მთავარი,სიახლეები

შშმ ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა რეგიონებში – რა პრობლემებს აწყდებიან ისინი

25.07.2022 • 926
შშმ ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა რეგიონებში – რა პრობლემებს აწყდებიან ისინი

რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების უფლებრივი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხით არავინ ინტერესდება. შშმ ქალებიც ამა თუ იმ საკითხზე ნაკლებად არიან ინფორმირებულები, მათთან ამ თემებზე თითქმის არავინ საუბრობს. არც საზოგადოების და ხშირად არც ოჯახისგან აქვთ მხარდაჭერა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები საკუთარ საჭიროებებთან ხშირად მარტო რჩებიან.

43 წლის ზეინაბ თურმანიძეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალია. ის აჭარაში შშმ ქალთა პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ გვიამბობს. გავრცელებულ შეხედულებებსა და ბარიერებზე, რაც სქესობრივ და რეპროდუქციულ უფლებებს უკავშირდება.

ზეინაბს მეორე ჯგუფის შშმ პირის სტატუსი აქვს. უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება დიდ მანძილზე, სოფლის აღმართ-დაღმართების დაძლევაც პრობლემაა მისთვის და არ შეუძლია დიდხანს დგომა ან ჯდომა.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში ცხოვრობს. მერისში 300 ოჯახი ცხოვრობს.

ზეინაბ თურმანიძე

როგორც ზეინაბი გვეუბნება, სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე არც მათ სოფელში საუბრობს არავინ, მით უფრო შშმ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

დიდი პრობლემაა არამხოლოდ სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს (მუნიციპალიტეტშივე ექიმთან ვიზიტი, საჭირო კვლევები და მედიკამენტები) არამედ ისეთ ელემენტარულ და პირველად საჭირო ნივთებზე წვდომაც  კი, როგორიც ჰიგიენური პაკეტებია.

სოფელს ერთადერთი პატარა მაღაზია აქვს, ზეინაბი ამბობს, რომ ამ მაღაზიაში და ზოგადად თავის სოფელში ჰიგიენური საფენები არასდროს უყიდია. ამისთვის ის ბათუმში დადის და რამდენიმე თვის მარაგს ერთად ყიდულობს. იძულებულია ასე მოიქცეს, რადგან მერისიდან ბათუმამდე 51 კილომეტრია და ყოველი საჭიროებისას თითო შეკვრა ჰიგიენური საფენის საყიდლად ვერ ივლის ბათუმში. რამდენიმე თვის მარაგის საყიდლად ცოტა თანხა არ არის საჭირო. რა თქმა უნდა შშმ ქალს ურჩევნია მისსავე სოფელში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს იყიდებოდეს ჰიგიენური საფენი, ისე, რომ რამდენიმე თვის მარაგის შეძენა არ იყოს საჭირო მერისიდან 51 კილომეტრით დაშორებულ ბათუმში.

სხვა ქალები მერისიდან ქედის ცენტრამდე რვა კილომეტრს გადიან  ჰიგიენური პაკეტების საყიდლად. მერისიდან ქედის ცენტრამდე რაც ბენზინი გაძვირდა ტრანსპორტი კვირაში მხოლოდ ორჯერ, სამჯერ დადის.

„სოფლის ერთადერთ მაღაზიაში გამყიდველი კაცია, ალბათ ამიტომ არ ყიდის. თან რომც ყიდდეს ალბათ არცერთი მერისელი გოგო და ქალი იქ არ მივა და ჰიგიენურ საფენს არ იყიდის. ჩვენს საზოგადოებაში, მითუფრო სოფელში მენსტრუაციის თემა ტაბუირებულია.

სოფელში მცხოვრები ქალებისთვის კონტრაცეპტივებზე საუბარიც ზედმეტია, შეიძლება ქედის აფთიაქშიც გაუჭირდეს ქალს კონტრაცეპტივის ყიდვა თუ ფარმაცევტს იცნობს. ქალები ამ დროს უხერხულობას გრძნობენ, მითუფრო შშმ ქალები, რადგან შეიძლება გაკიცხვის ობიექტად იქცე და ამას ყველა გაურბის.

თუმცა მე გადავლახე ეს ბარიერი: ერთხელ მეგობარმა მთხოვა კონტრაცეპტივი მეყიდა მისთვის ქედის აფთიაქში და გამეგზავნა, ვუყიდე და გავუგზავნე. ბევრი ქალი ჩემს ადგილას თავს შეიკავებდა, ჩემთვის კი სულერთი იყო რას იფიქრებდა ფარმაცევტი, რომლისგანაც კონტრაცეპტივი ვიყიდე და რომელსაც ვიცნობდი“ – ამბობს ზეინაბი.

სახალხო დამცველის 2018 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და უფლებებს შეეხება,  კონტრაცეპტივების სერვისები საქართველოში კრიტიკულ პრობლემად რჩება.

როგორც ზეინაბ თურმანიძე გვეუბნება ცალკე ამბავია გინეკოლოგთან ვიზიტი. მისი თქმით არამხოლოდ შშმ ქალი, ზოგადად მოზარდი, ან დაუქორწინებელი ქალი რომ ვინმეს დაენახა გინეკოლოგის კაბინეტთან ყოველთვის„ საეჭვოდ“ შეხედავდნენ:

„ასეთი იყო რეალობა, მაგრამ მე ჩემს თავზე ვიმუშავე: არავის აზრი არ მაინტერესებდა და როცა მჭირდებოდა დავდიოდი გინეკოლოგთან საჭირო სერვისის მისაღებად. გინეკოლოგთან მისულს ხშირად გამიგონია გადალაპარაკებები: „რა ლამაზია და ინვალიდია“, „საცოდავი, ეს რა სჭირს“ და ა.შ.

პირად ცხოვრებაზე როცა მიდგება საქმე ჩნდება უამრავი სტერეოტიპი. თუმცა აქაც არავის ვუგდებ ყურს. ზოგს ჰგონია, რომ შშმ ქალს აუცილებლად შშმ შვილი ეყოლება, რაც ტყუილია“ – ამბობს ზეინაბი.

ზეინაბის დაკვირვებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წყალობით ეს დამოკიდებულება საზოგადოებაში ნელ-ნელა იცვლება:

„ჩურჩულს ახლა ნაკლებად გაიგონებ. თუმცა ერთხელ თავად შევესწარი ასეთ ამბავს: საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალი მგზავრობდა აუტისტური სპექტრის მქონე შვილთან ერთად, ბავშვი ბევრს მოძრაობდა. ასეთთან ერთად ტაქსით უნდა იმგზავროთ ქალბატონოო, მგზავრმა უთხრა. ქალს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. შეიძლება ასეთი შემთხვევის შემდეგ შვილის გარეთ გამოყვანის სურვილიც დაჰკარგვოდა.

მისი დაკვირვებით ქალაქებში მცხოვრებ შშმ ქალებს ბევრად მეტი გასაქანი აქვთ სოფლად მცხოვრებლებთან შედარებით და ისურვებდა, მათაც ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოავლინონ, განივითარონ საკუთარი უნარები, რითაც დასაქმებას და საკუთარი თავის უზრუნველყოფას შეძლებენ:

„სახელმწიფო მხოლოდ მაშინ იწუხებს თავს შშმ პირებზე ფიქრით, როცა პრობლემა ჩნდება და როცა ჩვენ ვიმაღლებთ ხმას. ჩემი სურვილია სისტემა გეგმაზომიერად, გაწერილი გეგმით ზრუნავდეს ამ თემის სოციალიზაციაზე და მათთვის სხვადასხვა სერვისის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე, სოფლებში ბევრი საინტერესო უნარის მქონე შშმ პირი ცხოვრობს, ვისაც დახმარება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება და ხალხში გამოყვანა სჭირდება“ – ამბობს ზეინაბი.

 


მასალა მომზადებულია პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: