უფროსი ოფიცერია.
შარშან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად, ქალმა, ტატიანა ოსაშენკომ ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო.
მთავარი ფოტო: ლიუბოვ პლაკსიუკი/უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
რუსი ოკუპანტების ერთ წერტილში კონცენტრაციის შესამცირებლად გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ელოდება, რომ უკრაინა ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით ტაქტიკურ კონტრშეტევას დაიწყებს მალე. ამავდროულად, გადამდგარი გენერალი ამჩნევს, რომ რუსეთის შეტევებში უკვე იგრძნობა ტაქტიკური ადგილების დაკავების მიზანი, რაც უკვე თავდაცვით პოზიციაში უპირატესობის პირობას შექმნის.
ვახტანგ კაპანაძე ომში რუსი სამხედროებისგანაც ელის პუტინის წინააღმდეგ სვლას, მათ ეშინიათ გასამართლების და თავის გადარჩენისთვის იბრძვიანო, ფიქრობს გადამდგარი გენერალი.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ის ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, როგორია ბოლო ცნობები ფრონტიდან? „მას შემდეგ, რაც პოპასნაიას ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ რამდენიმე სოფელი აიღეს, რუსეთის სახმელეთო ჯარები ცდილობენ ალყაში მოაქციონ სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი, თუმცა უკრაინული ძალები ინარჩუნებენ კონტროლს რამდენიმე სექტორზე და რუსეთს მთელი დონბასის დაკავების საშუალებას არ აძლევენ,“ – ასეთია ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაცია.
რუსებმა ფაქტობრივად შეძლეს პოპასნაიას დაკავება. ვერ ვიტყვი, რომ მათ შეძლეს მნიშვნელოვანი გარღვევა ოპერატიულ სიღრმეზე, მაგრამ მოახერხეს გარკვეული, თავდაცვითი ზღუდეების გადალახვა. რაც მთავარია, რუსებმა შეძლეს ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილზე გასვლა, რაც არის უკრაინისთვის ლისიჩანსკის და სევეროდენცკის მიმართულებით მომარაგების ხაზი. არის მეორე გზაც სევერსკის მიმართულებით, საიდანაც ასევე შეიძლება ლისიჩანსკი-სევეროდნეცკის მომარაგება. ამ გზაზეც თუ გავიდნენ, ფაქტობრივად ალყაში აღმოჩნდება ლისიჩანსკი-სევეროდნეცკის მიმართულება.
ამავე დროს, შესაძლოა, რუსებმა დააცალკევონ ეს ორი დასახლებული პუნქტი, რადგან ფაქტობრივად მდინარე ყოფს ლისიჩანსკის და სევეროდენცკის და ცალ-ცალკე განახორციელონ ტაქტიკური ალყები. ამ დროისთვის აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკის გარეუბნებში, იქ გარკვეული, მაღლივი კორპუსები დაიკავეს რუსებმა და ცდილობენ, თანდათან შეავიწროონ აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მიმართულება.
ჩანს, რომ უკრაინელები აქტიურად უწევენ წინააღმდეგობას რუსებს, მაგრამ ვერ აჩერებენ. რატომ ვერ ხერხდება რუსული არმიის შეჩერება?
მხოლოდ ერთ წერტილზეა კონცენტრაცია, ძალიან მცირე მონაკვეთია და დიდია ძალების კონცენტრაცია. ჩემი ინფორმაციით, უკრაინელებმა უკვე თავი მოუყარეს 30 ტაქტიკურ-საბატალიონო ჯგუფს და მათ შეიძლება განახორციელონ ყურადღების გადატანითი დარტყმა ხერსონის, ანუ ნიკოლაევის და ზაპოროჟიეს მიმართულებით. ამ დარტყმის მიზანი იქნება დაწოლის მოხსნა სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მიმართულებაზე. ეს არ იქნება ოპერატიული კონტრდარტყმა, ეს უფრო იქნება ტაქტიკური კონტრშეტევა იმისთვის, რომ რუსებმა სამხედრო ძალების ნაწილი აქეთ გადმოიყვანონ და კონცენტრაცია შემცირდეს. ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით ახლა რუსები ფაქტობრივად თავდაცვით მდგომარეობაში არიან და ფორტიფიკაციას აძლიერებენ, ამაგრებენ თავდაცვით პოზიციებს.
ლიმანში შესვლა რა უპირატესობას აძლევს რუსებს?
ფაქტობრივად ლიმანი აიღეს რუსებმა, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ გავიდნენ სლავიანსკი – კრამატორსკის მიმართულებაზე, რომელიც მაგ მიმართულებით ყველაზე კარგად დაცული ტერიტორიაა. აქ ჯერ ალყაზე საუბარი ზედმეტია, რადგან იზიუმიდან ვერ ახერხებენ რუსები აქტიურად წინსვლას. ამჯერად პოპასნაია არის ოპერატიული მნიშვნელობის რაიონი, საიდანაც რუსებს შეუძლიათ, როგორც ჩრდილოეთის მიმართულებით ალყის ორგანიზება, ასევე დასავლეთით – ბახმუტის გარშემო.
თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ – რუსეთი მოახერხებს დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრის დაკავებას, თუ მანამდე გადავა უკვე თავდაცვის რეჟიმზე? უკრაინის სამხედრო წრეებში არსებობს ვერსიაც, რომ სხვადასხვა მიმართულებით ისევ იბრძოლებს რუსეთი და ეს ომი შესაძლოა წლები გაგრძელდეს.
მაქვს მოლოდინი, რომ ეს დაპირისპირება ძალიან დიდხანს გასტანს და მალე ვერ დასრულდება. მგონია, რომ რუსეთი დონბასის მიმართულებით რაღაცას მიაღწევს, ალბათ უფრო სევეროდენცკის მიმართულებაზე ექნება წარმატება. რუსები, ფაქტობრივად, უკვე გადიან ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სევეროდენცკის აღებას მოახერხებენ ალბათ. არ ვიცი, ლისიჩანსკსაც, თუ მხოლოდ სევეროდონეცკი.
ამ ეტაპის შემდეგ ისინი აიღებენ ოპერატიულ პაუზას, რა დროსაც ცალკეული ტაქტიკური მიმართულებით შეტევები ისევ ექნებათ, ხოლო შემდეგ დაიწყებენ დაკავებული ტერიტორიების დაცვას. რუსეთის ეს აქტიურობა სადღაც 10 დღე გაგრძელდება. ჩემი აზრით, აჯობებს, უკრაინელებმა დროულად გამოიყვანონ დანაყოფები შესაძლო ალყის ზონებიდან, ვიდრე შესაძლებელია გამოყვანა და განახორციელონ თავდაცვითი ზღუდეს ორგანიზება იგივე ბახმუტის დასავლეთი რაიონიდან.
13-27 მაისი: სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთში, ევროპელი ომის ექსპერტების განახლებული რუკა
დღეს რუსები ახორციელებენ შეტევებს ისე, რომ მნიშვნელოვანი, თავდაცვითი მოქმედებებისთვის ხელსაყრელი ტაქტიკური უბნები დაიკავონ. მათ გათვლა აქვთ თავდაცვაზე და ამზადებენ პოზიციებს, რათა შემდეგ ეტაპზე უკვე გარკვეული უპირატესობა ჰქონდეთ.
ოპერატიული პასუზის შემდეგ, ფაქტობრივად ომის მესამე ეტაპზე, გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი ძალები გადმოიყვანოს ისევ ოდესის მიმართულებით და დნესტრისპირეთის შეერთებაზე იბრძოლოს, თუმცა ეჭვი მეპარება ეს შეძლოს.
ზელენსკის მრჩეველმა პოდოლიაკმა დღეს, 27 მაისს საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვერავითარ ესკალაციას ვეღარ გამოიწვევს, რადგან „რუსეთის ფედერაცია უკვე იყენებს ყველაზე მძიმე არაბირთვულ შეიარაღებას უკრაინის წინააღმდეგ და „ცოცხლად წვავს ხალხს“. ის ქვეყნისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემების მიწოდებას კიდევ ერთხელ ითხოვს. რატომ ვერ აწვდიან უკრაინას შესაბამის შეიარაღებას, თქვენი ინფორმაციით?
რეაქტიული ცეცხლსატყორცნი სისტემა „სოლნცეპეკი“ (TOS-1) არის ზალპური ცეცხლის სისტემა, რომელიც ცეცხლგამჩენ რაკეტებს ისვრის და გამოიყენება ღიად მდებარე მოწინააღმდეგის, ქვეითის და ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ. რუსეთი იყენებს, ცხადია, რეაქტიულ და ლულიან არტილერიას, ეს არის მისი უპირატესობა. უკრაინას ნამდვილად სჭირდება გარდატეხის შეტანა ამ მიმართულებით.
რუსეთი ისევ გადავიდა მეთოდურ განადგურებასა და „გადამწვარი მიწის ტაქტიკაზე“, როცა არტილერია აბსოლუტურად მიწასთან ასწორებს ყველაფერს და უკრაინელების დასაცავი აღარაფერი რჩებათ.
უკრაინის სამხედრო აღჭურვილობის რესურსი, ბუნებრივია, გაუმჯობესდება „ლენდ ლიზის“ სრულად ამუშავების შემდეგ და დაწყებულია უკვე ეს მიწოდება. უკრაინას მიღებული აქვს იგივე ბრიტანული ხომალსაწინააღმდეგო საშუალებები და „ნეპტუნებთან“ ერთად რუსები 200 კილომეტრზე ახლოს ვერ უახლოვდებიან მათ ნაპირს, ეშინიათ. მაგალითად, „ჰარპუნსაც“ სახმელეთო ბაზირებით 140 კილომეტრამდე, ხოლო ხომალდიდან, ან თვითმფრინავიდან 220 კილომეტრი აქვს მოქმედების რადიუსი, მაგრამ არის საკმაოდ ძლიერი და ზუსტი. ის 1977 წელს არის გამოშვებული და დღემდე მიიჩნევა, როგორც ეფექტური საშუალება. „ჰარპუნის“ მიღებაც გააძლიერებს უკრაინის სანაპირო დაცვას.
თუმცა რასაც დღეს იღებს უკრაინა, ეს არის უფრო დანაკარგების შევსება. ახალი დანაყოფების ფორმირებისთვის და იმისთვის, რომ მან ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა შეძლოს, მთლიანად ნატოს სტანდარტის შეიარაღება სჭირდება. უკრაინას მინიმუმ 3 თვე მაინც დასჭირდება, რომ მოემზადოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის.
ეთანხმებით ბრიტანეთის დაზვერვას იმაში, რომ „რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში თავისი საჰაერო-სადესანტო ძალების სწორად გამოყენება, რამაც ის ბევრ ელიტურ დანაყოფში სერიოზულ დანაკარგებამდე მიიყვანა“?
დიახ, ასეა. ჩვენ ვხედავდით, რომ რუსები ვერ ომობდნენ ქალაქში, ღამით ვერ ომობდნენ. დესანტების შემთხვევაში კი, საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდა, რომ მედესანტეებს იყენებდნენ, როგორც ჩვეულებრივ ქვეითებს. ეს ხდება იმიტომ, რომ ქვეითები არ არიან მზად საომარი მოქმედებებისთვის და იყენებენ მედესანტეებს, მათ შორის, თავისი აღჭურვილობით. მედესანტის მანქანა არის ალუმინის, რომელიც იცავს ტყვიებისგან და ნამსხვრევებისგან, მოიერიშედ როცა გამოიყენებ დასახლებულ პუნქტში, ან ჩასანგრებული მოწინაღმდეგის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს არაა რეკომენდებული, მაგრამ ქვეითი ვერ ომობს და იძულებული ხდებიან, ეს გააკეთონ.
წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ რუსეთი დაიწყებდა ვაჭრობას. რუსეთმა უკრაინას უკვე შესთავაზა სურსათით დატვირთული გემებისთვის უსაფრთხო დერეფნის მოწყობა, რომ უკრაინამ ექსპორტი შეძლოს. სამაგიეროდ, მოითხოვა რუსეთისთვის სანქციების მოხსნა. თქვენი აზრით, ომის მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლება მსგავს შეთავაზებებს დათანხმდეს უკრაინა?
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, როგორი იქნება უკრაინაზე ზეწოლა დასავლეთის მხრიდან. არის ვერსიაც, რომ ბრიტანეთიდან შევლენ საზღვაო ხომალდები და ისინი უზრუნველყოფენ იგივე ხორბლის დატვირთული გემების ექსკორტირებას უკრაინიდან. რუსეთი, ცხადია, ეცდება, რომ გარკვეული ვაჭრობა დაიწყოს, ცხადია, რომ რესურსი ეწურება და მაქსიმალურად შეამცირებს შეტევით ოპერაციებს.
რესურსების ნაკლებობას აჩვენებს ისიც, რომ ბოლო დღეებში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში მოძველებული საბჭოთა Т-62 ტანკების შეყვანა დაიწყეს?
დიახ, ეს ერთმნიშვნელოვნად არის რესურსის კლება. რუსეთს აქვს თანამედროვე ტექნიკის რესურსის პრობლემა, რადგან მათი დიდი ნაწილი განადგურდა, ან სარემონტოა, ან მაკომლექტებელი ნაწილები, რაც სჭირდება ტექნიკას, მისი შეტანა ევროპიდან ვეღარ ხდება, მაგალითად, ფრანგული სამიზნე საშუალებების და სატანკო მანძილმზომების.
რაც შეეხება საბჭოთა ტექნიკას, ძალიან დიდი რესურსი აქვს რუსეთს და, როგორც ჩანს, გახსნეს ახლა უკვე ეს მარაგები. დასაწყობებულ, ძველ ტექნიკას ასე პირდაპირ ომში ვერ გაუშვებ, მას საგანგებო, ტექნიკური პროცედურის გავლა სჭირდება. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ადგილობრივი ზემდეგები და საწყობების პერსონალი იმ საწყობებშიც ტანკებს ბევრ ნაწილს მოხსნიდნენ და გაყიდდნენ, ეს ჩვეულებრივი წესია რუსებისთვის.
თქვენი აზრით, რა ელის პუტინს? სხვადასხვა ვერსია არსებობს, თუ რა შეიძლება დაემართოს, ან დამართონ პუტინს. მაგალითად, MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის, რიჩარდ დირლავის ვარაუდით, პუტინი მომავალ წელს სანატორიუმში იქნება და ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა კი თქვა, რომ იყო პუტინის მოკვლის მცდელობა კავკასიელთა მხრიდან.
ჩემი აზრით, პუტინი ამ ომს გააგრძელებს, არ ვამბობ, რომ შეტევას განაგრძობს, მაგრამ ომს გააგრძელებს და მოპოვებულ ტერიტორიებს დაიცავს. პუტინმა რუსეთი ძალიან მძიმე ვითარებაში შეიყვანა და ის ახლა რუსეთსაც აღარ აწყობს. ვფიქრობ, პუტინის შეცვლა რომ მოახერხონ, მისი შემცველიც არ იქნება კარდინალურად განსხვავებული და შეეცდება არჩეული ვითარება შეინარჩუნოს, ოღონდ ეცდება ომი აღარ იყოს და სანქციები აირიდოს.
შესაძლებელია, თავად უკმაყოფილო სამხედროები მიუბრუნდნენ პუტინს და აღარ დაემორჩილონ?
შესაძლებელია, გააჩნია შიგა დუღილის პროცესი საით წავა, სამხედროები შესაძლოა გამოიყენონ ამის განსახორციელებლად. მეთოდი შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური მოშორება, ასევე გადატრიალება. გახსოვთ ხომ, გადამდგარმა გენერლებმა წერილი რომ მისწერეს პუტინს და ომის შეწყვეტა სთხოვეს, ისინი საკმაოდ გავლენიანი გენერლები არიან სამხედრო და პოლიტიკურ წრეებშიც. ასევე ვიცით, რომ გადააყენეს გენერლების ნაწილი პირველი არმიის, მეექვსე არმიის, შავი ზღვის ფლოტის და ასე შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, დადებითად არ მოქმედებს და შიშს იწვევს. სამხედროები ხედავენ ომის უპერსპექტივობას, თუმცა მათ დღეს აწყობთ ომის გაჭიანურება – ომის პირობებში მტყუან-მართლის გარკვევას არავინ დაიწყებს – მათ დასჯის ეშინიათ, თავი უნდა გადაირჩინონ.
ამასობაში, უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი დაიღუპა – გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი. ბიბისის ინფორმაციით, მოიერიშე სუ 25, რომელსაც გადამდგარი გენერალი მართავდა, უკრაინელებმა პოპასნაიასთან ჩამოაგდეს. თქვენ როგორ გაიგეთ, რა მოხდა?
არ ვიცი, რა უნდოდა გადამდგარ გენერალ-მაიორს სუ 25-ში, ბარეღამ ტანკში დამჯდარიყო. ეს არის მოიერიშე თვითმფრინავი, ახლო მანძილის და ცხადია, ძალიან მოწყვლადია, დიდია მისი ჩამოგდების შესაძლებლობა. რატომ გამოიძახეს გადამდგარი გენერალი, მფრინავები აღარ ჰყავთ, თუ რა არის, ვერ ვხდები.
ახალწვეულების გაწვევით, ანუ ფარული მობილიზაციისგან რა შედეგი მიიღო რუსეთმა?
გაზარდეს დაჯგუფების რესურსი დაახლოებით 10 – 15 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფით, თუმცა ეს უფრო არის ჯამური მაჩვენებელი სხვადასხვა მიმართულებიდან რაც შეავსეს, ახალწვეულებს სჭირდებათ მინიმუმ 4 თვე, რომ ომში წავიდნენ.
ექსპერტების მონაცემებით, რუსეთს ჰყავდა 300 ათასამდე მომზადებული რეზერვი, რამდენია შეყვანილი და რამდენი არა, კონკრეტული ციფრი არ არის ცნობილი, თუმცა ჩემი ინფორმაციით, რუსეთს კონსერვაციიდან მოხსნილი ტექნიკით დაახლოებით 20 -25 საბატალიონო, ტაქტიკური, მექანიზებული დანაყოფის შექმნა შეუძლია.
ფაქტობრივად აღარაფერია დარჩენილი რუსეთის 58-ე არმიდან, რომელიც იყო ყველაზე თანამედროვე ჯავშანტექნიკით აღჭურვილი, 2018 წელს მიიღო ახალი აღჭურვილობა და მძიმე დანაკარგები აქვს. შესაბამისად, რუსეთი დღეს ახერხებს ამ დანაკარგების შევსებას და არა გაძლიერებას.
ჟურნალმა TIME-მა 2022 წლის ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის, მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებთან, აქტივისტებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინული მედიაგამოცემა Українська правда-ს [„უკრაინსკა პრავდა“] მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევა დაასახელა. იგი, „ბათუმელების“ მკითხველს უკრაინული მედიის მხარდასაჭერი კამპანიიდან – #უკრაინულიმედიისთვის ახსოვს.
სევგილი იყო უკრაინული მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ქართველებს მოკლე ვიდეომიმართვა ჩაუწერა, სადაც უკრაინული მედიის წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევებსა და დახმარების აუცილებლობაზე ჰყვებოდა და მადლობას უხდიდა ყველა ქართველს, ვინც დონაციის კამპანიაში იღებს მონაწილეობას.
TIME სევგილ მუსაიევას შესახებ
ევროპაში ამ საუკუნის ყველაზე სისხლიან ომში, უკრაინა იბრძვის თავისი მომავლისა და არსებობის უფლებისთვის. სევგილ მუსაევა – ტოპ დამოუკიდებელი მედიაგამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მთავარი რედაქტორი, უზრუნველყოფს, რომ მისმა გამოცემამ დაფაროს ამ კონფლიქტის ყველა ასპექტი.
„უკრაინსკა პრავდა“, რაც „უკრაინულ სიმართლეს“ ნიშნავს, თავისი ჟურნალისტიკით დღეში 4 მილიონამდე ადამიანთან აღწევს, რაც მას ომის შესახებ ინფორმაციის აუცილებელ წყაროდ აქცევს, როგორც უკრაინაში, ასევე მათთვის, ვინც ადევნებს ამბებს საზღვარგარეთიდან. სევგილ მუსაიევას ხელმძღვანელობით, „უკრაინსკა პრავდას“ ჟურნალისტები აშუქებენ ყველაფერს რუსეთის ომის დანაშაულებიდან უკრაინელ სამოქალაქო გმირებამდე, ისევე როგორც აქვეყნებენ ოლიგარქების იახტებისა და თვითმფრინავების ექსკლუზიურ სიებს.
„უკრაინსკა პრავდა“ ამ ომში ფანჯარას უხსნის ხალხს რუსეთში, სადაც საიტი აკრძალულია. ომის პირველ კვირებში მისი რუსულენოვანი Telegram არხის გამომწერების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა. მათი საქმიანობა დაუღალავია და მუსაიევა ხშირად ტირის.
„შეგრძნება მაქვს, რომ ცხელი ხაზი ვარ“, – უთხრა კიევიდან მუსაიევამ TIME-ს. ყოველდღიურად 100-ზე მეტ შეტყობინებას იღებს ინფორმაციითა და დახმარების თხოვნით. მუსაევამ, რომელიც ყირიმში, ამჟამად რუსეთის მიერ უკუპირებულ რეგიონში გაიზარდა, ძალიან კარგად იცის რა ძალა აქვს მის გუნდს სიმართლის დოკუმენტირებით: „ერთ დღეს უკრაინა თავისუფალი იქნება“.
Українська правда – „უკრაინსკა პრავდა“
უკრაინაში პირველი ციფრული მედიაა. ის 2000 წელს დააარსა ჟურნალისტმა გიორგი ღონღაძემ, რომელიც მთავრობისადმი შეუპოვარი კრიტიკით გამოირჩეოდა და რომელიც, როგორც მოგვიანებით გამოძიებამაც დაადგინა, უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა.
„უკრაინსკა პრავდა“ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინმედიაა და 2022 წლის იანვრის მონაცემით, თვეში 38-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. გამოცემა აერთიანებს ექვს მედიაპროექტს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ევროინტეგრაციაზე, ისტორიასა და ცხოვრების სტილზე. ისტორიულად, რედაქცია ცნობილია უკრაინაში პოლიტიკური კორუფციის გამოძიებით. 2021 წლიდან, „უკრაინსკა პრავდა“ აქტიურად აძლიერებს ვიდეო-გამოძიებების მიმართულებას. გამოცემის გამოძიებების უმრავლესობა უკრაინულ მედიასივრცეში ექსკლუზიურია.
#უკრაინულიმედიისთვის საქართველოში
კამპანია მედიის მხარდასაჭერად უკრაინულმა ორგანიზაციებმა ომის პირველი დღეებიდანვე წამოიწყეს და მასში მალევე ჩაერთნენ დასავლეთის გავლენიანი მედიასაშუალებები და ფონდები. მედია ყველა ქვეყანაში ერთიანდება იმისთვის, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა გადაარჩინოს. ამ კამპანიას „ბათუმელები & ნეტგაზეთიც“ უერთდება.
ეს არის უკრაინული მედიის მხარდასაჭერი კამპანია, რომლის მიზანიც ომში მომუშავე ჟურნალისტების დახმარებაა და რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია – მოქალაქეებს, ცალკეულ ჟურნალისტებს, მედიასაშუალებებს, ორგანიზაციებსა თუ ბიზნესკომპანიებს – ყველას, ვისაც თავისუფალი სიტყვისა და ინფორმაციის მნიშვნელობა ესმის და ესმის, თუ რამდენად სასიცოცხლოდ აუცილებელია ის ომის პირობებში.
_________
მთავარი ფოტო: Vladimir Sindeyeve—NurPhoto/Getty Images
ბათუმის უმეტეს ქუჩაზე ზებრა გადასასვლელები წაშლილია.
ქუჩებზე ზებრების დახატვა, ასევე გამყოფი ხაზების დახაზვა ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ მოვალეობაში შედის.
ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს „დახაზვითი სამუშაოები“, რომელიც დაახლოებით 3-4 თვეში დამთავრდება.
„დამოკიდებული ვართ ამინდზე. ამასთან, სამუშაოები მიმდინარეობს ღამით, რომ მოქალაქეებს არ შევუქმნათ დისკომფორტი.
ამ წუთას დახაზულია ხიმშიაშვილის ქუჩა მთლიანად, როგორც ზებრა გადასასვლელები, ასევე გზაგამყოფი ზოლები ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩაზე, ასევე პუშკინის ქუჩაზე მალე მთლიანად დასრულდება“, – განმარტეს ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ პრესსამსახურში.
წაშლილი ზებრა გადასასვლელი ლერმონტოვისა და გიორგი ბრწყინვალეს კვეთაში
ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის №42-ში 15-სართულიანი სასტუმროსმშენებლობა თითქმის დასრულებულია. ფასადი ლურჯი შუშით უკვე შეფუთეს, მიმდინარეობს მოპირკეთების სამუშაოები. შენობის ექსტერიერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტობრივად, აქ ბოლო დეტალებზე მუშაობენ. შენობა ჯერ ისევ სამშენებლო ღობით არის შემოსაზღვრული, პერიოდულად შეაქვთ სამშენებლო მასალები და გამოაქვთ ნარჩენები.
„ბათუმელებმა“ ინფორმირებული წყაროსგან გაიგო, რომ კომპანია აქ სასტუმროს აშენებს და არა საცხოვრებელ კორპუსს, შენობას აქვს ღია ტერასა მე-15 სართულზე ქალაქის ხედით.
მშენებლობის ადგილზე გამოკრული არ არის საინფორმაციო დაფა, არც ნებართვის ასლი, რაც კანონის მოთხოვნაა. ბათუმის მერიაში კი ამ მისამართზე გაცემულ სამშენებლო ნებართვას ვერ პოულობენ, ვერც შესაბამის პროექტს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სასტუმროს უკანონოდ აშენებენ.
„გაცნობებთ, რომ ქ. ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქ.N42-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაცია ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში არ იძებნება“, – მოგვწერეს 18 მაისს ბათუმის მერიიდან.
მშენებლობის ადგილზე ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. კომპანიის წარმომადგენელმა ადგილზე გვითხრა, რომ ნებართვა აქვთ, თუმცა ის არ გვაჩვენა: „შევათანხმებთ კომპანიის დამფუძნებელს და დაგიკავშირდებით“.
ამ შეთანხმების შემდეგ ერთ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა კომპანიიდან არავინ დაგვკავშირებია.
აშენებენ თუ არა მერიის ადმინისტრაციული შენობიდან რამდენიმე კვარტალში 15-სართულიან სასტუმროს უკანონოდ? – ამის გადასამოწმებლად, გამოთხოვილი ინფორმაციის დაზუსტების მოთხოვნით ბათუმის მერიას განმეორებით მივმართეთ.
მერიაში განმარტეს, რომ აქ მხოლოდ პირველი კლასის სამუშაოზე აქვთ ნებართვა გაცემული [პირველი კლასის სამუშაო გულისხმობს ფასადზე კარის, ვიტრაჟის ან ფანჯრის შეცვლას, აივნის შეფუთვას მსუბუქი კონსტრუქციით].
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ შენობაზე, რომლის ნებართვასაც მერიაში ვერ პოულობენ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა ფასადის რეკონსტრუქცია შეითანხმა. როგორ? ყველაფერი კანონის შესაბამისადაა? – ამ კითხვებზე განმარტება თავად მერს პრესსამსახურის დახმარებით ვთხოვეთ, თუმცა განმარტება ვერ მივიღეთ.
2021 წლის 2 თებერვალს ბათუმის მერიამ გიორგი ბრწყინვალეს #42-ში შეითანხმა ფასადის მოპირკეთების ცვლილება და ე.წ. პორტიკის მოწყობის სამუშაოები წარდგენილი ესკიზური პროექტის მიხედვით [პორტიკი არის საყრდენი სვეტებით და თაღებით შექმნილი, სამი მხრიდან გახსნილი ნაგებობა. ჩვეულებრივ კეთდება მთავარი შესასვლელის წინ].
თანხმობის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს არჩილ ჩიქოვანი აწერს, მოთხოვნილი მშენებლობა განეკუთვნება I კლასის ობიექტს და არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. ამავე დროს მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიდასტურებთ, ქ. ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქ. #42-ში თქვენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში ფასადის მოპირკეთების ცვლილებას და პორტიკის მოწყობას, წარმოდგენილი ესკიზური პროექტის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
ესკიზი, რომელიც მერიამ 2021 წელს შეითანხმა
„ბათუმელების“ ინფორმაციით, რაც ვიზუალური მასალით დასტურდება, მშენებლობა გიორგი ბრწყინვალეს №42-ში 2017 წელს დაიწყო.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის №42-ში, 2016 წელს ერთი მცირე მასშტაბის შენობა და 7 დამხმარე ნაგებობა ფიქსირდებოდა [ჯამში 700 კვ.მეტრამდე]. 2017 წელს აქ დაარეგისტრირეს ექვსი სართული საერთო ფართობით – 3065.9 კვ.მეტრი. 2018 წლის ივლისში, ამონაწერში, იგივე საკადასტრო ერთეულზე ახალი ინფორმაცია გაჩნდა – 12 სართული საერთო ფართობით 4381 კვ.მეტრი. ამავე წლის ბოლოს კი ამონაწერი ისევ განახლდა, ამჯერად დააფიქსირეს 15 სართული საერთო ფართობით 5993.8 კვ.მეტრი, მიწის ნაკვეთის ფართობი კი 695 კვ.მეტრია. ამის შემდეგ ამონაწერი 2020 წელს განაახლეს, თუმცა შენობის ფართობი აღარ გაზრდილა.
იციან თუ არა მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე №42-ში მიმდინარე მშენებლობის შესახებ? – იციან. ამ მშენებლობამ ბათუმში საზოგადოების ყურადღება აქამდეც მიიქცია, როცა მშენებელმა თავისი პროექტის გვერდით, №14 საბავშვო ბაღის წინ, ტროტუარზე კერძო პარკინგი მოაწყო.
2020 წლის 4 მაისს ტროტუარზე მოწყობილ პარკინგთან დაკავშირდებით მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ კომპანია გააფრთხილეს და დღის ბოლომდე მისცეს ვადა იმისთვის, რომ ტროტუარს პირვანდელი სახე დაუბრუნოს: „წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება.“
მშენებლობის კანონიერებაზე უწყებას 2020 წელსაც ვკითხეთ. მაშინ გვიპასუხეს, რომ „არკვევენ.“ „ბათუმელებისთვის“ უცნობია, რა გაარკვიეს. ფაქტია, რომ აქ მშენებლობა გაგრძელდა და დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მერიაში ამ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.
სამეზობლო მიჯნაზე მცხოვრებლებმა მშენებლობა გიორგი ბრწყინვალეს №42-ში ბევრჯერ გააპროტესტეს, მიმართეს ქალაქის მუნიციპალურ ინსპექციასაც. გარდა ამისა, „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ მერიაში ყველა პასუხისმგებელი პირი მშენებლობის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენეს #14-ე ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლებმაც.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საბავშვო ბაღის თანამშრომლები ითხოვდნენ მშენებელს კედელი ბაღის კედლისგან მინიმუმ 1.5 მეტრით დაეშორებინა. თუმცა ვერაფერს გახდნენ. მერიას მათ მოთხოვნაზე რეაგირება არ მოუხდენია და მშენებელმა საკუთარი შენობის კედელი ბაღის ეზოს კედელს მიადგა.
როგორ ახერხებს კომპანია მშენებლობას ყოველგვარი ნებართვის გარეშე და უკანონოდ 2017 წლიდან დღემდე, უკვე მეორე მერის მმართველობის პირობებში? ვინ აფარებს მშენებელს ხელს და ხომ არ გვაქვს საქმე კორუფციულ გარიგებასთან?!
მერიიდან დამატებით მივიღეთ ასევე 2018 წლის ბოლოს გაცემული შეთანხმების დოკუმენტი, რომლითაც მერიის შესაბამისმა სამსახურმა გიორგი ბრწყინვალეს #42-ში უკვე არსებულ 15 სართულიან შენობაზე ფასადის რეკონსტრუქციის, მისი მოპირკეთებისა და ვიტრაჟების მოწყობის ნებართვა გასცა.
ესკიზი, რომელიც მერიამ 2018 წელს შეითანხმა
საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ბრწყინვალეს #42-ში შპს „ნიკალაა“ რეგისტრირებული. შესაბამისად, მშენებლობასაც ეს კომპანია აწარმოებს. კომპანია 2017 წელს ნელი მელაძემ დააფუძნა, 2021 წელს რეესტრის მონაცემებში შესული ცვლილების მიხედვით ის დირექტორად ფიქსირდება, ხოლო კომპანიის 100 პროცენტს გურამ ჯიმშერაძე ფლობს.
კიდევ ერთი საკითხი, რაც მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, უსაფრთხოებას ეხება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შენობის საძირკვლის პარამეტრები აქ შესაძლოა მისი სიმაღლესთან შესაბამისობაში არ იყოს. ცხადია, უსაფრთხოების საკითხი კვალიფიციური სპეციალისტების კვლევის საგანია.
საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, რუსეთს პატრიარქ კირილს 24 მაისს კირილობა მიულოცა. კირილს, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს და ამბობს, რომ რუსეთის „წმინდა საზღვრების დაცვა“ მსხვერპლს ითხოვს, ილია მეორემ ჯანმრთელობა და კეთილდღეობაც უსურვა მსახურებაში. რატომ არ შეიკავა ილია მეორემ ომის ფონზე მაინც თავი მსგავსი მილოცვისგან და ნიშნავს თუ არა ეს საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ომის ფარულ მხარდაჭერას? – „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.
ბატონო მირიან, როგორ შეიძლება გავიგოთ ილია მეორის სურვილები კირილის მიმართ იმ ფონზე, როდესაც კირილი აკურთხებს საზენიტო დანადგარებს და ტანკებს, რომელიც უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას, ქალებს და ბავშვებს ხოცავს?
ეს სიტყვები, რასაც ილია მეორე წერს, იმას ნიშნავს, რასაც პირდაპირი გაგებით გულისხმობს. მე თვალყურს ვადევნებ ხოლმე საპატრიარქოს გამოცემებს და ვხედავდი, რას აქვეყნებდნენ საპატრიარქოს უწყებაში ომის დაწყების წინ. რუსეთში არსებული მოსაზრებები უკრაინასთან მიმართებაში, ძალიან ახლოს დგას იმ მოსაზრებებთან, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გააჩნია. ჩვენი საპატრიარქო ფაქტობრივად, სრულად იზიარებს ყველა იმ მოსაზრებას უკრაინასთან მიმართებაში, რასაც რუსეთის საპატრიარქო ამბობს.
ჯერ საერთოდ არ ახსენეს ომი, უკრაინა, გარკვეულ ქვეყნებში მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტებიო – ასე თქვა პატრიარქმა და შემდეგ, როცა რამდენიმე სიუჟეტი გაკეთდა ამაზე და საზოგადოებრივი აზრიც გადაიხარა უკრაინისკენ, მაშინ წამოილუღლუღა რაღაც საპატრიარქომ და სულ ეს იყო, მორჩა.
ახლა, როცა სიტუაცია ისეთი ცხელი აღარ არის და საზოგადოების შიგნითაც დუღილი მეტ-ნაკლებად შეწყვეტილია, უკვე თავს უფლება მისცეს მსგავსი წერილი გაუგზავნონ კირილს.
როცა კირილმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და როცა ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის ჩატარებაზე დაიწყო საუბარი, მაშინ დაწერა საპატრიარქომ ეს განცხადება „გაუგებრობას ბადებსო“, მაშინ როცა, უნდა დაგმოს და თავზე დაამხოს ამის გამო ყველაფერი. მაგრამ არ მესმის იმ ადამიანების, ვინც ილია მეორისგან სხვა რამეს ელის. რუსეთში დაიბადა ეს ადამიანი, იქ გაიზარდა, რუსებმა გამოზარდეს, დანიშნეს და რუსეთით არსებობდა ყოველთვის.
გასაგებია, მაგრამ ისტორიული კონტექსტი, გამოცდილება, ხომ იწვევს ზოგჯერ ადამიანების, ინსტიტუციების ტრანსფორმაციას, საპატრიარქოსაც შეეძლო შეეცვალა პოლიტიკა, რაღაც გადაეფასებინა.
ფაქტია, რომ საქართველოს ეკლესიის სათავეში, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვაკუთხედს, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ჩვენი ისტორიული ინსტიტუტი, ფაქტობრივად, ჩვენ გვიზის სახელმწიფო სუვერენიტეტის არმცნობი ადამიანი სათავეში.
ილია მეორეს მოსაყდრე ავიღოთ, შიო, საშინელებაა მისი ქადაგებები. მისი თანაშემწეების კომენტარები არის ასლი იმისა, რასაც რუსები იძახიან. უბრალოდ, ამ ყველაფერს საპატრიარქო ამართლებს იმით, რომ თუ ისინი ასე არ მოიქცევიან, რუსები უარესს გაგვიკეთებენ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ ოსეთში თუ ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი გაიმართება, კირილი ამასაც მიესალმება და მიულოცავს. რუსები არანაირ დიპლომატიას და კორექტულობას არ იცავენ.
საპატრიარქოს ალბათ ჰგონია, რომ თუ ასე არ მოიქცევა ჩვენც ფრთოსან რაკეტებს დაგვიშენს რუსეთი. ან მიტაცებულ ტერიტორიებზე საეკლესიო დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ, რაც ტექნიკურად გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მაინც. მაგრამ მაინც ძალიან სამარცხვინოა ეს მილოცვები.
მილოცვის ტექსტი რომ ყოფილიყო უფრო დიპლომატიური, ოკუპაციის კონტექსტით და არა გულთბილი და მეგობრული, როგორც მიწერა, რა იქნებოდა მაშინ?
აი, მაგას ვფიქრობ მეც. საპატრიარქოში რაღაცნაირად უჭირთ ჭკვიანი ადამიანების მობილიზება – შეიძლებოდა, რომ ეს ტექსტი არ ყოფილიყო ასეთი შაბლონური, არამედ რაღაც კრეატიული და ორაზროვანი ვთქვათ.
ჩვენ ვიცით, რომ წმ. კირილე და მეთოდე, სლავი ქვეყნების გამაქრისტიანებლები იყვნენ, რომელთაგანაც ყველა არ არის მართლმადიდებელი. ამიტომ, შეიძლებოდა რაღაც უკეთესის გამოძერწვა, კალამბურის გაკეთება, მინიშნება, რომ პატივი სცეს რუსეთმა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, რომ ქრისტიანობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა ან მისი საზღვრები და ასე შემდეგ, მაგრამ არა, ამათ აირჩიეს ისევ ეს კომუნისტური ქვემძრომობა.
უნდა გითხრათ, რომ მხოლოდ ქართველები არ უყურებენ საპატრიარქოს ქცევებს კრიტიკულად, იგივე მსოფლიო საპატრიარქოს შიგნითაც აკვირდებიან და ვერ ხსნიან ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. არ ესმით, რატომ იქცევა საქართველოს პატრიარქი ასე, უბრალოდ, მათთვის ეს სრულიად ალოგიკური მომენტი და მოვლენაა.
როგორც ვიცი, წელს მხოლოდ სერბეთიდან, ჩეხეთიდან და საქართველოდან მიიღო კირილმა მილოცვა, დანარჩენი სამყარო ცდილობს გაემიჯნოს რუსეთს თავისი აგრესიული პოლიტიკის გამო, რატომ არსებობს ასეთი მიჯაჭვულობა საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს შორის?
საპატრიარქო არ გააკეთებს რამე ისეთს, თუ არ იცის, რომ ამას საზოგადოებს გარკვეული ნაწილი მაინც არ დაუჭერს მხარს. ეს არის მათი გათვლა.
ჩეხეთს და სლოვაკეთს რაც შეეხება, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობები ძირითადად აქ მცხოვრები ეთნიკური რუსების თავშესაფარია, ასე რომ ვთქვათ და რაღაცნაირად ეძვირფასებათ, ამიტომ არსებობს ეს მიჯაჭვულობა. იგივე სერბეთიც, რომელიც რუსეთს განიხილავს როგორც მის ისტორიულ მხსნელს ჯერ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და შემდეგ პირველი მსოფლიო ომის რეალებიდან, როდესაც რუსეთი ამ ომში სერბეთის გამო ჩაერთო. ეს რაღაცნაირი მადლიერებს გამოა.
სერბეთში კიდევ სხვა მომენტია, რადგან სერბების ეროვნული იდენტობა რელიგიურ ნიშნულზე გადის. თუ მართლმადიდებელი ხარ, მაშინ ხარ სერბი და თუ მუსლიმი ხარ, მაშინ ხარ ბოსნიელი. ცნობილი რეჟისორის, კუსტურიცას მშობლები არიან ბოსნიელები, რადგან მუსლიმები არიან, მაგრამ კუსტურიცა რადგან მართლმადიდებელი გახდა, არის სერბი. აი, ასეთი რაღაცაა – როცა იცვლი სარწმუნოებას სერბეთში, შენი ეთნიკური კუთვნილებაც იცვლება.
საქართველოშიც ხომ გვაქვს მსგავსი ნარატივი, რომ თუ ქართველი ხარ, მაშინ მართლმადიდებელი უნდა იყო?
კი, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ეს ასე არ არის გამჯდარი. ამ საკითხზე მეტი სამეცნიერო სტატია რომ იწერებოდეს, აუცილებლად გვეცოდინებოდა ერეკლეს და სოლომონის წერილები მუსლიმი მესხების შესახებ. როცა მესხეთის ტერიტორიების აღება დაიწყეს რუსებმა, ცდილობდნენ ადგილობრივი მოსახლეობა რელიგიური ნიშნით დაეყოთ. ყველა მართლმადიდებელი რჩებოდა რუსების მიერ აღებულ ტერიტორიაზე და მუსლიმები გაჰყავდათ. მაშინ წერდნენ ერეკლე და სოლომონი რუსებს, რომ ჩვენთან ყველა ქართველია, ვინც ქართული ენა იცის, მიუხედავად იმისა, რა სარწმუნოების არისო.
სარწმუნოების თემა 90-იანებში გამოგონილი, ანანია ჯაფარიძის მიერ კონსტრუირებული რაღაც ტერმინია, რომელიც შემდეგ გაიმეორა ყველამ და მოგეხსენებათ შემდეგ მედიაში ამას არავინ აღარ უღრმავდება.
როცა კირილი ამართლებს უკრაინაში ადამიანების, ძირითადად მართლმადიდებელი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას და ამბობს, რომ რუსეთის „წმინდა საზღვრების“ დაცვა სჭირდება, ამ დროს კი ილია მეორე მას კეთილდღეობას უსურვებს მსახურებაში, ეს ნიშნავს რუსული პოლიტიკის მხარდაჭერას?
მოცემულ სიტუაციაში ასე გამოდის. ამ მილოცვით და მისთვის ასეთი გუნდრუკის კმევით, გამოდის, რომ საპატრიარქოც მხარს უჭერს უკრაინაში წარმოებულ ომს და, ზოგადად, ამ ხედვას, რომ აღმოსავლეთ უკრაინა უნდა მიუერთდეს რუსეთს. ხომ ვამბობ, საპატრიარქოს შიგნით ისეთი ანტიუკრაინული კამპანია მძვინვარებდა ომის დაწყების წინ, რომ თვალებს არ ვუჯერებდი. ისეთი გამოგონილი მასალები იბეჭდებოდა საპატრიარქოს უწყებაში, რომ შოკის მომგვრელი იყო.
წერდნენ, რომ უკრაინელები თურმე მწვალებლები არიან, გამხლეჩნი ეკლესიის და ასე შემდეგ. და ეს არსად წასულა, მრევლის მეხსიერება ამაშია ისევ. სამწუხაროდ, მრევლის ნაწილსაც მიაჩნია, რომ უკრაინის კონფლიქტი სინამდვილეში ეს არის კონფლიქტი „გარყვნილ ამერიკასა“ და „წმინდა რუსეთს“ შორის და რუსეთმა „მადლობა ღმერთს რომ მოახერხა და დაიცვა იქ ტერიტორიები“, სადაც მართლმადიდებელი რუსები ცხოვრობენ და ეკლესიის შიგნითაც ბევრს სჯერა ამის გულწრფელად.
პატრიარქს, მის თანაშემწეს, შიო მუჯირს, შორენას, ყველას სჯერა ამის. ისინი არ განიხილავენ ამ ომს როგორც დიქტატურასა და დემოკრატიას შორის ბრძოლას, ისევე როგორც დანარჩენი ცივილიზებული სამყარო განიხილავს ამას, არამედ საპირისპიროდ. შესაბამისად, ასეთი მილოცვა შესაძლოა თითო-ოროლა სასულიერო პირმა გააპროტესტოს და ისიც გულში, მაგრამ უმრავლესობას ასე სჯერა.
თუ ასეთი მეგობრობა და პატივისცემა არსებობს ქართულ-რუსულ საპატრიარქოებს შორის, როგორსაც საპატრიარქო გვაჩვენებს, მაშინ ილია მეორეს ხომ შეუძლია ეს პატივისცემა ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის გამოიყენოს, შეახსენოს რუსებს, რომ როგორც თვითონ უწოდებენ – „ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის“ ოკუპაცია მიუღებელია? რატომ არ აკეთებს ამას?
რა თქმა უნდა შეუძლია. თუ ჩვენი მეგობარია და თურმე ასე ძალიან ვუყვარვართ რუსეთს, მაგრამ ასე ხომ არ არის სინამდვილეში. რეალურად, რუსეთისთვის ჩვენ ვართ რაღაც ველური საზოგადოება, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე.
საპატრიარქოს დელეგაციაც როცა ჩადის ხოლმე, მაშინაც აგრძნობინებენ, რომ ესენი თანასწორნი არ არიან.
უბრალოდ, როცა მთელი მსოფლიო გახლეჩის პროცესშია, რუსეთზე ასე ყელით მიბმა გაუგებარია, მაინც გაუგებარია. მაგრამ, ხომ ხედავთ, მთავრობა და ბატონი ბიძინა როგორი გადაფსკვნილია რუსეთზე და მზად არის სამარეში ჩაყვეს. იმიტომ, რომ ბიძინაც ბიოგრაფიულად და ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რუსი ოლიგარქია.
მე მგონი, მთავრობა რომ გვყავდეს უფრო რადიკალური, საპატრიარქოს პოზიციებიც სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ იცის, რომ ახლა ხსნილი აქვს ამ მხრივაც.
საერთოდ რომ დაწერილიყო ეს მილოცვა უკრაინის ომის ფონზე, მაშინ, როცა მოძმე ერად უკრაინელები მიგვიჩნევენ და არა რუსები, რა შეიცვლებოდა ამით?
მეც არ ვიცი, საერთოდ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ანგელოზის მილოცვის დღე, არ მესმის. ზოგადად, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ეს იუბილეები ამ ადამიანებისთვის. სახარებაში წერია, არ გაიკერპო საკუთარი თავიო და ესენი დაბადების დღეს ცალკე იხდიან პომპეზურად, მერე ანგელოზის დღეს ცალკე, ჯერ ახალი სტილით, მერე ძველი სტილით…
არც არაფერი არ მოხდებოდა ალბათ და ვფიქრობ უნდა მორიდებოდნენ კიდეც ომის ფონზე ასეთ მილოცვებს, მაგრამ ესენი ფიქრობენ, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთი გაიმარჯვებს და ფიქრობენ, რომ სწორ არჩევანს აკეთებენ. აი, ეს არის მთავარი ახსნა მაგათი ქცევის.
მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში რუსეთის საპატრიარქო უკრაინაში დაკარგავს ეპარქიებს და ეს ომი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, სამყარო გაიხლიჩება ორად. ევროპაშიც კი, ყველა ცდილობს რუსეთთან აღარ ჰქონდეს სამომავლოდ არანაირი შეხება, ვინც არ უნდა მოვიდეს პუტინის შემდეგ პრეზიდენტად. ჩვენ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვიაზრებთ და არც ვცდილობთ. ამის ფონზე ისევ მიწებებული ვართ რუსეთს და მივყვებით სამარეში.
„საქართველო შორდება ევროკავშირს და მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდება“ – სტატიას ამ სათაურით გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Figaro აქვეყნებს. სტატიის ავტორი ჟურნალისტი იზაბელ ლაზერია.
გამოცემის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაეგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და არ შეუერთდა სანქციებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „უსარგებლოდ“ მიიჩნევს.
გამოცემა წერს, რომ რუსეთი დონბასში კი აწარმოებს ცხარე ბრძოლებს, თუმცა რუსეთის ომი ყოფილი საბჭოთა კავშირის მიწებზე გრძელდება სხვადასხვა საშუალებით:
„პუტინის საჯარო, პირველი მტერი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ თავისი ქვეყანა, საქართველო, რეფორმების წყალობით დასავლეთის დემოკრატიულ ოჯახს დააახლოვა. 54 წლის სააკაშვილი ახლა ციხეში ნელი სიკვდილით კვდება. სააკაშვილი რეგიონის ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმარია“, – წერს Le Figaro
გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მის შეწყალებაზე თქვა უარი.
„ჩრდილში კი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელმაც რუსეთში დააგროვა ქონება და კრემთან კვლავ ახლო კავშირი აქვს“, – წერს ფრანგული გაზეთი.
მათივე განმარტებით, საბჭოთა წარსულგამოვლილი, პატარა საქართველო, სადაც 2000-იანი წლებიდან დასავლური დემოკრატია ვითარდებოდა, კვლავ დაბრუნდა მოსკოვის ორბიტაზე.
ამ დასკვნას Figaro ქვემოთ მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებს:
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიმართ საქართველოს გამოვლენილი „ნეიტრალიტეტი“ პუტინის კმაყოფილებას იწვევს.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაგმობაზე, უარი თქვა ასევე შეერთებოდა ევროპულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველომ ნება დართო რუსულ კომპანიებს, რომ თბილისში დამკვიდრდნენ ევროპული სანქციების გვერდის ავლით.
მოსკოვის მსგავსად, სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლები საქართველოშიც ერიდებიან უკრაინის „ომზე“ საუბარს და კრემლის პროპაგანდას ეწევიან.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობის გამო გააკრიტიკა.
განსხვავებული ხმების ჩასახშობად საქართველოში იგივე რეპრესიული მეთოდები გამოიყენება, როგორიც რუსეთში: კერძოდ, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელს, ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამწელიწად-ნახევრით.
რამდენიმე თვეში საქართველომ პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში 30-ე ადგილი დაკარგა და 89-ე ადგილზე ჩამოვიდა.
თბილისმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გასული წლის მარტში გააკეთა, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრები კი აძლიერებენ ევროპის კრიტიკას.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ le Figaro-ს სტატია გლუკსმანის შეკვეთილია.
რაფაელ გლუკსმანი 2005-2012 წლებში იყო იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი. 2018 წელს მან დააარსა ფრანგული მემარცხენე პარტია „Place Publique“. 2019 წელს გლუკსმანის პარტიამ სოციალისტურ პარტიასთან ერთად საერთო სია წარადგინა ევროპარლამენტის არჩევნებისთვის, რომლის პირველი ნომერიც თავად გლუკსმანი იყო.
დღეს, 27 მაისს, ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში, შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიაში“ აფეთქება იყო, რამაც გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება.
როგორც ფოთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, აფეთქების შედეგად არავის დაშავებულა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ ბალონმა გამოიწვია, თუმცა დეტალები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.
„ბათუმელები“ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ ხელმძღვანელს, გიორგი ნანავასაც ესაუბრა. მისი თქმით, ღუმელში შემთხვევით მოხვდა გაზის დაუჭრელი ბალონი, რომელიც ტემპერატურაზე აფეთქდა.
„ცეცხლი არ გაჩენილა, კვამლი რაც ჩანდა, ეს იყო საწარმოო მტვერი, რადგან შემთხვევით ღუმელში მოხვდა დაუჭრელი გაზის ბალონი. როგორც წესი დაჭრილი ჯართი იყრება ღუმელში, მაგრამ ეს ერთი ბალონი დაუჭრელი შეჰყოლია, სამწუხაროდ“ – ამბობს გიორგი ნანავა.
მისი თქმით, აფეთქების შედეგად არავის დაშავებულა. „არ უნდა მომხდარიყო ნამდვილად, მაგრამ მოხდა ასეთი შემთხვევა, ამიტომ გავაუმჯობესებთ ტექნიკურ ზედამხედველობას“ – გვითხრა მან.
____________
ფოტოზე: კადრი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალიდან
კი, გავუძლებთ. მთავარია, ყულფში არ მოგვაქციონ და ვიდგებით. ჩვენ ხომ „აზოვი“ ვართ.
გამაგრდი, მთელი უკრაინა იბრძვის.
2022 წლის მარტი. ასეთი მიმოწერა აქვს, მთელი კვირის განმავლობაში, „აზოვის“ პოლკის ვეტერანს, როლანა ბონდარენკოს, შვილთან – ვიტალისთან და რძალთან – ალასთან.
„ჩიტები, რომლებიც სულ ერთად არიან“
2014 წლის 15 ივნისს კრასნოგოროვკიდან ძველი „08“ გამოდიოდა. საჭესთან ვიტალი ტარანი იჯდა. სალონში ორი ქალი – დედა და საყვარელი გოგონა.
„ჩემმა შვილმა თქვა, რომ იქ არ დავრჩებოდით, რომ ის ამ ხელისუფლებისთვის არ იმუშავებდა, გაურკვეველ ხალხთან – მათ ყველას ვიცნობდით. ბევრი პრორუსი პროვოკატორი იყო. ვფიქრობდით, სად წავსულიყავით, „აზოვზე“ ვიფიქრეთ. ჩემმა შვილებმა – ვაჟმა და მისმა გოგომ გადაწყვიტეს, რომ დასახმარებლად უნდა წასულიყვნენ“.
ფიქრობდნენ, რომ მარიუპოლში ცოტა ხანს დარჩებოდნენ – მოხალისეები იქნებოდნენ ერთი-ორი თვე, ახალი წლისთვის კი ომი დამთავრდებოდა და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებოდნენ. თუმცა ამ დროში კრასნოგოროვკა დაიპყრეს, სახლის გზაც ჩაიკეტა.
ალა და ვიტალი/ფოტო Hromadske.ua
„აზოვში“ სამზარეულოდან დაიწყეს. შემდეგ ოფიციალურად გაფორმდნენ სამსახურში. ვიტალი ფინანსებს ხელმძღვანელობდა, ალა საქმეთა მმართველი გახდა. პოლკშივე დაქორწინდნენ და მარიუპოლში ვაჟიც შეეძინათ.
2022 წლის 24 თებერვალს სამშობლოს დასაცავად დადგნენ.
„მან გადაწყვიტა ჩემს შვილს გაჰყოლოდა. ძალიან უყვარდა. იმ ორ ჩიტს ჰგავდნენ, სულ ერთად რომ არიან – განუყოფელნი“.
„დღეს ჩამოვაგდეთ თვითფმრინავი, რომელიც გვბომბავდა“
ყოველ დილა-საღამოს როლანა შვილებისგან შეყტობინებას ელოდა. შეტყობინებები მოკლე იყო – „მოწყობაზე ვარ“, „დედიკო, აქ ვარ“ და ცოტა ვრცელებიც – „რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი, მაგრამ ახლა ვერ, სხვა დროს. დღეს თვითმფრინავი გვბომბავდა, ჩამოვაგდეთ. ძლიერი საბრძოლო განწყობა გვაქვს.“
როლანა შვილს ეუბნებოდა, რომ მეორე შვილიშვილს, გოგონას ელოდა მათგან. ის კი არწმუნებდა, რომ ალას უკვე ელაპარაკა და როგორც კი „აზოვსტალიდან“ გამოვლენ, კიდევ ბევრი შვილი ეყოლებათ.
4 მარტს დედამ შვილს მისწერა და პასუხი მიიღო:
ალყაში ხართ? როგორაა საქმე?
კი
ამის დედაც…
გამოვაღწევთ. ჩვენ ხომ „აზოვი“ ვართ.
შემდეგ, მთელი კვირა, ვიტალი კავშირზე აღარ გამოსულა. როლანა ღელავდა, წერდა და წერდა, პასუხი კი არ ჩანდა.
„არ ვიცოდი, ჩემი შვილი დაჭრილი იყო თუ არა, ეს ხომ ომია, ის კი – ოფიცერი. შემდეგ მომწერა – „დედა, აქ ვარ.“
ვიტალი არწმუნებდა, რომ სერიოზული არაფერი დამართნია – მალე კარგად იქნებოდა. როლანა გაუჩერებლად კითხულობდა შვილის მონაწერებს, რომლებიც ლამის დაიზეპირა:
„ყუმბარები დაგვიშინეს. ჩვენ ტანკი გამოვიყვანეთ. მეთაურმა ძალიან შეგვაქო, რომ პოზიციები არ მივატოვეთ. ბრძოლის ველიდან ჩემმა მეგობარმა და თანამებრძოლმა გამომიყვანა. უკეთ ვარ უკვე, ჭრილობები ხორცდება. ცოცხალი ვარ“.
„შემდეგ გავიგე, რომ ნანგრევებმა ჩაიტანა“
ვიტალის „აზოვსტალის“ მიწისქვეშა თავშესაფარში სახელდახელოდ მოწყობილ ჰოსპიტალში უმკურნალეს. ალა მაშინ საბრძოლო დავალებებს ასრულებდა და თვე-ნახევარი იყო, ქმარი არ ენახა. ბოლოს, როგორღაც მოახერხა, მეთაურობას დაეთხოვა და მის სანახავად წავიდა. ვიტალის „პალატაში“ ეძინა. როცა გაიღვიძა, თვალებს არ დაუჯერა.
„სიხარულისგან ვტიროდი და ის ცრემლებს მიწმენდდა. ვიტალი იწვა და მე იქვე ვიჯექი. არც კი მჯეროდა, რომ ვხედავდი.
ჭრილობების გამო წამოჯდომა ან წამოდგომა არ შეეძლო. ნივთები გავუმზადე და წყლის გაცხელება დავიწყე, რომ დამებანა და გამომეცვალა.
ვიტალი და ალა “აზოვსტალში”/ფოტო Hromadske.ua
უკვე ახალი, სუფთა ტანსაცმლით იწვა და ორი საათი მიყვებოდა ისტორიას, როგორ დაიჭრა. ასე ვიწექით, ერთმანეთს ვეხუტებოდით. ახლაღა ვხვდები, როგორ დავაკელით ერთმანეთს ჩახუტებაც და კოცნაც. ჩემი წასვლის დრო მოვიდა. გავემზადე: ჯავშანი, ჩაფხუტი, ავტომატი. ისროდნენ. ის დარჩენას მთხოვდა, ღელავდა ჩემ გამო. ახლა ვხვდები, რომ დავრჩენილიყავი, მეც მასთან ერთად მოვკვდებოდი.
ჩვენთან 4.5.0.-ა, თქვენთან რა ხდება? (4.5.0. უკრაინელი სამხედროების სლენგზე ნიშნავს „სიმშვიდეა“ რედ.)
მასთან მყოფებიდან არავინ ჩანდა ტელეგრამში. დანარჩენები შემოდიოდნენ, მე ვწერდი, კითხულობდნენ ჩემს შეტყობინებებს და არ მპასუხობდნენ. მერე გავიგე, რომ ისინი ნანგრევებმა ჩაიტანა.
სამი დღის შემდეგ მომწერა თანაბერძოლმა – „ძვირფასო, ის აღარაა, გამაგრდი“.
2022 წლის 15 აპრილს, 1:38 წუთზე, გული ამომგლიჯეს. ჩემო საყვარელო ღიმილის ბიჭო, შენ სამუდამოდ ჩემთან დარჩები.“
(ნაწყვეტი ალა ტარანინას დღიურიდან)
„ძალიან იწვალა?“
როლანა ბონდარენკოს 17 აპრილს დაურეკეს. ყურმილის მეორე ბოლოში ხმამ იკითხა – „სად ხართ ახლა? ვინაა თქვენთან ერთად?“. როლანამ უკვე იცოდა, რატომაც ურეკავდნენ. „ვეუბნები, მითხარით, გთხოვთ, ძალიან იწვალა? – მათ მითხრეს – არა, ბომბი იყო, აფეთქება და მორჩა.“
გული ისე შეეკუმშა, როგორც „აზოვსტალის“ გარშემო შემოჭერილი ყულფი. სადღაც, იქ, მისი შვილის სხეული იყო და სადღაც, იქ, მისი რძალი იბრძოდა. უკვე ქვრივის სტატუსით.
8 მაისს „აზოვსტალი“ ისევ დაბომბეს. თავშესაფრის ის სართული, სადაც ალა იმყოფებოდა, ჩაინგრა. ვიტალის სიკვდილიდან 24-ე დღეს ისიც დაიღუპა…
როლანა ბონდარენკო/ფოტო Hromadske.ua
„პუტინმა შვილები ხომ წამართვა, დამიხოცა, ახლა კი, ყველა ჩემი მეგობარი და ჩემი შვილების მეგობრებიც დახოცა და განაგრძობას ამის კეთებას. ჩემი ცხოვრება იქცა.. არც კი ვიცი, რად იქცა ჩემი ცხოვრება. ჯოჯოხეთად – ესეც კი არაა ზუსტი სიტყვა“.
როლანა ბონდარენკო თავს იკავებს, რომ არ ატირდეს. ძალები სჭირდება, შვილიშვილი დარჩა და კიდევ „აზოვი“, რომელსაც ის საკუთარ ოჯახს უწოდებს. დღეს კიდევ ექნება მიზეზი სატირლად – უნდა შეხვდეს ვიტალის საუკეთესო მეგობარს, რომელიც მას დედას ეძახის.
„აზოვი“ ჩემი ცხოვრებაა. მე მათ ყოვედღე ვწერ. თითოეულისთვის ვარჩევ სიტყვებს, ხან არც ვარჩევ. ვწერ, რასაც ვგრძნობ – ძალიან ბევრ ღიმილს და იმედს. და ვწერ იმაზე, რომ ისინი აუცილებლად გამოვლენ. იმედს არ ვკარგავ, რომ ვნახავ მათ. კვლავაც შევძლებ, ტელეგრამში ცოცხლებს მივწერო, მივწერო, როგორ მიყვარს და როგორ ველი. გოგონებს. მათ არ სძინავთ. არ სძინავთ. ვზივარ და ვლოცულობ, ყველა ღმერთს მივმართავ, მასწავლონ, როგორ დავწერო ისე, რომ არ ვატკინო.
ჯოჯოხეთში ვცხოვრობ.“
თარგმნა: თამარ რუხაძემ
მთავარი ფოტო: ვიტალი ტარანინი ცოლთან, ალა ტარანინასთან, ერთად/Hromadske.ua
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც, მისი თქმით, რუსული მძიმე რეაქტიული ცეცხლსატყორცნი სისტემა „სოლნცეპეკიდან“ (TOS-1) დაბომბვაა ასახული.
პოდოლიაკი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართვას, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვერავითარ ესკალაციას ვეღარ გამოიწვევს, რადგან „რუსეთის ფედერაცია უკვე იყენებს ყველაზე მძიმე არაბირთვულ შეიარაღებას უკრაინის წინააღმდეგ და „ცოცხლად წვავს ხალხს“. შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ქვეყნისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემების მიწოდებას კიდევ ერთხელ ითხოვს.
„ეს რუსული ცეცხლსატყორცნი სისტემა „სოლნცეპეკია“. ზოგიერთი პარტნიორი აუცილებელი შეიარაღების მოწოდებას თავს არიდებს ესკალაციის შიშით. ესკალაცია, მართლა? რუსეთის ფედერაცია უკვე იყენებს ყველა მძიმე არაბირთვულ შეიარაღებას უკრაინის წინააღმდეგ, ცოცხლად წვავს ხალხს. იქნებ დროა გვიპასუხოთ და მოგვცეთ MLRS (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემა)?“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.
This is 🇷🇺 Solntsepek flamethrower system. Some partners avoid giving the necessary weapons because of fear of the escalation. Escalation, really? RF already uses the heaviest non-nuclear weapons against 🇺🇦, burning people alive. Maybe it’s time to respond and give us MLRS? pic.twitter.com/6M1NFRw6xQ
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე პროექტს „მსახიობები ლიტერატურისთვის“ კომპანია სილქნეტი 27-28-29 მაისს წარადგენს. საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, საგანგებოდ მოწყობილი სცენა ყველა თაობის მსახიობს გააერთიანებს. ცნობილ ხელოვანებთან ერთად პროექტში მონაწილეობას მოზარდები მიიღებენ.
სამი დღის განმავლობაში მსახიობები ფესტივალის სტუმრებს გააცნობენ ქართველ და უცხოელ ავტორებს, ფესტივალზე წარდგენილ ახალ გამოცემებს, გაიმართება დისკუსია აქტუალურ თემებზე.
ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, პროექტის გარშემო, ოცდაათზე მეტი ხელოვანი მსახიობმა ნინო კასრაძემ გააერთიანა.
„მოხარულები ვართ, რომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე სილქნეტი უკვე მესამედ წარადგენს პროექტს „მსახიობები ლიტერატურისთვის“. ლიტერატურა საგანგებოდ არის შერჩეული. ვიმედოვნებთ, რომ ხელოვანების მიერ წაკითხული, გათამაშებული და საინტერესოდ გადმოცემული ესა თუ ის ნაწარმოები, განსაკუთრებულ გარემოს შექმნის და ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს ახლოს გაეცნონ ავტორებს და ადგილზე შეიძინონ წარმოდგენილი ლიტერატურა.“ – განაცხადეს სილქნეტში.
პროექტ „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ღონისძიებები გაიმართება 27-28-29 მაისს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილონში, 12:00სთ -დან 19:00 საათამდე.