მთავარი,სიახლეები

მოლაპარაკების პირობა არ შეიძლება უკრაინის ტერიტორიების დათმობა იყოს – კისინჯერი

25.07.2022
მოლაპარაკების პირობა არ შეიძლება უკრაინის ტერიტორიების დათმობა იყოს – კისინჯერი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი მიიჩნევს, რომ შესაძლო მოლაპარაკებების შემთხვევაში, კიევმა მოსკოვს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ოკუპირებული არცერთი ტერიტორია არ უნდა დაუთმოს.

ამის შესახებ ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა გერმანულ ZDF-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„როგორც უნდა იყოს, მოლაპარაკებების მთავარი მიზანია, შეწყდეს მსხვერპლი, თუმცა მანამდე უნდა დადგინდეს ის საზღვრები, რომლის მიღმაც ისინი არაფერს დათმობენ. უკრაინის ტერიტორიებზე უარის თქმა არ შეიძლება ჩვენთვის მისაღები პირობა იყოს,“ – განაცხადა კისინჯერმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის ლიდერებმა რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხზე თავისი პოზიციები სრულად უნდა შეუთანხმონ აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას.

„უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა და ახლახანაც იგივე გაიმეორა, რომ ის არ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას არცერთ უკრაინულ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინული იყო ომის დაწყებამდე. და რაზე შეიძლება მოლაპარაკება? მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ეს ტერიტორიები, რომლებიც სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ დაიკავა,“ – ამბობს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი.

ჯერ კიდევ მაისში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას, ჰენრი კისინჯერი აცხადებდა, რომ ომის მალე დასასრულებლად, უკრაინა უნდა დათანხმდეს ტერიტორიების დათმობასო. მისი თქმით, რუსეთის დამამცირებელ დამარცხებას შეიძლებოდა, ვითარება კიდევ უფრო გაერთულებინა.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებას მაშინ უკრაინის ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა უპასუხა, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკიმ: „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონო კისინჯერის კალენდარში არა 2022, არამედ 1938 წელია და ის ფიქრობდა, რომ ელაპარაკებოდა აუდიტორიას არა დავოსში, არამედ მაშინდელ მიუნხენში“.

ჰენრი კისინჯერი 1970-იან წლებში, პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო. 1973 წელს კისინჯერმა ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში ვიეტნამში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას მისი ორი წევრის პროტესტი და გადადგომა მოჰყვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: