მთავარი,სიახლეები

„რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, როდესაც აღარ ექნებათ შეტევის უნარი“ – ინტერვიუ

22.07.2022 • 28672
„რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, როდესაც აღარ ექნებათ შეტევის უნარი“ – ინტერვიუ

ამერიკული სტანდარტით 63 „ჰაიმარსი“ სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა დაიწყოსო, გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი. ვახტანგ კაპანაძე სამხედრო გამოცდილებაზე დაყრდნობით ითვლის, რა აღჭურვილობა უნდა მიაწოდონ უკრაინას ომის პირობის შესაცვლელად.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვახტანგ კაპანაძე „ჰაიმარსებს“ უთმობს და იმ დღეს იხსენებს, ხიდებსაც რომ დაარტყეს უკრაინელებმა ხერსონში „ჰაიმარსებით“. მართალია, ხიდები არ დანგრეულა, მაგრამ გადამდგარი გენერალ-მაიორი გვიმარტავს, რომ მსგავსი დარტყმების შემდეგ რუსები იმ ხიდზე ვეღარ ჩაივლიან – იციან, რომ რაკეტები კოლონებს გაანადგურებს.

„ამ ეტაპზე ჩანს კიდევ ის, რომ რუსებს აღარ აქვთ აქტიური შეტევის გაგრძელების პოტენციალი, ისინი უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, როდესაც აღარ ექნებათ შეტევის უნარი. უკრაინელებს შეუძლიათ თავდაცვა, მტრის შეჩერება, კონტრდარტყმისთვის კი, უკრაინას სჭირდება შემდეგი გაძლიერება,“ – გვითხრა ვახტანგ  კაპანაძემ.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • განახლებული აღჭურვილობით დავიწყოთ: შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით გადასცემს 4 სარაკეტო საარტილერიო სისტემა „ჰაიმარსს“. ეს რამდენად შეცვლის საომარ ვითარებას იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე მხოლოდ 12 „ჰაიმარსის“ გამოყენებით რუსეთს აღარ ჰქონია ამ ეტაპზე პრაქტიკულად წარმატება. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთიც მიაწვდის უკრაინას აღჭურვილობას.

ფაქტია, რომ უკრაინას სჭირდება უფრო მეტი „ჰაიმარსი“. მარტივად რომ დავითვალოთ: უკრაინას აქვს 7 საარტილერიო-სარაკეტო ბრიგადა. თითოეულ ბრიგადაში არის ზალპური ცეცხლის წარმოების სისტემის ერთი ბატარეა. ამერიკული საარმიო კორპუსის არტილერიის ორგანიზაციის სისტემა რომ ავიღოთ, თითოეულ ბატარეაში არის 3 ოცეული 3 – 3 დანადგარით, ანუ 9 ერთეულია ერთ ბატარეაში. შესაბამისად, ამერიკული სტანდარტით, უკრაინელებს სჭირდებათ 9-ჯერ 7, ანუ 63 „ჰაიმარსი“.

თუ უკრაინელები დააკომპლექტებენ თავიანთ ბატარეებს ძველი, საბჭოთა სტანდარტით, მაშინ საჭიროა 4 – 6 დანადგარი თითო ბატარეაში. ამ გათვლებით, უკრაინელებს დასჭირდებათ 28 – 36 „ჰაიმარსი“.

თუმცა რა აღჭურვილობაც უკვე მიიღო უკრაიანამ, ფაქტია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინელების ძალა, მათ შექმნეს ოპერატიული ჯგუფები,  რომელიც შედგება ორი-ორი გამშვებისგან, მათი დაცვის კომპონენტიდან  და ახორციელებენ ზუსტ დარტყმებს. საბჭოთა სისტემებისგან განსხვავებით, „ჰაიმარსს“ არ სჭირდებ ასაგანგებო დამტენი დანადგარი, ასევე დამატებითი აღჭურვილობა –  გამზადებული პაკეტი მიეწოდება სატვირთო მანქანით, საიდანაც თავისივე ამწეთი გადააქვს, რითაც დროში უგებს რუსულ კონკურენტს, რომლის გამშვებში სპეციალური მანქანით სათითაოდ იდება რეაქტიული ჭურვი. აღარაფერს ვამბობ გაცილებით მეტ სიზუსტეზე.  მთავარია, უკრაიანელებს მიაწოდონ ის რაკეტები, რომელიცი მიფრინავს 300 კილომეტრზე.

იმდენად მტკივნეულ დარტყმებს ახორციელებენ უკრაინელები, რომ რუსებმა სპეცდანიშნულების დანაყოფიც გამოყეს, 200-კაციანი, რომელიც უნდა დაიყოს მცირე ჯგუფებად და ინადირონ „ჰაიმარსებზე“ ერაყში კოალიციის ძალების მსგავსად, როდესაც ბრიტანელი და ამერიკელი სპეცდანიშნულების ოპერატორები ნადირობდნენ სადამის „სკადებ“-ზე. უკრაინელებმა ამასობაში განახორციელეს დარტყმები ხერსონის სამხრეთში მდებარე რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ანტონოვის ხიდებზე, ერთი საავტომობილო ხიდია, მეორე – სარკინიგზო. ხიდის დანგრევა „ჰაიმარსს“ არ შეუძლია, აზიანებს და ამას აქვს შემაკავებელი ფაქტორი: როცა შენ სწვდები ხიდს, ხიდზე უკვე ვეღარ გაატარებ უსაფრთხოდ ლოჯისტიკურ ან მხარდამჭერი ძალების კოლონას.

  • როგორია ამ დანაკარგების გავლენა, რაც უკვე მიადგა რუსეთს? აშშ-ს მონაცემებით, 15 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა, 45 ათასი დაჭრილია. უკრაინელების ვერსიით კი 1704 ტანკი დაუწვეს რუსეთს და ასე შემდეგ.

ეს რეალური ციფრები ნამდვილად და მნიშვნელოვანი დანაკარგია რუსეთისთვის. იგრძნობა, რომ რუსებს მნიშვნელოვნად დააკლდათ საარტილერიო სისტემები, იგივე თვითმავალი საარტილერიო სისტემები, რომლებიც ნაწილობრივ ჩაანაცვლეს ბუქსირებადი საარტილერიო, 152 მილიმეტრიანი „ჰაუბიცებით“, ასევე აქტიურად იყენებენ 122 მილიმეტრიანებს, D-30, D-20-ებსაც უკვე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საარტილერიო სისტემებს აქვთ გამოყენების რესურსი, როცა ახდენ 5 – 6 ათას გასროლას, „ჰაუბიცას“ ქვემეხები უნდა გაიყვანო რემონტზე – არ დაგავიწყდეთ, რომ ლულა არ რემონტდება, ის მიდის დნობაში და ახალი ლულაა საჭირო.

  • ეს დანაკარგი არის იმ მასშტაბის, რაც რუსებს უცვლის გეგმას უკრაინაში? 

ეს დანაკარგები არის ძალიან მტკივნეული რუსეთისთვის, რუსეთის შეტევის პოტენციალი ფაქტობრივად იწურება და მეორე: უკრაინელებისთვის დანაკარგის ეს მაჩვენებელი ზრდის კონტრშეტევის შესაძლებლობას. რუსები უკვე რამდენი ხანია გაჩერებული არიან სევერსკის, სოლედარის და ბახმუტის მიმართულებაზე. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც კი ამბობს, რომ რუსებმა ოპერატიული პაუზა აიღეს, თუმცა ეს არ არის ოპერატიული პაუზა. რუსები ფაქტობრივად განაგრძობენ შეტევას, მაგრამ წინ ვერ მიდიან.

  • უკრაინას ჯერ არ დაუკარგავს დონბასიო, ამბობს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი მარკ მილი. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად აქვს ამის საშუალება ახლა უკრაინას, რომ დონბასი არ დათმოს?

დონბასი, როგორც ვიცით, არის ლუგანსკი და დონეცკი. ლუგანსკი მთლიანად აღებული აქვთ რუსებს, დონეცკის 40 პროცენტს კი, უკრაინელები აკონტროლებენ. მთავარი ამ ეტაპზე არის სლავიანსკი-კრამატორსკის თავდაცვის კვანძი, თუ ეს ვერ აიღეს, ვერ აიღებენ დონბასს.

  • თქვენ დაკვირვებით, აიღებენ? 

არსებული მოცემულობით არის შანსი, რომ ვერ აიღონ, რადგან რუსები უკვე დიდი ხანია გაჩერებული არიან ზღუდეზე, რომელიც არ იყო მომზადებული დაცვისთვის. ამ მიმართულებით სევერსკია ყველაზე მოწყვლადი – დაბლობია და რეალურად იოლი ასაღებია, მაგრამ იმასაც კი ვერ იღებენ, სოლედარი და ბახმუტი კი, შედარებით ძლიერადაა დაცული.

როგორც იცით, იბომბება სლავიანსკი და კრამატორსკიც, მაგრამ ნახეთ, რა ხდება: სლავიანსკის ჩრდილოეთ მიმართულებაზე რუსებმა რომ მოაწყონ ალყა, მათ სჭირდებათ ხიდები მდინარეების გადასალახად, რაც ისევ რუსების მიერვეა აფეთქებული, რაც აჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია ჩრდილოეთიდან აღარ აპირებენ შესვლას სლავიანსკიში და იგივე მეთოდს გამოიყენებენ, რაც ლისიჩანსკში გააკეთეს, კერძოდ კი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ერთი მიმართულებით სცადონ შემოვლა. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამ გზით რუსებს ძალიან დიდი გზის გავლა მოუწევთ ბრძოლა-ბრძოლით.

ამ შემთხვევაში ბახმუტი არის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსებს ამ მიმართულებიდან შეეძლება სამხრეთიდან შეუტიონ კრამატორსკის და სლავიანსკის, შემოუარონ და ალყაში მოაქციონ.

  • შოიგუმ, თქვენი აზრით, რატომ ახსენა „ჩრდილოეთის სარდლობა“?  ეს ფრაზა პირველად ახსენაო, მიუთითებს „ომის კვლევის ინსტიტუტი“.

შოიგუს სამხედრო ცოდნა არ გაიშვას, სამხედრო ბილეთში სპეციალობაში იცით, რა უწერია? – ირმების მომვლელი. დადგება ფანქრით ხელში რუკასთან და რაღაცას ამბობს. დასავლეთის ქვეყნებში და ჩვენთანაც ეს მიდგომაა, რომ თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირია, რომელიც არ ერევა [არ უნდა ჩაერიოს] სამხედრო ოპერაციებში, მაგრამ როცა სამხედრო ფორმას გაცმევენ, გაძლევენ წოდებას და მედლებს გკიდებენ, მინიმუმ სამხედრო განათლება და გამოცდილება უნდა გქონდეს.

არ მესმის, რას შეიძლება აღნიშნავდეს ამ ფრაზის გამოყენება შოიგუს მხრიდან. ზოგიერთ წყაროში ჩრდილოეთ, დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ არმიათა ჯგუფებადაც მოიხსენიებენ  და გაქრა ცენტრალური სამხედრო ოლქის დასახელება. შესაძლოა, მთლიან დაჯგუფებას დაარქვეს ასე. ისეთი „დომხალია“ რუსულ არმიაში, ვერაფერს გაიგებ: გერასიმოვი საერთოდ არ ჩანს, დვორნიკოვი მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს და არც ის აღარ ჩანს. სუროვიკინი საჰაერო ძალების სარდალი იყო, მინისტრის მოადგილე გამოდიოდა სტატუსით და სამხედრო ოლქში სარდლად დანიშნეს, რაც ფაქტიურად დაქვეითება გამოდის…

ფაქტი ისაა, რომ ამ ეტაპზე, ძირითადად დონბასის მიმართულებაზე მუშაობენ და, მაგალითად, ხარკოვის მიმართულებით მხოლოდ ორი დივიზიაა, 144 სატანკო და 80-ე მოტომსროლელთ, ისინი ფაქტობრივად მუშაობენ იმაზე, რომ უკრაინელებმა არ შეუტიონ, თორემ ხარკოვის აღება არ შეუძლიათ. ხერსონის მისადგომებთან თავდაცვითი ზღუდის მოწყობა მიმდინარეობს აქტიურად, იქ ქარხნული წარმოების ბეტონის გრძელვადიანი საცეცხლე წერტილების მოსაწყობი კონსტრუქციები ჩააქვთ, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე კი, უკვე მოწყობილია თავდაცვითი ზღუდეები.

რუსები თან ხვდებიან, რომ დრო მუშაობს უკრაინის სასარგებლოდ – ვიდრე უკრაინა ძლიერდება აღჭურვილობით, რუსები დარბიან ირანში, დრონებს ითხოვენ. ირანი ალბათ მიაწვდის ამ აღჭურვილობას, მაგრამ მისი ხარისხი და რაოდენობა არ იქნება ისეთი, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საომარ მოქმედებაში.

  • მასობაში, 500-მდე კონტრაქტორმა სამხედრომ ბურიატიიდან ომში მონაწილეობაზე უარი თქვა და უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალები დატოვა. ეს რას აჩვენებს თქვენთვის? ასევე ირკვევა, რომ ათობით რუსი სამხედრო, რომლებმაც ბრძოლაზე უარი თქვეს, ლუგანსკში, სარდაფში ჰყავთ ჩაკეტილი. მესანგრეთა ეს ასული აფხაზეთშია ბაზირებული.

ასეთი რამ მეჭვება რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა მუდმივად იქმნება 180-ათასიან დაჯგუფებაში: ვიღაც უარს იტყვის ბრძოლაზე, ან დეზერტირი იქნება, ეს არ არის ის კრიტიკული რაოდენობა, რომ აისახოს არსებულ, ოპერატიულ მოცემულობაზე.

ამ ეტაპზე ჩანს ის, რომ რუსებს აღარ აქვთ აქტიური შეტევის გაგრძელების პოტენციალი, ისინი უახლოვდებიან ე.წ. კულმინაციის წერტილს, როდესაც აღარ ექნებათ შეტევის უნარი. უკრაინელებს კი, შეუძლიათ თავდაცვა, შეუძლიათ მტრის შეჩერება, კონტრდარტყმისთვის კი, უკრაინას სჭირდება შემდეგი გაძლიერება.

  • დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი უფრო და უფრო ხშირად იყენებს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს მიწისზედა სამიზნეების გასანადგურებლად. წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ ეს არის რუსეთის სტრატეგია მორალურად „გატეხოს“ მოწინააღმდეგე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ გამოსდის. რუსეთს მაინც აქვს ამ შედეგის მოლოდინი?

არ გამოვრიცხავ, რუსეთმა დაბალი ინტენსივობის დაპირისპირების ეტაპზეც გამოიყენოს სარაკეტო შეტევები. არ გამოვრიცხავ იმას, რომ როცა მხარეები გადავლენ პოზიციურ დაპირისპირებაზე და ომი ცხელი ფაზიდან გადავა დაბალი ინტენსივობის დაპირისპირებაზე, ამ ტერორს მოსახლეობაზე რუსები მაინც განაგრძობენ, რადგან რაც უფრო მიაწვება მოსახლეობა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მით უფრო მეტად შეიძლება უკრაინის მთავრობა წავიდეს დათმობაზე. ეს ძალიან სჭირდება უკვე რუსეთს.

  • „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რუსეთი რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

ეს ის რეგიონებია, რომლებიც დაკავებული აქვთ რუსებს. არ არის გამორიცხული, რომ რუსებმა მოაწერონ ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულება ბელარუსთან და უკრაინიდან მიიერთონ ის ტერიტორია, რაც ახლა ჩამოთვალეთ.

უკრაინას უნდა ჰქონდეს ხარისხობრივი და რაოდენობრივი უპირატესობა აღჭურვილობაში და ეს უნდა იყოს ერთი-სამთან შეფარდებით გარკვეულ ტაქტიკურ მიმართულებებზე. კონკრეტულ ოპერატიულ დონეზე კი, შესაძლოა ეს იყოს ერთი-ერთზე შეფარდება, მაგრამ მთლიანობაში რუსეთის ძალებს უნდა გაუწონასწორდეს. უკრაინის მონაცემებით, რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში თავმოყრილი აქვთ 3 ათასი ჯავშანტექნიკა და 1500 ტანკი. ეს რაოდენობა მაინც უნდა ჰქონდეს უკრაინას, რომ გადავიდეს სხვა ეტაპზე.

  • ციფრები, რაც თქვენ გვითხარით, რომ 63 ერთეული „ჰაიმარსი“ სჭირდება უკრაინას, ამ ეტაპზე აქვს 12 ერთეული და 4-ს ელოდება, ხომ არ აჩვენებს იმას, რომ  უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრდარტყმას ახლო მომავალში ვერ შეძლებს? 

არსებული მონაცემებით და ამ დროისთვის უკრაინა არ არის მზად ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის. მე არ ვგულისხმობ მცირე მასშტაბის კონტრშეტევებს.

იმედია, უკრაინისთვის შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდება გაგრძელდება და როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, დაახლოებით აგვისტოს ბოლოს გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია გარდამტეხი მომენტი ამ დაპირისპირებაში. თუ უკრაინა მიიღებს შესაბამის აღჭურვილობას, ჩემი აზრით, წლის ბოლოსთვის მას ექნება გარკვეული წარმატება. თუმცა ეს არ გულისხმობს მთლიანად უკრაინის გათავისუფლებას, არა მგონია, რომ ეს მოხერხდეს გარკვეული პერიოდი. ვფიქრობ, სამხრეთის მიმართულების გათავისუფლება იქნება უკრაინისთვის ძალიან დიდი წარმატება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: