ნეტგაზეთი • RU

თამარ გაბუნიას შვილს უცხოეთში სწავლა 29 686 ლარით დაუფინანსა სახელმწიფომ

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის და ამჟამად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას შვილის უცხოეთში სწავლა სახელმწიფომ 29 686 ლარით დააფინანსა.

ამის შესახებ მოცემულია თამარ გაბუნიას წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში [ყოველი წლის დეკლარაცია ასახავს წინა წლის ქონებრივ მდგომარეობას], რომელიც მან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნის დროს შეავსო.

თამარ გაბუნიას შვილი ანი მუხიგულაშვილი, ავსტრიაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მან სწავლის დაფინანსება განათლების საერთაშორისო ცენტრისგან მიიღო, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს.

ცენტრის დებულების მიხედვით, უცხოეთში სწავლის ან ცხოვრების დაფინანსების მოსაპოვებლად აპლიკანტმა კონკურსში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

დებულების მიხედვით, დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით და „სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით“.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, თამარ გაბუნიას შვილს 2021 წელს 10 000 ევროც აქვს მიღებული გრანტის სახით, სწავლის საფასურისა და ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისგან.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თამარ გაბუნიას ოჯახის წლიური შემოსავალი 2021 წელს 46 900 ლარი იყო იჯარა-გაქირავებით მიღებული შემოსავლიდან, ხელფასის სახით კი გაბუნიას 60 537 ლარი აქვს მიღებული.

თამარ გაბუნიას მეუღლის, კახი მუხიგულაშვილის გასული წლის შემოსავალიც 69 798 ლარი, ხოლო მის შვილს, ანი მუხიგულაშვილს 17 763 ლარი აქვს მიღებული სამუშაოდან.

რა თქმა უნდა, კანონი, საჯარო მოხელეების შვილებს არ უკრძალავს მონაწილეობა მიიღონ მსგავსი ტიპის კონკურსებში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დიდია კონტრასტი განათლების ხელმისაწვდომობაზე ქვეყანაში, თანამდებობის პირების ოჯახის წევრების მონაწილეობა მსგავს კონკურსებში, კიდევ უფრო ზრდის ამ უთანასწორობას.

სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილე საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მინიმუმ სამი წელი შესაბამის სფეროში იმუშაოს. დეკლარაციის მიხედვით, ანი მუხიგულაშვილი ამ წლების განმავლობაშიც მუშაობდა იურისტადა ა(ა)იპ „უფლებები საქართველოში“.

___

2021 წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა 10 სასტიპენდიო პროგრამაზე 124 ახალი სტიპენდია გასცა. ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფომ 5 920 000 ლარით დააფინანსა.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, განათლების საერთაშორისო ცენტრს არ ჰქონდა შემუშავებული უცხოეთში მყოფი სტუდენტების საყოფაცხოვრებო თანხების ზღვრული ოდენობები ქვეყნების მიხედვით და 2014-2015 წელს მისი განსაზღვრა ხდებოდა „ცალკეული ბენეფიციარის მიხედვით და განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან“.

2016 წლიდან კომისიის სხდომის ოქმებში აღნიშნულია, რომ კონკურსანტთა უმეტესი ნაწილი სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად გაცილებით დიდი ოდენობის თანხას ითხოვდა, ვიდრე რეალურად ესაჭიროებათ სტუდენტური ცხოვრებისთვის. „აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყო ყოველი ქვეყნისთვის საცხოვრებელი ხარჯების ზღვრული ოდენობის დადგენა”, – წერია ანგარიშში.

ამჟამად უცნობია, გაითვალისწინა თუ არა განათლების საერთაშორისო ცენტრმა აუდიტის რეკომენდაციები საყოფაცხოვრებო ხარჯებთან მიმართებაში.

ასევე აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ცენტრს არ აქვს გაწერილი კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმები და მეთოდოლოგია.

„კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები კი არ არის დეტალური, იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და საჭიროებს დამატებით განმარტებას.

შედეგად, აუდიტის განცხადებით, კომისიის წევრების მიერ კონკურსანტთა შეფასების პროცესში გამოყენებულია არათანაბარი მიდგომები“, – წერს აუდიტი.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ცენტრში დანერგილი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს კონკურსის მესამე ეტაპის – აპლიკანტთა გასაუბრების პროცესის სრულად აღდგენის შესაძლებლობას, რაც ხელს უშლის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ამცირებს სანდოობას.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციაში წერია, რომ „კონკურსანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრის პროგრამული კომისია იღებს.“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com