მთავარი,სიახლეები

დრონების ომი – რა შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომში უპილოტო საფრენმა აპარატებმა

26.07.2022 • 2777
დრონების ომი – რა შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომში უპილოტო საფრენმა აპარატებმა

წყარო: BBC Україна

უკრაინაში ათასობით უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენება – მტრის პოზიციების გამოსავლენად, რაკეტების გასაშვებად თუ საარტილერიო ცეცხლის სამართავად. ორივე მხარე ფლობს სპეციალურად შექმნილ ლეტალურ სამხედრო დრონებს და უპილოტო აპარატებს, რომლებიც ფართო გაყიდვაშია.

  • რომელი უპილოტო საფრენი აპარატები აქვთ უკრაინასა და რუსეთს?

უკრაინის მთავარი დრონი თურქული წარმოების „ბაირაქტარ TB2-ია“. ის მცირე ვერტმფრენის ზომისაა, ბორტზე კამერები აქვს და ლაზერული მართვის ბომბებითაა აღჭურვილი.

რა არის ბაირაქტარი, რომელსაც უკრაინის „იმედის იარაღს“ უწოდებენ

„როდესაც ომი დაიწყო, უკრაინის ფლოტში 50-ზე ნაკლები ასეთი დრონი იყო“, – ამბობს ჯეკ უოთლინგი, Royal United Services Institute-ის წარმომადგენელი. მისი თქმით, რუსეთი, ძირითადად, უფრო პატარა „ორლან 10-ებს“ იყენებს.

ამ დრონებსაც აქვს კამერები და რაკეტების გაშვება შეუძლია.

„რუსეთმა ომი რამდენიმე ათასი ასეთი დრონით დაიწყო და სავარაუდოდ, ახლა მხოლოდ რამდენიმე ასეულიღა დარჩა,“ – ამბობს ჯეკ უოთლინგი.

  • რამდენად ეფექტიანია სამხედრო დრონები?

ორივე მხარისთვის უპილოტო საფრენი აპარატები ყველაზე ეფექტიანია მტრული სამიზნეების მოსაძებნად და საარტილერიო ცეცხლის სამართავად.

„რუსეთის ჯარებს შეუძლიათ, მტრისკენ მიმართონ საკუთარი იარაღი 3-5 წუთში მას შემდეგ, რაც უპილოტო „ორლან 10“ სამიზნეს მონიშნავს“, – ამბობს დოქტორი უოთლინგი. მისი თქმით, დრონის გარეშე იმავენაირ შეტევას 20 ან 30 წუთი მაინც დასჭირდებოდა.

რუსული “ორლან 10-ები”/ფოტო: EPA

დოქტორი მარტინა მირონი, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯში თავდაცვის საკითხების სპეციალისტია, მიიჩნევს, რომ უპილოტო აპარატებმა უკრაინას საშუალება მისცა, საკუთარი შეზღუდული ძალები უფრო ეფექტიანად გამოეყენებინა.

„წარსულში, მტრის პოზიციების მოსაძებნად, დაგჭირდებოდათ სპეციალური დანაყოფების გაგზავნა და შეიძლებოდა, ასეთი ოპერაციის დროს, საკუთარი ჯარის ნაწილიც დაგეკარგათ. ახლა მხოლოდ დრონს აგდებთ საფრთხეში,“ – განმარტავს მარტინა მირონი.

ვინ იყოს დრონის საუკეთესო უკრაინელი პილოტი, რომელიც ლუგანსკში დაიღუპა

უკრაინულმა „ბაირაქტარებმა“ ომის პირველივე კვირებში მაღალი შეფასება დაიმსახურა.

„ჩვენ დავინახეთ, როგორ ურტყამდნენ ისინი ისეთ სამიზნეებს, როგორიც საბრძოლო მასალების საწყობია და რამხელა როლი შეასრულეს „მოსკვას“ ჩაძირვაშიც,“ – ამბობს დოქტორი მირონი.

თუმცა ჯეკ უოთლინგი დასძენს, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ არაერთი „ბაირაქტარი“ გაანადგურა: „ეს დრონი შედარებით დიდია, შედარებით ნელი და მხოლოდ საშუალო სიმაღლეზე დაფრინავს, ამიტომ მათი ჩამოგდება რთული არაა.“

  • როგორ გამოიყენება არასამხედრო დრონები?

სამხედრო დრონები ძვირია – მილიონები ღირს, ამიტომაც, ორივე მხარე, განსაკუთრებით უკრაინა, პატარა კომერციულ მოდელებზე აკეთებს აქცენტს, ისეთებზე, როგორიც DJI Mavic 3-ია, რომელიც დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი ღირს.

უპილოტო საფრენის აპარატების ერთ-ერთი უკრაინული მწარმოებლის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაახლოებით 6 000 დრონი აქვს, თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია.

მცირე ზომის ბომბებით კომერციული დრონების აღჭურვაც შესაძლებელია, თუმცა მათი უპირატესობა მაინც მტრის პოზიციების აღმოჩენაა.

„უკრაინას არ აქვს იმდენი საბრძოლო მასალა, რამდენიც რუსეთს,“ – გვიხსნის დოქტორი მირონი. – „ამიტომ „თვალი ცაში“, რომელიც გამოავლენს სამიზნეებს და მიმართავს საარტილერიო ცეცხლს, მათთვის ნიშნავს, რომ უკეთ გამოიყენონ ის, რაც აქვთ“.

ასე გამოიყურება DJI Mavic 3/ სქრინშოთი კომპანიის სარეკლამო ვიდეოდან

თუმცა კომერციული დრონები სამხედრო აპარატებზე ნაკლები სიმძლავრისაა. DJI Mavic-ის მოქმედების რადიუსი 30 კილომეტრია და მას მხოლოდ 46 წუთი ფრენა შეუძლია.

უფრო იაფი და უფრო პატარა დრონი კი კიდევ ნაკლებ ხანს ჩერდება ჰაერში და ნაკლებ მანძილს ფარავს.

  • როგორ იცავენ თავს უპილოტო საფრენი აპარატებისგან?

სამხედრო დრონებისთვის რუსეთი რადიოლოკაციურ დაცვას იყენებს – კომერციულებისთვის კი ელექტრომოწყობილობებს.

„რუს სამხედროებს აქვთ „სტუპორი“, რომელიც ელექტრომაგნიტურ იმპულსებს ისვრის,“ – განმარტავს დოქტორი მირონი და დასძენს, რომ ელექტრომაგნიტური იმპულსი კომერციულ დრონებს GPS-ით ნავიგაციის შესაძლებლობას ართმევს.

მისი თქმით, რუსი სამხედროები ასევე იყენებენ ისეთ ონლაინსისტემებს, როგორიც მაგალითად Aeroscope-ია – აღმოაჩენენ კომერციულ დრონებს და მათსა და ოპერატორებს შორის კავშირს წყვეტენ.

ამ სისტემებს ასევე შეუძლია დრონის დამტვრევა, მისი ბაზაზე დაბრუნება ან მისთვის ინფორმაციის გადაცემის შეზღუდვა.

საშუალო სტატისტიკური უკრაინული უპილოტო აპარატი დაახლოებით ერთი კვირა მუშაობს.

  • ვინ აწვდის მხარეებს დრონებს?

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთი ირანისგან სამხედრო უპილოტო აპარატებს, Shahid-ებს ყიდულობს. სწორედ ამ დრონებს იყენებდნენ ჰუსიტების აჯანყებული ძალები საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

უკრაინას აშშ-ი დაახლოებით 700 სამხედრო აპარატს, „კამიკაძეს“ (Switchblade) აძლევს. ეს დრონი ასაფეთქებლებითაა დატვირთული და მანამდე დაფრინავს ჰაერში, ვიდრე სამიზნეს არ მიაგნებს. უკრაინული კომერციულ დრონებსა და მათ ოპერატორებს კავშირს კი ილონ მასკის Starlink-ი უზრუნველყოფს.

დღესდღეობით, კომპანია DJI-მ როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის დრონების მიწოდება შეაჩერა.

  • როგორ ყიდულობს უკრაინა დრონებს?

უკრაინამ 200 სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატის საყიდლად ქრაუდფანდინგი დაიწყო.

„TB2-ის მსგავსი დიდი ლეტალური აპარატების გარდა, ისინი ასევე ეძებენ შედარებით მომცრო მზვერავ ლეტალურ აპარატებს, უმოძრაო ფრთებით“, – ამბობს დოქტორი უოთლინგი.

უკრაინაში 20 მილიონი დოლარი შეაგროვეს სამი ბაირაქტარის საყიდლად

უკრაინისთვის ბაირაქტარის საყიდლად ნორვეგიაში ფულს აგროვებენ

ლიეტუველებს თურქულმა კომპანიამ დრონი უკრაინისთვის უფასოდ გადასცა

უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ, რომელმაც ბოლო „ევროვიზია“ მოიგო, თავისი ჯილდო 900 000 დოლარად გაყიდა და ეს ფული უკრაინული წარმოების დრონების შესაძენად გადარიცხა.

რას ჰყვება ბაირაქტარის პილოტი, რომელმაც კიევზე მტრის შეტევა შეაჩერა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: