ხეზე კვეთის თვითნასწავლი ოსტატი შუახევიდან – „ჩემი საყვარელი ხე ცაცხვია“

60 წლის ნოდარ მაკარაძე 30 წელზე მეტია ხეზე კვეთის ოსტატია. ის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურში ცხოვრობს. ნოდარს ხისგან ბევრი რამის დამზადება შეუძლია, თუმცა განსაკუთრებულ მნიშვნელობას პორტრეტებზე მუშაობას ანიჭებს.

მისი თქმით, პორტრეტზე ვერ იმუშავებს ხის ოსტატი, რომელიც ვერ ხატავს და ვერ გრძნობს სახის ნაკვთებს.

„ჩუქურთმის გაკეთება პორტრეტზე მუშაობასთან შედარებით ძალიან იოლია და ბევრიც აჩუქურთმებს ალბათ“, – ამბობს ნოდარი.

იგი გვიყვება, რომ ხეზე კვეთის მასწავლებელი არასდროს ჰყოლია. პირველად ხეზე ნაკვეთი ნამუშევრები 24 წლის ასაკში, ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ნახა შემთხვევით, სადაც ავტოინჟინერიას სწავლობდა.

„ვნახე თუ არა ხეზე ნაკვეთი ნამუშევრები, მაშინვე ვიყიდე ჩვეულებრივი სახრახნისი, გავლესე და ხეზე მუშაობა დავიწყე. არც კი ვიცოდი, რომ ხეზე კვეთის სპეციალური ინსტრუმენტები არსებობდა. მოგვიანებით უცხოეთში მოვხვდი და იქ აღმოვაჩინე ხის დამუშავების პატარა ინსტრუმენტები”, – ამბობს ნოდარი.

ნოდარ მაკარაძის ნამუშევარი

მისი თქმით, ხეზე მუშაობაზე გაწაფვის შემდეგ თვითონ დაიწყო საჭირო ინსტრუმენტების შექმნა და საკმაოდ ბევრიც დააგროვა.

ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო ინსტრუმენტები მოვლილი და ძალიან ბასრი იყოს, ამიტომაც, მუშაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რაიმე სახის დაზიანება რომ არ მიიღო.

„ავტოსაინჟინროზე სწავლისას მაკეტი უნდა შემედგინა. მაკეტზე კონტურების შემოვლებისას აღმოვაჩინე, რომ ხატვაც შემეძლო.

ქუთაისიდან შუახევში დაბრუნების შემდეგ არავისთვის მითქვამს, ხეზე კვეთა რომ ვიცოდი. ჩემთვის ვკვეთდი თავისუფალ დროს ხეზე“, – გვითხრა მან.

ნოდარის ნამუშევრები ყველას ძალიან მოეწონა და დაინტერესდნენ. მალე სოფელში თუ სოფლის გარეთ ნოდარი ხეზე კვეთის ოსტატად გაიცნეს.

ნოდარ მაკარაძე ამბობს, რომ ხეზე მუშაობას დიდი ნებისყოფა სჭირდება და ეს თვისება ან თავიდანვე უნდა ჰქონდეს ხეზე მკვეთს, ან კიდევ მუშაობის პროცესში გამოიმუშაოს. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ოსტატმა იცოდეს ხის აგებულება, რომელი ხის მასალა უნდა გამოიყენო რის დასამზადებლად და ა.შ. მისი თქმით, ზოგიერთ ხეზე ძალიან რთულია პორტრეტის გამოკვეთა. ასევე, ხის ნაზარდების საპირისპირო მიმართულებით თუ მუშაობ, ხე რთულად იჭრება, რაც ნამუშევრისთვის საბოლოო სახის მიცემას, მის გაწმენდას ართულებს.

„ჩემი საყვარელი ხე ცაცხვია. ცაცხვი ძალიან რბილია და სწრაფად მუშავდება. ცაცხვზე კვეთა ერთ ღამეში დამისრულებია, ნიგვზის ხეზე მუშაობისას კი 15 დღე დამჭირვებია.

სწორად შერჩეულ მასალაზე მუშაობა გიმარტივდება. მასალის შერჩევის შემდეგ ხის ზედაპირი კვეთისთვის უნდა მომზადდეს, გაითალოს და გასწორდეს. იმისთვის, რომ არ დავარღვიოთ პორტრეტის სიმეტრია, სანამ კვეთას დავიწყებთ, მისი ესკიზი უნდა მოვხატოთ ხეზე“.

ნოდარი პერიოდულად ხეზე სხვადასხვა ნახატს ხატავს.

ნოდარ მაკარაძე

ნოდარ მაკარაძე ახლა ოლადაურის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის და ხელოვნების მასწავლებლად მუშაობს და ხეზე კვეთის ცოდნას ძირითადად მეჩეთებისა და ეკლესიების რესტავრირებისთვის იყენებს. ჩუქურთმებს ახალ სიცოცხლეს სძენს. ამბობს, რომ ეს საქმე პორტრეტზე მუშაობას ჰგავს და ძალიან სათუთი სამუშაოა.

ნოდარ მაკარაძე ყველაზე დიდხანს, 3 თვე მუშაობდა „საიდუმლო სერობის“ მოჩუქურთმებაზე. მისი საყვარელი ნამუშევარი ღვთისმშობლის ხატია.

ნოდარი იხსენებს, რომ 90-იან წლებში ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდა და იძულებული გახდა ავეჯის შეკეთება დაეწყო, თუმცა 2015 წლიდან საერთოდ აღარ აკეთებს ავეჯს და გაყიდა დიდი დანადგარებიც, რომლებსაც ხის დამუშავებისთვის იყენებდა. მას სახელოსნო სახლში აქვს მოწყობილი.

ხის ოსტატი შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ასწავლიდა ერთი წელი ხეზე მუშაობას. მოსწავლეები ჰყავდა ოლადაურიდანაც. იგი ამბობს, რომ ადრე უფრო აინტერესებდათ ხეზე კვეთა:

„სოფლებში შედარებით ნაკლები მოსახლეობაა ახლა, მით უფრო ახალგაზრდები. 10 წლის წინ ყველას ძალიან აინტერესებდა ხეზე მუშაობის ტექნიკა და 20-30 მოსწავლეც მყავდა, რომლებსაც უფასოდ ვასწავლიდი.

მაშინ ხის კარგი ინსტრუმენტის შეძენა რთული იყო. ბევრი მოსწავლის მშობელს გაუჭირდა ხელსაწყოების ყიდვა,  ხეზე კვეთა რომ ესწავლათ ბავშვებს“.

ნოდარი დროებით აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახლ-მუზეუმშიც მუშაობდა, საიდანაც დაბალი ხელფასის გამო წამოვიდა.

ის გვიყვება, რომ ოლადაურის საჯარო სკოლაში მუშაობის დაწყებისას სასკოლო მუზეუმის ხელმძღვანელმა, არჩილ მაკარაძემ სამუზეუმო ნივთებს რესტავრირება სთხოვა, 1994 წელს კი ოლადაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დააფუძნეს.

„ჩემი ნამუშევრებიდან რისი გადარჩენაც შევძელი, ოლადაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. ეს მუზეუმი დღესაც მოქმედებს“, – ამბობს ნოდარი.

ნოდარ მაკარაძის ნამუშევარი

რუსეთმა ბრძოლის ველზე 50 წლის წინანდელი ტანკები გამოიყვანა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, 27 მაისის პოსტში, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პოპასნაიას ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ რამდენიმე სოფელი აიღეს, რუსეთის სახმელეთო ჯარები ცდილობენ ალყაში მოაქციონ სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი, თუმცა უკრაინული ძალები ინარჩუნებენ კონტროლს რამდენიმე სექტორზე და რუსეთს მთელი დონბასის დაკავების საშუალებას არ აძლევენ.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები კვლავაც ეცდებიან უკრაინის სამხრეთ ტერიტორიების ოკუპაციას.

„ბოლო დღეებში რუსეთმა, დიდი ხნით შენახული 50-წლიანი ტანკები, T-62-ები, უკრაინის სამხრეთით გადაიყვანა. T-62 დიდი ალბათობით ძალიან დაუცველი აღმოჩნდება ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების წინაშე. ბრძოლის ველზე მათი გამოჩენა, რუსეთისთვის თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი, ტექნიკის ნაკლებობაზე მიანიშნებს“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

26 მაისის განახლებაში დიდი ბრიტანეთის თავდაცვა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებზე წერდა და აღნიშნავდა, რომ რუსეთი არასწორად იყენებს ამ სამხედრო პოტენციალს, რამაც ის სერიოზულ დანაკარგებამდე მიიყვანა.

მთავარი ფოტო: რუსული T-62 რუსეთის სამხედრო ისტორიის მუზეუმში/Wikipedia

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 29 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 322 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 3246 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 623 ერთეული [+6]
  • MLRS – 201 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 206 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 170 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 503 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 115 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 226 ერთეული [+1]
  • სპეცტექნიკა – 48 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 180 თვითმფრინავი
  • 127 ვერტმფრენი
  • 1 027 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 324 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 281 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 438 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 693 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 218 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

ივანიშვილი ასამართლებს არა კონკრეტულ პერსონებს, არამედ დამოუკიდებლობის იდეას – ინტერვიუ

ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთ კომენტარზე საზოგადოების მწვავე რეაქცია გაახსენდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, როცა მას ვკითხეთ, სად ხედავს საზოგადოების მზაობას, დაიცვას დამოუკიდებლობის იდეა? ის პრემიერის ფრაზას იხსენებს: „ომი უკრაინაშია“, რაზეც საზოგადოებას მკაფიო პასუხი ჰქონდა, რომ ეს საქართველოს ომიცაა და პრემიერი „თავის საქმეებს“ ვეღარ დაუბრუნდება უკრაინის გვერდის ავლით.

ზვიად ქორიძისთვის ხალხის რეაქცია ამ კომენტარზე იყო გზავნილი, რომ საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარება არ გამოვა და ვერც დამოუკიდებლობის იდეის გაუფასურებას შეძლებს ვინმე.

ზვიად ქორიძე ხედავს დამოუკიდებლობის გამოწვევების გაზრდილ მასშტაბსაც, რომ ხელისუფლება ახლა ჩვენი სახელმწიფოებრიობის „დემოკრატიისგან გამოშიგვნას“ ცდილობს, დემოკრატიის გარეშე კი, ქვეყანა კიდევ უფრო დასუსტდება, სანდო პარტნიორებსაც დავკარგავთ და დამოუკიდებლობაც მეტად შეირყევა.

რამდენად გაიზარდა საფრთხე, რომ ვერ შევდგეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ? – ამ შეკითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესთან დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს.

  • ბატონო ზვიად, რამდენად ხედავთ საფრთხეს, რომ ვერ შევდგეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ? ამას გეკითხებით არამხოლოდ ქვეყანაში არსებული გამოწვევების გამო, არამედ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს პოზიციონირების გათვალისწინებითაც.

საზოგადოებისთვის, რომელიც იბრძვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის, მთავარი ამოცანა უნდა იყოს ამ დამოუკიდებლობის განვითარება და არა იმაზე ფიქრი და მუდმივი შიში, რომ დამოუკიდებლობას დავკარგავთ. ამიტომაც, ყველაზე მნიშვნელოვანია, გააძლიერო ინსტრუმენტები, რომელიც იცავს დამოუკიდებლობას. ჩვენ ძალიან ძლიერი პრაქტიკა გვაქვს და ძალიან მადლიერი ვართ იმ ხალხის მიმართ, ვინც 1918 წელს იპოვა ძალა და დააფუძნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ეს არის დამოუკიდებელი, ქართული სახელმწიფოს დაფუძნების პრაქტიკა, მაგრამ ამ სახელმწიფომ ვერ შეძლო ეარსება 3 წელზე მეტი და მას პრობლემა ბევრგან გაუჩნდა, რამაც დააზიანა ქვეყნის დამოუკიდებლობა. ცხადია, მაშინაც იყო საგარეო ფაქტორები და სამხედრო პროცესი, მაგრამ მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის ინსტრუმენტების გაძლიერების კუთხით რამდენად ერთსულოვანი იყო საქართველო მაშინ.

დღეს ზუსტად ამაზე უნდა ვისაუბროთ: რამდენად გვინდა ძლიერი იყოს ჩვენი დამოუკიდებლობა, მდგრადი და დაუმარცხებელი? – ასეთი ტიპის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი ამოცანაა პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რომელიც იცავს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ყველგან და ყოველთვის, დღისით და ღამით, სამსახურსა და სახლში, იცავს წესრიგის დაცვით, იხდის გადასახადებს და არის იმ სულისკვეთებით განწყობილი, რომ ეფუძნება თანასწორობის პრინციპს – თუ ადამიანები იქნებიან მიზანსწრაფულები, რომ არ დაჩაგრონ სხვები, ასეთი მოქალაქეებისგან შემდგარი სახელმწიფო იქნება ძალიან ძლიერი.

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია დემოკრატიული ინსტიტუციები და ამ ინსტიტუციების ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან.

მესამე ფაქტორია უზრუნველყო დამოუკიდებლობის მდგრადობა პარტნიორების პოვნით დემოკრატიულ სამყაროში, რადგან გამოწვევა მუდმივად ჩნდება, ავტორიტარები აჩენენ ხიფათებს, რამაც შესაძლოა დააზიანოს ქვეყნის დემოკრატიული ბუნება.

  • მესამე კომპონენტი დღეს ყველაზე აქტუალური ხომ არ გახდა, რადგან ახლა თუ რუსეთის ორბიტაზე აღმოვჩნდით, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შედგომის პერსპექტივაც გაქრება? 

ასე გვაქვს თვითრწმენა, რომ თითქოს ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა გადავაბარეთ შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, როგორც მთავარ პარტნიორებს. კი, ისინი ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვა, პირველ რიგში, არის ჩვენი საქმე. ეს არის ვალდებულება მოქალაქეების და მთავრობისა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუციისა, ეს ჩვენი საქმეა. ჩვენ პარტნიორები გვერდით დაგვიდგებიან, თუ არ ვუგანებთ იმ ღირებულებებს, რის გამოც ისინი ჩვენი პარტნიორები არიან.

ჩვენ გვესმის დღეს ადამიანებისგან, რომლებიც მმართველობაში არიან, რომ 9 აპრილის გარეშეც მოვიპოვებდით თავისუფლებას. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართაც არ იგრძნობა განსაკუთრებული პატივისცემა, ან თუნდაც მეორე პრეზიდენტის მიმართ, რადგან ბიძინა ივანიშვილი რაშიც პრინციპულად არ ეთანხმება მათ, არის ზუსტად გზა და ვექტორი, რომელიც ამ პოლიტიკოსებმა განსაზღვრეს და რომელ გზაზეც საქართველო დგას უკვე 30 წელია – დამოუკიდებლობის და დასავლური დემოკრატიის ოჯახის წევრობისა.

ვხედავთ, რომ ბრძოლა მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგაც არ არის სამართლებრივი ბრძოლა და ეს ანგარიშსწორებაა. მე დიდი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ანგარიშსწორება სააკაშვილის სახელმწიფოებრივი აქტივობებისთვის ხდება, იმისთვის უნდა აგოს პასუხი მესამე ხელისუფალმა, რაც მან გააკეთა ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ივანიშვილი შინაგანად მზად არის გაასამართლოს ყველა წინა მმართველი, მაგრამ ის ასამართლებს არა კონკრეტულ პერსონებს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას.

მან ბევრჯერ ისეთი გზავნილი მიაწოდა საზოგადოებას, რომელიც არის დამღუპველი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

  • მაგალითად?

როცა ადამიანს ეუბნები, რომ საერთოდ არ აქვს თავგანწირვას აზრი, ეუბნები, რომ სისულელე, უაზრობა იყო 9 აპრილი, როდესაც ადამიანებს ეუბნები, რომ მაინც არაფერი გამოგივა და ამ დროს ვხედავთ, რომ არ არის ეს ასე – ჩვენ ვუყურებთ ერთობით, ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობით და სახელმწიფოს ყველა ინსტიტუციის სრული გამართულობით, როგორ მეთოდურად უმკლავდება უკრაინა რუსეთს, მას უპირატესობაც აქვს ამ ომში. უკრაინაში იგრძნობა, რომ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ იცავენ ქვეყნის დამოუკიდებლობას და ეს არის ყველაზე დიდი რამ.

  • რას ემსახურება ეს მიდგომა, რომ თავგანწირვას არ აქვს აზრი – ვერ იაზრებს ხელისუფლება დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, თუ პირდაპირ კრემლის ხელს ხედავთ ამ პროცესში? 

რუსეთისთვის ზუსტად ესაა მისაღები, თუ საქართველო იქნება დაბეჩავებული ქვეყანა, არ იარსებებს დემოკრატიული ინსტიტუტები, იქნება სიღატაკე და არ იქნება სამართლიანობა. რუსეთში, მართალია, ისევ იქნებიან გარკვეული პოლიტიკოსები, რომლებიც ჩათვლიან, რომ საქართველო უნდა შეიერთონ და ჩვენი იყოსო ისევ იტყვიან, მაგრამ მთლიანობაში შესაძლოა, ეს არ იყოს გადამწყვეტი რუსეთისთვის.

როდესაც ივანიშვილმა თქვა, რომ ვერ გაიგო, რატომ იბრძოდნენ ახალგაზრდები, მაგალითად, 20 ივნისს, ის ვერასდროს იგრძნობს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამას აჯობებს ადამიანებს უთხრა, რომ ნუ გაგიჩნდებათ სურვილი, რაღაც ინსტიტუციების დემოკრატიისთვის იბრძოლო, ან სამართლიანი სასამართლო გქონდეთ, არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტით და იბრძოლე მხოლოდ იმისთვის, რომ შენი ყოფა იყოს დამაკმაყოფილებელი მინიმალური სტანდარტით.

სხვათა შორის, დღეს დამოუკიდებლობის იდეის და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი საპირწონე არის ეს: მოდი რა, ორი პარასკევი დაგრჩენია, მშვიდად ვიცხოვროთ, მთავარია, საჭმელი გვქონდეს. თუ ამ ნაწილში წინააღმდეგობა გადატეხა ხელისუფლებამ, მაშინ ის მოიგებს. თუ ხელისუფლებას დაუპირისპირდება მოქალაქეთა პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება და გაგება იმისა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა და დემოკრატია, მაშინ ვერაფერს გახდება ხელისუფლება. თუ ეს დავთმეთ, ეს იქნება საჩუქარი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომ მან დაამყაროს ავტორიტარული მმართველობა.

  • ფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობა არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ვერ შევდექით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ? 

დიახ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: რატომ გვყავს ხელისუფალი, რომელსაც ნაკლები პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოების წინაშე? ეს არ უკავშირდება მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილს. მანამდე გვყავდა გახარია, რომელიც ამბობდა, არანაირი კორუფცია, ხალხო, ეს „ქართულ-ჯიგრული პონტია“ და გვახსოვს 20 ივნისს როგორ გაუსწორდა ადამიანებს, როცა ის შს მინისტრი იყო.

მანამდე იყო გამოსვლები თავისუფლებისთვის, რადგან ეს არ იყო მხოლოდ პროტესტი კლუბ „ბასიანის“ გამო. ამ ხელისუფლების ნაწილია მამუკა ბახტაძეც, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაჩერებულიყო ანაკლიის პორტის პროექტი. ეს არის ხელისუფლება, რომლის ნაწილი იყო გიორგი კვირიკაშვილი – მან თქვა, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც არ არის სეკულარიზმის ადგილი, მან ერთი საჯარო განცხადებაც კი არ გააკეთა, როცა მისი პრემიერობის დროს ჟურნალისტს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და იმიტომ გააგდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, რომ იქ ეს ადამიანი სჭირდებოდათ.

მთლიანობაში ეს აჩვენებს იმას, ხელისუფლება როგორ ექცევა საკუთარ მოქალაქეებს. თუ მოქალაქეებში პასუხისმგებლობის გრძნობა დაეცა, მას ხელისუფალი ყოველთვის მოერევა და, შესაბამისად, მოერევა დამოუკიდებლობის იდეასაც. ჩვენ ხომ ფორმალურად დამოუკიდებლობაზე არ ვსაუბრობთ.

  • სად ხედავთ რესურსს, რომ დამოუკიდებლობის იდეის გაძლიერებას შევძლებთ? ჩვენ ვართ ისევ ღარიბი ქვეყანა ბევრი საგარეო ვალით და სუსტი ინსტიტუციებით: სასამართლო, მედია, სკოლა, ბიზნესი… 

ახლა ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ მიმაჩნია ის, რომ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეებს ჰქონდეთ მკაფიო პოზიციები. ამ პროცესში გამოჩნდება, რამდენად შეუძლია ჩვენს საზოგადოებას ატაროს დამოუკიდებლობა, როგორც ტვირთი.

  • ყველა კვლევაში ჩანს მოქალაქეების მკაფიო პოზიცია ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ და ევროპულ კურსზე…

ჩანს, მაგრამ საჭიროა მეტი მოქმედება. მაგალითად, როცა ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია, გვყავდეს სანდო და ძლიერი საგარეო პარტნიორები, ისინი მუდმივად გვეკითხებიან: რა გახდა თქვენს პატარა ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება? ამ სისტემას ხომ მხოლოდ მთავრობა არ აფუჭებს და მოქალაქეებიც მონაწილეობენ ამ სისტემაში? აქაც საუბარია ისევ პასუხისმგებლობაზე, რომ მივიღოთ სამართლიანი საარჩევნო სისტემა, რომელიც ობიექტურ სურათს მოგვცემს.

ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან წლებია სასამართლო სისტემის გაძლიერებაში, გვაძლევენ ფულს, გვიზიარებენ გამოცდილებას, გვასწავლიან, რადგან ყველა შემთხვევაში მოქალაქე ზარალდება. ჩვენს საქმეს რომც არ განიხილავდეს სასამართლო, ჩვენი მეგობრის, მეზობლის, თუ ახლობლის საქმეს განიხილავს, ან სრულიად უცხო ადამიანის, მაგრამ გვაწუხებს ის, რომ ვიცით, არ იღებს სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას.

საბოლოოდ, ასეთი სასამართლოსგან ხომ თავად მოსამართლეებიც ზარალდებიან? ისინიც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, რატომ თანხმდებიან ამას, ერქვათ მოსამართლე და ნუ მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებებს? მათ სწორედ მოშლილი აქვთ ყველაზე მთავარი – პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე.

  • ანუ გვაქვს დამოუკიდებლობის, როგორც იდეის პრობლემა? 

თავისთავად, დამოუკიდებლობის იდეა უკავშირდება დემოკრატიის ღირებულებებს, თანასწორობის პრინციპს და ნებისმიერი პრობლემა, რომელიც გვაქვს თანასწორობის სივრცეში, არის გამოწვეული პასუხისმგებლობის მინიმალიზებით, იმით, რომ ჩვენ რაღაცაზე ვხუჭავთ თვალს და გვგონია, რომ ასე თითქოს უფრო იოლია ცხოვრება. ამ დამოკიდებულებით სარგებლობს ხელისუფლება და ის ამას ყოველთვის ეცდება, რადგან მისი ამოსავალი წერტილი არაა საზოგადოების გაძლიერება, იცის, რომ ძლიერი საზოგადოება მას მოსთხოვს პასუხს.

ევროინტეგრაციის გზაზე კრიზისული მომენტი იმიტომაც გვაქვს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ დავუშავეთ დამოუკიდებლობას, დავუშავეთ და შემდეგ ხელისუფლებას ვერ მოვთხოვეთ პასუხი. ახლა მთავრობისთვის პრობლემაა იყოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რადგან როცა ეს სტატუსი გაქვს, ევროკავშირი უფრო ხისტად ერევა შენთან მიმდინარე პროცესებში, ეს არ უნდა ხელისუფლებას და პირდაპირ დაიწყო ევროპარლამენტის ცალკეული წარმომადგენლების შეფასება კრიმინალებად და კრიმინალების მფარველებად, საქართველოს ხელისუფლებას მათი მოშორება უნდა თავიდან.

  • თუმცა ევროკავშირი ამჩნევს, რაც ზელენსკიმ ერთხელ აღნიშნა საქართველოს შესახებ „ხალხი მთავრობაზე უკეთესიაო“. რა რესურსია ეს დამოუკიდებლობის იდეის გაძლიერებისთვის? 

ხალხს ხშირად უნდა ის, რაც უკეთესია. დარწმუნებული ვარ, უნგრეთშიც ხალხს უნდა უკეთესი მმართველი, ვიდრე ორბანია. რუსეთშიც ბევრს არ მოსწონს პუტინი და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ, ეს ადამიანები არჩევნებში არ მონაწილეობენ, ან სათანადოდ ვერ იცავენ ხმას, ან შემდეგ თავად მონაწილეობენ უკვე ძალაუფლების გაფორმების პროცესში. მთლიანობაში უპასუხისმგებლობის წრე იქმნება: მოქალაქე ამბობს, მე რაც შემეძლო, ვქენიო, ხელისუფლება კი, გვპასუხობს, რომ ძალაუფლება მომცეს და რასაც მინდა, იმას გავაკეთებო.

როდესაც აწყობ „5 ივლისს“, ამით ხიფათს უქმნი დამოუკიდებლობას, რადგან მხოლოდ კი არა აწყობ „5 ივლისს“, არამედ ძალადობას ახალისებ. გამოდის, რომ ეს არის შენი ყოფის სტანდარტული მდგომარეობა, რაც ვერ იქნება სტანდარტული ვითარება ევროკავშირისთვის. დამოუკიდებლობას დღეს ხიფათს უქმნის „20 ივნისი“, ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება და კორუფცია, პოლიტიკური ოპონენტების დევნა. როცა პოლიტიკური ძალის მთავარი გზავნილია ის, რომ უნდა გააქროს პოლიტიკური ოპონენტი, ეს არის პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი დამოუკიდებლობისთვის.

ჩვენ დღეს რაც უფრო დავშორდებით დემოკრატიულ განვითარებას, დავკარგავთ პარტნიორებს, ხოლო პარტნიორების დაკარგვა დამოუკიდებლობას კიდევ უფრო დაასუსტებს. ჩვენ შეიძლება ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა, შესაძლოა იგივე მთავრობა გვყავდეს, მაგრამ ეს იქნება ავტორიტარული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც არ ეყოლება არცერთი პარტნიორი დემოკრატიული სამყაროდან. ის იქნება სხვა, ძლიერი ავტორიტარული სახელმწიფოს ვასალი.

1918 წელს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი შედგა, საქართველოს საზოგადოებაში არავის ჰქონდა იმის განცდა და სურვილი, რომ განვითარებულიყო ავტორიტარიზმი და მიგვეღო პოლიტიკური დევნა, სასამართლოს უზურპაცია.

  • რომელიმე სხვა ქვეყანაში რა გამოცდილება არსებობს, როცა დამოუკიდებლობა პრაქტიკულად ვერ შედგა? 

დამოუკიდებელი ქვეყანა იყო და არის კიდეც კუბა, კუბა გვინდა რომ ვიყოთ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ ერთპიროვნულად და იმ ერთ ადამიანს არასდროს ექნება სურვილი, ფული დახარჯოს ქვეყნის განვითარებისთვის.

იმის გამო, რომ ავტორიტარი არის ქვეყნის სათავეში და უზრუნველყოფს ქვეყნის ჩამორჩენილობას და განუვითარებლობას, ასევე სიჩუმეს, იღებს რუსეთიდან ასიგნებებს. ასე რომ, დამოუკიდებლობა არის პრაქტიკა, ტვირთი, პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა თან გავიზარდოთ.

  • გავიზარდეთ? სად გამოჩნდა თქვენთვის ყველაზე ნათლად იგივე რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რომ საქართველოში ხალხისთვის დამოუკიდებლობის იდეა ძვირფასია? 

ყველაზე დამაიმედებელი ჩემთვის იყო ის მომენტი, როცა ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის დაწყების დროს თქვა, ჩემი საქმეები მაქვს, ომი უკრაინაში არისო. თქვენ ნახეთ, რომ ამ ნათქვამს მოჰყვა ძალიან დიდი რეზონანსი, რადგან ადამიანებმა იგრძნეს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის, პარტნიორების, ზოგადად სამყაროს წინაშე. ადამიანებმა უთხრეს პრემიერს, რომ ასე ვერ იქნება, რომ არ არსებობს სამყაროში სხვა ომი და არ შეიძლება ომს შეხედო, როგორც გამორჩენის სასურველ ფაქტორს. მოქალაქეებმა პრემიერის საპასუხოდ თქვეს მკაფიოდ, რომ არ შეიძლება უგანო დემოკრატიულ სამყაროში პარტნიორებს, უგანო მეგობარ ქვეყანას და შენივე ქვეყანას.

როცა ზელენსკის მოწოდება უნდა გაეკეთებინა, მთლიანად რუსთაველი გაიჭედა და პრეზიდენტი ზურაბიშვილი იძულებული გახდა მიემართა ხალხისთვის. ხომ შეიძლებოდა მანამდეც მისულიყო აქციაზე და მოედანზევე მიემართა, მაგრამ მას საკომუნიკაციო საშუალებებით ჰქონდა ჩართვა. ეს არის ზუსტად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.

მოქალაქეების მოქმედების და პროტესტის შედეგი იყო ისიც, რომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობაზე ხელისუფლებამ განაცხადი შეიტანა და მანამდე ამბობდნენ, რომ 2024 წლამდე ამას არ აპირებდნენ. ხელისუფლებას მოუწია იმის გააზრება, რომ ეს იყო უკვე მომენტი, რასაც მათ არ აპატიებდა საზოგადოება, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მაჩანჩალაც კი აღარ დავრჩენილიყავით, არამედ საერთოდ ამოვვარდნილიყავით სიიდან.

ჩვენი საზოგადოება იზრდება და იზრდება პასუხისმგებლობის განცდაც. რაც უფრო იზრდება პასუხისმგებლობის დონე, მით უფრო ხისტი ხდება ხელისუფალი – ივანიშვილს სურვილი უჩნდება, რომ გახედნოს საზოგადოება, ასწავლოს მას ჭკუა. საზოგადოება კი, ძალიან სწორად და მოთმინებით ითხოვს იმას, რაც არის მისი ამოცანა – მიიღოს ნორმალური გარემო ამ ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებელია.

საქართველოს ევროინტეგრაცია თავისთავად ნიშნავს იმ ფუნდამენტური ღირებულებების გაზიარებას, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს, მაგალითად, საფუძველშივე გამორიცხავს პროპაგანდისტულ ხრიკს, ლევან ბერძენიშვილს აკრძალოს ლექციების წაკითხვაო. თუ საზოგადოება ვითარდება დემოკრატიული განვითარების წესით, ასეთი რამ ერთ ადამიანსაც კი, არ უნდა მოუვიდეს თავში. შესაძლოა, ვერ ვთანხმდებოდეთ და გვქონდეს განსხვავებული აზრები, მაგრამ მოვსპო შენი აზრი, აჩვენებს იმას, რომ ვიღაც კარგად ცდილობს ტოტალიტარიზმის ბაცილა გაავრცელოს.

დღეს ივანიშვილი მაქსიმალურად ცდილობს გადავიდეს მოქმედებაზე და გამოშიგნოს დემოკრატიული შინაარსი, ის მეტად ჩაანაცვლოს ავტორიტარიზმით, რაც არის ყველაზე დიდი გამოწვევა.

  • რისთვის სჭირდება ეს ივანიშვილს და რას უპირისპირებს ამას საზოგადოება? დამოუკიდებლობის აღდგენიდან 31 წლის გავლის ეტაპზე რა გაფიქრებინებთ, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი ვერ შეფერხდება, თუ არ უნდა გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი? 

მე ოპტიმისტურ განწყობაზე ვრჩები, რადგან ვფიქრობ, რომ აქ ვერ შეძლებენ ტოტალიტარიზმის დამყარებას, ამას მოჰყვება მძაფრი რეაქცია ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. შესაძლოა, დღეს ბევრი ვერ გრძნობს ამ საფრთხეებს, ან თვლიან, რომ გაზვიადებულია საფრთხე. მგონია, რომ კრიტიკულ მომენტში თუ დარწმუნდა საზოგადოება, რომ დემოკრატიის გარემოს განადგურება უნდათ, ამას აუცილებლად შეეწინააღმდეგება.

  • არანაირად ამის საჭიროება არ არის ახლა, რომ ასეთი რისკიანი გზით ატაროს ხელისუფლებამ ქვეყანა, ივანიშვილსაც კი ამისი საჭიროება არ უდგას, რატომ შეიძლება წავიდეს ამ ნაბიჯზე, რომ ასეთი ტოტალური რისკი გაუჩინოს სახელმწიფოს? თუ ის წავა ამ ნაბიჯზე ბოლომდე, ის აუცილებლად მიიღებს მოქალაქეების პასუხს, ის ვერ შეძლებს დიქტატურის დამყარებას. დღეს არის მოცემულობა, როცა ხელისუფლებას შეუძლია თავის მმართველობის ციკლში დაუბრუნდეს დემოკრატიის ველს, შეეგუოს იმას, რომ დემოკრატიულ პროცესებში ვეღარ გაიმარჯვოს, მაგრამ დარჩეს პოლიტიკურ ველზე და ხელი შეუწყოს ქვეყნის პლურალისტურ, ნორმალურ განვითარებას.

საქართველოს დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი გარანტია არის მისი დემოკრატიულობის არსი. თუ საქართველო დაკარგავს დემოკრატიულობას, ის აუცილებლად დაკარგავს დამოუკიდებლობას და იქნება ქვეყანა, რომელიც შეიძლება ფორმალურად იყოს რუკაზე  განსხვავებული ფერის მქონე, მაგრამ აუცილებლად გახდება სხვა ავტორიტარული ქვეყნის ნაწილი.

ცხადდება კონკურსი მოსწავლეებისთვის საზაფხულო მედიასკოლაში მისაღებად

გაზეთიბათუმელები„ბათუმის ამერიკულ კუთხესთან“ ერთად აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეებისათვის საზაფხულო მედიასკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

საზაფხულო მედიასკოლის  მონაწილეები გაივლიან კურსს ჟურნალისტიკასა და მედიაწიგნიერებაში.

მედიასკოლის საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეისწავლიან ახალი ამბებისა და ვიდეო/ფოტომასალის მომზადებას, ინტერვიუს ჩაწერას, ციფრული მედიის სპეციფიკას, მედიაწიგნიერების ისეთ საკითხებს, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ..

პროგრამის მიმდინარეობისას მონაწილეები თავად მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს ტრენერების დახმარებით. მათ მიერ მომზადებული ნამუშევრები გამოქვეყნდებაბათუმელებისვებგვერდზე: batumelebi.ge.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს.

სწავლა უფასოა.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI და XII კლასის მოსწავლეებს აჭარიდან
  • კონკურსის მონაწილე უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარჩვევებს (ბეჭდვა, ელფოსტა, სოციალური ქსელები)

კონკურსში მონაწილეობისთვის გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 250 სიტყვა და მოგვიყევით, რატომ გინდათ მონაწილეობა საზაფხულო მედიასკოლაში) ელექტრონულ ფოსტაზე: schoolbatumelebi@gmail.com 

სათაურში (subject) ქართული შრიფტით მიუთითეთ: საზაფხულო მედიასკოლა და თქვენი სახელი და გვარი [მაგალითად: საზაფხულო მედიასკოლაანა დუმბაძე]. არასრული განაცხადი არ განიხილება. 

კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 7 ივნისი.

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით და შედგება გასაუბრება, რის საფუძველზეც შეირჩევა საზაფხულო მედიასკოლის 10-12 მონაწილე.

შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტს, რომელსაც გააზრებული აქვს დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობა და მისი გავლენა საზოგადოებაზე. 

შეხვედრები მედიასკოლაში შედგება კვირაში ორჯერ, შაბათკვირას. ტრენერები იქნებიან გაზეთბათუმელებისჟურნალისტები.

შეხვედრები ჩატარდება „ბათუმელების“ რედაქციაში, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის №48-ში. 

პროგრამა ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.

ვინც უკრაინისთვის იბრძვის, იბრძვის ყველა ნაწამები ადამიანისთვის – ალა დუდაევა 

წყარო: Hromadske.ua [შემოკლებული ვერსია].

ალა დუდაევა – მხატვარი და მწერალი, იჩქერიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, 26 წლის წინ მოკლული ჯოხარ დუდაევის ქვრივია. რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და უცხოეთში გადახვეწილიყო.

ალა დუდაევასთან ვისაუბრეთ რუსეთის ომებზე, მის სისასტიკეზე, არაადამიანურ მეთოდებზე, სამოქალაქო საზოგადოების სიმამაცეზე და ქალთა მოძრაობის როლზე მშვიდობისთვის ბრძოლაში. ასევე იმაზეც, რა საერთო აქვთ უკრაინელ და ჩეჩენ ერებს და რატომაა უკრაინის გამარჯვება დღეს ასე მნიშვნელოვანი მთელი მსოფლიოსთვის.

  • ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვენ შეადარეთ უკრაინელი და ჩეჩენი ერები, რომლებიც საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლით ჰგვანან ერთმანეთს. რა საერთო აქვთ ჩვენს ხალხებს?

1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩნები იძულებით შეყარეს სავაჭრო ვაგონებში და გადაასახლეს ყაზახეთის ცივ სტეპებში. იქ სიცივისა და შიმშილისაგან მათი ნახევარი დაიღუპა. 1932-1933 წლებში უკრაინაში მოაწყვეს ხელოვნური ჰოლოდომორი, რომელმაც სხვადასხვა წყაროს ცნობით, 8-დან 12 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. ეს იყო საშინელი წლები უკრაინელი და ჩეჩენი ხალხების ისტორიაში.

1994 წელს ჩეჩნეთში რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიასა და 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრას შორისაც ვხედავთ პარალელებს. „თავისუფლება ან სიკვდილი“ – ასეთი ლოზუნგით მიდიოდა რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი.

ჯოხარ დუდაევი, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი, თითქმის ყოველდღე გამოდიოდა თავისი ხალხის წინაშე და მისი სულიერი განწყობის ამაღლებას ცდილობდა. ჯოხარს, ისევე როგორც ზელენსკის, სთავაზობდნენ, დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ ამაზე ლაპარაკიც წარმოუდგენელი იყო! სრულმასშტაბიანი აგრესიის წინ, ჩეჩენი და უკრაინელი ერების განწყობა გამარჯვების რწმენას აძლიერებდა. საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილისთვის მზადყოფნა არ იძლეოდა სასოწარკვეთის საშუალებას.

1996 წელს ჩეჩენმა ხალხმა მსოფლიო გააოცა 300-ათასიან რუსულ არმიაზე, ბოროტებისა და ძალადობის ამ უზარმაზარ იმპერიაზე გამარჯვებით. გროზნოში მყოფი რუსეთის ჯარების სრული განადგურების საფრთხემ, რომლის წინაშეც მოსკოვი სულ რაღაც მილიონიანმა მოსახლეობამ დააყენა, აიძულა 143-მილიონიანი რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წასულიყო.

ამ გასაოცარმა გამარჯვებამ ყველა ოკუპირებულ ერს დაანახვა, რომ ნებისმიერ ხალხს, რომელიც საკუთარ მიწაზე თავისუფლებისთვის იბრძვის, შეუძლია გამარჯვება.

დღეს უკრაინელებიც მზად არიან, დაიხოცონ და არ დანებდნენ მტერს.

სამშობლოს უზომო სიყვარული ბადებს ასეთ ამაღლებულ განწყობას, რუსი ხალხისგან განსხვავებით, რომლებსაც უცხო მიწაზე უღირსი სიკვდილისთვის იმეტებენ.

მაშინ, ჩეჩნები იმ იარაღით იბრძოდნენ, რომელსაც მტერს ართმევდნენ. მათ არავინ დახმარებია. დასავლელი პოლიტიკოსები ლაპარაკობდნენ „რუსეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობაზე“. მაშინ გაისმა ჯოხარის სიტყვები: „დადგება დრო, როდესაც ევროპა რუსეთის შიდა საქმედ იქცევა“!

მისი სიტყვები ახდა, ეს დრო უკვე დადგა. დასავლეთმა მრავალწლიანი ძილიდან გამოიღვიძა და როგორც იქნა გააცნობიერა, როგორი მონსტრი გაუზრდია. უკრაინას მხარს მთელი მსოფლიო უჭერს და მისი გამარჯვება გარდაუვალია!

  • მოგვიყევით მოქალაქეების, კერძოდ კი ქალების მოძრაობაზე ჩეჩნეთში. როგორია მისი ისტორია და როლი ჩეჩნეთის რესპუბლიკის განვითარებაში?

ქალთა მოძრაობა პირველი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს გაჩნდა, საპროტესტო მიტინგების სახით. მიზანი მშვიდობისთვის ბრძოლა და იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარება იყო.

უწყვეტი მიტინგი გროზნოში. ათობით ათასი ადამიანი – მოხუცები, ქალები და ბავშვები – ნებისმიერ ამინდში დგანან გარეთ, თოვლშიც. პრეზიდენტის დამწვარი, დაბომბილი სასახლის წინ, რომლის ფასადის ნარჩენებზეც ჯოხარ დუდაევის პორტრეტი და დაუმარცხებელი იჩქერიის მწვანე სახელმწიფო დროშა კიდია, კარვების ქალაქი გაიშალა. მას დუკი-იურტა შეარქვეს, ჯოხარის საბავშვო სახელი, რადგან ჩეჩნეთის მინიატიურული განსახიერება იყო.

კარვების ქალაქის ქუჩებში გამოკრული იყო ფანერები, რომლებზეც დიდი თუ პატარა სოფლების სახელები ეწერა. მოდიოდნენ ავტობუსები მთელი რესპუბლიკიდან. თოვლში ჩამუხლული, გამხდარი, მოხუცი ორივე ხელით გულში იხუტებს ჯოხარ დუდაევის პორტრეტს. სილურჯემდე გაფერმკრთალებულ სახეზე ჩაშავებული, სევდიანი თვალები მოუჩანს… ამ კადრმა ყველა ტელევიზორის ეკრანი მოიარა.

ჩეჩენი ქალები იჩქერიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის პორტრეტით და შეძახილით „თავისუფლება ჩეჩნეთს“. 1995 წლის 30 ივნისი.
ფოტო: AP / მიშა ჯაფარიძე

სამწუხაროდ, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, ასეთი მოძრაობა უკვე აღარ ყოფილა. ჩეჩნებს დააბრალეს დანაშაულები, რომლებიც მათ არ ჩაუდენიათ. რუსებში რომ სიძულვილი გამოეწვიათ, პუტინის ბრძანებით, ააფეთქეს სახლები მოსკოვსა და ვოლგოდონსკში.

ჩეჩენი ხალხი გაანადგურებს წარმოუდგენელი სისასტიკით. სოფლებში მიდიოდა წმენდა, იჭერდნენ და მოსკოვში გზავნიდნენ 18 წლის ახალგაზრდებს. ისინი უბრალოდ ქრებოდნენ. მშობლების შეკითხვებზე სამხედრო ნაწილების მეთაურები ჩუმდებოდნენ ან უფრო მაღლა მდგომი მეთაურებისთვის ქრთამის მიცემას ურჩევდნენ. ფულს იღებდნენ მკვდარი ახალგაზრდების ცხედრებშიც, რომ ისინი საკონცენტრაციო-ფილტრაციის ბანაკებიდან ოჯახებისთვის გაეტანებინათ.

ომის დროს ჩეჩნეთში, რუსი სამხედროები სასტიკად ამცირებდნენ ქალებს. ჩვენ დღეს უკრაინაშიც იგივე მეთოდებს ვხედავთ – ათობით ქალი გააუპატიურეს და მოკლეს ბუჩაში, ირპენში, სხვა ქალაქებში. მოგვიყევით ჩეჩენი ქალების ტრაგედიაზე ომში და ომის შემდეგ.

ეს აკრძალული თემაა. ისტორიულად ასეა, რომ ჩეჩნური ადათ-წესებით გაცნობისას, ან შეხვედრებისას, რომლებიც აუცილებლად მოწმეთა თანდასწრებით უნდა შემდგარიყო, ბიჭს გოგოსთვის ხელზე შეხებაც კი არ შეეძლო. და ასეთ დელიკატურ გარემოში რუსი სამხედროები სჩადიან ღია ძალადობას. ეს ქალის ნათესავი კაცებისთვის უდიდესი სირცხვილია.

მშვიდობიან დროს, სისხლის აღების ადათით, კაცის მკვლელობისთვის კაცს კლავენ, ხოლო ქალის მკვლელობისთვის კლავენ ორ კაცს!..  ბევრია ისეთი შემთხვევაა, რომელთა მოსმენისას ძარღვებში სისხლი გაეყინება ადამიანს.

„წმენდის“ დროს ჯავშანტრასპორტით ჩეჩენი ახალგაზრდებიც მიჰყავდათ, მერე ხელებშეკრულებს თოკით აბამდნენ მანქანაზე და ასე ატარებდნენ ქუჩებში, ვიდრე არ დაიხოცებოდნენ. ბევრი ასეთი ფოტო შემორჩა, ფონზე მდგარი მოღიმარი რუსი „გმირებით“.

ფილტრაციის ბანაკებში რუსი სამხედროები აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ყველას და თუ გამოსასყიდზე ვერ მოილაპარაკებდნენ, ნაწამებ ტყვეებს კლავდნენ. ამოსაცნობად ახლობლებს მხოლოდ თავებს უტოვებდნენ – ეს იყო ცხედრებით ვაჭრობა.

ამიტომაც მივიდა მთელი კავკასია იუსუფ თემირხანოვის დაკრძალვაზე. ის რუსულ ციხეში გარდაიცვალა, თუმცა შური იძია პოლკოვნიკ ბუდანოვზე 17 წლის ელზა კუნგაევას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის.

იუსუფი ამ გოგონას არ იცნობდა.

  • თუ მოხერხდა ჩეჩნეთის ომების დროს კაცობრიობის, კერძოდ კი ქალებისა და ბავშვების წინაშე ჩადენილი დანაშაულების აღრიცხვა?

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დანაშაული იყო ურუს-მარტანის მოვლენები. ორი წლის განმავლობაში, ურუს-მარტანის სამხედრო კომენდანტი, გეიდარ გაჯიევი ადგილობრივ მოსახლეობას ატერორებდა. მის სისასტიკეზე ლეგენდები დადიოდა. ხალხი ღამით ვეღარ იძინებდა, თავდასხმის შიშით. ასობით ახალგაზრდა კაცი მან ყოველგვარი დანაშაულის გარეშე დააკავა, სიკვდილით დასაჯა ან დაასახიჩრა. სარდაფში ყრიდა ქალებს და პირადად სცემდა მათ. არანაირი საჩივარი და მიმართვა არ შველოდა ამ ხალხს. რუსეთის ხელმძღვანელობას აწყობდა მისი მეთოდები. ყოველი დანაშაულის შემდეგ ის მხოლოდ ჯილდოებს იღებდა.

აიზა გაზუევა 19 წლის იყო. გაჯიევის ბრძანებით, მისი მოხუცი მამამთილი დახვრიტეს, ქმარი კი დააპატიმრეს. 2011 წლის 27 ნოემბერს, აიზა კომენდატურაში მივიდა ქმრის ბედის გასარკვევად. გენერალმა გაჯიევმა, შეურაცხყოფა მიაყენა და თავისი დაცვის დახმარებით გააგდო, თუმცა 28 ნოემბერს, რუსმა სამხედროებმა მისივე ბრძანებით, განყოფილებაში მიიყვანეს ორსული აიზა. გამხეცებული გაჯიევი ეცა გოგონას, თმით ითრია და მისგან მოითხოვდა ეღიარებინა, რომ მისი ქმარი ვაჰაბიტი იყო.

აიზამ უპასუხა: „გინდაც მომკლათ, ჩემს ქმარს არანაირი კავშირი არ აქვს ვაჰაბიტებთან“. მაშინ გენერალმა, რამდენჯერმე დაარტყა აიზას, თმით წაათრია გვერდით ოთახში. იქ იატაკზე მისი ქმარი იწვა, ალიხანი. მთლად გალურჯებული, დასახიჩრებული სახით. აიზამ უცებ ვერც კი იცნო ქმარი. ტირილი დაიწყო, ემუდარებოდა გაეშვათ ალიხანი. პასუხად, გაჯიევმა დანა ამოიღო და ალიხანს მუცელი გაუფატრა. აიზა კი თმით დაიჭირა და სახე მის გადმოყრილ ნაწლავებში ჩააყოფინა. ალიხანი დიდხანს და ტანჯვით კვდებოდა ორსული ცოლის თვალწინ.

მაშინ მიიღო აიზამ გადაწყვეტილება… რაღაც დროის შემდეგ, აიზამ სხეულზე ასაფეთქებელი მიიმაგრა და სამხედრო კომენდატურის წინ დადგა, მკვლელის გამოსვლას ელოდა. ბოლოს, როდესაც გაჯიევი შენობიდან გამოვიდა, მას უამრავი ქალი მიაწყდა შეკითხვებით შვილებისა და ქმრების ბედზე. აიზამ ქალებს ჩეჩნურად სთხოვა იქაურობა დაეტოვებინათ: „დღეს მისი აღსასრული დადგება. ის მეტად ვეღარ მოგაყენებთ ტკივილს“. გაჯიევს სამხედრო ქურთუკზე ჩაეჭიდა და მიმართა: „გახსოვს ჩემი ქმარი, მე გახსოვარ?“ და აფეთქების ხმაც გაისმა.

  • იყო თუ არა მცდელობა, რომ საერთაშორისო მექანიზმები გამოეყენებინათ ომის დამნაშავეთა დასასჯელად? გქონდათ კონტაქტი ქალთა საერთაშორისო მოძრაობასთან?

სამწუხაროდ, სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იჩქერიაში, იმალებოდა. თუკი გამოჩნდებოდა მამაცი ჟურნალისტი, მას ანადგურებდნენ არა უბრალოდ და ჩუმად, არამედ სამაგალითოდ! ასე მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია საკუთარი სახლის სადარბაზოში – ხუთი გასროლით. 7 ოქტომბერს, 16 წლის წინ, რამზან კადიროვმა ასეთი საჩუქარი გაუკეთა პუტინს, დაბადების დღეზე. ანას არ ეშინოდა, დაეწერა და მოეყოლა სასტიკი სიმართლე ადამიანის უფლებების დარღვევებზე ცხელ წერტილებში. იმაზე, თუ როგორ უჩინარდებიან ადამიანები, როგორ კლავენ და აწამებენ მათ კადიროვის დილეგებში. ის რუსებში სინდისის გაღვიძებას ცდილობდა.

ახლა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მათ სინდისს უკვე აღარავინ აღვიძებს.

2009 წლის 15 ივლისს, ინგუშეთის ტერიტორიაზე, უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა გაიტაცეს და ორი გასროლით მოკლეს. უფლებადაცვით ცენტრ „მემორიალში“ მუშაობდა. ის ჩეჩნეთში გამეფებულ უკანონობაზე წერდა, ათასობით მოკლულსა და გატაცებულზე, რომლებსაც ნათესავები ვერ პოულობდნენ. ნატალია ესტემიროვას შვილი, ლანა, დედის მკვლელობაში პუტინს, კადიროვს და იმ სისტემას ადანაშაულებს, რომელიც ქვეყანაში მათი ხელმძღვანელობით შეიქმნა.

ისინი ცნობილი ქალები იყვნენ. და რამდენი სხვა ადამიანი მოკლეს, ვისაც არავინ იცნობდა? – უკანონოდ დაკავებული ჩეჩნების დამცველები. ერთ-ერთი ზურა ბიტიევა იყო. მას შემდეგ, რაც 18 წლის ვაჟთან ერთად ჩერნოკოზოვოს ბანაკში წაიყვანეს, უცებ დაბერდა. ის და მისი ვაჟი ბანაკიდან ახლობლებმა გამოისყიდეს. ჩერნოკოზოვოდან დაბრუნების შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას უკანონო დაკავებების წინააღმდეგ, მანამ, ვიდრე სახლში არ მიაკითხეს და შვილთან და ქმართან ერთად ადგილზე არ დახვრიტეს.

რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, ბორის ელცინს მილიარდობით დოლარით ეხმარებოდა მისი დიდი მეგობარი ბილ კლინტონი. 1995 წელს ის, ცოლთან ერთად, მოსკოვშიც ჩავიდა. უკან კიევის გავლით ბრუნდებოდნენ. მაშინ კიევში ვიყავი მეც და წერილი მივწერე ჰილარი კლინტონს. მას ეს წერილი, ჩემს პირველ წიგნთან ერთად, უკრაინელმა დეპუტატებმა გადასცეს.

მე მას ვწერდი: „უზარმაზარმა რუსეთმა დაიწყო ომის ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ. რუსეთის ბომბების ქვეშ იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები, ქალები, მოხუცები და ბავშვები. ახლა, როდესაც ჩეჩენი და რუსი კაცები კვდებიან ბრძოლაში, შეძლებენ კი ქალები თავისი ძალების გაერთიანებას, რომ ორი ხალხის განადგურება შეაჩერონ? ჩვენ ბევრის გაკეთება შეგვიძლია, რომ სიკვდილისგან ვიხსნათ ათასობით ადამიანი“.

პასუხი არ მიმიღია.

მერე ბევრი რამ შეიცვალა. კგბ-ს ყოფილი პოდპოლკოვნიკი პუტინი პრეზიდენტი გახდა და რუსეთში დემოკრატიის ყველანაირი ჩანასახი გაანადგურა. მოკლეს ან მოწამლეს ყველა, ვინც კი პუტინის წინააღმდეგ გამოვიდა, მათ შორის ვალერია ნოვოდვორსკაია და ბორის ნემცოვი. ცოტა ხნის წინ დახურეს „მემორიალი“. რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა იჩქერიის ომის დროს დაზარალებულებისთვის ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული კომპენსაციის გადახდაზე.

  • ჩეჩენი ხალხისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი, რომელიც რუსეთის სისასტიკეზე მეტყველებს, 1944 წლის დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალია. როგორ მუშაობს ერის მეხსიერებაში ასეთი სიმბოლური ადგილები?

სამწუხაროდ, ახლა ჩეჩნეთის მიწაზე 160 ათასი რუსი ოკუპანტია. ჩეჩენი ხალხი იძულებულია შეეგუოს და იაროს პუტინის სახელობის გამზირზე, რომელსაც მანამდე თავისუფლების გამზირი ერქვა. მაგრამ მოვა დრო, ჩეჩენი ხალხი აუცილებლად გათავისუფლებდა და ეს გათავისუფლება უკვე შორს აღარაა.

სახალხო მეხსიერებას შემორჩა ჩეჩენთა 1944 წლის ტრაგედიის მემორიალი. თავის დროზე, მემორიალის მშენებლობამ რესპუბლიკაში დიდი გამოცოცხლება გამოიწვია. ზოგიერთი წავიდა კიდე ყაზახეთში, წინაპრების ნეშტის გადმოსასვენებლად.

ბევრს უნდოდა ამ უნიკალური ძეგლის შექმნაში მონაწილეობის მიღება, ეძებდნენ და მოჰქონდათ საფლავების ქვები, წლების მტვერს აცლიდნენ და მოედანზე აწყობდნენ.

ჯოხარი საღამოობით ფურცლებს აშრიალებდა და ესკიზებს ხატავდა. ახლოსაც არ მიშვებდა, „ჩემით უნდა გავაკეთო, ეს ჩემი ვალია“, – ასე ამბობდა. ვერ შეძლო მამამისის უკანასკნელი დანაბარების ასრულება – მისი ნეშტის სამშობლოში გადასვენება, ამიტომაც ცდილობდა, სხვა ადამიანების უკანასკნელი სურვილი მაინც აესრულებინა.

რამდენჯერმე სცადეს მემორიალის აღება, თუმცა ხალხმა გააპროტესტა და ბოლოს, ცენტრიდან გროზნოს ბოლოში გადაიტანეს.

  • ჩეჩნეთში, მშვიდობისთვის ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯარისკაცთა დედების მოძრაობა. ამაზეც მოგვიყევით.

1995 წლის 23 თებერვალს მოსკოვში სრულიად რუსეთის ჯარისკაცთა დედების კონგრესი გაიმართა. მათ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, შეეწყვიტა ომი იჩქერიაში და მათი შვილები დაებრუნებინა. კონგრესზე სიტყვით გამოვიდა ცნობილი იაპონელი ბუდისტი ტერასავა ძიუნსეი, რომელსაც იაპონიაში „სახლიდან გამოსულს“ უწოდებდნენ. მან მშობლიური სახლი ოცი წლისამ დატოვა, პლანეტის ცხელ წერტილებში დადიოდა და მშვიდობის მარშებს აწყობდა. თავისი გამოსვლაში მან ჯარისკაცების დედების კომიტეტსაც მოუწოდა, იჩქერიაში მოეწყოთ მშვიდობის მარში.

1995 2ლის 8 მარტს, ჯარისკაცების დედებმა მარში დაიწყეს – უცნობი ჯარისკაცის საფლავიდან გროზნომდე. ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ნება დართო რუსი ჯარისკაცების დედებს, მათი ახალწვეული, ტყვედ ჩავარდნილი შვილები წაეყვანათ. ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში 250 დედა ჩავიდა. ჩეჩენმა მეთაურებმა მათ ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე დაუბრუნეს შვილები.

ამ დროს, რუსეთის ბანაკებში, და ასეთი 50-ზე მეტი იყო, ტყვეებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ, ნათესავებს კი მხოლოდ ფულის სანაცვლოდ უბრუნებდნენ დასახიჩრებულ გვამებს.

ჩეჩნებს რუსეთში „ველურებს“ ეძახდნენ, მაშინ, როდესაც მორალურად რუსებზე ბევრად მაღლა იდგნენ.

რას ეტყოდით უკრაინელ ქალებს?

აღტაცებული ვუყურებ სამხედრო ფორმაში თუ ულამაზეს, მოქარგულ სამოსში გამოწყობილ უკრაინელ ქალებს. ისინი ნებისმიერ ტანსაცმელში მშვენიერები არიან და მხოლოდ აღტაცებას იწვევენ.

აღტაცებული ვარ უკრაინელი მოხალისეებით და მათი შრომით. მე ვხედავ უკრაინელი კაცებისა და ქალების სიმამაცეს, მათ უდიდეს სიყვარულს. აღტაცებული ვარ უკრაინელი ხალხით, რომელიც თავის ტრადიციას ინახავს.

მთელი გულით გისურვებთ რუსულ – ბოროტებისა და ძალადობის იმპერიაზე გამარჯვებას. გამარჯვება ყველას, ვინც დღეს თავის საყვარელ სამშობლოს იცავს, იცავს შვილებსა და ოჯახს. ვინც უკრაინისთვის იბრძვის, ის იბრძვის მათთვისაც, ვინც მანამდე დაეცა ბრძოლის ველზე, იბრძვის ყველა ნაწამები, დამცირებული და შეურაცხყოფილი ადამიანისთვის. თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც იქნება!

___

ავტორი: ირინა დრობოვიჩი, სამოქალაქო აქტივისტი.

თარგმნა: თამარ რუხაძემ

___

აქვე – ჯოხარ დუდაევი უკრაინაზე და რუსეთის გეგმებზე

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

წულუკიანი ყველა ხელოვანის კარზე დააკაკუნებს, თანაც ორჯერ – ინტერვიუ

ტოტალური კონტროლი და განსხვავებული აზრის დევნა – ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე სულხან სალაძე მინისტრ თეა წულუკიანის პოლიტიკას კულტურის სფეროში. ის „ბათუმელებთან“ ინტერვიუში საუბრობს იმაზე, თუ რის მიღწევა სურს წულუკიანს და რამდენად შესაძლებელია ეს.

  • ბატონო სულხან, რა დაემართა კულტურის სფეროს მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი გახდა მინისტრი?

პირველი, რასაც ძალიან მარტივი დაკვირვებითაც ვხედავთ, ეს არის სისტემის ტოტალური კონტროლი. მეორე – ეს არის განსხვავებული აზრის დევნა.

პრინციპში, თუ პირველის მიღწევა უნდა, ეს ავტომატურად ნიშნავს განსხვავებული აზრის დევნას და მისი გამინისტრების დღიდან სწორედ ეს არის წულუკიანის უმთავრესი საქმე.

მე არ მიმაჩნია, რომ ის შემთხვევით დანიშნული ადამიანია ამ სისტემაში, ეს გამიზნული პოლიტიკის ნაწილი მგონია, რადგან, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ სფეროდან გრძნობდა გარკვეულ საფრთხეს ან მინიმუმ დისკომფორტს. ამიტომაც მათ სჭირდებათ, რომ ის ფინანსური რესურსი, რომელიც ამ სამინისტროს გავლით მიემართება მთელ სისტემაში, იმ ადამიანებზე გადანაწილდეს, ვინც იქნება მათთვის მისაღები.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ აქ ძალიან დიდ ადამიანურ რესურსზე ვლაპარაკობთ, რადგან საერთო ჯამში, სამინისტროს სხვადასხვა უწყებაში, იქნება ეს აიპები თუ სსიპებ-ები, ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ხოლო რეგიონებზე როცა ვსაუბრობთ, იქ შესაძლოა ადამიანისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყოს ხელფასი და აქედან გამომდინარე, ძალიან მოწყვლადი არიან ადამიანები ამ სფეროში.

მეორე მხრივ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, წულუკიანის მიზანი ამ სფეროს ტოტალური კონტროლი და თავისუფალი აზრის დევნაა. ტოტალური კონტროლი კი სწორედ განსხვავებული აზრის დევნით მიიღწევა.

  • კულტურა არის შემოქმედი, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალი ადამიანების სფერო, რამდენად გამოუვა წულუკიანს მათი საბოლოო დამორჩილება, როგორ ფიქრობთ?

მე მგონია, რომ წულუკიანს ეს უკვე გამოსდის, რადგან სხვა რაღაცების დეფიციტის ფონზე ამის მიღწევა შესაძლებელია.

პირველი – ეს არის სოლიდარობის არარსებობა. მე არ ვამბობ ნაკლებობას, მე ამას ვუწოდებ არარსებობას, იმიტომ, რომ იმ მასშტაბის ჩარევებს, რასაც ჩვენ ვხედავთ, სოლიდარობის ნაკლებობა ვერ უშველის. აქ უკვე სოლიდარობის არარსებობას ვხედავთ, რის გამოც წულუკიანი ყოველ მომდევნო ჯერზე უფრო დრაკონულ და უფრო დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამს. ეს არ ეხება მხოლოდ მუზეუმის თემას, რაც ამ წუთში ძალიან ცხელი მიმდინარე თემაა, ეს ეხება პრაქტიკულად ყველა სფეროს. ამიტომაც მგონია, რომ აქ მხოლოდ ერთი სფეროს წარმომადგენლების სოლიდარობა უკვე აღარ არის საკმარისი. პრაქტიკამ კი გვაჩვენა, რომ არ არსებობს სფერო და მიმართულება კულტურაში, რომელთანაც არ მივა წულუკიანი.

დღეს მუზეუმი სრული დამორჩილების ბოლო ეტაპზეა და ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი, როდესაც წულუკიანმა ეროვნულ მუზეუმში დებულება შეცვალა და მოადგილეები დანიშნა. ვთქვი, რომ გათავისუფლებების მომდევნო დიდი ტალღა იქნებოდა უკვე მაისის ბოლო და ივნისის დასაწყისი და ახლა ამ პროცესსაც ვხედავთ.

როგორც კი ეროვნული მუზეუმის საკითხი დასრულდება, წულუკიანი სხვა სფეროებისთვისაც მოიცლის, რადგან მას არ სჭირდება სისტემაში განსხვავებული აზრი, მას არ სჭირდება სისტემაში პროფესიონალები, არამედ სჭირდება ადამიანები, რომლებიც წულუკიანის ერთი გამოხედვით გაიგებენ რისი მიღწევა უნდა მინისტრს.

ყველაფერი, რასაც წულუკიანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეეხო, შეხედა, გაიფიქრა – გაფუჭდა. ვერცერთ კონკრეტულ მაგალითს ვერ მეტყვის ვერავინ, სადაც მისი მინისტრობის დროს რაიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. ის, რომ წულუკიანი თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს ყიდულობს, ეს ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს, მაშინ როცა პრაქტიკულად მთელ სფეროს ებრძვის.

პირიქით, წულუკიანის მმართველობის სისტემაში ეს ერთგვარი მოსყიდვა, დუმილის ყიდვაა მხატვრების მხრიდან, ვიდრე რეალურად ხელოვნებასა და კულტურაზე ზრუნვა.

  • სხვების დუმილს რით ყიდულობს?

გააჩნია. თეატრის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თანამდებობებზე დანიშვნა და ამით მომადლიერება, მაშინ როცა სხვამ კონკურსი უნდა გაიაროს, ხედვა წარმოადგინოს. ვიღაც კი შეიძლება დანიშნონ ამ ყველაფრის გარეშე. არც კონკურსი გაიაროს, არც გეგმა, ხედვა ჰქონდეს და მაინც დაინიშნოს თანამდებობაზე.

ჯერ ერთი, ეს დისკრიმინაციულია, რადგან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ადამიანებს და ამას რომ თავი დავანებოთ, მეორე მხრივ, მინისტრის პირადი ფავორიტების დაწინაურების საშუალებას იძლევა.

წულუკიანი ისე მოექცა ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებს, როგორც მოექცა კინოცენტრს, პრაქტიკულად ყველას, ვინც მისთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის გამო, შეკითხვების გამო, თუნდაც პოლიტიკური ხედვის გამო. ეს მაშინ, როცა ამ სფეროში პოლიტიკურ ხედვას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს არ არის, ვთქვათ, სასამართლო სისტემა ან რომელიმე ძალოვანი უწყება, სადაც შესაძლოა პოლიტიკური ინტერესები თუ სიმპათიები უფრო შემჭიდროებულია და შედარებით გარკვეულ ჩარჩოში ექცევა ამ კონკრეტული სამსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე.

აქ მსგავსი ტიპის შეზღუდვებზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებიც არიან ხელოვანები, შემოქმედები, ვისაც პირველ რიგში სჭირდება ეს თავისუფლება.

ძალიან ცდება, თუ ვინმე ფიქრობს, რომ წულუკიანმა არ იცის რისი მიღწევა უნდა. ტოტალური კონტროლის მისაღწევად ყველა ფორმა და მეთოდი, რასაც დღეს წულუკიანი იყენებს, წინაზე უარესი ხდება. ჯერ მინიმალური ჩარევებით იწყება, შემდეგ კი გრძელდება საბოლოო განადგურებამდე.

  • თქვენ თქვით, რომ წულუკიანს აძლიერებს სოლიდარობის არარსებობა ხელოვანებში. როდის უნდა დაწყებულიყო სოლიდარობა, როცა სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება შეწყვიტეს, თუ უფრო ადრე?

ჯაშის ფილმი ძალიან გვიანდელი ეპიზოდია. პირველი ხელშესახები, ვიზუალურად აღქმადი და ასე ვთქვათ, მოსმენის და ხედვის თვალსაზრისითაც ასეთი მოცემულობა იყო ხელოვნების მუზეუმი, როცა ეკა კიკნაძემ უბრალოდ კითხვა დასვა, თუ რა გეგმა არსებობდა კოლექციების ევაკუაციის. ამის გამო ის ჯერ ჩამოალაბორანტეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს სამსახურიდან. შემდეგ მიაყოლეს სხვა ადამიანებიც. ეს ძალიან ცხადი და ნათელი მაგალითი იყო რეპრესიების დაწყების. აი, მაშინ უნდა ყოფილიყო სრული სოლიდარობა, როგორც სამუზეუმო, ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლების, იმიტომ, რომ როდესაც წულუკიანმა დაინახა, რომ სოლიდარობა არ არის ან ძალიან მინიმალურია, ამას მოჰყვა გაგრძელება, უფრო უხეში ჩარევა.

წულუკიანი ერთი წელია შლის ეროვნულ მუზეუმს, გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ. არღვევს ყველაფერს – კანონს, კონსტიტუციას და ეს არ ანაღვლებს. ის მიდის კონკრეტული მიზნისკენ და ეს მიზანი ვთქვით რაც არის.

სალომე ჯაშის ფილმის მოხსნის შემდეგ კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ, რომ თურმე ცენზურა იწყება, ეს უკვე ცენზურის გამოვლინებაა, თორემ ცენზურა დიდი ხნის დაწყებულია.

  • თუმცა არც ჯაშის ფილმის აკრძალვამ გამოაღვიძა ხელოვანები.

არა, რა თქმა უნდა. ძალიან ვიწრო წრე გამოხატავს პროტესტს და ესეც არის სოციალურ ქსელში ორთქლის გამოშვება და მორჩა. ამ დროს, ყველა ამბობს, ყველა საუბრობს თითქოს იმაზე, რა ცუდი მინისტრია წულუკიანი, რა ცუდი მმართველია, ეს რა დრაკონული რაღაცები შემოიტანა, როგორ ებრძვის განსხვავებულ აზრს, მაგრამ მხოლოდ საუბარი და კლავიატურაზე კაკუნი არ ცვლის არაფერს.

  • თქვენ ამბობთ, რომ დუმილი არ დაიცავს არც ერთ სფეროს, არც ერთ ხელოვანს, რომ წულუკიანი ყველას მიუკაკუნებს კარებზე. როგორ უნდა გადავიდეს პროტესტი და სოლიდარობა საჯარო სივრცეში, როგორ ფიქრობთ?

ხატოვნად რომ ვთქვათ, წულუკიანი ორჯერ დააკაკუნებს მათ კარზე.

ერთხელ დააკაკუნებს და მათგან მოითხოვს დუმილს, ერთგულებას და მორჩილებას. თუ ამას ვერ მიიღებს, მეორედ დააკაკუნებს და ჩააბარებს გათავისუფლების ფურცელს.

ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ ერთი დაკაკუნება და იყვნენ მორჩილები. რაღაც ნაწილი ამ სფეროში ირჩევს კიდეც ამ გზას. მათი მხრიდან ყოველგვარი საუბარი, ლექციები, შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში, რომ მინისტრის მმართველობის რაღაც ნაწილი არც მათ მოსწონთ, მაგრამ ისინი დამოუკიდებლობის მსგავს იდეალებს უჭერენ მხარს, რეალურად წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი. რადგან თუ ვსაუბრობთ რაღაცაზე, ეს უნდა ვაჩვენოთ საქმით და არა მხოლოდ პირადი საუბრებით.

მეორე – ვინც არ აირჩევს მორჩილების და ერთგულების გზას, მისი ადგილი უბრალოდ არ იქნება ამ სისტემაში. ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება წულუკიანს, ჩაერევა და გააკეთებს იმას, რასაც სხვაგან აკეთებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს მუზეუმია, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა თუ სხვა რამ.

  • ხელოვნების სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. მარტო გუშინ 40-მდე ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან წულუკიანმა, მანამდე იყვნენ სხვებიც. რატომ დუმან ისინი, რა აიძულებს მათ, ამის მერე რომ გაჩერდნენ, რა აქვთ კიდევ დასაკარგი?

მე, როგორც ერთ ადამიანს, შემიძლია ვთქვა, რომ ამ სიჩუმით ისინი ეტაპობრივად კარგავენ ყველაზე ძვირფასს – თავისუფლებას. მე არ მგონია, რომ ამას ვერ აცნობიერებენ, მაგრამ რა უშლით ხელს ხმა ამოიღონ?

ზოგადად, მგონია, რომ აბსოლუტური ფრუსტრაციაა ქვეყანაში. ამაში ბევრ ვინმეს და რამეს აქვს თავისი წვლილი, ცხადია, ყველაზე დიდი წვლილი არის ხელისუფლების და იმ პოლარიზებული გარემოს, იმ საინფორმაციო პოლიტიკის, რასაც ხელისუფლება ატარებს. როგორ მიმართავს ის ადამიანების ე.წ. გაშავების მეთოდს, როგორ ეძახის ყველას „ნაციონალს“ მხოლოდ იმიტომ, რომ კითხვა დაუსვეს. მეორე მხარე, ეს არის თავად პოლიტიკური პარტიების სისუსტე და ამ თემისადმი დაბალი მგრძნობელობა, რაც ეხება კულტურას.

აქ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროცესებზე თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც, ვინც ხშირ შემთხვევაში არ ესწრება კულტურის კომიტეტის სხდომებს, რომელიც ერთადერთი ტრიბუნაა იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას და საჯარო ფორმატი მივცეთ ამ ყველაფერს. ეს პროცესი გადამდებია და აბსოლუტურად ყველაფერზე მოქმედებს.

წულუკიანის პოლიტიკის მიზანი არ არის, რომ ვიღაც ჰყავდეს გაჩუმებული, ვიღაც კი – თავისუფალი, მისი სურვილი ტოტალური კონტროლია. ეს არ მოხდება სწრაფად, რადგან ეს არის განგრძობითი პროცესი დროში და ამისკენ მიდის სისტემა თავიდან ბოლომდე.

როდესაც ჟიურის შემადგენლობას ცვლი კინოცენტრში, როდესაც ეროვნულ მუზეუმში მოადგილეებს დანიშნავ, რომელთაც წარმოდგენაც კი არ აქვთ ეროვნული მუზეუმის იდეაზე და კონცეფციაზე, როცა ისინი უბრალოდ მინისტრის თვალები და ყურები არიან და მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც მინისტრი მოისურვებს, გაიფიქრებს ან გონებაში გაუელვებს, ეს ძალიან ნათელი მაგალითია ამის.

მე მაინც მგონია, რომ ყველაზე ცუდი რამ ჯერ არ მომხდარა და ყველაზე ცუდი წინ გველის.

  • რა შეიძლება იყოს ამაზე ცუდი, რისი მოლოდინი გაქვთ?

ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ არის ტოტალური კონტროლი, რადგან ჯერ კიდევ არის სფეროები, რომლებიც ამ კონტროლისგან თავისუფალია, თუმცა წულუკიანი იქამდეც მივა, აუცილებლად. მე არ მინდა ახლა გავაჟღერო დეტალები, მაგრამ ვიცი, რომ გარკვეულ მიმართულებებზე დაზვერვა მიდის და ფრთხილი, ჩასაფრების პროცესი აქვთ დაწყებული.

  • ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ წულუკიანი პუტინის მეთოდებს იყენებს. სხვათა შორის, რუსეთიდან გაქცეული ხელოვანებიც ამბობდნენ, რომ რუსეთშიც ასე დაიწყო პუტინის რეჟიმი – ხელოვნების, კულტურის სფეროს ტოტალური კონტროლით, კრიტიკული აზრის ჩახშობით, ხელოვანების გაჩუმებით. თქვენც ასე ფიქრობთ?

მწერლების, მხატვრების, მუსიკოსების ნაწილს რაღაც ეტაპზე სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ წულუკიანის მინისტრობა და ამბობდნენ – „ახლა მაგაზე კომენტარს ხომ არ გავაკეთებ“, „ჩვენ ეს არ გვაინტერესებს“, „ჩვენ არ გვეხება“. არა, ყველას ეხება აბსოლუტურად.

თუ მწერალი ფიქრობს, რომ წულუკიანის მმართველობა ვერ მოახდენს მისი შემოქმედების ცენზურას, ძალიან ცდება, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ხმის არამოღება უკვე თვითცენზურაა ამ სიტუაციაში და მეორე, შენ რაც არ უნდა კარგი პიესა დაწერო, თუ თეატრი არ არის თავისუფალი, თუ მუსიკა არ არის დამოუკიდებელი, სად წაიღებ ამ ყველაფერს? ამიტომ ეს რაღაც თვითილუზიის შექმნა, რომ „მე ვერ შემეხება“, ძალიან პირობითია.

ჯერ ერთი, ის ბიუჯეტი, რომელსაც კულტურის სამინისტრო ხარჯავს, ეკუთვნის მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, თეატრის წარმომადგენლებს, არქეოლოგებს, იმ ისტორიკოსებს, რომლებიც სამუზეუმო სფეროში არიან და არა მინისტრის ფავორიტებს ან მმართველი პარტიის ერთგულებს. ამის სწორი გააზრება უკვე ნახევრად გაკეთებული საქმეა.

ამიტომაც, როცა ვლაპარაკობ სოლიდარობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობ სექტორის შიგნით სოლიდარობას. ვთქვათ, მუზეუმში მუზეუმის თანამშრომლების სოლიდარობაზე და შემდეგ საზოგადოების სოლიდარობაზე.

ეს რომ მოხდებოდა, ძალიან ნათელი იყო მაშინაც, როდესაც რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების თავიდან განხილვა დაიწყეს და ეკა კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის და ნინო ხუნდაძის მონაწილეობით პროექტები ჩახსნეს. მაშინ ვთქვი, რომ თუ ეს გაუვიდა წულუკიანს, მას გაუვა ყველაფერი.

  • საუბარი მიდის იმაზე, რომ ბევრ ისეთ პროექტს ექმნება შეჩერების საფრთხე, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი, ბევრი ერთობლივი კვლევა ან სამეცნიერო პროექტი შეიძლება გაჩერდეს. როგორ ფიქრობთ, ამას მიზანმიმართულად აკეთებს წულუკიანი?

ასე ადვილად ვერ მოწყვეტენ ალბათ მაინც ევროპულ სივრცეს მეცნიერებს, მაგრამ შესაძლოა პრიორიტეტული აღარ იყოს ისეთი პროექტები, რომლებიც თავიანთი არსით ევროპასთან ურთიერთობებს ააქტიურებენ. თავისთავად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეცნიერებისთვის ნაწილისთვის ყველა კარი იკეტება, რადგანაც უამრავი სხვა რესურსია, რაც შეიძლება პირდაპირ მოიპოვო, თუმცა თუ სახელმწიფო პოლიტიკიდან ვარდება ევროპა და მასთან ურთიერთობის კომპონენტი, ეს საფრთხეა ჩვენთვის.

რუსული ორბიტის თემაც, მათ შორის, ამას გულისხმობს. რუსეთშიც თავის დროზე სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ პუტინი, მაგრამ დღეს ვხედავთ რაც არის მოცემულობა და სად არის ოპოზიცია და სხვა ყველაფერი – მედია, სამოქალაქო საზოგადოება თუ სხვა. არც ჩვენ ვართ შორს ამ ყველაფრისგან.

  • პუტინის მმართველობის ფორმა ხომ კრიტიკული აზრის გაქრობაა, ამ გზას ადგას წულუკიანიც?

წულუკიანს არ სჭირდება საზოგადოება, რომელსაც წაკითხულის გააზრების უფრო მაღალი რესურსი აქვს, საზოგადოება, რომელიც სვამს კითხვებს, რომელსაც შეუძლია იოლად გაარჩიოს ფერები და მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში არ უყურებდეს სამყაროს.

ამ ტიპის მმართველობა აწყობს ხელისუფლებას, სადაც უფრო მეტი ადამიანი იქნება სოციალურად დამოკიდებული ხელისუფლებაზე, იმიტომ, რომ ეს მომადლიერება, მობმა, საარჩევნო მიზნებისთვის მათი გამოყენება, უფრო მარტივია. არ ვიცი, მათი გაცხადებული მიზანი არის თუ არა პირდაპირ რუსეთისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის შექმნა, მაგრამ ევროპული, დასავლური პოლიტიკის ნაწილი რომ არ არის ეს, ცხადია.

შეუძლებელია ამბობდე, რომ ევროკავშირი და ნატოა შენი მიზანი და ამავე დროს, იმ პოლიტიკას აკეთებდე თუნდაც კულტურაში, რასაც აკეთებ.

წარმოუდგენელია, მინისტრი დადიოდეს და ასე, პრაქტიკულად, ცელით ანადგურებდეს ყველა თავისუფალ სივრცეს. ყველგან – იქნება ეს კინოცენტრი, ეროვნული მუზეუმი, ლიტერატურის მუზეუმი, მწერალთა სახლი თუ სხვა. სადღაც ამას ყველაფერს ბოლომდე მიაღწია უკვე, სადღაც რაღაც ეტაპზეა, სადღაც ამას აუცილებლად დაიწყებს.

წულუკიანმა არ იცის სხვანაირად როგორ უნდა მართოს სფერო, გარდა ტოტალური კონტროლისა, რადგან მას წარმოდგენა არ აქვს არც მხატვრობაზე, არც ლიტერატურაზე, არც მუსიკაზე, არც თეატრზე და არც სჭირდება, რადგან კონტროლს არ სჭირდება ამის ცოდნა.

კონტროლს სჭირდება კონკრეტული ადამიანების, ჯგუფების პოვნა და მომადლიერება, ვინც ჩვეულებრივად იღებს ამას, როგორც მოცემულობას და ამას აკეთებს მშვენივრად.

ჩვენ ვხედავთ, რა კატეგორია და რა საზოგადოება წამოწიეს მათ წინ. ბევრ მათგანს პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთთან, ბევრი მათგანი ღიად საუბრობს უკრაინის „დანაშაულზე“ რუსეთთან მიმართებაში, ბევრი ღიად აკრიტიკებს დასავლეთს, ოღონდ ეს არ არის ობიექტური კრიტიკა, ეს არის ზუსტად იმ კრიტიკის ფორმა და სახე, რაც დამახასიათებელია რუსული პოლიტიკისთვის. ნებით თუ უნებლიეთ, და მე მგონია, რომ ნებით, ამ ადამიანებს ჩვენ ზუსტად ჩრდილოეთისკენ მივყავართ.

  • „ლიტერას“ შემთხვევაში ხომ იყო მცდელობა წინააღმდეგობა ეჩვენებინათ მწერლებს წულუკიანისთვის, მათ დამოუკიდებლად ჩაატარეს კონკურსი და ამით გამოხატეს პროტესტი. თუმცა შემდეგ აღარ ჰქონია ამ პროტესტს გაგრძელება. რატომ?

„თავისუფალი ლიტერა“ ჩატარდა ერთხელ, მაგრამ ჩატარდება მომავალ წელს? იმის შემდეგ წლებშიც ჩატარდება? რატომ უნდა ვეძებოთ ჩვენ თანხა სხვაგან, როცა არსებობდა კონკურსი, რომელიც ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ობიექტურობაში არავის ეპარებოდა ეჭვი.

რა საქმე აქვს ამ კონკურსთან მინისტრს, რომელმაც დანიშნა თავისი წარმომადგენელი ჟიურიში? წარმოუდგენელი ამბავია. ჩვენ ის კი არ უნდა გვიხაროდეს, რომ „თავისუფალი ლიტერა“ ჩატარდა, პირველ რიგში, ის უნდა გვაფიქრებდეს, რომ „ლიტერა“ იმ ფორმით, როგორც ტარდებოდა, ვეღარ ჩატარდა.

ცხადია, კარგია, რომ ჩატარდა დამოუკიდებლად, მნიშვნელოვანია, მაგრამ გაბრძოლება ვერ იგებს ამ ბრძოლას, ამ ომს იგებს არა ინდივიდუალური გაბრძოლება და მოგება, არამედ გეგმაზომიერი ხედვა და მწყობრი ნაბიჯები. და არა ის, რომ დღეს ყველამ ვპოსტოთ „რა ცუდია, რომ ამდენი თანამშრომელი გაათავისუფლა წულუკიანმა მუზეუმიდან“, ხვალ ვილაპარაკოთ, რომ „რა ცუდი მინისტრია“ და ასე იწყებოდეს და მთავრდებოდეს ყოველდღე დისკუსიები ამ თემაზე.

მესმის, რომ ბევრი საკითხია, ბევრი თემაა ჩვენ ირგვლივ, ძალიან რთული გარემო და პოლიტიკური სიტუაციაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო უარი უნდა ვთქვათ ბრძოლაზე.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკა კიკნაძემ კითხვა დაუსვა მინისტრს, თუ რა ბედი ელის მუზეუმს, იქ დაცულ კოლექციებს. აქედან მოყოლებული არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა სამინისტროს მხრიდან იქ დაცული კოლექციების უსაფრთხოებისთვის.

რა, გელათის პრობლემა მოგვარდა ამ ერთ წელიწადში? რა გააკეთა წულუკიანმა, დაადო ბოქლომი და მორჩა. ტოტალური კონტროლის გარდა წულუკიანის მმართველობის უმთავრესი შტრიხი არის ყველაფრის დაბლოკვა სამინისტროს სისტემაში, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის და მეორე, დიდი მასშტაბური უკანონობა, რაც ქაღალდზე არ აისახება, კეთდება ზეპირი ფორმით.

  • თქვენ ამბობთ, რომ წულუკიანს არ აინტერესებს სამართალი, კანონი. ის არ იცავს წესებს, ყველა იმ პირს, ვის მიმართაც დაირღვა კანონი, არ შეუძლია სამართლებრივ გზას მიმართოს? თუნდაც იმ 40-მა ადამიანმა, ვინც მან მუზეუმიდან გაათავისუფლა?

კი, შეიძლება, როგორ არა. ყველამ კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება უნდა მიიღოს და აირჩიოს სწორი ფორმა, ვინ სად, რომელ სასამართლოს მიმართოს. მეორე, მგონია, რომ სამოქალაქო სექტორს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია ამ პროცესში, ისევე როგორც სახალხო დამცველს.

ამ თემაზე გარკვეულ ჯგუფებთან მიდის საუბრები, დეტალების გაჟღერებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება კომფორტული მინისტრისთვის და არც ეროვნული მუზეუმის იმ მენეჯმენტისთვის, რომელიც მან მიიყვანა იქ.

  • რა შეუქმნის ყველაზე დიდ დისკომფორტს წულუკიანს?

თუ დაინახავს დიდ სოლიდარობას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ის ასე ცუდად ექცევა, უკანონოდ, როცა დაუსაბუთებლად ათავისუფლებს მათ სამსახურიდან.

რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი? გაათავისუფლა რამდენიმე ათეული თანამშრომელი ხომ, თუმცა ამ 40 კაცის გამოსვლა არ იქნება საკმარისი. ვინც დატოვა სამსახურში, აი, ისინი უნდა გამოვიდნენ პირველ რიგში გათავისუფლებულების დასაცავად. მესმის, რომ მათ არ უნდა დაკარგონ თუნდაც ის მიზერული ხელფასი, რომელსაც თვის ბოლოს მიიღებენ, მაგრამ ვინ გააკეთებს მუზეუმში საქმეს?!

  • იქნებ არც სჭირდებათ საქმის გამკეთებელი?! 

წულუკიანს რომ არ სჭირდება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. საზოგადოებას ხომ სჭირდება.

ამის პრეცედენტები, მაგალითები, თუ არ შევქმენით, მე მგონია, რომ უარესი წინ გველოდება. ვიღაცები უნდა გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და უფრო მეტი უნდა ილაპარაკონ, როგორც მმართველობით პოზიციებში მყოფმა ადამიანებმა, ასევე მათ, ვისაც უშუალოდ ეხება ეს ამბები ან შეეხება მომავალში.

ის, რომ ფილმის ჩვენება მოხსნეს და ამაზე ორი დღე ვილაპარაკეთ, ეს არაფერს ნიშნავს ჩემთვის. კი, ბატონო, მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ რომელიღაც უცხოურ გაზეთში დაიწერა, მაგრამ თუ ამით ვამთავრებთ ამ თემას, ეს ნიშნავს, რომ მორიგ საშუალებას ვაძლევ წულუკიანს კიდევ სხვებსაც გაუსწორდეს, ვისაც განსხვავებული თუ შემოქმედებითი თავისუფლების გამო დევნის, ვინც უბრალოდ გულზე არ ეხატება.

და წულუკიანს რომ ბევრი ადამიანი არ ეხატება გულზე და მისი სუბიექტური დამოკიდებულებებით მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა მუშაობდნენ სისტემაში, ეს ძალიან ცალსახაა.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი ბუჩასა და ირპინში ჩავიდა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი  უკრაინაში იმყოფება. უკრაინული მედიის ცნობით, დღეს, 26 მაისს, ფინეთის პრემიერი ბუჩასა და ირპინში ჩავიდა.

ბუჩა, კიევის ოლქის პატარა ქალაქი, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული უკრაინის ქალაქია.

სანა მარინი დღეს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

„ჩვენთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. იარაღი, სანქციების პოლიტიკა და ჩვენი პარტნიორების ერთიანობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში არის ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მიწის დაცვას. მადლობა ფინეთის პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის და თავდადებული მხარდაჭერისთვის,“ – წერს ზელენსკი ფეისბუქზე.

ზელენსკი და სანა მარინი
ზელენსკი და სანა მარინი

ფინეთი ამჟამად ნატოში შესასვლელად ემზადება. 18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ალიანსში გაწევრიანების მოთხოვნით.

____________________

ფოტოზე: სანა მარინი ირპინში.

ისრაელმა უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება აკრძალა

ისრაელი თავისი ტექნოლოგიებით წარმოებულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს უკრაინას აღარ მიაწვდის. ინფორმაციას УНИАН-ი ავრცელებს ვირჯინიის შტატის, ამერიკულ გამოცემა Axios-ზე დაყრდნობით.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, ამირ ეშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი ამ ნაბიჯს არ გადადგამს და უკრაინას მიაწვდის მხოლოდ არალეტალურ სამხედრო ტექნიკას.

აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ უარყო აშშ-ის თხოვნა, რომ უკრაინას მიეღო გერმანიაში ისრაელის ტექნოლოგიებით წარმოებული ტანკსაწინააღმდეგო Spike რაკეტები.

Spike ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს გერმანიაში აწარმოებენ, ისრაელის ქარხანაში და გადატანის შემთხვევაში ისრაელის ნებართვაა საჭირო.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამირ ეშელი ორი კვირის წინ ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალს, რათა განეხილათ ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები.

ამირ ეშელის თქმით, თელ-ავივი შეშფოთებულია, რომ რუსი ჯარისკაცები ისრაელის წარმოების იარაღით დაიღუპებიან, რის შედეგადაც შეიძლება რუსეთმა ზიანი მიაყენოს ისრაელის უსაფრთხოებას სირიაში.

26 მაისის აღსანიშნავად ბათუმში სამხედრო ტექნიკა გამოფინეს – ფოტო

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი. ბათუმში ტრადიციული სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.

ჯარისკაცი უხსნის ბავშვებს, როგორ ფუნქციონირებს რადიოკავშირის სისტემა. ბათუმი 26.05.2022
ქართული არმიის კუთვნილებაში არსებული იარაღის დათვალიერება ყველა მსურველს შეეძლო
ქართული არმიის კუთვნილებაში არსებული იარაღის დათვალიერება ყველა მსურველს შეეძლო
ჯარისკაცები მოქალაქეებს იარაღთან ერთად ფოტოსესიის ნებასაც რთავდნენ
ქართული საბრძოლო მანქანა დიდგორი. ბათუმი, 26.05.2022
ქართველი ჯარისკაცის აღჭურვილობა
26 მაისი, ბათუმი
ბავშვები პოზირებენ ჩეხური წარმოების თვითმავალი ჰაუბიცას ფონზე. ბათუმი, 26.05.2022
26 მაისი, ბათუმი

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ძმებო! – უკრაინის მთავარსარდალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მოლოცვა უკრაინულ და ქართულ ენებზე შტაბის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ძმებო! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“ – ვკითხულობთ უკრაინის გენერალური შტაბის გვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ მოლოცვის ავტორია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი.

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმაც მოულოცა ქართველ კოლეგას, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. მან საქართველოს პარლამენტის წევრებს უკრაინის მხარდაჭერისა და ვიზიტისას გამოვლენილი სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა

ამავე თემაზე: 

უკრაინის „რკინის გენერალი“ – გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის

მოხალისე ბიზნესმენი, რომელსაც ოკუპირებული მარიუპოლიდან ხალხი გამოჰყავდა

წყარო: Unian.net

ბიზნესმენი მიხაილ პურიშევი მარიუპოლიდან, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, მოხალისედ იქცა. წითელ მიკროავტობუსს, რომლითაც მას ოკუპირებული ქალაქიდან ხალხი გამოჰყავდა, სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი იცნობს. საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ფასად, მიხაილ პურიშევმა ათობით ადამიანი გადაარჩია.

მოხალისემ ექვსჯერ მოახერხა ოკუპირებულ ქალაქში შესვლა და გამოსვლა: მისი მანქანა დაცხრილეს, თვითონ მიხაილი კი ევაკუაციის მეშვიდე მცდელობისას მოხვდა ადგილობრივ იზოლატორში, სადაც რამდენიმე დღე გაატარა.

მიხაილი ჰყვება, რომ მარიუპოლი ახლა კოცონისგან დარჩენილ ფერფლს ჰგავს. ქალაქში ბევრი ადამიანი კვლავ სარდაფებში რჩება, რადგან გამოსვლის ეშინიათ.

კითხვაზე, როგორ ახერხებენ ადამიანები იქ ცხოვრებას, მიხაილი პასუხობს: „ალბათ, ღმერთის წყალობით. ბევრი მოხუცი უბრალოდ კვდება სარდაფებში გულით, ისევე, როგორც ინსულინდამოკიდებულები. იქ ინსულინი არ არის. პირველი შესვლისას შევძელი მცირე რაოდენობით შემეტანა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი“.

მარიუპოლის გზაზე მოხალისე ბიზნესმენს რუსების დაახლოებით 20 საგუშაგოს გავლა უწევდა. იხსენებს, რომ ზოგიერთ საგუშაგოს ადგილობრივებმა ზედმეტსახელიც კი დაარქვეს, მაგალითად, ერთს „ხარბების საგუშაგო“, რადგან იქ მყოფი სამხედროები, ევაკუაციის დროს, მუდმივად ცდილობდნენ, ხალხისთვის რამე წაერთმიათ.

„ერთ-ერთ საგუშაგოზე ადამიანებს ჩხრეკდნენ, ხდიდნენ, ტატუებს უთვალიერებდნენ, შემდეგ იწყებდნენ მათი პირადი ნივთების გადალაგებას. იღებს ერთი ყურსასმენებს და ეკითხება: „არ გჭირდება ხომ ესენი?“ რა უნდა უპასუხო შეიარაღებულ ადამიანს? ვხედავ, ათვალიერებს ნივთებს, ერთ ქალს ჰიგიენური საფენები ჰქონდა, ვიფიქრე, ამასაც წაართმევენ-მეთქი. თუმცა მთავარი იყო, ევაკუაციის დროს ვინმე არ დაეჭირათ, ვინმე არ წაეყვანათ“, – ჰყვება მიხაილი.

თავადაც ყველაფერს აკეთებდა, რომ ხალხი უსაფრთხოდ გაეყვანა: სთხოვდა გამოერთოთ ტელეფონები, წაეშალათ ყველა ვიდეო უკრაინული სიმბოლიკით – მთავარი იყო, ცოცხლებს გაევლოთ საგუშაგოები.

მიხაილ პურიშევი/ ფოტო სოციალური მედიიდან

მეშვიდე მცდელობაზე მოხალისე ბიზნესმენი საგუშაგოზე დააკავეს და ადგილობრივ იზოლატორში წაიყვანეს, მაშინ „აზოვსტალისკენ“ მიდიოდა, ქალებისა და ბავშვების გამოსაყვანად. იხსენებს, რომ იზოლატორში ადამიანების სასტიკი წამების მოწმე გახდა.

„ერთ-ერთი დაკითხვის შემდეგ, ჩვენთან საკანში ახალგაზრდა ბიჭი შემოათრიეს, ძირს დააწვინეს. მთლად გალურჯებული იყო, დამწვრის სუნი ასდიოდა. ელექტროშოკით აწამეს. გონებას კარგავდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო. ჩვენ, ყველა, ვინც საკანში ვიყავით, მის გარშემო შევგროვდით. ვიღაცამ ტკივილგამაყუჩებელი ამპულა იპოვა, მე ქურთუკი დავუფინე…“

თუმცა მიხაილის თქმით, რუსების მიერ მოწყობილ იზოლატორებში, ამაზე უარესებიც ხდებოდა – კიდევ უფრო სასტიკი წამება ელოდათ მათ, მათ ვინც ოკუპირებულ დონეცკში მიჰყავდათ. მიხაილ პურიშევი იზოლატორში იმ უკრაინელებსაც შეხვდა, რომლებიც ომის დაწყებისთანავე რუსების სამსახურში ჩადგნენ. რამდენიმე მათგანში, ბიზნესმენმა, მარიუპოლში თავისი დაწესებულების ხშირი სტუმრებიც ამოიცნო.

„ეს ადამიანები ყველაფერზე მიდიან, რომ შედეგი აჩვენონ. მათთვის სულერთია, გაქვს თუ არა კავშირი „აზოვთან“ ან უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან. ყველაფერს აკეთებენ, რომ შენ აღიარო ის, რაც მათ უნდათ. მათი ამოცანაა, თავის „ახალ ბატონებს“ ერთგულება დაუმტკიცონ – ამბობს მიხაილი.

ის იხსენებს, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრი ერთადერთი ადგილი იყო მარიუპოლში, საიდანაც მან ხალხის გამოყვანა ვერ მოასწრო. იმის გამო, რომ თეატრს უსაფრთხო ადგილად მიიჩნევდნენ, იქაურობას უამრავი ადამიანი აფარებდა თავს, ძირითადად ქალები, პატარა ბავშვებით და ორსულები. მიხაილი ვარაუდობს, რომ დაბომბვის დროს იქ 300 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა – „თეატრის ყველა სართულზე ხალხი იყო, დერეფნებში ეძინათ“.

მოხალისე ახლაც იღებს თხოვნებს მარიუპოლიდან ევაკუაციაზე, თუმცა არ იცის, შეძლებს თუ არა ქალაქში დაბრუნებას. რუსმა სამხედროებმა გააფრთხილეს, რომ თუ კიდევ დაბრუნდებოდა მარიუპოლში, მას ოკუპირებული ქალაქიდან აღარ გაუშვებდნენ.

მარიუპოლი მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშაა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად, ქალაქი მთლიანად განადგურებულია, დაღუპულია დაახლოებით 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე.

მარიუპოლის მცხოვრებლებს, რომლებსაც ოკუპირებული ქალაქის დატოვება სურთ, რუსები „გასაფილტრ ბანაკებში“ ათავსებენ, შემდეგ კი რუსეთში გზავნიან.

თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: მიხაილ პურიშევი თავისი წითელი მიკროავტობუსით/ფოტო სოციალური მედიიდან

აზოვსტალის მეპატრონე: რუსეთს ყველა ინსტანციაში ვუჩივლებთ მოყენებული ზარალისთვის

რინატ ახმეტოვი, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის მეპატრონე, აპირებს რუსეთს უჩივლოს მისი ბიზნესისთვის მიყენებული ზიანისა და ზარალის გამო. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიაგამოცემა НВ-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ახმეტოვი, რომელიც უკრაინის უმდიდრესი ადამიანი, System Capital Management-ის დამფუძნებელია, სწორედ ამ კომპანიაში შედის მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“.

„რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყების შემდეგ აზოვსტალი, ილიჩის სახელობის მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატი, ავდიივკას ქიმიური ქარხანა, ლუგანსკის თბოელექტროსადგური და ათობით სხვა სამრეწველო ინფრასტრუქტურა და მწვანე ენერგეტიკული ობიექტი ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა ან იძულებით გამოვიდა ექსპლუატაციიდან. ამ ობიექტების კაპიტალიზაცია ომის დაწყებამდე ათობით მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ჩვენ აუცილებლად ვუჩივლებთ რუსეთის ფედერაციას და მოვითხოვთ სათანადო ანაზღაურებას ყველა ზარალისა და დაკარგული ბიზნესისთვის. ამ საკითხებზე სამართლებრივი მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ჩვენ სარჩელით მივმართავთ ყველა საერთაშორისო და ეროვნულ ინსტანციას,“ – განაცხადა ახმეტოვმა.

მისივე თქმით, აზოვსტალისა და ილიჩის ქარხნებზე რუსეთის აგრესიის გამო მიყენებული ზარალი დაახლოებით 17-20 მილიარდი დოლარია.

ინტერვიუში ახმეტოვი ამბობს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაშია და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.

„23 თებერვალს, საღამოს, პრეზიდენტთან [ზელენსკისთან] შეხვედრის შემდეგ მეგობრებთან ვივახშმე სახლში, კიევში. უმრავლესობა, ისევე როგორც მე, დარწმუნებული ვიყავით, რომ ომი დაიწყებოდა. მე მათ მკითხეს იგივე: რატომ არ წავედი. თქვენ გიპასუხებთ იმავეს, რაც მათ ვუთხარი: ომს მე შევხვდები ჩემს სახლში, უკრაინაში, თქვენ მსგავსად. ჩამოფრენა და მალევე გაფრენა მიუღებელია ჩემთვის, ადამიანურად ძალიან სირცხვილია,“ – თქვა ახმეტოვმა.

______________

ფოტო: EPA/ROBERT GHEMENT

ინსულტის მკურნალობა თრომბოლიზისით

რა არის ინსულტი, რა სიმპტომებით ხასიათდება, შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან არიდება, როდის უნდა მივმართოთ ექიმს – ამ და სხვა ინსულტთან დაკავშირებულ კითხვებზე კომპეტენტური პასუხები აქვს ჯამბულ მაკარაძეს, ნევროლოგს, მედიცინის დოქტორს, „მედცენტრის“ ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელს.

რა არის თრომბოლიზისი?

თრომბოლიზისი გულისხმობს იშემიური ინსულტის პირველივე საათებში ინტრავენურად ისეთი ნივთიერების შეყვანას (ალტეპლაზა), რომელსაც აქვს თრომბის დაშლის და არტერიაში სისხლნაკადის აღდგენის უნარი.

რა პერიოდში უნდა მოხვდეს პაციენტი კლინიკაში და რამდენად ეფექტურია თრომბოლიზისით მკურნალობა?

პირველ 40 წუთში არის იდეალური, მაგრამ შეიძლება მაქსიმუმ 4 საათშიც.

მკურნალობის ეს მეთოდი არ წარმოადგენს პანაცეას ანუ ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს, მაგრამ მისი უპირატესობა სტანდარტულ (ჩვეულებრივ) მკურნალობასთან შედარებით დიდი ხანია დადგენილია. ამიტომაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, უპირატესად დასავლეთში, თრომბოლიზისი რუტინულად ტარდება მრავალ კლინიკაში.

„მედცენტრში“ დაინერგა ინსულტების მართვის თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა: თრომბოლიზისი, თრომბოექსტრაქცია, ანევრიზმების ქოილინგი და სხვა.

ნეირომედიცინის დეპარტამენტის პერსონალს ჩაუტარდა ლექცია-სემინარი ევროპის ინსულტის ორგანიზაციის მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტის მიერ. ვხელმძღვანელობთ ინსულტის მართვის ევროპისა და ამერიკის  გაიდლაინებით და შესაბამისი პროტოკოლებით. ამიტომაც, გვაქვს ამბიცია, რომ ინსულტთან ბრძოლის საკითხში ვიყოთ მოწინავე პოზიციაზე.

რა არის ინსულტი?

ინსულტი არის სისხლძარღვოვანი მიზეზით განპირობებული თავის ტვინის ფუნქციების სწრაფად განვითარებული კეროვანი ან გლობალური მოშლა, რომელიც გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს, ან იწვევს სიკვდილს დროის ამ ინტერვალში.

ინსულტი ორი ტიპისაა: იშემიური და ჰემორაგიული.

რა სიმპტომებით ვლინდება ინსულტი?

ინსულტის უხშირესი სიმპტომებია: სახის ასიმეტრია, ცალ მხარეს კიდურთა დაბუჟება ან/და ძალის დაკარგვა, კოორდინაციისა და მეტყველების მოშლა, ასევე, მხედველობის ველის შეზღუდვა, ყლაპვის გაძნელება, გაბრუება, ცნობიერების დათრგუნვა, თავის ტკივილი და პირღებინება.

შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან არიდება?

ინსულტის თავიდან არიდება ხშირად შესაძლებელია, თუკი დროულად გამოვავლენთ რისკ-ფაქტორებს და ჩავატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს. ამისათვის აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტური მუშაობა და მოსახლეობის ინფორმირება ინსულტის შესახებ.

როგორ ხდება ინსულტის მართვა?

ინსულტი არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა, ამიტომ მისი სწორად მართვა შესაძლებელია მხოლოდ ჰოსპიტალურად ამ დაავადებაზე ორიენტირებული, გამოცდილი, მულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალის მიერ.

დრო გადამწყვეტი ფაქტორია?

დაავადების სიმძიმესთან ერთად დრო არის გადამწყვეტი ფაქტორი, განსაკუთრებით, იშემიური ინსულტის შემთხვევაში. თავის ტვინის ინფარქტის ჩამოყალიბებას სჭირდება გარკვეული დრო, ამიტომ დროული და სწორი სტრატეგიით შესაძლებელია ტვინის ჯერ კიდევ ბოლომდე დაუზიანებელი ქსოვილის გადარჩენა, თუკი ე.წ. თერაპიული ფანჯრის პერიოდში მივაღწევთ არტერიაში არსებული თრომბის ლიზისს – გალღობას ან მის მექანიკურ ექსტრაქციას (გამოღებას). „თერაპიული ფანჯარა“ გულისხმობს ინსულტის ნიშნების დაწყებიდან მაქსიმუმ 4 – 5 საათს. დადგენილია, რომ თრომბოლიზისის ყოველი 15 წუთით ადრე ჩატარება იწვევს კარგი გამოსავლის 4%-ით გაზრდას. ამიტომაც არსებობს გამოთქმა – „დრო ტვინია“.

უკრაინაში 240 ბავშვი დაიღუპა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის პროკურატურა

უკრაინის პროკურატურის ცნობით, 26 მაისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 240 ბავშვი დაიღუპა და 676-ზე მეტი დაშავდა.

ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. 

უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1883 სასწავლო დაწესებულება. მათგან 178 მთლიანად განადგურდა.

რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 26 მაისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 29 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 315 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 3235 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 617 ერთეული [+11]
  • MLRS – 201 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 206 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 170 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 502 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 114 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 225 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 47 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ანახლებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 179 თვითმფრინავი
  • 127 ვერტმფრენი
  • 1 019 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 323 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 266 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 433 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 682 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 190 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინაში 240 ბავშვი დაიღუპა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის პროკურატურა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ჩემი ტყვედ აყვანა სურდათ, დაჭრილმა 2 კილომეტრი ვიარე ტყეში – ბათუმელი სტინგერი უკრაინაში

რუსეთი საჰაერო-სადესანტო ძალებს უკრაინაში არასწორად იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში თავისი საჰაერო-სადესანტო ძალების სწორად გამოყენება, რამაც ის ბევრ ელიტურ დანაყოფში სერიოზულ დანაკარგებამდე მიიყვანა – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მდგომარეობას და იმ მიზეზებისაც მიუთითებს, რამაც, მისი აზრით, რუსეთის წარუმატებლობას შეუწყო ხელი.

26 მაისის განახლებაში, ტვიტერზე, უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერ-სადესანტო ძალებს, სამხედრო აგრესიის დაწყების პირველი დღეებიდანვე, არაერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკური ჩავარდნა ჰქონდათ. მათ შორის, გოსტომელის აეროდრომიდან კიევზე შეტევა, იზიუმის მიმართულებაზე შენელებული პროგრესი და ახლანდელი წარუმატებელი შეტევა მდინარე სევეროდონეცკთან.

დაზვერვა მიუთითებს, რომ რუსეთის დოქტრინა საჰაერო-სადესანტო ძალების ყველაზე რთულ ოპერაციებში გამოყენებას გულისხმობს. 45 000 კაციანი შემადგენლობა, ძირითადად, კონტრაქტზე მომუშავე პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. მისი წევრები ელიტური სტატუსით სარგებლობენ და დამატებით ხელფასსაც იღებენ.

„საჰაერო-სადესანტო ძალებს რუსეთი იყენებდა მისიებში, რომლებიც უფრო შესაფერისი იყო მექანიზებული ქვეითი ჯარისთვის. ეს სავარაუდოდ, მიანიშნებს ამ სამხედრო პოტენციალის არასწორ მართვაზე და რუსეთის მარცხზე, მოეპოვებინა უპირატესობა ჰაერში“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების მოსაზრებით, უკრაინაში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების არასწორი გამოყენება აჩვენებს იმასაც, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში, შეიარაღებულ ძალებში ჩადებული სერიოზული ინვესტიციების შედეგად, პუტინმა, სრულიად დაუბალანსებული ძალა მიიღო.

„რუსი მეთაურების თვითკმაყოფილებამ და იმან, რომ რუსეთმა სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინის წინააღმდეგობა, მის ელიტურ დანაყოფებში სერიოზული დანაკარგები გამოიწვია“, – აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. 25 მაისის პოსტში, დაზვერვა რუსეთის მიერ უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადაზე წერდა და გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ბლოკადის გამო მსოფლიოში ძირითად პროდუქტებზე ფასების ზრდა კვლავაც გაგრძელდება.

ბათუმის სტადიონზე ბალახის მოვლაში თვეში 47 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის სტადიონზე მინდვრის მოვლაში 2 წლის განმავლობაში 1 139 880 ლარს [თვეში 47 495 ლარს] გადაუხდიან უცხოურ კომპანიას, რომელმაც თავის დროზე სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მოაწყო.

„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გააფორმებს.

„აჭარაბეთ არენას“ საფეხბურთო მოედნის მინდვრის საფარის (ჰიბრიდული) ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით „სეფროტ ინ სპორტ ისტერნ იურეფ ინსაატ ვე სპორ ჰიზმეტლერი ანონიმ შირკეტი“-საგან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდული იქნას ბათუმის საფეხბურთო სტადიონ „აჭარაბეთ არენას“ საფეხბურთო მოედნის მინდვრის საფარის მოვლა-პატრონობის მომსახურება 2022 წლის 01 ივნისიდან 2024 წლის 01 ივნისის ჩათვლით“, – აღნიშნულია „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორის ბრძანებაში.

ამავე ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს საკუთარი შემოსავლების ფარგლებში“ და „ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვროს არაუმეტეს 1 139 880 ლარით დღგ-ს ჩათვლით“.

ამ შესყიდვის შესათანხმებლად აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განაცხადით უკვე მიმართა.

განაცხადში აღნიშნულია, რომ აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ჩაატარა ბაზრის კვლევა „და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინათ თავიანთი წინადადებები. აღნიშნულ ფასთა კვლევაში მონაწილეობა მიიღო ერთმა პოტენციურმა მომწოდებელმა – უცხოურმა საწარმომ „სეფორტ ინ სპორტ ისტერნ იუერეფ ინსაატ ვე სპორ ჰიზმეტლერი ანონიმ შირკეტი“-მ, რომლის მიერ დაფიქსირდა 1 139 880 ლარი დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული თანხა მოიცავს მინდვრის 2 წლის განმავლობაში მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და შესაბამისად, მისი ღირებულება არ აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის მინდვრის მოწყობის ღირებულებას, რომელიც შეადგენდა 1 638 635 ლარს დღგ-ს ჩათვლით.“

„სეფორტ ინ სპორტ ისტერნ იუერეფ ინსაატ ვე სპორ ჰიზმეტლერი ანონიმ შირკეტი“, იგივე „სისფიჩი“-სთან ხელშეკრულების გაფორმების რეკომენდაციას აძლევს აჭარის პროექტების მართვის კომპანიას შპს „ანაგიც“, რომელმაც სტადიონი ააშენა.

„ანაგის“ წერილის მიხედვით, სწორედ მათ მოიწვიეს თავის დროზე ირლანდიული კომპანია „სისფიჩი“ [SIS Pitches] ჯერ მინდვრის საფარის მოსაწყობად და შემდეგ 1 წლით მის მოვლა-პატრონობაზე გაუფორმეს ხელშეკრულება.

„ანაგი“ ასევე აღნიშნავს, რომ მინდვრის მოვლა მოითხოვს სპეციფიკურ სამუშაოებს, შესაბამის კვალიფიკაციას და გამოცდილებას რაც გააჩნია „სისფიჩს“. ამასთან, მშენებელი კომპანია აღნიშნავს, რომ მინდვრის მოვლის საგარანტიო პირობების დარღვევა, შეაჩერებს „ანაგის“ საგარანტიო ვალდებულებებს.

დოკუმენტების მიხედვით „ანაგი“ ახორციელებს მოედნის მოვლას, რომლის მოქმედების ვადა შეადგენდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წელს და მისი მოქმედება იწურება 2022 წლის 01 ივნისს. ასევე, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასა“ (ყოფილი შპს ,,სტადიონი“) და შპს „ანაგს“ შორის 2017 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,  „ანაგს“ ნაკისრი აქვს საგარანტიო ვალდებულება სწორი ექსპლუატაციის პირობებში 3 წლის განმავლობაში [2024 წლის 31 მაისის ჩათვლით] უზრუნველყოს მინდვრის საფარის მოწყობის სამუშაოებში გამოვლენილი ხარვეზების/წუნის გამოსწორება.“

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მინდორი როგორც ცოცხალი ორგანიზმი, საჭიროებს ყოველდღიურ მოვლა-პატრონობას და შესაბამის ღონისძიებებს… ამ ღონისძიებების არასწორი განხორციელება ან/და განუხორციელებლობა გამოიწვევს ჰიბრიდული საფარის მნიშვენელოვან დაზიანებას, რაც საფრთხის წინაშე დააყენებს მომავალში ერთის მხრივ ბალახის მუდმივად ჯანმრთელ კონდიციაში ყოფნას, ხოლო მეორეს მხრივ ჰიბრიდული საფარის სწორად შენახვას და დაცვას. ამ პირობების უგულებელყოფა ასევე გამოიწვევს სწორი ექსპლუატაციის პირობების დარღვევას და შესაბამისად შეაჩერებს ან/და საერთოდ გამორიცხავს შემდგომში შპს ,,ანაგი“-ს მხრიდან საგარანტიო ვალდებულებების შესრულებას.“ – აღნიშნულია განაცხადში.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმოს „სისფიჩთან“, ანუ, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ამ კომპანიის მიერ მინდვრის მოვლის პარალელურად უპრობლემოდ გაგრძელდება „ანაგის“ საგარანტიო ვალდებულებებიც.

„ასევე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ბათუმის საფებურთო სტადიონზე UEFA-ს მიერ 2023 წლის ივნისის თვეში მოკლე პერიოდში დაგეგმილია U21 ევროპის ჩემპიონატის 5 მატჩის და შესაბამისად 10 წინასამატჩო ვარჯიშის ჩატარება, მათ შორის ფინალური თამაშის, რაც საჭიროებს მოედნის იდეალურ კონდიციებში ყოფნას და მოკლე პერიოდში მიდვრის საფარის აღდგენას. შესაბამისად, მოცემული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის ფორმით შესყიდვის შემთხვევაში დიდია რისკი მოხდეს სწორი ექსპლუატაციის პირობების დარღვევა, მინდვრის საფარის ხარისხის გაუარესება, სადაო სიტუაციების წარმოშობა, რაც გამოიწვევს შემდგომში შპს ,,ანაგი“-ს მხრიდან საგარანტიო ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმას. ასევე რისკის ქვეშ დადგება ევროპის რიგით მეორე დონის სანაკრებო ჩემპიონატის ფინალის ჩატარება, რაც ერთის მხრივ გამოიწვევს ქვეყნის პრესტიჟის შელახვას, ხოლო მეორეს მხრივ ბათუმის სტადიონის დიდი ოდენობით დაჯარიმებას“, – აღნიშნულია აჭარის პროექტების მართვის კომპანიის განაცხადში.

კომპანია SIS Pitches ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც 2001 წელს შეიძინა ჯორჯ მულანმა და 2005 წელს გადაიტანა გაერთიანებულ სამეფოში. ამ დროისთვის, კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში და აქვს ოფისები ირლანდიაში, ნიდერლანდებში, თურქეთში, რუსეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ანგოლაში.


„ანაგთან“ ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე ხელშეკრულებები დღგ-ს ჩათვლით, ჯამში 141 869 522 ლარზეა გაფორმებული.

ბათუმის ახალი სტადიონის სახელის უფლებაზე გამოცხადებულ აუქციონში კი, კომპანია „აჭარაბეთმა“ გაიმარჯვა და აღნიშნული უფლება [5 წლით] 8.7 მილიონ ლარად შეიძინა. შესაბამისად ბათუმის სტადიონს „აჭარაბეთ არენა“ დაერქვა.

ამავე თემაზე:

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

მთავარი ფოტო: ბათუმის სტადიონი / „ბათუმელების“ არქივიდან

ეს ქვეყანა უმცირესობასაც ისევე უყვარს, როგორც უმრავლესობას – 24 წლის სტუდენტი

24 წლის გოჰარ აღჯოიანი ნინოწმინდის სომხურენოვანი სოფლიდან, დიდი არაქალიდანაა. 1+4 პროგრამით თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ძალიან კარგად საუბრობს ქართულად. მის სოფელში მოსახლეობის უმეტესობა სახელმწიფო ენაზე ვერ საუბრობს – ჯავახეთის სომხურენოვანი სოფლების მცხოვრებლებს ნაკლებად უწევთ ქართულენოვან მოსახლეობასთან ურთიერთობა. სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამები კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მხოლოდ ნაწილობრივ ცვლის მდგომარეობას.

„ენის ბარიერი ჩემს და არამარტო ჩემს სოფელშია დღემდე პრობლემა. მე მერვე კლასამდე არ ვიცოდი ქართული, ვიცოდი წერა-კითხვა, მაგრამ საუბარი არ შემეძლო. მერე ქართველი მასწავლებლები და მოხალისე-მასწავლებლები ჩამოდიოდნენ სოფლებში და ახალი მეთოდებით გვასწავლიდნენ ქართულს. ეს ჩემი პირველი კონტაქტი იყო ქართველებთან.

ეს ქართველი მოხალისე-მასწავლებელი ძალიან მომწონდა და მიყვარდა: გვამეცადინებდა უფასოდ და დიდი ენთუზიაზმით, თამაშ-თამაშით. შემიყვარდა ქართული ენაც და ქართველებიც.

ჩაგვრთო უამრავ პროექტში და ბევრგან გვატარა, ასე დავიწყე ქართველების გაცნობა და დავახლოვდით.

მერვე კლასამდე ისიც კი არ ვიცოდი, რომ შეიძლება ერთ დღეს მოვინდომო და სწავლა საქართველოში გავაგრძელო. ზოგადად, ადრე უფრო მეტი აბიტურიენტი აბარებდა სომხეთში, ახლა პირიქითაა, რადგან მეტ-ნაკლებად ახალგაზრდების ნაწილმა სახელმწიფო ენა უკვე იცის“, – ამბობს გოჰარი. თუმცა ის იმასაც აღნიშნავს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ვინც ენას კარგად ვერ ფლობს, ნებდება და გოგოები ნაადრევად წყვეტენ დაქორწინებას, ბიჭები კი შრომით ემიგრაციაში მიდიან, ძირითადად რუსეთში.

გოჰარის სოფელში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მსგავსად, არ არის ბუნებრივი აირი და არც წყალი მოდის უწყვეტად.

გოჰარის თქმით, საყოფაცხოვრებო და ინფრასტრუქტურული პრობლემები ტვირთად ძირითადად ქალებს აწევთ:

„ქალები უფრო ზიანდებიან ამ ყველაფრით, რადგან კაცების უმრავლესობა სამუშაოდ რუსეთში მიდის. ჯავახეთში ისინი ზამთარში ბრუნდებიან და მთელი წლის განმავლობაში, სოფლის ყველა საქმე ქალის მხრებზეა. როცა არც წყალი გაქვს, არც გაზი, რთულია არსებობა.

მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის ტრანსპორტი არ დადის, როცა პატარა ვიყავი ძალიან მინდოდა ნინოწმინდაში სიარული. იქ იყო სხვადასხვა წრე ბავშვებისთვის, მაგრამ ვერ დავდიოდი, ტრანსპორტი არ იყო. ახლაც ასეა“, – გვიყვება გოჰარი.

გოჰარი ინტეგრაციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ორმხრივი პროცესია, არცთუ ისე მარტივი, მაგრამ შესაძლებელი:

„სულ ვფიქრობდი და ვიმეორებდი, რომ მე მაქვს უფლებები, მაგრამ ასევე მოვალეობები და არავინაა ვალდებული სასწრაფოდ დამიმეგობრდეს, რახან უმცირესობების თემიდან ვარ, ეს პროცესი თავად უნდა ვმართო. თავიდანვე ვიცოდი, რომ სხვაგან მივდივარ, სადაც უმრავლესობა არის სხვა ეროვნების, არიან ქართველებიც, აზერბაიჯანელებიც და სხვებიც. უნდა მქონდეს პასუხისმგებლობა, რომ ამ ადამიანებთან ისე გავაბა კავშირები – პრობლემები არ გვქონდეს.

სოციალურ ურთიერთობაში სულ ჩნდება პრობლემები, კონფლიქტები, იყო სირთულეებიც, პირველ ორ-სამ თვეს მიჭირდა ქართულად ლაპარაკი და სემინარების ჩაბარების დროს მქონდა შფოთვები, მეწყებოდა ხელების, ხმის, ფეხების, კანკალი. ვერ ვლაპარაკობდი და ვფიქრობდი, ახლა თუ ვილაპარაკებ, შემამჩნევენ, რომ აქცენტი მაქვს, არასწორად ვამბობ სიტყვებსაც და რას იფიქრებენ-მეთქი, მაგრამ 3 თვეში გამიარა შფოთვამ. მივხვდი, რომ ჩემი კურსელებისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა რა ეროვნების ვიყავი“, – ამბობს გოჰარი.

გოჰარის თქმით, ისე ჩანს, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო თითქოს ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ მისივე მოსაზრებით, მხოლოდ 1+4 პროგრამა და ქართული ენის შემსწავლელი ცენტრები ინტეგრაციისთვის საკმარისი არ არის:

„კი, გვაქვს 1+4 პროგრამა და ჟვანიას სახელობის სკოლა, მაგრამ როცა სოფლებში არ გვაქვს ბაგა-ბაღები, როცა სკოლები ძირითადად ავარიულ მდგომარეობაშია, როცა ისიც კი არ ვიცით სკოლის მასწავლებლები არიან თუ არა იმ საგნების სპეციალისტები, რასაც სკოლებში ასწავლიან, როცა არ ვაკვირდებით რა სახელმძღვანელოებით სწავლობენ ბავშვები სხვადასხვა საგანს, ამ ყველაფერს როცა არ ვაკეთებთ, რატომ უნდა გვეგონოს, რომ ეთნიკური უმცირესობები მარტივად ისწავლიან ენას.

ნინოწმინდაში მხოლოდ 10 ბაღია, ახალქალაქში მხოლოდ 12, დანარჩენ სოფლებში რა ქნან ბავშვებმა? რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათაც ბაღში სიარულის შესაძლებლობა?

ზოგი სკოლა სახიფათო მდგომარეობაშია. რეგიონების მოსახლეობას ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა.

ჟვანიას სკოლა გვაქვს ნინოწმინდაში, სადაც ყველა მსურველი სწავლობს სახელმწიფო ენას, მაგრამ როგორ უნდა მოვთხოვოთ დანარჩენი სოფლების ახალგაზრდებს და მოსახლეობას იარონ იქ და ისწავლონ?

კი ბევრი დადის და ეს კარგია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურს იცოდეს სახელმწიფო ენა. მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც უნდა სწავლა, მაგრამ ისედაც, ისეთი რეგიონია, სადაც იმდენი პრობლემაა… ჩვენთან 6, 7 თვე თოვლი დევს და ზამთარია, ძალიან მძიმე კლიმატია, იმდენი საქმეა… როცა კაცების უმეტესობა უმუშევარია [რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა] და ქალებზეა დანარჩენი ყველაფერი, როგორ უნდა გვქონდეს რამე პრეტენზია ამ ხალხის მიმართ“, – ამბობს გოჰარი.

მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სომხურ თემში, სამცხე-ჯავახეთში ძალიან სწრაფად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის გამავრცელებელიც მარტივად იქცევა ხოლმე „სანდო წყაროდ“.

„სახელმწიფოს აქვს ინფორმაცია, სად რა ხდება, ჩვენთანაც მუშაობს სუსი და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამ ეთნიკურ უმცირესობას სრულიად სხვა ინფორმაციას არ უნდა აწვდიდნენ, დანარჩენ საქართველოს კი სხვას.

ხელისუფლების წარმომადგენლები არამხოლოდ არჩევნებზე, არჩევნებამდეც და მერეც უნდა ჩამოდიოდნენ და ინტერესდებოდნენ ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობით.

სახელმწიფოს როცა სჭირდება ეს ხალხი, მხოლოდ მაშინ აქცევს ყურადღებას, ჩვენს თემშიც ამაზე ძალიან ბევრს და ხშირად უნდა ვლაპარაკობდეთ“, – გვეუბნება გოჰარი და აგრძელებს:

„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ამ პრობლემებზე ხმამაღლა უნდა ვლაპარაკობდეთ უმრავლესობასთან. ხშირად უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ჩვენს პრობლემებზე. წარმოუდგენიათ, რომ ენას ეთნიკური უმცირესობები უპატივცემულობის გამო არ სწავლობენ და ა.შ. სინამდვილეში ეს ასე არ არის.

ეს ქვეყანა უმცირესობასაც ისევე უყვარს, როგორც უმრავლესობას. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ ერთი სახელმწიფოს შვილები ვართ და ყველა ვმუშაობთ, ვსწავლობთ ამ ქვეყნისთვის, ვაკეთებთ ბევრს და ასეც უნდა იყოს, ეს გვაერთიანებს“, – ამბობს მომავალი ფსიქოლოგი.

გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, გოჰარ აღჯოიანი არაფორმალური განათლების პროცესშიცაა ჩართული და სემინარებს კითხულობს გენდერულ თანასწორობაზე, შეისწავლის ქალების სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებს სამცხე-ჯავახეთში, მონაწილეობს დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების კვლევაში და თანამშრომლობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

„თბილისში ვარ ახლა, მაგრამ მინდა მუდმივად ჩართული ვიყო არამხოლოდ ჩემი სოფლის, არამედ მთელი რეგიონის ცხოვრებაში. ზოგადად, ჩემი ყველა შეხვედრა უკავშირდება რეგიონს, სოფელს, მუნიციპალიტეტს, საიდანაც მე ვარ და ჩვენი კავშირი არ შეწყვეტილა, არც შეწყდება.

მინდა ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდეს, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა იქნება, რადგან ჩვენთან ეს მიმართულება განვითარებული არ არის. ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო. უნდა ვეცადო ამ პროფესიით ადამიანების ცხოვრება უკეთესი გავხადო, მაგრამ ჯერ თავად უნდა გავიარო დიდი გზა“, – ამბობს 24 წლის სტუდენტი.

სტუდენტი, რომელიც ბათუმში ფოთიდან დადის უნივერსიტეტში – „ბინა ვერ დავიქირავე“

20 წლის ფოთელი სოფია ლუპა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. ის მეორე კურსის სტუდენტია.

სოფია ბსუ-ში ყოველ სასწავლო დღეს ფოთიდან დადის. იგი გვიყვება, რომ ბათუმში ბინის დაქირავებას ვეღარ ახერხებს, თუნდაც უნივერსიტეტისგან მოშორებით, რადგან ბოლო თვეებია ბათუმში ბინების დაქირავება გაძვირდა:

„როგორც ბევრი სტუდენტი, მეც ვერ ვახერხებ ბინა ვიქირავო ბათუმში, რადგან ფასები ძალიან გაიზარდა. უნივერსიტეტში თითქმის ყოველდღე დავდივარ. ფოთიდან ბათუმამდე ერთი გზა 10 ლარი ღირს. დღეში 20 ლარი მეხარჯება ტრანსპორტში“.

სოფიამ უნივერსიტეტში ოფლაინ სწავლა მხოლოდ 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში დაიწყო. აქამდე ის ონლაინ სწავლობდა.

„როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, ვფიქრობდი, რომ აუდიტორიებში დაიწყებოდა სწავლა, ამიტომ ბათუმში გადმოვედი საცხოვრებლად. ბინა ვიქირავე და ერთი თვე ვცხოვრობდი, შემდეგ კი ფოთში დავბრუნდი, რადგან სწავლა ონლაინ იყო“.

სოფიას თქმით, ბინა უნივერსიტეტთან ახლოს, მელიქიშვილის ქუჩაზე ჰქონდა ნაქირავები 350 ლარად. ამბობს, რომ პატარა ბინა იყო, მაგრამ ერთი ადამიანისთვის საკმარისი.

„350 ლარად თუ ქირაობდი ადრე ბინას, ახლა 350 დოლარადაც ვერ ნახავ, თუნდაც უნივერსიტეტისგან მოშორებით. ძირითადად, ყველა ბინა გაქირავებულია.

ფაქტობრივად, ახლა რამდენიც გზაში მეხარჯება, ამ თანხით ადრე ბინის ქირაობა შემეძლო, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია.

ყველა საიტი და ფეისბუქგვერდი გადავქექე. ქუჩებშიც დავდიოდი, რათა სადმე გამოკრული განცხადებები მენახა ბინის გაქირავების თაობაზე და დამერეკა. სადაც დავრეკე, ყველა საცხოვრებელი გაქირავებული იყო,“ – გვიყვება სოფია.

იგი ამბობს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრებაზეც იფიქრა, მაგრამ გადაიფიქრა:

„სტუდენტურ საცხოვრებელში არ არის საშუალება მარტო ვიყო ოთახში. ვიღაცასთან უნდა გავიყო საძინებელი, სველი წერტილი, რაც ჩემთვის არ არის კომფორტული“.

სოფიას თქმით, უნივერსიტეტში არ აგვიანებს, თუმცა 2 საათით ადრე უწევს სახლიდან გამოსვლა. მისი თქმით, ტრანსპორტი ფოთიდან ბათუმში  ყოველ ერთ საათში დადის და  საათ-ნახევარი სჭირდება გზაში.

„ჯამში დღეში სამი საათი მჭირდება გზაში, რაც სწავლის ხარისხზე ძალიან მოქმედებს. როცა სახლში ვბრუნდები, ისეთი გადაღლილი ვარ, საერთოდ არაფრის თავი არ მაქვს“ – ამბობს ის. მისი თქმით, როცა ონლაინ სწავლობდა, მუშაობდა კიდეც, მაგრამ ახლა მუშაობას ვეღარ ახერხებს – „გზაში ძალიან დიდი დრო მეხარჯება. ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ ვიმუშაო“.

როგორც მან გვითხრა, რამდენიმე სტუდენტმა, რომელთაც იგივე პრობლემა აქვთ, სოფიას მას შემდეგ მისწერეს, რაც ბსუ-ს სტუდენტურ ჯგუფში ამ თემაზე დაწერა: „ბსუ-ს რამდენიმე სტუდენტმა მომწერა, ჩვენც იგივე პრობლემა გვაქვსო. საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც ამბობენ, რომ ვერ ქირაობენ ბინებს. როგორც ვიცი, ეს სტუდენტებიც სახლებიდან დადიან უნივერსიტეტში“.

ფოტოზე: სოფია ლუპა

________________________

ამავე თემაზე: 

„500 დოლარად აქირავებენ ბინას, რომელიც 500 ლარად ქირავდებოდა“ – მაკლერები ბათუმში  

რას გვიამბობენ ძველი რუკები ბათუმსა და მთელ საქართველოზე – შეხვედრა ბათუმში

როდის გამოჩნდა ბათუმი და ზოგადად, საქართველო ძველ ევროპულ რუკებზე და რას გვიყვებიან რუკები ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციაზე? – ამ თემაზე დღეს, 25 მაისს, სულხან სალაძემ ისაუბრა ბათუმში. სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ამავდროულად ძველი ევროპული რუკების კოლექციონერი და მკვლევარია.

შეხვედრა ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, სოციალურ კაფეში – „თავისუფალ სივრცეში“ შედგა.

„ჩვენ სულ ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, გაცხადებულ, დეკლარირებულ მიზანზე, ვლაპარაკობთ თანამედროვეობაზე, მართლმსაჯულების მდგომარეობაზე, საარჩევნო სისტემაზე, ადამიანის უფლებებზე, ბევრ სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ამ პროცესში შედარებით ნაკლებ დროს ვუთმობთ ისტორიულ კონტექსტს.

რა საერთო გვქონდა ევროპასთან, იყო თუ არა  გადაკვეთის წერტილები და რას გვაძლევს ეს ჩვენ, რამდენად რეალური და ხელშესახებია ეს ყველაფერი დოკუმენტურად თუ მხოლოდ განცხადებების საშუალებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამაზე? ასევე, საინტერესოა ქართველების კონტრიბუცია რა იყო ამ საქმეში. რაიმე ფორმით ვმონაწილეობდით კარტოგრაფიის განვითარების პროცესში თუ არა, თუ მხოლოდ შედეგებს ვნახულობდით, რასაც ევროპული  კარტოგრაფია ქმნიდა,“ – თქვა სულხან სალაძემ.

 

ამ კითხვებს შეხვედრაზე სულხან სალაძემ თავად გასცა პასუხი, მან აუდიტორიას წარუდგინა რუკების ელექტრონული ვერსიები საკუთარი კოლექციიდან.

სულხან სალაძის ინფორმაციით, ყველაზე ძველი რუკა, რომელზეც შეიძლება ვნახოთ ბათუმი, 1265 წელს არის შედგენილი კონრად ფოიტინგერის მიერ:

„ეს არის ძველი, რომაული საგზაო რუკის ასლი, ეს რუკა ბევრად უფრო ადრეა შექმნილი, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, თუმცა ორიგინალი განადგურებულია, არსებობს მეცამეტე საუკუნის შუა პერიოდში შექმნილი ამ რუკის ასლი. ამ რუკაზე საქართველოს ბევრი ქალაქია აღნიშნული, არის სოხუმი. მარტივად რომ ვთქვათ, ამ დიდი საგზაო რუკის ნაწილია საქართველო“.

შეხვედრაზე სულხან სალაძემ სხვადასხვა პერიოდის რუკებთან ერთად საზოგადოებას ასევე წარუდგინა პირველი გრავიურები ბათუმზე. მსმენელებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დასახელებებმა, როგორც ბათუმი იყო მოხსენიებული გრავიურებსა და რუკებზე. სულხან სალაძის თქმით, ეს დასახელებებია ლოვატი, მონატი და ვატი, თუმცა ისინი ძირითადად ერთი სიტყვისგან არის ნაწარმოები.

 

26 მაისს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.

მსურველებს ბოტანიკური ბაღის მონახულება შეუძლიათ დილის ცხრა საათიდან საღამოს რვა საათამდე.

პირველი მაისიდან ბოტანიკურ ბაღში შესვლის ტარიფი გაიზარდა და 8 ლარის ნაცვლად 10 ლარი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა გარკვეულ დღესასწაულებზე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს, ბაღში შესვლა უფასოა.

თუმცა უცხოელი ვიზიტორები ბაღში უფასოდ შესვლას ვერ შეძლებენ, მათ დადგენილი ტარიფი – 20 ლარი უნდა გადაიხადონ ბაღის დასათვალიერებლად.

ბოტანიკურ ბაღში შესვლა საქართველოს  მოქალაქეებისთვის ასევე უფასო იქნება ბავშვთა დაცვის დღეს, პირველ ივნისს.

 

ჩემი ტყვედ აყვანა სურდათ, დაჭრილმა 2 კილომეტრი ვიარე ტყეში – ბათუმელი სტინგერი უკრაინაში

„სროლა რომ ატყდა, ვიფიქრე, ტყეში შევასწრებ-მეთქი, ორი ნაბიჯიღა მაკლდა, როცა ავტომატიდან გასროლილი ბრმა ტყვია მომხვდა,“ – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე. ის მეზენიტე, სტინგერის მსროლელია და უკრაინაში ბრძოლის დროს ფეხში დაიჭრა. ავთანდილ სურმანიძე ამ დროს სტარი სალტოვთან იბრძოდა ხარკოვის ოლქში, სადაც უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების ალყის გარღვევა შეძლეს.

ავთანდილ სურმანიძეს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარეს. ის კიევის ჰოსპიტალშია და დაჭრის, ასევე, დაჭრამდე 3 დღით ადრე უკრაინელი გოგოს დანიშვნის ამბავს გვიყვება:

„უნდა გენახათ, როგორი სიხარულით გვხდებოდნენ სოფლებში, რომლებსაც ვათავისუფლებდით… სოფლები, ომის მიუხედავად, დაცლილი არ იყო, გარეთ გამოსვლა ჰქონდათ შეზღუდული და გადაადგილება. ერთი ქართველი ვიყავი და მეხვეოდნენ, როცა ეუბნებოდნენ, ეს ბიჭი საქართველოდან არისო, ტიროდნენ სიხარულისგან, გვეპატიჟებოდნენ სახლში, სუფრებს გვიშლიდნენ…

ხარკოვის ალყის გარღვევის დროს ბატალიონს უკან მივყვებოდით, როგორც ჰაერსაწინააღმდეგო დაზღვევა. იმ დღესაც, როცა დავიჭერი, არტილერია შევაცილეთ ერთ-ერთ სოფელში და სოფლიდან დაახლოებით ორ კილომეტრზე დავბანაკდით. დილის 9 საათი იქნებოდა, ვსაუზმობდით, როცა ტყიდან ხმაური შემოგვესმა.

ავტომატები გვერდით გვედო, მაგრამ იმათ იყვირეს, არ გვესროლოთ, თქვენიანები ვართო. მოგვატყუეს. დაახლოებით 30 მეტრის მანძილზე იყვნენ უკვე, როცა რუსებისთვის დამახასიათებელი თეთრი სამკლავურით მივხვდით, ვინც იყვნენ და ცეცხლი გავუხსენით, მე, ჩემი მეთაური და მძღოლი ვიყავით მხოლოდ. ისინი შვიდნი იყვნენ. მივხვდი, რომ ჩვენი ტყვედ აყვანა უნდოდათ,“ – ამბობს ქართველი მებრძოლი. მან რუსებისგან თავის დაღწევა ფეხში დაჭრის მიუხედავად მაინც მოახერხა.

„როცა ტყვია მომხვდა, მალევე წამოვდექი და ტყეში შევედი,“ – განაგრძობს თხრობას ავთანდილ სურმანიძე. – „დაახლოებით ორი კილომეტრი ვიარე ცალი ფეხით, სისხლი მდიოდა, ვცდილობდი, თან მეპოვა მეორეხარისხოვანი გზა… ამასობაში, მობილური დავკარგე, ჩემებთან კონტაქტიც დავკარგე.

მერე ჩამოვჯექი და ჯოხებისგან საკუთარი ხელით გავაკეთე „გიფსი“, ფეხი დავაფიქსირე, ქამარი შემოვიჭირე და ფეხსაცმლის თასმებიც. მაისურიც გავიხადე და სისხლდენის შეჩერება ვცადე. პურის ყანებში გავაგრძელე უკვე გზა.

აღარ მეშინოდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს ვერ იქნებოდა ორმხრივი ცეცხლი, რომ ეს შემორჩენილი ოკუპანტები იყვნენ, რომლებმაც ვერ გააღწიეს გათავისუფლებული სოფლიდან. გზამდე მივედი და იქ დავწექი, ვიდრე, რომელიმე მანქანა გამოჩნდებოდა.

დაახლოებით 25 წუთი იქნებოდა გასული, როცა ჩემი მეთაურის მანქანა გამოჩნდა. სწრაფად ვცადე გამოსვლა გზაზე, მაგრამ ის ძალიან სწრაფად მოძრაობდა, ვერ გავასწარი გზამდე, მაგრამ ხელში რაც მეჭირა, იმ ჯოხის გადასროლა მოვასწარი – უკანა ხედვის სარკიდან დამინახა და შეჩერდა,“ – ამბობს ავთანდილ სურმანიძე.

დაჭრის წინა დღეს ამოვკვეთე ხეზე „ბათუმი“, სადაც დავბანაკდით – ავთანდილ სურმანიძე

ქართველი მებრძოლის თქმით, მას პირველადი სამედიცინო დახმარება იმავე სოფელში აღმოუჩინა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა, გამაყუჩებელი გაუკეთეს და შემდეგ შემოვლითი გზით ხარკოვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რადგან ცენტრალური გზა დანაღმული იყო.

„თავიდან ექიმმა როცა ნახა ჩემი თხილის ჯოხებით გაკეთებული „გიფსი“, გაუკვირდა, ყველაფერი სწორად გაგიკეთებიაო. ვუთხარი, რომ როცა სიკვდილს ხედავ, ყველაფერი შესაძლოა სწორად გააკეთო-მეთქი.

ფეხის კოჭი ჩამტვრეული მაქვს მთლიანად, მაგრამ ფეხს ვამოძრავებ. არ ვიცი, რა იქნება, კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გამიკეთონ ამ დღეებში,“ – ჰყვება სტინგერის მსროლელი ბათუმიდან.

დაჭრამდე სამი დღით ადრე კი, ავთანდილ სურმანიძემ ხარკოველი მარია ანტიპოვა დანიშნა. ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ დაქორწინებას ბათუმში აპირებს, როცა ომიდან დაბრუნდება. მარია ანტიპოვა ავთანდილ სურმანიძეს სოციალური ქსელით 2019 წელს გაუცნია.

ავთო და მარია

„ის დედასთან ერთად ბათუმში იყო და წერდა, რომ საქართველო შეუყვარდა. მაშინ მე მეგობრობა ფეისბუქით ვთხოვე, დავმეგობრდით, შემდეგ ეს გრძნობები შეიცვალა და სიყვარულში გამოვუტყდი. მითხრა, რომ ეს არ გამოვა, რადგან საქართველოში ცხოვრებას არ აპირებს.

ომში როცა წავედი, მას აღარ ვწერდი… მერე, ფრონტზე გადაღებული ფოტოები დავდე ფეისბუქში, ეს ნახა და მომწერა. არ ვპასუხობდი დაახლოებით ერთი კვირა. მინდოდა, ეგრძნო, რომ მხოლოდ მის გამო კი არა, ომისთვის ჩავედი, რომ ეს ომი ჩემი ომიც იყო…

მერე, ერთ დღეს, როცა მივლინებით ხარკოვში გამიშვეს, მოულოდნელად მივუკაკუნე მარიას სახლის კარზე, ძალიან გაუხარდა. ნიშნობისთვის ბეჭედი უკრაინელმა ბიჭებმა მიყიდეს… მარია სამოქალაქო განათლების მასწავლებელია და ახლა მოხალისედ მუშაობს ობოლი ბავშვების დასახმარებლად, სადიპლომოს დაცვა ჰქონდა, მალე უნდა ჩამოვიდეს ჩემთან, კიევში,“ – გვითხრა ავთანდილ სურმანიძემ.

„ბატონო რუდენკო, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, არა?!“ – პოდოლიაკი სანქციების მოხსნაზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებას გამოეხმაურა. ანდრეი რუდენკომ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სურსათით დატვირთულ გემებს უსაფრთხო დერეფანი შესთავაზოს უკრაინის დასატოვებლად. სამაგიეროდ, მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ ექსპორტსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე დაწესებული გარკვეული სანქციები მოხსნა.

მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე რუსეთის განცხადებებს, რომ ეს სანქციები „დიდი ბედნიერება და საჩუქარია ეკონომიკისთვის“.

„კრემლი აცხადებდა, რომ სანქციები დიდი ბედნიერება და საჩუქარია ეკონომიკისთვის. ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პორტების განსაბლოკად სანქციების მოხსნას ითხოვს. თუ სანქციები გაძლიერებთ, რატომ უნდა მოიხსნას? ბატონო რუდენკო, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, არა?!“ – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

უკრაინა ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. რუსეთის თავდასხმის შემდეგ შეჩერებულია უკრაინიდან ტვირთის ზღვით გატანა. ამ ვითარებას საერთაშორისო ექსპერტები და პოლიტიკოსები გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხედ აფასებენ. დასავლური ქვეყნები სურსათის უკრაინიდან გასატანად „უსაფრთხო დერეფნის“ შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ეს რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდება.

როგორც რუსული მედია ციტირებს რუდენკოს, იგი ასევე მოითხოვს „უკრაინამ განაღმოს ყველა პორტი, სადაც გემები დგას“.

ოფიციალური კიევი რუსეთს პორტების დანაღმვასა და ხორბლის ქურდობაში სდებს ბრალს. უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სურსათის გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სურსათის ფასი გლობალურად იზრდება, ხოლო უკრაინაში, როგორც დასავლელი ლიდერები აცხადებენ, ტონობით ხორბალია, რომელიც ექსპორტზე ვერ გადის.

__________

ამავე თემაზე: 

 

ყირიმის პორტში რუსული გემები უკრაინიდან მოპარული ხორბლით დაიტვირთა – CNN

 

 

აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსად მამუკა თურმანიძე დანიშნეს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს მამუკა თურმანიძე უხელმძღვანელებს. ის 2020 წლიდან ამავე უწყებაში უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი, 2015 წლიდან 5 წლის განმავლობაში მამუკა თურმანიძე სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის რეგიონალური მთავარი სამმართველოს მე-2 სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი იყო.

მამუკა თურმანიძეს 2020 წლამდე მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. სუსში დასაქმებამდე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, 2013 წელს იყო აჭარის რეგიონალური მთავარი სამმართველოს მე-2 სამსახურის უფროსის მოადგილე. 2007 წლიდან 2012 წლამდე კი უბნის ინსპექტორ- გამომძიებლად მუშაობდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამ დრომდე ზაზა შავაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც გუშინ, 24 მაისს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნეს.

გიორგი სურმანიძე, რომელიც ამ დრომდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა.

ახალი მოადგილე ჰყავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრსაც. ამ თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ედუარდ ნაკაშიძე წარუდგინა, რომელსაც აჭარის მთავრობის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო უწყებებში და, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

უკრაინის მარილის საწარმო ომის გამო გაჩერდა

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის მაღაზიებში მარილის დეფიციტია, პროდუქტზე ფასი კი მკვეთრად გაიზარდა – მიზეზი საწარმო „არტემსოლის“ გაჩერებაა.

„არტემსოლი“ მარილის მომპოვებელი და გადამამუშავებელი უმსხვილესი საწარმოა ევროპაში, რომელიც ბახმუტთან ახლოს, ქალაქ სოლედარში, დონეცკის ოლქში მდებარეობს. სწორედ ამ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ახლა მთავარი ბრძოლები.

„საწარმო გაჩერებულია, ბრძანების თანახმად, გაურკვეველი დროით. სროლა გამუდმებით გრძელდება, ნაწილობრივ დანგრეულია ადმინისტრაციის შენობა. იყო საწყობებზე პირდაპირი თავდასხმებიც. საწარმოო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. ხალხს ასეთ საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ. თანაც, სოლედარის მცხოვრებლები, ისინიც, ვინც „არტემსოლში“ მუშაობენ, უკვე ევაკუირებულნი არიან. თანამშრომლებისა და ადმინისტრაციის დიდი ნაწილი აქ აღარაა“, – განაცხადა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ იურინმა.

იურინის ინფორმაციით, საწარმო ჯერ კიდევ აპრილში გაჩერდა, რადგან ამ დროს უკვე შეუძლებელი იყო ქალაქიდან პროდუქციის რკინიგზით გატანა.

„მარილი რომ მაღაზიებში გაიყიდოს, ის უნდა დაამზადოს ვინმემ. ვიდრე ბრძოლები გრძელდება, მოგვიწევს ჩვენი მარილის იმპორტირებულით ჩანაცვლება“, – ამბობს იურინი.

მისი თქმით, „არტემსოლის“ გაჩერებას უკრაინის გარდა სხვა ქვეყნებშიც მალე იგრძნობენ, მათ შორის, უნგრეთში, პოლონეთში, საქართველოში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და რუმინეთში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინიდან 1 256 ტონა მარილი შემოვიდა. თურქეთისა და ირანის შემდეგ უკრაინა საქართველოსთვის მარილის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია.

მთავარი ფოტო: „არტემსოლის“ მარილი კიევის ერთ-ერთ მაღაზიაში/Типичный Киев

„მინდოდა ჩემი სისხლი და ცრემლები გამეღო“ – უცხოელები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან

წყარო: hromadske

___________________

2022 წლის 27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელებს მოუწოდა უკრაინის დაცვაში მონაწილეობისკენ. ასე შეიქმნა უცხოელების ლეგიონი. მას უკვე შეუერთდა ათასობით მოხალისე 92 ქვეყნიდან, მათ შორის არიან სამხედრო ვარსკვლავებიც კი, მაგალითად, კანადელი სნაიპერი უოლი.

უკრაინული გამოცემა hromadske ხარკოვის ოლქში ჩავიდა, სადაც გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეხვდა უცხოელებს, რომლებიც ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. მათ უკრაინელი ოფიცრები ხელმძღვანელობენ. უკრაინის მოქალაქეებისგან განსხვავებით, უცხოელებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტონ ხელშეკრულება უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, მაგრამ უმრავლესობა აპირებს ბრძოლას გამარჯვებამდე.

  • რაიანი ამერიკის შეერთებული შტატებიდან

ამერიკელ რაიანს შეეძლო ჰოლივუდის რომელიმე ფილმში მთავარი როლი შეესრულებინა. მაგალითად „რიგითი რაიანის გადასარჩენად – 2“. ლამაზი სახე, გრძელი, ხვეული, უკან შეკრული თმა, ნავარჯიშები სხეული. კითხვაზე, რამდენი წლისაა, პასუხობს, რომ ქრისტეს ასაკშია.

თუმცა ახლა რაიანი დოკუმენტურ ბოევიკში მონაწილეობს რუსეთ-უკრაინის ომის თავდაცვის პირველ ხაზზე. ამ ომში იგი სნაიპერის როლშია. მაგრამ რაიანს თავისი დამსახურებებით კვეხნა არ სურს.

– თქვენი მეთაური ამბობს, რომ თქვენ, შესაძლოა, ათობით რუსი ჯარისკაცი მოკალით.

– არა, ეს მე არ ვყოფილვარ. ვიღაც სხვაზე ამბობს, მართლა.

– მაშ, რამდენი?

– მე მხოლოდ ხანმოკლე შეტაკებების შესაძლებლობა მქონდა. ჩემი ძირითადი საქმე დაკვირვებაა, რუკების შედგენა, ესკიზების მომზადება, დეტალების ჩაწერა. დიახ, ესაა 99 პროცენტით.

რაიანი. ფოტო: hromadske

რაიანს ომმა საქართველოს მთებში მოუსწრო. როცა ის მთებიდან დაეშვა და ახალი ამბები წაიკითხა, მაშინვე უკრაინისკენ ავიარეისის ძებნა დაიწყო.

რაიანი ომამდე უკრაინაში ორწელიწად-ნახევარი ცხოვრობდა, სხვადასხვა ქალაქში. ამბობს, რომ ყოველთვის აინტერესებდა აღმოსავლეთ ევროპა და ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ მიხვდა, რომ საცხოვრებლად უკრაინა საუკეთესო ქვეყანაა. იყო მოხალისე მასწავლებელი კარპატების საბავშვო ბანაკში. დაიწყო საკუთარი ბიზნესი მთებში მოგზაურობის სფეროში.

„თავიდან ვგეგმავდი უბრალოდ წავსულიყავი ჩემს მეგობრებთან კიევში და მენახა, შემეძლო თუ არა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში გაწევრიანება და მათი როგორმე დახმარება. შემდეგ გავიგე, რომ ახალშექმნილ უცხოურ ლეგიონში იწვევდნენ და ვიფიქრე, რომ ეს ერთადერთი კანონიერი საშუალება იქნებოდა…“

რაიანს საუბარს არტილერიის ხმა აწყვეტინებს. ის ყურს უგდებს. ამბობს, რომ ეს ახლოს არ არის და საუბარს აგრძელებს.

„არტილერია ძალიან დიდია, მე – ძალიან პატარა. ეს საშინელებაა. მაგრამ ზოგჯერ სახიფათო რაღაცებს ადამიანები ​​მხოლოდ გასართობად ვაკეთებთ, აქ კი საშიშია და სახიფათო რაღაც მიზნისთვის“.

რაიანი ამბობს, რომ ის ომშია იმიტომ, რომ თავის უკრაინელ მეგობრებთან ერთად ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. და კიდევ იმისთვის, რომ უკრაინელი მებრძოლებისგან კრეატიულობა ისწავლოს.

„ისინი წყვეტენ პრობლემებს ისე, როგორც არ ელოდებით. ვგულისხმობ იმას, თუ როგორ ითვისებენ ისინი საუკეთესო ტაქტიკას. რუსები ძალიან ძველი, საბჭოთა ტაქტიკით სარგებლობენ, „სახელმძღვანელოების მიხედვით“. უკრაინელები აკვირდებიან და ხედავენ, რა მუშაობს. შემდეგ სწრაფად ახდენენ ამის რეალიზებას დიდ მასშტაბებში. ისევე, როგორც ტექნოლოგიების გამოყენებისას. მაგალითად, მცირე ზომის სამოქალაქო დრონებით, რომელიც ძალიან ეფექტურად გამოიყენება.

  • მერკელი ავსტრალიიდან  

კაცმა, ფორმაზე ლურჯ-ყვითელი დროშით, რამდენჯერმე გაიმეორა სახელი, რომ მისთვის სწორად გაეგოთ. ბოლოს ამბობს: „მიშკა“. ასე ეძახიან მას ისინი, ვისაც უჭირს მერკელის დამახსოვრება. ის ავსტრალიიდანაა. პირველად ჩამოვიდა ევროპაში. უკრაინაში ყველაზე მეტად სიცივემ მოახდინა შთაბეჭდილება. მერკელს ორი შვილი ჰყავს – სამი და ხუთი წლის.

„26 საათი მოვდიოდი. მოვფრინავდი მელბურნიდან, იქიდან – სინგაპურში, სინგაპურიდან – გერმანიაში. გერმანიაში 12 საათით დამაკავეს, არ მაძლევდნენ ევროპაში შესვლის საშუალებას. ომი სულ ახალდაწყებული იყო.

როცა აეროპორტში დამაკავეს, გავიცანი უკრაინელი, რომელმაც მითხრა: „იდეა მაქვს, შეგვიძლია ბრიტანეთში გავფრინდეთ“. მეორე დილას გავფრინდით დიდ ბრიტანეთში და შემდეგ მან მიყიდა ბილეთი უკრაინისკენ. ონლაინ დავუკავშირდი უკრაინის საელჩოს. ჩავირიცხე ლეგიონში და ახლა აქ ვარ.

მერკელი. ფოტო: hromadske

მერკელი ამბობს, რომ ავსტრალიაში კარგი სამსახური ჰქონდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ მისი ხელები უკრაინას სჭირდება. იგი იოვოროვსკის პოლიგონზე იყო ზუსტად მაშინ, როცა პოლიგონს რუსები ბომბავდნენ. ამ შეტევის შემდეგ ბევრმა უცხოელმა გადაწყვიტა, რომ სახლში დაბრუნების დროა, მაგრამ მერკელმა არ ისურვა.

„სინამდვილეში არ შემიძლია სახლში დაბრუნება. გაურკვეველია, მომცემენ თუ არა სამშობლოში დაბრუნების ნებას. ოდესღაც მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იბრძვის, კლასიფიცირდება, როგორც დაქირავებული მებრძოლი. დაბრუნებისას სასამართლო პროცესი უნდა იყოს.

ვფიქრობ, ეს იქნება ხანგრძლივი ომი გამოფიტვამდე. რუსებს განდევნიან ქვეყნიდან, მაგრამ ამით არ დასრულდება. ისინი გააგრძელებენ ქალაქების განადგურებას და მხოლოდ შემდეგ წავლენ. ისინი ასე იქცეოდნენ ყველგან“.

  • ივანი ბულგარეთიდან 

სამზარეულოში კაცი ტრიალებს სამხედრო ფორმით. დიდ ტაფაზე „გრენკებს“ ამზადებს წვნიანისთვის. დღეს სადილად ბარდის წვნიანია. მეორე ტაფაზე ხორცს შუშავს. „ნამდვილი ხორცია“ – ხაზგასმით ამბობს ივანი, – „კონსერვი არ არის“.

სამზარეულოში მუშაობა მისი ფრონტია. ივანს სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. 10 წელი იგი IT სფეროში მუშაობდა, შემდეგი 10 წელი კი საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. იგი მწვანეთა პარტიის წევრია, რომელიც ამჟამად ბულგარეთის ხელისუფლებაშია წარმოდგენილი.

„უკრაინაში ჩამოვედი, იმიტომ, რომ ასეა სწორი. თუ უკრაინა დაეცემა, რუსეთის შემდეგი სამიზნე ბულგარეთი იქნება. ჩვენც უდიდესი პრობლემები გვაქვს ჰიბრიდულ ომთან, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, რომელთაც პუტინი აფინანსებს, დეზინფორმაციასთან, ვებ-გვერდებთან, რომლებიც ყალბ ახალ ამბებს აქვეყნებენ, ტროლებთან, რომლებიც მკვდრების ფოტოებზე „სმაილებს“ წერენ.

ივანი. ფოტო: hromadske

ახლა ბულგარეთში პოლიტიკური კონფლიქტია იმაზე, უნდა მივცეთ თუ არა უკრაინას ჩვენი ძველი, საბჭოთა შეიარაღების სისტემები. სოციალისტებს, მაფიოზებს, კორუმპირებულებს და პროპუტინისტებს არ უნდა იარაღის მიცემა. პრეზიდენტმაც კი, გუშინ თქვა – „ჩვენ არ გვინდა გავგზავნოთ ბულგარული იარაღი უკრაინაში, რადგან ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ბულგარელების მოსაკლავად“. დაიცა, ბულგარელები არიან აქ. მე ბულგარელი ვარ! ჩვენ ვიყენებთ ბულგარულ და უკრაინულ იარაღს.

  • რადი, ფილიპინელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან

რადი ყოფილი საზღვაო ქვეითია. თუმცა იგი არ იბრძოდა, ლოჯისტიკით იყო დაკავებული.

„ახალ ამბებში რეპორტაჟები ვნახე, რომ რუსები ძალიან ცუდ რამეებს აკეთებენ და ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაზარალდა. ვლოცულობდი და მინდოდა მეტი გამეკეთებინა, ვიდრე შემოწირულების გაგზავნა და შემდეგ ინტერნეტში დაწერაა – „ღმერთმა დალოცოს ისინი“.

მინდოდა ჩემი სისხლი, ოფლი და ცრემლები გამეღო და ჩემი წვლილი შემეტანა აქ ბრძოლაში, ადამიანებს დავხმარებოდი ლეგიონთან ერთად, ბრძოლით ან ფიზიკური ძალისხმევით. 

უკრაინელები კრეატიულები და ადაპტირების შემძლეები არიან, სწავლობენ შეიარაღების ახალ სისტემებს, რომელიც დასავლეთიდან მოდის. ყველა ახალ იარაღს, რაც მათ აქამდე არ ჰქონიათ, რუსების წინააღმდეგ დიდი წარმატებით იყენებენ.

რადი. ფოტო: hromadske

რამდენიმე ჯარისკაცმა მაჩვენა, როგორ უნდა მოვექცე „ჯაველინს“ და სწორად გამოვიყენო ვარჯიშისას. მე ვთქვი – „ო, მაგარია!“. შემდეგ სწავლების შესაბამისი კურსი და მზად ხარ.

არის სხვა იარაღიც, რომლითაც გვინდა ვივარჯიშოთ. მე მიკვირს, როგორ შეძლეს უკრაინელმა სამხედროებმა, მთელმა ქვედანაყოფმა, სწრაფად ისწავლონ და ეფექტურად გამოიყენონ ეს იარაღი.

  • კასპერი ფინეთიდან 

კასპერი 22 წლისაა. ექვსი თვის განმავლობაში იგი ფინეთის საჰაერო ძალებში მსახურობდა. სამშობლოში სამხედრო სამსახურისას იგი ავიაბაზის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

კასპერის სურვილმა უკრაინაში საბრძოლველად წასვლაზე მისი მშობლები შოკში ჩააგდო. ისინი შვილს სთხოვდნენ სხვა საქმე ეპოვნა, მაგრამ ახლა კასპერით ამაყობენ.

უკრაინაში კასპერი სამხედრო მედიკოსი და მსროლელია.

„ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში გავიგე უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ. დავიწყე ფიქრი, შემიძლია თუ არა რაიმეთი დახმარება, რადგან გამახსენდა, როგორ იპოვეს ფინელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მოხალისეები, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ. ვიფიქრე, რომ მინდოდა იმავეს გაკეთება, შემდეგ კი გავიგე საერთაშორისო ლეგიონის შესახებ, რომ ეს ოფიციალურია. დავიწყე დამატებით ინფორმაციის ძებნა და გავიგე, რომ ნამდვილად შემეძლო გაწევრიანება.

კასპერი. ფოტო: hromadske

ხანდახან ისე ჩანს, რომ ეს მარტივი საქმეა, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ აქ ვსხედვართ, სათვალთვალო პოსტზე და ტყეს ვუყურებთ. და ბევრ მშრალ საკვებს ვჭამთ. ეს მართალია. დიახ, საქმე შეიძლება ძალიან მოსაწყენი იყოს.

  • გლენა ამერიკის შეერთებული შტატებიდან 

სახლთან ახლოს სკამზე სრულად შეიარაღებული ქალი ზის. გვერდით ამერიკული შაშხანა უდევს, შაშხანაზე უკრაინელი შავ-თეთრი კნუტი დაცოცავს. ქალს გლენა ჰქვია. იგი ამერიკელია.

აშშ-ში გლენა ფლოტში მსახურობდა სამხედრო სანიტრად. საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა. აშშ-ში გლენას დედა ჰყავს. ისინი იუტას შტატში ცხოვრობენ, ახლა დედასა და შვილს შორის არა მხოლოდ ათასობით კილომეტრია, არამედ 12-საათიანი სხვაობა დროში. გლენა ხანდახან წერს მას – „დილა მშვიდობისა“ ან რაღაც ასეთს, როცა კავშირი არის.

უკრაინაში და ევროპაშიც კი გლენა პირველადაა. ომის შესახებ რომ გაიგო, ბილეთი ერთი მიმართულებით იყიდა.

გლენა. ფოტო: hromadske

„ჩამოვფრინდი გერმანიაში. გერმანიიდან – პოლონეთში, შემდეგ მატარებლებით და გადმოვკვეთე საზღვარი. იქ შევხვდი ლეგიონს, ფაქტობრივად საზღვრის მეორე მხარეს.

წვრთნა გავიარე, იარაღი მომცეს და ხარკოვის ოლქში წაგვიყვანეს. პირველი კასეტური ბომბი დაეშვა.  ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ზუსტად ჩემს ზურგს უკან იყო, ოთხი იარდის [დაახლოებით 3,5 მეტრი] დაშორებით. ექიმს დაუძახეს. მახსოვს, როგორ მიირბინა. შემდეგ დაეცა მეორე კასეტური ბომბი, დაჭრილს ხელი ჩავავლეთ და ტყის ზოლისკენ წავიყვანეთ. მაგრამ ის უკვე აღარ იყო.

მაშინ დაიღუპა მებრძოლი ნიდერლანდებიდან.

„ჩემს თავში მე მზად ვარ აქ მოვკვდე. ეს ის არ არის, რაც შეიძლება დროში განსაზღვრო, ასე მგონია. ეს ომის ბოლომდე არაა. არ ვიცი შევძლებდი თუ არა აქ დარჩენას. ახლა თითქოს ქარს მივყვები“.

_____________________

თარგმნა ნანა კვაჭაძემ

ერთგული 5 წლისაა

ერთგული თიბისის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძალიან მარტივად დააგროვოს და დახარჯოს ქულები 300-მდე ერთგულ ბრენდთან. დაგროვილი ქულების გამოყენება, შესაძლებელია სხვადასხვა შეთავაზებებით სარგებლობისთვისაც. ერთგულით სარგებლობას კიდევ უფრო ამარტივებს ის, რომ 1 ქულა = 1 ლარი.

წელს ერთგული დაბადების დღის ნაცვლად, დაბადების თვეს აღნიშნავს. ამ პერიოდში თავს უყრის ერთგული მომხმარებლებისთვის ყველაზე სასურველ და საჭირო ბრენდებს, რომლებთანაც ისინი განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებლებენ.

5 წლის განმავლობაში ერთგულმა 750 000-ზე მეტი უნიკალური, ერთგული მომხმარებელი დააგროვა, რომელთა ინტერესებზე ზრუნვა და მათი ყოველდღიურობის გამარტივება, უმნიშვნელოვანესი საზრუნავია თიბისის გუნდისთვის. ერთგულმა მომხმარებლებმა, ამ დროის მანძილზე, 25 მლნ-ზე მეტი ქულა დააგროვა და 20 მლნ-ზე მეტი ქულა დახარჯა ერთგულის პარტნიორ კომპანიებში.

ერთგულის დაბადების თვის შეთავაზებების სანახავად, თვალი ადევნეთ ერთგულის ვებ.გვერდს: https://link.tbc.ge/Ertguli-Bmonth

მილიონზე მეტ ლარს თაღლითურად დაეუფლა ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსისტი – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.

„გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – მ.ა. სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად – საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირიცხებოდა.

გარდა ამისა, ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ თანამშრომლებს ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება.

აღნიშნული ქმედებებით ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად, თაღლითურად დაეუფლა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ კუთვნილ 1 288 000 ლარს“ – იუწყება პროკურატურა.

მ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

ბათუმის აეროპორტში და სხვაგანაც უსაფრთხოების რუკას შეადგენენ დასაშვები სიმაღლის მითითებით

სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტებმა 2022 წლის 30 სექტემბრამდე უნდა შეიმუშაონ აეროდრომის დაბრკოლებებისაგან შემზღუდავი ზედაპირებით შემოფარგლული რაიონის გრაფიკული ნახაზები [რუკები], რომლებსაც შემდგომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაამტკიცებს.

ბათუმში რომ არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვისაა დაშვებული, ამის შესახებ „ბათუმელები“ 4 წლის წინ წერდა. მაშინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გვითხრეს, რომ ახალ რუკებზე მუშაობდნენ.

„აეროდრომის დაცვის არეების პარამეტრები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ასევე, უცვლელი დარჩება სიმაღლეების შეზღუდვის არეალებიც, მოხდება მისი ელექტრონულ ფორმატში ვიზუალიზაცია და სეგმენტებად დაყოფა, რაც გააადვილებს და მოაწესრიგებს სამომავლოდ სიმაღლეების შეთანხმებისა და აღრიცხვის პროცესებს“, – მოგვწერეს მაშინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან.

„სამოქალაქო აეროდრომის რაიონის დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესი“ კი სააგენტომ რამდენიმე დღის წინ, 2022 წლის 18 მაისს დაამტკიცა და ის 23 მაისიდან შევიდა ძალაში.

ახალი რუკები სწორედ ამ წესის მიხედვით უნდა შედგეს, სადაც გათვალისწინებული იქნება ასევე ადრე დამტკიცებული სხვადასხვა წესისა თუ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნები.

აეროდრომის რაიონი, „ეს არის აეროდრომისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე სააგენტოს მიერ დადგენილი საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც მოქმედებს შენობა-ნაგებობების სიმაღლის შეზღუდვის რეჟიმი; ამ რაიონში კი დაბრკოლებაა ყველა უძრავი ან/და მოძრავი ობიექტი ან მათი ნაწილი, რომელიც  განლაგებულია აეროდრომის სამიმოსვლო არეში (სამუშაო მოედანზე), კვეთს აეროდრომის რაიონის ზედაპირს ან მდებარეობს ამ ზედაპირის მიღმა და, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს საფრთხეს ჰაერნაოსნობისათვის.“

აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს აეროდრომის რაიონის ნახაზი რუკის სახით და ანგარიში, რომელშიც მოცემული უნდა იყოს აეროდრომის რაიონის თითოეული ზედაპირის აღწერა, ათვლის წერტილები [შემაღლებების მითითებით] და პარამეტრები.

მაგალითად, დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილი აეროდრომისთვის უნდა დადგინდეს აეროდრომის რაიონის შემდეგი შემზღუდველი ზედაპირები:

  • დასაფრენად შესვლის ზედაპირი
  • აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირი
  • დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირი
  • გარდამავალი ზედაპირი
  • შიდა გარდამავალი ზედაპირი
  • შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირი
  • შიდაჰორიზონტალური ზედაპირი
  • კონუსური ზედაპირი

აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირი“, რომლის საზღვარიც, დღემდე არსებული რუკის მიხედვით, მაგალითად, ბათუმის შემთხვევაში, აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ბათუმის კონცხამდე [იახტკლუბამდე] ვრცელდება. ანუ ამ არეალში, ფაქტობრივად, მთელი ქალაქია მოქცეული.

ბოლო პერიოდში ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავების მეორე წრეზე წასვლის შემთხვევა გახშირდა. როგორც ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამის მიზეზი მეტეოროლოგიური პირობებია – ქარი, ნისლი. ასეთ დროს თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში, სადაც მხოლოდ ერთი ზოლია [როგორც დასაფრენად, ასევე ასაფრენად], ვერ ჯდება და ის მეორე წრეზე იძულებულია ქალაქს გადაუფრინოს.

თვითმფრინავები მეორე წრეზე ბათუმში:

თვითმფრინავები მეორე წრეზე ბათუმის აეროპორტში / 8 აპრილს ბორტი აეროპორტში ვერ დაჯდა და მეორე წრეზე წავიდა, რა დროსაც მან ახალ ბულვარს, სტადიონსა და ცენტრალურ პარკს [ნურის ტბას] გადაუფრინა. 27 აპრილს კი, მეორე წრეზე წასულმა ბორტმა ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებს [ხელვაჩაური] და დელფინარიუმს გადაუფრინა. შესაბამისი პირობების შექმნამდე, ვიდრე ხელახლა დაჯდება, თვითმფრინავები მანევრებს ზღვის თავზე აკეთებენ.
თვითმფრინავები მეორე წრეზე ბათუმის აეროპორტში / 28 აპრილს თვითმფრინავი ბათუმში არა ზღვის, არამედ გონიოს მხრიდან შემოფრინდა. ბათუმის აეროპორტში დაჯდომა კი რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. მეორე წრეზე კი, ხელვაჩაურს, პორტსა და ბათუმის კონცხს გადაუფრინა.

ახალი წესის მიხედვით:

„აეროდრომის რაიონში, აეროდრომის ექსპლუატანტთან შეთანხმებას ექვემდებარება შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ობიექტების სიმაღლე, განთავსება და გამოყენება“ [თუმცა, ეს შეთანხმება აქამდეც იყო და არის საჭირო].

აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს ასევე „მშენებლობის ნებართვის გამცემ და განაშენიანების მარეგულირებელ უწყებებთან მჭიდრო კომუნიკაციას, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ განსაზღვრული დასაშვები სიმაღლეების დაცვისა და დაბრკოლებების სამომავლოდ განთავსების პრევენციის მიზნით.“

აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია აეროდრომის რაიონი პერიოდულად შეამოწმოს „იმ მიზნით, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე და აეროდრომის რაიონში იდენტიფიცირებული იქნას ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობა, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას.“

ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას, აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ან/და მფლობელს და საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას.

ბათუმის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ერთი ზოლია

ამავე წესის მიხედვით, ნიშანდებას ექვემდებარება:

  • ნებისმიერი მოძრავი ობიექტი (გარდა საჰაერო ხომალდისა), თუ ის მოძრაობს, განთავსებულია ან მისი განთავსება დაგეგმილია აეროდრომის სამიმოსვლო არეზე (სამუშაო მოედანზე);
  • ნებისმიერი უძრავი ობიექტი, თუ ის განთავსებულია ან მისი განთავსება დაგეგმილია საფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკის ზოლის ან ბაქანზე სამიმოსვლო ზოლის ფარგლებში;
  • უძრავი ობიექტი, რომელიც კვეთს აეროდრომის რაიონის ზედაპირს, თუ ის განთავსებულია ან მისი განთავსება დაგეგმილია აეროდრომის რაიონში.

დაბრკოლებების ნიშანდებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები კი, განისაზღვრება ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის შესაბამისად.


ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები, სიმაღლეების მითითებით [ახლო ხედით ბათუმზე]. ბათუმის მერიაში და „ტავ ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ 2018 წელს განუცხადეს, რომ ეს რუკა მოძველებული იყო, თუმცა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მაშინ გვითხრეს, რომ დაცვის არეალი და სიმაღლეები არ შეცლილა და ახალ რუკაზე მუშაობდნენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის ბრძანებით, „სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტებმა 2022 წლის 30 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყონ აეროდრომის დაბრკოლებებისაგან შემზღუდავი ზედაპირებით შემოფარგლული რაიონის გრაფიკული ნახაზის [რუკის] შემუშავება და სააგენტოში წარდგენა დასამტკიცებლად.“
ამ რუკიდანაც ჩანს, რომ ბათუმში არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვის იყო დაშვებული. ამის შესახებ „ბათუმელები“ 4 წლის წინ წერდა.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ სტატია „ბათუმელების“ არქივიდან:

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

რამდენს იხდიან წელს თურქეთში ჩაის კრეფაზე?

„ჩაის კრეფა ტონაზე 2000 ლირამდე გაძვირდა. გასულ წელს 1200 ლირას ვიხდიდით,“ – ამბობს თურქეთში, დემირისარში მცხოვრები ერჰან ქოსიოღლუ. მას ჩაის პლანტაცია აქვს და მკრეფავებს დღე-დღეზე ისევ საქართველოდან ელოდება.

ჩაის კრეფის სეზონი უკვე დაიწყო. ასეულობით ადამიანი საქართველოდან წელსაც თურქეთში მიდის ჩაის საკრეფად.

ქართველი მკრეფავების თქმით, თურქული ლირა ისე გაუფასურდა, ჩაის კრეფაში გასულ წელს რასაც უხდიდნენ, წელსაც დაახლოებით იგივე გამოუვათ ლარში, ხოლო გაძვირებული საკვები პროდუქტის შეძენა საქართველოში კიდევ უფრო გაუჭირდებათ.

„წელს ტონა ჩაის ვაბარებთ უკვე 6550 ლირად, მკრეფავებს კი ვუხდით 2 ათას ლირას,“ – გვიყვება ერჰან ქოსიოღლუ. – „თუმცა ძირითადად დღიურ შრომაზე ვთანხმდებით. ზოგი 400 ლირას უხდის მკრეფავს, ზოგი – 450 ლირას, მე დღეში 500 ლირას ვუხდი და კვება მთლიანად მათია. წელსაც საქართველოდან ჩამოვლენ ჩემთან ბიჭები, ერთი და იგივე ხალხი მუშაობს ჩემთან“.

„გამოდის, უფრო ნაკლებს გვიხდიან, რადგან ლირა გაუფასურებულია, საკვები კი, ყველგან გაძვირდა,“ – გვითხრა გოჩა გიორგაძემ. მან ჩაილერში დაიწყო უკვე ჩაის კრეფა და დღეში 450 ლირას უხდიან. მას სადილით უმასპინძლდებიან.

„ბევრი აღარ გადმოდის საქართველოდან, პოლონეთში არჩიეს წასვლა, მაგრამ იქაც არაფერი გამოდის უკვე და უკან ბრუნდებიან, გადმოვლენ ალბათ ისევ თურქეთში სამუშაოდ, ჩაის კრეფის სეზონი ახლა იწყება აქ,“ – გვითხრა გოჩა გიორგაძემ.

თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი იწყება, ერჰან ქოსიოღლუს ფოტო

ბოლო ზარი XII კლასის ერთადერთი მოსწავლისთვის სოფელ ინწკირვეთში

18 წლის ნიკა ჭაღალიძემ სულ რამდენიმე დღის წინ დაამთავრა სკოლა, ისევე, როგორც ბევრმა სხვა მეთორმეტეკლასელმა. თუმცა ნიკას ისტორია განსხვავებულია. ნიკა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლაში ერთადერთი მეთორმეტეკლასელი იყო.

ნიკას ბავშვობიდან აქვს შშმ პირის სტატუსი.

მას ტელეფონი არ აქვს, ამიტომ ჯერ ნიკას მამასთან, გენადი ჭაღალიძესთან დავრეკეთ. გენადიმ გვითხრა, რომ ნიკა სკოლაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უკვე დაირეკა ბოლო ზარი.

მოგვიანებით ნიკას ვკითხეთ, რატომ მოინდომა სკოლაში წასვლა სკოლის დასრულების მიუხედავად.

„მინდოდა რაღაც ახალი გამეგო და მესწავლა. ხვალაც წავალ სკოლაში, თუ რაიმე საქმე არ მექნება. სკოლაში რომ მივდივარ, მასწავლებლები მიშვებენ სხვა კლასის გაკვეთილებზე”, – გვითხრა ნიკამ.

ნიკა ამბობს, რომ კომპიუტერი არ აქვს, ფიქრობს, რომ თუ ექნება კომპიუტერი, სწავლის გაგრძელებას, ახალ-ახალი ამბების გაგებას შეძლებს.

იმისთვის, რომ ნიკას სკოლის ბოლო დღეს არ მოეწყინა, ინწკირვეთის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს ნიკას სკოლის დასრულება. ნიკამ გვითხრა, რომ სკოლაში მოწყობილმა სიურპრიზმა ის ძალიან გაახარა.

ნიკა ინწკირვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად. ფოტო: ინწკირვეთის საჯარო სკოლა/Facebook

ნიკა გვიყვება, რომ ყველაზე მეტად ხელოსნობა აინტერესებს: „ხანდახან ვაკეთებ ხოლმე რაღაცებს, ველოსიპედს, მაგრამ კარგად არ გამომდის“.

როგორც ნიკამ გვითხრა, სკოლაში მეგობრები ჰყავს და ხანდახან მათთან ერთად ფეხბურთს, კალათბურთს თამაშობს და აქვე დასძინა, რომ ფეხი სტკივა, სიარული უჭირს და ცდილობს არ გადაიღალოს.

ნიკა ამბობს, რომ ინწკირვეთიდან თანდათან ყველა მიდის, წავიდნენ მისი თანატოლებიც და მასაც უნდა წასვლა, ბათუმში უნდა ცხოვრება.

ნიკას მშობლები, გენადი და თინა ჭაღალიძეები ამბობენ, რომ ნიკას ბავშვობიდან ჰქონდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და შესაბამის პენსიასაც იღებდა. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ნიკა 18 წლის გახდა, მას პენსია შეუჩერდა და მაისში არ აუღია.

როგორც ნიკას მშობლები ამბობენ, ნიკამ უკვე გაიარა შესაბამისი შემოწმება პენსიის გახანგრძლივებისთვის. მშობლებს უთხრეს, რომ ნიკას ამის შემდეგ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი ექნება და მომდევნო თვიდან, ივნისიდან, მისი პენსიაც ახალი ჯგუფის მიხედვით განისაზღვრება და 135 ლარით შემცირდება. 

ინფორმაცია პენსიებს შორის სხვაობის შესახებ “ბათუმელებმა” სოციალური მომსახურების საგენტოს გვერდზე გადაამოწმეს.

იკას დედა, თინა ჭაღალიძე, 52 წლისაა. თინა გვიყვება, რომ ნიკა ყველას უყვარს სოფელში. მისი თქმით, პირველი ოპერაცია ნიკას ზურგის ტვინის თიაქარზე 6 თვისას ჩაუტარდა, 5 წლამდე არ შეეძლო სიარული და საუბარი.

თინას თქმით, ნიკას მკურნალობდნენ, დაჰყავდათ მასაჟებზე, სარეაბილიტაციო კურსზე და ხუთი წლიდან შეძლო როგორც საუბრის დაწყება, ასევე სიარული – „ნიკას ახლა ფეხზე სჭირდება ოპერაცია. მას აღარ უჩანს ცერა თითი“, – გვითხრა თინამ.

იგი ამბობს, რომ ნიკას მუდმივი ყურადღება სჭირდება. ქალი გვიყვება, რომ ნიკა ხანდახან მოულოდნელად შფოთვას იწყებს, ამიტომაც მისი სპეციალისტთან წაყვანა უნდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო აქამდე ვერ მოახერხა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

„პროგრამები, რომლებითაც ნიკა სარგებლობს, მისი საჭიროებისთვის საკმარისი არ არის. ნიკას აქამდე თავისი პენსია ჰყოფნიდა, მაგრამ ახლა, როცა შედარებით დაბალ პენსიას აიღებს, რა იქნება, არ ვიცით.

როცა ნიკას რეაბილიტაციის კურსის გასავლელად ვაგზავნიდით ბათუმში, თან ფულს ვატანდით. ბავშვს ჭამა სჭირდება, ტანსაცმელი, სამგზავრო ფული. ახლა რა უნდა გავატანოთ, საშუალება რომ არ გვაქვს?!“, – ამბობს თინა.

თინა აქვე დასძენს, რომ ნიკას არ აქვს ტელეფონი, კომპიუტერი და ხშირად სთხოვს მათ შეძენას, მათ კი არ აქვთ ამის შესაძლებლობა. „რით ვუყიდო, მითხარით?“ – ამბობს თინა.

თინა ჭაღალიძემ გვითხრა, რომ თავად ეპილეფსია აქვს და ნიკას სარეაბილიტაციო კურსზე ვეღარ დაჰყვება.

როგორც თინასგან ვიგებთ, ნიკა რეაბილიტაციის 10-დღიან კურსს ორ თვეში ერთხელ ან თვეში ერთხელ  გადის. ნიკა ბიძასთან ჩერდება, როცა ბათუმში სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად მიდის.

„ნიკა ბოლოს ერთი კვირის წინ იყო ექიმთან. სადაც მივიყვანეთ, ყველგან გვითხრეს, რომ ფეხზე ოპერაცია სჭირდება“, – გვითხრა თინამ.

თინა გვეუბნება, რომ ნიკა ხშირად უზიარებს მის სურვილებს. ქალის თქმით, ნიკას ყველაზე მეტად სწავლის გაგრძელება უნდა:

„სულ მეუბნება ნიკა, რომ სწავლის გაგრძელება უნდა და ვინმე ავუყვანოთ. მარტივად ავიწყდება რაღაცები და ძალიან უნდა, რომ ყველაფერი დაამახსოვრდეს“.

თინას თქმით, ნიკას ყოველთვის ძალიან უყვარდა სკოლა და ერთი დღეც არ აქვს გაცდენილი. ის სკოლაში მაშინაც მიდიოდა, როცა მშობლები ცუდ ამინდში სახლში დარჩენას ურჩევდნენ – „ყოველთვის გვპასუხობდა, მე უნდა წავიდე სკოლაში და მორჩა!“

როგორც თინა გვიყვება, ინწკირვეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მაქსიმალურს აკეთებდნენ ნიკას მხარდასაჭერად.

ნიკა კლასში მარტო მე-12 კლასში დარჩა. მანამდე მას ჰყავდა კლასელები, მაგრამ ოჯახთან ერთად ისინი ინწკირვეთიდან სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.

ნიკა ჭაღალიძე

„ბევრჯერ მიფიქრია საცხოვრებლის შეცვლაზე. მინდოდა ნიკასთვის უკეთესი პირობების შექმნა, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ. დღეს ყველას უჭირს, ჩვენც გვიჭირს. ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია.

ამოდით ჩემთან და მიხვდებით, რა გვჭირდება. სახლი გვაქვს, მაგრამ სახლს გააჩნია“, – გვითხრა თინა ჭაღალიძემ.

თინას თქმით, როცა ნიკა ბათუმში სარეაბილიტაციო კურსზე ჩადის, სოფელში დაბრუნება აღარ უნდება – „ნიკას ამ სოფლიდან უნდა წასვლა ისე, რომ უკან არ მობრუნდეს“.

_________________________

მთავარ ფოტო: ნიკა ჭაღალიძე. ინწკირვეთის საჯარო სკოლა/Facebook

გაგრძელდება ფასების ზრდა ბევრ პროდუქტზე – ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინის პორტების ბლოკადაზე 

რუსეთის მიერ უკრაინის პორტების საზღვაო ბლოკადამ უკვე გამოიწვია მსოფლიოში მარცვლეულის ფასის ზრდა – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 25 მაისის პოსტში, ტვიტერზე.

უწყება მიუთითებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ოდესიდან და ოდესაში ძალიან შემცირდა ტვირთის გადაზიდვა, შავ ზღვაში უკრაინის პორტების ბლოკადამ კი რეგიონში სავაჭრო ოპერაციები შეაჩერა.

„უკრაინის ექსპორტის საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვები, დიდი ალბათობით, ვერ ჩაანაცვლებს საზღვაო გადაზიდვების მოცულობას და ვერ შეავსებს რუსული ბლოკადით გამოწვეულ დეფიციტს. შედეგად, დეფიციტში რჩება უკრაინული მარცვლეული, ექსპორტის შესაძლებლობის გარეშე. თუ რუსეთის ბლოკადა კვლავაც ხელს შეუშლის კომერციულ გადაზიდვებს უკრაინის პორტებში, გაგრძელდება ფასების ზრდა ბევრ ძირითად პროდუქტზე“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ასობით ტონა მარცვლეული მოიპარა და გაიტანა უკრაინიდან.

საერთაშორისო საზოგადოება განიხილავს გზებს, როგორ შეიძლება მიაღწიოს უკრაინული მარცვლეულის განბლოკვას. ევროკავშირმა უკვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა უკრაინის ექსპორტზე გადასახადებისა და კვოტების მოხსნით, გერმანიის მთავრობამ კი განაცხადა, რომ უკრაინასთან „მარცვლეულის სარკინიგზო ხიდის“ შექმნაზე მუშაობს.

მთავარი ფოტო: ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტი. ფოტო პორტის ფეისბუქგვერდიდან

ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – უახლოესი დღეების პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 მაისის 21 საათიდან 26 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 17-22 გრადუსი სითბო
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 17-22 გრადუსი სითბო
  • მაღალ მთაში – ღამით 0-5, დღისით 10-15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 და 28 მაისს აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ხედი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე პლაჟიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 მაისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 29 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
  • ტანკი – 1 305 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 3213 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 606 ერთეული [+0]
  • MLRS – 201 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 206 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 170 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 491 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 112 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 217 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 44 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 178 თვითმფრინავი
  • 126 ვერტმფრენი
  • 1 006 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 322 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 258 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 430 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 671 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 155 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

რიკოთის გვირაბში 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში ნაცვლად 25-28 მაისისა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით პერიოდში.

„26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ნაცვლად 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00 სთ-დან  06:00 საათებისა, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა განხორციელდება 2022 წლის 31 მაისის და 1, 2, 3 ივნისის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე.

დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Exit mobile version