მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება აზოვსტალელის ცოლი: „დაბრუნდნენ ხელების, ფეხების გარეშე, უსინათლოები”

02.07.2022
რას ჰყვება აზოვსტალელის ცოლი: „დაბრუნდნენ ხელების, ფეხების გარეშე, უსინათლოები”

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული თითქმის ყველა „აზოვსტალელი“ უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაშია – ამის შესახებ ტელემარათონის პირდაპირ ეთერში ისაუბრა ნატალია ზარიცკაიამ, რომლის მეუღლეც „აზოვსტალის“ დამცველი იყო და ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება.

„გაცვალეს 144 ადამიანი, მათგან 95 აზოვსტალის დამცველია. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ: ხელების ამპუტაცია, მხედველობის ნაკლებობა, ჭრილობები ორივე ფეხის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის არეში, მძიმე დამწვრობა… ბიჭები დაღლილები არიან. მაგრამ ბედნიერი“, – თქვა ზარიცკაიამ.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს და გაცვლის პროცესში ჩართულ ყველა აქტორს. ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ტყვეების სტატუსს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ მეშვეობით ადასტურებს.

„მე დამიდასტურეს, რომ ჩემი ქმარი სამხედრო ტყვეა. ის ელენოვკაში, ეგრეთ წოდებულ „დნრ“-ში იმყოფება. „აზოვსტალის“ ევაკუაციიდან ოთხი დღის შემდეგ მე დამიკავშირდა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელი ჟენევიდან და მითხრა, რომ მათ ჩემი ქმრის ქარხნიდან გასვლა დააფიქსირეს. ადრე მე ასეთი დადასტურება არ მქონდა. ახლა გაცვლას ველოდები“, – თქვა მან.

ქალმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი უხეშად არღვევს ჟენევის კონვენციას და არსებობს ამის მტკიცებულებები.

„ჩვენ არ შეგვიძლია მათთან დაკავშირება, ამანათების გაგზავნა, არ არსებობს ინფორმაცია მათი გადაადგილების შესახებ. მებრძოლები მძიმე მდგომარეობაში ბრუნდებიან. იყო გოგონა, რომელსაც ჯოხებით სცემეს. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვალებს უხვევენ ან თავზე ტომარას აცვამენ და ლაპარაკს უკრძალავენ“, – განაცხადა მებრძოლის მეუღლემ.

ჟენევის კონვენციის თანახმად, სამხედრო ტყვეებს უფლება აქვთ, ახლობლებს კვირაში ორჯერ დაურეკონ. „აზოვსტალის“ დამცველების ახლობლებს კი, მებრძოლების ხმა ქარხნის დატოვების შემდეგ თითქმის არ გაუგიათ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ტყვეთა ყველაზე ფართომასშტაბიანი  გაცვლა 29 ივნისს მოხდა: 144 უკრაინელი სამხედრო ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა, მათ შორის, აზოვის ჯარისკაცები. გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი 65 წლის იყო, უმცროსი – 19 წლის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: