ბათუმში 18 ქუჩაზე წყალი შეწყდა – ავარიული დაზიანება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 21 ივლისს, 23 საათიდან 22 ივლისის 09:00 საათამდე ბათუმში წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე:

  • ხიმშიაშვილის ქუჩა – 39-დან 103-მდე, 28-დან 92-მდე;
  • ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა – 34-დან 116-მდე, 35-დან 113-მდე;
  • მელიქიშვილის ქუჩა – 65 -დან 123-მდე, 34-დან 100-მდე;
  • 26 მაისი ქუჩა – 62 -დან 118-მდე, 53-დან 111-მდე;
  • ვაჟა ფშაველას ქუჩა – 51-დან 131-მდე, 58-დან 130ა-მდე;
  • ბესიკის ქუჩა სრულად;
  • ბალაძის ქუჩა სრულად;
  • ჭავჭავაძის ქუჩა – 33-დან 99-მდე;
  • პუშკინის ქუჩა – 110-დან 140-მდე, 51-დან 93-მდე;
  • გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა – 40-დან 82-მდე, 27-დან 99-მდე;
  • ჩაიკოვსკის ქუჩა – 4-დან 52-მდე, 3-დან 49-მდე;
  • სევასტოპოლის ქუჩა სრულად;
  • ჩოლოყაშვილის ქუჩა – 54-დან 120-მდე, 45-დან 107-მდე;
  • ბაგრატიონის ქუჩა – 80-დან 120-მდე, 95-დან 111-მდე;
  • გელაძის ქუჩა სრულად;
  • სეიდიშვილის ქუჩა სრულად;
  • ლადო ასათიანის ქუჩა სრულად;
  • ნანა გვარიშვილის ქუჩა სრულად.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

5:0 – „დინამო ბათუმი“ პოზნანის „ლეხთან“ დამარცხდა

უეფას „კონფერენს ლიგის“ მეორე საკავლიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმმა“ პოზნანის „ლეხთან“ წააგო ანგარიშით – 5:0.

„ლეხი“ პოლონეთის 2022 წლის ჩემპიონია.

უეფას „კონფერენს ლიგის“ საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ბათუმში 28 ივლისს გაიმართება, „დინამო ბათუმი“ პოზნანის „ლეხს“ უმასპინძლებს.

კაბინეტში ვარ, ასე კარგად ჯერ არ ვყოფილვარ – ზელენსკი ეხმიანება „ფეიქს“ მის რეანიმაციაში ყოფნაზე

დღეს, 21 ივლისს, რამდენიმე უკრაინულ რადიოს ვებგვერდზე გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რეანიმაციაში იმყოფებოდა. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში განცხადება გაავრცელა TAVR Media-მ, რომელიც ამ რადიოსადგურებს ფლობს. კომპანიის განცხადებით, კიბერშეტევა განხორციელდა TAVR Media რადიოსადგურების სერვერებსა და ქსელებზე და ზელენსკის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ყალბია.

ჯანმრთელობის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინსტაგრამზე გამოეხმაურა.

„დღეს რუსეთმა გაუშვა მორიგი სიყალბე, რომ უკრაინის სახელმწიფოს არ მართავს პრეზიდენტი ზელენსკი, რადგან ის საავადმყოფოში, უფრო ზუსტად – რეანიმაციაში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. მაშ ასე, ვიმყოფები კაბინეტში. ასე კარგად არასდროს მიგრძნია თავი. და ცუდი სიახლე მათთვის, ვინც ავრცელებს სიყალბეს. მარტო მე არ ვარ, 40 მილიონი ვართ“ – ამბობს ზელენსკი ვიდეო მიმართვაში.

მან ასევე ხაზი გაუსვა მისსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ასაკს.

„ხანდაზმულ ასაკთან დიდი პატივისცემით, მაგრამ 44 არ არის 70“ – თქვა ზელენსკიმ.

როგორ აქცია მცენარეების სიყვარული შემოსავლის წყაროდ მუსიკის მასწავლებელმა

„როცა დავქორწინდი, მეზობლები მოვიდნენ და ყვავილები მაჩუქეს. მე დავიწყე – ვაიმე, არ მიყვარს, არ მინდა-მეთქი“, – გვიყვება 43 წლის მადონა ჩადუნელი, მუსიკის მასწავლებელი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მეყვავილეობითაა დაკავებული, 30 სახეობის მცენარეს ამრავლებს და ჰყიდის.

მადონა ამბობს, რომ ზუსტად არასდროს დაუთვლია რამდენი მცენარეს ყიდის სეზონურად, თუმცა დაახლოებით 1000 ქოთნის მცენარის გაყიდვას მაინც უნდა ახერხებს.

მადონა ხელვაჩაურის სოფელ კირნათში ცხოვრობს. ის გვიყვება, რომ მცენარეები არასდროს უყვარდა, სანამ მეზობლის ნაჩუქარ ყვავილებზე არ დაიწყო ზრუნვა. მაშინ მიხვდა, რომ ეს საქმე შემოსავლის წყაროდაც შეეძლო ექცია. ამ დროს მადონა უმუშევარი იყო, მცირეწლოვან შვილებს ზრდიდა.

ის გვიყვება, რომ ყვავილების გამრავლება თანდათან, მეზობლების მოტანილი მცენარეებით დაიწყო.

„ძალიან შემიყვარდა მცენარეები, მათთან ურთიერთობა მამშვიდებს, ჰარმონიას, ძალ-ღონეს მმატებს. ხანდახან ვესაუბრები მცენარეებს, მათთან ურთიერთობა შვებაა.

მცენარეებსაც სჭირდებათ მოვლა, მზრუნველობა, მოფერება, წყალი. ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მცენარეს მხოლოდ ჩარგვა არ ჰყოფნის. ზოგჯერ, თუ მოიწყინა, ვიტამინებიც სჭირდება“, – ამბობს მადონა.

მადონა ჩადუნელის მცენარეები

მისი აზრით მცენარეზე ზრუნვა პასუხისმგებლობაა. თავდაპირველად მცენარეების მოვლაზე ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას, გამოცდილ ადამიანებს ეკითხებოდა რჩევებს და უამრავ ექსპერიმენტს ატარებდა იმის გამოსარკვევად, თუ რა აჯობებდა ამა თუ იმ მცენარისთვის.

იგი გვიყვება, რომ მისი მცენარეებით კმაყოფილი მყიდველების ყოლა ბედნიერს ხდის და ყველაზე მეტად ახარებს მოსმენა – „შენგან წაღებული მცენარე ჩემთან კარგად არის“, „გაიზარდა“, „კარგი ფესვი ჰქონდა“.

მადონა გვეუბნება, რომ გული სწყდება, თუ მისი მცენარე მყიდველს გაუჭკნება და ცდილობს, მომდევნო მცენარე უკვე კი არ მიჰყიდოს, არამედ აჩუქოს.

მადონა კირნათში კორპუსში, ბინაში ცხოვრობს. როცა მცენარეების გამრავლება დაიწყო, სახლის საერთო ეზოში პატარა ბოსტანი ყვავილების ბაღად გააკეთა.

მისი თქმით, დასაწყისში ძირითადად ყინვაგამძლე ყვავილებს ამრავლებდა, თუმცა, მოგვიანებით სხვა მცენარეებითაც დაინტერესდა.

მადონას სათბური ჯერჯერობით არ აქვს.

„ზამთარში, ის მცენარეები, რომელთაც სითბო, ოთახი და ფანჯარა უნდათ, ამომაქვს [ბინაში].

ზოგს ფანჯრის რაფებზე, მაგიდაზე ვაწყობ. ზოგს მისაღებში ვალაგებ; დაბლა [ბინაში] არ ცხოვრობს მეზობელი, ნაკლებად სიცივე რომელ მცენარესაც უყვარს, იქ ვაწყობ, ფანჯრებზე; ყინვაგამძლეებს ბოსტანში ვტოვებ და აი, ასე ვწვალობ. სათბური რომ მქონდეს, უფრო მეტად გავფართოვდებოდი, ალბათ“ – გვეუბნება ის.

მადონა ჩადუნელის მცენარეები

მადონა თავის მცენარეებს ინტერნეტით ან გადამყიდველებზე ყიდის. მისი თქმით, როცა მცენარეების ფოტოებს სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფში დებს, მათ შეძენის სურვილს საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან გამოთქვამენ, თუმცა მადონა მათთვის მცენარეების გაგზავნას ვერ ახერხებს და მისი მომხმარებლები ძირითადად ბათუმიდან არიან.

„როცა ინტერნეტით ვყიდი, ბევრი მცენარე უნდათ ერთდროულად. მაგალითად, 9-10 ყვავილი. მძიმეა ქოთნები, მიწა. მცენარეები „მარშუტკით“ მიმაქვს  ბათუმში, პლაზასთან ვჩერდები [ჭავჭავაძის ქუჩაზე] და ვეუბნები მსურველებს, მოვიდნენ, იქიდან წაიღონ. ეს ყველაფერი შრომატევადი და დამღლელია. ამიტომ მირჩევნია ნაკლებ ფასში მივყიდო გადამყიდველებს. ისინი ამოდიან მანქანებით და მიაქვთ ყვავილები“, – ამბობს მადონა.

მადონას თქმით, მისი გამოყვანილი ნერგებისა და მცენარეების ფასი 2 ლარიდან იწყება და 20 ლარამდე ადის. ძირითადად ნერგებს და ეზოს ყვავილებს – 5 ლარად, მოზრდილ მცენარეებს – 10 ლარად, შედარებით მოზრდილ მცენარეებს კი 15-20 ლარად ყიდის.

მადონა სკოლაში მუსიკას ასწავლის, მუშაობს ბაღშიც.

ყვავილების მოვლაში შვილი ეხმარება. როგორც მადონასგან ვიგებთ, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ცხოვრობს, მიწის, სასუქის მიტანა უწევთ.

მადონას დაკვირვებით, ძირითადი მოთხოვნა ყვავილოვან მცენარეებზეა, ჩინურ ვარდებზე და ა.შ., თუმცა მას ისეთი დეკორატიული მცენარეებიც ძალიან მოსწონს, როგორიცაა მარადმწვანე სურო და სხვა.

მეყვავილე გვიყვება, რომ მცენარეები გამრავლების სამუშაოები ძირითადად თებერვალში იწყება: „ზოგს გადაჭრა და წყალში ჩაწყობა სჭირდება, რომ დაფესვიანდეს, ზოგს – პირდაპირ გადარგვა, ზოგი უნდა დაითესოს“.

მადონას თქმით, მცენარეების გახარებისა და გაყიდვისთვის ყველაზე კარგი სამი თვე – ივნისი, ივლისი და აგვისტოა.

მადონა ჩადუნელის მცენარეები

რუსები „ჰაიმარსებს“ ვერ მისწვდებიან, ბაზები ხერსონში თითქმის გავანადგურეთ – ვანო ნადირაძე

რუსეთი ამერიკულ „ჰაიმარსებზე“ ნადირობას აცხადებს. რამდენად გამოუვათ ეს და როგორია ბრძოლის სურათი ამ წუთებში უკრაინაში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქართველ მებრძოლს, ვანო ნადირაძეს ესაუბრა, რომელიც ხერსონის ოლქში იბრძვის.

  • ბატონო ვანო, წინა კვირას ითქვა, რომ დონეცკიდან ხერსონის მიმართულებით, რუსების სამხედრო მანქანების კოლონა გადაადგილდება, რა ინფორმაციას ფლობთ ამაზე, შეინიშნება სადმე ეს კოლონა?

დონეცკიდან ხერსონამდე ძალიან შორი მანძილია და ასე ადვილად გადაადგილება არ ხდება. თუმცა, მე ასეთი კოლონების შესახებ არ გამიგია.

ცოტა ხნის წინ, გამოვაქვეყნე ხერსონთან, ანტონოვსკის ხიდის ფოტო, რომელიც ისეა დაზიანებული, მსუბუქი მანქანა თუ გაივლის, თორემ ტანკები იქ ვეღარ გადაადგილდებიან.

  • ეს სტრატეგიული ხიდია?

დიახ, სტრატეგიულია. ასევე, მეორე ხიდია ნოვა კახოვკასთან და ისიც დაიბომბება. „ჰაიმარსები“ უკვე სწვდება და რუსებმა შეიძლება ყულფში გაყონ თავი, რადგან ხერსონის მიმართულებაზე არც ისე დიდი ძალა ჰქონდათ და დახმარებაც რომ გამოიძახონ, ძალიან ძნელი იქნება მიწვდენა.

  • როგორც ვიცით, ამ კვირაში ძირითადი იერიშები რუსულ ბაზებზე იყო. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, დაახლოებით რა რაოდენობის იარაღია განადგურებული?

ზუსტ მონაცემს ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეში 30-ჯერ იყო „ჰაიმარსი“  გამოყენებული და ყველა სერიოზული შედეგით. მელიტოპოლის, ნოვა კახოვკის და ლუგანსკის მხარეში, ზურგში ვუნადგურებთ ლოჯისტიკას [რუსეთის შეიარაღებულ ძალებს].

ბაზები რაც ჰქონდათ ხერსონის ოლქში განლაგებული, თითქმის განადგურებულია. იძულებული გახდნენ დაბომბვების შემდეგ უკან გადაეწიათ, სადაც ვერ მიწვდება რაკეტები. უკან გადაწევა იმას ნიშნავს, რომ რუსებს უკვე გაურთულდათ ლოჯისტიკა, წინ ხაზზე ადვილად ვეღარ მიაწვდიან ტყვია-წამალს. გარდა ამისა, ტრანსპორტიც ორჯერ მეტი სჭირდებათ, რომ რაღაც ტემპი შეინარჩუნონ.

ფაქტობრივად, ლისიჩანსკის აღების შემდეგ, წინ ვეღარ მოდიან, სანტიმეტრი ვერ გადმოწეულან.

ანტონოვსკის ხიდი
ანტონოვსკის დაბომბილი ხიდი/ფოტო ვანო ნადირაძის facebook გვერდიდან
  • ამ დღეებში ითქვა, რომ აშშ დამატებით მიაწვდის უკრაინას 4 „ჰაიმარსს“, ეს რამდენად შეცვლის შეტევის მასშტაბებს?

როცა ამერიკა ამბობს – „უნდა მივაწოდოთ“, ის უკვე მოწოდებულია. სიტუაცია გამოსწორდა ევროპასთანაც, საიდანაც „ჰაუბიცებს“ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ველოდით. მთავარია ტექნიკა, თორემ, ადამიანური რესურსი უკრაინას საკმარისი აქვს.

  • რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ თქვა, რომ „ჰაიმარსებზე“ ნადირობას იწყებენ. როგორ ფიქრობთ, მოახერხებენ მათ განადგურებას?

ნული შანსი აქვთ. წარმოიდგინეთ, 70 კილომეტრი სიღრმიდან რომ გირტყამს ტექნიკა, რომელსაც ძალიან ბევრი დამცავი სისტემა აქვს, ასევე მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც, ამიტომ ძალიან ძნელია, რომ რუსები „ჰაიმარსებს“ მისწვდნენ. შოიგუს განცხადება უფრო ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის იყო გაკეთებული.

მე რასაც აქედან ვუყურებ, რუსების მიერ დაანონსებული მეორე, ე.წ. მძაფრი ფაზა, ნელ-ნელა გაჩერდა. ლისიჩანსკი-სევეროდეცკიზეც შენელებულია მოქმედებები, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები უკან და უკან წავლენ.

  • ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსები უგლეგორსკის თბოელექტროსადგურს უახლოვდებიან და ამით ცდილობენ დაიბრუნონ საბრძოლო იმპულსი, სამხრეთიდან შეუტიოს მისთვის მნიშვნელოვან ქალაქებს – კრამატორსკსა და სლავიანსკს. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ამის დაკავებას?

უკვე ვეღარ უახლოვდებიან, დაზუსტებულ ინფორმაციას გეუბნებით.

  • ბოლო ინფორმაციით, ყველაზე ძლიერი ბრძოლები დონბასში მიდის. რა ტიპის წარმატების მიღწევას ელოდებიან აქ უკრაინელები?

დონეცკთან, ფაქტობრივად მიბმულია ერთი პატარა ქალაქი მარინკა, რომელიც იმდენად მყარად აქვთ გამაგრებული უკრაინელებს, რომ ვერ ეკარებიან რუსები. ძალიან სტრატეგიული ადგილია ეს ქალაქი და ალბათ მარინკის მხრიდან შეუტევენ და წარმატებას მიაღწევენ.

  • თქვენ ახსენეთ ანტონოვსკის ხიდი, რომელიც დაბომბილია და ვერ გადმოვა რუსული ტექნიკაო, კიდევ რა ხიდებია, რომელიც შესაძლოა ამის გამო დაიბომბოს?

საერთოდ, ხერსონის მიმართულებაზე, მდინარე დნეპრი არის ძალიან განიერი. რუსები პონტონური ხიდის [სამხედრო ხიდი] დადგმასაც კი ვერ შეძლებენ, რადგან ამას ტექნიკურად დიდი დრო სჭირდება და თან ეს იქნება ფაქტობრივად ცოცხალი სამიზნე.

გახსოვთ ალბათ, თვენახევრის წინ რაც მოუვიდათ პატარა მდინარის გადმოლახვისას, ეს მდინარე კი იმაზე ოთხჯერ განიერია.

  • რამდენჯერმე ითქვა ყირიმის ხიდის აფეთქებაც. 

კი, არის საუბარი. მას შემდეგ რაც  რუსებმა ვინიცაში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს,  ამერიკელებმა თქვეს, რომ გადმოგვცემენ 300-კილომეტრიანი მანძილის „ჰაიმარსებს“, რაც ყირიმის ხიდს თავისუფლად მისწვდება.

გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსებმა ამ ხიდებთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები განალაგეს, მაგრამ „ჰაიმარსს“ ვერ დაიჭერს.

  • პარტიზანებზე რას გვეტყვით, კარგად მუშაობენ?

ხერსონის, მელიტოპოლის და ნოვა კახოვკას მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობენ ჩვენი პარტიზანული ჯგუფები. სწორი კოორდინატები გვაქვს დასაბომბად, საარტილერიო ცეცხლის კორექტირება ხდება ძალიან ზუსტად, ფაქტობრივად ვეღარ გვემალებიან რუსები, ვეღარ მალავენ თავის საწყობებს და ბაზებს.

  • ნიკოლაევის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა უკრაინელებს მოუწოდა, რომ დაეხმარო მოღალატეების გამოვლენაში, იქონია ამ მოწოდებამ გავლენა?

ოკუპირებული ქალაქებიდან ხერსონი ყველაზე პროუკრაინულია. რა თქმა უნდა, ხუმრობანარევი იყო, როცა კიმმა თქვა, 100 დოლარს მივცემთ ყველას, ვინც დაგვეხმარებაო, რადგან ჩვენც კი ზეპირად ვიცით, ვინ არიან აქ კოლაბორაციონისტები და ადგილობრივმა პარტიზანებმა ხომ უფრო მეტი იციან.

  • ყველაზე დიდ წარმატებად ამ კვირაში პირადად თქვენ რას მიიჩნევთ, როგორც მებრძოლი?

ხერსონს, რა თქმა უნდა. ადრე ვთქვი, მაქსიმუმ ათ დღეში გვექნება ხელშესახები წარმატება-მეთქი, აი, რამდენიმე დღე დარჩა კიდევ და ვნახოთ.

  • ხერსონის შემდეგ გეგმაში მარიუპოლის დაბრუნება შედის?

რა თქმა უნდა, ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებაზეა საუბარი. საერთოდ კი, ომის დასრულებას შემოდგომის ბოლოს ველოდები, ჩვენი გამარჯვებით. ბევრი არ იზიარებს ჩემს პროგნოზს, – „საიდან ასეთი ოპტიმიზმიო“ – მეხუმრებიან კიდეც. ამხელა ურდოს როგორ ვძლევთ ასე მოკლე დროშიო, მაგრამ ვნახოთ, მე ოპტიმისტი ვარ. რა ვქნა, რაც ვთქვი, ყველაფერი გამართლდა ამ ჩემი ოპტიმიზმით.

  • თქვენ წინა კვირას ამბობდით, რომ რუსეთი ფაქტობრივად მოგუდულიაო და ელოდებოდით ბელრუსიდან მოქმედებების დაწყებას. რა ისმის ამ მიმართულებაზე, ისევ შეინიშნება მოძრაობა ბელრუსის მხრიდან?

ბელარუსიდან რაიმე მნიშვნელოვანს უკვე არაფერს ველოდებით. მე მგონი ეს უფრო მანევრული მოქმედებები იყო. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბელარუსები არ აპირებენ ომს.

რუსულ ჯარშიც შეინიშნება დემოტივაცია, რადგან უკრაინელმა იცის, რომ თავის სახლს იცავს, იმ რუსმა კი იცის, რომ პუტინისთვის უნდა იომოს და თავი შეაკლას. ამიტომ ვერ უშველის რუსებს მობილიზაცია. მოსმენებსაც ვაწარმოებთ და ვიცით, რა განწყობაა რუსულ ჯარში.

ბათუმში ქვიშის ფესტივალი გაიმართება

ბათუმში ქვიშის ფესტივალი გაიმართება. ეს სპორტული ფესტივალია – გუნდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ერთმანეთს ქვიშის ფეხბურთში,  ტექბოლში, ფრენბურთში, რაგბისა და ფუტვოლეიში შეეჯიბრებიან.

ბათუმის ბიუჯეტში ქვიშის ფესტივალისთვის 15 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხის განსაკარგად ტენდერი ახლახანს გამოცხადდა.

ფესტივალი ბათუმის ბულვარში, ქვიშის მოედანზე გაიმართება.

„სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის ქვიშის მოედანი ხელსაყრელი ადგილია. საკმაოდ სანახაობრივი და ჯანსაღი სპორტული სახეობებია. ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა, რადგან ტენდერის დონეზეა ამ ეტაპზე.

ტენდერის ნაწილი გუშინ გამოცხადდა, დღეს მეორე ნაწილი გამოცხადდება. თვის ბოლომდე გვექნება ზუსტი მონაცემები, თუ როდის გაიმართება ღონისძიება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის სპორტული ცენტრის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა გორგოშაძემ.

მისი თქმით, ფესტივალში მონაწილეობას 500 ადამიანი მიიღებს.

ცნობილია, რომ ფესტივალი ქვიშის ფეხბურთით გაიხსნება.

ბათუმის სპორტული ცენტრის ბიუჯეტი წელს 235 ათასი ლარით გაიზარდა. ეს თანხა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში დაიხარჯება.

სპორტული ცენტრის წარმომადგენლის თქმით, წლის ბოლომდე იგეგმება ღონისძიებები ქუჩის კალათბურთში, გაიმართება ღია ფესტივალი ყინულის ჰოკეისა და ნიჩბოსნობაში. ასევე, წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჰოკეისტებისთვის, ნიჩბოსნებისთვის და მოჭიდავეებისთვის საჭირო ინვენტარის და ეკიპირების შეძენა.

_________________

ფოტო: ბათუმის სპორტული ცენტრი

რა სჭირდებათ ბათუმში მცხოვრებ უკრაინელებს – პროექტი

ბათუმში მცხოვრები უკრაინელების მხარდასაჭერად „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი” პროექტის განხორციელებას იწყებს.

პროექტის მიზანი ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის თემში ინტეგრაციის ხელშეწყობა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაზრდაა.

დაგეგმილია საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. ომით დაზარალებულ უკრაინელებს ინფორმაციას მიაწვდიან სხვადასხვა დანაშაულების, მათ შორის ძალადობის და სექსუალური შევიწროების, შეტყობინების წესის და რეაგირების მექანიზმების შესახებ.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია არტ-თერაპიისა და ქართული ენის კურსები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.

სხვადასხვა ტიპის აქტივობებში ჯამში 500-ზე მეტი უკრაინელი ჩაერთვება.

პროექტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი” ევროკავშირის მხარდაჭერით  განახორციელებს.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ცნობით, მათ მიერ ივლისის თვეში ჩატარდა ბათუმში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინელების  საჭიროებების სწრაფი მოკვლევა.

კვლევა საჯარო რამდენიმე დღეში გახდება. მასში ასახული პრობლემების მოგვარებას  ადგილობრივ ხელისუფლებასთან „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“  ბათუმის ოფისი გაუწევს.

დიდი ბრიტანეთი დამატებით შეიარაღებას გადასცემს უკრაინას – თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა 21 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინას უახლოეს მომავალში მიეწოდება ახალი საარტილერიო იარაღი, დრონები და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები – ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

საუბარია ათეულობით საარტილერიო იარაღზე, 50 000 საარტილერიო ჭურვზე, 1600-ზე მეტ ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე, სარადარო სისტემებსა და ასობით დრონზე.

„საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ უკრაინას მივაწვდით იარაღს, რათა დაიცვან ქვეყანა პუტინის უკანონო შეჭრისგან“, – თქვა უოლესმა.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას დაახლოებით 7000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და ჯავშანტექნიკა, გარდა ამისა, 10 000 უკრაინელი სამხედრო დიდ ბრიტანეთში გაივლის წვრთნებს.

უოლესის განცხადებით, იარაღის გადაცემა უახლოეს კვირებში მოხდება.

რუსეთი სექტემბრის შუა რიცხვებში გეგმავს უკრაინის მეხუთედის ანექსიას – მედია

კრემლი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებას და ამ ადგილების რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებას სექტემბრის შუა რიცხვებში გეგმავს – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, რუსეთი რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში.

Bloomberg-ის წყაროების ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად ანექსიას დაექვემდებაროს ის რეგიონებიც, რომლებსაც რუსული არმია სექტემბრამდე დარჩენილ დროში დაიკავებს.

თუ რუსეთი ამას მოახერხებს, უკრაინა დაკარგავს თავისი ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს, მათ შორის სახმელეთო კომუნიკაციას ყირიმთან და სატრანსპორტო მარშრუტებს შავ ზღვაში, რაც მთავარია უკრაინიდან ექსპორტისთვის.

Bloomberg-ის ცნობით, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის პროექტს ხელმძღვანელობს კრემლის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც რეგულარულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

 

90 დღეში რუსეთის წინსვლა დონბასში მხოლოდ 9-16 კილომეტრია – ამერიკელი გენერალი

„უკრაინას ჯერ არ დაუკარგავს დონბასი“  – განაცხადა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს, რომლის კორესპონდენტიც მილის ბრიფინგს ესწრებოდა.

„90 დღის განმავლობაში რუსეთის წინსვლა იყო ალბათ 6-10 მილი [დაახლოებით 9,6-16 კმ], ეს არც ისე ბევრია”, – თქვა მილიმ.

მისი თქმით, დონბასში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, ყოველ 24 საათში ათიათასობით საარტილერიო ჭურვის გასროლა ხდება და ორივე მხარეს დიდია დანაკარგი.

„ლუგანსკსა და დონეცკში გრძელდება სასტიკი ომი. თქვენს კითხვაზე – „დაკარგულია თუ არა დონბასი“, გპასუხობთ – არა, ის ჯერ კიდევ არ არის დაკარგული. უკრაინელები აიძულებენ რუსებს გადაიხადონ მიწის ყოველი სანტიმეტრისთვის. რუსების წინსვლა იზომება ფაქტობრივად ასობით მეტრით, რაღაც დღეებში მათ შეიძლება კილომეტრით წინ წაწევა, მაგრამ არა მეტით“ – განაცხადა მარკ მილიმ.

ტრადიციულად, ბათუმში Mastercard-ის სანაპირო გაიხსნა

2020 წელს, Mastercard-ის სანაპირო, ბათუმში პირველად გაიხსნა. შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად და მსოფლიო პანდემიაზე საპასუხოდ, გადახდების მსოფლიო ლიდერმა, ერთგულ მომხმარებლებს შეუფასებელი მომენტები შესთავაზა

წელს, უკვე მესამედ, Mastercard-ის სანაპირო სტუმრების მოლოდინშია. ერთადერთი ქვიშიანი სანაპირო ბათუმში, მთელი სეზონის განმავლობაში, ტურისტებს ბავშვთა გასართობ მოედანს, ღია ბარს, ცივ კოქტეილებს, უფასო ინტერნეტსა, განსაკუთრებულ ფოტო ზონასა და დღის მუსიკალურ ღონისძიებებს შესთავაზებს

გასული წლების გამოცდილებებიდან გამომდინარე, Mastercard-ის სანაპირო, ეს ქართველი თუ უცხოელი ტურისტების საყვარელი ადგილია. ადგილი, სადაც შეგიძლიათ შექმნათ და გააზიაროთ ძვირფასი, მაგრამ მაინც შეუფასებელი მომენტები!

ქართული საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ Mastercard განსაკუთრებით ცდილობს ტურიზმის სფეროს გაძლიერებას. სულ ცოტა ხნის წინ, ტექნოლოგიურ კომპანიასა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმში Mastercard-ის სანაპირო გაიხსნა

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, ციფრული ეკონომიკისა და ფინანსური ინკლუზიისა ზრდას. ძირითადი სამიზნე სფეროებია ტურიზმი, E-Commerce-სა და Fintech ეკოსისტემა

შესაბამისი მონაცემების, ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდების გზით, კომპანიები ხელს შეუწყობენ ტურიზმის პოპულარიზაციას და გააძლიერებენ საჭირო მარკეტინგულ პოლიტიკას. „ციფრული გადახდის გამოცდილებისშემუშავებით, Mastercard ხელს შეუწყობს უნაღდო ტრანზაქციების გაძლიერებას ქვეყნის მასშტაბით

აღნიშნული თანამშრომლობის პარტნიორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ბათუმში Mastercard-ის სანაპირო გაიხსნა

რუსი სამხედროები, რომლებმაც ბრძოლაზე უარი თქვეს, ლუგანსკში სარდაფში ჰყავთ ჩაკეტილი

ათობით რუსი სამხედრო, რომლებმაც ბრძოლაზე უარი თქვეს, უკრაინის დატოვება და კონტრაქტების გაუქმება მოინდომეს, ლუგანსკში, სარდაფში ჰყავთ ჩაკეტილი – ამის შესახებ Настоящее Время წერს.

„ვართ სარდაფში, მშივრები. გვითხრეს, რომ აქ დაახლოებით ორი დღე გაგვაჩერებენ. მერე საით – უცნობია. ტელეფონი ჩუმად შევიტანე. ნივთები ჩამოგვართვეს. ვისაც ტელეფონს უპოვიდნენ, უმტვრევდნენ. საკაცეებზე გვძინავს. დენი არაა, სიბნელეში ვართ. გვითხრეს, რომ სახლში არავინ გაგვიშვებს, აქ ლუგანსკში იქნება სასამართლო,“ – ეს არის მესანგრეთა ასეულის რიგითის, არტემ გორშენინის შეტყობინება, რომელიც მან დედას გაუგზავნა.

სამხედროები სარდაფში/ფოტო მიაწოდეს Настоящее Время-ს

სამხედროების თქმით, ადგილი, სადაც ისინი ჰყავთ, ქალაქ ბრიანკასთანაა.

არტემის დედა, ფატიმა გორშენინა ჰყვება, რომ სამხედროები თავიდან ბრიანკაში ყოფილ სკოლაში ჰყავდათ, – „მათ კერძო სამხედრო კომპანია დარაჯობდა, „მუსიკოსებს“ ეძახდნენ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ეს „ვაგნერი“ იყო“.

ფატიმა გორშენინას თქმით, როგორც შვილმა 15 ივლისს შეატყობინა, სარდაფში უკვე დაახლოებით 20 სამხედრო ჰყავდათ – „საჭმელს არ აძლევდნენ. მითხრა, რომ მათ არ სცემდნენ, თუმცა თუ მანამდე ბრიანკაში მშვიდად ელაპარაკებოდნენ, წოდებას და ხელფასს ჰპირდებოდნენ, ახლა გადავიდნენ მუქარაზე, რომ მათ დეზერტირობისთვის გაასამართლებენ“.

არტემ გორშენინი

მესანგრეთა ეს ასული აფხაზეთშია ბაზირებული. როგორც სამხედროებმა მშობლებს უთხრეს, სამ-თვენახევრიანი ბრძოლის შემდეგ, მათ უკრაინიდან წასვლა მოისურვეს და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაზე განცხადებები დაწერეს, თუმცა მეთაურები მათ მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ.

„9 ივლისს მომწერა, რომ როსტოვში მათ წაყვანას თვითმფრინავით აპირებდნენ. როსტოვიდან კი აფხაზეთში. მერე დამირეკა და მითხრა, რომ ლუგანსკში გადაიყვანეს,“ – ამბობს სვეტლანა ელჩევა, კიდევ ერთი რიგითის, ნიკიტა ლაზარევის დედა.

ნიკიტა ლაზარევი

რამდენიმე დღეა, შვილებისგან შეტყობინებები აღარ მიუღიათ. ოჯახებმა ახლა არ იციან, სად იმყოფებიან არტემ გორშენინი, ნიკიტა ლაზარევი და კიდევ 18 სამხედრო, რომლებმაც ბრძოლაში დაბრუნებაზე უარი თქვეს.

მანამდე მე-11 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ეფრეიტორი Настоящее Время-ს უყვებოდა, რომ ის და მისი თანამებრძოლები ლუგანსკში ავტოფარეხში ჰყავთ ჩაკეტილი. Настоящее Время-ს ინფორმაციით, მე-11 ცალკეული ბრიგადის 78 წევრს უკრაინის დატოვება სურდა, მათ კონტრაქტის გაუქმებაზე განცხადებებიც დაწერეს, თუმცა ხელმძღვანელობის ზეწოლის შემდეგ, 50-მა სამხედრომ სამსახურიდან წასვლა გადაიფიქრა.

ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვის მჭიდროდ დასახლებულ ადგილს. არის მსხვერპლი – ქალაქის მერი

21 ივლისს, დილას, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილს, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 17 – დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა – ამის შესახებ ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი წერს ტელეგრამზე.

მისი თქმით, მეორე დღეა ოკუპანტები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებს უხსნიან ცეცხლს. იგი ხარკოველებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

გუშინ, 20 ივლისს, ხარკოვში დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 წლის მოზარდი.

___________________

ფოტოზე: ხარკოვი, 20 ივლისი. ფოტო: უკრაინის სამაშველო სამსახური. ДСНС України/facebook

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ივლისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
  • ტანკი – 1 704 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 3 912 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 859 ერთეული [+3]
  • MLRS – 251 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 221 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 710 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 167 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 781 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 72 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 260 თვითმფრინავი
  • 144 ვერტმფრენი
  • 1 577 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 356 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 135 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 762 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 174 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 413 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორის უილიამ ბარნსის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის მხრიდან, დაახლოებით, 15 000 ადამიანი დაიღუპა, 45 ათასი კი დაიჭრა, უკრაინის მხარეს დანაკარგები კი ოდნავ მცირეა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რატომ სურს უკრაინას ომის ზამთრამდე დასრულება – ერმაკის განმარტება[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინა დასავლური შეიარაღების გამოყენებისას პრობლემებს აწყდება – WSJ

არსამთავრობოები EU-ს ელჩ ჰარცელს მადლობას უხდიან საქართველოში გაწეული სამუშაოსთვის

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ევროკავშირის უკვე ყოფილ ელჩს, კარლ ჰარცელს წერილით მიმართავს და მადლობას უხდის იმ შრომისთვის, რომელიც მან საქართველოსთვის გასწია. წერილში სამოქალაქო საზოგადოება ემიჯნება მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს.

„ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდაპოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვას და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია,“ – ნათქვამია ღია წერილში.

ამავე წერილში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოება აფასებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების გზაზე ელჩმა გასწია.

„განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში – სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება,“ – ვკითხულობთ ღია წერილში.

წერილს ხელს 22 სამოქალაქო ორგანიზაცია აწერს.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის.

___

მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩ კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მისი კრიტიკა დაიწყეს. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

კობახიძის განცხადების შემდეგ ჰარცელი გააკრიტიკა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემაც. მან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის არმინიჭების ერთ-ერთ ფაქტორად სწორედ ჰარცელი დაასახელა და თქვა, რომ ელჩს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო.

___

ფოტო: კარლ ჰარცელი

რუსებს უკრაინისთვის გადაცემული არცერთი „ჰაიმარსი“ არ გაუნადგურებიათ – გენერალი მილი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურის, გენერალ მარკ მილის მოკლე კომენტარს ტვიტერზე ამერიკის ხმის უკრაინული ბიუროს ჟურნალისტი ოსტაპ იარიში ავრცელებს.

„დღეისთვის, რუსებს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული არცერთი „ჰაიმარსი“ არ გაუნადგურებიათ და ყოველ ჯერზე ხეზე ვაკაკუნებ, როდესაც ასეთ რამეს ვამბობ“, – ციტირებს ჟურნალისტი გენერალს.

უკრაინული მედიის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა უკრანას დაპირებული 20 ჰაიმარსიდან უკვე გადასცა 12 სარაკეტო სისტემა, რომლებმაც უკრაინის მაღალჩინოსნების თქმით, ბრძოლის ველზე ვითარება უკვე მნიშვნელოვნად შეცვალეს.

რამდენიმე დღის წინ, ტელემარათონის ეთერში, ოდესის სამხედრო ადმინსიტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა, რომ რუსებმა გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, თითქოს პოკროვსკას რაიონში „ჰარპუნის“ რაკეტა და „ჰაიმარსის“ „დამტენი მოწყობილობა“ გაანადგურეს.

„ჰაიმარსების“ განადგურება კრემლმა პრიორიტეტული ამოცანაა – 18 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრმა სერგეი შოიგუმ„აღმოსავლეთის“ სარდლობის ინსპექცია ჩაატარა და მის უშუალო მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ რუსტამ მურადოვს დაავალა, „გაანადგუროს უკრაინის შეიარაღებული ძალების შორსმოქმედი სისტემები“.

ამ კვირაში, აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა და გენერალმა მარკ მილიმ ამერიკელი სენატორებისგან უკრაინის დახმარებაზე კიდევ ერთი თხოვნა მიიღეს – მათთვის გაგზავნილ წერილში ექვსი სენატორი უკრაინისთვის მეოთხე თაობის ამერიკული წარმოების გამანადგურებელი საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას და უკრაინელი მფრინავებისთვის შესაბამისი ტრენინგის ჩატარებას ითხოვს.

რუსები უგლეგორსკის თბოელექტროსადგურს უახლოვდებიან – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები და სეპარატისტები დონეცკის ფრონტის ხაზზე მცირე მასშტაბის შეტევებს განაგრძობენ.

21 ივლისის რელიზში უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალები დონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, უკრაინის სიდიდით მეორე, უგლეგორსკის თბოელექტროსადგურს უახლოვდებიან.

„რუსეთი პრიორიტეტს ანიჭებს მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურის დაკავებას, ისეთის როგორიც ელექტროსადგურებია,“ – წერს დაზვერვა და იქვე გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლებელია, უგლეგორსკისკენ სვლა რუსეთის სტრატეგიის ნაწილი იყოს.

შეიძლება, რუსეთი ამით ცდილობს, დაიბრუნოს საბრძოლო იმპულსი და სამხრეთის მხრიდან შეუტიოს მისთვის მნიშვნელოვან ქალაქებს – კრამატორსკსა და სლოვიანსკს.

უკრაინული მედია წერს, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსი სამხედროები მუდმივად ცდილობენ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის აღებას. უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობებით, ასეთი მცდელობა იყო გუშინაც, თუმცა უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს.

გუშინდელ სადაზვერვო ცნობარში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა ხერსონის მიმართულებაზე ამახვილებდა ყურადღებას და აღნიშნავდა, რომ ანტონოვსკის ხიდი ხერსონისთვის ბრძოლაში რუსეთის სუსტი წერტილია. ის დნეპრზე გამავალი ორი გზიდან ერთ-ერთია, რომლითაც რუსეთს შეუძლია მოამარაგოს ან გაიყვანოს თავისი ძალები ტერიტორიიდან, რომელიც მდინარის აღმოსავლეთით აქვს ოკუპირებული.

მთავარი ფოტო: უგლეგორსკის თბოელექტროსადგური

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 21 ივლისის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება ბათუმში შემდეგ ქუჩებზე:

  • რუსთაველის ქუჩა – მელიქიშვილის ქუჩიდან ასათიანის ქუჩამდე,
  • გორგილაძის ქუჩა – მელიქიშვილის ქუჩიდან ასათიანის ქუჩამდე,
  • ასათიანის ქუჩა – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე,
  • ვაჟა-ფშაველას ქუჩა – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე,
  • მელიქიშვილის ქუჩა – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე,
  • 26 მაისის ქუჩა – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე.

კომპანიის განცხადებით წყლის მიწოდების შეწყვეტა ავარიული დაზიანებას უკავშირდება. ამასთან მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

წყლის მილის ავარიული დაზიანების გამო ამ დილით რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩების კვეთა დაიტბორა:

ავარიული დაზიანება / ფოტო: ბათუმის წყალი

ბათუმში მგზავრობა 50 თეთრი ღირს, მაგრამ 70 თეთრს იხდით. რატომ? – ინტერვიუ

ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა 70 თეთრი ღირს, ოღონდ არაოფიციალურად. გასულ თვეში ბათუმის საკრებულომ არ გაზარდა მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური და 2025 წლის პირველ აპრილამდე ბათუმში მგზავრობა, ოფიციალურად, 50 თეთრი უნდა ღირდეს.

საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბათუმის მერია უწევს ზედამხედველობას. მერია ირწმუნება, რომ კანონდამრღვევ სატრანსპორტო კომპანიებს აჯარიმებს. რეალობა კი ასეთია – მოქალაქეები მგზავრობის საფასურს – 70 თეთრს იხდიან, მაშინ როცა კანონით 50 თეთრი უნდა გადაიხადონ.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა ამბობს, რომ  მუნიციპალიტეტი თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს, ამის შედეგი კი მოქალაქეების პირად ბიუჯეტზე აისახება.

ნათია აფხაზავა
  • ქალბატონო ნათია, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ მიუხედავად საკრებულოს გადაწყვეტილებისა, არ გაეზარდა  მგზავრობის ტარიფი, მგზავრები მაინც 70 თეთრს იხდიან?

ეს ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტი ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას. საკრებულოს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში მერიამ. გარდა იმისა, რომ საკრებულო იღებს დადგენილებას, უნდა მოხდეს მისი აღსრულების, ამავე დროს მონიტორინგისა და ზედამხედველობის მექანიზმების ამუშავება. დღეს ამას ვერ ვხედავ.

საკრებულოს კომისიაზე როცა საკითხი განიხილეს, უარყოფითად იქნა შეფასებული. არგუმენტი იყო, რომ თუ მგზავრი 50 თეთრს იხდის, მძღოლი არ ეუბნება, 70 თეთრი გადაიხადეო. მძღოლის და მოქალაქის ანაბარა ამ გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდება. არსებობს ზედამხედველობის ორგანოები, იმათმა უნდა იმუშაონ და მოსთხოვონ შესაბამის სატრანსპორტო კომპანიებს, რომ ეს ტარიფი [50 თეთრი] იქნეს შენარჩუნებული.

სხვა შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილება არ სრულდება. სხვა სანქციები უნდა არსებობდეს, რომ კონკრეტულ კომპანიებს მოეთხოვოთ ამისთვის პასუხი.

  • ხომ არ ფიქრობთ, რომ ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლება საკითხის ასე, მძღოლისა და მოქალაქის იმედზე დატოვებით, ირიბად ცდილობს თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა გაზრდილი ტარიფის გამო?  

როდესაც საკრებულო ამბობს – მე შევინარჩუნე ტარიფიო, ამით პოზიტიურად პოზიციონირებს და ამბობს, რომ ის მოქალაქეების მხარეს დადგა – არ გაზარდა ტარიფი.

მაგრამ მეორეს მხრივ საკრებულოს ვალდებულებაა, რომ ზედამხედველობა გაუწიოს რამდენად შესრულდა ეს გადაწყვეტილება. თუ საკრებულო არ ადევნებს მისი გადაწყვეტილების აღსრულებას თვალს, ნიშნავს რომ ისევ არ დგას მოქალაქის მხარეს და ატყუებს კიდეც მას.

  • თქვენი აზრით საკრებულომ ასე ფორმალურად რატომ შეინარჩუნა ტარიფი?

ჩვენი დაკვირვებით, ეს დიდი პრობლემაა.

ერთის მხრივ არის სამარშრუტო ტაქსების მძღოლები და კომპანიები. ეს კომპანიები მძღოლებს იყენებენ იარაღად. ათ წელზე მეტია ეს პრობლემა დგას და ყოველწლიურად ხდება ამ საკითხის გამწვავება. ზოგჯერ საგზაო მარშრუტი არ მოსწონთ, ზოგჯერ პირობები არ მოსწონთ და ყოველთვის იყენებენ მძღოლებს ამის იარაღად, სამწუხაროდ.

მეორე მხრივ არის საზოგადოება, რომელსაც ეზრდება ტრანსპორტის ტარიფი, მაშინ როცა გაზრდილია ყველაფრის ფასი და არ იზრდება მათი შემოსავალი, პირიქით – მცირდება.

ასევე, ქალაქში არ გვყავს საკმარისი მუნიციპალური, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისე, რომ მოქალაქემ ყველა მიმართულებიდან ისარგებლოს. ასეთ მიმართულებებზე ხდება კერძო კომპანიებით [მიკროავტობუსებით] ჩანაცვლება.

რატომ ირიდებს [პასუხისმგებლობას]? იმიტომ, რომ მძღოლების მხრიდანაც არის ყოველთვის დიდი პროტესტი, საზოგადოების მხრიდანაც არის პროტესტი. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტს არ შესწევს ძალა, რომ ეს დააბალანსოს და მიიღოს გადაწყვეტილება, ერთხელ მაინც, საზოგადოების სასიკეთოდ და არა კერძო სექტორის.

  • საკრებულო ამ გადაწყვეტილებით, გამოდის, ცდილობს მოქალაქეების გული მოიგოს და მძღოლებისაც?

ამ შემთხვევაში თავიდან ირიდებს კონფლიქტს. სამწუხაროდ მუნიციპალიტეტს არ შესწევს ძალა ასეთი კონფლიქტური სიტუაციები მართოს. ცდილობს ასე გაჭიანურებულად, გადაფარვით  მოახდინოს კონფლიქტების შეჩერება და არა გადაწყვეტა.

  • რამდენ ხანს შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს?

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს არ ვიცი, ალბათ საზოგადოების მხრიდანაც უნდა მოჰყვეს გარკვეული პროტესტი.

საკრებულოს მხრიდანაც არის გულგრილობა ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე. კომისიის და საკრებულოს სხდომაზე მოხდა ამის განხილვა, მაგრამ თავად საკრებულოს წევრებს არ ჰქონიათ დამოკიდებულება, რომ აი, ჩვენ უნდა აღვასრულოთ ჩვენი გადაწყვეტილება, მოვთხოვოთ მერიას, რომ აღასრულოს. მსგავსი ინიციატივა არ ყოფილა.

ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს შესაბამისი ორგანოების დაინტერესება და გარკვევა, თუ რატომ არ ხდება საკრებულოს გადაწყვეტილების აღსრულება. უნდა დააჯარიმონ ან შეუჩერონ ლიცენზია კომპანიებს და ა.შ. ეს უნდა განახორციელოს ზედამხედველობითმა ორგანომ.

მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ საკრებულოც ხუჭავს თვალს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია.

ბათუმში კლუბმა მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა რუსეთში სიმღერის გამო

ბათუმში, კლუბ Sector 26-ში 24 ივლისს დაგეგმილი მომღერალ მეგი გოგიტიძის კონცერტი გაუქმდა.

როგორც კლუბის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, კონცერტის გაუქმების მიზეზი მომღერლის რუსეთში გამართული კონცერტებია.

„არ ვიცოდით, მოსკოვში თუ აპირებდა კონცერტებს, არც წინა კონცერტის შესახებ გვქონდა ინფორმაცია და არც აგვისტოში დაგეგმილზე“- გვითხრეს კლუბში.

კლუბმა ფეისბუკის გვერდზეც გააკეთა განცხადება, სადაც წერს: „24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც უნდა ემღერა მეგი გოგოტიძეს გაუქმდა.“

ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ გოგიტიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო თავად გაავრცელა.

მას 29 ივლისს კონცერტი ჩანიშნული აქვს სოჭშიც.

ორივე ქალაქში კონცერტების შესახებ ინფორმაცია მის რუსულ ვებგვერდზეა განთავსებული. ვებგვერდიდან ასევე ირკვევა, რომ მან რუსეთში 2 კონცერტი გამართა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

რუსეთში დაგეგმილი კონცერტების შესახებ მომღერალმა მეგი გოგიტიძემ ფეისბუქზე თავად დაწერა

„მე ძალიან კარგად ვიცი ვის მიერაა ოკუპირებული ჩემი ქვეყანა..სწორედ ამიტომ ვმღერი ზუსტად იქ სადაც ვმღერი. მე ამ ხმას მივაწვდენ ყველას, ვისაც საჭიროა“ – წერს მეგი გოგიტიძე ფეისბუქზე.

გახარია გმობს კობახიძის განცხადებას ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, გიორგი გახარია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გმობს საქართველოს მთავრობის მიერ ელჩებზე [კელი დეგნანი; კარლ ჰარცელი] სიტყვიერი თავდასხმის ფაქტებს.

გიორგი გახარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩს, კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ის გააკრიტიკა.

კობახიძის თქმით, კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შემდე, საქართველოს მმართველი პარტია ახლა თავს დაესხა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს. ვგმობ საქართველოს მთავრობის მიერ ელჩებზე თავდასხმას და მიმაჩნია, რომ ესაა ორკესტრირებული თავდასხმა ჩვენს უახლოეს სტრატეგიულ პარტნიორებზე და ირიბი მუქარა ჩვენი პარტნიორების მისამართით,“ – წერს გიორგი გახარია.

„წყალი არ არის უსაფრთხო“ – ქობულეთის ერთი სოფლის მოსახლეობას მერია ინფორმაციას უმალავს

„გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე სასმელი წყალი არ არის უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნაში, რომელიც ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში აღებული სასმელი წყლის ლაბორატორიულ დასკვნას ეხება.

დასკვნის მიხედვით, სასმელ წყალში აღმოჩნდა E.coli [იგივე ნაწლავის ჩხირი] და Streptopcocus faecalis. დასკვნა 14 ივლისს მომზადდა, თუმცა ამ დრომდე მოსახლეობისთვის შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სოფელში დაგვიდასტურეს, რომ ისევ ონკანის წყალს იყენებენ სასმელად.

„ქობულეთის სოფლის წყალში“, რომელიც ქობულეთის მერიის შპს-ია, არ თვლიან საჭიროდ, ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას ლაბორატორიული დასკვნის შესახებ, სადაც პირდაპირ ხაზგასმულია საფრთხე ადამიანების ჯანმრთელობაზე.

ლაბორატორიული შემოწმების მოთხოვნით სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გიორგი მახარაძეს 6 ივლისს მიუმართავს, ის სოფელ ბობოყვათში ცხოვრობს და პროფესიით ადვოკატია.

„რადგან წყალი მუდმივად მღვრიეა, მაგრამ მოსახლეობის პრეტენზიებს არავინ იზიარებს, მე მივმართე სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ოფიციალურად წერილი მივწერე,“ – გვიყვება გიორგი მახარაძე. -„ წყლის სისტემა რამდენიმე წლის წინ მოეწყო ჩვენს სოფელში გერმანიის ბანკის მხარდაჭერით, მაგრამ ვერ დავადგინე, რატომ ვერ მოეწყო გამწმენდი ნაგებობა, რატომ არ იფილტრება წყალი.

დასკვნის ჩაბარების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიპასუხა, რომ გააფრთხილეს წყლის მომწოდებელი კომპანიაც, მაგრამ მოსახლეობისთვის არავის არანაირი ფორმით არ მიუწოდებია ინფორმაცია. მე ფეისბუქში დავდე პოსტად ლაბორატორიის ეს დასკვნა და იმედია, ბევრმა ადამიანმა ნახა კიდეც, ახლა წყალს მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის ვიყენებთ ჩემს ოჯახში და სასმელად წყაროს წყალი გვაქვს,“ – გვითხრა გიორგი მახარაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნაში წერია ისიც, რომ ბობოყვათში წყალი „სასმელად გამოიყენება მხოლოდ გადადუღებულ შემთხვევაში“, თუმცა ამავე დასკვნის მიხედვით, წყლის სინჯში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის 58-ე დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს.

ადვოკატი გიორგი მახარაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ სახის საფრთხის შესახებ მოსახლეობისთვის შესაბამისი ორგანოების მხრიდან დროული და სათანადო ინფორმაციის მიუწოდებლობა შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

„ჩვენ დასკვნის მიღებისთანავე დავიცავით სანიტარული ზომები, ხელახლა გავწმინდეთ სისტემა სრულად, ზოგს წყარო წყალი აქვს მიერთებული, ზოგს რაღაც, ამ დროისთვის წყალი სუფთაა,“ – ირწმუნება შპს „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორი, სულიკო თხილაიშვილი, თუმცა არ აქვს დოკუმენტი, რაც ამას დაადასტურებს.

„აღებულია სინჯები ისევ და თვის ბოლოს გვექნება პასუხები“, – გვითხრა სულიკო თხილაიშვილმა. მას არ ჩაუთვლია საჭიროდ, მოსახლეობისთვის ლაბორატორიული დასკვნის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

„მე ორი დღის წინ მივიღე ეს დასკვნა… არ ჩამითვლია საჭიროდ ინფორმაციის მიწოდება, რადგან გაწმენდილია ყველაფერი და არ არის საფრთხე,“ – ამბობს სულიკო თხილაიშვილი.

 

ამონარიდი სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნიდან

გიორგი მახარაძის თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიული კვლევა უფასოდ ჩაატარა – მას თანხა არ გადაუხდია.

ბობოყვათში ქობულეთის მერის რწმუნებულის თქმით, სოფელ დაახლოებით 900 ოჯახი [4500 ადამიანი] ცხოვრობს. ის ასევე ტურისტული სოფელია.

როგორ ამუშავებენ პლასტმასს ოზურგეთის ინოვაციურ საამქროში ახალგაზრდები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთი უცნაური საამქროა. აქ ნებისმიერ მსურველს სასურველი ფორმის სამგანზომილებიან ნივთს, ფიგურას დაუმზადებენ უმოკლეს დროში, ბიოდეგრადირებადი პლასტმასის მსგავსი მასალისგან. ამისთვის ერთადერთი რამაა საჭირო: დამკვეთს ზუსტად უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, როგორი ფიგურის ან რა საგნის დამზადება სურს სამგანზომილებიანი ფორმატით.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2021 წელს საბა სირაძეს და დათა ვაშაყმაძეს მეგობარმა, ვახტანგ დოლიძემ უამბო დანადგარების შესახებ, რომლითაც ნარჩენების გადამუშავება და მაღალი კომერციალიზაციის პროდუქტების დამზადება შეიძლებოდა.

საბამ და დათამ ამ იდეაზე ბევრი იფიქრეს – ეკოლოგიურ სარგებელზე, რასაც ეს  დანადგარები მოიტანდა საზოგადოებისთვის და იდეის ბიზნესპოტენციალზე.

ბიჭებმა პროექტი დაწერეს და მალევე, 2021 წლის გაზაფხულზე, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ გამოცხადებულ სოციალური ინოვაციების კონკურსში შეიტანეს.

საბას, დათას და ვახტანგის პროექტი ამ კონკურსზე 5 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი იყო.

30 ათასლარიანი გრანტით ბიჭებმა 5 ერთეული 3D პრინტერი და ერთი მცირე მასშტაბის პლასტმასის გადამამუშავებელი დანადგარი იყიდეს.

„დარგი, რომლითაც დავინტერესდით, რთული, ძვირადღირებული მიმართულებაა და დიდ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მოითხოვს. „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ წარმომადგენლებმა დაინახეს ჩვენში იმის პოტენციალი, რომ თეორიულ ცოდნას  პრაქტიკულად განვახორციელებდით.

დათა ვაშაყმაძე და საბა სირაძე 3D პრინტერით სამგანზომილებიან ნივთებს ამზადებენ

ბევრ სირთულესაც წავაწყდით პრაქტიკული მუშაობის პროცესში და კონცეფცია ნაწილობრივ შევცვალეთ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პლასტმასის ნარჩენების კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გადამუშავება დავიწყეთ.

თუ 6 თვის წინ თვეში მხოლოდ 50 კილოგრამ პლასტმასას გადავამუშვებდით ახლა ეს რიცხვი 100-დან 200 კილოგრამამდეა.

ვგეგმავთ კიდევ უფრო დიდი წარმადობის დანადგარების შეძენას, რომელიც გარემოსთვის მავნე პლასტმასას ბიოდეგრადირებად პლასტმასის მსგავს მასალად გარდაქმნის“ – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი, საბა სირაძე.

საბას თქმით, დიდი პრობლემაა საქართველოში ნარჩენების სეპარირების კულტურის ნაკლებობა.

იგი პროექტის თანაავტორებთან ერთად გეგმავს შეხვედრებს მოსახლეობასთან, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებამდე მიიტანოს ინფორმაცია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ნარჩენების დახარისხებას.

პროექტის ავტორები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სეპარირებული ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნების დადგმასაც გეგმავენ.

„თუ გვექნება დანადგარი, რომელიც სამიდან ხუთ ტონამდე პლასტმასის ნარჩენს გადაამუშავებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მივიღებთ საწარმოს, რომელიც ნარჩენისგან შექმნის მაღალი კომერციალიზაციის უნარის მქონე პროდუქტებს, შესაბამისად ფიზიკურ პირებს კონკრეტულ სარგებელსაც შევთავაზებთ, დამატებითი ფინანსური მოტივაციის წყაროც კი შეიძლება გახდეს ჩვენი საწარმო მუნიციპალიტეტში, ადამიანები შეიძლება დასაქმდნენ“ – ამბობს საბა სირაძე.

პლასტმასის გადამამუშავებელი დანადგარი

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის კონკურსის გამარჯვებულებს ონლაინმაღაზიაც აქვთ, რომელსაც სოციალურ ქსელში იპოვით სახელით „3დ საამქრო“. გრანტით შეძენილი პრინტერებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამგანზომილებიანი სასურველ ნივთი ან გამოსახულება შეუკვეთოს საწარმოს.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ჯერჯერობით გაყიდვები მათი ძლიერი მხარე არ არის და მოცემულ მომენტში თვეში სიმბოლურ რაოდენობას, 1000-1500 ლარის პროდუქციას ყიდიან, თუმცა მომავალში პროდუქციის გამრავალფეროვნებით ამ მაჩვენებლის გაზრდას გეგმავენ.

დათა ვაშაყმაძეც პროექტის ერთ-ერთი ავტორია. ის გვეუბნება, რომ საინტერესო პროცესია 3D პრინტერით ფიგურების დამზადება, თუმცა დათა თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს პლასტმასის გადამუშავების შედეგად სხვადასხვა პროდუქტი შექმნას, რაც სხვა ბიზნესებისთვის იქნება საინტერესო, როგორც ნედლეული – მაგალითად, პლასტმასის გრანულები.

„ჩვენი პრინტერებისთვის ფიგურების დასამზადებლად რამდენიმე ტიპის ძაფი გამოიყენება, ეს ძაფი ძალიან მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე. ერთ-ერთი ასეთი ძაფი სიმინდისგან მზადდება და პლასტმასის ალტერნატივად მიიჩნევა.

ამ ძაფის დამზადებაც შედიოდა ჩვენს გეგმებში, რომ საჭირო ნედლეულისთვის ცალკე ფული არ დაგვეხარჯა, თუმცა საჭირო ხარისხის ძაფის დამზადება ჩვენი დანადგარით გამორიცხულია, ვერ ხერხდება.

დათა ვაშაყმაძე

მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს 3D პრინტერებისთვის საჭირო ერთგვარ კატრიჯ-ძაფს. ბაზარზე მთავარი მომწოდებლები არიან ჩინეთი, ამერიკა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამ ბაზარზე შესვლა ჩვენი სამომავლო პერსპექტივაა, ჩვენი ბიზნესის განვითარებას ამ მიმართულებით ვგეგმავთ, ეს ძაფი უნდა ვაწარმოოთ. თუმცა კარგი ხარისხის ამ ძაფის საწარმოებლად ახალი დანადგარია საჭირო, რომლის ღირებულებაც ცალკე 30 ათასი დოლარია.

3D პრინტერისთვის აუცილებელი ერთი კილოგრამი ძაფის საბაზრო ღირებულება გლობალურ ბაზარზე 20-30 დოლარია“ – ამბობს დათა ვაშაყმაძე.


პროექტი „3დ საამქრო“ დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროგრამის ფარგლებში, ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასიის მხარდაჭერით.

აშშ დამატებით 4 „ჰაიმარსს“ გადასცემს უკრაინას

შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით გადასცემს 4 სარაკეტო საარტილერიო სისტემას HIMARS-ს.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფთან განაცხადა.

შეერთებულმა შტატებმა უკვე გადასცა HIMARS-ის 12 დანადგარი უკრაინას არმიის გასაძლიერებლად. მთლიანობაში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2,6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია – თქვა ოსტინმა.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ მალე გამოაცხადებს უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს HIMARS-ს, MLRS-ის ჭურვებს და არტილერიას.

უკრაინა დასავლური შეიარაღების გამოყენებისას პრობლემებს აწყდება – WSJ

უკრაინა დასავლური შეიარაღებისა მიღებისა და გამოყენების სერიოზულ პრობლემებს აწყდება, რადგან ეს შეიარაღება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. პრობლემებია რემონტის თვალსაზრისითაც – ამის შესახებ უკრაინული მედია ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით წერს.

მასალაში აღნიშნულია, რომ დღეს უკრაინა იღებს თანამედროვე და ეფექტიან შეიარაღებას, რომელმაც უკვე შეცვალა ვითარება ბრძოლის ველზე – უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახლა ბევრად ზუსტი დარტყმების განხორციელება შეუძლიათ რუსული არმიის მნიშვნელოვან ობიექტებზე, თუმცა ამ შეიარაღების ათვისებასა და გამოყენებას თან უამრავი პრობლემა ახლავს.

უკრაინა იღებს М777-ებს აშშ-ისგან, ავსტრალიისა და კანადისგან; თვითმავალი ჰაუბიცებს –  Caesar-ს საფრანგეთისგან, Panzerhaubitze 2000-ს გერმანიისგან, M109-ს აშშ-ისგან და Krab-ს პოლონეთისგან. ამ სისტემებს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ; საბრძოლოს მასალებიც კი თითოეულს განსხვავებული სჭირდება. NATO-მ არაერთხელ სცადა ამ პროცესის სტანდარტიზაცია, თუმცა ჯერჯერობით არცთუ დიდი წარმატებით.

სხვადასხვა კალიბრი აქვს ჭურვებს – 39-დან 52-მდე, ქვემეხებს – სხვადასხვანაირი ნაწილები, ტექნიკური მომსახურების განსხვავებული მოთხოვნები, დატენვის განსხვავებული მექანიზმები, ასევე სრულიად განსხვავებულია ნაწილების მიღების ჯაჭვები. ეს ყველაფერი კი უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკაში ქაოსს ქმნის.

„ახლანდელი მიდგომა, როდესაც თითოეული ქვეყანა უკრაინას გადასცემს შეიარაღების კომპლექტს ნაწილებად, ძალიან მალე იქცევა ლოგისტიკურ კოშმარად უკრაინის ძალებისთვის, რადგან თითოეულ კომპლექტს სჭირდება სწავლების, მომსახურებისა და ლოგისტიკის განსხვავებული სისტემა,“ – უთხრეს გამოცემას ლონდონის შეიარაღების სამეფო ინსტიტუტში.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, უკრაინის რადამ შექმნა სპეციალური დროებითი კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს საერთაშორისო მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მიღებასა და გამოყენებას.

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა, ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ დასავლურმა შეიარაღებამ ბრძოლის ველზე ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, ფრონტზე ვითარების სტაბილიზება ამერიკული „ჰაიმარსების“ დახმარებით მოხერხდა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით კი, უკრაინის არმიამ კონკრეტულ პოზიციებზე რუსეთის ძალებთან პარიტეტს მიაღწია, თუმცა ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებისთვის ეს შეიარაღება საკმარისი არ არის.

დავაკავეთ ოდესელი კაცი, რომელიც რუსებს ოდესის დაბომბვას სთხოვდა – უკრაინის პოლიცია

უკრაინის ნაციონალურმა პოლიციამ დააკავა ოდესის მცხოვრები, რომელიც გამოძიების მტკიცებით, რუს სამხედროებს მოუწოდებდა, ოდესისთვის ისევე დაერტყათ, როგორც 14 ივლისს ვინიცას დაარტყეს.

გამოძიების ცნობით, დაკავებული არამხოლოდ მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, არამედ სოციალური მედიის რუსულ ჩატებში მოუწოდებდა რუს სამხედროებს უფრო აგრესიულად დაერტყათ ოდესისთვის – „გაემეორებინათ ვინიცის მასშტაბი.“

პოლიციამ დაკავებულის სახლი გაჩხრიკა. ამოიღეს მისი კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, შეიცავს მტკიცებულებებს, რომ ოდესის მცხოვრები კოლაბორაციონისტულ საქმიანობას ეწეოდა.

მისთვის ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ.

სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ ყირიმის უშიშროების უფროსი ოლეგ კულიჩინი დააკავეს. ის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაშია.

კულიჩინს უკვე წარუდგინეს ბრალდება სამი მუხლით: სახელმწიფოს ღალატი; დანაშაულებრივი ჯგუფის ან ორგანიზაციის შექმნა, ხელმძღვანელობა ან მისი მონაწილეობა; უცხო სახელმწიფოსთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემა.

გამოძიების ცნობით, კულიჩინის რუსულ ფეესბესთან თანამშრომლობდა და მათ დაზვერვის ცნობებს აწვდიდა.

ბოლო კვირის განმავლობაში არაერთი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, როდესაც უკრაინის მოქალაქეები ოკუპანტი ქვეყნის არმიასთან თანამშრომლობენ, მათ შორის ფულის სანაცვლოდ.

მთავარი ფოტო: უკრაინის ნაციონალური პოლიციის ტელეგრამარხიდან

___

ვიტალი კიმი 100 დოლარს ჰპირდება ყველას, ვინც მოღალატეს გამოავლენს

კომპანია ვიზა წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით 15-ე ჯაზფესტივალს

12-14 აგვისტოს, ბათუმი რიგით 15-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ორგანიზატორები, აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან.

საიუბილეო ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან. წელს ჯაზფესტივალს სტუმრობენ:

12 აგვისტო 

„ბორის ბენდ კომბინეიშენი“ (Boris Band Combination)

YouTube video player

„ნექსთ მუვმენთ“ (The Next Moovement )

YouTube video player

13 აგვისტო

ელ მაკეი & „ერს, ვინდ ენდ ფაია ექსპერიენსი“ (Al McKay´s Earth Wind & Fire Experience)

YouTube video player

14 აგვისტო

ქენდი დალფერი და მისი ბენდი (Candy Dulfer & Band)

YouTube video player

ფესტივალის ჩატარების ადგილი – ბათუმის ტენისის კლუბი.  ყოველი დღის ბოლოს ჯემსეიშენს უმასპინძლებს ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი კლუბი „ივერია ბიჩი“.

ფესტივალის სამივე დღეს კარი გაიღება 20.00 საათზე, კონცერტები კი 21:00 საათზე დაიწყება.


საიუბილეო ფესტივალის გენერალური სპონსორი – თიბისი კონცეპტი. შავი ზღვის ჯაზფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო

მხარდამჭერები  – ბათუმის მერია, ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი. ფესტივალს სპონსორობას უწევს „აპარტ დეველოპმენტი“. მასპინძელი რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: გაზეთი ბათუმელები, იმედი TV, რადიო ფორტუნა, რადიო უცნობი, მარკეტერი, სარეკლამო სააგენტო „ალმა“.

ფესტივალს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ: „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“. ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“ .

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გამაგრების პროექტისთვის 200 ათასი ლარი გამოიყო

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვისათვის 200 ათასი ლარი დაიხარჯება. ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში უკვე აისახა.

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ეს თანხა საკმარისი იყო იმისათვის, რომ პროცედურები დაიწყოს:

„შესყიდვა რომ გამოცხადებულიყო. რათა ჯერ შემუშავდეს პროექტი, საპროექტო დოკუმენტაცია. გამაგრების იქნება ეს, მონტაჟი-დემონტაჟის, იატაკის ნაწილი თუ ასე შემდეგ… ტექნიკურ დეტალებში აღარ შევალ. ვთვლით, რომ ვინაიდან ჯერ პროექტი არ გვაქვს, ეს თანხა ამ წლის ჭრილში იქნება საკმარისი და მომავალ წელს ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ დანარჩენი ნაწილი, რომელსაც ითვალისწინებს საპროექტო დოკუმენტაცია,“ – თქვა არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს სხდომაზე.

2022-23 წლებში ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გამაგრება-რეაბილიტაციაზე მილიონ ნახევარი ლარი უნდა დაიხარჯოს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჯარო ბიბლიოთეკის შენობა ავარიული იყო მიმდინარე წლის მაისში გახდა ცნობილი. უკვე არსებობს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმადაც „ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები  მწვავედ ავარიული და საფრთხის შემცველია. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებელია“.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბიბლიოთეკის ფონდი 596 640 ერთეულია, მათ შორის 373 839 წიგნი, 84 ერთეული აუდიოწიგნი, 152 388 – ჟურნალი, 38 069 ერთეული და 3 902 კომპლექტი გაზეთია. საერთო მონაცემში შედის, ასევე, ფოტომასალა, რუკები, პლაკატები, კალენდარი და  სხვა.

პუტინი თანახმაა გაატაროს უკრაინული ხორბალი, თუ რუსულ ხორბალზე სანქციები მოიხსნება

რუსეთი არ შეუშლის ხელს უკრაინული ხორბლის ექსპორტს, თუ რუსულ ხორბალზე სანქციები მოიხსნება – ამის შესახებ ირანში, თურქეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ჩასულმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ყველა შეზღუდვა უნდა გააუქმოს რუსულ ხორბალზე, „თუ სურსათის ბაზარზე ვითარების გაუმჯობესება სურს“.

„ჩვენ ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის გატანას, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ ყველა შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია რუსული ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით, უნდა მოიხსნას. ჩვენ ამაზე მოვილაპარაკეთ თავიდანვე საერთაშორისო საზოგადოებასთან, ამაზე წინააღმდეგობა ჯერ არავის გამოუთქვამს, მათ შორის, არც ამერიკელ პარტნიორებს“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, წელს რუსული მარცვლეულის ექსპორტის პოტენციალი 30 მილიონი ტონიდან 50 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

13 ივლისს, სტამბულში გაიმართა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციების შეხვედრა, რომელზეც მხარეები უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის  მარშრუტის განბლოკვას განიხილავდნენ.

შეხვედრის შემდეგ თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხორბლით დატვირთული გემებისთვის უსაფრთხო მარშრუტებს უზრუნველყოფენ. შეთანხმებას ხელი მომავალ კვირას უნდა მოეწეროს, მას შემდეგ, რაც თურქეთში დამატებით გაიმართება მოლაპარაკებები.

მანამდე უკრაინამ არაერთი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ რუსეთი ბლოკირებული პორტებიდან უკრაინული ხორბალს იპარავს და ის სხვადასხვა მიმართულებით გააქვს.

ინოვაცია ქართულ მეღვინეობაში – თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით მოძრავი ქარხანა დაფინანსდა

„მხოლოდ კარგი ღვინოები“ ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც ღვინის მობილურ ქარხანას წარმოადგენს. პროექტი თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით განხორციელდა და 700 000 ევროს მოცულობის ინვესტიციით ქარხანა იტალიაში აეწყო.

აღნიშნული მოდელი მორგებულია იმ მეწარმეების საჭიროებებს, რომელთაც წვდომა არ აქვთ უახლეს ტექნოლოგიებზე და საკუთარი ქარხნის გამართვა არ შეუძლიათ შეზღუდული ფინანსური თუ ადამიანური რესურსის გამო.

მოძრავ ქარხანას საათში 2700 ბოთლის ჩამოსხმა შეუძლია, ამასთანავე, ღვინოებს ბოთლით, ეტიკეტირებითა და საცობით უზრუნველყოფს.

„ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ღვინოზე. მცირე და საშუალო მარნებს კი ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი რესურსი ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ, უმეტესად მსხვილ ქარხნებს აკითხავენ და ზრდიან პროდუქტის თვითღირებულებას ან საკუთარი ძალებით ასხამენ ღვინოს, რომლის შენახვის ვადა და პირობებიც იზღუდება. ჩვენ აღნიშნულ პრობლემებს სრულად ვაგვარებთ და საქართველოში უალტერნატივო მომსახურებას ვთავაზობთ მათ, ვისაც საკუთარი ღვინის მაღალი ტექნოლოგიებით ჩამოსხმა სურს,“ – ვასილ მანაგაძე, კომპანია „მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებელი.

აღნიშნული პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო და ორი თვის წინ დასრულდა. მისი განხორციელების მთავარი მხარდამჭერი თიბისი ლიზინგია, რომელიც კომპანიას როგორც ქარხნის სრულ აღჭურვასა და აწყობაში, ასევე იტალიიდან ტრანსპორტირების ლოჯისტიკურ საკითხებში დაეხმარა.

„გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში მეღვინეობა განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ვითარდება და სულ უფრო მეტი მეღვინეობა მოგვმართავს აქტივების ლიზინგით შეძენის მოთხოვნით. მიუხედავად ჩვენი მზაობისა დავაფინანსოთ სტარტაპებისა თუ მცირე ბიზნესის პროექტები, დარწმუნებულები ვართ, რომ რჩება დარგის წარმომადგენლებს შორის ისეთი მეღვინეობები, რომელთაც მაღალ ტექნოლოგიებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. სწორედ ამიტომ მობილური ქარხნის კონცეფცია არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება,“ – ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

მობილური ჩამომსხმელი უზრუნველყოფილია ავტონომიური დენის და ორთქლის გენერატორებით, ჰაერის და აზოტის კომპრესორებით, წყლის დამარბილებელი სისტემით და ჩამოსხმის წინა სტერილური ფილტრაციის 2 დანადგარით.

„მხოლოდ კარგი ღვინოების“ სერვისით უკვე ისარგებლა 10-მდე მეღვინეობამ, თუმცა მოთხოვნა მზარდია და შემოდგომით კომპანიაში კიდევ უფრო დიდ მიმართვიანობას ელიან.

20 ივლისს ქობულეთის შემოვლით გზაზე გვირაბი დაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საავტომობილო გვირაბი ჩაიკეტება.

გვირაბი ჩაკეტილი იქნება 20 ივლისს 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ქობულეთის გავლით.

____________

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქორწინების რეგისტრაცია აგვისტოდან ძვირდება, ფასები იზრდება სხვა მომსახურებაზეც

საქართველოს მთავრობის დადგენილებით პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 75 ლარი ეღირება. სამოქალო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით კი, დღესდღეობით ამ მომსახურების ღირებულება 50 ლარია.

ტარიფები იცვლება სხვა მომსახურებაზეც. მაგალითად, თუ დღეს სპეციალური სარიტუალო მომსახურება ქორწინების სახლში შაბათ-კვირას 150 ლარი ღირს, 1-ელი აგვისტოდან 225 ლარის გადახდა მოგიწევთ.

სხვა ნებისმიერ დღეს, შაბათ-კვირის გარდა კი, 135 ლარის.

შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურება (იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოსა და ქორწინების სახლის შენობის გარეთ (ადგილზე) ქორწინების რიტუალის ჩატარება) 255 ლარი ეღირება. დღეს კი ეს მომსახურება 170 ლარი ღირს.

საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 2022 წლის 18 ივლისს მიიღო.

რატომ სურს უკრაინას ომის ზამთრამდე დასრულება – ერმაკის განმარტება

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, თუკი უკრაინა დროულად მიიღებს შეიარაღებას, რუსები ვეღარ შეძლებენ, დაკავებულ ტერიტორიებზე პოზიციების გამაგრებას.

უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ომი ზამთრამდე დაასრულოს – უთხრა ანდრეი ერმაკმა Новое Время- ს ვრცელ ინტერვიუში. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუს ოკუპანტებს საკმაოდ დიდი დრო ექნებათ იმისთვის, რომ თავდაცვა გააძლიერონ.

როგორც ერმაკი განმარტავს, უკრაინის ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა, თუმცა ამისთვის სამხედროებს საკმარისი შეიარაღება და საბრძოლო მასალები სჭირდებათ.

„მათ აქვთ მოტივაცია. ისინი პროფესიონალები არიან. მათ ყველაფერი აქვთ საკმარისი იარაღისა და აღჭურვილობის გარდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზამთრამდე დასრულდეს ომი. ზამთრის შემდეგ, როდესაც რუსებს მეტი დრო ექნებათ, ცხადია, უფრო გართულდება ვითარება. ისინი ამისკენ მიგვათრევენ, ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ“, – აღნიშნავს ერმაკი.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ვოლოდიმირ ზელენსკის დავალების შესრულება – ქვეყნის სამხრეთის დეოკუპაცია ზამთრამდე, ერმაკი პასუხობს, რომ უკრაინა აუცილებლად გათავისუფლდება, თუმცა კონკრეტული ვადების დაწესება შეუძლებელია.

„ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს და კარგად გვესმის, რომ ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეს არის თემა, რომლის უკანაც ადამიანების სიცოცხლე დგას“.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, საქმე ეხება არამხოლოდ ცალკეული რეგიონების, არამედ უკრაინის მთელი ტერიტორიის დეოკუპაციას.

„ეს რთული სამუშაოა. როდესაც შენს წინააღმდეგ იბრძვის მტერი, რომელსაც გაცილებით მეტი შეიარაღება და ხალხი ჰყავს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ამავე დროს, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე შევინარჩუნოთ,“ – ამბობს ანდრეი ერმაკი.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ამოცანა უკრაინის მთელი ტერიტორიის დეოკუპაციაა.

მანამდე, თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა შეიარაღებულ ძალებს მისცა ბრძანება, უკრაინის სამხრეთის გათავისუფლების გეგმა შეიმუშაონ.

მთავარი ფოტო: ანდრეი ერმაკი/პრეზიდენტის ოფისის ფოტო

ათენთან ტყის ძლიერ ხანძარია

საბერძნეთში, ათენის გარეუბნის მახლობლად ტყის ძლიერი ხანძარია. ბერძნული მედიის ცნობით, თითქმის 500 მეხანძრე ებრძვის ხანძარს, ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა ხანძრის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ბერძნული გამოცემა ekathimerini-ის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს სუნთქვის პრობლემებით და მცირე დამწვრობებით, ოფიციალური პირების თქმით, რამდენიმე სახლი დაიწვა პენტელის მთის მიდამოებში, საბერძნეთის დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 25 კილომეტრში.

მეხანძრეები ცეცხლს უკვე მეორე დღეა ებრძვიან, სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას ქარი ართულებს.

 

______________

ფოტოზე: ტყის ხანძარი ათენთან ახლოს. ფოტო: EPA-EFE/YANNIS KOLESIDIS

რუს მოჭადრაკეებს ქვეყნის სახელით არ შეუძლიათ მონაწილეობა ბათუმში ჩემპიონატზე – ფედერაცია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება 15-28 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილ მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსი მოჭადრაკეებიც.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს, რომ რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეები ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის სახელით ვერ გამოვლენ.

„ბათუმში 15-28 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიოს კადეტთა (8;10;12 წწ) ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, FIDE -ს ეგიდით ტარდება, სადაც რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეები FIDE – International Chess Federation-ს დროშით იასპარეზებენ.

საერთაშორისო წესების თანახმად რუს და ბელარუს სპორტსმენებს არ შეუძლიათ მონაწილეობა საკუთარი ქვეყნის სახელით.

ასევე არ შეუძლიათ მონაწილეობა გუნდურ ჩემპიონატებში, მხოლოდ პირად ასპარეზობებზე საერთაშორისო ორგანიზაციების სახელით. ორგანიზატორი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მონაწილის უსაფრთხოება“ – წერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

17 ივლისს რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია აპირებს, საქართველოში მოჭადრაკეები გაგზავნოს ბათუმში დაგეგმილ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

მას შედეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, საერთაშორისო სპორტული საზოგადოება ძირითადად არ უშვებს რუს და ბელარუსს სპორტსმენებს საერთაშორისო ჩემპიონატებზე.

​​მსოფლიო რაგბიმ რუსეთი და ბელარუსი ტურნირებიდან მოხსნა. ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ყველანაირი კავშირი გაწყვიტა რუსეთთან. ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრების გუნდები და საფეხბურთო კლუბები ყველა ჩემპიონატიდან მოხსნა. ევროლიგამ ტურნირში რუსული საკალათბურთო კლუბების მონაწილეობა შეაჩერა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს გაუგზავნა რეკომენდაცია, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ მისცენ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს.

ლუგანსკში ლიკვიდირებულია „ვაგნერის“ დანაყოფი – სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთი ჯგუფი გაანადგურეს.

გაიდაის ინფორმაციით, „ვაგნერის“ დანაყოფი, რომელიც 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის პოზიციების დაკავებას ცდილობდა, მთლიანად ლიკვიდირებულია.

„ამ დღეებში, მათ 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის პოზიციებს შეუტიეს. ეს ბრიგადა უკვე წლებია ლუგანსკის ოლქს იცავს. სუ 25-ის ერთ-ერთი პილოტი, რომელიც „ვაგნერს“ ჰყავს დაქირავებული, რამდენიმე დღე ზედიზედ ურტყამდა ჩვენს ბიჭებს უმართავი რაკეტებით“.

გაიდაი წერს, რომ სწორედ „ვაგნერელები“ იბრძოდნენ პოპასნაიას მიმართულებაზე, „მათ მაშინ რთავდნენ ბრძოლებში, როდესაც რუსეთის ძალები კვირაობით იდგნენ ერთ ადგილას და პატარა ქალაქის აღებასაც კი ვერ ახერხებდნენ“.

„გუშინ მათი სისხლიანი ბიზნესი ჩაწვა“, – დასძენს გაიდაი და მოკლული სამხედროების ფოტოებთან ერთად, ტელეგრამზე „ვაგნერელების“ შევრონების ფოტოსაც აქვეყნებს. ერთ-ერთ მათგანს აწერია „სიკვდილი ჩვენი ბიზნესია და ბიზნესი კარგად მიდის.“

ფოტო სერგეი გაიდაის ტელეგრამარხიდან

ლუგანსკის ოლქის ბრძოლებში რომ კრემლი აქტიურად იყენებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“, ამაზე რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც წერდა. უწყება აღნიშნავდა, რომ დაჯგუფება რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასაყრდენი გახდა ლუგანსკის ოლქისთვის ბრძოლებში, მათ შორის, პოპასნაიასა და ლისიჩანსკის დაკავების ოპერაციებში.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერს“ ლუგანსკის ბრძოლებში სერიოზული დანაკარგი აქვს.

Exit mobile version