მთავარი,სიახლეები

რომელი მინისტრი ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს აჭარაში

24.07.2022 • 3169
რომელი მინისტრი ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს აჭარაში

აჭარაში, მინისტრებს შორის ყველაზე მეტს საწვავს ჯაბა ფუტკარაძე ხარჯავს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ყველაზე ნაკლებს კი, მაია ხაჯიშვილი – აჭარის განათლების მინისტრი. ეს სამინისტროებიდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის ანალიზით ჩანს. ჩვენ 2021 წლის, ასევე 2022 წლის ივნისამდე პერიოდის მონაცემებს გავეცანით.

მინისტრების ხარჯები საწვავის მიხედვით ასე გამოიყურება: წელს, იანვრიდან ივნისამდე აჭარის ფინანსთა მინისტრმა დახარჯა 1826 ლიტრი საწვავი, ჯანდაცვის მინისტრმა – 1621, სოფლის მეურნეობის მინისტრმა – 1592, განათლების მინისტრმა – 855.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს 2022 წლის ივნისის მდგომარეობით ავტომანქანა „FIAT TIPO“ ემსახურება. თვეში მისი საწვავის ლიმიტია 400 ლიტრი, თუმცა მინისტრს ლიმიტის დარღვევა, როგორც ჩანს, ხშირად უწევს.

2021 წელს ეკონომიკის მინისტრი გადაადგილდებოდა ავტომანქანით „HYUNDAI SONATA“ და 12-დან 4 თვეში გადააჭარბა თავისივე ბრძანებით განსაზღვრულ ლიმიტს – აგვისტოში მინისტრმა გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობის – 400 ლიტრის ნაცვლად, დახარჯა 519 ლიტრი. ოქტომბერში – 407 ლიტრი, ნოემბერში – 511, დეკემბერში – 500.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის საწვავის ლიმიტი საკმარისი არ აღმოჩნდა 2022 წელსაც – მარტში მინისტრმა 448 ლიტრი საწვავი დახარჯა, მაისში – 429 ლიტრი.

ჯამში მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2022 წელს მაისის ჩათვლით 1826 ლიტრი საწვავი დახარჯა, 2021 წელს – 4770 ლიტრი.

სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით, ამ სამინისტროს ბალანსზე ყველაზე მეტი – 19 მსუბუქი ავტომანქანა ირიცხება. მინისტრის პირველი მოადგილის საწვავის ლიმიტი, ბრძანების მიხედვით, თვეში 250 ლიტრია, გაუგებარია რატომ, თუმცა მოადგილეებიდან ერთ-ერთს 300 ლიტრი აქვს საწვავის ლიმიტი თვეში, მეორეს – 200 ლიტრი. დეპარტამენტების უფროსებისთვის – 150 – 150 ლიტრია გათვალისწინებული.

საწვავის ხარჯვის სიდიდით მეორე ადგილზე აჭარის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მინისტრი. ნინო ნიჟარაძემ 2022 წელს მაისის ჩათვლით, ჯამში, 1621 ლიტრი საწვავი დახარჯა, 2021 წელს – 4205 ლიტრი.

ზოგ შემთხვევაში ჯანდაცვის მინისტრმაც გადააჭარბა 400 ლიტრის ლიმიტს, თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე ამის გაკეთება ჯაბა ფუტკარაძეს მოუხდა: 2022 წელს თებერვალში  ნინო ნიჟარაძეს 450 ლიტრი საწვავი დაუხარჯავს, 2021 წელს კი ივლისში – 452 ლიტრი, აგვისტოში – 489, დეკემბერში – 443 ლიტრი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი HUNDAI-SONATA-თი გადაადგილდება. სამინისტროს ბალანსზე კი, სულ 6 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა ირიცხება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან განსხვავებით, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსებს ავტომანქანები არ ემსახურებათ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზაზა შავაძეს Ford Fanger-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანა ემსახურება. ამ სამინისტროდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა 2022 წლის თებერვალში 368 ლიტრი საწვავი დახარჯა, მარტში – 341, აპრილში – 383, მაისში კი, ამ მინისტრსაც გადაუჭარბებია ლიმიტისთვის, რადგან 500 ლიტრი საწვავი დაუხარჯავს.

ჯამში, 2022 წელს იანვრიდან მაისის ჩათვლით, ზაზა შავაძეს 1592 ლიტრი საწვავი დაუხარჯავს, 2021 წელს – 2529 ლიტრი. 2021 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს TOYOTA PRADO ემსახურებოდა.

2021 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმაც გადააჭარბა რამდენჯერმე ლიმიტს: თებერვალში [444 ლიტრი], აპრილსა [420 ლიტრი] და მაისში [523 ლიტრი].

სულ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე 13 მსუბუქი ავტომანქანაა რეგისტრირებული.

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი კი, ავტომანქანა  HYUNDAI IX 35-ით გადაადგილდება. ამ სამინისტროს ბალანსზე სულ 7 მსუბუქი ავტომანქანაა რეგისტრირებული.

სამინისტროდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, განათლების მინისტრი ყველაზე ნაკლებ საწვავს ხარჯავს: 2022 წლის იანვარში მაია ხაჯიშვილის მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისთვის სულ 190 ლიტრი საწვავი დასჭირდა, თებერვალში – 50, მარტში – 196, აპრილში 167, მაისში – 252.

2022 წელს მაია ხაჯიშვილს ტრანსპორტირებისთვის, ჯამში, იანვრიდან მაისის ჩათვლით სულ 855 ლიტრი საწვავი დახარჯა.

აჭარის განათლების სამინისტროსგან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს, მაია ხაჯიშვილმა ჯამში 1386 ლიტრი საწვავი დახარჯა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: