ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რატომ შემოღობეს ბათუმში გმირთა ხეივანი

07.08.2021 • 9703
რატომ შემოღობეს ბათუმში გმირთა ხეივანი

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე მდებარე გმირთა ხეივანს ღობავენ. ამ ეტაპზე ხეივანი მთლიანად შემოიღობება ფიროსმანის ქუჩიდან იმ ადგილის ჩათვლით, სადაც ჟიული შარტავს მემორიალია. ტერიტორიის შემოღობვის შემდეგ, შარტავას გამზირის აღნიშნულ მონაკვეთში ქვეითად მოსიარულეები ტროტუარის გარეშე რჩებიან და მათ ავტომობილების სავალ გზაზე მოუწევთ გადაადგილება.

ბათუმის მერიაში დღეს „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ადგილზე კი, მუშებმა გვითხრეს, რომ „ამ ადგილზე, რომელიც ახლა ჩაბეტონებულია, უნდა მოეწყოს გამწვანება, სასეირნო ბილიკები და მაგიტომ იღობება. ჯერ ეს მონაკვეთი, შემდეგ კი, ამ ზოლის სხვა მონაკვეთები აქედან სტადიონის მიმართულებით [ბაგრატიონის ქუჩამდე]“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქის მერიის წინადადებით ამ ზოლში მწვანე კორიდორი უნდა მოეწყოს.

მწვანე კორიდორის მოსაწყობად ელექტრონული ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ჰქონდა გამოცხადებული.

ტენდერის ფარგლებში კი, აჭარაში პროექტები შემდეგ ადგილებში განხორციელდება:

  • ბათუმი – მწვანე კორიდორი გმირთა ხეივანში [ჟიული შარტავას გამზირი];
  • ქობულეთი – ქობულეთის სანაპირო ზოლი [მდ. აჭყვიდან მდ. კინტრიშამდე];
  • ხელვაჩაური – მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკვერი და ბავშვთა გასართობი ადგილები;
  • ქედა – ქედის ცენტრალური ტერიტორია [ადმინისტრაციული ცენტრი];
  • შუახევი – კულტურის ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია;
  • ხულო – მემედ აბაშიძის ქუჩა, რუსთაველის და ტბელ აბუსერიძის ქუჩები.

ფონდის ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული ადგილები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, რომელშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერებიც მონაწილეობდნენ. ტენდერის მიხედვით, სამუშაოები 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „საბა კონსტრაქშენთან“ ფონდმა 2021 წლის 16 ივნისს გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 20 მილიონი ლარია, თუმცა ფონდმა ელექტრონული ტენდერი „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, აუქციონის გარეშე, პრეისკურანტით გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ განსაზღვრულია თითოეული ობიექტის რეაბილიტაციისთვის საჭირო კონკრეტული სამუშაოების ზღვრული ღირებულებები. ანუ ტენდერში მონაწილემ ამა თუ იმ სამუშაოს ღირებულება ფონდს, პრეისკურანტის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს.

ტენდერის პირობის მიხედვით:

  • „ფონდის წერილობითი მითითების მიხედვით, თითოეული ლოკაციისათვის მიმწოდებელი დაიწყებს დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და დაასრულებს აღნიშნული მითითების მიღებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარულ თვეში.
  • დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების შემდეგ, შემსყიდველის წერილობითი მითითების მიხედვით, თითოეულ ლოკაციაზე მიმწოდებელი დაიწყებს სამშენებლო სამუშაოების შესრულებას და დაასრულებს არაუგვიანეს 6 კალენდარული თვეში.“

კომპანია „საბა კონსტარქშენში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ, ხეივნის იმ ნაწილში, რომელიც ამჟამად შემოღობილია, სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოები კი ამ ზოლში [ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით] პარალელურად გაგრძელდება.

ტერიტორიის შემოღობვის შემდეგ ხეივნის შუაში [მანქანის სავალ ნაწილებს შორის] მოქალაქეები ქვეითად ვეღარ გადაადგილდებიან /მოქალაქეებს ფიროსმანის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე ტროტუარად კეთილმოუწყობელი ბილიკი [ფოტოზე მარჯვნივ] დარჩებათ, რომელიც ერთ ადგილზე „მეტრო ჰოლდინგში“ შემავალმა კომპანია „ვესთ თაუერსმა“ [რომელიც აქვე 242 მეტრი  სიმაღლის ცათამბჯენს აშენებს] გადაკეტა – ჯიხური ჩადგა. / შარტავას გამზირი / 7.08.2021

ტროტუარი არ არის ჟიული შარტავას ქუჩის მეორე მხარესაც, გმირთა ხეივნის გასწვრივ, სადაც კარგა ხანია „ორბი ჯგუფი ბათუმს“ სამშენებლო ღობე აქვს განთავსებული / „ორბის“ სამშენებლო ღობე შარტავას გამზირზე / 4.08.2021

შარტავას გამზირი ბათუმში / 7.08.2021

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: